რომანი და დეტექტივი

მოჯადოებულ ტყეში

№50

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 26.12, 2021 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • ბუალო ნერსეჟაკი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #49(1093)

ნოტარიუსი ისევე უშუალოდ შემხვდა. მუხლებზე დიდი პორტფელი შემოედო, ბოქლომით დაკეტილი.

– აქ ყველაფერი მაქვს შეგროვებული, რის წყალობითაც მათ ხელში დაჭერას შევძლებთ. ავად ხართ, ბატონო გრაფ?

– არაფერია, უბრალო მღელვარება.

– საზეიმო წუთს ვუახლოვდებით. ბატონი გრაფი ბოლომდე მომენდოს და ჩვენ ყოველგვარი სირთულის გარეშე ჩავატარებთ გარიგებას. წავიდეთ!

... ეკიპაჟი სასახლის კარიბჭეს მიადგა. ვიცანი ადგილი, სადაც პირველად და უკანასკნელად ვისაუბრე კლერთან.

უკვე მყარად მქონდა გადაწყვეტილი, ბოლომდე ჩავყოლოდი ამ საიდუმლოს.

ნოტარიუსმა მონდომებით დაიწყო ზარის რეკვა. ბოლოს და ბოლოს ზღურბლზე ანტუანი გამოჩნდა და მდაბლად დაგვიკრა თავი.

– ბატონებო, ბატონი ბარონი ახლავე მიგიღებთ.

ციებ-ცხელებით ბოდვამდე მისულ ადამიანს ვგავდი. კარი გაიღო და მსახურმა გამოაცხადა.

– ბატონი გრაფ დე მიუზიაკი! მეტრი მენიანი! რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და სამივე დავინახე, ღრმა სავარძლებში მსხდარნი. კლერი და ბარონესა, მარაოთი ხელში. დავინახე ჩვენკენ მომავალი ბარონი ერბო, რომელმაც ხელი გამომიწოდა – ცერა თითი შეხვეული ჰქონდა.

– კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ბატონო გრაფ. მოხარული ვარ, რომ გაგიცანით.

შიშისგან შევკრთი, როცა მისი ხელი ჩემსას შეეხო, ნუთუ შევიშალე? თუ ჩემ წინაშე დემონები არიან? ჩემკენ მომართული საყვარელი ქალის მზერა ისეთი სუფთა იყო, როგორც ნაკადული და არანაირ საიდუმლოს არ ინახავდა.

ნოტარიუსმა აუხსნა, რომ მგზავრობამ დამღალა. აუტანელი განცდა, რომელსაც ვგრძნობდი, ალბათ, ყველას გადაედო. კლერი ჯიუტად დუმდა და თვალებსაც კი არ სწევდა მაღლა. ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში იმავე ადგილას იყვნენ, სადაც წინა ღამეს ვნახე.

– სასახლეში ხომ არ გავიაროთ?! – მოულოდნელად შემოგვთავაზა ჩემკენ მობრუნებულმა ბარონმა, – ალბათ, ყველაზე მეტად ეს გინდათ.

კლერს ხელი შევთავაზე და ოდნავ ჩამოვრჩით ბარონს, მის ცოლსა და მეტრ მენიანს. .წყნარად გავიარეთ დიდი ოთახები, რომლებსაც მელანქოლიური განცდის თანხლებით ვცნობდი. მზად ვიყავი კლერისთვის ყველაფერი მეთქვა და დღესაც ძნელად ვიგებ, მაინც რამ გამაჩერა. კლერის აბრეშუმის კაბის შრიალი, მისი თითების ოდნავი შეხება ჩემს ხელთან, მისი თმის სურნელი, ერთი სიტყვით, მისი იქ ყოფნა ძალიან მაღელვებდა..

მისი ხელი ტუჩებთან მივიტანე და ამბორით დავფარე.

– კლერ... კლერ... მისმინეთ. უთქვენოდ ცხოვრება აღარ შემიძლია.

მუხლებზე დავემხე და რაც გამაჩნდა, ყველაფერი შევთავაზე – ჩემი სახელი და ტიტული, ჩემი ქონება და ეს სასახლე, რომლის წართმევაც ადრე დაფიცებული მქონდა.

– მე არასდროს არავისი ვიქნები. ასეა გადაწყვეტილი.

– კლერ, – დავიჟინე, – თქვენ რაღაც საიდუმლო გაქვთ. მომენდეთ, შევძლებ დაგეხმაროთ.

– ვწუხვარ! ხშირად მიჩნდება სურვილი, რომ მოვკვდე, როგორც მერლენი და დე დერფი. ხანდახან მგონია, რომ ჩემი ხვეწნა მალე იქნება შესმენილი და ბოლოს და ბოლოს სიმშვიდეს მოვიპოვებ.

– თქვენ ჩემსავით მარტოობის მსხვერპლი ხართ, – ყურში ჩავჩურჩულე, – რაც უნდა მოხდეს, არასდროს მიგატოვებთ! – ჩუმად შევფიცე.

ბარონი გამოჩნდა, ცოლის წინ მომავალი და ნოტარიუსი ხელების ფშვნეტით.

– შეთანხმებას მივაღწიეთ, – მამცნო ბარონმა, – ბატონო გრაფო, შეგიძლიათ, იამაყოთ იმით, რომ მეტრი მენიანის სახით ასეთი შესანიშნავი მეკავშირე იპოვეთ.

მის შეხვეულ თითს ვუყურებდი და მისი სიტყვები უცნაურად მიტრიალებდა თავში.

– სამლოცველოს ქვეშ აკლდამის ნახვა მსურს, – ამოვთქვი ბოლოს.

– აკლდამის? – გაიმეორა ბარონმა. მოულოდნელად გაჩერდა და სისხლი მოაწვა სახეზე,– ჯობს, მკვდრებს თავი დავანებოთ.

მისი ცოლი სათოფურს მიეყუდა, ნაცრისფერი დაედო, კლერმა კი თვალები დახარა.

– როგორ? არასდროს მოგსვლიათ თავში აზრად, აკლდამაში ჩასულიყავით? – ვკითხე ჩუმადვე.

– დამიჯერეთ, ბატონო გრაფ, მკვდრების დაკრძალვა ასე ახლოს ცოცხლებთან, არც ისე კარგი ჩანაფიქრია.

.. ნოტარიუსმა პორტფელიდან ხელშეკრულება ამოიღო და ფულის დათვლას შეუდგა, სანამ მე და ბარონი პერგამენტზე ხელს ვაწერდით.

– ჩვენ ღამის დადგომისთანავე გავემგზავრებით, – განაგრძო ბარონმა, – რენში ვაპირებ წასვლას, სადაც ძალიან საინტერესო საქმეს მთავაზობენ. მადლიერი დაგრჩებოდით, თუ თქვენს ლანდოს კიდევ რამდენიმე დღით დამითმობდით.

შევთავაზე, კარეტა, საერთოდაც, თავისთვის დაეტოვებინა და კარგ მეგობრებად დავცილდით ერთმანეთს. სანამ მეტრი მენიანი ბარონსა და ბარონესას ემშვიდობებოდა, მე კლერთან მივედი.

– მეც წამოვალ რენში. არ მსურს თქვენი დაკარგვა.

– გევედრებით, დამივიწყეთ.

ეს უკანასკნელი სიტყვები იყო, რომლებიც გავცვალეთ. თუ საჭირო გახდებოდა, კლერის მოტაცებაზეც ვიყავი თანახმა. დავიფიცე, რომ ის მხოლოდ ჩემი იქნებოდა და მეტი არავისი.

მეტრი მენიანი ჩაფიქრებული იჯდა.

– სერიოზულ წინააღმდეგობას ველოდი, მაგრამ როდესაც ერბომ გაიგო, რომ იქვე აპირებდით ნაღდი ფულით ანაზღაურებას, დაუყოვნებლივ დათმო. ვფიქრობ, ის ჩქარობდა სასახლის თავიდან მოცილებას.

– ამბობდით, რომ ერთი მათგანი გაგიჟდა? სასახლის წინა მფლობელებს ვგულისხმობ..

– სავსებით მართალია, ბატონო გრაფ. მეორემ კი თავი მოიკლა.

ღამით რაღაცა ძალამ მიმიყვანა სასახლესთან. ლანდო დავლანდე. ალბათ, გამგზავრება ღამითვე გადაწყვიტეს. წამოვეწიე და კარი გამოვაღე – კარეტაში სამი უსიცოცხლო გაქვავებული სხეული იყო. ანტუანმა თითი მიიტანა ტუჩებთან და მითხრა:

– სწრაფად ჩაჯექით და უხმოდ!

ანტუანმა ცხენი გარეკა – ბორბლებმა ხტუნვა დაიწყეს, თავში კი ხმაური გამიძლიერდა. კარეტის კარი არ იღებოდა. თვალწინ მკვდრებივით გაფითრებულ სახეებს ვუყურებდი, რომლებიც რაღაც ჩემთვის საზარელი შეშლილობით გაცოცხლდნენ..

და გონება დავკარგე...

როცა თვალები გავახილე, ბნელოდა. უშველებელ ლოგინზე ვიწექი.. ჭკუიდან ვიშლებოდი ან რაღაც საშინელი კოშმარის მსხვერპლი გავხდი. კლერ! კლერ!.. – ბოდვაშიც კი მის სახელს ვამბობდი. მოულოდნელად რაღაც ჩრდილმა გადაჭრა ოთახი და მომიახლოვდა. სანთლის შუქმა მისი ღია ფერის თმა გაანათა და მისი თვალების ორი მანათობელი წერტილი ააელვარა.

– მე აქ ვარ, – ჩაიჩურჩულა მოჩვენებამ, – დაიძინეთ. დაისვენეთ. თქვენ გადაღლილი ხართ, – ჩაიბუტბუტა კლერმა, – ნუღარ ლაპარაკობთ, დაიძინეთ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თარგმნა

ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი