რომანი და დეტექტივი

მოსამართლე და მისი ჯალათი

№26

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 07.07

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • ფრიდრიხ დიურენმატი

იბეჭდება შემოკლებით

ალფონს კლენენმა, ტვანელმა პოლიციელმა, გზის პირას გაჩერებული ცისფერი „მერსედესი“ შეამჩნია. როცა მანქანას მიუახლოვდა და გაორთქლილ შუშაში ნაჩქარევად შეიხედა, დაინახა, მძღოლს საჭეზე თავი ჩამოედო. მანქანას იმ განზრახვით მიუახლოვდა, მძინარე გაეღვიძებინა, ტვანში ჩაეყვანა და იქ სასტუმრო „ბერენში“ შავი ყავით გამოეფხიზლებინა. კლენენმა მანქანის კარი გააღო და იმავე წამში იგრძნო, რომ კაცი მკვდარი იყო. საფეთქლები ტყვიით ჰქონდა გახვრეტილი. კლენენმა ძალიან იოლად დაადგინა, რომ მკვდარი ულრიჰ შმიდი იყო, ქალაქ ბერნის პოლიციის ლეიტენანტი. კლენენს უსიამოვნო გრძნობა დაეუფლა. შუბლიდან ოფლი მოიწმინდა. შემდეგ რაღაცა გადაწყვიტა. მკვდარი გვერდით დასაჯდომზე გასწია, მზრუნველობით გაასწორა, უსიცოცხლო სხეული მანქანაში ნაპოვნი ტყავის ქამრით დაამაგრა და საჭეს თვითონ მიუჯდა. მკვდარი მის გვერდით გაუნძრევლად იჯდა, მხოლოდ ზოგჯერ, როცა ოღროჩოღრო გზა შეხვდებოდათ, მიცვალებული ბრძენი მოხუცი ჩინელივით თავს დააქნევდა. ბილს კარგა გვიან მიაღწიეს. ვიდრე ბილში საქმის გამოძიებას შეუდგებოდნენ, ბერნში ეს სამწუხარო შემთხვევა გამოძიებისათვის კომისარ ბერლახს გადასცეს, რომელიც, ამავე დროს, მოკლულის უფროსი გახლდათ.

პირველი, რაც ბერლახმა შმიდის საქმესთან დაკავშირებით მოიმოქმედა, ის იყო, რომ განკარგულება გასცა, მკვლელობის ამბავი პირველ დღეებში საიდუმლოდ შეენახათ. მისი „შეფი“, დოქტორი ლუციუს ლუტცი საწინააღმდეგო აზრისა იყო. მას შემდეგ, რაც ბერლახი ტელეფონით ელაპარაკა ბილს, იმავე დილით შიონლერების ოჯახში ბანტიგერშტრასეზე გაემგზავრა, სადაც შმიდი ცხოვრობდა. კარი თვითონ ქალბატონმა შიონლერმა გაუღო, პატარა, მსუქანმა, არც თუ უსიმპათიო ქალმა.

- შმიდს ღამით სამსახურის საქმეებზე მოუხდა გამგზავრება, - უთხრა ბერლახმა, - სრულიად მოულოდნელად წავიდა და მთხოვა, რაღაცები გავუგზავნო. ქალბატონო შიონლერ, გთხოვთ, შმიდის ოთახში შემიშვათ.

ქალმა თავი დაუქნია. ეს ოთახი სახლში ყველაზე საუკეთესო იყო. ბერლახი საწერ მაგიდასთან მივიდა და კვლავ ირგვლივ მიმოიხედა. დივანზე მიცვალებულის ჰალსტუხი იდო... ბერლახმა ერთი საქაღალდე გახსნა, რომელიც საწერ მაგიდაზე იდო და იმავე წუთს იღლიაში ამოიდო.

- იპოვეთ ის, რაც ბატონ შმიდს უნდა გაუგზავნოთ? - ჰკითხა ქალმა.

- ზუსტად მივაგენი, - ბერლახმა ერთხელ კიდევ მიმოიხედა ირგვლივ.

- ბატონი შმიდი ყველაზე უკეთესი მდგმურია მათ შორის, ვინც კი გვყავს, არავითარი ისტორიები ქალებთან და მისთანები, - ირწმუნებოდა ქალბატონი შიონლერი...

ბერლახი შმიდის ოთახიდან წამოღებულ საქაღალდეს ყურადღებით ფურცლავდა და კითხულობდა. ბერლახმა ბუნდესტერასეზე ცოტა გაისეირნა და თავის კაბინეტში მხოლოდ ორ საათზე დაბრუნდა, სადაც ამბავი დაახვედრეს, რომ მკვდარი შმიდი ბილიდან ეს-ესაა ჩამოასვენესო. ბერლახმა შმიდის საქაღალდე თავის საწერ მაგიდაში მზრუნველობით ჩაკეტა, სიგარას მოუკიდა და ლუტცის კაბინეტისკენ გასწია.

დოქტორი ლუტცი ბერლახს განერვიულებული დაუხვდა; ანერვიულებდა ის, რომ, მისი აზრით, მკვლელობის საქმეში ჯერ კიდევ ვერაფერ ზომებს ვერ ვიღებთო.

- სულ ერთი და იგივე მაფიქრებს, - დაიწყო ლუტცმა, - საშუალებები, რითაც აქ პოლიციის ლეიტენანტის მკვლელობას იძიებენ, პოლიციის პროფესიონალიზმზე ისეთ საშინელ სურათს ქმნის, რომ ერთთავად შეძრწუნებული ვარ.

- დაწყნარდით, დოქტორო ლუტც, - უპასუხა ბერლახმა, - ჩვენი სოფლის პოლიცია ისევე კარგად გაართმევს თავს ამოცანას, როგორც ჩიკაგოს პოლიცია. შმიდის მკვლელს ვიპოვით.

- ვინმეზე ეჭვი გაქვთ, კომისარო ბერლახ?

- დიახ, ვიღაცაზე მაქვს ეჭვი, მაგრამ პოლიციის ლეიტენანტის მოკვლა იმის უტყუარი ნიშანია, რომ საზოგადოებრივი უშიშროების შენობა რღვევას იწყებს, ეს კი გვავალებს, დაუნდობელი ზომები მივიღოთ.

- ვის ისურვებდით თქვენს მოადგილედ?

- ტშანცს, - უთხრა ბერლახმა, - ტშანცი ყოველთვის ცდილობს, კრიმინალისტიკაში მოწოდების სიმაღლეზე იდგეს.

ბერლახმა გადაწყვიტა ტვანში მკვლელობის ადგილას ნასადილევს წასულიყო. მან თან მაღალი, მსუქანი პოლიციელი ბლატერი წაიყვანა, რომელიც თავის დღეში ზედმეტ სიტყვას არ იტყოდა და ბერლახს ის ამიტომაც უყვარდა, თანაც მანქანას მართავდა. ისინი მკვლელობის ადგილს მიუახლოვდნენ.

- მანქანა სად იდგა, კლენენ?

- აქ, - უპასუხა პოლიციელმა და ქუჩაზე მიუთითა. - უკეთესი იყო მანქანა მოკლულიანად ჯერ ისევ ადგილზე დამეტოვებინა.

- თქვენ სწორად მოიქეცით, შმიდი ბილში რომ ჩაიყვანეთ. - ბერლახი გზის პირას გამოვიდა და ქვევით ტვანს დახედა. გზა სახლებს შორის გველივით მიიკლაკნებოდა, ვაგზალზე გრძელი სატვირთო მატარებელი იდგა.

- ნუთუ ქვევით არავის არაფერი გაუგია, კლენენ? - ჰკითხა ბერლახმა. - პატარა ქალაქი ხომ სულ ახლოსაა, იქ ყოველი სროლის ხმა უნდა გაიგონონ.

- მთელი ღამე თურმე ძრავა მუშაობდა და სხვა ხმა არაფერი გაუგონიათ.

ბერლახმა მარჯვენა ფეხი რაღაც მკვრივს დაადგა. დაიხარა და გამხდარი თითებით გაჭყლეტილ, მოგრძო, პატარა ლითონის ნაჭერს დასწვდა. კლენენი და ბერლახი ცნობისმოყვარეობით შესცქეროდნენ.

- რევოლვერის ტყვიაა, თქვა ბერლახმა.

***

ბერლახი ჯერ ისევ საქაღალდეს ჩაჰკირკიტებდა, როცა ათ საათზე მასთან ტშანცი შემოვიდა, ბერლახი შეკრთა, რადგან თავდაპირველად ეგონა, მკვდარი შმიდი გამომეცხადაო. ტშანციც ისეთივე პალტოს იცვამდა და ისეთსავე ფერის ქუდს იხურავდა, როგორსაც შმიდი. მხოლოდ სახე ჰქონდა სხვაგვარი; ეს იყო ერთი გულკეთილი, სახემსუქანი კაცი.

- ჩვენ მისი სიკვდილის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით - თქვა კომისარმა, - ეს ტყვიაა, ეს არის და ეს. - და ამ სიტყვებზე ბერლახმა ტვანში ნაპოვნი ტყვია მაგიდაზე დადო. ტშანცმა ტყვია აიღო და გასინჯა.

- ეს ჯარის სახეობის რევოლვერისაა - თქვა ტშანცმა. ბერლახმა საწერ მაგიდაზე გაშლილი საქაღალდე დახურა.

- ჩვენ არ ვიცით რას ეძებდა შმიდი ტვანში, ანდა ლამლინგენში. ბილის ტბაზე რომ სამსახურის საქმე ჰქონოდა, მე მეცოდინებოდა. არავითარი მიზეზი არ გაგვაჩნია, რომელიც ოდნავ მაინც შუქს მოჰფენდა შმიდის ამ მოგზაურობას.

- ჩვენ ვიცით მხოლოდ ის, როგორ მოკლეს შმიდი. - თქვა ტშანცმა, - შმიდის მანქანას საჭე მარცხნივ აქვს და თქვენც ტყვია ქუჩის მარცხენა მხარეს იპოვეთ. მკვლელმა შმიდი გააჩერა, როცა ის ლამბუენიდან ტვანისაკენ ეშვებოდა. საფიქრებელია, შმიდი მკვლელს იცნობდა, რადგან სხვაგვარად მანქანას არ გააჩერებდა. შმიდმა მანქანის მარჯვენა კარი გააღო, რათა მკვლელი ჩაესვა და კვლავ საჭეს მიუჯდა. ამ დროს ესროლეს მას.

- ანუ, შმიდს ვერც კი წარმოედგინა, თუ ის კაცი მოკლავდა, - ამოიოხრა ბერლახმა, - მართალი ხართ, ტშანც, შმიდსა და მის მკვლელს შორის ასეთი რამ მართლაც უნდა მომხდარიყო, მაგრამ რას ეძებდა შმიდი ტვანიდან ლამლინგენისკენ მიმავალ გზაზე? ტშანცმა მოაგონა, რომ შმიდს პალტოს ქვეშ საგარეო კოსტიუმი ეცვა.

- ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. - თქვა ბერლახმა.

- ეს ხომ ოქმში ეწერა.

- ეს გარემოება საქმეს უფრო ართულებს. რა უნდოდა საგარეო კოსტიუმში გამოწყობილს ტვანის ხეობაში?

- ლამბუენის შემოგარენში არცთუ ბევრი ხალხი ცხოვრობს, ვისაც უნარი შესწევს ბალ-მასკარადები მოაწყოს, სადაც ფრაკით გამოცხადება იქნება საჭირო, - ტშანცმა ჯიბიდან კალენდარი ამოიღო და განმარტა, ეს შმიდის კალენდარიაო.

- მოდი, ვნახოთ: შმიდს ოთხშაბათი, ორი ნოემბერი „გ“-თი აქვს აღნიშნული, იგი სწორედ ამ დღეს, შუაღამისას მოკლეს, როგორც ამას სასამართლო ექიმი ფიქრობს. შემდეგი ,,გ“ კვლავ ოთხშაბათს, ოცდაექვს რიცხვში წერია და კიდევ სამშაბათს - ათ ოქტომბერს“.

-„გ“ შეიძლება ყველაფერს ერქვას,“- თქვა ბერლახმა, - ქალის სახელიც იყოს და ვინ იცის, კიდევ რა.

- შმიდის მეგობარ ქალს ანა ჰქვია, თანაც შმიდი წესიერი კაცი იყო.

- მე მხოლოდ მაინტერესებს, შმიდის მკვლელი ვინაა, ტშანც.

ტშანცმა თავაზიანად მიუგო: - ცხადია, გაინტერესებთ. იმ დღეებში რომლებიც ასო „გ“- თი არის აღნიშნული, შმიდი ყოველთვის ფრაკს იცვამდა და თავისი „მერსედესით“ სადღაც მიემგზავრებოდა. ბატონმა დოქტორმა ლუტცმა მითხრა, თქვენ ვიღაცაზე ეჭვი მიგიტანიათ. რადგან მე შმიდის მკვლელობის საქმეში თქვენი მოადგილე ვარ, უკეთესი ხომ არ იქნეოდა, კომისარო ბერლახ, ჩემთვისაც გაგენდოთ, ვისზე გაქვთ ეჭვი?

- მე ჩვეულებრივ მხოლოდ იდეა მაქვს, თუ ვინ შეიძლება იყოს მკვლელი, მაგრამ იმან, ვისაც ეს ეხება, უნდა დაამტკიცოს, რომ ის ამის ჩამდენია.

- ესე იგი, მე უნდა დავიცადო, ვიდრე არაპირდაპირი სამხილი არ მექნება ხელთ, რაც მის დაპატიმრებას გაამართლებდა?.. თუკი მე თქვენთან ერთად უნდა ვიმუშაო, უნდა ვიცოდე კიდეც, ვის წინააღმდეგ წარვმართო გამოძიება. - თავაზიანად განმარტა ტშანცმა.

- მე თქვენს გამოძიებას დაველოდები. თქვენ შმიდის მკვლელი უნდა იპოვოთ, მიუხედავად იმისა, რომ მე გარკვეული ეჭვი მაქვს. თუკი მკვლელია ის, ვისზედაც მე ვეჭვობ, თქვენ თვითონვე წააწყდებით მას.

ტშანცი წუთით შეყოყმანდა, ვიდრე პასუხს გასცემდა: -კეთილი, თანახმა ვარ. დღევანდელი დღე შმიდს ,,გ“-თი აქვს აღნიშნული. ლამბუენში უნდა გავემგზავრო და ვნახავ, იქნებ რაიმეს მივაკვლიო. შვიდ საათზე წავალ. ზუსტად იმავე დროს, როცა შმიდი ტესენბერგში მიდიოდა ხოლმე.

- თქვენთან ერთად წამოვალ, - თქვა მოულოდნელად კომისარმა.

- კეთილი, - წარმოთქვა რამდენადმე დაბნეულმა ტშანცმა.

შვიდ საათზე ტშანცმა ბერლახს შეუარა ალტენბერგზე, სადაც კომისარი ოცდაცამეტი წლიდან მოყოლებული მდინარე აარეს პირას ერთ სახლში ცხოვრობდა.

სიბნელეში ზარი ვერ მოძებნა. კარი ღია იყო და ტშანცი წინა ოთახში შევიდა. დარბაზში აღმოჩნდა. ირგვლივ, თაროებზე წიგნები ეწყო, ხოლო დივანზე ბერლახი იწვა. კომისარს ეძინა, თუმცა ჩანდა, ბილის ტბაზე გასამგზავრებლად მზად იყო, რადგან ზამთრის პალტო ჩაეცვა. ტშანცმა მზრუნველობით მიმოიხედა ირგვლივ. ოთახი უფანჯრო იყო, სამაგიეროდ, ყოველ კედელს კარი ჰქონდა, რომლებიც, როგორც ჩანდა, სხვა ოთახებში გადიოდა.

ბერლახი წამოდგა. „ხედავთ, ტშანც, მე უკვე პალტო მაცვია, შეგვიძლია წავიდეთ“.

- ბოდიშს ვიხდი, - თქვა ჯერ ისევ შეცბუნებულმა ტშანცმა, - თქვენ გეძინათ და ჩემი შემოსვლა არ გაგიგიათ.

- სახლის კარს არასოდეს ვკეტავ. მაშინაც, როცა სადმე მივდივარ. ყოველთვის მიმზიდველია დაბრუნდე შინ და ნახო, მოგპარეს თუ არა რაიმე.

ტშანცმა გაიცინა და მაგიდიდან დიდი დეკორატიული გველი აიღო.

- მაგით ერთხელ კინაღამ მომკლეს, - ოდნავი ირონიით შენიშნა კომისარმა. ტშანცი ახლაღა მიხვდა, რომ ქვეწარმავლის თავი სახელურად შეიძლებოდა გამოგეყენებინა, ხოლო ტანი ხანჯალივით მჭრელი ჰქონდა.

ბერლახმა გაიღიმა და ტშანცს მხარზე ხელი მოუთათუნა.

როცა ისინი ბეთლეემში შევიდნენ, ტშანცმა ჰკითხა: ერთხელ მაინც გიმგზავრიათ შმიდთან ერთად?

- კი, ძალიან ხშირად, უზომოდ ფრთხილი მძღოლი იყო… - და ბერლახმა ფიქრიანად დახედა სპიდომეტრს, რომელიც თითქმის ას ათს უჩვენებდა. ტშანცმა ოდნავ უკლო სიჩქარეს.

ბერლახმა ხელები პალტოს ჯიბეებში ჩაიწყო და კვლავ სპიდომეტრს დახედა.

- შმიდი განათლებული იყო, ბერძნული და ლათინური იცოდა და როგორც ყველა განათლებულს, მასაც დიდი მომავალი ელოდა.

მალე, გიუმენენის გავლის შემდეგ, ბენზინის ერთ წერტთან უცებ შეჩერდნენ. ვიღაც კაცი მივიდა მათთან, სურდა მომსახურებოდა. „პოლიცია“, უთხრა ტშანცმა, „ჩვენ გვსურს ზოგიერთი რამ შევიტყოთ“. ცნობისმოყვარე და რამდენადმე შეშინებული სახე მანქანისაკენ დაიხარა. „ორი დღის წინ თქვენთან ხომ არ შეჩერებულა მძღოლი, რომელიც თავის მანქანას ცისფერ ქარონს უწოდებდა?“ გაკვირვებულმა კაცმა თავი გააქნია და ტშანცმა გზა განაგრძო. „ბენზინის შემდეგ წერტში ვიკითხოთ“. არც კერცერის ბენზინის წერტში იცოდნენ რაიმე. ერლახში ბედმა გაუღიმათ. ასეთი ვინმე ჩვენთან ორშაბათს საღამოს იყოო, უთხრეს მას.

- ახლა ჩვენ ვიცით, რომ შმიდს ორშაბათ საღამოს კერცერინსი გაუვლია…

ტშანცს მანქანა ისე ნელა მიჰყავდა, რომ ქვევიდან წყლის ხმაური ისმოდა.

მარცხნივ შეუხვიეს და ხიდზე გადავიდნენ. ეს იყო ტვანიდან ლამბუენისკენ მიმავალი გზა, მანქანა გაჩერდა. ტშანცმა ფარები გამორთო და ისინი უკუნ სიბნელეში აღმოჩნდნენ.

„ახლა რაღა ვქნათ?“ - ჰკითხა ბერლახმა.

- ახლა დავიცადოთ, რვას ოცი წუთი აკლია, - მიუგო ტშანცმა. ისინი იცდიდნენ. როცა რვა საათიც შესრულდა და არც არაფერი მოხდა, ბერლახმა ტშანცს მიმართა, უკვე დროა, მითხრა, რის გაკეთებას აპირებო.

- ყველა იმედს დღევანდელ დღეზე ვამყარებ, რომ ამ საღამოს აქ, სადაც შმიდი ოთხშაბათს იყო, საზოგადოება მოიყრის თავს. რასაკვირველია, ზოგიერთები მანქანებითაც მივლენ; ამიტომ ვფიქრობ, საზოგადოება, სადაც ჩვენს დროში ფრაკია საჭირო, საკმაოდ მოზრდილი უნდა იყოს. ეს ცხადია, მხოლოდ ვარაუდია, კომისარო ბერლახ, მაგრამ ჩვენს საქმეში ვარაუდი სწორედ იმიტომ არსებობს, რომ მათ კვალდაკვალ მივყვეთ.

ბერლახი გაუნძრევლად უსმენდა, ოდნავ მობუზულიყო. უცებ ტვანის მხრიდან ტყე განათდა. მანქანის ფარების სინათლემ თვალი მოსჭრა მათ. ლამბუენის მიმართულებით მიმავალმა ერთმა ლიმუზინმა ბერლახსა და ტშანცის მანქანას გვერდი ჩაუარა და ღამის სიბნელეში შთაინთქა. ხალხით სავსე კიდევ ორი დიდი, შავი მანქანა გამოჩნდა. ტშანცი მათ მიჰყვა. ტყე დასრულდა. გზამ ჩრდილოეთისაკენ გაუხვია, მათ წინ შპიტცბერგერისა და ხასერალის ბნელი ხაზები გამოკრთა, აქა-იქ სინათლე ციმციმებდა, ეს იყო ლამბუენის სოფლები, დისე და ნოდსი. ბერლახისა და ტშანცის წინ მიმავალმა მანქანებმა მარცხნივ, სასოფლო გზაზე გადაუხვიეს; ტშანცმა მინდორზე ძლივძლივობით გაარჩია ალვის ხეებით გარშემორტყმული სახლი, ხოლო ჭიშკარი, რომლის წინაც მანქანები ჩერდებოდნენ, განათებული იყო. ბერლახისა და ტშანცის ყურამდე მათი ხმებიც კი აღწევდა, მაგრამ შემდეგ ყველანი სახლში შეიკეტნენ და სიჩუმემ დაისადგურა. ჭიშკრის თავზე სინათლე ჩაქრა. გადმოვიდნენ მანქანიდან და სახლისაკენ წავიდნენ... კარი დაკეტილი დაუხვდათ. კედელზე დაჟანგული რკინის მავთულიანი ღობე იყო აღმართული; ისინი სახლს ათვალიერებდნენ. ბაღი განძარცვული იყო, ხოლო ალვის ხეებს შორის ლიმუზინები უზარმაზარი მხეცებივით გაწოლილიყვნენ; ყველაფერი პირქუშ შთაბეჭდილებას ახდენდა. გისოსებიანი კარის შუაში აბრა იყო მიმაგრებული. ტშანცმა აბრას ჯიბის ფანარი მიანათა, აბრაზე ერთი დიდი ასო ,,გ“ იყო დამოსახული.

- ხედავთ თქვენ, - თქვა ტშანცმა, - ჩემი ვარაუდი გამართლდა, თვალდახუჭული ვისროლე და მიზანში მაინც მოვახვედრე. ერთი სიგარა მომეცით, კომისარო, მე ის დავიმსახურე. ბერლახმა სიგარა გაუწოდა: „ახლა საჭიროა გავიგოთ, რას ნიშნავს „გ“.

- ეს არაა პრობლემა: გასტმანი. ტელეფონების წიგნში მოვძებნე. ლამბუენში „გ“-ზე მხოლოდ ტელეფონის ორი ნომერია. თანაც მეორე „გ“ ჟანდარმერიაა . იქნებ თქვენ ფიქრობთ, რომ ჟანდარმერიას მკვლელობასთან კავშირი აქვს?

- ყველაფერი შესაძლებელია, ტშანც, - უპასუხა მოხუცმა, - ვერაფრით მივმხვდარვარ ლამბუენის, დისენისა და ლინერის პოლიციამ გასტმანზე ეჭვი რატომ არ მიიტანა, მისი სახლი ხომ გაშლილ მინდორში დგას, ლამბუენიდანაც ადვილად დაინახავ, საზოგადოება აქ მალულად ვერასგზით ვერ მოვა. პირიქით, თვალშიც კი გეცემა, განსაკუთრებით, ასეთ პატარა სოფელში.

გადაწყვიტეს, სახლისათვის ირგვლივ შემოევლოთ. ერთი ერთ მხარეს წავიდა, მეორე - მეორე მხარეს. სახლი კვლავ სრულ სიბნელეს მოეცვა. სახლის უკანა მხარე განათებული იყო, პირველი სართულის ფანჯრებიდან კაშკაშა სინათლე გამოდიოდა. ბერლახმა როიალის ხმა გაიგონა, ვიღაცა ბახს უკრავდა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული