რომანი და დეტექტივი

მკურნალი სიმართლე

№33

ავტორი: ნინო მდივანი 20:00 26.08

მკურნალი სიმართლე
დაკოპირებულია

წარმოდგენა არ მქონდა, რატომ ვხვდებოდი კაცს, რომელიც, თუ გულზე ხელს დავიდებ, არც კი მომწონდა. თუმცა ცოტას ვთმალთმაქცობ, როდესაც გავიცანი, მომეწონა, რატომ, არ ვიცი. ალბათ, უფრო იმიტომ, რომ მინდოდა, ვიღაც მომწონებოდა და ეს მოხდა ჩემი გაყრიდან ზუსტად სამი წლის თავზე. თან, ასაკით ჩემზე უფროსი იყო, მთელი 18 წლით. შეიძლება, ჩავთვალე, რომ ცოლიც ასეთივე ასაკოვანი ეყოლებოდა, მაგრამ შეცდი. მოგვიანებით გავიგე, რომ ცოლი მასზე 12 წლით იყო უმცროსი და გაგიკვირდებათ, მაგრამ ამან ჩემზე გავლენა მოახდინა. დიახ, გავლენა მოახდინა, იმიტომ რომ საერთოდ დავკარგე მისადმი პატივისცემა. მართალია, არ მომწონდა, მაგრამ განათლებულ ადამიანად მიმაჩნდა და პატივს ვცემდი. მისი ცოლის ასაკის გაგების შემდეგ კი, რაკი პატივისცემა გამიქრა, მივხვდი, რომ არც კი მომწონდა. არადა, როგორი კომიკურია, გეწყინოს, რომ შენი საყვარელი თავისზე გაცილებით უმცროს ცოლს ღალატობს შენთან?! ოღონდ ცოტათი ამოვისუნთქე კიდეც, რომ მთლად ჩემზე უმცროსიც არ იყო მისი ცოლი. ურთიერთობას ინერციით ვაგრძელებდი და წარმოდგენა არ მქონდა, რატომ.

– ვერ გავიგე, რას აკეთებ? – მკითხა ინგამ და მრავალმნიშვნელოვანი გამომეტყველებით გამოუშვა ბოლი პირიდან.

მეც სახის გამომეტყველებით ვკითხე, რას გულისხმობდა.

– ნუ გაიშტერებ ხოლმე თავს, რატომ ხვდები იმ ბებერ კაცს?

– სულაც არაა ბებერი, – ცხვირი ავიბზუე მე.

– აბა, ახალგაზრდაა? – გაიცინა ინგამ.

– 45 წლის რატომაა ბებერი? – უკვე ლამის აღვშფოთდი.

– შენთვისაა ბებერი, იმიტომ რომ 27 წლის ხარ. აბა, ახალგაზრდაა? – მომახალა ინგამ და პირველად დავფიქრდი, რომ 45-ს მინუს 27 იყო 18.

– შენ როგორც გინდა, ისე მოიქეცი, მაგრამ ვერ ვიგებ, – ინგა ადგა და სამზარეულოში გავიდა.

– ვერც მე, – ამოვიოხრე ჩემთვის და ჩუმად.

ინგა მალევე დაბრუნდა, ხელში თეფში ეჭირა, რომელზეც დაჭრილი კიტრი და პომიდორი ეწყო.

– არ გშია?

უარის ნიშნად თავი გავაქნიე, იმიტომ რომ იმაზე ვფიქრობდი, რაც მითხრა:

– ამაღამ შენთან დავრჩე? – ისე ვუთხარი, თითქოს ვივალებდი.

– არა, დღეს მარტო არ ვარ, – არაორაზროვნად მითხრა ინგამ.

– ოჰ, ეს ისეთი ამბავია, საკუთარი საძინებელიც რომ უნდა დათმო, – გულწრფელად გამიხარდა, – ყოჩაღ!

მართალია, ინგა შევაქე, მაგრამ გულში მსუბუქად, ოღონდ მაინც გავკიცხე, იმიტომ რომ შენს სახლში ვინმეს მოყვანა ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა (ადამიანი საინტერესო არსებაა: სხვისი ქმრის საყვარლობა, რომელიც არც კი მოსწონს, მის პრინციპებს არ ეწინააღმდეგება, მაგრამ აი, არავისი ქმრის საკუთარ სახლში მიყვანა – ეწინააღმდეგება). ჩვენ ხშირად ვიქცევით ასე, უნებლიეთ გონებაში შევაფასებთ ხოლმე სხვა ადამიანის ამა თუ იმ მოქმედებას და საერთოდაც არ აღვიქვამთ ამას განკითხვად. თან, პრინციპში, ყასიდად ვკითხე ინგას, დავრჩები–მეთქი, იმიტომ რომ დედაჩემი, მიუხედავად ჩემი არცთუ მცირე ასაკისა, მტკივნეულად განიცდიდა სახლში ჩემს არყოფნას. როდესაც პატარა ვიყავი, ეს ფასდებოდა, როგორც ჩემზე ზრუნვა, ვაითუ, ვინმეს ცუდი გავლენა მოეხდინა, თითქოს ცუდი გავლენის მოხდენას მზის სხივები უშლიდნენ ხელს ან რამე გაუთვალისწინებელი პრობლემა არ შემქმნოდა. რაც მთავარია, რა დამაძინებს, თუ ჩემი შვილის სუნთქვა არ გავიგონეო – ამ ფრაზას შემთხვევით მოვკარი ყური, როდესაც დედაჩემი ტელეფონით ვიღაცას ელაპარაკებოდა და მახსოვს, როგორ ჩამეღვარა გულში სითბო. რატომ ჩამეღვარა? იმიტომ რომ ეს დედის შვილისადმი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩემდამი უდიდესი სიყვარულის გამოვლინებად ჩავთვალე. ჩავთვალე და დავისწავლე კიდეც, რომ აი, ასეთი უნდა ყოფილიყო დედაშვილური სიყვარული.

ერთხანს ეს ერთგვარ ფობიაშიც გადამეზარდა ისე, რომ ვერც მივხვდი, როგორ დაიბადა და მოიცვა მთელი ჩემი არსება. ყოველ წუთს ვაყურადებდი ჩემი შვილის სუნთქვას. რატომ? მარტივი მიზეზით: მუდმივად მეჩვენებოდა, რომ არ სუნთქავდა, რის გამოც ჩემი ქმარი სულ დამცინოდა, მე კი თავი მეტად კარგ და თავგანწირულ დედად წარმომედგინა. რატომ თავგანწირულად? იმიტომ რომ, ფაქტობრივად, არ მეძინა. ან კი როგორ დავიძინებდი, როდესაც მთელი ღამეების განმავლობაში ვამოწმებდი, სუნთქავდა თუ არა ჩემი შვილი და ეს თავგანწირვა ისე მომწონდა, მზად ვიყავი, საერთოდ არ დამეძინა, იმიტომ რომ საკუთარი თავი ლამის დემეტრე თავდადებული მეგონა. თუმცა, მხოლოდ ეს არ მისწავლია დედაჩემისგან, ისიც, რომ ყველაზე მთავარი ადამიანები ქალის ცხოვრებაში არიან შვილები. ეჭვიც არასდროს შემპარვია ამ მოსაზრებაში: აბა, სხვა რა უნდა ყოფილიყო ამ ცხოვრებაში ქალისთვის მთავარი?!

ქმარი? არა, ქმარი ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ, მართალია, დედაჩემს ჰყავდა ქმარი, მაგრამ არასდროს უთქვამს ფრაზა „ჩემი ქმარი“ და ხშირად მომიკრავს ყური მისი საუბრისთვის: „ვერ ვიტან სიტყვა ქმარს“. მამაჩემს, როგორც წესი, ასე მოიხსენიებდა: „ლალის მამა“. ვითომ ამიტომ მეუხერხულებოდა მეც, რომ გია მომეხსენიებინა, როგორც ჩემი ქმარი?! არაა გამორიცხული, ყოველ შემთხვევაში, თავად მე დარწმუნებული ვიყავი, რომ მომწონდა სიტყვა „მეუღლე“, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე არც ქმარი მყავდა და, შესაბამისად, არც მეუღლე.

დიახ, ინგას ყასიდად ვუთხარი, დავრჩები–მეთქი, იმიტომ რომ, სინამდვილეში, ვერსადაც ვერ დავრჩებოდი, ვინაიდან დედაჩემის რისხვას ვერ გადავურჩებოდი. უფრო ზუსტად, მის ჩალაპარაკებებს, როგორი ცუდი დედა ვარ, ცუდი, რადგან მას თავისი შვილი, ანუ მე, ერთი წუთითაც კი არ დაუტოვებია სხვასთან. და ეს სრული სიმართლე იყო, ამიტომ, გულახდილი თუ ვიქნები, რაღაცნაირად მშურდა ინგასი. დედამისი ხშირად ტოვებდა სახლში მარტო, მაგრამ, რა თქმა უნდა, დატოვებდა: ინგას შვილი არ ჰყავდა. ამოვიოხრე და წამოვდექი.

– ხომ არ გეწყინა? – მკითხა ინგამ.

ისე გამიტაცა ჩემმა ფიქრებმა, რომ ინგა სულ დამავიწყდა და ვერც იმას ვიხსენებდი, რამე თუ უნდა მწყენოდა:

– რა მეწყინა?

– რომ გითხარი, ვერ დარჩები-მეთქი. დარჩი. რამეს მოვახერხებ, – შემომთავაზა ინგამ.

– არა, რას ამბობ? ცოტა წავიოცნებე, მერი გადაირევა, სახლში რომ არ მივიდე.

– რამდენი წლის ხარ? რა დროს მერისთვის ნებართვის გამოთხოვნაა?! – მკითხა ინგამ.

– შენი ვერ გავიგე, ხან პატარა ვარ, ხან – დიდი, – გულიანად გამეცინა.

– ჰო, ხან პატარასავით იქცევი, ხან დიდივით, არადა ზრდასრული ხარ, – ინგამ თვალი ჩამიკრა.

– მერიზე საყვედური არ ითქმის. ჩემს გასაკეთებელსაც ის აკეთებს, მადლობის მეტი რა უნდა ვუთხრა?!

– ჰო... შენი საქმის შენ იცი, მოკლედ, არ იშლი და მიდიხარ...

– ტაქსის გამოვიძახებ და მივდივარ, – ტელეფონი ამოვიღე და აპლიკაციის ძებნა დავიწყე. მერე ინგას დავემშვიდობე. მოვიტყუე, სახლში წასვლა არ მინდოდა და არც ტაქსი გამომიძახებია. ფეხით გასეირნება გადავწყვიტე. თან, სასიამოვნო საღამო იყო – ნათელი და თბილი, როდესაც მზის სხივები არც თვალს გჭრის და არც გწვავს, შეუმჩნევლად გეტმასნება, თითქოს გავსებს და გამსუბუქებს. ინგას სახლის წინ პატარა, გამწვანებული სკვერი იყო. ზაფხულის საღამო იყო, სკვერში ხალხი ირეოდა. ბავშვები დარბოდნენ, ბებიები დასდევდნენ და პირველად მივაქციე ყურადღება მამაკაცების, ანუ მამებისა და ბაბუების, სიმცირეს.

„ალბათ, ასე დარბიან ჩემი შვილი და დედაჩემი“, – გავიფიქრე და გამეღიმა.

მართლაც, რა მეშველებოდა, მერი რომ არ ყოფილიყო დედაჩემი, იმიტომ რომ, როგორც თავად დედაჩემი ამბობდა სავსებით სამართლიანად. მე წესიერად არც საჭმლის მომზადება ვიცოდი, არც ბავშვის მოვლა და, საერთოდაც, თუ დედაჩემი სუფრას არ გამიშლიდა, არც კი შევჭამდი არაფერს. აი, ახლაც სახლში წასვლა მეზარებოდა, ვინაიდან სახლის საქმეების რაღაც უმნიშვნელო ნაწილი მაინც უნდა გამეკეთებინა, დედაჩემს მივხმარებოდი, მათ შორის, ჩემი შვილის მოვლაშიც. თვალები, რატომღაც, ცისკენ ავწიე, რითაც მადლიერება გამოვხატე ღმერთისადმი, რომ ასეთი კარგი დედა მყავდა და ჩემმა ტელეფონმაც დარეკა.

– არ მოდიხარ სახლში? – დედაჩემის საყვედურნარევი ხმა გავიგონე, – ბავშვი იშვიათად გხედავს, სულ დაქალებთან სიარული გამიგია?!

– მოვდივარ, საქმე მქონდა, – ვუპასუხე დარცხვენილმა, თუმცა ინგასთან თუ მივიდოდი და ისიც იშვიათად.

– ვერ გაიზარდე მაინც. მალე მოდი, მგონი, წნევა მაქვს, – დაძაბული ხმით მითხრა დედაჩემმა.

მაშინვე ფეხზე წამოვდექი.

– ძალიან მალე მოვალ. გაიზომე? რამდენი გაქვს?

– დავლიე წამალი, მაგრამ მალე მოდი. მაინც მეშინია, ბავშვთან მარტო ვარ, არაფერი მომივიდეს. მამაშენიც არ მოსულა ჯერ.

სწრაფი ნაბიჯით დავადექი ფილაქანს, რომ სკვერიდან გავსულიყავი, თან, აპლიკაცია გავხსენი, რომ ტაქსი სწრაფად გამომეძახა. სიახლოვეს ტაქსები არ იყო, მთავარი ქუჩისკენ დავიძარი, იმ იმედით, რომ იქ ტაქსი უფრო ჩქარა მოვიდოდა. სიჩქარეში გზას არც კი ვუყურებდი და უცებ ზუსტად ჩემს ყურთან საბურავების ჭრიალის ხმა გავიგე. მოულოდნელობისგან ტელეფონი ხელიდან გამივარდა და თავში მაშინვე გამიელვა: „ახლა როგორღა უნდა გამოვიძახო ტაქსი?!“ – მაშინვე დავიხარე ტელეფონის ასაღებად. მანქანა ზუსტად ჩემს ფეხებთან იყო გაჩერებული. ნაჩქარევად ავდექი, საფრთხის შეგრძნებამ გადამიარა, იმიტომ რომ ტელეფონი მთელი იყო და მანქანისკენ სახით შევბრუნდი.

საჭესთან ჩემი ყოფილი ქმარი იჯდა. გამეცინა: გამახსენდა, რომ მასთან გაყრის შემდეგ მოვიხსენიებდი „ჩემს ყოფილ ქმრად“, თუმცა მანამდე, როგორც გითხარით, „ჩემს მეუღლეს“ ვეძახდი. შემცბარი მეჩვენა, რაც მომხდარით ავხსენი: მართლაც არ უნდა იყოს სასიამოვნო, მანქანით კინაღამ დაარტყა ადამიანს, მით უფრო, ყოფილ ცოლს. ამიტომ გავუღიმე და მასთან მივედი. გაუნძრევლად იჯდა საჭესთან.

– შეგიძლია, ხანდახან მოიკითხო ხოლმე ბავშვი, – თუმცა საყვედური ვუთხარი, მაგრამ ღიმილით. მანაც უხერხულად გაიღიმა.

– შეგიძლია, წამიყვანო და თან, ნახავ კიდეც. თუ გეჩქარება ვინმესთან, ნუ ნახავ შვილს, – ეს ფრაზა უკვე ცოტათი გაღიზიანებულმა ვთქვი, იმიტომ რომ არ ველოდი და არც მომეწონა გიას ასეთი უსაფუძვლო გულგრილობა. ეკითხა მაინც, რამე ხომ არ იტკინეო.

მანქანას შემოვუარე, რომ ჩავმჯდარიყავი და მხოლოდ მაშინ მოვკარი თვალი, რომ მძღოლის გვერდითა სავარძელში ვიღაც იყო ჩამალული. მეწყინა, მე ნამდვილად არ მივეკუთვნები იმ ქალების კატეგორიას, ყოფილ ქმარს გაყრის შემდეგაც რომ დასდევენ და უკრძალავენ სხვა ქალებთან ურთიერთობას. ამიტომ მანქანის გვერდითა კარის ფანჯარას მივუკაკუნე: ნუ იმალები, გენაცვალე, არ გიკბენ.

მომეჩვენა, რომ ჩემი ყოფილი ქმარი გაწითლდა და კბილებში გამოცრა:

– ქუჩაში ისტერიკას ნუ აწყობ.

– მე ვაწყობ ისტერიკას? – გავბრაზდი: რას იმალებით მეორეკლასელი ბავშვებივით. რა ჩემი საქმეა, შენ ვის ხვდები?! რა უვარგისიც იყავი ჩემთან, ისეთი უვარგისი იქნები სხვასთანაც, მოგიხმაროს მშვიდობაში. თავმოყვარე ქალი, აბა, შენ არ დაგელაპარაკება, მით უმეტეს, არ დაიმალება ასე სამარცხვინოდ, – უნებურად სიცილი ამიტყდა, მაგრამ მალევე შემეყინა სახეზე, იმიტომ რომ ვიცანი ჩანთა.

– ინგა შენ ხარ?! არა, გამორიცხულია! – და გიჟივით ვეცი კარს, რომ გამეღო, მაგრამ შიგნიდან იყო ჩაკეტილი. გია მანქანიდან გადმოვიდა და შეეცადა ჩემს გათრევას, წავფორხილდი და დავეცი და მანქანის ის კარიც გაიღო, რომელსაც ვეჯაჯგურებოდი. ვიცანი ფეხსაცმელიც: ნამდვილად ინგა იყო.

– მე ვარ და იმიტომ დავიმალე, რომ შენი სათუთი გული არ მეტკინა, ისედაც ყველა გხმარობს და ვერც ხვდები, – ინგა ზემოდან დამყურებდა.

– ხომ გყავს ის ბებერი კაცი და ვინ გეკითხება, გია რას გააკეთებს?! – ინგა ნამდვილად დამცინოდა. არ ვიცოდი, რა მეთქვა, როგორ მოვქცეულიყავი, მინდოდა, რომ მიწა გამხეთქოდა და ქვეშ ჩავეტანე. ინგა კი არ ჩერდებოდა:

– თავი რომ დიდი ვინმე გგონია და დედაშენი გატრიალებს თავის ჭკუაზე, ერთი ჩვეულებრივი მსხვერპლი ხარ. საწყალი. დაგაჯერა დედაშენმა, რომ მის გარეშე არაფრის გაკეთება არ შეგიძლია და გწოვს ენერგიას. შენც დებილივით ბრმად ემორჩილები. კარგია, რომ შენი თვალით ნახე, აღარ დამჭირდება შენთან თამაში და ლოლიავი. შენ არც იმსახურებდი, რომ გიასნაირი ქმარი გყოლოდა.

ცრემლებმა თავისით იპოვეს გზა ჩემი თვალებიდან ტუჩის კუთხეებისკენ და არა იმიტომ, რომ ვიეჭვიანე ყოფილ ქმარზე და არა იმიტომ, რომ ჩემი უახლოესი მეგობარი, თურმე, მატყუებდა და დამცინოდა, ის სიმართლეს მეუბნებოდა და ეს სიმართლე იყო ყველაზე მწარე და მტკივნეული. თითქოს გონება გამინათდა და ცხადად დავინახე, რომ ყველა მექცეოდა, მართლაც, როგორც გონებასუსტ ბავშვს: მე ბეჯითად ვიმეორებდი უფროსების ქცევებს, ფრაზებს, ჩემი ოჯახის წევრები ჩემ მაგივრად იღებდნენ გადაწყვეტილებებს, მანიპულირებდნენ ჩემით და მაიძულებდნენ, რომ თავი დამნაშავედ და ვალდებულად მეგრძნო მათ წინაშე. ამიტომ სულ იმას ვცდილობდი, მათი გული მომეგო, მოვქცეულიყავი ისე, რომ მათ მოსწონებოდათ და ბავშვივით მიხაროდა, თუ შემაქებდნენ. თითქოს დავინახე, როგორ უყვებოდა ინგა გიას ჩემს რომანზე „ბებერ კაცთან“, როგორ თოჯინასავით მათამაშებდა დედაჩემი. უცნაური ის იყო, რომ მათზე არ ვბრაზობდი, იმიტომ რომ ისინი იყვნენ ისეთები, როგორებიც იყვნენ და მე ვაძლევდი მათ უფლებას, მომქცეოდნენ ისე, როგორც მექცეოდნენ. თავს ძალა დავატანე და წამოვდექი. სირცხვილის გრძნობა, რატომღაც, არ მაწუხებდა. კაბა ჩამოვიფერთხე, გავისწორე. ინგასა და გიას გავუღიმე, თავი დავუკარი და მოვტრიალდი. გია გამომეკიდა.

– სახლში წაგიყვან...

არც მივტრიალებულვარ, ისე გავაქნიე ხელი უარის ნიშნად და ჩემმა ტელეფონმაც დარეკა – დედაჩემი მირეკავდა. გავუთიშე და მესიჯი მივწერე: „დამაგვიანდება, არ დამელოდო. დაიძინეთ.“ შემდეგ მეორე მესიჯიც ავკრიფე: „აღარასდროს აღარ დამირეკო, მშვიდობით“ და ნომერი დავბლოკე. ამასობაში დედაჩემმაც მომწერა: „წნევა მაქვს, ცუდად ვარ. სასწრაფოდ მოდი“. გიჟივით ავხარხარდი: თვალწინ წარმომიდგა, როგორ მინაბავდა ხოლმე თვალებს და მეც გულგახეთქილი ვუზომავდი წნევას, რომელიც არასდროს ჰქონდა, მაინც ვასმევდი გულის წვეთებს და ამ დროს თავად მე მისკდებოდა გული, რომ რამე არ მოსვლოდა, დედაჩემმა დამაჯერა, რომ მარტო არაფრის მაქნისი ვიყავი ცხოვრებაში. პასუხი არ მიმიწერია: ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ის, რასაც დედაჩემი ჩემდამი ამჟღავნებდა არ იყო სიყვარული, ეს იყო ეგოიზმი, მაგრამ თავს არ ვუტყდებოდი. ტელეფონი გამოვრთე და ამოვისუნთქე. თუმცა სრულიად მარტო დავრჩი მთელ სამყაროში, იმდენი რამ დამატყდა თავს ამ მარტოობაში, რომ მათ მოსანელებლად დრო და ისევ მარტოობა მჭირდებოდა. ყველაფერი ამომიყირავდა, უფრო ზუსტად, საგნები და მოვლენები სწორედ ახლა ცდილობდნენ დალაგებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

2-8 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი