რომანი და დეტექტივი

მისტერ შეინის გადარჩენა

№37

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 22.09

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • არიადნა ოლივერი

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #34-36 (1236)

***

ფეხები უკანკალებდა, როდესაც მთავარ კიბეს მიაღწია. მარცხნივ შეუხვია, იატაკში დამალული კარი იპოვა და გამოაღო.

– ყუთი, – თქვა ხმამაღლა მდუმარე ოთახში. სინათლე აანთო და ჩქარი ნაბიჯით დაეშვა სარდაფში. ღუმლის წინ შედგა, სადაც პლედს ფენდა ხოლმე და მაღლა აიხედა. ყუთი იქ იყო. ის, რომელსაც „რუკა“ ეწერა. ყუთი, რომლის სანახავადაც აღარასდროს დაბრუნებულა. შეინმა ყუთი ჩამოიღო. ეს ძველი სიგარების ყუთი იყო. შიგნით ოთხკუთხედად დაკეცილი სქელი ქაღალდი იდო. შეინმა ქაღალდი ამოიღო, ყუთი იატაკზე დადო, თავის ფეხებთან და რუკა გაშალა. ექვსი სართულის გეგმა ბოლო დეტალამდე ეხატა. შეინმა რუკა ზემოთ, სამზარეულოში აიტანა. მაგიდაზე გაშალა, ყავის სახარში მანქანა ჩართო და რუკას მიუბრუნდა, უნდოდა, გაეგო, როგორ ასულიყო მეხუთე და შემდეგ მეექვსე სართულზე. ის მეორე სართულს დააკვირდა და გაჩერდა. „სურათი“, – გაიფიქრა მან. კედელში კარი იყო გაჭრილი, რომელიც მხოლოდ ერთხელ ენახა. კარი – სურათის უკან და კიბე, რომელიც მეხუთე სართულზე ადიოდა. მეხუთე სართულის ნაჩქარევი შესწავლისას შეინმა თავისი ოთახის კიბე იპოვა.

მეორე დღეს შეინი რუკით ხელში მერის ბიძასთან გამოცხადდა. მოხუცმა ყურადღებით დაათვალიერა რუკა და ამოიოხრა.

– ეს ალბათ ჰერმანმა გააკეთა. იმ პატარა ბიჭმა, რომელიც მანდ ცხოვრობდა და როგორც ამბობდნენ, სახლის მფლობელის, იმ საშინელი ანდერსონის უკანონო შვილი იყო.

– როდის ცხოვრობდა იქ?

– ათას ცხრაას ორმოცდათორმეტში, – უპასუხა მოხუცმა, – მამამისი მძღოლად მუშაობდა, დედა ჭურჭლის მრეცხავი იყო. სამივე მათგანი მესამე სართულზე ცხოვრობდა.

– კიდევ ცოცხალია? – ჰკითხა შეინმა აღელვებით.

მოხუცმა მხრები აიჩეჩა.

– არ ვიცი, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო.

– რა გვარი იყო? – ჰკითხა შეინმა.

– მიშალი, ჰერმან მიშალი.

***

ჰერმან მიშალმა სათვალე მოიხსნა, ცხვირი შეჭმუხნა და ამოიოხრა. მისმა ცოლმა წიგნის ზემოდან ამოხედა.

– კარგად ხარ? – ჰკითხა მან.

– კი, – უპასუხა ჰერმანმა ღიმილით, – უბრალოდ, დავიღალე.

უკაბელო ტელეფონმა დარეკა. კაცმა შუბლი შეიჭმუხნა და უპასუხა:

– გისმენთ?

– გამარჯობა, – მოისმა კაცის ხმა, – ვწუხვარ, ასე გვიან რომ გაწუხებთ, მაგრამ მე ჰერმან მიშალს ვეძებ. სწორად ვრეკავ?

– კი, – უპასუხა ჰერმანმა.

– იქნებ ერთი წუთი დამითმოთ? გთხოვთ. ეს ჩემს მშობლებს ეხება. მე შეინ რაიანი მქვია.

ჰერმანს სახეზე გამომეტყველება შეეცვალა.

– არა მგონია, ერთმანეთს ვიცნობდეთ, ბატონო რაიან.

– არ ვიცნობთ, – უპასუხა რაიანმა, – მაგრამ თქვენ ჩემი დახმარება შეგიძლიათ. თქვენი რუკა ვიპოვე, – თქვა მან.

– რუკა? რომელ რუკაზე საუბრობ?

– ანდერსონების სახლის რუკაზე.

ჰერმანმა აკანკალებული ხელი ასწია. ხმა ჩაიწმინდა და იკითხა:

– სად იმყოფებით, ბატონო რაიან?

– ჩემს სახლში, – თქვა კაცმა, – ბერკლის ქუჩის ნომერ ას ოცდახუთში.

– მე და ჩემი ცოლი შერმანის ქუჩის ნომერ ოცდაექვსში ვცხოვრობთ. შეგიძლიათ, მოხვიდეთ და რუკაც მოიტანოთ, რათა უკეთ განვიხილოთ?

– კი, – თქვა მან და ამოისუნთქა, – კი. როდის?

– ახლავე, – უპასუხა ჰერმანმა.

– კარგი. მალე მანდ ვიქნები, – თქვა რაიანმა.

ჰერმანმა ცოლს შეხედა და გაუღიმა:

– ჩვენ მალე ანდერსონების სახლში ვიცხოვრებთ, ძვირფასო…

***

შეინს სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა. მერი მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც უჭირდა.

– რა ხდება? – ჰკითხა მან

– თხოვნა მაქვს, – თქვა შეინმა – შეგიძლია მანქანით სადღაც წამიყვანო? სახლში რუკა ვიპოვე. მან შეიძლება, ჩემს მშობლებამდე მიმიყვანოს. ან იქ მაინც, სადაც მათი გვამებია. ეს რუკა ვიღაც ჰერმანის გაკეთებულია.

– კარგი. მალე მოგაკითხავ.

ჰერმან მიშალს პატარა სახლი ჰქონდა, რომლის მთავარი ნაგებობაც ორი მანქანის გასაჩერებელ გარაჟს უკავშირდებოდა. შეინმა ნერვიულად დააკაკუნა კარზე. წუთის შემდეგ კარი გაიღო და მოღიმარი ქალი გამოჩნდა.

– გთხოვთ, შემობრძანდით, – თქვა მან და გვერდზე გადგა.

შეინმა და მერიმ მადლობა გადაუხადეს და შევიდნენ. თბილ ჰაერს ყავის სასიამოვნო სურნელი მოჰქონდა.

პატარა კაცი პლედში გახვეული იჯდა. მან მოსულებს გაუღიმა.

– შეინ რაიანი, – თქვა შეინმა და ხელი გაუწოდა. ჰერმანმა პლედის ქვემოდან ხელი გამოაძვრინა და ჩამოართვა.

– ანუ, – დაიწყო ჰერმანმა, – ჩემი რუკა იპოვე და გაინტერესებს, დაგეხმარება თუ არა, მშობლების პოვნაში.

– კი, – წაიჩურჩულა შეინმა.

– გარწმუნებ, რომ ნამდვილია, – თქვა ჰერმანმა, – ის კი არ ვიცი, დაგეხმარება თუ არა მშობლების პოვნაში. ეს რუკა ცამეტი წლისამ გავაკეთე, – დაიწყო მან რიხიანად, – მე მსახურების კორპუსში ვცხოვრობდი, ნომერ ას ოცდახუთში. მამაჩემი, ბარნი, ანდერსონების მსახურთუფროსი იყო, დედაჩემი, ანა კი – მოსამსახურე. აქ რომ გადმოვედით, ათის ვიყავი და იმ სახლში ხუთი წელი დავყავით. ანდერსონები იმდენად გულუხვნი იყვნენ, რომ ჩემი განათლება უზრუნველყვეს. ბატონმა ანდერსონმა, რომელიც მართლაც რომ საშიში კაცი იყო, ჩემი წიგნებით გატაცების შესახებ გაიგო და ნება დამრთო, მისი ბიბლიოთეკით მესარგებლა ხოლმე. მერე სახლში საიდუმლო გასასვლელები აღმოვაჩინე. ისინი მსახურების დერეფნებიდან კედლებში გადიოდა. აქ იყო ოთახები, რომელთაც დერეფნებიდან ვერ მიაგნებდი. დროთა განმავლობაში გადავწყვიტე, რუკა შემედგინა. იქ ბევრად საინტერესო რამ ხდებოდა. კედლებში საფრთხე იმალებოდა. ისეთი საფრთხე, არასდროს რომ დამესიზმრებოდა. როდესაც თხუთმეტის ვიყავი, დედაჩემმა შეცდომა დაუშვა და ტბას მიუახლოვდა. ყოველ შემთხვევაში, მე მგონია, რომ ასე იყო. მე სკოლიდან დავბრუნდი და ვიოლინოზე ვვარჯიშობდი. დედაჩემი ოთახში შემოვარდა და მეცა, იატაკზე დამაგდო. თავისი ქუსლიანი ფეხსაცმლით ჩემს ხელებზე დახტოდა. სწორედ ამ დროს შემოვიდა მამაჩემი სახლში. როგორც ჩანს, ვყვიროდი. მან მომაშორა დედაჩემს, როდესაც მამა მის გაკავებას შეეცადა, დედამ ყელი კბილებით გაუგლიჯა. მე წმიდა ჯოზეფის საავადმყოფოში წამიყვანეს ხელების შესამოწმებლად. სანამ რაბინი ანდერსონების სახლს მიაღწევდა, დედაჩემი მომკვდარიყო – მამაჩემის გულის ჭამისას დაიხრჩო.

– ღმერთო დიდებულო, – წაიჩურჩულა მერიმ და პირჯვარი გადაიწერა.

– ახლა კი, – დაიწყო ჰერმანმა, – რადგან ყველაფერი გავარკვიეთ, რაც ბერკლის ქუჩის ნომერ ას ოცდახუთს შეეხებოდა, რით შემიძლია დაგეხმაროთ, ბატონო რაიან?

– მინდა, რომ რუკა კარგად ამიხსნათ, – თქვა შეინმა, – მე ჩემს მშობლებამდე უნდა მივაღწიო.

***

მერიმ კედლის საათს შეხედა. შეინ რაიანთან ერთად განცდილზე ფიქრს თავს ვერ ანებებდა. ეს ყველაფერი ნამდვილი ვერ იქნებოდა. მაგრამ მაინც იყო. ამას ვერ უარყოფდა. უნდა მჯდარიყო და ანდერსონების სახლზე ეფიქრა.

– შეინის სანახავად წავალ, – თქვა ბოლოს. გავარკვევთ, რა ხდება. ბიძია ჯერისაც დაველაპარაკები, ის ბერკლის ქუჩაზე ცხოვრობს, რაც თავი მახსოვს. დარწმუნებული ვარ, რომ მან რაღაც იცის.

***

ჰერმანმა ამოიოხრა და ცოლს შეხედა:

– ეს უნდა გავაკეთო. არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ შენთვისაც, ჩემო სიყვარულო. რა თქმა უნდა, მისი მშობლები მკვდრები არიან, მაგრამ მას ჯერ არ აქვს უფლება, ზუსტად იცოდეს.

ბერნადეტმა თავი დაუქნია, ჩაი დააყენა და უკან დაიხია.

ბიძასთან მისულ მერის, იქ ჰერმანი დაუხვდა. გამომძიებელმა ბიძას გამომწვევად შეხედა.

– შენ ყველაფერი იცი რაიანის სახლზე, არა?

ჯერალდმა წუთით უარყოფა დააპირა, მაგრამ შემდეგ თქვა:

– კი. ყველაფერი ვიცი.

– არ მინდა, რომ უხეშად გამომივიდეს, – თქვა მერიმ და ჰერმანს შეხედა, – მაგრამ ამ ყველაფერში თქვენ რა როლი გაქვთ?

შეინმა კაცს გადახედა და მის სახეზე ცელქი ღიმილი შენიშნა.

– სახლის ყიდვას ვაპირებ, რომ შემდეგ გოგონების სკოლად გადავაკეთო, – უპასუხა ჰერმანმა თავმომწონედ.

მერის წამით თვალები გაუფართოვდა, შემდეგ ისევ მოწკურა.

– არა, ჩემო ძვირფასო, – ჩაიცინა ჰერმანმა, – არაფერი მსგავსი. სულ ასე ვხუმრობ ხოლმე, როცა მეშინია, ახლა კი სასოწარკვეთილიც ვარ. რაც შეეხება ჩემს როლს ამ ყველაფერში, ანდერსონების სახლში შეინამდე ვცხოვრობდი. სახლმა ჩემი მშობლები იმსხვერპლა, მაგრამ არა ისე, როგორც შეინისა. მე ის პრივილეგია მაინც მაქვს, რომ ვიცი მათი დაღუპვის შესახებ, შეინმა კი – არა. მგონი, დროა, ანდერსონების სახლში წავიდეთ და გზაში ყველაფერს მოგიყვებით, რაც ვიცი.

მალე მიაღწიეს მსახურების კორპუსს. შეინს ესმოდა, როგორ მიჰყვებოდნენ მერი და ჰერმანი უკან. ისინი ვიწრო, სუსტად განათებულ დერეფანში იდგნენ. ჭერი რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე იყო, კედლები კი – მათთან საკმაოდ ახლოს. ყველაფერს სქელი მტვრის ფენა ედო და შეინს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, სად იყვნენ.

– შეინ, – დაიძახა ჰერმანმა, – შეხედე! – მოხუცმა მომტვრეული თითი შეინის უკან გაიშვირა და ისიც შებრუნდა. დერეფნის ბოლოს პატარა, თეთრად შეღებილი კარი მოჩანდა.

შეინი წინ წადგა, ხელი ასწია და რამდენჯერმე ხმამაღლა დააკაკუნა. არავინ უპასუხა. შეინი გადაიხარა, სახელურს სწვდა და გადაატრიალა. კარი ჭრიალით გაიღო. ოთახი გაკაშკაშებულიყო და მან უკან დაიხია. თვალები დაახამხამა, ხელით დაიზილა და, როგორც იქნა, სინათლეს თვალი შეაჩვია და ოთახის თვალიერებას მოჰყვა. ავეჯზე თოჯინების გროვა ეყარა. აქ იყო ლოგინი, კარადა, სარწეველა და ასევე, პატარა სკამი. თითოეულ მათგანს თოჯინები ფარავდა. ზოგი მათგანი საკმაოდ ძველი იყო, ძონძებში გახვეული, ჩალისგან გაკეთებული ფიგურა, ზოგი კი მაღაზიიდან ახლად გამოტანილს ჰგავდა. ოთახში შევიდა, მერი და ჰერმანიც უკან მიჰყვნენ. გამომძიებელი მარცხნივ წავიდა. მან თოჯინებისა და ავეჯის დათვალიერება დაიწყო, ხელში ჯერ კიდევ ეჭირა იარაღი.

– უნდა ვეცადოთ და ჩემი მშობლები ვიპოვოთ, – უპასუხა შეინმა და უეცრად ხმა შეეცვალა, – დამეხმარეთ ჩემი მშობლების პოვნაში.

– დაგეხმარებით, – უპასუხა ჰერმანმა და თავი დაუქნია. სწორედ ამ დროს გაისმა უცნაური სტვენის ხმა. მერე რაღაცამ გაიშრიალა და თითქოს ნაბიჯების ხმა მოისმა.

შეინმა ოთახში მიმოიხედა.

– ჰერმან, – თქვა მან, – არის აქ რაიმე ადგილი, სადაც შეიძლებოდა, ვინმე დამალულიყო?

– კარადა, – უპასუხა ჰერმანმა და ერთ-ერთი კუთხისკენ ანიშნა.

– კარადა, – გაიმეორა შეინმა, მაგრამ შეჩერდა. რაც მას თავდაპირველად ფანჯრის ჩარჩო ეგონა, სინამდვილეში კედელში ჩაშენებული კარადა იყო. მის წინ თოჯინების გროვა ეყარა. მერი კარადასთან მივიდა, იარაღი შეინახა და თოჯინების გადაყრა დაიწყო. დაკეტილი კარიდან ყვირილის ხმა მოისმა და შეინი ადგილზე შეხტა. ჩხუბისა და შემაძრწუნებელი ყვირილის ხმა მთელს ოთახს ავსებდა.. შეინმა გონება დაკარგა. არაფერი ესმოდა, საკუთარი გულისცემის გარდა. ბუნდოვნად შენიშნა, როგორ ჩაუარა მერიმ გვერდით და ძირს დაეცა. კიდევ რამდენიმე ადამიანი დარბოდა. ჰერმანი ზურგზე იწვა, კარი მის მკერდზე იდო. გაჭრილი სახიდან სისხლი სდიოდა. „დაშავებულია“, –გაიფიქრა შეინმა.

***

ორი კვირის შემდეგ.

– მერი, – თქვა შეინმა და გამომძიებელს გადახედა, ჰერმანი ბიძაშენთან წაიყვანე? ცოცხალია?

გამომძიებელმა ნაზად გადაუსვა თავზე ხელი

– შეინ, ძვირფასო.. დამშვიდდი. ყველაფერი დასრულდა. ვერავინ ვეღარაფერს დაგიშავებს. ჰერმანი დაპატიმრებულია. ის... ის... სწორედ ისაა ბიძაშენი.

შეინმა გაიღიმა.

– არა. მოჩვენებები... ეს სახლი მკვდრებით არის სავსე..

– არა, შეინ, არა. ეს ყველაფერი ბიძაშენმა დაგეგმა. ნამდვილი ჰერმანი დიდი ხანია, ცოცხალი აღარ არის. ბიძაშენმა მისი ისტორია გამოქექა და ერთი შეხედვით იდეალური გეგმა დააწყო. შენი ჭკუიდან შეშლა უნდოდა. მან უკვე ყველაფერი აღიარა. როგორ მოწამლა შენი მშობლები. გვამები კი ტბაში ჩაყარა. მას ახსოვდა, მოჩვენებებთან შენი დამოკიდებულების ამბავი ბავშვობაში და ეს ყველაფერი თავის სასარგებლოდ გამოიყენა. მაგრამ მან ერთი რამ ვერ გაითვალისწინა.

– ვერ გაითვალისწინა? რისი თქმა გინდა, მერი..

– იმის, რომ მე ვიზრუნებდი შენზე. და კიდევ... მკურნალობა გჭირდება შერმან და ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ამ პროგრამაზე დამთანხმდები.

– გმადლობ, მერი. როგორ გამიმართლა! კლინიკაში როდის უნდა წავიდე?

– ხვალ.

– მაშინ, იქნებ მანამდე ყავა დაგველია. ოღონდ არა ამ სახლში.

– მერიმ თავი დაუქნია და ლოყაზე ნაზად აკოცა.

დასასრული შემდეგ ნომერში

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა