მხსნელი დიაგნოზი
ავტორი: ნია დვალი 20:00 20.12
– ჯერ ადრეა ნერვიულობა, იმიტომ რომ დიაგნოზი წინასწარია. უამრავი ანალიზია ჩასატარებელი, გამოკვლევები, რომ ზუსტად დავსვათ დიაგნოზი, მაგრამ საქმე მაინც... – ექიმმა ფრაზა აღარ დაამთავრა და ახალგაზრდა ცოლ-ქმარს პირველადი ანალიზების პასუხები გაუწოდა.
იამ ქმარს შეხედა და დაინახა, როგორ დაკარგა ფერი დათიმ. ახალგაზრდა მამაკაცმა ქვედა ტუჩი მოიკვნიტა და ორივე ხელით ჩაებღაუჭა სკამს, რომელზეც იჯდა. ეს სტრესის საკმაოდ უცნაური გამოვლინება იყო, მაგრამ იას ამისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია, იმიტომ რომ არავინ იცის, როგორ მოიქცევა, როდესაც მსგავსს შეიტყობს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. იამ არ იცოდა, რა ეთქვა, როგორ მოქცეულიყო და არა იმიტომ, რომ თანაგრძნობის გამოხატვა არ შეეძლო ან მოსმენილმა ისიც არ შეძრა. უბრალოდ, დათი ძალიან უცნაურად იქცეოდა. არადა თავის ქმარს ძალიან კარგად იცნობდა. ბოლოს და ბოლოს, 11 წელია, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ, თუმცა ისიც იყო, რომ მსგავსი ამბავი ადრე არასდროს გაუგონიათ. ბუნებრივია, ორივე დაბნეული იყო და არაადეკვატურად გამოხატავდნენ თავიანთ ემოციებს. ექიმის კაბინეტიდან გამოვიდნენ. არც ერთს ხმა არ ამოუღია. იამ დათის მანქანის გასაღები გამოართვა.
– მე დავჯდები საჭესთან, შენ ჯობია, დაისვენო და ამაზე არ იფიქრო. ხომ იცი, რომ გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს. რამეს მოვიფქრებთ... აუცილებლად. მე სულ შენ გვერდით ვიქნები, – იას თავისდა უნებურად ცრემლები მოერია, მაგრამ თავს სძლია.
დათის ხმა არ ამოუღია, მორჩილად მისცა გასაღები ცოლს. იას გული უკვდებოდა, რადგან იცოდა, რომ დათის ძალიან ეშინოდა და ხმას მაინც არ იღებდა. უცნაურად იქცეოდა და ფერდაკარგული იყო, მაგრამ მთლიანობაში თავი მაინც ყოჩაღად ეჭირა. მთელი გზა უხმოდ იმგზავრეს. დათის არც სახლში დაუძრავს კრინტი. მისაღებ ოთახში, სავარძელში იჯდა და დუმდა. იაც არ აწუხებდა, თუმცა თავისთვის ფიქრობდა, თვითონ როგორ მოიქცეოდა მსგავს სიტუაციაში და, რატომღაც, ეგონა, რომ დათისთან ლაპარაკი, მასთან ჩახუტება მოუნდებოდა, რომ თავი მარტო არ ეგრძნო ასეთი დიდი განსაცდელის წინაშე.
„მაგრამ კაცია და გუნება“, - გაიფიქრა იამ და ლამის ჩრდილად იქცა, რომ დათის ფიქრები არ დაეფრთხო, თუმცა თავად არანაკლებ იტანჯებოდა. ვერც კი წარმოედგინა დათის გარეშე დარჩენა.
„ღმერთო, რა სისულელეებზე ვფიქრობ?!“ – გაუბრაზდა თავის თავს ია. აივანზე გავიდა, იმდენად აღელდა, არ უნდოდა, დათის შეემჩნია მისი ნერვიულობა.
დათის საღამომდე ხმა არ ამოუღია. როდესაც გვარიანად ჩამობნელდა, უსიტყვოდ ადგა და ბინიდან გავიდა. იასთვის არაფერი უთქვამს. ის სამზარეულოში საქმიანობდა, დათის საყვარელ კერძს ამზადებდა, თან, უფროს ქალშვილს ამეცადინებდა, რომელიც ხმამაღლა აბარებდა გაკვეთილებს:
„თუ კაცის სიყვარული კუჭზე გადის, ესე იგი, გუნების გამოსაკეთებლადაც კუჭია მთავარი ადგილი“, – ფიქრობდა ია, როდესაც ვახშმის მომზადება დაასრულა.
იამ დათი მოიკითხა, ისევ სავარძელში ეგულებოდა, მაგრამ ქმარი იქ არ დახვდა. იამ ტელეფონი ამოიღო, თუმცა დარეკვა გადაიფიქრა: „იქნებ ადამიანს უნდა, რომ მარტო დარჩეს თავის თავთან“, – ამოიოხრა და ტელეფონი ისევ ჯიბეში ჩააბრუნა.
ია გვიანობამდე ელოდა დათის, ის კი არა და არ ჩანდა. სძლია თავს და არ დაურეკა და აი, ასე ჩაეძინა სავარძელში. თერთმეტი წლის განმავლობაში პირველად არ გაათენა დათიმ ღამე სახლში. ია დღის შუქმა გააღვიძა და უცებ ვერც მიხვდა, სად იყო. მერე თანდათან გამოერკვა და საათს დახედა: დილის შვიდი საათი იყო, დათი კი ისევ არ ჩანდა. იამ ამჯერად დარეკვა გადაწყვიტა, მაგრამ ქმრის ტელეფონი გამორთული იყო. ბავშვები გააღვიძა, საუზმე მოუმზადა და სკოლაში წაიყვანა. სახლში რომ დაბრუნდა, დათიც იქ დახვდა:
– დათი, ძალიან ვინერვიულე, სად იყავი?! ტელეფონიც გამორთული გქონდა, – იას თვალები აუცრემლიანდა, იმდენად გაუხარდა ქმრის დანახვა, – როგორ შემაშინე? სად გაათიე ღამე? გეძინა მაინც?
– შენი საქმე არ არის, – მოულოდნელად შეუღრინა ქმარმა. იამ შეამჩნია, რომ დათის ტალახიანი ფეხსაცმელები ეცვა, რომელიც, რატომღაც, არ გამოუცვლია. დათიმ შეამჩნია ცოლის მზერა, ხმადაბლა შეუკურთხა, – მთავარია, არ დავსვარო სახლი და იმავე ტალახიანი ფეხსაცმელებით შეალაჯა საძინებელში, საიდანაც ორიოდ წუთში ხვრინვის ხმა მოისმა.
ია გაუნძრევლად იდგა ოთახში და ვერაფერს ხვდებოდა. მერე ნებისყოფა მოიკრიბა, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა, გამოიცვალა და სამსახურში წავიდა. მთელი გზა უსიამოვნო ფიქრები უტრიალებდა თავში:
„ნეტავ, სად იყო? ან ასე უცნაურად რატომ მოიქცა? ან მე რას მერჩის? ჩემი ბრალი ხომ არ არის, რაც ხდება? რისთვის მსჯის“? – ფიქრობდა და მაშინვე თავის თავს ეწინაღმდეგებოდა:
„ისევ ჩემს თავზე ვლაპარაკობ, არადა ადამიანი ცუდადაა. გაურკვევლობაშია. არ იცის, რა ელის, წინ კიდევ რამდენი რამ აქვს გასავლელი. ანალიზები, გამოკვლევები, პასუხის მოლოდინი. მე კი ეგოისტურად ვიქცევი“, – გაუწყრებოდა საკუთარ თავს და მერე ისევ შეეწინააღმდეგებოდა:
„რატომ ვიქცევი ეგოისტურად?! ბოლოს და ბოლოს, კაცია?! ასე როგორ დაიშალა ერთ წამში?!“ – იას ესმოდა, რომ დიაგნოზმა თავზარი დასცა დათის, მაგრამ ექიმმა ისიც ხომ უთხრა, რომ ეს საბოლოო დიაგნოზი არ არის?! ახლა, პირიქით, ძალები უნდა მოიკრიბოს, რომ გადალახოს ეს განსაცდელი. ერთად გადავლახოთ...
იას დათი ძალიან უყვარდა და, რაც ყველაზე მთავარია, დიდ პატივსაც სცემდა, იმიტომ რომ დათის არაჩვეულებრივი თვისებები ჰქონდა, ისეთი, როგორიც იას აზრით, უნდა ჰქონოდა ადამიანს და, მით უმეტეს, მამაკაცს. და, მართლაც, დათისნაირ ქმარს იშვიათად თუ ნახავდი: მზრუნველი, ყურადღებიანი, ალერსიანი... მასთან ია თავს უსაფრთხოდ გრძნობდა და არაფრის ეშინოდა. მაგრამ გუშინ იასთვის ორმაგად თავზარდამცემი ამბავი მოხდა: დათი თითქოს შეცვალესო და, თუმცა ია თავს არ უტყდებოდა, ის თავის ქმარს ვერ ცნობდა...
***
იამ დათი დაქალის დაბადების დღეზე გაიცნო და მაშინვე მოეწონა. როგორც ჩანს, დათიც არ დარჩენილა გულგრილი მაღალი, ეფექტური წითური გოგონასადმი. დაბადების დღეზე რამდენჯერმე გამოელაპარაკნენ ერთმანეთს. დათიმ სახლში გაცილება შესთავაზა, თუმცა ია იძულებული იყო, უარი ეთქვა, რადგან მას მამამისის მძღოლი მოაკითხავდა. საერთოდაც, მშობლები იას ყველგან უშვებდნენ, არაფერზე ეუბნებოდნენ უარს ერთადერთ ქალიშვილს, ოღონდ ერთი პირობით: ყველგან, სადაც და ვისთანაც ერთად მოისურვებდა წასვლას, ია მძღოლს უნდა წაეყვანა და წამოეყვანა. მართალია, ეს გალიის თავისუფლებას ჰგავდა, მაგრამ მაინც თავისუფლება იყო, იმიტომ რომ ია იყო ყველგან, სადაც კი გული მიუწევდა.
ამიტომ დათის თავის დაქალთან ხვდებოდა ხოლმე, სადაც ჯგუფელები სამეცადინოდ დაიოდნენ, იაც ისრულებდა თავის სურვილს და მისი მშობლებიც მშვიდად იყვნენ, რადგან ვერც კი წარმოიდგენდნენ, თუ მათი ქალიშვილი ვინმეს ხვდებოდა. ამასობაში რამდენიმე თვეც გავიდა და ერთ დღესაც დათიმ იას ხელი სთხოვა. იასთვის ეს იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ დაიბნა.
– არც კი მოგწონვარ? – დათის ხმაში ბზარი შეატყო იამ.
– არა... როგორ არ მომწონხარ?! – უპასუხა დაბნეულმა იამ, – უბრალოდ, არ ველოდი. ვერც წარმომედგინა.
იას გულწრფელ პასუხზე დათის გაეღიმა.
იას მშობლებისთვის ეს სიახლე მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა, მაგრამ ხედავდნენ, როგორ ყურებამდე იყო შეყვარებული მათი ქალიშვილი. დათიმ კი ამასობაში უნივერსიტეტი დაამთავრა და მუშაობა დაიწყო.
ია კი ჯერ კიდევ სწავლობდა, ამიტომ თავისი შემოსავალი არ ჰქონდა, მაგრამ ფინანსური მხარე იას მშობლებისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. ისინი საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობდნენ, ამიტომ ქალიშვილს ქორწილში ოროთახიანი ბინა აჩუქეს, კარგი რემონტითა და ავეჯით სრულად გაწყობილი.
– ოროთახიანი პატარა არაა? – გააპროტესტა იას დედამ.
– არ არის პატარა. დასაწყისში ეყოფათ. რაც გვაქვს, იასი არ არის? – არ ეთანხმებოდა ქმარი, – დააცადე, იგრძნონ თავსუფლება და დამოუკიდებლად ცხოვრების ფასი.
იას ძალიან გაუხარდა მშობლების საჩუქარი. დათიმ კი იუხერხულა:
– მე თქვენი იმედით არ მომიყვანია ცოლი, – გაბედა და უთხრა სიმამრს.
– ვიცი და ეს არც მიფიქრია, – არ შეიმჩნია სიმამრმა სიძის უხერხულობა, – მე და დედამისს ასე გვქონდა ჩაფიქრებული, შენ არაფერ შუაში ხარ.
იმ დღიდან იასა და დათის ბედნიერი ცხოვრებაც დაიწყო. ია ღიმილით იძინებდა ყოველ ღამეს და ყოველ დილას ღიმილით იღვიძებდა. დათი ნამდვილი რომანტიკოსი აღმოჩნდა და ხშირად უწყობდა ცოლს სიურპრიზებს. თავის მხრივ, იას მშობლებიც, რაკი ხედავდნენ სიძის მონდომებასა და ქალიშვილის ბედნიერ სახეს, ღონეს არ იშურებდნენ, რომ, რაც შეიძლება, მეტად დახმარებოდნენ ახალგაზრდა ოჯახს. თან, ამას ისე შეუმჩნევლად აკეთებდნენ, რომ არც დათის ეგრძნო თავი მათ კმაყოფაზე მყოფად და არც იას გასჩენოდა ქმრისადმი უპირატესობის გრძნობა. ცოტა ხანში ოთარმა, იას მამამ, ქალიშვილს მეგობრის კომპანიაში დააწყებინა მუშაობა და ისე, რომ იამ არც კი იცოდა, ხელფასის ორმაგ ოდენობას თავისი ჯიბიდან რომ უმატებდა შვილს. არც არავინ იცოდა, გარდა, ცხადია, იას დედისა. იას კი ეგონა, რომ ასეთი მაღალი ხელფასი მისი პროფესიული უნარების დამსახურება იყო და ამიტომ თავს არ ზოგავდა, ამიტომ თანდათან ნამდვილ პროფესიონალად ჩამოყალიბდა. არც მამამისის შერცხვენა უნდოდა მეგობართან. რა თქმა უნდა, დათიც მუშაობდა, ოღონდ, ცხადია, იაზე ნაკლები შემოსავალი ჰქონდა, მაგრამ ეს მათ არ აწუხებდათ და, რაც მთავარია, ამას არც ერთი არ იმჩნევდა.
მოკლედ, ყველაფერი იდეალურად აეწყო. ორიოდ წელიწადში პირველი ქალიშვილი შეეძინათ, მეოთხე წელს კი – მეორეც შეემატათ. ბებიები და ბაბუები სიყვარულს არ იშურებდნენ შვილიშვილებისთვის, თუმცა ახალგარდა ოჯახს მხოლოდ იას მშობლები ეხმარებოდნენ მატერიალურად. ია ვერც კი ამჩნევდა, რომ დათის მშობლები ნაკლებ მონაწილეობას იღებდნენ მათი ოჯახის ფინანსური მხარის უზრუნველყოფაში. მეტიც, დარწმუნებულიც იყო, რომ მათ ეს არც ევალებოდათ, იმიტომ რომ დათის ორი უმცროსი ძმა ჰყავდა. მისი დედამთილი ბუღალტრად მუშაობდა, მამამთილი კი – მძღოლად. მიუხედავად სოციალურ სტატუსებს შორის სხვაობისა, მძახლებს შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. საოჯახო დღესასწაულებსაც ერთად აღნიშნავდნენ. ერთად დადიოდნენ იას მშობლების აგარაკზე. საღამოობით მწვადებს წვავდნენ. დათის ძმები თავიანთ ძმისშვილებს ეთამაშებოდნენ. ერთი სიტყვით, სრული იდილია სუფევდა.
იას მშობლები დათის მშობლებს ყოველთვის უკეთებდნენ საჩუქრებს, დათის მშობლებსაც უხაროდათ, მეტიც, იას მამამ მძახალს თავისი ძველი მანქანა აჩუქა, როდესაც ახალი იყიდა, ოღონდ მანქანა სულაც არ ყოფილა ძველი, უბრალოდ, ოთარმა უფრო ახალი მოდელი აირჩია.
თერთმეტი წელი ასეთ სიამტკბილობაში გაილია. დათიმაც შეიცვალა სამსახური სიმამრის წყალობით და მისი შემოსავალი ახლა კატასტროფულად აღარ ჩამორჩებოდა ცოლის ხელფასს. მაგრამ დათის დიაგნოზმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ამ ფაქტმა მათი ცხოვრებაც და, რაც მთავარია, დათი სრულიად შეცვალა და შეცვალა უარესობისკენ.
***
იამ თადარიგი დაიჭირა და დედამისს სთხოვა, ბავშვები გამოეყვანა და თავისთან წაეყვანა. როდესაც სამსახურიდან დაბრუნდა, დათი სამზარეულოში დახვდა ნახევრად ცარიელ ბოთლთან ერთად.
– დათ, იქნებ გეყოფა? – ფრთილად შეაპარა ქმარს, – ოფისიდან დამირეკეს, სამსახურში არ ყოფილხარ. თავი ხელში უნდა აიყვანო. ჯერ არაფერი ვიცით, თან, რაც უნდა იყოს, მოვერევით. ერთად მოვერევით. თურქეთში წავალთ. ხომ ვაგროვებდით ფულს ბინისთვის? მამაჩემსაც ვთხოვ. დაგვეხმარება...
დათი უცებ აიჭრა:
– მამაშენს სთხოვ? კიდევ უნდა დამამცირო?! ან როგორ არ მოგბეზრდა ამდენი წელია?! რის დამტკიცება გინდა?! რომ მე არარაობა ვარ?!
ია დაიბნა. ასეთ პასუხს არ ელოდა, მაგრამ დათი არ ჩერდებოდა: ფულს ვაგროვებთ ბინისთვის?! მე ჩემს წილს ავიღებ, ნახევარი მე მეკუთვნის, ისევე, როგორც ამ სახლის ნახევარი ჩემია. გული მერევა უკვე დედაშენის, მამაშენისა და შენი ფიზიონომიების დანახვაზე. არაფრის მაქნისი არ ხარ – მოსაწყენი და შემეტენე. მიკვირს, ამდენ ხანს როგორ აგიტანე.
– დათ, რა სისულელეებს ამბობ?! ხვალ ინანებ ამას.
– ვნანობ, რომ ცოლად მოგიყვანე. შენს ამაზრზენ მშობლებს დავუნათესავდი, რაღაც ძველმანებს რომ ჩუქნიან ჩემს მშობლებს, იმის ხაზგასასმელად, რომ ისინი არაფრის მქონენი არიან. სულ გვამცირებთ.
ია გაოგნებული უსმენდა ქმარს და ჩუმად იმეორებდა:
– გთხოვ, გაჩუმდი...
მაგრამ დათი არ ჩერდებოდა:
– საერთოდაც, არაჩვეულებრივ ქალს შევხვდი. ჩემნაირია, ჩვეულებრივი, შენსავით კუდაბზიკა არ არის. შენზე გული მერევა.
– გეთქვა ადრე და გავიყრებოდით, – მშვიდად უთხრა იამ.
– სულელი კი არ ვიყავი?! დიდი ბინის გაყოფას ვაპირებდი, მაგრამ ფული ახლა მჭირდება.
დათი ადგა, გამოაღო უჯრა, სადაც ფულს ინახავდნენ მისი მკურნალობისთვის. გადაითვალა და იას მიაძახა:
– ამ სახლში რაც დგას, იმის ნახევარი ჩემია, ხვალ მოვალ და წავიღებ.
ია შეკრთა კარის გაჯახუნებაზე, მაგრამ მაინც მშვიდად იყო: არ ეგონა, თუ რამე გააოცებდა დათის დიაგნოზის გაგების შემდეგ, მაგრამ, როგორც ჩანს, შეცდა. ტელეფონი ამოიღო და მამამისს დაურეკა:
– ხელოსანი გამომიგზავნე, საკეტები უნდა შევცვალო და მძღოლი, ნივთები მაქვს გადმოსატანი. შენს ადვოკატსაც დაურეკე. დამჭირდება.
– ოთარს არაფერი უკითხავს შვილისთვის, ისე დაეთანხმა.
იამ ჩაალაგა, რაც პირველ ხანს დასჭირდებოდა და ბინას თვალი მოავლო, – „თითქოს არაფერი მრჩება“, - გაიფიქრა და მისმა ტელეფონმაც დარეკა. დათის მკურნალი ექიმი ურეკავდა. იას მოერიდა და უპასუხა:
– ქალბატონო ია, თქვენს ქმარს ვერ დავუკავშირდი. უნდა გაგახაროთ, ანალიზები აგვერია, თქვენს ქმარს არაფერი საგანგაშო არ სჭირს, გილოცავთ! – იამ ექიმს მადლობა გადაუხადა და ხარხარი აუტყდა. მერე ისევ მოიწყინა: „ამდენი წელი როგორ ვერ მივხვდი, ვისთან ვცხოვრობდი?!“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან