რომანი და დეტექტივი

მოღალატე ქმრის ფასი

№43

ავტორი: ნია დვალი 20:00 01.11

რომანი
დაკოპირებულია

ლაშა სახლში, ჩვეულებისამებრ, უხასიათოდ დაბრუნდა. თეამ მაშინვე შეამჩნია და, რა თქმა უნდა, არ შეიმჩნია, ხმა არ ამოუღია, კარი რომ გაუღო და ქმრის გამომეტყველება დაინახა, მხოლოდ ღიმილით გამოართვა ლაბადა და სამზარეულოში შევიდა, რომ მისთვის ვახშამი გაეშალა.

ლაშამ კარგა ხანს დაიგვიანა. ჯერ შემოსასვლელში ეძებდა რაღაცას, შემდეგ საძინებელში შევიდა და თეას გაუკვირდა, რომ ბავშვები არც კი მოიკითხა, რასაც ჩვეულებისამებრ, აკეთებდა ხოლმე სამსახურიდან დაბრუნებული და, რატომღაც, არც ბავშვები გამოცვივდნენ მამის შესახვედრად. თეა ამან გააღიზიანა, მაგრამ ცდილობდა, თავი შეეკავებინა. შემდეგ ლაშა აბაზანაში შეყოვნდა. თეა ცდილობდა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა. სადილი უკვე მეორედ გააცხელა. საბოლოოდ, ლაშა, როგორც იქნა, სამზარეულოში შევიდა. დახედა თავის თეფშს და გაშლილ სუფრას მიუჯდა. გასინჯა საჭმელი, კოვზი უხმოდ დადო და სამზარეულოდან გავიდა.

თეა გრძნობდა, რომ მოთმინების ფიალა ევსებოდა. ჯერ დაჯდა, მაგრამ ნერვები ვერ მოთოკა და ქმარს უკან გაჰყვა:

– მე არ მაქცევ ყურადღებას, არ მაქცევ, ბავშვებს რაღას ერჩი, არც კი მოგიკითხავს, – მიაძახა ქმარს.

ლაშამ მობეზრებული და უკმაყოფილო სახით შეხედა ცოლს. თეა უფრო გაცეცხლდა და, მართალია, დაბალ ხმაზე, მაგრამ ყველაფერი, რასაც ფიქრობდა, პირში მიახალა. როდესაც მონოლოგი დაასრულა, თითქოს ინანა, იმიტომ რომ დაცხრა და მოეჩვენა, რომ გადაამეტა, მაგრამ ლაშას გამომეტყველებას კიდევ რომ შეავლო თვალი, ისევ წამოუარა გაბრაზებამ და ინანა, რომ დააკლო, უფრო მეტიც უნდა ეთქვა. გულის სიღრმეში თეა გრძნობდა, რომ ლაშა თითქოს სპეციალურად იქცეოდა ისე, როგორც იქცეოდა, რომ ცოლი გაეცეცხლებინა, მაგრამ მიზეზს ვერ ხვდებოდა. იმასაც დააკვირდა, რომ, ჩვეულებისამებრ, თეა იწყებდა ხოლმე ჩხუბს. ლაშა არასდროს ხმას არ იღებდა. უბრალოდ, ისე იქცეოდა, რომ თეა ღიზიანდებოდა.

„თუ აღარ ვუნდივარ, ხომ უნდა მითხრას? მაგრამ არაფერს ამბობს, ოღონდ როგორ უცხოდ მიყურებს?!“ – ხშირად უფიქრია თეას.

თეა დიდად არ წუხდა იმაზე, რომ ფორმალურად იწვნენ ერთ საწოლში, იმიტომ რომ ლაშას გარეშე უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს, ამდენად, კმაყოფილიც კი იყო ხოლმე, რომ ლაშა ღამით გადაბრუნდებოდა და მკვდარივით იძინებდა.

„დავუშვათ, მე არ ვუნდივარ, ბავშვებიც არ უნდა?! გამორიცხულია. ბავშვები რატომ არ უნდა უნდოდეს?! მგონი, მართლა პანიკური შემოტევები მაქვს“, – საბოლოოდ მაინც თავს იდანაშაულებდა და ჩუმდებოდა.

ამჯერად ვერ მოითმინა, ჩხუბი განაგრძო და ვერც ჩერდებოდა, უფრო და უფრო შედიოდა როლში. ლაშა არ ეპასუხებოდა, თავისთვის ოხრავდა საწოლზე წამოწოლილი და ჭერს მიშტერებოდა. საკმაოდ მშვიდად გამოიყურებოდა, იმიტომ რომ ცოლის დაკარგვის ან ოჯახის დანგრევის საფრთხეს ვერ ხედავდა: ორი შვილი ჰყავდათ და ბინა იპოთეკით იყო დატვირთული, ისიც თეას სახელზე, ოჯახში კი მხოლოდ ის მუშაობდა, თეას თავისი შემოსავალი არ ჰქონდა. ამიტომ, თეას დანახვა რომ ბეზრდებოდა, ისე მოაწყობდა ხოლმე, ცოლი გაეცეცხლებინა, რომ მას ჩაელაგებინა ბავშვების ტანსაცმელები და რამდენიმე დღით დედამისთან წასულიყო. ეს ერთგვარ ტრადიციადაც კი ექცათ.

თეამ ამჯერადაც გამოაღო კარადა და ამ საქმისთვის უკვე შერჩეული ბორბლებიანი ჩანთაც გადმოიღო. ლაშამ უკვე იცოდა, რა უნდა ეთქვა და როგორ მოქცეულიყო.

„წავა დედამისთან, დაცხრება და ისევ ხავერდივით რბილი და დამყოლი დაბრუნდება“, - ფიქრობდა თავისთვის და უკვე წარმოედგინა ის სიმშვიდე, რაც მის სახლში, მინიმუმ, ერთი კვირით დაისადგურებდა. ერთი კვირის შემდეგ ლაშა თეას მიაკითხავდა, სიდედრ თინას ყვავილებს მიართმევდა, ცოტას იწუწუნებდა, რომ ბავშვების გაჩენის შემდეგ თეას ხასიათი გაუფუჭდა და ცოლ-შვილს უკან წამოიყვანდა.

– ხომ ხედავ, ყოველთვის გაურბიხარ პრობლემებს, იმის ნაცვლად, რომ ისინი გადაჭრა, – უთხრა გაღიზიანებულ ცოლს ლაშამ, ბუნებრივია, იმ იმედით, რომ თეა კიდევ უფრო აფეთქდებოდა.

უცებ თეა მისკენ მიტრიალდა:

– ლაპარაკი გინდა?! კი ბატონო, ვილაპარაკოთ. გისმენ, – თეა საწოლზე ჩამოჯდა.

– იმის შემდეგ, რაც უკვე იკადრე და მაკადრე, არაფერზე აღარ მინდა ლაპარაკი. რომ დაწყნარდები, მერე ვილაპარაკოთ და დედაშენის თანდასწრებით, – გადაჭრით უპასუხა ქმარმა, – პრობლემის გადაჭრა რომ გდომოდა, ყვირილსა და ლანძღვას არ დაიწყებდი.

– ვილაპარაკოთ, გისმენ, - ჯიუტად იმეორებდა თეა.

– ისეთ მდგომარეობაში ხარ, ახლა ლაპარაკს აზრი არ აქვს. დამშვიდდი, დაწყნარდი, დედაშენს დაელაპარაკე, ისიც ასე ექცეოდა მამაშენს?! უკვე გამიფუჭე ხასიათიც და საღამოც. რომ დამშვიდდები, ვისაუბროთ.

თეას სისხლი მოაწვა სახეზე, მაგრამ თავი ხელში აიყვანა. დაფიქრდა: მართლაც, აღელვებული იყო, საუბარი კი ნამდვილად წყნარ ვითარებაში სჯობდა.

„ახლაც მაჯობა. ყოველთვის მჯობნის. ჩემი ბრალია“, – თეას თვითგვემის სტადია დაეწყო. ყოველთვის ასე ემართებოდა მას შემდეგ, რაც ქმარს ეჩხუბებოდა ხოლმე და დედამისთან მიდიოდა.

***

– ჩემი გოგოები, - თინამ ორივე ხელი შემოხვია შვილიშვილებს და ჩაკოცნა. შვილისთვის არაფერი უკითხავს, უკვე შეეჩვია, რომ მისი ქალიშვილი თვეში ან ორ თვეში ერთხელ მასთან გადადიოდა ხოლმე ერთი კვირით. პირველი მოსვლის შემდეგ გააფრთხილა:

– იცოდე, თუ ამას წესად აქცევ, მერე მთელი ცხოვრება ჩემოდნებით ირბენ და ეს უკვე ოჯახი აღარ იქნება, – ეს იყო და ეს, შემდეგ ამ თემაზე კრინტიც არ დაუძრავს. თინას არც ამჯერად უთქვამს რამე ქალიშვილისთვის, მხოლოდ სთხოვა:

– გოგონებმა ამაღამ ჩემთან დაიძინონ, შენ შენს ოთახში დაისვენე, გამოიძინე. უფრო დამშვიდდები და ხვალ ვილაპარაკოთ, – თეამ მადლიერებით შეხედა დედამისს და თავის ოთახში შევიდა.

სინდისი ისევ ქენჯნიდა, დარწმუნებული იყო, რომ ქმარს ცარიელ ადგილას ეჩხუბა, ამიტომ გულმა არ მოუთმინა და ლაშას დაურეკა, მაგრამ ტელეფონს უცნობმა ხმამ უპასუხა:

– ვინ ხართ? - ჰკითხა გაოცებულმა თეამ ქალის ხმას.

– შენ ეს აღარ უნდა გეხებოდეს და ნუ რეკავ! – თავხედურად უპასუხა უცნობმა ქალმა.

– მაპატიეთ, ეტყობა, ნომერი შემეშალა, – თეამ ტელეფონი გათიშა და შეამოწმა, რა ნომერზე დარეკა, მით უმეტეს, რომ ქმრის ნომერი ზეპირად იცოდა – ნამდვილად ლაშასთან ჰქონდა დარეკილი. გაუგებარი არაფერი იყო: ტელეფონის ნომერი ნამდვილად ლაშასი იყო, ის კი უცნობმა ქალმა აიღო. თეა ისევ შეეცადა, დამშვიდებულიყო და თავისი აბობოქრებული ფიქრები დაეცხრო. ამასობაში კი მიხვდა, რომ იმ უცნობი ქალის ხმა საიდანღაც ეცნობოდა, მაგრამ ვერაფრით იხსენებდა, საიდან და ვინ შეიძლება, ყოფილიყო.

ცოტა ხნის შემდეგ თეამ გადაწყვიტა, ისევ დაერეკა ლაშასთვის:

– იქნებ სხვაგან მოვხვდი, ხდება ასეთი რამეები, – გაიფიქრა თავისთვის და თამამად აიღო ტელეფონი.

– ხომ გითხარი, აქ აღარ დარეკო-მეთქი, – უპასუხა იმავე უცნობმა ქალმა და გათიშა.

თეამ ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო და ამან უფრო გააბრაზა, ამიტომ ჯიუტად ისევ აკრიფა ქმრის ნომერი.

– გისმენ, – ამჯერად ლაშამ უპასუხა.

– ლაშა, მე ვარ, - ხმადაბლა უთხრა თეამ.

– მივხვდი. ნორმალურად მიხვედით? მძღოლს დავურეკე და ამიტომ შენთან აღარ დავრეკე.

– შენ ვისთან ერთად ხარ?

– რა ვისთან ერთად ვარ?! მარტო ვარ, ვისთან ერთად უნდა ვიყო?! – სავსებით დარწმუნებულმა უთხრა ლაშამ.

– ვიღაც ქალი პასუხობდა, ორჯერ დავრეკე. ეს მესამეა, – თეას ნერვიულობა შეეტყო.

– საღ ჭკუაზე ხარ? რა ქალი? გიმეორებ, მარტო ვარ და მოდი, რა, შენი ეჭვებით უფრო ნუ დაძაბავ ისედაც დაძაბულ სიტუაციას. მეძინება. კარგად იყავი. ბავშვებს აკოცე! – ლაშამ თეას ტელეფონი გაუთიშა და შორენას მიუბრუნდა, – უცნაურია, თითქოს რაღაც იეჭვა.

– ჰო, ქალებს ახასითებს ასეთები, ინტუიცია... და შენ არ გინდა, რომ უკვე უთხრა? ლაშა, შენ არ მეუბნები, რომ, როგორც ქალი, არ მოგწონს შენი ცოლი? – მუდარით შეხედა შორენამ ლაშას და მიეხუტა.

– არა, არ მინდა. ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ უკვე და დავხურეთ ეს თემა, – ლაშამ მეორე ქალსაც უცებ მოუმთავრა თავისთვის უსიამოვნო საუბარი.

– მაშინ რატომ ხარ ჩემთან? – შორენა ასე იოლად არ აპირებდა პოზიციის დათმობას, – უკვე ნახევარი წელია, ერთად ვართ.

- მე მაწყობს, როგორც ვართ. ოჯახის დანგრევას არ ვაპირებ და შენ ეს იცი. მოდი, ნუ დავკარგავთ დროს ამ სისულელეებზე, რამე უფრო სასიამოვნო გავაკეთოთ... და შორენაც აკრუტუნდა...

შორენა, მართალია, თავიდან დათანხმდა საყვარლის როლს, მაგრამ მერე და მერე მიხვდა, რომ ეს ვარიანტი მისთვის სრულიადაც არ იყო ხელსაყრელი. ლაშა უფრო და უფრო ენატრებოდა და უკვე მობეზრდა, რომ მხოლოდ მაშინ შეეძლო მისი ნახვა, როდესაც ლაშას ჰქონდა დრო. გადაწყვიტა, ყველაფერი ეღონა, რომ ლაშას ცოლს გაეგო ქმრის რომანის შესახებ. ამიტომ, როდესაც ლაშა მოსაწევად აივანზე გავიდა, თამამად უპასუხა მის ტელეფონს. შემდეგ კი შემომავალი ზარები წაშალა. შორენას ძალიან უნდოდა, რომ თეა მოსულიყო და ისინი ერთად ენახა, შემდეგ ჩაელაგებინა თავისი ნივთები, გაყროდა ლაშას და მათი ცხოვრებიდან გამქრალიყო, მაგრამ თეა არ ჩანდა, თუმცა შორენა იმედს არ კარგავდა: „არა უშავს, თუ ამან არ იმუშავა, სათადარიგო გეგმაც მაქვს“.

***

ამასობაში კი თეას გაახსენდა, საიდან ეცნობოდა უცნობი ქალის ხმა:

– დედა, ვიცი, ვინ მიპასუხა ლაშას ტელეფონზე. ეს მისი ყოფილია, შორენა. ზუსტად. ეგაა. კი. მახსოვს, ერთხელ მოვიდა, ადრე, საქმეს ურჩევდა ლაშას და თავისი ნივთები წაიღო. ჯერ კიდევ ჩვენს ქორწილამდე. ისევ ხვდებიან ერთმანეთს?! – თეა ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობდა აღელვებული და სახეზე სასოწარკვეთილება ჰქონდა აღბეჭდილი.

– დამშვიდდი, – თინა ცდილობდა, დაეწყნარებინა შვილი, რომელიც შეშლილს ჰგავდა.

– როგორ უნდა დავმშვიდდე?! როდესაც ჩემი ქმარი მღალატობს ჩემსავე სახლში, ჩემსავე საწოლში?! ისეთს მოვუწყობ, თავბედს ვაწყევლინებ ორივეს! – თეა თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.

– კარგი, რა. ვერ ხვდები, რომ ეგ შორენაა, თუ ვინცაა, სპეციალურად იქცევა ასე?! სწორედ ამიტომაც უპასუხა ლაშას ტელეფონს, რომ შენ იქ მივარდე და სცენები მოაწყო და გაეყარო. და გახსოვდეს, ასეთ დროს ცოლი ძალიან სასაცილოა ხოლმე, – არწმუნებდა თინა შვილს.

თეას ტირილი აუვარდა, იმდენად ეტკინა გული. პირზე ხელები აიფარა, რომ ბავშვები არ გაეღვიძებინა.

– ჭკუით უნდა აჯობო. გასაგებია, რომ უნდა გაეყარო, მაგრამ ისე, რომ არც შენ დაზარალდე და არც ბავშვები, – არიგებდა დედა შვილს, მაგრამ მაინც ჰკითხა:

– ლაშა გიყვარს თუ, უბრალოდ, თავმოყვარეობა შეგელახა? – თეას ამ კითხვაზე პასუხი არ გაუცია, სამაგიეროდ იკითხა:

– მე და ბავშვები როგორ არ უნდა დავზარალდეთ?

– აი, ასე. უნდა გაეყარო და ცარიელ-ტარიელი დატოვო. შენ კი გამარჯვებული გამოხვიდე. თუ მოდიხარ, წამოდი ლამაზად და ღირსეულად. სკანდალით ვერაფერს მიაღწევ, სასაცილოდ აგიგდებენ და უფრო დამცირებულად იგრძნობ თავს.

თეა ხვდებოდა, რომ დედამისი სიმართლეს ეუბნებოდა, ჰპირდებოდა, რომ სისულელეს არ ჩაიდენდა, მაგრამ დაუოკებელი სურვილი ხრავდა, მივარდნილიყო და ორივე ეცემა. იმიტომ რომ მისთვის ცხადი გახდა, რატომ აღიზიანებდა ხოლმე ლაშა, რომ თეას ბავშვებისთვის ხელი მოეკიდა და დედამისთან გადაბარგებულიყო. უცებ ლაშაც შეეზიზღა და საკუთარი თავიც... ამ ბორგვაში თეას დედამისის კალთაზე თავდადებულს ჩაეძინა.

როდესაც ლაშამ დაიძინა, შორენამ, რომელსაც ვერაფრით აეხსნა, რატომ არ მოდიოდა თეა, თავად აკრიფა თეას ნომერი და ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო, როდესაც იქიდან ჰკითხეს:

– რატომ მირეკავ?!

– ვიცი, რომ არ გძინავს. ან რა დაგაძინებს, როდესაც ქმარი შენს საკუთარ საწოლში რქებს გადგამს?! – უტიფრად მიახალა შორენამ.

– გგონია, ახლა გავიგე?! გინდა და შენი იყოს, მე აღარ მჭირდება, მაგრამ ერთი პირობით:

– რა პირობით? – ყურები წაუგრძელდა შორენას.

– 100 000 ლარს გადმომირიცხავ ანგარიშზე, გამოგიგზავნი ანგარიშის ნომერს და თვალით ვეღარ გვნახავ ვერც მე და ვერც ჩემს შვილებს.

– ეს როგორ? – შორენა ამას არ მოელოდა.

– როგორ და ჭრელად. იპოთეკა უნდა დავფარო, შენ გგონია, ლაშა მჭირდება?! მოკლედ, შევთანხმდით?

– კარგი, მაქსიმუმ, ერთ კვირაში ფულს დაგირიცხავ, ჩემს ნომერს მოგწერ და იქ მომწერე შენი ანგარიშის ნომერი. ანუ ეყრები ლაშას?! – მაინც დააზუსტა შორენამ.

– რა თქმა უნდა და არც კი დავურეკავ, სანამ ფული ჩემს ანგარიშზე არ დაჯდება. კარგად ისიამოვნეთ! – შორენამ ტელეფონი გათიშა, ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე დაფრინავდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ თეას ნაცვლად დედამისს ელაპარაკა.

– რა სულელი ხარ?! ეს რა გააკეთე?! – ლაშა თეას ბინაში ბოლთას სცემდა და ყვიროდა, – მე მისი ძმის ფირმაში ვმუშაობდი. ახლა მისი ძმაც გამომაგდებს, სად ვიპოვი ასეთ სამსახურს და ბინის იპოთეკაც ჩემი ცოლის სახელზეა.

– მოიცა, აბა, რატომ მითხარი, ჩემი ფირმააო?! – შორენას თვალები გაუფართოვდა, მიხვდა, რომ ასი ათასიც დაკარგა და უმუშევარი და უქონელი ლაშაც შერჩა ხელში, – ანუ მათხოვარი ხარ? და მე ვინ დამიბრუნებს ჩემს ფულს?!

– რა ფულს? – დაიბნა ლაშა.

– შენმა ცოლმა 100 000 მომთხოვა და ლაშა შენი იყოსო. არ მაინტერესებს, ფული მოიტანე, შენი დანახვა არ მინდა! – კივილით ეცა შორენა ლაშას, კინწისკვრით გამოაგდო თავისი ბინიდან და ღონემიხდილი მიესვენა იატაკზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა