რომანი და დეტექტივი

მკურნალი

№16

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 29.04, 2023 წელი

მკურნალი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #15 (1163)

ლევანის კერძო პრაქტიკა კიდევ უფრო მეტი წარმატებით ვითარდებოდა, ვიდრე ადრე და მას პაციენტები არ აკლდა. მით უმეტეს იმიტომ, რომ ძველი, ძირგამომპალი წყობა იშლებოდა და დასტრესილი ადამიანების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. პროფესორის პაციენტებს შორის ისეთი ხალხი ჭარბობდა, ვისაც საკმაოდ დიდი თანამდებობა ეკავა, დიდ ფულს შოულობდნენ და ერთგულად ემსახურებოდნენ „წითელ იმპერიას“. პროფესორი მათგან საკმაო გასამრჯელოს იღებდა და ფსიქიკურ და ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეს უბრუნებდა. თუმცა, დამატებით შეთავაზებას არასოდეს თანხმდებოდა და დაწესებულ ტარიფზე მეტს ან სხვა საჩუქრებს მათგან არ იღებდა. ლევანი ხელმოკლე ადამიანებსაც იმავე გულმოდგინებითა და პროფესიონალიზმით მკურნალობდა, ამასთან უმეტეს მათგანს უფასოდ. არ ართმევდა, ან იმდენს იღებდა, რამდენის მიცემაც მათ შეეძლოთ. ამასობაში საბჭოთა კავშირი სულს ღაფავდა. საქართველოში მთავრობა შეიცვალა და ხელისუფლებაში ის ძალები მოვიდნენ, ვის გამოც კომუნისტურმა მთავრობამ ლევან ბაქრაძე მიწასთან გაასწორა. პროფესორს უპირობოდ შეეძლო ამ მომენტის სათავისოდ გამოყენება. თანამდებობისა და სხვა სიკეთის მოხვეჭას რომ დავანებოთ თავი, ლევანს, უბრალოდ, თავისი შელახული სახელის საჭირო რეაბილიტაცია და ბოდიშის მოხდა მაინც შეეძლო იმ ხალხისგან, ვინც მას დევნიდა. თუმცა, პროფესორმა არც ეს გააკეთა და თავის პროფესიულ საქმიანობას ძველებურად განაგრძობდა. დადგა ის ჟამიც, როდესაც გამარჯვებულმა ქვეყნის ლიდერმა (გენერლის მიერ წოდებულმა „იდეურმა ლიდერმა“) ლევანი თავის კაბინეტში მიიწვია. პროფესორს ის კართან შეეგება და ძალიან გულთბილად მიიღო. სავარძელი შესთავაზა, თვითონ მოპირდაპირე სავარძელში მოთავსდა და უთხრა:

– ბატონო ლევან, მთელი ამ წლების განმავლობაში თქვენთვის მადლობის გადახდა მინდოდა, მაგრამ მხოლოდ ახლა მომეცა ამის საშუალება და გულწრფელ მადლობას გიხდით. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. თქვენნაირი ჭეშმარიტი მამულიშვილი გვიმრავლოს უფალმა და მინდა, ერთი რამ შემოგთავაზოთ და თქვენი აზრი მაინტერესებს.

– ბრძანეთ, ბატონო. გისმენთ, – მიუგო ლევანმა.

– თქვენი პატიოსნებისა და პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის პოსტს გთავაზობთ და ამ წინადადებაზე რა აზრის ბრძანდებით?

– გმადლობთ, ბატონო ჩემო, ასეთი აღიარებისა და დაფასებისთვის, მაგრამ უარი უნდა გითხრათ. ჩემთვის უმთავრესია ადამიანების მკურნალობა და პოლიტიკური თანამდებობა ამ მიზანს ამაცდენს. დიდ ბოდიშს გიხდით...

– რა გაეწყობა, ჩემო კარგო. თქვენი პასუხი დამაჯერებელია და ვფიქრობ, მართალი ბრძანდებით. ალბათ, თქვენს ადგილზე მეც ასე მოვიქცეოდი. მაგრამ კიდევ ერთი თხოვნა მაქვს – ძმად და უახლოეს ადამიანად მიგულეთ. ღმერთმა არაფერი დაგაჭირვოთ, მაგრამ თუკი რამეში გამოგადგებით, ჩემი კაბინეტისა და სახლის კარი თქვენთვის ყოველთვის ღიაა და შეგიძლიათ, თამამად მესტუმროთ.

კაბინეტის მასპინძელი და ლევანი ერთმანეთს ძმურად გადაეხვივნენ და პროფესორი ბაქრაძე სახლში დაბრუნდა.

***

ეროვნული მთავრობის დამხობამ, სამოქალაქო ომმა და საყოველთაო უბედურებამ კიდევ უფრო მეტი პაციენტი გაუჩინა ლევანს. პროფესორი მათ მკურნალობას ვერ აუდიოდა და სასტიკად იქანცებოდა. თუმცა, თავის პრინციპებს წამითაც არ ღალატობდა და მკურნალობაზე არავის ეუბნებოდა უარს.

ერთ საღამოს შინ დაბრუნებულ ლევანს მეუღლემ უთხრა:

– როგორ ხარ, საყვარელო, დაიღალე?

პროფესორს არ გამოჰპარვია, რომ ქალს მისთვის რაღაც საგანგებო ჰქონდა სათქმელი და მიუგო:

– როგორც ყოველთვის. რა ხდება, რისი თქმა გინდა?

ქალს ირონიულად გაეღიმა და ქმარს უთხრა:

– შენთან ერთი განსაკუთრებული პაციენტი უნდა მოიყვანონ სამკურნალოდ.

– ყველა პაციენტი განსაკუთრებულია, საყვარელო, – უმალე მიუგო მეუღლეს ლევანმა და დაამატა,– გინდა გითხრა, ვინ?

– რა, შენთანაც იყო და იცი ვინაა?

– არა. ჩემთან არ ყოფილა, მაგრამ დიდი ალბათობით, ვხვდები, ვისზეა ლაპარაკი.

– გაფიცებ ჩემს თავს, მართლა არ იცი? შენთან არ ყოფილა?

– როდესმე მომიტყუებიხარ?

– არა, – თქვა ქალმა და დაამატა, – აბა, მითხარი, ვინ?

– ვინ და თუ არ ვცდები, „კრაზანა“,– თქვა ლევანმა. ცოლს თვალი თვალში გაუყარა და დაამატა, – გამოვიცანი?

– კი. სწორედ ის.

– მომიყევი, გისმენ.

ქალმა ღიმილით გააქნია თავი და ლევანს უთხრა:

– შუადღეზე სამოცდაათიოდე წლის ქალი მოვიდა ჩვენთან. სახეზე შევატყვე, რომ ძალიან აღელვებული იყო და ცდილობდა, ეს დაემალა. მე ის სახლში შემოვიყვანე, ყავა მივართვი. სიგარეტის მოწევა ითხოვა და ნებართვა რომ მიიღო, გააბოლა. ცოტა დამშვიდდა და მითხრა:

– ქალბატონო, მე მყავს ერთადერთი ვაჟი. ის 50 წლისაა და უკიდურესად დათრგუნულ მდგომარეობაშია. თქვენი მეუღლის დახმარება სჭირდება და აქ იმიტომ მოვედი, რომ ბატონ ლევანთან მიშუამდგომლოთ.

– თქვენი სახელი, ქალბატონო? – ვკითხე მას.

– ჯილდა, – მიპასუხა ქალმა, თან რატომღაც სახე წამოეჭარხლა და დაამატა, – იცით, შეიძლება, კიდეც გსმენიათ ჩემ შესახებ.

– ბოდიშს გიხდით, მაგრამ არ გიცნობთ და არც არაფერი მსმენია თქვენზე, – ვუპასუხე ქალს. მან კი მითხრა:

– კარგი. ეს არაა მნიშვნელოვანი. თქვენი შუამდგომლობა მჭირდება და იქნება დამეხმაროთ, რომ ბატონმა პროფესორმა ჩემი შვილი მიიღოს?

– ქალბატონო ჯილდა, ჩემი მეუღლე ყველას იღებს, ყველას მკურნალობს და ამისთვის სულაც არაა საჭირო ჩემი შუამდგომლობა. შეგიძლიათ, მიბრძანდეთ მის კლინიკაში თქვენს შვილთან ერთად და ჩაეწეროთ. გარწმუნებთ, რომ არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ. მეტსაც გეტყვით, თუკი სამკურნალო თანხები არ გაგაჩნიათ, ლევანი უფასოდ, ჩვეულებრივ, მაღალ დონეზე უმკურნალებს თქვენს ვაჟს და ფულზე სიტყვასაც არ დაძრავს. არაფერს გაგრძნობინებთ.

– ფულში არაა საქმე, ქალბატონო. უბრალოდ, ჩემი ვაჟი საყოველთაოდ ცნობილი ჟურნალისტია, ფსევდონიმით – „კრაზანა“ და თქვენმა მეუღლემ შეიძლება, უარი თქვას მის მკურნალობაზე.

– ნუ დარდობთ, ქალბატონო ჯილდა. ჩემი მეუღლე ყველას ერთნაირად მკურნალობს და შეგიძლიათ, თამამად მიიყვანოთ მასთან თქვენი ვაჟი, – ვუთხარი იმ ქალს. ერთი სიტყვით, დავამშვიდე. ხვალ დილით ორივე მოვა შენთან კლინიკაში.

– რაზეა ლაპარაკი, მოვიდნენ, – თქვა პროფესორმა და დაამატა, – ბუნების კანონია, კრაზანა რომ ნესტარს ჩაარჭობს თავის მსხვერპლს, შემდგომ თავადაც იღუპება, მაგრამ შევეცდები, რომ ჩვენი კრაზანას შემთხვევაში, ეს არ დავუშვა.

***

50 წლის შალვა თოხაძე, იგივე „კრაზანა“, იმაზე მეტად დასტრესილი პაციენტი აღმოჩნდა, ვიდრე ამას პროფესორი ლევან ბაქრაძე წარმოადგენდა. პირველმა სეანსმა თვალნათლივ დაანახვა ლევანს, რომ მისი პაციენტი იმაზე ბევრად უფრო მეტ ძალისხმევასა და მკურნალობას საჭიროებდა, ვიდრე სხვები. მკურნალობის პირველი სეანსი რომ დასრულდა, თოხაძეს დედამ ლევანს ანიშნა, პირისპირ საუბარი მინდაო. პროფესორმა პაციენტი საპროცედუროში დატოვა, ქალთან ერთად განმარტოვდა და მას უთხრა:

– გისმენთ, ქალბატონო. ბრძანეთ, რისი თქმა გსურთ.

– ბატონო პროფესორო, მე ჯილდა თოხაძე გახლავართ. თუ ოპერა გიყვართ, აუცილებლად გეცნობებით.

– ქალბატონო ჯილდა, სიმართლე გითხრათ, ოპერა არასოდეს მიტაცებდა, თუმც,ა ახლა გამახსენდა, რომ თქვენი სახელი ნამდვილად გამიგონია.

– დიახ, ბატონო ლევან, მე საკმაოდ ცნობილი და პოპულარული ვიყავი ამ წრეებში და კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენი პროფესია ძალიან დიდ ენერგიასა და დროს მოითხოვს. სიმართლე გითხრათ, იმდენად დაკავებული ვიყავი, რომ ჩემი შვილისთვის დრო აღარ მრჩებოდა და ბიჭი, ფაქტობრივად, მარტო გაიზარდა. მამამისს საერთოდ არ იცნობს. თუმცა, უნდა გამოგიტყდეთ, რომ მან, ესე იგი, ჩემი შვილის მამამ, არც კი იცოდა, რომ შვილი ჰყავდა. ჩვენ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით, როდესაც ერთმანეთს შევხვდით. მე დავფეხმძიმდი და როდესაც ნაყოფის მოშორება გადავწყვიტე, უკვე გვიან იყო. შალიკოს მამა კი ამ დროს ჯარში წაიყვანეს და არც კი იცოდა ჩემი ფეხმძიმობის შესახებ. ჩემი მშობლები ძალიან გამწარდნენ, მაგრამ ბედის ანაბარა ხომ არ მიმატოვებდნენ. თუმცა, სირცხვილი რომ აეცილებინათ, მოსკოვში წამიყვანეს და იქ მამშობიარეს. იქვე დავიდეთ ბინა და თბილისში მხოლოდ 5 წლის მერე დავბრუნდი, მას შემდეგ, როდესაც დედ-მამა გარდამეცვალა. მე უკვე ოპერის მსახიობი ვიყავი და მცირე როლების გამოცდილებაც მქონდა. თბილისში კი მთავარი როლები მომცეს და ჩემი კარიერა წარმატებით გაგრძელდა. სამაგიეროდ, წარუმატებელი იყო ჩემი, როგორც დედის, კარიერა. მიჩვეული ვიყავი, რომ შალიკოს ჩემი მშობლები პატრონობდნენ და დედობის არანაირი გამოცდილება არ მქონდა. ამიტომ ძიძა დავიქირავე და ჩემს შვილს ის ზრდიდა. მე კი სულ თეატრსა და გასტროლებში ვხარჯავდი დროს და შვილისთვის არ მეცალა. მართალია, ის მატერიალურად უზრუნველყოფილი მყავდა, მაგრამ დედის სითბო აკლდა და ეს იყო მთავარი. ასე გაიარა ოცმა წელმა და ერთხელ შევნიშნე, რომ სახლში რამდენიმე ძვირფასი სამკაული გაქრა. თავდაპირველად მოსამსახურე გოგონაზე ავიღე ეჭვი, თუმცა მოგვიანებით შევიტყვე, რომ თურმე, ეს სამკაულები შალიკოს აუღია ჩუმად და გაუყიდია. კარტში ჰქონია ფული წაგებული და მათთვის მიუტანია. მაშინ ჩემი შვილი 18 წლის იყო. ამის მერე ყველა სამკაული გადავმალე. შალიკო კი შევაშინე – მილიციაში განვაცხადებ-მეთქი და მეგონა, რომ ჩემმა მუქარამ გაჭრა, მაგრამ ის მაინც აგრძელებდა კარტის თამაშს და 20 წლის იყო, როდესაც ერთ დღეს სახლში გაფითრებული დამხვდა და მიზეზი რომ ვკითხე, მიპასუხა: დედა, 800 მანეთი მაქვს წაგებული და ხვალ თუ არ ჩავაბარე, მომკლავენო... რა უნდა მექნა, ის ფული მივეცი. თუმცა დავიფიცე, რომ თუკი ამ საშინელებას არ მოეშვებოდა, არც ფულს მივცემდი და მილიციაში განვაცხადებდი. თქვენ წარმოიდგინეთ, ამან გაჭრა. შალიკო ჩამოშორდა ამ საქმეს. ინსტიტუტში ჩააბარა, ჟურნალისტის დიპლომი აიღო და მუშაობაც დაიწყო. დავმშვიდდი. ვიფიქრე, გვეშველა-მეთქი. ცოლიც მოიყვანა და შვილიც გაუჩნდა. თუმცა, ბედმა ისევ უმტყუნა. დღემდე არ ვიცი, ცოლთან რატომ მოუვიდა ჩხუბი, მაგრამ ჩემმა რძალმა 6 წლის შვილს ხელი დაავლო, დაჰკრა ფეხი და რუსეთში გაემგზავრა. მას მერე არასოდეს გამოჩენილა. შალვა კი ისევ შეიცვალა, გაბოროტდა და ბინძური ადამიანების დაკვეთით, ბინძური სტატიების წერა დაიწყო „კრაზანას“ ფსევდონიმით. ამ ყველაფერში ის ძალიან ჩაეფლო. შემდგომ ქვეყანაში უმძიმესი პერიოდი დადგა. იმ ხალხმა, ვისაც შალვა ტალახს ესროდა, გაიგეს მისი, ანუ „კრაზანას“ ნამდვილი ვინაობა და მასზე ისეთი ზეწოლა მოახდინეს, რომ საშინლად დაისტრესა. ორჯერ თავსაც კი დაესხნენ და ერთხელ ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს. აი, ბატონო ლევან, ეს მინდოდა, თქვენთვის მეთქვა და ახლა თქვენზეა დამოკიდებული ყველაფერი.

– კარგი, ქალბატონო ჯილდა. მე ყველანაირად შევეცდები თქვენი ვაჟის გამოჯანმრთელებას და იმედია, რომ გამომივა კიდეც, – უთხრა პროფესორმა პაციენტის დედამ და მას მერე, რაც მკურნალობის სეანსების გრაფიკი შეუდგინა, კლინიკიდან გაისტუმრა.

***

შალვა თოხაძის მკურნალობა ნელ-ნელა, მაგრამ დადებითი დინამიკით ვითარდებოდა. თუკი სხვა პაციენტების სამკურნალოდ ლევანს 3-4 თვე ჰყოფნიდა, „კრაზანასთან“ სამჯერ მეტი დრო დასჭირდა. თუმცა, პროფესორმა გახსნა თავისი პაციენტი და ძალიან მცირე დრო იყო საჭირო სრული რეაბილიტაციისთვის. ბაქრაძემ ისიც კი მოახერხა, რომ თოხაძემ მას ცოლთან დაშორების ნამდვილი, ძალიან ინტიმური დეტალები გაუმხილა და უთხრა:

– ბატონო ლევან, ცოლთან გაყრა ჩემთვის უდიდესი ტრაგედია იყო და ისეთი სტრესი მივიღე, ჩემს ამ მდგომარეობაში ჩავარდნაში ამან გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია. მეუღლე ძალიან მიყვარდა და ვცდილობდი, ყველა მისი სურვილი შემესრულებინა. ის ლამაზი, ძალიან ვნებიანი ქალი იყო და ყოველდღე გიჟური ინტიმი გვქონდა. იმავდროულად, მე სამსახურშიც ძალიან გადატვირთული ვიყავი და ისე გადავიღალე, რომ მეუღლესთან აქტივობას მოვუკელი. ცოტა დასვენება მჭირდებოდა, რომ ძველი პოტენცია აღმედგინა, მაგრამ ჩემი მეუღლე ამის საშუალებას არ მაძლევდა. ერთხელაც ძალიან დაღლილი დავბრუნდი სახლში. ერთი სული მქონდა, დამეძინა, მაგრამ თავს ძალა დავატანე და ცოლის ნებას დავყევი, თუმცა სრულად ვერ დავაკმაყოფილე და მან ჯერ ჩხუბი დამიწყო, ბოლოს დაცინვაზე გადავიდა და იმპოტენტი მიწოდა. მე ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი, წადი, რასპუტინი იპოვე-მეთქი. არ მეგონა, თუ მართლა წავიდოდა და დაქანცულს ჩამეძინა. დილით კი, რომ გამოვიღვიძე, მაგიდაზე ჩემი ცოლის წერილი დამხვდა: „წავედი, იმპოტენტო და დარწმუნებული იყავი, რომ ნამდვილ მამაკაცს ვიპოვი. ვნანობ, რომ შენნაირ უვარგისთან ვკარგავდი დროს.“ თუ არ მოკვდებოდი, არ მეგონა. ალბათ, მისი ძებნა უნდა დამეწყო, მაგრამ ეს არ გავაკეთე. სამაგიეროდ, ისე გავბოროტდი, რომ ბინძური ადამიანების ბინძურ შეკვეთებს ვასრულებდი: უდანაშაულო ადამიანებს ჩირქს ვცხებდი და ამაში კარგ გასამრჯელოს ვიღებდი. ახლა ამ ყველაფერს ვნანობ და ვგრძნობ, რომ თქვენი თავი ღმერთმა გამომიგზავნა და შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ თითქმის გამოვჯანმრთელდი.

ლევანს გაეღიმა. თოხაძეს მხარზე ხელი დაადო და უთხრა:

– თითქმის კი არა, როგორც ექიმი, გარწმუნებ, რომ გამოჯანმრთელდით და შეგიძლიათ, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეთ.

– ბატონო ლევან, თქვენთან კიდევ ერთი სათქმელი მაქვს, რაც 30 წელია, მტანჯავს და მხოლოდ მაშინ მოვიხსნი ამ ტვირთს, როდესაც ბოლომდე გადაგიშლით გულს.

– ბრძანეთ, გისმენთ.

– ბატონო ლევან, ერთხელ, მაშინ 20 წლის ვიყავი, კარტში ფული წავაგე. ვერსად ვერ ვიშოვე და გადავწყვიტე, დანაშაული ჩამედინა. ზამთარი იყო. ციოდა და ქუჩები სქელი ყინულით იყო დაფარული. ირგვლივ კაციშვილი არ ჭაჭანებდა. საკბილოს ძებნაში დავეხეტებოდი. უცებ, შევნიშნე, რომ ქუჩაზე ქალი ჩამოდიოდა. იქვე, სადარბაზოში დავიმალე და დაველოდე. ქალი რომ მომიახლოვდა, სადარბაზოდან გამოვვარდი და ჩანთა გავტაცე. მერე ადგილს მოვწყდი, თან ძლიერი, საშინელი ხმა გავიგონე, თითქოს რაღაც გასკდაო. წამით უკან მოვიხედე და დავინახე, რომ ის ქალი მიწაზე ეგდო. ვიფიქრე, დავბრუნდები და მივეხმარები-მეთქი, მაგრამ შემეშინდა და გავიქეცი. ჩანთაში მხოლოდ ათი მანეთი აღმოვაჩინე. ფული უკან ჩავდე და ჩანთა მტკვარში გადავაგდე. მაშინ ჩასაბარებელი ფული დედამ მომცა და გაფუჭებას გადავრჩი. თუმცა, არ ვიცი, იმ ქალს რა დაემართა. მინდოდა, შემთხვევის ადგილზე მივსულიყავი, იქნებ, გამერკვია, რა მოხდა, მაგრამ შემეშინდა. სამი დღის მერე კი დედამ მოსკოვში წამიყვანა, აქაურობას გამარიდა და ეს ამბავიც, თითქოს, მიმავიწყდა. თუმცა, როდესაც დეპრესია დამეწყო, ჩემდაუნებურად, გონებაში ისევ ამომიტივტივდა ეს ყველაფერი და მტანჯავს. რომ ვიცოდე, თუ რა ბედი ეწია იმ ქალს, რომ არაფერი ვავნე, ეს ლოდიც ჩამომშორდება გულიდან... აი, ამის თქმა მინდოდა.

ლევანს ელდა ეცა. პაციენტის მონთხრობმთ მიხვდა, რომ დიდი ალბათობით, მის წინ ის ადამიანი იჯდა, ვინც დედა მოუკლა. ის, ვისაც პროფესორი უპირობოდ მოკლავდა, თანაც ისე, რომ ის საშინელ ტანჯვაში დალევდა სულს. ლევანმა მთელი ნებისყოფა მოიკრიბა, რომ საკუთარი თავი არ გაეცა. თოხაძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ სწორედ ის იყო დედამისის მკვლელი. ლევანმა გამჭოლი მზერით შეათვალიერა ის, რამდენიმე წამიც და საკუთარ თავს გასცემდა. ლევანმა თვალები დახუჭა, დედის სახე წარმოუდგა და გაახსენდა მისი სიტყვები: შვილო, ბოროტებას რომ ბოროტებით უპასუხებ, ბოროტებას გაამრავლებ და ეცადე, ეს არ ჩაიდინო, უნდა აპატიოო. პროფესორმა თვალები გაახილა, ღრმად ამოისუნთქა და პაციენტს უთხრა: ვიცი, მე ეგ ამბავი, ადრე სწორედ იქ ვცხოვრობდი და კარგად მახსოვს, იმ ქალს მხოლოდ თავი გაუტყდა და ტვინის შერყევაც კი არ ჰქონია, ამიტომ, ჩემო კარგო, შენი ბრალი მინიმალურია. აი, გულიდან ეს ლოდიც მოგცილდა და შეგიძლია, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდე.

შალვა თოხაძეს სახე გაებადრა და ლევანს უთხრა. გმადლობთ, მკურნალო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი