მოლიპული მოსახვევი
ავტორი: ნია დვალი 20:00 09.08, 2024 წელი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #28-30 (1230)
***
ერთ ჩვეულებრივ სამუშაო დღესაც ანიმ შეამჩნია, რომ არჩილი უცნაურად იქცეოდა. მიხვდა, რომ რაღაც მოხდა და გადაწყვიტა გაეგო, რა ხდებოდა. ამიტომ ბევრი არ უფიქრია და არჩილის კაბინეტში დაუპატიჟებლად შევიდა.
– აჩიკო, შეიძლება? ყავა მოვადუღე და შენც წამოგიღე.
– მოდი, ანი, შენთვის ეს კარი ყოველთვის ღიაა, – შეიპატიჟა არჩილმა.
– აშკარად რაღაც მოხდა, არ გინდა, მომიყვე?! პრობლემები გვაქვს?!
– მართალი ხარ, მოხდა... გახსოვს, ვახომ ხუთი წლით თანხა მასესხა?
ანიმ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.
– ჰოდა, რაღაც პრობლემები შექმნია ბიზნესში, თან, იმ ნანომ ბიჭი გააჩინა და ამიტომ მთხოვა ფულის ახლა დაბრუნება, – არჩილი გაჩუმდა და თვალები დახარა:
– მაგრამ ეს ყველაფერი არაა. მთხოვა, შენთვის გადმომეცა, რომ ბინა, რომელშიც შენ ცხოვრობ... მოკლედ, ჩემი ოჯახი მაქვს და კრედიტის თანხას აღარ გადავიხდიო. – ძლივს ამოთქვა არჩილმა სათქმელი.
– ეს მოსალოდნელი იყო, – ანი რატომღაც არც კი გაბრაზებულა. როგორც ჩანს, ვახოსგან უკვე ყველაფერს მოელოდა.
– მე და ვახო შევთანხმდით, რომ, რადგან ჩვენი სახლის აშენებისთვის მე ჩემი ბინა გავყიდე, ვახო სანაცვლოდ ბინას მიყიდიდა... – თითქოს თავი იმართლა ანიმ.
– მე ფული უკვე მოვითხოვე და რამდენიმე დღეში დავუბრუნებ, მაგრამ არ მესმის, როგორ შეუძლია, ასე მოგექცეს შენ?! რაც გაგაჩნდა, იმ სახლს მოახმარე, რომელშიც ახლა ის თავის ახალ ცოლთან ერთად ცხოვრობს. ძალიან მინდა, სახე გავუნგრიო, მაგრამ ეს ლაჩარი არ მხვდება. ფული გადმომირიცხეო. და რადგან შენ ჩემთან მუშაობ და მას აღარ ვნახულობ, ამბობს, რომ აღარაფერი აქვს ჩემთან სალაპარკო.
– არჩილ, მოვახერხებ რამეს. ბინა ჩემს სახელზეა გაფორმებული, ამჯერად ჭკუა ვიხმარე. სახლთან დაკავშირებით კარგად გამაცურეს ვახომ და ჩემმა დედამთილმა. კარგი ხელფასი მაქვს, შესანიშნავი ბოსი მყავს, ამიტომ კრედიტის გადახდას მე გავაგრძელებ. ვახოს მადლიერიც კი ვარ, კარგი გაკვეთილი გავიარე. მაშინ შტერი ვიყავი, ახალგაზრდა... ახლა ვაჟი ჰყავს. შენ ხომ იცი, რომ ვახოს ძალიან უნდოდა შვილები, იმედია, ბედნიერი იქნება, – სევდიანად გაუღიმა ანიმ არჩილს.
– კიდევ შეიცოდე... – არჩილს კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ თავი შეიკავა, ამიტომ პაუზა გააკეთა და შემდეგ დაამატა:
– მე დაგეხმარები. ჩვენი კომპანიის რეპუტაცია, შენი წყალობით, გაიზარდა, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ხელფასი გაგიზარდო.
– მადლობა, ჩემო კარგო, ძვირფასო მეგობარო, შენ და მარინე რომ არ იყოთ, არც კი ვიცი, რა მეშველებოდა. ერთი სათხოვარი მაქვს. დღეს ცოტა ადრე წავალ, ნიცას დაბადების დღეა, უკვე შევურჩიეთ საჩუქარი მე და ილიამ და უნდა წამოვიღოთ. – სთხოვა ანიმ არჩილს.
– მე და ილიამ, შევარჩიეთ, – გამოაჯავრა არჩილმა, – ასე სერიოზულადაა საქმე?
– არც კი ვიცი, აჩიკო... მარინე მეუბნება, რომ უნდა ვენდო ბედისწერას. მეორე შანსი მივცე საკუთარ თავს. ილია არაჩვეულებრივი ადამიანია, ცქნაფა კი – საოცარი ბავშვი. სხვა რომ არაფერი, მათ ცხოვრების ხალისი დამიბრუნეს.
– თვალები გიბრწყინავს, ესე იგი, სწორად იქცევი. ჩემი მარინე ცუდს არაფერს გირჩევს. მიიღე ის, რასაც ცხოვრება გაძლევს.
– უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ თქვენ მყავხართ, თორემ ჭკუიდან შევშლებოდი მარტოობით.
***
ამასობაში ერთი წელიც გავიდა...
– წარმოუდგენელი რამ აგიშენებიათ, თვალებს ვერ ვუჯერებ. ანი როგორ ზუსტად გათვალე ყველაფერი მდინარესთან დაკავშირებით. როდის აპირებთ გადმოსვლას? – არჩილი „ოცნების სახლის“ ტერასიდან ხედით ტკბებოდა, რომელიც პირდაპირ არაგვს გადაჰყურებდა და შეკითხვებს ტყვიებივით ისროდა..
– როდესაც დრო მოვა, ალბათ, მაშინ, – უპასუხა ანიმ. დაიხედა თავის საკმაოდ მომრგვალებულ მუცელზე და ილიას შეხედა.
ილიამ მხარზე ხელი მოჰხვია ცოლს და არჩილს უთხრა:
– მხოლოდ შიდა სამუშაოებია დასამთავრებელი. მე და ანიმ გადავწყვიტეთ, რომ თბილისში დავრჩებით, სანამ ბავშვი დაიბადება, მერე კი ცქნაფაც სკოლაში უნდა წავიდეს და ამიტომ ჯობია, პირველ კლასში იქ იაროს.
– ძალიან მიხარია და იცოდე, ანი არ გააბრაზო, თორემ ჩემთან გექნება საქმე, – შეეხუმრა არჩილი ილიას.
– აჩიკო, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ შესაძლებელია.
– მე ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნები. – შეახსენა არჩილმა წყვილს.
– მადლობა, ძმაო და შენი დახმარება ნამდვილად დაგვჭირდება. საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ხეზე ვიმუშაო, მამაჩემის ხელობას გავაგრძელებ. სანამ ჩემები თბილისში იქნებიან, მე აქ წარმოებას დავალაგებ. ხე გვექნება, იმიტომ რომ ჩემს მეგობარს ხის საამქრო აქვს და მასალები შემოაქვს. მე კი წარმოება მექნება.
– მშვენიერია, ოღონდ ანის არ გავუშვებთ, ამაზე არც იოცნებოთ, – ღიმილით, მაგრამ მტკიცედ თქვა არჩილმა.
– არც ვაპირებ. შენ და მარინე ისე დამეხმარეთ, მე კი ჩვენს მეგობრობას ვაფასებ, ჩემი სამუშაოც მომწონს და არც ფული გვაწყენს.
არჩილმა ანის მხარზე ხელი დაადო:
– უღალატო ადამიანი ხარ.
– წავიდეთ მარინესთან, ცქნაფამ და თქვენმა ბავშვებმა მშვენივრდ გაუგეს ერთმანეთს, – ილიამ ყველა მიიპატიჟა ეზოში, სადაც ბავშვები თამაშობდნენ.
ამ დროს ანის ტელეფონმა დარეკა. ქალმა ეკრანს დახედა: მათი კომპანიის იურისტი ურეკავდა.
– ყველაფერი მოგვარდა. ვახო ვერაფერში შემოგედავებათ. ბინა საბოლოოდ თქვენია, – ანიმ შვებით ამოისუნთქა.
თითქოს რა უნდა ჩაედინა ვახოს იმაზე უარესი, რაც ჩაიდინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ადამიანის ცუდ ფანტაზიებს საზღვარი არ აქვს. როგორც ჩანს, ვახო გაბრაზდა, რომ ანის პროფესიული კარიერა აეწყო და მისი კომპანიის კლიენტებმა არჩილის კომპანიაში გადაინაცვლეს. არადა ეს მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან ვახოს კომპანიის პროექტებს, ფაქტობრივად, ანი ქმნიდა, ვახო კი დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი მისი შექმნილი იყო და სინდისის ქენჯნის გარეშე მიიწერდა ფულსაც და წარმატებასაც. მაგრამ მას შემდეგ, რაც ახალი ოჯახი შექმნა, მისმა ბიზნესმა უკან-უკან იწყო სვლა და ლამის გაკოტრებამდეც მივიდა, იმიტომაც გადაწყვიტა, რომ არც ის ფული დაეკარგა, რაც ანისთვის იპოთეკით შეძენილ ბინას დაახარჯა, მიუხედავად იმისა, რომ ანის იმაზე მეტიც ეკუთვნოდა.
ანი კი გულმოდგინედ იხდიდა ყოველთვიურ შესატანს: მისი ამჟამინდელი შემოსავალი ამის საშუალებას აძლევდა, თუმცა ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ცქნაფასა და ილიას სახლში ცხოვრობდა.
ცქნაფა კმაყოფილი იყო, რომ დედა გაუჩნდა და თუმცა ეს მისთვის არავის უთქვამს, პატარა გოგონა დარწმუნებული იყო, რომ სწორედ ანი იყო დედამისი, რომელიც, რატომღაც, არ ეუბნებოდა, რომ დედამისი იყო.
***
– რაღაცის თქმა მინდა, მაგრამ მერიდება, – უთხრა ერთ დღესაც ანიმ ილიას.
– გისმენ, წესით, არაფრის უნდა გერიდებოდეს, – გაუღიმა ილიამ: თამამად.
– სად არის ცქნაფას დედა? – იკითხა ანიმ და გულისფანცქალით ელოდა პასუხს.
ილიას მაშინვე არ უპასუხია.
– ფიქრობ, ღირს ამაზე ლაპარაკი? – კითხვა შეუბრუნა ილიამ ანის.
– ჩემ გამო არ გეკითხები, არც ეჭვიანობის სცენას ვმართავ. უბრალოდ, მაინტერესებს, ხომ შეიძლება, ერთ დღესაც გამოჩნდეს და თავისი უფლებების შესახებ გამოაცხადოს? – მარტივად აუხსნა ანიმ ილიას თავისი კითხვის მიზანი.
– ყველაფერი ძალიან ბანალურია, არც ღირს მოყოლად, მაგრამ არ მინდა, რომ უაზრო ეჭვებით დაიტანჯო. ეჭვი ყველაზე ცუდი რამაა, რაც შეიძლება, ადამიანს შეეყაროს. იმიტომ რომ ეჭვი აჩენს ვერსიებს და ადამიანი საკუთარ წარმოსახვასვე გაუსაძლის მდგომარეობამდე მიჰყავს.
– მე მასე ტრაგიკულადაც არ მაქვს საქმე, – გაეცინა ანის, – და შენ რა იცი? შენც შეგყრია ეჭვები?! – გამომცდელად ჰკითხა ანიმ ქმარს.
– ის ეჭვები არა, შენ რომ გგონია, – გაუღიმა ილიამ ცოლს.
– დედაჩემი რომ გარდაიცვალა და მამაჩემმა სხვა ქალი მოიყვანა ცოლად, არაფერი მიკითხავს. არც მას უთქვამს. უბრალოდ, ჩვენს სახლში მოიყვანა და მითხრა, ამიერიდან აქ იცხოვრებსო. პატარა არ ვიყავი, მაგრამ მაინც არ მესიამოვნა. მარტო დედაჩემის კი არა, ჩემს ღალატად ჩავთვალე. ხომ უნდა ეთქვა უფრო ადრე ან იქნებ დედაჩემის სიცოცხლეშიც ჰყავდა-მეთქი საყვარლად. რა აზრები აღარ მომდიოდა თავში. მერე მე დავამთავრე უნივერსიტეტი... არადა კარგი ქალი იყო თინა, კარგად მექცეოდა. მამაჩემსაც უვლიდა, თვალებში შესციცინებდა, მაგრამ მე ვერ ვიტანდი, იმიტომ რომ ვეჭვიანობდი. ახლა მეცინება, ნეტავ, მე რა მაეჭვიანებდა ან მამაჩემის პირადი ცხოვრება რა ჩემი საქმე იყო, მაგრამ, რომ გავიგე მამა თავის ბიზნესს ჰყიდიდა, საბოლოოდ, დავრწმუნდი, რომ მამაჩემს ჩემგან გათავისუფლებაც უნდოდა. ამიტომ ერთ ღამეს ჩავალაგე ჩემი ნივთები ისე, რომ არავის გაეგო და სახლიდან წავედი. არც კი მითქვამს, სად მივდიოდი. არც წერილი დამიტოვებია, საერთოდ, არავისთვის არაფერი მითქვამს. ტელეფონიდან სიმბარათი ამოვიღე. სხვა ვიყიდე და ქვეყნიდან გავფრინდი.
– ასე სასტიკად როგორ მოექეცი მამაშენს? – შეიცხადა ანიმ.
– არ ვიცი, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და მაშინ მეგონა, რომ იმსახურებდა. უფრო სწორად, ვერც კი შეამჩნევდა ჩემს არყოფნას, იმიტომ რომ, ჩემი ეჭვით, არ ვუყვარდი. – ილია გაჩუმდა. როგორც ჩანს, მძიმე ფიქრები შემოაწვა.
– მერე რა მოხდა? – გამოაფხიზლა ანიმ.
– მერე... ვცხოვრობდი, რა. უფრო ზუსტად ვფლანგავდი წლებს, ენერგიას, ჯანმრთელობას. მამაჩემი არც მომიკითხავს და დარწმუნებული ვიყავი, რომ თავისუფლება ვაჩუქე. გავათავისუფლე ჩემგან, როგორც მძიმე ტვირთისგან. მერე შემთხვევით ცქნაფას დედა გავიცანი. თუ დედა შეიძლება, ვუწოდოთ. წესიერად არც მახსოვს არაფერი, იმიტომ რომ ან მთვრალი ვიყავი, ან დაბოლილი. ახლაც ვერ ვიხსენებ, ან ერთის, ან მეორისთვის ფული საიდან მქონდა. მოკლედ, არაფერია საინტერესო... – ილია გაჩუმდა.
– მე მაინტერესებს. ბარემ ბოლომდე მოყევი, რადგან დაიწყე, – სთხოვა ანიმ.
– ჰოდა, გამომეცხადა ერთ დღესაც და მითხრა, ფეხმძიმედ ვარო. მე ვიუარე, იმიტომ რომ ბავშვი საერთოდ არ მჭირდებოდა. ვერც წარმომედგინა მამობა. მით უმეტეს, ცოლის მოყვანა არ მინდოდა. შევთავაზე, აბორტი გაეკეთებინა, – ილიამ ანის გაფართოებული თვალები დაინახა:
– გიკვირს, არა?! მეც მიკვირს, მაგრამ ადამიანი სწორედ თავისი ყველაზე უვარგისი ვერსიიდან იბადება, თურმე. მოკლედ, აბორტი დაგვიანებული იყო. მითხრა, ეს ბავშვი არც მე მჭირდება, მაშინ ჩავაბარებ ბავშვთა სახლშიო. დავეთანხმე.
– დაეთანხმე?! – ვერ შეიკავა ანიმ თავი.
– ჰო, დავეთანხმე და ამაზე აღარც მიფიქრია კაი ხანს. ერთ დღესაც, იმ ამბიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ჩემი მეგობარი წამომადგა თავზე, თურმე, მეძებდა, მამაჩემსაც უთხოვია. ლამის ძალით წამიყვანა იმ სახლიდან, სადაც ვცხოვრობდი და მამაჩემთან დამარეკინა... იმ დღეს მივხვდი, როგორ ჭაობში ვიყავი, ჩემი ეჭვების ჭაობში.
– მამაშენმა რა გითხრა? – ანი ცდილობდა, კითხვები დაესვა, იმიტომ რომ ხედავდა, ილიას უჭირდა და არც უნდოდა ამაზე ლაპარაკი.
– მამაჩემმა იტირა, ჩემი ხმა რომ გაიგონა. მისმა ცრემლებმა შემძრა, იმიტომ რომ ყოველთვის უგულო ადამიანი მეგონა. ჩემსა და მამაჩემის საუბარს გამოვტოვებ, – გაუღიმა ილიამ ანის.
– რა თქმა უნდა. მოკლედ, წამში მივხვდი, რა ბითური ვიყავი, როგორ არასწორად ვხედავდი ყველაფერს და რამხელა ტკივილი მივაყენე ადამიანს, რომელსაც ძალიან ვუყვარდი... მამაჩემს ჩემი ტელეფონის ნომერი მივეცი და დავპირდი, რომ დავბრუნდებოდი. იმ ღამესვე დავიწყე იმ გოგოს ძებნა, ვანგარიშობდი, ხომ არ გააჩინა უკვე ბავშვი. იცი, მე დღესაც არ ვიცი ზუსტად, სიმართლე მითხრა თუ არა, მაგრამ ჩემთვის სულერთი იყო. მაშინაც სულერთი იყო და ახლაც სულერთია. იმშობიარა და გაჩნდა ცქნაფა. მე ჩამოვიყვანე საქართველოში ორივე. აქ, სიღნაღში, ერთ დღეში დავქორწინდით. შემდეგ უარი თქვა ბავშვზე. ვუყიდე ბილეთი და გაფრინდა. სულ ესაა. ასე რომ, მშვიდად იყავი. არავინ მოვა და არ შეგეცილება ცქნაფას დედობაში.
ანიმ ილიას გაუღიმა.
– ცქნაფა ყოფილა შენი ბედნიერი ბილეთი ამ ცხოვრებაში.
ილიამ თავი დაუქნია:
– მე რომ ადამიანი გავხდი, ეს ცქნაფას დამსახურებაა და ძალიან მიხარია, რომ მამაჩემიც მოესწრო ბაბუობას. ანი ილიასთან გადაჯდა და ჩაეხუტა:
– რა ბედნიერებაა, რომ მანქანით ორჯერ დამეჯახე, – და ორივეს სიცილი აუტყდა...
დასასრული შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





