მივიწყებულნი
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 30.09, 2023 წელი

გურამი ჯერ საშინელმა ხმამ დააყრუა. აფეთქების ტალღამ კი ადგილიდან მოსწყვიტა, დააბზრიალა და 15 მეტრის სიმაღლიდან ჩანჩქერში გადაუშვა.
ზემდეგი ოციოდე მეტრის მოშორებით, ბუჩქებში იყო ჩამალული და ყველაფერი თვალნათლივ დაინახა. ერთხანს ქვევით იყურებოდა, მაგრამ გურამი არ ჩანდა, არც მისი ხმა ისმოდა ან რას გაიგონებდა, როცა ჩანჩქერის გრუხუნი არემარეს აყრუებდა.
– „გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება“, – ბოროტად წაუგალაკტიონა ზემდეგმა გუნებაში. კიდევ ერთხელ ფრთხილად ჩაიხედა ქვევით და რომ დარწმუნდა, გურამი უკვე საიქიოს კარიბჭეს იყო მიმდგარი. „პო პლასტუნსკი, ზადნი ხოდით“ გაცოცდა უკან. შემდეგ ტყის ბილიკს დაადგა და ქართული პოზიციებისკენ აიღო გეზი. ნაწილში რომ მივიდა, კოპები შეკრა, დამწუხრებული სახე მიიღო, თვალები აიცრემლა და მეთაურს მძიმედ უპატაკა:
– ბატონო მაიორო, გურამ თოიძეს „გრანატამიოტჩიკმა“ ესროლა, უზარმაზარ ჩანჩქერში ჩააგდო და მისი დაფლეთილი სხეულის ნაგლეჯიც კი ვერ ვიპოვე. იქ ძალიან სწრაფი დინებაა და სანამ ქვევით ჩავედი, ყველაფერი წყალმა წაიღო.
– „გრანატამიოტჩიკი“? – იკითხა მაიორმა.
– მივაძაღლე, – ზიზღნარევი ტონით უპასუხა ზემდეგმა, თუმცა გულში სიხარულის ცეცხლი ენთო, – მარტო იჯდა საფარში, ხრამის პირას და გადაიჩეხა. ის ძაღლისშვილიც წყალმა წაიღო.
– კიდევ ერთი ვაჟკაცი დავკარგეთ, – გაქვავებული სახით ჩაილაპარაკა მაიორმა და ზემდეგს უთხრა:
– წამოდი. გურამის შესანდობარი დავლიოთ, თორემ გასკდა ეს ტიალი გული!
მაიორი ვახტანგ სისაური კადრის ოფიცერი და ავღანეთის ომის ვეტერანი იყო. აფხაზეთის ომში ბატალიონს მეთაურობდა. თავს არ ზოგავდა. არასოდეს ეფარებოდა ზურგს უკან ჯარისკაცებს და ყოველთვის პირველი მიიწევდა წინ, თუმცა ტყვია არ ეკარებოდა. გარედან ისე ჩანდა, თითქოს ძალიან ძლიერი პიროვნება იყო, თუმცა თითოეული ჯარისკაცის დაკარგვას საშინლად განიცდიდა.
***
ნაღმმტყორცნელმა რომ გურამი ჩანჩქერში ჩაააგდო, დურბინდი მოიმარჯვა და მიდამო ყურადღებით შეათვალიერა. ის გამოცდილი მეომარი იყო. ყოფილი ავღანელი. მისი ვარაუდით, საპირისპირო მხარეზე შესაძლოა, კიდევ ვინმე ყოფილიყო და სწორედ მას ეძებდა. არც შემცდარა, რადგან მისმა გამოცდილმა თვალმა ბუჩქების მოძრაობა დააფიქსირა. მალევე ზემდეგიც შენიშნა, რომელმაც წამით გამოყო თავი და სანამ ნაღმმტყორცნელი ავტომატზე მეორე ნაღმს ამაგრებდა, თავი გაქრა. „ტყუილად გავისვრი. ის, ალბათ, უკვე თავქუდმოგლეჯილი გარბის. ერთი ხომ მზად მყავს და იმას მივხედავ. ასი დოლარი ხომ ნაღდია. თუ გამიმართლა, ორასსაც გამოვკრავ ხელს“, – თქვა გუნებაში ნაღმმტყორცნელმა. შემდეგ ავტომატი გადაიკიდა. ტყიან კლდეს შემოუარა, დაკლაკლინი მდინარის პირას ფრთხილად ჩავიდა და უზარმაზარი ლოდებისკენ აიღო გეზი. ის ადგილი ტბას ჩამოჰგავდა, რადგან ლოდები წყალს აგუბებდნენ და რაც მდინარეს ჩამოჰქონდა, იქ იჭედებოდა. ნაღმმტყორცნელს კარგად ჰქონდა შესწავლილი ის მიდამო და შორიახლოსაც სწორედ ამიტომ უსაფრთდებოდა მსხვერპლს.
ნაღმმტყორცნელს რასული ერქვა. უზბეკი დაქირავებული იყო და ხელფასს ყოველკვირეულად უხდიდნენ, თანაც, დოლარებში. გარდა ამისა, თითოეულ მოკლულ მოწინააღმდეგეში 100 დოლარს უმატებდნენ, ხოლო ცოცხალში კი – 200 დოლარს. სწორედ ამიტომ ამბობდა გულში – ასი დოლარი ხომ ნაღდიაო.
რასულმა ლოდებიდან გურამის სხეული გამოათრია. მიწაზე დააწვინა და ყურადღებით დააკვირდა. შემდეგ პულსი გაუსინჯა და სახე გაუბრწყინდა.
– ცოცხალია. ესეც ორასი დოლარი! – სიხარულით აღმოხდა „გრანატამიოტჩიკს“. შემდეგ ცალ მხარზე ავტომატი გადაიკიდა. მეორეზე გურამი და აფხაზთა შტაბში წაიღო.
გურამ თოიძეს ბევრი არაფერი სჭირდა. მხოლოდ ორი ნეკნი ჰქონდა გატეხილი, ტვინის შერყევაც კი არ მიუღია. 20 წლის ჭაბუკი გზაშივე მოვიდა გონს. წინააღმდეგობის გაწევაც სცადა, მაგრამ რასულმა ხელ-ფეხი შეუკრა და ისე მიიყვანა შტაბში. დაკითხვებზე გურამს სასტიკად აწამებდნენ, მაგრამ სიტყვაც ვერ ამოგლიჯეს პირიდან, ის კი არა მისი ვინაობაც ვერ შეიტყვეს. ორჯერ კედელთან მიაყენეს და „ხალასტოი“ მიუშვეს. მესამედ კი მართლა დახვრეტას უპირებდნენ, მაგრამ ანტონ აგრბამ არ დაანება და სისხლისმსმელ ჩრდილოკავკასიელს უთხრა:
– თავი დაანებე, ჯანიანი ბიჭი ჩანს და მაღაროში სამუშაოდ გამოგვადგება. ისედაც არ გვყოფნის მუშახელი
ჩრდილოკავკასიელს ზიზღით აენთო თვალები. თუმცა, ანტონის სიტყვას ვერ გადაახტა, რადგან იცოდა, რომ ასეთი საქციელი მას სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდა და გურამის მკვლელობაზე ხელი აიღო.
ანტონ აგრბა აფხაზი საველე მეთაური იყო. ორმოცდაათიოდე წლის, ახოვანი, სიმპათიური მამაკაცი. პროფესიით პედაგოგი, ომამდე სკოლის დირექტორად მუშაობდა. საქართველოს ისტორიას ასწავლიდა და მას მთელი სოხუმი იცნობდა. ანტონი ჭკვიანი, მშვიდობისმოყვარე ადამიანი იყო და ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდა ომს. ქართველთა და აფხაზთა ძმობას ქადაგებდა და მშვიდობიან მოლაპარაკებებში აქტიურად მონაწილეობდა. თუმცა, ომის აღკვეთა ვერც მან და ვერც სხვა მისნაირმა ვერ შეძლო. ანტონ აგრბა სისხლისმსმელ ჩრდილოკავკასიელებს ვერ იტანდა და მცირედ შეცდომაზეც მკაცრად რეაგირებდა. ერთხელ ერთ-ერთ მეთაურს ჯერ მუხლები დაუხვრიტა იმის გამო, რომ ქართველი გოგონას გაუპატიურება უნდოდა და ის ანტონმა გადაარჩინა, ხელიდან გამოგლიჯა და მოძალადისთვის თავის მოკვეთასაც აპირებდა, მაგრამ იმ გოგონას დედამ დაუჩოქა აგრბას და სთხოვა, რომ ეს არ ექნა. ანტონი დაჰყვა ქალის ნებას. მუხლებდახვრეტილი თანამოძმეებს მიუგდო და გააფრთხილა: ეს პირველი და უკანასკნელია. ამიერიდან ყველა უღირსსა და ნაძირალას პირადად დავსჯიო. ამის მერე ჩრდილოკავკასიელებს ძალიან ეშინოდათ მისი, სწორედ ამიტომ ვერ გადაახტა სისხლისმსმელი რუსტამი ანტონის სიტყვას და გურამ თოიძე სიკვდილს გადაურჩა. ამაზე მეტის გაკეთება ანტონს არც შეეძლო. ამიტომ, ყმაწვილი ტყვარჩელის მაღაროების კურატორს მიუყვანა და გურამი ქვანახშირის უკანონოდ მოპოვების სამუშაოებზე გაამწესეს. შახტები მიუვალ მთებში მდებარეობდა. სამუშაო პირობები კი – უმძიმესი იყო. მაგრამ იქიდან ფრონტის ხაზი შორს მდებარეობდა და მუშახელს შედარებით ადამიანურად ეპყრობოდნენ, რადგან მათ შრომას დიდძალი მოგება მოჰქონდა.
***
გურამის დაღუპვის ამბავი ნატო მახარაძეს ემზარ ზარქუამ შეატყობინა. ნატო გურამის კლასელი და საცოლე იყო. ემზარიც მათ კლასში სწავლობდა და გურამთან ადრეული ბავშვობიდან ძმაკაცობდა. აფხაზეთის ომშიც ერთად წავიდნენ და სხვა ბევრი საქმის გაკეთებასაც ერთად აპირებდნენ. ნატომ რომ ზღურბლზე მდგომი ემზარი დაინახა, სიხარულისგან სახე გაუცისკროვნდა. დააპირა გაქანებულიყო და მეგობარს ჩახუტებოდა, მაგრამ უცებ შეცბა, სახე აელეწა და ემზარს ჰკითხა:
– გურამი სადაა?
ემზარმა თავი ჩაღუნა და ამოილუღლუღა:
– დაიღუპა.
გულწასული გოგონა ძლივს მოასულიერეს. მისი შოკიდან გამოყვანას კი დიდი დრო დასჭირდა. 20 წლის ნატომ შავები რომ ჩაიცვა, ერთი წელიწადი ისე ატარა, რომ სხვა ფერი არ გაუკარებია. იჯდა სახლში. გურამის სურათს დასცქეროდა და ტიროდა. ემზარი კი ყოველდღე აკითხავდა მას. ანუგეშებდა, ამხნევებდა და გვერდიდან არ სცილდებოდა. მდუმარედ მყოფ ნატოს უხმოდ მისჩერებოდა და მზად იყო, მისი ნებისმიერი სურვილი შეესრულებინა. ასე გადიოდა თვეები. გოგონა იშვიათად თუ იტყოდა რამეს და ემზარს მხოლოდ გურამის შესახებ ეკითხებოდა. ერთ დღეს ნატომ ემზარს ჰკითხა:
– ემზო (ასე უწოდებდნენ ემზარს შინაურები და მეგობრები), შეგიძლია, გაიხსენო შენი და გუროს ბოლო საუბარი? ძალიან მაინტერესებს, რა გითხრა, რაზე ილაპარაკეთ.
– შემიძლია, ნატუკა, მაგრამ არაა საჭირო, – მიუგო ემზარმა.
– რატომ? – გაუკვირდა გოგონას.
– სხვა დროს იყოს, ნატუკა. მაშინ, როცა მომჯობინდები და ხალისი დაგიბრუნდება, – თქვა ემზარმა.
– ვერ ვხდები, რატომ. ეს რა შუაშია?
– კარგი. გეტყვი. მაგრამ იცოდე, რომ მაინცდამაინც არ მსიამოვნებს ამაზე ლაპარაკი.
– თქვი, გისმენ.
ემზარმა ამოიოხრა და თქვა:
– ნატუკა, ომში ბევრი ლაპარაკი არ მოსულა და არც მე და გურო ვარღვევდით ამ წესს. იქ რომ ხარ, ცდილობ, ახლობლებზე არ იფიქრო, არ ჩაიციკლო და საქმე არ გააფუჭო. თითო-ოროლა სიტყვას თუ მივუგდებდით ერთმანეთს და მთელი ჩვენი საუბარი სულ ეს იყო. გუროს დაღუპვის წინა ღამეს დასაძინებლად დავწექით. უთენია ვიყავით ასადგომები და უნდა დაგვესვენა. მე ეგრევე ჩამეძინა. ძილში ვიგრძენი, რომ ვიღაც მანჯღრევს. თვალი გავახილე და გურო მეუბნება:
– ემზო, ემზო, შენთან სათქმელი მაქვს.
– რა ხდება, გურო, ხომ მშვიდობაა?
– ემზო, ძმები ხომ ვართ?
– რა იყო, ბიჭო, მთვრალი ხარ?
– რა მთვრალი, მითხარი, ხომ ვართ ძმები?
– ამას კითხვა უნდა?
– ვართ თუ არა?
– ვართ. ძმები ვართ. რა იყო, გურო?
– ჰოდა, თუ ძმები ვართ, შემპირდი, რომ ჩემს თხოვნას შეასრულებ.
– რა თხოვნას?
– ჯერ შემპირდი.
– გპირდები, რომ შენს თხოვნას შევასრულებ.
გუროს გაეღიმა და მითხრა:
– ემზო, ძმაო, მე თუ რამე დამემართება, იცოდე, ჩემს ნატუკას მიხედე და წამითაც არ მიატოვო.
– სულელი ხარ, ბიჭო? რა უნდა დაგემართოს. ღმერთმა დაგიფაროს! მორჩი ბოდვას და დაიძინე! – ვუთხარი გუროს.
– მოიცა, ჯერ არ დამიმთავრებია, – გაეღიმა გუროს და დაამატა, – მე თუ ცოცხალი ვერ გადავრჩი, ნატუკაზე დაქორწინდი და ღირსეული ქმრობა გაუწიე, გესმის?
ამ სიტყვებზე ნატოს ჯერ თვალები გაუფართოვდა, შემდეგ კი წამოწითლდა.
ემზარი გაჩუმდა.
ნატო ჩაფიქრდა შემდეგ კი თქვა:
– მერე, ემზო?
– მერე ის, ჩემო ნატუკა, რომ სიტყვა მივეცი, მის თხოვნას შევასრულებდი. აბა, რას ვიფიქრებდი, რომ სულ რამდენიმე საათის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი და ეტყობა, გრძნობდა სიკვდილის მოახლოებას და ბოლო სიტყვები ანდერძივით დამიტოვა, – თქვა ემზარმა. წამოდგა და დაამატა, – კარგი, ნატუკა, წავალ ახლა მე და აღარ შეგაწუხებ.
– გეჩქარება? – ჰკითხა ნატომ ემზარს და გაუღიმა.
– არც ისე, მაგრამ ჯობია, წავიდე. რაღაც ვერ ვარ კარგად. შენც დაისვენე, მოგიხდება, – თქვა ემზარმა.
– კარგი, ასე იყოს. ხვალამდე! – თქვა ნატომ და ემზარს კვლავ გაუღიმა.
ეს საუბარი გურამის გაუჩინარებიდან ერთი წლის თავზე მოხდა. ნატო ადრე დაწვა დასაძინებლად და ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად ეძინა მშვიდად და უშფოთველად. დილით კი, რომ გაიღვიძა, კარადას მიაშურა. ყველაზე ლამაზი, ყვავილებიანი კაბა გამოიღო, ჩაიცვა და სარკესთან დატრიალდა. შემდეგ სავარძელში მოკალათდა და ემზარს დაელოდა, რომელიც შუა დღეს უნდა მოსულიყო, თუმცა ემზარი იმ დღეს არ გამოჩენილა და არც დაურეკავს. მეორე დღესაც იგივე განმეორდა. მესამე დღესაც რომ არ გამოჩნდა, ნატომ ემზართან დარეკა და იკითხა:
– ემზარი სახლშია?
– რომელი ხარ? – უპასუხა ემზარის ბაბუამ.
– ნატო მახარაძე ვარ. თუ არ შეწუხდებით, ემზარს სთხოვეთ ტელეფონთან.
– ვერ მოვა, – მოკლედ მოუჭრა ბაბუამ.
– რატომ, ავად ხომ არაა?
– სძინავს. მესამე დღეა, სვამს. „ზაპოი“ აქვს. საღამოს დარეკე. გამოფხიზლდება და გაიღვიძებს. მაგრამ შვიდს არ გადააცილო, თორემ ისევ დათვრება და არ გიპასუხებს.
– კარგი. გმადლობთ, – თქვა ნატომ და ყურმილი დაკიდა. შემდეგ მოწესრიგდა. ყვავილებიან კაბაში გამოეწყო და ემზარს სახლში დაადგა.
ემზარს გულაღმა ეძინა. ირგვლივ კი არყის ბოთლები იყო მიმოფანტული. ნატო მას სასთუმალთან ჩამოუჯდა და ერთხანს უცქირა. შემდეგ შეაჯანჯღარა და გამოაღვიძა.
– თავი დამანებე, ბაბუ, მეძინება, – წაიბურტყუნა ემზარმა და მეორე მხარეს გადაბრუნდა.
– ბაბუ არ ვარ, გაიღვიძე! – მხიარულად უთხრა ნატომ.
ემზარმა ჯერ ხვრინვა შეწყვიტა, შემდეგ ნატოსკენ გადაბრუნდა და თვალები გაახილა. ბოლოს მკვეთრად წამოჯდა საწოლზე, გოგონა შეათვალიერა და უთხრა:
– ნატუკა, შენ?
– ჰო, მე. რა, ვერ მიცანი?
– კი. როგორ არა. აქ საიდან, როგორ? – ხელები გაშალა ემზარმა.
ნატომ მიმოფანტულ ბოთლებზე მიანიშნა ემზარს და უთხრა:
– არ გრცხვენია, ემზო? რა არის ეს?
– არაფერი, ცოტა დავლიე.
– ესაა, ბიჭო, ცოტა დალევა? სამი დღე „ზაპოიში“ ხარ და ერთხელაც არ მომიკითხე? ასე ასრულებ მოცემულ სიტყვას?
– რა სიტყვას?
– გურის რომ მიეცი.
– მე, მე... მე მივქარე, რომ მოგიყევი, – ენის ბორძიკით თქვა ემზარმა.
– კი. მიქარე, მაგრამ ეგ კი არა, რომ სვამ ესაა მიქარვა. მიდი, მოწესრიგდი და გავისეირნოთ. გელოდები, – თქვა ნატომ, წამოდგა და ოთახიდან გავიდა.
ერთი საათის შემდეგ წყვილი უკვე თბილისის ქუჩებში მისეირნობდა და მხიარულად საუბრობდნენ. ხან სად გაიარეს, ხან სად. სკოლასთან კარგა ხანს შეჩერდნენ. პატარა სკვერში ჩამოსხდნენ და ბავშვობას იხსენებდნენ. ამასობაში შებინდდა და ნატომ ემზარს უთხრა:
– წავიდეთ, გამაცილე!
ნატოს სახლთან რომ მივიდნენ, ემზარმა გოგონას უთხრა:
– ადი სახლში. მე აქ დაგელოდები და ფანჯრიდან რომ გამოიხედავ, დაგემშვიდობები. ხვალ კი ჩვეულებრივად, შუადღეს ამოვალ.
– ახლა ამოდი! – უთხრა ნატომ.
– ახლა უხერხულია, რას იტყვიან შენები.
– არაფერსაც არ იტყვიან. გუშინ მამიდაჩემთან გაემგზავრნენ ბათუმში სამი დღით და მარტო ვარ. ამოდი!
ემზარი ნატოსთან ავიდა და მთელი ღამე მასთან გაატარა.
ერთი თვის შემდეგ ემზარმა და ნატომ იქორწინეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან