რომანი და დეტექტივი

მოჯადოებულ ტყეში

№49

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 19.12, 2021 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • ბუალო ნერსეჟაკი

(იბეჭდება შემოკლებით)

მე, პიერ ორელიენ დე მიუზიაკ დიუ კიი, უკანასკნელი პირდაპირი შთამომავალი გახლავართ გრაფ დე მიუზიაკებისა. ვინმე ლუი ერბომ – ახალგამომცხვარმა იმპერიულმა ბარონმა – ჩვენი სასახლე შეისყიდა. ამბობდნენ, რომ საოცრად მდიდარი იყო. ერთ დღეს გადავწყვიტე, საკუთარი თავი ერბოების გაძევებისთვის მიმეძღვნა. მიუზიაკში ინკოგნიტოდ ჩავედი და იმ ნოტარიუსს მივადექი, რომელმაც ყალბი ნასყიდობის საბუთი შეადგინა.

– ერბო არავის მასპინძლობს, – თქვა პატარა, თავაზიანმა ნოტარიუსმა, – იმიტომ, რომ მათ იციან, ბატონო გრაფო, რომ ეს სასახლე მათ არ ეკუთვნით. მიუზიაკში თავს მაინც უცხოებად გრძნობენ. მეეტლე ანტუანსაც არ ენდობიან. ჩვენს ხალხს ის არ უყვარს და ყველანი გელიან, მხსნელივით. საკმარისია გამოჩნდეთ, მაშინვე მოუსვამს აქედან.

– მას, ალბათ, ოჯახიც აქვს.

– დიახ, დაქორწინებულია, – დამიდასტურა ნოტარიუსმა, – და ქალიშვილი ჰყავს. ამბობენ, ძალიან ლამაზიც. კლერი ჰქვია.

როდესაც დაბაში გამოვლა უწევთ, კარეტის ფარდები ყოველთვის ისე საგულდაგულოდაა ჩამოფარებული, შიგნით მსხდომთა პროფილებსაც კი ვერ გაარჩევ.

– ნება მიბოძეთ, გაუწყოთ, რომ თქვენი ქონება კვლავაც მნიშვნელოვანია. თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ სასახლის გამოსყიდვა.

ჩემ მიერ შეთავაზებული თანხა იმაზე გაცილებით სოლიდური გახლდათ, ვიდრე ბარონს შეეძლო წარმოედგინა. თუმცა წერილში მაინც მივანიშნე, რომ უარის შემთხვევაში ჩემი მრისხანება ჩემს გულუხვობაზე ნაკლები არ იქნებოდა.

გადაულახავმა სურვილმა შემომიტია, ისევ მენახა ჩემი წინაპრების სამყოფელი. რამდენიმე წამიც და უკვე სასახლის ღობის გასწვრივ მივდიოდი. სასახლე ისევე იდგა, ამაყი კოშკებით ცაში აზიდული. ჩამავალი მზე ფანჯრებზე ირეკლებოდა. მოულოდნელად ვერანდაზე თეთრებში ჩაცმული გოგონას დახვეწილი სილუეტი შევნიშნე. ეს მშვენიერი გოგონა შემოჭრილი მტრის ქალიშვილი იყო, მე კი – ამ ადგილების კანონიერი პატრონი. კლერ! კლერ! – ჩუმად გავიმეორე მისი სახელი.

...სასტუმროში არაქათგამოცლილი დავბრუნდი – სახე და ხელები დაკაწრული მქონდა, გული კი სიყვარულით სავსე. უკვე შემიყვარდა ის გოგონა, ბარონ ერბოს ქალიშვილი. საღამოს სეირნობისას მის კარეტას გადავაწყდი და სანამ ის ლაპარაკობდა, რაღაც უცნაური აღტაცებულობა მის ნაზ ნაკვთებს აცოცხლებდა.

– ხვალ მოდით, – თქვა ღიმილით, – მამაჩემი მეტრ მენიანთან ერთად დაგელოდებათ. ვეტყვი, რომ შეგხვდით და მისი მიპატიჟება გადმოგეცით.

კარეტა უკვე ჩამომდგარი ღამის ბურუსში ჩაიკარგა. მალე სულაც გაქრა თვალთაგან. ბავშვივით უწყვეტად ვიმეორებდი: „ხვალ მას ვნახავ!“

სწორედ, ასე უნდა მოვქცეულიყავი – გათენებას დავლოდებოდი და მაშინ არ შემაძრწუნებდა ასეთი ენით აუწერელი შიში, მაგრამ სურვილი მკლავდა, ისევ მენახა, მარტოს, მოწმეების გარეშე სახლი, სადაც ბავშვობა გავატარე. გრძელ ხეივანს გავუყევი, რომელზეც მამამ ცხენით ჯირითი მასწავლა. ძველ დროში იდეალურ მდგომარეობაში იყო, ქვიშითა და წვრილი მდინარის კენჭებით მოფენილი, ახლა კი სანახევროდ გამქრალიყო ხშირ ბალახში. უკვე ვოცნებობდი სამლოცველოს აღდგენაზე, როგორ შევავსებდი ნაპრალებს სასახლის კედლებში, მოვაწესრიგებდი პარკს, ბაღს, ბოსტანს... აუზს გავწმენდდი. გადაწყვეტილად მიმაჩნდა, რომ კლერი აქ დარჩებოდა ჩემთან. ამ მამულში, რომელსაც მის პირვანდელ მშვენებას დავუბრუნებდი.

ეზოში არავინ დამხვდა. შესასვლელთან უძრავად ეკიდა ჯაჭვი ზარის ენაზე არავითარი მიზეზი არ მქონია, რაიმე ცუდი მეეჭვა. მხოლოდ მსუბუქ მღელვარებას ვგრძნობდი. თამამად წავედი წინ და „მარშალის კოშკში“ სინათლე შევნიშნე – მას ასე იმიტომ უწოდეს, რომ ცნობილმა მარშალმა, ტიურენმა იქ ერთი ღამე გაატარა. ეს კოშკი შენობის მარცხენა მხრიდან მაღლდებოდა და ადრე მამაჩემს ბიბლიოთეკად ემსახურებოდა.

შუშის კარი დაკეტილი აღმოჩნდა, მინის მიღმა დავლანდე მაგიდაზე მდგარი კანდელაბრი. ჩემი ყურადღება მიიპყრო ოთახში მსხდომმა უცნაურმა კომპანიამ – წრიულად დალაგებულ ღრმა სავარძლებში სამი ადამიანი იჯდა. მაშინვე ვიცანი ჩემკენ სახით მჯდარი კლერი. ქალი და მამაკაცი ზურგით ისხდნენ. ისინი არასდროს მენახა, მაგრამ სრული საფუძველი მქონდა მევარაუდა, რომ ჩემ წინაშე ბარონი და ბარონესა ერბოები იყვნენ. სამივე უძრავად იჯდა. ეს უძრაობა ცვილის ფიგურების უძრაობას უფრო ჰგავდა, ვიდრე მთვლემარე ადამიანებისას. ხელები სავარძლების სახელურებზე ელაგათ, თავები კი ოდნავ უკან გადაეწიათ. სანთლების ალი გაყინული სხეულების ჩრდილებს აქეთ-იქით ანანავებდა. ჩემი სუნთქვისგან შუშა დაიორთქლა, ისეთი გაოგნებული ვიყავი, ვერც კი მოვიფიქრე, სხვა ადგილას დავმდგარიყავი. ისინი ყველანი მკვდრები არიან! ეს ფიქრი თავში უროსავით ჩამეცა. მკვდრები! ეს შეუძლებელია! თითით წყნარად დავაკაკუნე მინაზე. აი, ახლა სამივენი მოატრიალებენ თავებს. რას ვეტყვი ასეთ შემთხვევაში? რა ახსნა შეიძლებოდა მომეძებნა ჩემი აქ ყოფნისთვის? მაგრამ სამი ადამიანის მკვდრული ყოფიერება არანაირად არ შეუძრავს ჩემ მიერ გამოცემულ ხმას, არავის ხელი არ გატოკებულა.

რაღაც უნდა მეღონა. მაგრამ რა უნდა მექნა? დასახმარებლად მეხმო? მეეტლე ანტუანი გამეღვიძებინა? მაგრამ იმ კაცს მეტისმეტად ცბიერი ფიზიონომია ჰქონდა. გადავწყვიტე, დამოუკიდებლად მემოქმედა. კარს მივაწექი და ლამის შევფრინდი ოთახში, რადგან ის მხოლოდ მიხურული აღმოჩნდა. თითის წვერებზე შევედი, კანდელაბრი ავიღე და თავს ზემოთ ავწიე, რომ უკეთ დამენახა მთელი სცენა. მაშინვე დავრწმუნდი, რომ ნებისმიერი მოქმედება უკვე უსარგებლო იყო. ბარონს, რომლის ცნობაც იოლად შეიძლებოდა ელეგანტური სამოსისა და მარჯვენა ხელზე ბეჭდის მიხედვით, ზედ ამოტვიფრული გვირგვინით, სახე ცვილისფერი ჰქონდა, ნაკვთები არც კი გამირჩევია, ხელი ამიკანკალდა. მაგრამ კიდევ ერთი დეტალი შევნიშნე, რომლის სარწმუნოებაზეც სრულად ვაგებ პასუხს: მისი ბაკენბარდების გარშემო ბუზი ტრიალებდა, მერე კი დაჯდა და ყურში შეუძვრა, თან ამ დროს მის სხეულზე არავითარი ჟრჟოლა არ გამოუწვევია. ნაბიჯი წინ გადავდგი, ბარონს ხელი მოვკიდე, ვცდილობდი პულსი მომესინჯა, მაგრამ ყინულივით ცივი იყო. უკან დავიხიე და იდაყვით ბარონესას სავარძელს წამოვედე. უკან ისე გადახრილიყო, როგორც მანეკენი, რომელსაც წონასწორობა დაერღვა. შიშისგან ვძრწოდი. კლერს გადავხედე. ისევ ის მწვანე კაბა ეცვა, რომლის დახვეწილობითაც რამდენიმე საათის წინ აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი. სასოწარკვეთისგან თავზარი დამეცა, ცრემლებით ვიხრჩობოდი, კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი ამ დაუჯერებელ სცენას, შევხედე ბარონს, მის ცოლს, კლერს. კლერის ხელთან შეხებას ვერაფრით გავბედავდი. სიკვდილმა წაიღო ეს სამი სიცოცხლე, რომელმაც მანამდე სიცოცხლეები მერლენსა და დე დერფს წაართვა, სასახლის უწინდელ მფლობელებს. პანიკით შეპყრობილი ზღურბლისკენ გავემართე. იმ მომენტში შემომესმა, რომ სადღაც სასახლის სიღრმეში კარმა გაიჭრიალა და გიჟივით გამოვვარდი ეზოში. სრულიად თავდაკარგულმა უკვე არ ვიცოდი, დასახმარებლად გავრბოდი თუ თვითონ ვცდილობდი თავის შველას. გავრბოდი, არ ვიცოდი, რომ კიდევ უფრო აუტანელი საშინელებისკენ შესახვედრად მივექანებოდი.

ხეივანში გავრბოდი, რომელმაც სასახლეში მომიყვანა. ერთადერთი სურვილი მამოძრავებდა, სწრაფად გავრიდებოდი ამ დაწყევლილ ადგილს, რადგან ცოცხალთა შორის აღარ იყო ჩემი შეყვარებული. .მახსოვს, რომ ძლიერი დარტყმისგან რომელიღაც ხის ძირას დავეცი, რომელსაც ალბათ სირბილის დროს წამოვედე. უკვე ვაპირებდი წამოდგომას და გზის გაგრძელებას, რომ უცებ რაღაც უცნაურმა ხმამ შემაჩერა. თანაბარზომიერი ჭრიალის ხმა შემომესმა. მდორედ მოჩაქჩაქე ეკიპაჟის ხმას ჰგავდა. შეცბუნებული უკეთ შევიმალე იმ ხის უკან, რომელმაც წამაქცია.

ეკიპაჟი თითქოს სასეირნოდ მიდიოდა. ეკიპაჟის ზედა ნაწილი მოხსნილი იყო. ორი ადამიანი დავინახე, ღრმად მსხდომნი და მესამე – მათ საპირისპიროდ მჯდომი. სურათი სულ უფრო მკაფიო ხდებოდა, თითქოს დურბინდით ვუყურებდი.

პირველი, რაც ვიცანი, მწვანე კაბის ფუშფუშა სახელო იყო, მერე მთვარემ კლერის თმა გაანათა და მისი პროფილის დახვეწილი ნაკვთები. თავი მიაბრუნა ტყის მიმართულებით და შევნიშნე, როგორ აელვარდა მისი თვალები. ბარონი სიგარას ეწეოდა და ნება-ნება უშვებდა კვამლს პირიდან, თან ბეჭდიანი თითით აფერფლებდა. მის გვერდით მჯდარი ბარონესა მარაოს ატრიალებდა... ილუზიის ტყვეობაში ვიყავი, ჰალუცინაციის, რომელიც ხესთან ძლიერმა შეჯახებამ გამოიწვია. მსუბუქ ნიავს კი ჩემამდე თამბაქოს სუნი მოჰქონდა. ლანდი მოულოდნელად სიბნელეში ჩაიძირა. სუნთქვა შემეკრა, მხოლოდ ბულბულის მელოდიური გალობა ფანტავდა ამ ჯადოსნობას... სამალავი მივატოვე და იმ ადგილს მივუახლოვდი, სადაც უცნაურმა ზმანებამ გაიარა. ბალახში მკვეთრად ჩანდა ორი პარალელური ხაზი – ბორბლების კვალი.

ჩემს ვალად მივიჩნიე კვლავ იქ მისვლა, რათა მეპოვა რაიმე ნიშანი მაინც, რაც დამეხმარებოდა, ყველაფერში გავრკვეულიყავი და ფრთხილად დავიძარი სასახლისკენ.

სამივენი ისევ ისე ისხდნენ, თუმცა გადანაცვლებულიყვნენ!

არ ვიცი, რა ინსტინქტს აყოლილმა მოელვარე მაკრატელი ავიღე და სწრაფი მოძრაობით დავარტყი ბარონს ხელზე.. ჭრილობის პირზე რაღაც ყავისფერი სითხის მაგვარი გამოჩნდა, ბარონი უკვე იმდენი ხნის მკვდარი იყო, რომ სისხლიც კი გაყინულიყო მის ძარღვებში. ძალა აღარ შემწევდა, ეს სამნი სიკვდილისთვის წამერთმია...

სამ გვამს პირჯვარი გადავსახე და ჩუმად გავიპარე. ძლივს მივაღწიე სასტუმრომდე და ლოგინზე დაცემული სიკვდილის მსგავს ძილში ჩავეფალი...

ვიღაცამ ჩემს კარზე დააკაკუნა. მსახური იყო, რომელმაც მაცნობა, რომ მეტრი მენიანი ქვემოთ, დიდ დარბაზში მელოდა.

მეტრი მენიანი! შესაძლო ახსნას დავუწყე ძებნა, რომელიც გამათავისუფლებდა სასახლის დაბრუნების გეგმისგან. მოსალოდნელი სცენის გახსენებაც კი მაფრთხობდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თარგმნა

ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი