რომანი და დეტექტივი

მოლიპული მოსახვევი

№29

ავტორი: ნია დვალი 19:00 26.07

მოლიპული მოსახვევი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #28 (1228)

მოსაღამოვდა, ანი ისევ ტერასაზე იჯდა და ვერც კი შეამჩნია, როდის დაბრუნდა ვახო. ვახომ კარგა ხანს ეძება ცოლი, იმიტომ რომ სახლში შუქიც კი არსად ენთო და იპოვა თუ არა, მაშინვე საქმიანი საუბარი წამოიწყო:

– ანი, რა მოხდა? გამითიშე. ჩემს ზარებს არ პასუხობ, ბოლოს და ბოლოს, ზრდასრულები ვართ, ხომ შეიძლება, მშვიდობიანად დავცილდეთ ერთმანეთს?

– მე შენ არ გაკავებ, – უთხრა ანიმ.

– ვერ გავიგე?!

– რა ვერ გაიგე?! ბინა ხომ იპოვე?! ჰოდა, წადი იმ ბინაში. მე ჩემს სახლში ვარ და მის დაცლას შენი საყვარლისთვის არ ვაპირებ. უკიდურეს შემთხვევაში, გავყიდოთ და ფული გავიყოთ. ეს სამართლიანი იქნება.

– ანი, მინდა, შეგახსენო, რომ ეს სახლი დედაჩემის სახელზეა ნაყიდი. თან, მისი გაყიდვა შეუძლებელია, ის იპოთეკითაა დატვირთული, – უთხრა ვახომ.

– ახლა ყველაფერი გასაგებია, რატომ დაიჟინეთ შენ და დედაშენმა, რომ სახლი დედაშენის სახელზე გაგვეფორმებინა. თავი დაიზღვიე, ესე იგი. აღარ გახსოვს, რომ მე ჩემი ბინა გავყიდე, ეს სახლი რომ გვეყიდა და რაც გამაჩნდა, ამ სახლს მოვახმარე?!

– მოდი, სცენებს ნუ გამიმართავ. მე ყველაფერი მახსოვს, ამიტომაც ვამბობ, რომ ბინა გიპოვე. შენ უნდა ნახო და გავაფორმოთ ეს გარიგებაც და გაყრაც.

– „სცენებს ნუ გამართავ“... შენ, ეტყობა, სცენები არ გინახავს. ჯანდაბაშიც წასულხარ. მაგრამ გახსოვდეს, ყველა აგებს პასუხს ჩადენილის გამო და აუცილებლად აგებ პასუხს იმ ტკივილის გამო, რაც მომაყენე. – უპასუხა ანიმ ქმარს, დემონსტრაციულად ადგა და საძინებელში შევიდა, იმის საჩვენებლად, რომ მათი საუბარი დასრულებული იყო.

– ხვალ წახვალ ბინის სანახავად? – მიაძახა ვახომ.

ანი არც მიბრუნებულა მისკენ, ისე თქვა:

– ჩამიგდე მისამართი და ხვალ დილით ვნახავ. შენი სახის დანახვაც კი არ მინდა. საძაგელი მოღალატე ხარ, უპირო კაცი.

მეორე დილას ანი ბინის სანახავად წავიდა და მთელი გზა თავის ცხოვრებას იხსენებდა ვახოსთან ერთად, რამდენი რამ გადახდათ და ეს ყველაფერი ერთმა ფრაზამ ისე უკვალოდ ააორთქლა, თითქოს არც არაფერი ყოფილა... ანიმ თავისი კარიერა ვახოს კარიერას შესწირა: ეხმარებოდა რთული პროექტების შექმნაში და მასთან ერთად ინაწილებდა ყველა მარცხსა და იმედგაცრუებას. ამიტომ არ ესმოდა, როგორ შეეძლო ვახოს, ასე გადასხვაფერებულიყო. ვახოს, რომელსაც, როგორც ანი ფიქრობდა, მოხარშულს იცნობდა?! მაგრამ, ჩვეულებისამებრ, ადამიანები საკუთარ თავსაც კი არ იცნობენ ხოლმე, არათუ მიხვდნენ, თუ როგორ მოიქცევა სხვა ადამიანი, რაოდენ ახლობელიც უნდა იყოს ის.

ანის ახსენდებოდა, რამდენი ექიმი მოიარა, რომლებიც არწმუნებდნენ, რომ პრობლემა არ ჰქონდა, რამდენჯერ ჩაიტარა მკურნალობა, რამდენი პრეპარატი მიიღო და რამდენი წელი გაფლანგა ნერვიულობაში, თუმცა ვახო ვერა და ვერ დაიყოლია ექიმთან მისვლაზე, მიუხედავად იმისა, რომ ამას ყველა კლინიკაში ითხოვდნენ. ექიმები ხელებს შლიდნენ და უბრალოდ, ვერ პოულობდნენ პასუხს კითხვაზე, თუ რატომ არ ჰყავდა წყვილს შვილები.

ვახოს ანისთვის არასდროს უთქვამს საყვედური, მაგრამ სულ იმას იმეორებდა, თუ როგორი ბედნიერები იყვნენ არჩილი და მარინე, როგორი სავსე ოჯახი ჰქონდათ. ანი დუმდა ან რა უნდა ეპასუხა?! ფიქრებში გართულმა ვერც კი შეამჩნია, რომ უკვე მისულიყო ადგილზე. ბინა საკმაოდ ნათელი და დიდი იყო. რა თქმა უნდა, ანისა და ვახოს სახლს ვერ შეედრებოდა, მაგრამ ერთი ადამიანისთვის სავსებით მისაღებად გამოიყურებოდა.

– რითიც დაიწყო, იმით დამთავრდა, – ჩაილაპარაკა ანიმ და ახალი ბინის კარი გამოიკეტა.

თავისი ნივთები იმ საღამოსვე ჩაალაგა და მხოლოდ ის წაიღო, რაც უშუალოდ მისი იყო. ტაქსის მოსვლამდე კიდევ ერთხელ მოავლო მზერა თავის სახლს და მხოლოდ იმ წამს გამოუტყდა საკუთარ თავს, რომ ამ სახლში არასდროს ყოფილა ნამდვილად ბედნიერი.

– ვახუნა, ეს ქალი აქ რას აკეთებს? – ანის ფიქრები ქალის გაწიწმატებულმა ხმამ გაუფანტა.

მკვეთრად მიტრიალდა: მის წინ ახალგაზრდა გოგო იდგა, ანიზე საკმაოდ უმცროსი. ლამაზი, თავის თავში დარწმუნებული და ვახოს უფრო შვილად შეეფერებოდა, ვიდრე მეწყვილედ. ანიმ გაიღიმა, გულში რაღაცამ გაკენწლა და უნდოდა, სასწრაფოდ გასცლოდა იქაურობას, მაგრამ თავი ხელში აიყვანა და მშვიდად წარმოთქვა:

– ძვირფასო, მე ჩემს სახლში ვარ და მინდა, იცოდე, რომ ჯერჯერობით ისევ შენი საყვარლის ცოლი ვარ. იმედი მაქვს, მალე აღარ ვიქნები, მაგრამ აი, შენ რას აკეთებ აქ, არ ვიცი. არც სირცხვილი გაქვს და არც ღირსება. საიდან მოდიხართ ასეთი ბოგანოები, გულისამრევია ამის ყურება, – ანიმ ახლა უკვე ვახოს გადახედა, რომელიც ნანოს უკან ისე იდგა, თითქოს იმალებაო.

– მგონი, გთხოვე, რომ ჩემს წასვლამდე ეს არსება აქ არ მოსულიყო.

– ეს არსება არ არის. ჩემი შვილის დედაა, – უთხრა ვახომ ცოლს, – და შეწყვიტე ისტერიკა, არაფერ კარგს ეს არ მოიტანს. ჩვენ ხომ თანამედროვე ადამიანები ვართ, – ბოლოსკენ ხმის ტონს აუწია ვახომ.

– თან, ძალიან თანამედროვეები ვართ. – დაეთანხმა ანი, – შენ ვერასდროს ერკვეოდი ადამიანებში და ახლაც ცდები. შეხედე, შუბლზე აწერია: ვეძებ, მდიდარ მარჩენალს.

ვახო მოიღუშა, მაგრამ ანისთვის არაფერი უთქვამს. ნანომ თვალები აატრიალა და თავის მუცელზე დაიდო ორივე ხელი. ანის გაეცინა.

– თეატრალურზე უნდა ჩაგებარებინა, გენაცვალე, დიდი ტალანტი იკარგება, – სიცილით თქვა ანიმ და შემდეგ ვახოს მიუბრუნდა:

– ახლა რა გქვია, ვახუნა, ხომ?! ჰოდა, ვახუნია, დარწმუნებული ვარ, წინ უამრავი სიურპრიზი გელის. არ გამომაპარო და მშვიდობით იყავი. – ფრაზა დაასრულა თუ არა, ტელეფონზე შეტყობინებაც მოუვიდა და ქალმა შვებით ამოისუნთქა: ტაქსი მოსულიყო.

ვახოს არც უფიქრია, ცოლს მიხმარებოდა. ანიმ თავის ორივე უზარმაზარ ჩემოდანს მოჰკიდა ხელი და გასავლელისკენ გააგორა. ვახო სევდიანად უყურებდა ცოლს და ბოლო მომენტში იგრძნო, რომ უნდოდა, ეს სიგიჟე შეეჩერებინა, მაგრამ ნანომ თითქოს იგრძნო საფრთხის მოახლოება და შეეცადა, ვახოს ყურადღება თავისკენ გადაერთო.

– ვახუნა, რაღაც ძალიან ამტკივდა მუცლის ქვემოთ, – ამ სიტყვებმა ვახოს თითქოს ცივი წყალი გადაასხაო.

– საყვარელო, შენი ნერვიულობა არ შეიძლება. სიმშვიდე გჭირდება. ხომ გახსოვს, რა გითხრა ექიმმა?! – კაცმა ქალს წელზე მოჰხვია ხელი და დივანზე დასვა.

***

ანიმ, როგორ იქნა, დატოვა ერთ დროს მისი ძალიან საყვარელი სახლი. მისთვის გაუსაძლისად მტკივნეული იყო იმ ქალის დანახვა, ვინც ქმარი წაართვა და იმისიც, თუ როგორი მზრუნველობით ექცეოდა ვახო მას. იმის წარმოდგენისაც კი ეშინოდა, რა ელოდა თავად მას. თუმცა, თავი ბოლომდე ღირსეულად ეჭირა. როდესაც მანქანაში ჩაჯდა, თავს უფლება მისცა, გრძნობები თავის ნებაზე მიეშვა და ორივე თვალიდან ცრემლები წამოსცვივდა.

მძღოლი თანაგრძნობით უყურებდა მგზავრს მანქანის სარკეში. ბოლოს, ვეღარ მოითმინა და მაინც ჰკითხა:

– ყველაფერი რიგზეა? დახმარება ხომ არ გჭირდებათ? კარგად ხართ?

– მაპატიეთ. არასდროს მიტირია სხვების თანდასწრებით. უბრალოდ, ემოციები ვერ შევიკავე. ყველაფერი რიგზეა. მართლა. უბრალოდ ქმარმა ფეხმძიმე საყვარელი მოიყვანა ჩვენს სახლში. სულ ესაა.

– ასეთ ლამაზ ქალს რატომ უნდა მოუნახო შემცვლელი?! მე მაპატიეთ, მაგრამ თქვენი ქმარი სულელია.

– სადღაა სილამაზე?! მან თავისთვის ახალგაზრდა გოგონა მონახა, მე კი საცაა, ორმოცს მივუკაკუნებ, – სევდიანად თქვა ანიმ.

– მერე?! ზუსტად ახლა იწყება ნამდვილი ცხოვრება. 67 წლის ვარ. დამიჯერეთ. ყველაფერი კარგად გექნებათ და როგორც კი ცხოვრებას აიწყობთ, თქვენი ქმარი აუცილებლად გამოგეცხადებათ, მაგრამ არ მგონია, მოგინდეთ მასთან დაბრუნება. ეს ახლა გგონიათ, რომ მის გარეშე ვერ გაძლებთ. გაძლებთ და მშვენივრადაც იქნებით. ცოტა ხანში შეიძლება, გაგეცინოთ კიდეც თქვენს დღევანდელ ემოციებზე,

ანიმ მადლიერებით გახედა მძღოლს. არ დაუჯერებია მისთვის, მაგრამ ამ ასაკოვანი კაცის სიტყვებმა გაამხნევა. უსმენდა და გულში თითქოს იმედი ებადებოდა.

***

პირველი ერთი თვე ანიმ ახალ ბინას მოახმარა, თავის ჭკუაზე უნდოდა მისი მოყვანა, რომ თავი მართლაც სახლში და კომფორტულად ეგრძნო და, ალბათ, შეიშლებოდა თავისი მარტოობითა და სიცარიელით, რომ არა მეგობრები.

მარინე და არჩილი, როგორც შეეძლოთ, გევრდში ედგნენ ბავშვობის მეგობარს. არჩილმა ანი სამსახურში მაშინვე მიიღო, როგორც კი ანი თავის ახალ ბინაში გადავიდა. ანიც ახალ სამუშაო ადგილს ნელ-ნელა ეგუებოდა. პირველი ხელფასი რომ აიღო, სიხარულით ცას ეწია.

მარინე ლამის ყოველდღე მიდიოდა ანისთან, არჩილმა კი გადაწყვიტა, ყოველგვარი კონტაქტი გაეწყვიტა ვახოსთან:

– იქნებ არ ღირს?! არ მინდა, თვენ შორის ჩავდგე?! – თავი უხერხულად იგრძნო ანიმ.

– შენ არაფერ შუაში ხარ. ჩემი გადაწყვეტილებაა, – უთხრა არჩილმა და თემაც დაიხურა. თუმცა არჩილს არ უთქვამს ანისთვის, რომ მაშინვე დაურეკა ვახოს, როგორც კი ეს ამბავი შეიტყო.

– არ გიტყდება შენი საქციელი? – მოურიდებლად უთხრა არჩილმა მეგობარს.

– შენ ნუ ერევი იქ, სადაც შენი საქმე არ არის, – არც ვახომ დაუთმო.

საბოლოოდ, საკმაოდ ცუდად დაშორდნენ ერთმანეთს და მას შემდეგ ყოველგვარი კონტაქტიც გაწყვიტეს.

***

ერთ დღესაც ანი გვიანობამდე შემორჩა სამსახურში. მნიშვნელოვანი პროექტი ჰქონდა დასამთავრებელი, რომელსაც ვერა და ვერ ასწრებდნენ. არჩილი ლამის სასოწარკვეთილებამდე მივიდა, დარწმუნებული იყო, რომ პროექტი ჩაუვარდებოდათ და შემკვეთი მის კონკურენტს მიმართავდა, მაგრამ ანიმ გაიხსენა ყველაფერი, რაც კი ოდესმე ესწავლა და წაეკითხა და ბოლო წუთს მაინც დაასრულა პროექტი. არჩილის კაბინეტში შეიტანა, მაგიდაზე დაუდო და კარი გამოიკეტა.

ქუჩაში საკმაოდ ციოდა, ქარი მთელ სხეულში უბერავდა თითქოს. ანი პალტოში მოიკუნტა და ინანა:

„ტაქსის გამოძახება გამოსვლამდე როგორ ვერ მოვიფიქრე?“, – ფიქრობდა და საკუთარ თავს ეჩხუბებოდა. ქუჩას მოავლო თვალი. საპირისპირო მხარეს დაინახა, რომ თეთრი ტაქსიდან მგზავრი გადმოვიდა. გზა ცარიელი იყო, მანქანები არ მოძრაობდნენ, ამიტომ თამამად გადაკვეთა სამანქანო გზა, თან, მძღოლს ეძახდა, არ წახვიდეთო. წამის შემდეგ, როგორც კი ანიმ ფეხი დაადგა სამანქანო გზას, კუთხიდან მოულოდნელად ავტომანქანა გამოვარდა და თითქმის მაშინვე იგრძნო გვერდიდან დარტყმა.

– ნორმალური ხარ? თავს იკლავ?! და მაინცდამაინც ჩემი მანქანის ქვეშ? – ანის მამაკაცის ხმა ჩაესმა და მიხვდა, რომ იმ ავტომანქანის მძღოლი იყო, რომელიც, სავარაუდოდ, დაეჯახა.

– შენ თვითონ ხარ ნორმალური?! არც იყურები, საით მიდიხარ, – შეუტია ანიმაც, თუმცა მშვენივრად ხვდებოდა, რომ მისი ბრალი იყო და არა ავტომანქანის მძღოლის.

– ოჰო, ძველი ნაცნობი, – მამაკაცის ხმაში დამცინავი ნოტები შეინიშნებოდა. რაღაც მომენტში ანისაც ეცნო მამაკაცის ხმა, მაგრამ მანქანის ფარები კვლავ აბრმავებდა და ამიტომ მის სახეს ვერ არჩევდა.

– ფარები მაინც ჩააქრეთ?! – აღშფოთდა ანი, – დავბრმავდი!

– მე ის უფრო მიკვირს, როგორ მოახერხეთ, რომ დღემდე ცოცხალი ხართ, – ისევ დამცინავად უთხრა მამაკაცის ხმამ: მომეცით ხელი, მოგეხმარებით.

– დიდი მადლობა, უკვე დამეხმარეთ, ხელიც დამიზიანდა, ფეხიც და ეჭვი მაქვს, სახეც, – იუარა ანიმ, – ხვალ უმნიშვნელოვანესი დღე მაქვს. შემკვეთს პროექტი უნდა ჩავაბარო, თქვენ კი ლამის მომკალით. რას იფიქრებს ის ადამიანი ხვალ ჩემზე, როდესაც ჩემს სახეს დაინახავს?!

– თქვენც სიმართლე უთხარით, რომ გზაზე ისე გადადიხართ, არც იყურებით და მოგწონთ მანქანის ბორბლების ქვეშ მოხვედრა, – გაიცინა მამაკაცმა, – და დაამატეთ, არც ის დაუმალოთ, რომ ყველას პრობლემებს უქმნით.

– უტაქტო და უზრდელი ხართ, – გაკაპასდა ანი.

– რაც ვარ, ეს ვარ, – უპასუხა მამაკაცის ხმამ, – დაბრძანდით მანქანაში და მიგიყვანთ, სადაც მიდიხართ ან გაათავისუფლეთ გზის სავალი ნაწილი. მეჩქარება.

– კარგი, კარგი... ამ სახით ვერავის დავენახვები. სახლამდე მიმიყვანეთ, ბოლოს და ბოლოს, თითქმის გამიტანეთ.

– თითქმის არ ითვლება.

ანი გააღიზიანა მამაკაცის ირონიულობამ. ამიტომ თავისით ადგა რის ვაივაგლახით და ავტომანქანის უკანა სავარძელზე დაჯდა. როდესაც გათბა და გონს მოვიდა, მანქანის სარკეში მძღოლი შეათვალიერა და გაოცებისგან პირი დააღო:

– ისევ თქვენ?!

– დიახ, მე ვარ.

ორივეს ერთდროულად გაეცინა.

– ზუსტად იმავე მანქანის ბორბლებქვეშ მოხვდით, როგორც რამდენიმე თვის წინათ. მისამართი მახსოვს, – უთხრა ილიამ.

ანიმ პასუხად სევდიანად გაიღიმა:

– იქ არა, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში. ახლა სხვაგან ვცხოვრობ, – და ანიმ მამაკაცს თავისი ახალი მისამართი უკარნახა.

– ვიცი, ეს ადგილი. გამოდის, რომ ახლა მეზობლები ვართ. მაპატიეთ ცნობისმოყვარეობა, მაგრამ რატომ გადმოხვედით სახლიდან ბინაში? მე და ჩემო გოგონა ვოცნებობთ, რომ სახლი ავიშენოთ, – დაინტერესდა ილია.

– ქმარს გავეყარე, ეს ბინა მიყიდა და ამიტომ გადმოვედი.

– როგორც მახსოვს, საკმაოდ ბედნიერი ოჯახი გქონდათ. რა მოხდა?

– ყველაფერი ბანალურადაა. შვილები ვერ გავუჩინე, მისმა საყვარელმა კი მოახერხა დაფეხმძიმება და ახლა ისინი ჩემს სახლში ცხოვრობენ. სულ ესაა. დავაკმაყოფილე თქვენი ცნობისმოყვარეობა?! მოდი, ახლა გავჩუმდეთ. ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს. უნდა ვიფიქრო, – მკაცრად და იმავდროულად ნაღვლიანად თქვა ანიმ.

– უხერხულად გამომივიდა. მაპატიეთ.

ამის შემდეგ არც ერთს ხმა აღარ ამოუღია. როდესაც მანქანა გააჩერა, ილიამ ანის გაუღიმა:

– მე მოპირდაპირე სახლში ვცხოვრობ. იმედი მაქვს, ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა არა არის და ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა