რომანი და დეტექტივი

მოჯადოებულ ტყეში

№51

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 02.01, 2022 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • ბუალო ნერსეჟაკი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #49-50(1094)

მალე მოვკეთდი. კლერი უწინდებურად ჩემ გვერდით იყო. მისმა ნაზმა ხელმა ჩემი შუბლიდან მალე გააძევა მელანქოლიური ფიქრები, მდუმარედ ვტკბებოდით უთქმელი სიამეებით. კლერის ჩავარდნილი თვალები და სიფერმკრთალე გამუდმებით მაწუხებდა. ველოდი, რომ კლერი ალაპარაკდებოდა და დამთანხმდებოდა, აეხსნა ჩემთვის ის იდუმალი მოვლენები, რომელთა მოწმეც გავხდი. ჩვენი ქორწინების დეტალები განვიხილეთ და არც ისე იოლად დავითანხმე, ჩემთან ერთად დასახლებულიყო სასახლეში, რომელში დაფუძნებაც დავიფიცე.

დაუკვირვებელი თვალიც კი მიხვდებოდა, რომ ის ჩემგან ჭეშმარიტების ნაწილს მალავდა. ვცდილობდი, მხიარული ვყოფილიყავი და გამერთო ჩემი საყვარელი ქალი, ბუნებაშიც ხშირად დავასეირნებდი.

ჩვენი ქორწილის თარიღიც მოახლოვდა და ბოლოს და ბოლოს, მიუზიაკში ჩავედით. იაფად ვიყიდე პატარა კარეტა, რომელიც საშუალებას მოვგცემდა, აუცილებლობის შემთხვევაში სასახლიდან დაბაში გვევლო. პატარა მშენებლობა, რომელიც დავიფიცე, რომ სასახლის მეორე სართულზე უნდა ჩამეტარებინა, დასრულებულიყო. ქორწინების ცერემონიისთვის ყველაფერი მომზადდა. ჩვენი ქორწილის წინადღეს გადავწყვიტე, სასახლე თავიდან ბოლომდე დამეთვალიერებინა. რაღაც ბუნდოვან შიშს ვგრძნობდი, მინდოდა ყველაფერი დეტალურად მენახა, ძირითადად კი – აკლდამა, ერთადერთი ადგილი, სადაც ჯერ არ ჩავსულვარ. საფეხურებზე სინესტის გამო ფეხი სრიალებდა. საკურთხევლის ქვა გადავწიე და ჩირაღდნიანი ხელით ვცადე სიბნელეში შეღწევა, უჰაერობის გამო ცეცხლი მიინავლა და ძლივსღა ენთო.

ჩემს გარდაცვლილ წინაპრებს ლოცვა მივუძღვენი. დიდხანს ვიდექი ფიქრებში ჩაძირული, აცრემლებული და იმდენ ხანს ვიყავი ასე გარინდული, სანამ ჩირაღდანი თითქმის ჩამიქრა. სინათლეზე გამოსულმა ქვის საფეხურების თიხოვან ზედაპირზე მრავალი ნაკვალევი შევნიშნე, ასევე ცვილის წვეთი, რამაც გამაოცა კიდეც. თუმცა, იქვე გამახსენდა ბარონი ერბოს ნაამბობი იმის შესახებ, რომ ერთხელ უკვე იმყოფებოდა ამ მიწისქვეშეთში.

ცოტა ხანში უკვე სასახლის ვრცელ დარბაზებში დავდიოდი. ორმა მსახურმა, რომლებიც სასახლის ერთ-ერთ ფრთაში განვათავსე, ჩვენი საცხოვრებელი ოთახები ყვავილებით მორთეს. მზე ანათებდა დარბაზებს. სასახლე, სადაც კლერს უნდა შევხვედროდი, აღარ გამოიყურებოდა ისე პირქუშად.

ბედნიერება, სამწუხაროდ, დიდხანს არ გაგრძელებულა. ერთ საღამოს, ბიბლიოთეკაში ანგარიშებთან მჯდომმა, ციფრებში თავჩარგულმა, კლერს მივმართე:

– ჩემო სიცოცხლე, ზევით დამრჩა რაღაც ქაღალდები. ხომ არ შეგიძლია, ჩამომიტანო?

კლერმა შანდალი აიღო და გავიდა. ისევ ჩავეფალი ანგარიშებში და დიდხანს არ შემინიშნავს არაფერი, კლერი უკვე ოცდახუთი წუთის გასული იყო. უსიამოვნო განცდა დამეუფლა და მაშინვე გავედი მის მოსაძებნად.. ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში მაგიდაზე დადებული ქაღალდები დავინახე, ავიღე და ოდნავ უფრო შეშფოთებული, კლერის სახელის ძახილით უკან წამოვედი.

სასახლის საპირისპირო ბოლოში აღმოვაჩინე აცრემლებული.

– ღვთის გულისთვის, ამიხსენით, აქ რატომ მოხვედით? – ვკითხე აღშფოთებულმა.

– დავიკარგე.

აღარ დამიწყია გარკვევა, როგორ შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო, უბრალოდ, ჩვენი ოთახებისკენ წავიყვანე, სადაც მალე მოვიდა გონს. გამიჩნდა აზრი, რომ კლერის სხეული რაღაც დაავადებას შეეპყრო, ისევე, როგორც სული. მადა დაეკარგა, გამხდარი სახე გაუფერმკრთალდა . სასახლეში ვინმე დე ვანი გამოვიძახე – ახალგაზრდა ექიმი, რომლის ნიჭიც ძალიან მიქეს. დიდხანს იკვლევდა კლერს, რის შემდეგაც გვერდზე გამიყვანა და ჩამჩურჩულა:

– არ დაგიმალავთ, ბატონო გრაფ, რომ მეტისმეტად შეშფოთებული ვარ თქვენი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობით. დიაგნოზი, ჩემი აზრით, ერთმნიშვნელოვანია: მკვეთრად გამოხატული დაუძლურება. გამუდმებული მოვლა, ნოყიერი საკვები და სრული დასვენება შეიძლება, საკმარისი აღმოჩნდეს, არავითარი საზრუნავი, არანაიარი გონების დაძაბვა. ნებისმიერ შფოთვას უნდა მოარიდოთ. ორ კვირაში შემოგივლით.

ჩემს ცხოვრებაში ყველაზე შავი პერიოდი იწყებოდა. მალე კლერი იმდენად დაუძლურდა, რომ ლოგინიდან ვერ დგებოდა. ვერ იტანდა, როცა მარტო ტოვებდნენ, თუნდაც მცირე ხნით. როდესაც ვთხოვდი, აეხსნა ჩემთვის, რატომ იყო ასეთ განცდებში, უცვლელად მპასუხობდა:

– მეშინია, მეშინია...

წამლებმა ვერ გააუმჯობესეს მისი მდგომარეობა. შეწუხებულმა შევთავაზე, მშობლებისთვის მიეწერა, რომელთა დუმილი მე პირადად უცნაური მეჩვენებოდა. თავიანთი ქალიშვილის ჯვრისწერის ცერემონიაზე ჩამობრძანებაც კი არ ინებეს. არ მტოვებდა ფიქრი იმ მოვლენათა საოცარი ჯაჭვის შესახებ, რომლებიც უკვე სამი თვეა, მზარავდნენ იდუმალებით. მივედი იმ დასკვნამდე, რომ ყველა იმ იდუმალ მოვლენასა და კლერის ავადმყოფობას შორის რაღაც ჩემთვის გაუგებარი კავშირი არსებობდა. იძულებული ვიყავი მეღიარებინა, რომ ჩემი ცოლი შიშისგან კვდებოდა. მას მერე, რაც კლერი ხელჩაჭიდებული შემოვიყვანე სასახლეში, კანკალი არ შეუწყვეტია. სხვა ექიმს ვუხმე. მირჩია, ავადმყოფი მთებში წამეყვანა. განმარტოებული ვცხოვრობდით, როგორც განდეგილი უდაბნოში. ნოტარიუსიც კი აღარ გვაკითხავდა. მერლენის, დე დერფისა და ერბოების შემდეგ ჩვენი ჯერი დადგა, სასახლის ტყვეებად ვიქეცით.

კლერის თავთან ვჯდებოდი. მერე კი ორივენი ვაყურადებდით, ველოდით რაღაცას, ვერც განძრევას ვბედავდით, ვერც დაძინებას. უკვე ვიცოდი, რომ ჩემი ცოლი განწირული იყო. ასევე, ვიცოდი, რომ ჩემი დღეებიც დაეთვალა ვიღაცას. საყვარელი ქალის თვალებში დროდადრო სიკვდილის ჩრდილი ელავდა. კლერი საკვებს თითქმის აღარ იღებდა. ოქროს ბეჭედი – ჩვენი კავშირის დასტური – მის თითზე საცოდავად ეკიდა. შიგადაშიგ კვნესოდა, ქუთუთოებს ხსნიდა და მაშინ მის ჩაკარგულ თვალებს ვხედავდი, რომლებშიც ისევ შიში გაჩნდა.

– ძვირფასო, – ჩავჩურჩულე, – გესმის ჩემი?

– აღარ მინდა, – ამოიკვნესა, – არა. აღარ მინდა. ხომ მშვენივრად ხვდები, რომ ყველანი მკვდრები არიან.

ეს მისი უკანასკნელი სიტყვები იყო. კიდევ რამდენჯერმე აამოძრავა ტუჩები, მაგრამ მისი უკანასკნელი ფიქრების ამოცნობა ვეღარ შევძელი. მერე კი უძრავი გახდა. გამთენიისას აღმოვაჩინე, რომ აღარ სუნთქავდა. ჩემი ცოლი მკვდარი იყო, ისეთივე, როგორიც მაშინ სასტუმრო ოთახში ვნახე, მისი მშობლების გვერდით.

ჩემმა ცხოვრებამ ყველანაირი აზრი დაკარგა. ეს-ესაა დავტენე მამაჩემის ერთ-ერთი პისტოლეტი, ერთ წუთში კი, გასისხლიანებული, მის გვერდით ვიწვები და სასახლე, თავისი ლამაზი, განათებული დარბაზებით, ჩვენი ცივი სხეულების დარაჯად დადგება. ამ ფურცლებს, რომლებიც ნაღვლიან და ნამდვილ ამბავს შეიცავენ, მათ სახელებს ვურთავ, რომელთაც ჩემი მემკვიდრეობა ერგება. დაე, მათ არ დაიტოვონ მიუზიაკის სასახლე! ეს მოჯადოებული ადგილი ჯობს, განადგურდეს! დაე, ყოველ წელს შეუკვეთონ მესა ჩვენი სამუდამოდ შეერთებული სულების სახსნელად...

* * *

– ჩემო საბრალო ალენ, – თქვა ელიანმა, – თქვენი წინაპარი საკმაოდ უცნაური ვინმე ყოფილა და ვერც მიხვდა, რომ უნებლიეთ, სასტიკი დანაშაულის თანამონაწილე გახდა.

– ელიან!.. თქვენ, რასაკვირველია, არც ერთი სიტყვის არ გჯერათ. და გინდათ თქვათ, რომ ის გიჟი იყო?!

მიუზიაკის სასახლის ნანგრევებს მიჩერებული ალენი ჩაფიქრებული მიუჯდა გვერდით ელიანს.

– ძალიანაც მომწონს თქვენი ოჯახი. თუ გსურთ, შეგვიძლია, ხშირად მოვიდეთ ამ საყვარელ ადგილას. ოღონდ ნუ მომთხოვთ, რომ თქვენი წინაპრის მსჯელობები სერიოზულად მივიღო.

– მსჯელობები? ელიან. ამ ტექსტის წაკითხვის შემდეგ საშინლად გავოგნდი. აი, რატომ მომინდა, ყველაფერში გავრკვეულიყავი და თქვენ ხედავთ, რომ გრაფ დე მიუზიაკს არ მოვუტყუებივართ...

– საუბედუროდ, სასახლის სამი მესამედი განადგურებულია, პარკი გაქრა.

– სცადეთ საიდუმლოს ამოხსნა – თქვენ ხომ ამტკიცებთ, რომ ამქვეყნად ყველაფერს შეიძლება, მოეძებნოს ლოგიკური ახსნა.

ელიანმა სიგარეტი გააბოლა და ფეხი მოირთხა.

– მე არაფერსაც არ ვამტკიცებ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს ნათესავს არ შეეძლო ენახა ცოცხლად ადამიანები, რომლებიც მკვდრები იყვნენ. ან ის შეცდა და ეს ადამიანები არ იყვნენ მკვდრები, ან კიდევ, თუ მართლა მკვდრები იყვნენ, მან სულ სხვა ადამიანები ნახა სავსებით ცოცხლები. ერბოები არ იყვნენ მკვდრები. ვიღაც სხვამ დაიკავა მათი ადგილი, რომ გრაფი მოეტყუებინა.

– მაშ კლერი? ეშმაკმა დალახვროს! ის ხომ არ დაგავიწყდათ?

– არ დამვიწყებია. თქვენს წინაპარს ის პირველი შეხვედრის დროს შეუყვარდა. უკვე აღარ ვლაპარაკობ მისი გამოჩენის შესახებ ტერასაზე, შენი პაპის ბიძის მიერ სასახლის პირველი იდუმალი სტუმრობის დროს. ეს ნახევრად ბინდში ხდებოდა და ის აღნიშნავს, რომ მისი სახის ნაკვთები ვერ გაარჩია. თუ ეს სწორედ ის გოგონაა, რომელიც მან ცოცხალი ნახა, მაშინ გამოდის, რომ იქ, სასტუმრო ოთახში, კლერი მკვდარი არ იყო. ის თავს აჩვენებდა ან, უბრალოდ, გონება დაკარგა.

– კარგი, გონება რაღატომ დაკარგა?

– მკვდრების დანახვაზე, უეჭველად, ნამდვილი მკვდრების. მის ადგილას წარმოიდგინეთ თავი. თქვენმა ნათესავმა დაადგინა, რომ ოთახში ორი მკვდარი იყო და გადაწყვიტა, რომ კლერიც გარდაიცვალა, მაგრამ ვერ გაბედა ამის შემოწმება. ის მას არ შეხებია..

– დავუშვათ, მაგრამ ეს არაფერს გვაძლევს.

– პირიქით. თქვენმა პაპამ ერთი და იგივე გოგონა ნახა, მაგრამ სხვადასხვა ბარონი და ბარონესა. მან უეჭველად ნახა ან ნამდვილი მკვდრები, ან ადამიანები, რომლებმაც ისინი შეცვალეს.

დასასრული შემდეგ ნომერში

თარგმნა

ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი