რომანი და დეტექტივი

მოლიპული მოსახვევი

№28

ავტორი: ნია დვალი 20:00 19.07

მოლიპული მოსახვევი
დაკოპირებულია

ანი სუპერმარკეტიდან პროდუქტებით დატვირთული გამოვიდა, თუმცა მხოლოდ ხილი და ტკბილეული შეიძინა, პარკები მაინც საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა.

– თითქოს ერთი რამის საყიდლად შევდივარ და როგორ ვახერხებ ამდენის ყიდვას? – ფიქრობდა თავისთვის და ეღიმებოდა. სახლში მიიჩქაროდა, დღეს 39 წელი უსრულდებოდა და დროულად დაბრუნება უნდოდა, რომ სუფრის გაწყობა მოესწრო. მართალია, მისი და ვახოს მხოლოდ ორი უახლოესი ადამიანი იყო დაპატიჟებული, მაგრამ მაინც ღელავდა, ცდილობდა, ყველაფერი იდეალურად გაეკეთებინა. ჩაფიქრებული მიდიოდა და ვერც კი შეამჩნია, რომ ტროტუარიდან გზის სავალ ნაწილზე გადავიდა. უცებ უკნიდან ძლიერი დარტყმა იგრძნო, დაეცა და პარკები დაუცვივდა.

თავდაპირველად ანი ვერც მიხვდა, რა მოხდა და მოულოდნელობისა და ტკივილისგან შეჰკივლა.

– ძალიან დიდი მადლობა, დღე გამილამაზეთ. ვერც მივხვდი, არც ველოდი, როგორ აღმოჩნდით გზაზე. კიდევ კარგი, ნელა ვმოძრაობდი, – ანის ახალგაზრდა მამაკაცი მიუახლოვდა და ცდილობდა, ფეხზე წამოეყენებინა.

– კინაღამ გამიტანეთ. კიდევ ქალებს ლანძღავენ ხოლმე, ტარება არ იციანო, – ანი აღშფოთებული იყო და მტკივან ხელს იზელდა.

– თქვენც უნდა გაიხედ-გამოიხედოთ ხოლმე, იქნებ საჭესთან იდიოტი მძღოლი ზის, ვინც ტარება არ იცის?! მას რატომ ანდობთ საკუთარ სიცოცხლეს, თუ თავად არ გენაღვლებათ?! – არ დაუთმო უცნობმა მამაკაცმა ანის.

მაგრამ ანიმ მამაკაცს გაბრაზებულმა შეხედა და ისიც მოლბა:

– უკაცრავად, მე უნდა მიმექცია ყურადღება, მაგრამ ჩავფიქრდი და ვერც დაგინახეთ. სახლამდე მიგიყვანთ, – უცნობმა მამაკაცმა ანის პარკების შეგროვება დაიწყო:

– თუ რამე გაფუჭდა, შევიდეთ და ავანაზღაურებ ზარალს, – შესთავაზა უცნობმა ანის.

ანის შიშმა გაუარა და მიხვდა, რომ თავადაც იყო დამნაშავე:

– ჩემი ბრალიცაა, მართალი ხართ, ყურადღებით უნდა ვიარო, – უცნობმა მამაკაცმა გაუღიმა, ანის წამოდგომაში დაეხმარა და პარკებიც ისე ჩააწყო მანქანაში, რომ ანის პასუხს არ დალოდებია:

– არ მითხრათ უარი, მიგიყვანთ სახლამდე, – ანის უარი არ უთქვამს, იმიტომ რომ ხელი გვარიანად სტკიოდა.

მანქანაში ჩასხდნენ და მათ შორის საკმაოდ ძალდაუტანებლად ბუნებრივი დიალოგი გაიმართა. ანიმ მოასწრო ეთქვა, რომ მისი დაბადების დღე იყო და ის და მისი ქმარი უახლოეს მეგობრებს ელოდებოდნენ. აღმოჩნდა, რომ მის თანამგზავრს ილია ერქვა.

– რამდენი შვილი გყავთ? – ჰკითხა უცებ ილიამ ანის. ქალს სახე შეეცვალა, იმიტომ რომ ეს მისთვის მტკივნეული თემა იყო. ამდენი ხნის ქორწინების მიუხედავად, მან ვერ შეძლო, შვილი გაეჩინა, თუმცა ყველა ხერხს მიმართა, მაგრამ ამაზე საუბარს უცნობ ადამიანთან არ აპირებდა, ამიტომ მოკლედ უპასუხა:

– შვილები არ გვყავს.

ილია მიხვდა, რომ რაღაც ისე ვერ თქვა, როგორც უნდა ეთქვა, ამიტომ საუბარი მაინც განაგრძო:

– მე მყავს ქალიშვილი, რომელსაც მარტო ვზრდი.

– როგორ მარტო? – გულწრფელად გაუკვირდა ანის.

– აი, ასე, – გაუღიმა ილიამ და ანიმ, რატომღაც, გაიფიქრა, რომ მამაკაცმა მოატყუა, მაგრამ ამასობაში დანიშნულების ადგილამდეც მივიდნენ.

– უკვე მოვედით, ესაა ჩვენი სახლი, დიდი მადლობა, – უთხრა ანიმ ილიას.

მანქანა მაღალგალავნიანი ეზოს რკინის ალაყაფის კართან გაჩერდა, რის უკანაც დიდი, ლამაზი სახლი მოჩანდა:

– იმედია, მაპატიეთ ეს ინციდენტი და, მგონი, გზაშიც რაღაც გაწყენინეთ. გილოცავთ კიდევ ერთხელ და მაპატიეთ!

– ეს თქვენ მაპატიეთ. დიდი მადლობა!

ანი კარში გაუჩინარდა და სახლში შევიდა თუ არა, სუფრის გაწყობას შეუდგა. კერძები მზად ჰქონდა, ხილის ასორტი და ტკბილეული თეფშებზე ლამაზად დაალაგა და ქმარს დაურეკა, მაგრამ ის არ პასუხობდა. ანიმ ამოიოხრა და სუფრაზე დანა-ჩანგალი შეასწორა.

ბოლო დროს ვახო სულ უფრო და უფრო ხშირად არ პასუხობდა ანის ზარებს, სახლში გვიან ბრუნდებოდა და ცოლს თითქმის არ ელაპარაკებოდა. ცოლის შეკითხვებს გაღიზიანებული პასუხობდა და ერთ დღესაც ანი შეეჩვია ქმრის გარეშე ცხოვრებას და გადაეჩვია კითხვების დასმას.

ამ მძიმე ფიქრებიდან ზარის ხმამ გამოაფხიზლა: კართან გაღიმებული მარინე და არჩილი იდგნენ. ისინი უნივერსიტეტიდან მეგობრობდნენ და ანისა და ვახოს ლამის ერთადერთი მეგობრები იყვნენ. ყოველ შემთხვევაში, ისეთები, რომლებსაც ვახო სახლში უშვებდა. მისი აზრით, ზედმეტი ხალხის სტუმრად და მათ ცხოვრებაში მოყვანა სახიფათო იყო.

– ანი, რა ლამაზი ხარ. სულ 25 წლის გოგოსავით როგორ გამოიყურები?! – მარინე აღტაცებით შესცქეროდა იუბილარის უზადო სხეულს.

– აჭარბებ, როგორც ყოველთვის, – დაიმორცხვა ანიმ, – მაგრამ მსიამოვნებს ამის მოსმენა.

– შესანიშნავად გამოიყურები. გილოცავ დაბადების დღეს და ეს შენ, – არჩილმა ანი გადაკოცნა, საჩუქარი და ვარდების დიდი თაიგული მიაწოდა. – ოჯახის უფროსი სადაა? ისევ მუშაობს? – მოიკითხა მეგობარი.

– ჯერ არ მოსულა, იმედია, მალე შემოგვიერთდება, ჩვენ დავსხდეთ უკვე, არ დაველოდოთ, – ანიმ მეგობრები სუფრასთან მიიპატიჟა.

– იცი, არ მესმის, როგორ უძლებ ასეთ ცხოვრებას?! სულ მარტო ხარ, გამოყრუებული, ამხელა სახლში და მუშაობის დაწყება არ გიფიქრია?! ჩვენს კურსზე საუკეთესო იყავი და დღეს კარგი არქიტექტორი კარგ ქირურგზე ნაკლებად არ ფასობს, – უთხრა მარინემ მეგობარს.

– მე ძალიან მინდა, მაგრამ ვახო არ დამთანხმდება, არ მინდა ამის გამო უსიამოვნება.

– მოიცა, რა! რა დროს ვახოს აზრებია ამ გაქანებულ ოცდამეერთე საუკუნეში?! აჩიკოს აქვს ადგილი, თან, სჭირდება კარგი არქიტექტორი, – მარინე ცდილობდა, მხიარული ნოტები შეეტანა ამ მოსაწყენ სახლში, მაგრამ შიგადაშიგ კაპასობდა კიდეც: – მაპატიე, მაგრამ ეგოისტია შენი ვახო, შენ კიდევ შტერივით იქცევი. ფულის მეტი რა აქვს და ერთი დიასახლისი არ დაიქირავა, მოსამსახურედ გაქცია, ძუნწი ტირანი!

– გეყოფა, მარი, – არჩილის ხმაში საყვედური გაისმა.

– გამიხარდა, რომ მოხვედით, რამე კარგზე ვისაუბროთ, გადაიღეთ, ყველაფერი ჩემი მომზადებულია, – შესთავაზა ანიმ სტუმრებს.

როდესაც სამივენი დანაყრდნენ და სტუდენტობისდროინდელი ამბების გახსენებაც დაიწყეს, როგორც იქნა, ვახოც დაბრუნდა სახლში. სერიოზული სახე ჰქონდა და ეტყობოდა, რომ სტუმრებს უფრო თავაზიანობის გამო უღიმოდა, ვიდრე იმიტომ, რომ მათი დანახვა გაუხარდა.

– ვახო, დღეს მაინც მოსულიყავი სახლში დროზე და შენს ცოლს, სხვათა შორის, დაბადების დღე აქვს. ყვავილების თაიგულს კი ვერ ვხედავ, – ისევ ვერ მოითმინა მარინემ.

– მეც მიხარია თქვენი ნახვა, არჩილი გამიგებს, სამუშაოს ვერ მიატოვებ, – ეს ისეთი ტონით წარმოთქვა ვახომ, რომ ყველას აგრძნობინა, რომ მსგავსი საყვედურების მოსმენას არ აპირებდა.

– ყვავილების ყიდვა ვერ მოვასწარი. სახლში მეჩქარებოდა. ეს კი შენ, ანი – და ცოლს პატარა ხავერდის კოლოფი გაუწოდა, – დაბადების დღეს გილოცავ!

– მადლობა, საყვარელო, – უთხრა ცოლმა ქმარს, ყუთი გახსნა და სევდიანად გაიღიმა, – ვახო არასდროს ცდილობდა, ცოლისთვის საჩუქრით სიამოვნება მიენიჭებინა და ყოველთვის ძვირფასეულობას სჩუქნიდა. ახლაც ასე მოხდა: ყუთში საყურეები იდო.

ცოტა ხანში დაძაბულობა გაქრა და სუფრის ოთხივე წევრი რაღაცნაირად გახალისდა, ერთი ის იყო, რომ ვახოს ტელეფონი გამუდმებით წკრიალებდა. როდესაც სტუმრები წავიდნენ, უზარმაზარ სახლში ისევ სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა.

ანიმ სუფრის ალაგება დაიწყო. ვახო კი თავის მობილურ ტელეფონს უკირკიტებდა. როდესაც ყველაფერი მიალაგა და ჭურჭელიც დარეცხა, ანიმ ქმარს ჰკითხა:

– ვახო, არ გეჩვენება, რომ, როდესაც სახლში ხარ, მაშინაც კი სახლში არ ხარ?

– სცენები არ მოაწყო, არ მინდა, რომ გაწყენონო, შენი დაბადების დღეა. ვმუშაობ. სახლშიც ვმუშაობ.

ანის არაფერი უპასუხია, თუმცა თავისთვის გაიფიქრა: „ტელეფონში მუშაობ?!“ ხმამაღლა კი თქვა:

– კარგი, წამო, დავწვეთ.

– შენ წადი, მე კიდევ მაქვს სამუშაო, უნდა მოვასწრო. ვერ დავასრულე დღეს, იმიტომ რომ სახლში ადრე მოვედი.

ანის ისევ არაფერი უთქვამს, მიუხედავად იმისა, მიხვდა, რომ ქმარმა დაგვიანებით მოსვლაც დაამადლა. ჩუმად შეტრიალდა და საძინებელში შევიდა. ეტირებოდა, მაგრამ თავს იკავებდა. ძალიან მარტოსულად გრძნობდა თავს. მამა ადრე გარდაეცვალა, დედამისთან და მამინაცვალთან კი ვერა და ვერ ააწყო ურთიერთობა. და უფრო დაისვენა, როდესაც გათხოვდა, თუმცა დაოჯახებას მისთვის ბედნიერება არ მოუტანია, მიუხედავად იმისა, რომ ვახო ძალიან უყვარდა.

ანი იწვა. ფიქრობდა და სულ უფრო და უფრო უჯდებოდა ჭკუაში მარინეს ნათქვამი:

– მუშაობა უნდა დავიწყო, იმიტომ რომ ასე შეიძლება, მართლაც გავგიჟდე. – ამ ფიქრებში ჩაეძინა.

დილით ადრე გაეღვიძა. მაგრამ ვახო საძინებელში არათუ არ იყო, მისი საბანიც ხელუხლებელი იდო ზეწარზე. ანი წამოდგა და ვახოს კაბინეტში შეიხედა: ვახო დივანზე იწვა. ანის გულისცემა გაუხშირდა, უსიამოვნო წინათგრძნობა დაეუფლა. აბაზანაში შევიდა, შხაპი მიიღო და თავი მოიწესრიგა, რომ ცოტა დამშვიდებულიყო.

პირველ სართულზე რომ ჩავიდა, დაინახა, რომ ვახო უკვე მაგიდასთან იჯდა და წინ ფინჯანი ყავა ედგა. მას მაშინვე არ შეუმჩნევია, რომ ცოლი შემოვიდა. ხოლო, როდესაც ანი მიესალმა, მოულოდნელობისგან ლამის შეხტა.

– უცნაურად იქცევი ამ ბოლო დროს. კაბინეტში გეძინა, გამირბიხარ. სამსახურშია პრობლემები?! – ჰკითხა ანიმ ქმარს.

– უნდა დავილაპარაკოთ, – სიტყვა ბანზე აუგდო ვახომ.

– მეც რაღაცის თქმა მინდა. ვიცი, წინააღმდეგი იქნები, მაგრამ მინდა, რომ მუშაობა დავიწყო...

– სხვა შემიყვარდა, – შეაწყვეტინა ვახომ ანის, – ფეხმძიმედაა და ბავშვს ველოდებით.

ანის თვალები აუჭრელდა და დაბარბაცდა.

– დიდი ხანია?

– რა მნიშვნელობა აქვს. ფეხმძიმობის ამბავი გუშინ გავიგე, თუ ეს გაინტერესებს, – ვახო საკმაოდ მშვიდად ელაპარაკებოდა ცოლს.

– მადლობა, რომ გუშინ არაფერი მითხარი, – მშვიდადვე უპასუხა ანიმ, მაგრამ ცრემლები თავისით ჩამოუგორდნენ ლოყებზე.

– ესეთები არ გვინდა, გთხოვ. მაინც არაფერი შეიცვლება...

– ვახო, ჩემი მდგომარეობა საერთოდ არ გაღელვებს? – ვედრებანარევი ჩამწყდარი ხმით უთხრა ანიმ ჯერ კიდევ თავის ქმარს.

– და შენ ჩემი გაინტერესებს? 40 წლის ვარ. ყველა ჩვენს ნაცნობს დიდი შვილები ჰყავთ და ჩვენ რა გვაქვს?! – ვახომ ხმას აუწია.

– შენ არ გაქვს უფლება, დამადანაშაულო, იცი, რამდენ ექიმთან ვიარე, რამდენი ვიმკურნალე...

– შეწყვიტე ეს სპექტაკლი და თავის შეცოდება, მაინც არაფერი შეიცვლება: ათასობით ადამიანი შორდება ერთმანეთს. გამიგე, მალე ბიჭი მეყოლება და, ბოლოს და ბოლოს, მეც ვიქნები ბედნიერი. საღამოს გაყრის დეტალები გავარკვიოთ, – ვახო წამოდგა და კარი გაიჯახუნა.

ანი ისევ პირისპირ დარჩა თავის ტკივილსა და მარტოობასთან.

***

ვახომ გადაწყვიტა, ჯერ თავის საყვარელთან შეევლო. ეთქვა, რომ ცოლს უთხრა ყველაფერი და გაყრაზეც ელაპარაკა. ბინა, რომელიც თავადვე დაუქირავა ნანოს, თავისი გასაღებით გააღო და გაოცებულმა დაინახა, რომ ნანო უზარმაზარ ჩემოდანში ალაგებდა ტანსაცმელს.

– მოვედი და არავინ შემეგება და რა ხდება?! სადმე გადავდივართ? – ღიმილით ჰკითხა ქალს.

ნანომ მოულოდნელობისგან შეჰყვირა:

– გამარჯობა, საყვარელო, ასე ადრე არ გელოდებოდი!

– არ მიპასუხე, სადმე მივდივართ?

ახალგაზრდა ქალმა ტუჩები საყვარლად დაბრუცა:

– დიახ, გადავდივართ შენს შესანიშნავ სახლში, სადაც ახლა შენი ცოლი ნებივრობს... სანამ ჩვენ ამ სივიწროვეში ვცხოვრობთ.

– მაგრამ, ჩემო გოგო, მას ჯერ წასასვლელი არ აქვს, ბინა უნდა ვუყიდო. ქუჩაში ვერ გავაგდებ, უნდა გამიგო, – ნანოს ვახოს სიტყვები თითქოს არც გაუგონიაო.

– არაფრის გაგებას არ ვაპირებ. ჩვენ ოჯახი გვაქვს. უკვე სამნი ვართ, ის კიდევ მარტო ცხოვრობს სასახლეში. მე და პატარას სუფთა ჰაერი გვჭირდება, ჩვენ კი აქ ვიხუთებით, – ნანომ ცრემლები მოიყენა თვალებზე და მუცელზე დაისვა ხელი.

ვახო დაფიქრდა და ბოლოს ამოთქვა:

– პრინციპში, მართალი ხარ. ამის გამო არ დაიმძიმო თავი, ბავშვს ავნებ... გადავდივართ, როგორც შენ ამბობ...

***

ანი იმდენად იყო გაოგნებული ვახოს საქციელით, რომ აზრებს თავს ვერ უყრიდა. ნახევარი დღე დივანზე გაატარა, ვერც დგებოდა და ვერც იმას იჯერებდა, რაც ვახომ უთხრა.

– აი, ახლა მოვა ვახო და მეტყვის, რომ უბრალოდ, შეამოწმა ჩემი რეაქცია, – იმეორებდა ხმამაღლა მანტრასავით და შეხტა, როდესაც მისმა ტელეფონმა დარეკა. არავისთან უნდოდა ლაპარაკი, მაგრამ მაინც დახედა ტელეფონის ეკრანს და გულიც ლამის ამოუვარდა საგულედან – ვახო ურეკავდა.

ტელეფონის ეკრანზე თითი აასრიალა, მაგრამ ხმის ამოღება ვერ შეძლო.

– ანი, აქ ხარ? კარგი, არაფერი თქვა. შენთვის ბინა შევარჩიე და მინდა, რომ ნახო. გესმის ჩემი ხმა?

ანიმ ბოლომდე არც მოუსმინა ქმარს და ტელეფონი გათიშა, ვინაიდან დარწმუნებული იყო, რომ ამდენი წლის ცოლქმრობის შემდეგ იმსახურებდა ადამიანურად დალაპარაკებას და ასეთი პრობლემის პირისპირ მოგვარებას და არა ტელეფონით.

ანიმ პიტნის ჩაი დაიყენა. თავისი სახლის ტერასაზე გავიდა და რბილ სავარძელში ჩაჯდა. ძალიან უყვარდა ეს სახლი. მან და ვახომ ის ჯერ კიდევ ახალგაზრდებმა შეიძინეს და მთელი სული და გული ჩადეს მის კეთილმოწყობაში და აი, ახლა ვახო, თითქოს არაფერი მომხდარაო, ეუბნება, რომ ანის ბინა უპოვა.

– ნაძირალა, – ჩურჩულით წარმოთქვა ქალმა, მაგრამ მაშინვე თვალწინ ამოუტივტივდა ვახოსთან ერთად გატარებული ბედნიერი წლები. სრულიად გატეხილი იყო და ის ფიქრიც გაუკრთებოდა ხოლმე, რაღა აზრი ჰქონდა მის სიცოცხლეს?! სიცარიელისა და მარტოობის ეშინოდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული