რომანი და დეტექტივი

მისტერ შეინის გადარჩენა

№36

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 15.09

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • არიადნა ოლივერი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #34-35 (1235)

***

– ეს სურათი სად იპოვე? – ჰკითხა მამამ.

– სასტუმრო ოთახში იყო, – უპასუხა შეინმა. თავის ლოგინზე იჯდა და დედას და მამას უყურებდა. დაბნეული ჩანდა, – რა მოხდა? რა არ მოგწონთ?

– უბრალოდ; არ გვგონია, რომ შენი ომით გატაცება ჯანსაღია.

შეინმა შუბლი შეიკრა.

– საწერ მაგიდაზე რომ ჯარისკაცის სურათი გიდევს, ეს გვაღელვებს. ცოტა უცნაურია. არც კი იცი, ეს კაცი ვინაა.

– ვიცი, – უპასუხა შეინმა.

– მართლა? – ჰკითხა დედამ სკეპტიკურად, – ვინ არის?

– კარლ ვილჰელმ ჰეზელშვერდტი, – უპასუხა შეინმა.

– მისთვის საინტერესო სახელი მიგიცია.

– მე არ მიმიცია, – სცადა თავის მართლება შეინმა.

– მაშინ საიდან იცი მისი სახელი? – ჰკითხა მამამ სიცილით.

– თავად მითხრა.

– მშობლების სახიდან ღიმილი უმალ გაქრა.

– ნუ ხუმრობ, შეინ, – თქვა ბრაზმორეულმა მამამ.

– არ ვხუმრობ, – უპასუხა შეინმა, – თავად მითხრა თავისი სახელი. ის აქ მოკვდა, – შეინმა კეფა მოიფხანა, წუთით შეყოვნდა და გააგრძელა, – მისი გვამი ვიპოვე.

– ღმერთო ჩემო! – შესძახა მამამ, შებრუნდა და ოთახიდან გასვლა დააპირა.

– სად? – ჰკითხა დედამ და შეინმა შეამჩნია, როგორ ცდილობდა ხმის დაოკებას, – სად იპოვე მისი სხეული?

– ბიბლიოთეკაში, – უპასუხა შეინმა.

– არ ხარ მართალი. იქ ბევრჯერ ვყოფილვარ, შეინ. არანაირი გვამი იქ არ არის.

– როგორ არა, არის, – უპასუხა გაბრაზებულმა შეინმა.

– მაშინ გვაჩვენე, შეინ, – უთხრა დედამ. ბიჭი ლოგინიდან წამოდგა და ბიბლიოთეკისკენ გაბაკუნდა. შუქი აანთო და პირდაპირ იმ წიგნის თაროსკენ გასწია, სადაც საიდუმლო კარი იყო. საკეტი იპოვა და კარადა გააღო: როგორც კი თარო ოდნავ გამოძრავდა, ხელი მოჰკიდა და გამოსწია. მის უკან მშობლებმა მოულოდნელობისგან შეიცხადეს, მაგრამ შეინს ყურადღება არ მიუქცევია. ამის მაგივრად, შუქი აანთო და საიდუმლო საპყრობილეში ჩაიხედა. დედა და მამა მიუახლოვდნენ და ჩაიხედეს. დედა უმალ გამობრუნდა, მაგრამ მამა დარჩა და ქვევით იყურებოდა. დიდი ხნის შემდეგ, ისიც გამობრუნდა. როდესაც ორივე მშობელმა შეხედა, შეინმა უთხრა:

– ამას საიდუმლო საპყრობილე ჰქვია. პატარა ადგილი დავიწყებისთვის. ის ბატონმა ანდერსონმა მოკლა. შიგნით ჩააგდო და შიმშილით მოკლა. ეს ერთადერთი შესასვლელია. კარლი არ მეუბნება, რატომ მოკლეს.

მშობლები ჩუმად იყვნენ. მამამ თავზე იტაცა ხელი.. მერე დედას მიუახლოვდა და ჩაულაპარაკა:

– სხვა ექიმი უნდა ვიპოვოთ. უკეთესობა არაა…

***

შეინი გრძნობდა, რომ სახლში რაღაც რიგზე არ იყო.

– უნდა გავისეირნო, – ჩაილაპარაკა თავისთვის. იქნებ დაბრუნებისას უკეთესი სიტუაცია დამხვდეს.

მან სახლი დატოვა და, როცა გასასვლელს მიუხლოვდა, თავი უკეთ იგრძნო. ნელი ნაბიჯით მისეირნობდა, ცივი ჰაერი სახესა და ცხვირზე ელამუნებოდა.

მოხუცის სახლისაკენ გასწია. შეინი სახლს გასცდა და ჯერალდის სახლთან მივიდა. შესასვლელთან დიდი, შავი „პიკაპი“ იდგა, მძღოლის ადგილას ვიღაც იჯდა. მძღოლი გადმოვიდა. ეს ჯერალდის დისშვილი იყო.

– გამომძიებელო ლაფონტეინ?! – თქვა გაკვირვებულმა შეინმა. ისიც გაკვირვებული ჩანდა, თან საკმაოდ სხვანაირად გამოიყურებოდა. ჯინსები ეცვა, კოჭებამდე ტყავის ფეხსაცმელები და კომფორტული რუხი სვიტერი. თმა კარგად დაევარცხნა და ცოტა მაკიაჟიც წაესვა. გამომძიებელი საოცრად მიმზიდველი იყო.

– მერი, – თქვა ჯერალდმა და ჩასახუტებლად წაიწია.

– მადლობა, რომ მესტუმრე.

– არაფრის, ბიძია ჯერი, – უპასუხა მან. დაიხარა და თურქს მოეფერა. შემდეგ შეინს ამოხედა.

– ანუ, ბიძაჩემს იცნობ.

– ვიცნობ, – თავი დაუქნია შეინმა. მერი გასწორდა და თავი გააქნია, – უნდა მცოდნოდა. ბიძაჩემი საკმაოდ მოლაყბე კაცია და თან ორივენი საზღვაო ფლოტიდან ხართ. შეინ, თქვენთან ხვალ ბიძათქვენსა და ბიცოლათქვენზე საუბარი მსურს, თქვა მან, – თქვენს სახლში ვერაფერს მივაკვლიეთ. მაგრამ მოდი, მანამდე ერთად დავლიოთ ყავა ბიძაჩემთან, სანამ სულ დაბერებულა.

– ცოტა ზედმეტი მოგდის, ქალბატონო, – თქვა ჯერალდმა და შესასვლელისკენ გაუძღვა. ჯერალდმა ღიღინით დაიწყო ყავის მომზადება.

– ანუ, თქვენ ერთმანეთს უკვე იცნობთ, – თქვა მან.

– ასეა, – უპასუხა მერიმ.

– ოფიციალურად, – თქვა ჯერალდმა.

მერიმ და შეინმა თავი დაუქნიეს.

– კარგი, მაშინ, ახლა ერთმანეთს არაოფიციალურად გაგაცნობთ. შეინ, ეს ჩემი დისშვილი მერი ლაფონტეინია, ნაშუას პოლიციის გამომძიებელი, - თქვა მოხუცმა, – მერი, ეს შეინ რაიანია. ის ჩემი მეზობელია და მთარგმნელად მუშაობს.

– უნდა ვიკითხო, მოჩვენებებზე სერიოზულად ლაპარაკობდი?

– რა თქმა უნდა, – უთხრა შეინმა.

მერიმ ეჭვის თვალით შეხედა.

– მოჩვენებები არ არსებობენ. ისიც კი, რაც გუშინ ვნახეთ, უბრალო შიშსა და დაბნეულობას შეიძლება მივაწეროთ.

ჯერალდმა ყავა მაგიდასთან მიიტანა, ჭიქები სტუმრებს წინ დაუდგა და დაჯდა. შეინმა ცოტა ხნის დუმილის შემდეგ იკითხა.

– მერი, სახლს მოუსმინე, როცა იქ იყავი?

– არა, – უპასუხა მერიმ ღიმილით.

– ცხოველების ხმა გესმის? – ჰკითხა შეინმა ისევ.

– ჩიტებისა და ციყვების?

– კი, – თქვა მან, ხმაში ბრაზი შეჰპარვოდა, – ჩემს სახლთან ვერ გაიგონებ, – იმიტომ, რომ სახლი მოჩვენებებმა დაიპყრეს. – ასე იყო, როცა აქ გადმოვედი და ასე არის უკვე დიდი ხანია.

მერიმ მზერა ბიძამისიდან შეინზე გადაიტანა და თავი გააქნია.

– ამას ვერაფრით დავიჯერებ.

***

ძლივს მოასწრო დილის წამლად ქცეული ვისკის გადაკვრა, როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა. „ღმერთო ჩემო, – გაიფიქრა მან, – ვინ ჯანდაბა მოვიდა ამ დილაუთენია?“ შეინი მიწისქვეშა საწყობში უნდა ჩასულიყო. მას მშობლები უნდა მოეძებნა.

კართან გამომძიებელი ლაფონტეინი იდგა, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი. კიდევ ერთხელ გააოცა შეინი ქალის მომხიბვლელობამ.

– შეინ, – თქვა მან და თავი დაუქნია, – ძალიან ადრე ხომ არ არის?

– არა, – უპასუხა შეინმა და გვერდზე გადგა.

– რადგან საქმეზე არ ვარ, აქაურობას დამათვალიერებინებ?

– კი, - უპასუხა შეინმა, – მე აქ გავიზარდე. ეს სახლი კოშმარია, მოკლე შესვენებებით.

– მაშინ რატომ დაბრუნდი? – ჰკითხა ქალმა.

– უნდა გავიგო, ჩემს მშობლებს რა დაემართათ. ჩემს გამოსამშვიდებელ საღამოს უნდა დასწრებოდნენ, მაგრამ არ მოსულან. რამდენიმე დღე მამა სამსახურში არ ყოფილა და მისი უფროსი ანერვიულდა. ჰენკი სამსახურს არასდროს აცდენდა. თუ შეეძლო, რა თქმა უნდა. პოლიცია მოვიდა სახლის შესამოწმებლად, კარი ღია დაუხვდათ; მაგრამ ჩემი მშობლების კვალიც კი არ იყო.

– არ გაგიგია, რა შეემთხვათ? – ჰკითხა მერიმ.

შეინმა თავი გააქნია.

– ეს ერთადერთი მიზეზია, რის გამოც დავბრუნდი. მაგრამ ზოგი მიცვალებული, რომელიც ამ სახლში ცხოვრობს კარგი ადამიანია, მაგალითად, კარლი. ის სახეს იცვლის ახალგაზრდიდან მოხუცამდე და შემდეგ ისევ უკან. არა მგონია, განზრახ აკეთებდეს. მოკლედ რომ ვთქვა, ჩემი მშობლების მოძებნას დღეს ვაპირებდი. არ ველოდი, ასე ადრე რომ მოხვიდოდი.

– შეინ, – დაიწყო მერიმ შეშფოთებული ხმით, – ჩვენ სახლი უკვე დავათვალიერეთ. არავინ და არაფერი გვიპოვია, ჩვენ კი ამაში პროფესიონალები ვართ.

– ისინი კვლავ აქ არიან, – თქვა შეინმა მშვიდად, – ეჭვი მეპარება, კიდევ ცოცხლები იყვნენ, მაგრამ ნამდვილად აქ არიან.

მერი წუთით დააკვირდა მას და შემდეგ თქვა:

– შენი აზრით, მაინც სად?

– არ ვიცი. მაგრამ ვიცი, სად შევიდნენ, ასე რომ, მხოლოდ გაყოლა შემიძლია. კედლებში შეიძლება გაუჩინარდე ისეთ ადგილებსა და ოთახებში, რომლებიც არ უნდა არსებობდეს, მაგრამ მაინც არის.

მერი წამოდგა.

– საწყობი საკუჭნაოშია, არა?

– კი, – უპასუხა შეინმა და თავადაც წამოდგა. საკუჭნაოსთან მივიდა და კარი შეაღო. შუქი აანთო და ძირს დატანებულ კარზე ანიშნა, – მე იქ უნდა ჩავიდე.

– წავიდეთ, – უთხრა მერიმ, – მინდა ვნახო, იქ რა ხდება.

– ეს საშიშია, – თქვა შეინმა, – საკმაოდ საშიში.

– ვიცი, – უთხრა მერიმ ღიმილით, – ასეც ვიფიქრე. შენი მეგობარიც წამოგვყვება?

– არა, – უპასუხა შეინმა, – მისთვის იქ ჩასვლა არც თუ ისე უსაფრთხოა.

– ეშინია? – ჰკითხა გაოგნებულმა ქალმა.

– ჰო, – უპასუხა შეინმა, – ის ფაქტი, რომ მკვდარია, იმას არ ნიშნავს, რომ ამ სამყაროდან საერთოდ გაქრობა სურს.

სიბნელიდან საშინლად ცივი ქარი ამოვარდა და შეინი შებარბაცდა. შეინსა და მერის აყროლებულ სუნზე ხველა აუტყდათ და სუნთქვა შეიკრეს.

– ღმერთო ჩემო, – წაუსტვინა მერიმ, – გუშინ ასეთი სუნი არ იდგა, როდესაც ჩვენ შევაღეთ.

შეინმა მერის გადახედა.

– მზად ხარ? - ჰკითხა მან.

მერიმ გაუღიმა.

რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ სინათლემ სიბნელე გაარღვია. პატარა ოვალური ფორმის შესასვლელი გამოჩნდა, მაგრამ კარი არ ჰქონდა. იატაკი გლუვი ქვის იყო და ირიბად ეშვებოდა დაბლა. უსიამოვნო სუნი და სიცივე დერეფნის სიღრმიდან მოდიოდა. მერი დერეფანს გაუყვა. უეცრად მოეჩვენა, რომ კედლები ვიწროვდებოდა და დახრა მოუწევდა, რათა ჭერისთვის თავი არ აერტყა. ხელი წინ გაიწოდა, წონასწორობა რომ შეენარჩუნებინა და უმალვე უკან გამოსწია.

– კედელი, – თქვა შეინმა.

– ლორწოს წააგავს.

– ჰო, – უპასუხა შეინმა და სიარული განაგრძო. ფანარის შუქს მიჰყვებოდა დახვეულ დერეფანში, რომელიც ნელ-ნელა წრის ფორმას იღებდა. მალე იატაკი ამაღლდა და გასწორდა. ნელ-ნელა გაფართოვდა კიდეც.

– ახლა საით წავიდეთ? – მერის ფანარი აციმციმდა და გამოირთო.

– ხელი მომკიდე, – უთხრა შეინმა სწრაფად და თავისუფალი ხელი გაუწოდა. მერი იმწამსვე მოეჭიდა, შეინმა გაიგონა, როგორ მოხვდა ქვას რაღაც სველი. ხმა რიტმულად განმეორდა. შეინი კარს შეეჯახა, შუშის სწორკუთხოვანი სახელური იპოვა და სასწრაფოდ გადაატრიალა. საკეტი გატკაცუნდა და ისინიც შიგნით შეცვივდნენ. შეინმა იყვირა:

– კარი!

კარი უცებ დაიკეტა და შეინი ქშენით დაეცა იატაკზე.

მერიმ თავი ხის ცივ კედელს მიაყრდნო და ხელები ხალიჩით დაფარულ იატაკზე დაუშვა. ნელ-ნელა თავი ხელში აიყვანა, თვალები გაახილა და ძირს დაიხედა. სახლი ნამდვილად საზიზღრად საშინელი იყო. თავისი საიდუმლო გასასვლელებითა და დერეფნებით. შეინი კი აქ გაიზარდა. ფაქიზი ფსიქიკის პატარა ბიჭუნა.

***

შეინმა ჭიქაში წითელი ღვინო დაასხა და მერის გაუწოდა. მანაც დიდი სიამოვნებით გამოართვა. ხელები უკანკალებდა.

მერიმ ღვინო დაცალა და წამოდგა.

ქვედა სართულზე, ქანქარიანმა საათმა ჩამოჰკრა. „შუადღეა“, – გაიფიქრა შეინმა. მუცელი თანხმობის ნიშნად აუბუყბუყდა.

– აბა, გამომძიებელო ლაფონტეინ, – თქვა შეინმა, – სადილი ხომ არ გნებავთ?

***

მერი ლაფონტეინი დაჰპირდა, რომ ხვალ მისი ცვლის დასრულებისთანავე დაბრუნდებოდა და იქაურობა დატოვა. შეინი ლოგინზე იჯდა, ერთ ხელში ვისკით სავსე ჭიქა ეჭირა. მეორეში – ქამარი. ეს მამამისის ქამარი იყო. შეინს ამაში ეჭვიც არ ეპარებოდა. ტყავიც ზუსტად იგივე იყო. არცერთი მათგანი არ იყო დაძველებული. შეინმა კიდევ ცოტა მოსვა. ეს განა შესაძლებელია? გაიფიქრა მან. მამაჩემი ცოცხალი ვერ იქნება, ვინც რა უნდა თქვას. შეიძლება, მისი სული აქაა გამოკეტილი. მაგრამ ისინი ცოცხლები ვერ იქნებიან. ბიბლიოთეკაში ტელეფონმა დარეკა. შეინმა კინაღამ სასმელი გადაისხა. შავმა ტელეფონმა კიდევ დარეკა, რაც საკმაოდ საინტერესო იყო. ტელეფონს მხოლოდ შიდა ხაზი ჰქონდა, არანაირი კავშირი გარე სამყაროსთან, მხოლოდ სამზარეულოსა და მსახურების კორპუსში არსებულ ტელეფონებთან. და ის არ მუშაობდა, არ მუშაობდა იქიდან მოყოლებული, რაც შეინი ამ სახლში გადმოვიდა საცხოვრებლად, როცა ჯერ კიდევ პატარა იყო. შეინი მაგიდასთან მივიდა და ყურმილი აიღო.

– გისმენთ, – თქვა მან.

– ალო, – მოისმა ქალის ხმა – ღმერთო ჩემო, ჩემი გესმით?

შეინს ხელი აუკანკალდა.

– კი. კი, მესმის.

– მადლობა ღმერთს, – თქვა ქალმა ტირილით, გთხოვთ, არ ვიცი, სად ხართ, მაგრამ გთხოვთ, პოლიციაში დარეკოთ. მე და ჩემი ქმარი სახლში ჩავიკეტეთ. რამდენიმე დღეა, ვერ გამოვდივართ.

– დედა? – წაიჩურჩულა შეინმა.

ქალმა ცრემლები გადაყლაპა და იკითხა:

– რა? რა თქვი?

– დედა, – თქვა შეინმა ოდნავ ხმამაღლა, – ეს მე ვარ, შეინი.

ხაზის მეორე მხარეს სიჩუმემ დაისადგურა, მაგრამ შეინს დედამისის სუნთქვა მაინც ესმოდა.

– შენ ფიონა რაიანი ხარ, – თქვა შეინმა წყნარად, – მამაჩემი ჰენკ რაიანია. მისი ნამდვილი სახელი ჰენრია. მას ეზიზღება ეს სახელი. შენ მას ასე მხოლოდ მაშინ მიმართავ, როცა მასზე გაბრაზებული ხარ, მაგალითად, მაშინ, როცა მამა სახლის შესახებ არ გვიჯერებდა.

დედამ ამოიკვნესა:

– შენ შეინი ვერ იქნები. შენ საკმაოდ დიდი ხარ. ვერ იქნები შეინი. ხმაზე ვხვდები, როგორი დიდიც ხარ.

– ჰო, მე დიდი ვარ, – თქვა შეინმა.

– არა! – იყვირა მან.

შეინმა ყურმილი შორს დაიჭირა.

– არა. არა, ჩემი შეინი სავალდებულო წვრთნას გადის. ერთ კვირაში კურსს ხურავს. ჩვენ სამხრეთ კეროლინაში უნდა წავიდეთ მის სანახავად.

– დედა, – დაიწყო შეინმა. ხმა ჩახრინწული ჰქონდა, – შენ რამდენიმე წელია, რაც არ გამოჩენილხარ.

ხაზი გაითიშა. რამდენიმე წუთის განმავლობაში შეინი უმოძრაოდ იჯდა სკამზე ყურმილით ხელში, სანამ, ბოლოს და ბოლოს, არ დაკიდა. მაგრამ როგორც კი ყურმილს ხელი უშვა, ტელეფონმა ისევ დარეკა. შეინმა ეჭვის თვალით შეხედა, მაგრამ როდესაც მესამედაც გაისმა ზარის ხმა, უპასუხა:

– გისმენთ,

– სარდაფში ჩადი და ყუთი ნახე. ის ჩვენს პოვნაში დაგეხმარება, – თქვა დედამისის ხმამ. მერე გარკვევით გაიგონა სიტყვები: შეინ, შენს მშობლებს ენატრები. შენც გენატრება ისინი?

შეინმა ყურმილი დაკიდა და ბიბლიოთეკა ბარბაცით დატოვა….

დასასრული შემდეგ ნომერში

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა