რომანი და დეტექტივი

მკურნალი ღალატი

№10

ავტორი: ნია დვალი 20:00 21.03

მკურნალი ღალატი
დაკოპირებულია

ქმრის ღალატის შესახებ თინიკომ, რა თქმა უნდა, ყველაზე გვიან შეიტყო, როგორც ხდება ხოლმე და ღალატის შინაარსიც იმაზე მეტად ბანალური გამოდგა, ვიდრე ეს სერიალებშია ხოლმე აღწერილი. მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდა თინიკო, რატომ ჩუმდებოდნენ თანამშრომლები მის დანახვაზე და თვალს აყოლებდნენ, იმდენად შესამჩნევადაც კი, რომ თინიკო ხშირად შედიოდა საპირფარეშოში, რომ საკუთარი თავი დაეთვალიერებინა, რამე ხომ არ სჭირდა უჩვეულო, მაგრამ ვერაფერს აღმოაჩენდა და ისევ უკან ბრუნდებოდა.

ყველამ იცოდა მის სამსახურში, რომ თინიკოს საუკეთესო მეგობარ მეგის მის ქმართან ჰქომდა რომანი გაჩაღებული, თავად დარქიანებული ცოლი კი ვერაფერს ხვდებოდა.

ამის შესახებ თინიკომ შემთხვევით გაიგო (თუმცა, ეს ჩვენ ვუწოდებთ შემთხვევითობას იმას, რაც სინამდვილეში ყველაზე კანონზომიერი რამაა, თუ რამე კანონზომიერება შეიძლება, არსებობდეს ადამიანების ცხოვრებაში). ოღონდ ესეც ბანალურ სცენარში ჩაეწერა. ბანალურში, ვინაიდან თინიკო იმ საღამოს სახლში მოულოდნელად დაბრუნდა.

თინიკო კლინიკაში მუშაობდა და იმ ღამით მორიგეობა უწევდა, თუმცა მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა:

– თინ, რაღაც უნდა გთხოვო, მერიდება, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, უნდა გთხოვო, – ნატამ, ახალბედა ექიმმა, მუდარით შეხედა თინიკოს.

– მიდი, ნუ გერიდება, – შეაგულიანა თინიკომ ახალგაზრდა კოლეგა ღიმილით.

– ვიცი, რომ სამსახურში უკვე მოხვედი და უხერხულია, მაგრამ ხომ ვერ გამიცვლი მორიგეობას?! თუ სხვა გეგმები არ გაქვს, რა თქმა უნდა, ვიცი, ადრე უნდა მეთქვა, მაგრამ ხვალ გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა და ვერ მოვალ. ან... – ნატამ თვალები დახარა.

– ხვალ პაემანი გაქვს, ესე იგი, - ეშმაკურად ჩაეკითხა თინიკო.

სწორედ ამ თვისების გამო უყვარდა თინიკოს ნატა: გულწრფელობა გამოსჭვიოდა მის ყოველ გამოხედვაში, ჟესტსა თუ ნაკვთში და მაშინვე დაამშვიდა.

– რა თქმა უნდა, გაგიცვლი და დიდი სიამოვნებითაც, – ნატა თინიკოს, მადლიერების ნიშნად, ჩაეხუტა და თან, იმეორებდა:

– საუკეთესო ადამიანი ხარ.

– ნუ აჭარბებ, – მხარზე ხელი მოუთათუნა თინიკომ საპასუხოდ.

არადა, თინიკოს უფრო გაუხარდა, იმიტომ რომ გადაწყვიტა, ქმრისთვის სიურპრიზი მოეწყო. მარკეტშიც შეიარა, ის ტკბილეული იყიდა, რომელიც დემნას უყვარდა და სახეზე ღიმილათამაშებული დაბრუნდა სახლში, ოღონდ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სიურპრიზი სწორედ მას ელოდა.

რადგან მორიგეიბიდან ადრე ბრუნდებოდა ხოლმე, დემნა კარს გასაღებით კეტავდა, რომ თინიკოს თავისი გასაღებით გაეღო. ამჯერადაც ასე მოიქცა და შევიდა თუ არა ბინაში, ჯერ ჩამქრალი შუქი ეუცნაურა, შემდეგ კი საძინებლიდან გამომავალი ხმები.

ერთი ხმა აშკარად დემნასი იყო, მაგრამ მეორე... თინიკო ყურებს არ უჯერებდა: აშკარად მეგის ხმა იყო, მის კისკისს ყველა ხმაში გამოარჩევდა. რასაც თინიკო უსმენდა, არ ტოვებდა რამე ხელმოსაჭიდის საფუძველს: ყველაფერი ნათელი იყო, ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშეც.

თინიკომ ისევე ჩუმად გამოიხურა ბინის კარი, როგორც შევიდა. სად უნდა წასულიყო?! ისევ კლინიკაში დაბრუნდა და ღამე თეთრად გაათენა.

მაშინ მიხვდა თინიკო, რომ მისმა თანამშრომლებმა ყველაფერი იცოდნენ და ებრალებოდათ, თავად თინიკო კი ისე იყო დაბრმავებული თავისი ქმრისადმი სიყვარულით, რომ ვერაფერს ამჩნევდა, ვერც საკუთარ თავზე ამოსულ უზარმაზარ რქებს.

ვერც შეამჩნევდა, ვინაიდან თინიკო დემნას ბრმად ენდობოდა, მის გამო ბევრ რამეზეც თქვა უარი, საკუთარ ოჯახსაც დაუპირისპირდა და შვილსაც კი დემნას ხათრით არ აჩენდა, იმიტომ რომ დემნა მზად არ იყი მამობისთვის. ყოველ შემთხვევაში, ასე ეუბნებოდა თავის ცოლს, ცოტა ხანს ჩვენთვის ვიცხოვროთო. ახლა თინიკოსთვის ცხადი გახდა, რომ შვილი სულ სხვა მიზეზით არ უნდოდა დემნას, მას არ უნდოდა, რომ ბავშვს ის თინიკოსთან მჭიდროდ დაეკავშირებინა.

თინიკოს რცხვენოდა ყველასი: თავისი მშობლების, კოლეგების და, რაც მთავარია, საკუთარი თავის, რომელსაც უღალატა და ცხოვრება დემნას ახირებებზე ააწყო. ამიტომ მისი ტვინი გამალებით ეძებდა გამოსავალს და დილისკენ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც, მისი აზრით, ერთადერთი გონივრული გამოსავალი იყო.

თინიკო მთავარი ექიმის მოსვლას დაელოდა და შვებულება სთხოვა. იმდენად დათრგუნული და გაწამებული სახე ჰქონდა, რომ მთავარ ექიმს არც უკითხავს მიზეზი, მაშინვე დაეთანხმა.

- ბატონო გოგი, შეიძლება, ვერც გამოვიდე სამსახურში შვებულების შემდეგ, – თინიკო ცდილობდა, თავი ხელში აეყვანა, მაგრამ ხმა მაინც უკანკალებდა.

– შემიძლია, რამეთი დაგეხმარო? – ბატონი გოგი ხვდებოდა, რომ თინიკო სერიოზული პრობლემის წინაშე იდგა. თინიკომ თავი გააქნია.

– მაშინ, ჯერ შვებულება აიღე და მერე ვილაპარაკოთ, – შესთავაზა მთავარმა ექიმმა. თინიკომ ამჯერად თავი დაუქნია.

მაშინვე სახლში არ წასულა, მოიცადა, რომ დემნას სამსახურში წასვლა მოესწრო. მოგვიანებით მივიდა ბინაში, თავისი ნივთები ჩაალაგა და სადგურისკენ გაეშურა.

ქობულეთის მთიან სოფელში ბებიამისმა პატარა კარ-მიდამო დაუტოვა და თინიკო სწორედ იქ გაეშურა. დარწმუნებული იყო, რომ იქ დემნა ნამდვილად არ მოძებნიდა.

ახალი სიმბარათი იყიდა. ძველი გადააგდო. არც მშობლებთან უნდოდა მისვლა და არც მათთვის რამის თქმა, იმიტომ რომ მაინც გაუფუჭდა ურთიერთობა დემნას გამო და საყვედურების მოსმენას მოერიდა. თან, მამამისი მკაცრი კაცი იყო, თინიკოს არც კი ახსოვს, მოჰფერებოდა, დედამისი კი მუდმივად იმის ხაზგასმას ცდილობდა, რომ მის გარეშე თინიკო არაფერს წარმოადგენდა და ამიტომ ისე უნდა ეცხოვრა, როგორც დედამისი ეტყოდა. ერთადერთი ნათელი წერტილი თინიკოს ცხოვრებაში ბებია ციალა იყო. თინიკო, ფაქტობრივად, მასთან გაიზარდა, ყველა არდადეგებს ბებიამისთან ატარებდა და ორიოდე წელი მასთან მუდმივადაც ცხოვრობდა კიდეც. თინიკო ოცნებობდა ხოლმე, რომ სულ ბებიასთან დარჩენილიყო სოფელში, რაც დედამისს უფრო აბრაზებდა, თუმცა თინიკოს ბებია სწორედ დედამისის დედა იყო, მაგრამ ერთმანეთს არ ჰგავდნენ – არც გარეგნობით და არც ხასიათით. ხანდახან თინიკოს იმაშიც ეპარებოდა ეჭვი, იყო თუ არა დედამისი ბებიამისის ღვიძლი შვილი, მაგრამ, როდესაც გაახსენდებოდა, თუ როგორ უყვარდა ბებია ციალას თავისი შვილიშვილი, ამ აზრს უკუაგდებდა ხოლმე თავიდან.

დილის მატარებელს გაჰყვა და შუადღეს უკვე ქობულეთში იყო, ტაქსით ავიდა თავის სოფელში, სადაც ბოლოს ათი წლის წინ ჩავიდა, როდესაც ბებიამისი გარდაიცვალა... სოფელს ძველებური იერსახე ჰქონდა, იქ თითქოს დრო გაიყინაო. არც ხალხი ჩანდა და არც რამ სულიერი...

– ეს ზუსტად ისაა, რაც მე ახლა მჭირდება, – გაიფიქრა თინიკომ და თვალი შეავლო თავისი ბავშვობის სახლს: ეზო მოვლილი დახვდა. თინიკომ ძლივს გააღო სახლის აჭედილი კარი.

რამდენიმე დღე დასჭირდა, რომ სახლი თავის ჭკუაზე მოეყვანა. მარტო ამდენ საქმეს ვერც აუვიდოდა, მაგრამ მეზობლები დაეხმარნენ. ყველას ახსოვდა ციალა ბებო, ტკბილი, მოსიყვარულე, ყველას გვერდში მდგომი და დამხმარე. სოფლის სკოლაში მუშაობდა მასწავლებლად 40 წლის განმავლობაში და ციალა მასწავლებელი ყველას უყვარდა, ამიტომ ცდილობდნენ, რაღაცით მაინც დახმარებოდნენ მის შვილიშვილს, რომ ამით მაინც ეცათ პატივი მისი ხსოვნისთვის.

თინიკო არც ელოდა, თუ სოფელი ასე გულითადად მიიღებდა. ბებიამისის საფლავიც მოვლილი დახვდა: არავინ ამადლიდა ციალა მასწავლებელს საფლავის სარეველებისგან გაწმენდას და შავი ფილის გასუფთავებას, რომელზეც მისი მუდამ მოღიმარი სათნო სახე იყო აღბეჭდილი.

ერთ დღესაც თინიკოსთან მეზობლის ქალი მივიდა აქოშინებული:

– მაპატიე, დაგპირდი, მაგრამ დღეს ვერ მოგეხმარები. ჩემი უმცროსი მუცელს იტკიებს, გული აერია უკვე სამჯერ, მუცელიც გაბერილი აქვს...

თინიკომ მაშინვე ჩაიცვა.

– წამო, გავსინჯავ, მე ხომ ექიმი ვარ?! – და თავის სამედიცინო ჩანთას დასტაცა ხელი, რომელიც სულ მუდამ თან დაჰქონდა.

პატარა ლიკა მოწამლულიყო და თინიკო მაშინვე დატრიალდა: ბავშვს წვეთოვანი დაუდგა და დედამისს აუხსნა, რა უნდა გაეკეთებინა

– თუ გართულდა, ჩემი ტელეფონის ნომერი იცი და დამირეკე, გაუვლის. მალე ჩიტივით იქნება, – დააიმედა თინიკომ აღელვებული დედა.

– მადლობა, არც კი იცი, როგორი მადლიერი ვარ შენი. კიდევ კარგი, რომ ექიმი ხარ. ქობულეთში დავდივართ ექიმისთვის. ადრე ჩვენც გვყავდა, მაგრამ ახლა დავრჩით ასე... გეხვეწები, უარი არ მითხრა, ფაჰლავა გამოვაცხვე და უნდა გაგატანო.

თინიკო უარობდა, მაგრამ ვერაფერს გახდა...

იმ დღის შემდეგ თინიკოსთან ხან ვინ მიდიოდა და ხან – ვინ. ისიც უარს ვერავის ეუბნებოდა, იმიტომ რომ მთელმა სოფელმა გულითადად მიიღო და დაეხმარა, ვისაც როგორ შეეძლო. ეს ამბავმა რაიონულ ცენტრშიც ჩააღწია და თინიკოც დაიბარეს, თუმცა თავისი პირობები წაუყენა. სოფელში გავხსნათ ერთი კაბინეტი მაინცო, ითხოვდა დაჟინებით და კიდეც აისრულა ჩანაფიქრი.

***

თინიკო ისე ჩაეფლო ყოველდღიურობაში, რომ დემნა დაავიწყდა კიდეც, თუმცა სინდისი ქენჯნიდა, რომ მშობლებს არაფერი გააგებინა, ამიტომ ერთ საღამოსაც დაფარული ნომრით დაურეკა დედამისს (ეშმაკს არ სძინავს და თადარიგი მაინც დაიჭირა), მაგრამ ქალბატონმა ეთომ შვილის ხმა გაიგონა თუ არა, ისეთი ლანძღვა-გინება ატეხა, რომ თინიკომ მაშინვე გათიშა ტელეფონი და დალოცა ის, ვინც ნომრის დაფარვის სერვისი გამოიგონა. თინიკო მიხვდა, რომ დემნამ მის მშობლებს უთხრა, რომ თინიკომ მიატოვა (აბა, ნამდვილ ამბავს ხომ არ მოუყვებოდა?!), დედამისმა კი დაასკვნა, რომ თინიკომ დემნას უღალატა. თინიკოს გაეცინა, მაგრამ სიცილი მალევე შეეყინა ტუჩებზე, იმიტომ რომ კარზე ვიღაცამ საკმაოდ ძლიერად დააბრახუნა:

– ვინ უნდა იყოს ასე გვიან? – თინიკოს შიში შეეპარა.

– ვინ არის? რატომ აბრახუნებთ? რომელი საათია?! – თინიკო შეეცადა, მკაცრი ხმით ელაპარაკა.

– ძალიან დიდი ბოდიში, გვიან მოვედი, უბრალოდ, ვერ გაგაგონეთ და ძლიერად იმიტომ დავარახუნე. ბავშვი გამიხდა ცუდად...

თინიკომ მაშინვე გააღო კარი. სახლში ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა:

– რამდენიმე დღით ჩამოვიყვანე დედაჩემთან, დავტოვე და სამი დღეა, თურმე, მაღალი სიცხე აქვს, ვერ უგდებენ. იფიქრეს, რომ უბრალოდ, გაცივდა, მაგრამ... წამომყევით, თუ შეიძლება...

თინიკომ მაშინვე მომზადება დაიწყო, გზაში კი ეკითხებოდა ბავშვის სიმპტომებს. როდესაც ადგილზე მივიდნენ, თინიკომ დაინახა პატარა, ფერმკრთალი გოგონა, რომელიც დიდ საწოლზე იწვა და ამიტომ უფრო პატარა ჩანდა. ბავშვი ხშირად სუნთქავდა და თვალებზე ეტყობოდა, რომ სიცხისგან იყო გათანგული. სანდომიანი ასაკოვანი ქალი მაშინვე მოშორდა ბავშვის საწოლს.

თინიკომ პატარა გოგონა გულდასმით გასინჯა:

– კლინიკაში უნდა წავიყვანოთ. აუცილებლად.

მამაკაცმა თავი გადააქნია უარის ნიშნად: მე მის გარდა არავინ მყავს, დედამისი მშობიარობას გადაჰყვა. ვერ გავრისკავ.

– კლინიკაში წაყვანა გარისკვა არ არის, – შეეწინააღმდეგა თინიკო, – იქ მას დაეხმარებიან.

მამაკაცი ისევ თავს აქნევდა უარის ნიშნად. თინიკო მის დარწმუნებას ცდილობდა: მე ვერ შევძლებ დახმარებას. არ მაქვს საჭირო პრეპარატები. გთხოვთ, გადაიყვანეთ კლინიკაში.

– ნებისმიერ წამალს მოგიტანთ, ოღონდ კლინიკაში არ წამაყვანინოთ. გთხოვთ, დამეხმარეთ

თინიკო ხედავდა, როგორ ღელავდა მამა და მხოლოდ ახლაღა შეათვალიერა: მისი ასაკის იქნებოდა, მაღალი, კარგი აღნაგობის, წაბლისფერი თმა ჰქონდა, მწვანე თვალები და იმდენად გრძელი და ხშირი წამწამები, რომ თინიკოს შეშურდა კიდეც, თუმცა ეს ფიქრი მაშინვე ამოიგდო თავიდან: „სულ გამოვშტერდი, ამის დროა ახლა?!“

– მე აქ დავრჩები, სანამ მოხვალთ. ჩამოგიწერთ, რა უნდა მოიტანოთ. ბავშვს რა ჰქვია?

– ბაბი. მე – სოსო. დედაჩემს – ლია. მადლობა! მალე მოვალ, - სოსო სწრაფად გავარდა ოთახიდან და თინიკო ქალბატონ ლიას მიუბრუნდა: ნუ ღელავთ, ყველაფერი კარგად იქნება. ქალს სახეზე ფერი არ ედო: სულ ჩემი ბრალია ყველაფერი, მაშინვე რატომ არ დავურეკე?

– მალე კარგად გახდება. აი, ნახავთ, – უთხრა თინიკომ და ბავშვთან ახლოს ჩამოჯდა, რომელიც სიცხისგან ლამის იწვოდა. ხელში აიყვანა. გაიხსნა პერანგი, ბავშვსაც გახადა და სხეულზე მიიკრა, გარედან კი ზეწარი შემოახვია – აგრილებდა.

სოსო ორიოდ საათში დაბრუნდა. თინიკომ ბავშვს ნემსი გაუკეთა და შუბლზე კომბოსტოს ფურცლები დაადო.

– ახლა უნდა დაველოდოთ.

ორივენი ბაბის საწოლთან ისხდნენ დილამდე, სანამ ბავშვის სუნთქვა მშვიდი და თანაბარი არ გახდა.

– ახლა შეგვიძლია, მშვიდად ვიყოთ, – უთხრა თინიკომ აღელვებულ მამას.

– დიდი მადლობა.

სოსო ისევ ღელავდა, მაგრამ სახეზე მადლიერებასთან ერთად სიმშვიდე ეწერა.

***

– უხერხული არ იქნება? - ჰკითხა სოსომ თინიკოს.

– არ ვიცი. არ ვფიქრობ ამაზე, – ჩაფიქრებულმა უპასუხა თინიკომ.

– იფიქრე, იქნებ რამე მოიფიქრო. ჩვენ არ ვირჩევთ მშობლებს. როგორებიც უნდა იყვნენ, ისეთები არიან, როგორებიც არიან.

– როგორ დაუჯერეს... – თინიკოს დემნას სახელის ხსენებაც კი არ უნდოდა.

– დაუჯერეს და დაუჯერეს. შენც მოუბოდიშე, ასე გამოვიდა-თქო, – თინიკოს გაეცინა სოსოს რჩევაზე და, მართლაც, რატომ უნდა გადაარწმუნო ადამიანები, თუკი მათ რამე დაიჯერეს?! თინიკომ სულ სხვანაირად შეხედა თავისი მშობლების ქცევებს. საერთოდაც, სრულიად სხვაგვარად დაინახა თავისი ცხოვრება, რაც მასში სოსო და ბაბი გაჩნდნენ, ორი ადამიანი, რომლებსაც თინიკო უყვარდათ ისეთი, როგორიც თინიკო იყო.

– მართალი ხარ, უხერხული იქნება. წავიდეთ, გაგაცნობთ და მე ბოდიშსაც კი მოვუხდი მათ, – გაუღიმა თინიკომ სოსოს.

– ასე არ ჯობია?! – სოსომ თინიკოს ლოყაზე აკოცა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა