რომანი და დეტექტივი

მისტერ შეინის გადარჩენა

№35

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 08.09

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • არიადნა ოლივერი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #33-34 (1234)

***

„საბუთი, – გაიფიქრა შეინმა და თვალები დახუჭა, – ბიბლიოთეკაში უნდა შევიდე. დარწმუნებული ვარ, იქ რაიმე საბუთს ვიპოვი. ბიბლიოთეკარებმა ყველაფერი იციან.“

ბიბლიოთეკაში დედასთან ერთად ხშირად ყოფილა, ერთხელ მამასთან ერთადაც კი იყო, მაგრამ მარტო – პირველად. ლამაზი, ასაკოვანი ქალი შავ-თეთრი თმით მრგვალი მაგიდის უკან იჯდა.

– სახლის ისტორიის ნახვა მინდა, – უთხრა შეინმა, – ხომ არ შეგიძლიათ, დამეხმაროთ?

– აბა, რომელ სახლზე გინდა ინფორმაციის მოძიება?

– ჩემს სახლზე, – უპასუხა შეინმა, – მე ბერკლის ქუჩის ასოცდამეხუთე ნომერში ვცხოვრობ.

ქალს სახიდან ღიმილი გაუქრა. ყელი უხერხულად ჩაიწმინდა და ჰკითხა:

– ბერკლის ქუჩის ასოცდამეხუთე ნომერი მითხარი?

– დიახ, ქალბატონო, – უპასუხა შეინმა.

– გასაგებია, – თქვა მან, – მე ჩესტერის ქუჩაზე გავიზარდე.

– ჩესტერის ქუჩა ხომ ზუსტად ბერკლის ქუჩის პირდაპირაა, – უთხრა შეინმა ღიმილით.

– აბა, რისი გაგება გსურს შენს სახლზე?

შეინი დასერიოზულდა.

– მაინტერესებს, ვინმე მომკვდარა თუ არა ჩემს სახლში.

ქალი რამდენიმე ხანს ჩუმად იდგა და შეინს შეეშინდა, რაიმე უხერხული ხომ არ ვკითხეო.

– რა მოხდა? – შეინმა შეხედა და წაიჩურჩულა, – შენც იცი, რომ ასეა?

ქალმა, როგორც იქნა, უპასუხა:

– კი. კი, ვიცი.

გაიხედ-გამოიხედა, შემდეგ ბიჭისკენ დაიხარა და უთხრა:

– პატარა წიგნი არსებობს შენი სახლის შესახებ, წამომყევი, შეინ!

ის შეინს ბიბლიოთეკის უკანა მხარეს გაუძღვა, იმ ოთახისკენ, რომელსაც დიდი, ხის წყვილი კარი ჰქონდა. ჯიბიდან გასაღები ამოიღო, კარი გახსნა და შეაღო. შუქი აანთო, წიგნების თაროსთან მივიდა და პატარა წიგნი გამოაძვრინა. შეინი მის წინ დაჯდა და საკუთარი სახლის შავ-თეთრი სურათი დაინახა, რომლის გვერდზეც სხვა, პატარა სახლი იდგა.

– ეს სახლი, – დაიწყო ქალმა და უცნაურ სახლზე მიუთითა, – ბერკლის ქუჩის ასოცდახუთ ნომერში მდებარეობდა, შენს სახლამდე. ანდერსონებმა ის ათასცხრაასოცდაათში შეიძინეს და ისეთად აქციეს, როგორშიც შენ დღეს ცხოვრობ.

– პირველი სახლი როდის აშენდა? – ჰკითხა შეინმა.

– სახლი ათას რვაას თოთხმეტ წელს ააშენეს. ის რამდენჯერმე გაიყიდა და ყოველ ჯერზე ოდნავ იცვლებოდა.

ქალმა წიგნი უცნაურ ილუსტრაციაზე გადაშალა.

– ამას ხედავ? – ჰკითხა მან და სქელ ხაზს თითი გააყოლა.

– კი, – უპასუხა შეინმა.

– თითოეული სქელი ხაზი საიდუმლო გასასვლელია. რაც უფრო იცვლებოდა სახლი და რაც უფრო მდიდარი ხალხი ყიდულობდა მას, ცდილობდნენ, ისე მოეწყოთ, რომ მათი მსახურები თვალში არ შეჩხეროდათ. მსახურებს შეეძლოთ, ყველა ოთახში ისე შესულიყვნენ, რომ მფლობელები არ შეეწუხებინათ. იმ დროისთვის, როდესაც ანდერსონებმა სახლი შეიძინეს, გასასვლელები ისე შენიღბეს, რომ შესამჩნევიც აღარ ყოფილიყო.

შეინმა თავი დაუქნია.

– ვიცი. საშინელებაა. მამას ჰგონია, რომ ყველა მათგანი ამოქოლა, მაგრამ ახალს ყოველთვის ვპოულობთ.

შეინმა წიგნი გადაფურცლა და დაახლოებით, თავისხელა ბიჭის სურათს დახედა,. ბიჭს ძველმოდური ტანსაცმელი და გახეული ფეხსაცმელი ეცვა, ფოტოაპარატს უღიმოდა. ხელში პატარა სასროლი იარაღი ეჭირა, მის ზურგს უკან ის ტბა მოჩანდა, შეინის ეზოში რომ იყო.

– თადეუსმა შემთხვევით ტბის წყალი გადაყლაპა, როცა შიგნით ცურავდა და იმ საღამოს, როდესაც ჩაეძინა, მოკვდა. ამას მშრალ დახრჩობას ეძახიან. ფილტვებში წყლის მცირე რაოდენობაც კი საკმარისია, რომ მოგკლას, – თქვა ქალმა. – მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, ტბაში ჩავიხედე. მისის ანდერსონმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ტბას აღარ გავკარებოდი. ხანდახან, ჩემი ფანჯრიდან ვხედავ მენავეებს ტბის ნაპირთან ან იმას, როგორ დაცურავენ შიგნით თევზები. ათასში ერთხელ იხვებიც სტუმრობენ ტბას, მაგრამ მალევე ტოვებენ იქაურობას.

შეინმა ქალს შეხედა.

– შეგიძლია, ერთი თხოვნა შემისრულო?

– რა თხოვნა? – ჰკითხა მან.

– შეგიძლია ელოისისა და თადეუსის სახელები დამიწერო და წლები, როდესაც ისინი გარდაიცვალნენ?

– რა თქმა უნდა, – თქვა მან ოდნავ დაბნეულად, – და რატომ?

– მამაჩემს არ სჯერა, რომ სახლში მოჩვენებებია, – უპასუხა შეინმა, – ჰგონია, რომ სახლში მე გადავაადგილებ ნივთებს. მითხრა, შეიძლება, მოჩვენებების არსებობა დავიჯერო, თუ დამიმტკიცებ, რომ ამ სახლში ვინმე გარდაცვლილაო.

– ბერკლის ქუჩის ასოცდახუთ ნომერში ბევრი ადამიანი გარდაცვლილა, შეინ. ეს ისეთი ბუნებრივი ამბავია – თქვა ბიბლიოთეკარმა ულმობელი ხმით, – ელოისი და თადეუსი მხოლოდ ორი მათგანია.

შეინმა ამოიოხრა და თქვა:

– სწორედ ამისი მეშინოდა.

***

ის თავის ძველ ლოგინზე იჯდა, გვერდით წიგნი ედო, სიგარეტის კოლოფი, სანთებელა, ვისკის ბოთლი და სირჩაც. მთავარი კითხვა ის იყო, მოახერხებდა თუ არა შეინი მშობლების პოვნას. იმის გაგებას მაინც, რა მოუვიდათ. თითქოს ძილბურანში იყო, იქნებ მის ჩაძინებასაც ელოდნენ, რომ გამოჩენილიყვნენ: გასასვლელიდან ჭრაჭუნის ხმამ საბოლოოდ გამოაფხიზლა ბავშვობის მოგონებები. მისი ყვირილი, ყველაფერი მთელი სისასტიკით დაუდგა თვალწინ. შიში, რომელსაც მასში დამალული დერეფნები იწვევდა, პრიმიტიული, ინსტინქტური იყო.

შეინი გახევდა და თვალები გაახილა. როგორც კი ასე მოიქცა, შუქი ჩაქრა. შეინს საკუთარი სუნთქვის ხმა ესმოდა. ოთახში ისე ბნელოდა, რომ ვერაფერს არჩევდა. მაგრამ სამაგიეროდ მათი სუნი სცემდა.

***

გამომძიებელი მერი ლაფონტეინი ისთ სტარკისა და ბერკლის ქუჩის კუთხეში იდგა. შარფი გაისწორა და ბერკლის ქუჩას ჯერ მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ გახედა. ცოლ-ქმარ რაიანების დაკარგვის შესახებ ყველამ იცოდა. ასაკი – სამოცდაექვსი და სამოცდარვა წელი. ამბავს საშინელი დანაშაულის სუნი ასდიოდა; მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ამ სახლზე დავა სერიოზულად და დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. სახლი ამჟამად შეინ რაიანს ეკუთვნოდა, ჰენკისა და ფიონას შვილს, რომლებიც ერთი შეხედვით, უცნაურ გარემოებებში გამქრალიყვნენ, როცა ის სამხრეთ კაროლინაში იმყოფებოდა. მერიმ სახლს შეხედა და თავი რატომღაც ცუდად იგრძნო.

– ბაზა, ორმოცდასამი ვარ, – თქვა მან, – ვუახლოვდები ბერკლის ქუჩის ას ოცდამეხუთე ნომერს ინტერვიუსთვის.

– გასაგებია, ორმოცდასამო, ხუთ წუთში დაგვიკავშირდი.

***

კარი გაიღო და გამოჩნდა კაცი ძალიან გადაღლილი სახით. დაახლოებით, ოცდაათი წლის იქნებოდა, სამოცდაათი კილო. მისმა დაკვირვებულმა თვალმა თავიდან ბოლომდე აათვალიერ-ჩაათვალიერა იგი და შეამჩნია მისი გაცვეთილი, ფერგადასული ლურჯი ჯინსები, დაკერებული შავი სვიტერი და ახალი სარბენი ფეხსაცმელები.

– შემიძლია, დაგეხმაროთ? – ჰკითხა კაცმა ზრდილობიანად.

მერიმ თავი დაუქნია.

– ბატონი რაიანი ბრძანდებით? მე გამომძიებელი ლაფონტეინი გახლავართ, ნაშუას პოლიციის დეპარტამენტიდან. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა, რამდენიმე კითხვა დაგისვათ?

– შემობრძანდით. გარეთ ძალიან ცივა სასაუბროდ.

– მადლობა, – თქვა მერიმ.

სახლი იმაზე დიდი იყო, ვიდრე გარედან ჩანდა, ხოლო მისაღებიდან საერთოდ უზარმაზარი ეჩვენა.

– აბა, – დაიწყო შეინმა, – რით შემიძლია დაგეხმაროთ?

– აქ იმიტომ ვარ, რომ მანქანა, რომელიც ბიძათქვენმა და ბიცოლათქვენმა იქირავეს, ამ ტერიტორიაზე იპოვეს, – თქვა მერიმ.

შეინმა შუბლი შეიკრა.

– რიტა და რიკ რაიანებს გულისხმობთ? არ ვიცი, აქ რა უნდოდათ, – თქვა შეინმა, – ბებიაჩემის დასაფლავების შემდეგ, როცა 6 წლის ძლივს ვიყავი, არც ერთ მათგანთან არ მილაპარაკია.

– ანუ, ისინი არ გინახავთ?

შეინმა თავი გააქნია.

– არა. იციან, რომ აქ სასურველი სტუმრები არ იქნებოდნენ. ჩემი მშობლების სახლი უნდოდათ, – თქვა შეინმა და სახლისკენ გაიქნია თავი, – ისინი მის მისაკუთრებას ცდილობენ, მას შემდეგ, რაც ჩემი მშობლები გაუჩინარდნენ. მე აქ არ ვცხოვრობდი. საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო სახლი ცარიელი იყო.

– აქ მარტო ცხოვრობთ?

რაიანმა თავი დაუქნია.

– სახლიდან ვთარგმნი. მთელი ჩემი სამუშაო ინტერნეტის მეშვეობით ხორციელდება. ყოველდღე ცოტას ვსეირნობ, მაგრამ, ძირითადად, სახლში ვარ.

– აქ როდის გადმოხვედით?

– სამი დღის წინ, - უპასუხა შეინმა.

– კარგი, მადლობა, დრო რომ დამითმეთ, ბატონო რაიან.

მერიმ საფულედან სავიზიტო ბარათი ამოიღო და გაუწოდა.

– ეს ჩემი განყოფილების ნომერია, ბატონო რაიან. გთხოვთ, თქვენი ბიძისა და ბიცოლის შესახებ რაიმეს თუ შეიტყობთ, მაშინვე დამირეკოთ.

კაცმა თავი დაუქნია.

***

მას შემდეგ, რაც ამ სახლში გადმოვიდა, ღამის კოშმარები თუ არ გაუარესდა, არც გაუმჯობესებულა. შეინმა კბილის ჯაგრისი თავის ადგილას დააბრუნა, ხელი მელოტ თავზე გადაისვა, აბაზანა დატოვა და სამზარეულოში გავიდა საუზმის მოსამზადებლად.

ზარის ხმა გაისმა. დაელოდა, სანამ ზარის ხმა მიწყდებოდა და იკითხა:

– ვინ არის?

– ბატონო რაიან, – შემოესმა ქალის ხმა. გამომძიებელი ლაფონტეინი გახლავართ, თქვენი სახლის გაჩხრეკვის ნებართვით მოვედი.

შეინმა ამოიოხრა და კარი გააღო. გამომძიებელი ლაფონტეინი სახლის ზღურბლთან თორმეტი პოლიციელისა და სასამართლო პერსონის თანხლებით იდგა. ყველა მათგანი ზედმეტად სერიოზულად გამოიყურებოდა. შეინს სასტიკი სურვილი გაუჩნდა, რამე ეხუმრა, მაგრამ შემდეგ თავი შეიკავა. გამომძიებელ ლაფონტეინის მიმზიდველ სახეს სასტიკი გამომეტყველება მიეღო.

– ბატონო რაიან, – დაიწყო გამომძიებელმა, – რაიმეს თქმა ხომ არ გსურთ, სანამ სახლის ჩხრეკვას დავიწყებდეთ?

– არა, – უპასუხა შეინმა გულწრფელად, – მაგრამ მე სამზარეულოში დავბრუნდები და საუზმეს დავამთავრებ. ყავაზე გეპატიჟებით... ყველა თქვენგანს.

გამომძიებელი ლაფონტეინი სამზარეულოში შეჰყვა. შეინმა ჭიქა მოიტანა, ყავა დაასხა და მიაწოდა.

– ბატონო რაიან, – დაიწყო მერიმ ერთი ყლუპის მოსმის შემდეგ, – თქვენი ბიძისა და ბიცოლასგან არაფერი გსმენიათ?

– რაიმე რომ გამეგო, აუცილებლად შეგატყობინებდით, გამომძიებელო.

– თქვენთან ერთად აქ კიდევ ვინმე ხომ არ ცხოვრობს?

– არა, – უპასუხა შეინმა. მხოლოდ მე და მოჩვენებები. ეს სახლი მოჩვენებებითაა სავსე.

მერიმ წარბი ასწია.

– მოჩვენებების არ გჯერათ? – ჰკითხა შეინმა.

– არა, – უპასუხა მან.

– აქ რომ გეცხოვრათ, გამომძიებელო, თქვენც დაიჯერებდით.

რამდენიმე წუთში ოთახში ახალგაზრდა ქალი შემოვიდა.

– გამომძიებელო ლაფონტეინ?

– გისმენ, ჯენ, – უთხრა გამომძიებელმა.

– სახლში საიდუმლო გასასვლელებია.

ორივე ქალმა შეინს შეხედა. მან ყავა მაგიდაზე დადო და გაიღიმა.

– ეს მსახურების დერეფნებია. ისინი სახლის კედლებში დადიან. ოღონდ იცოდეთ, ფრთხილად იყავით. ზოგი გასასვლელი იქ არ გადის, სადაც წესით უნდა გადიოდეს.

გამომძიებელი ტექნიკოსს მიუბრუნდა:

– დაათვალიერეთ დერეფნები, გუნდ-გუნდად იმუშავეთ. ეს ძველი სახლია და ვინ იცის, რა არის კედლებში ან რამდენად გამძლეა ისინი.

– გასაგებია, გამომძიებელო, – უპასუხა ჯენმა და სამზარეულოდან გავიდა. გამომძიებელმა ლაფონტეინმა შეინს შეხედა.

– არმიაში რამდენი ხანი დაჰყავი?

– ოცი წელი, – უპასუხა მან ფრანგულად. მე ლინგვისტი გახლავართ, გამომძიებელო.

– ოცი წელი საზღვაო ფლოტში. ენებიც იქ ისწავლე? შეინმა თავი დაუქნია.

– რამდენ ენაზე ლაპარაკობ?

– ვლაპარაკობ? ჩვიდმეტზე.

– ჩვიდმეტი? – ჰკითხა მერიმ, ხმაში ეჭვი შეჰპარვოდა.

შეინმა თავი დაუქნია და გაუღიმა.

– არც ისე რთულია, როგორც გგონია. ენები ოჯახებად ჯგუფდება. პირადად მე თავისუფლად ვკითხულობ და ვწერ რომანულ ენებზე, მაგრამ თარგმნისას აქცენტი გერმანულ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე მაქვს.

საზღვაო არმიის პენსიითა და თარგმნის ფულით იოლად გავდივარ. მთავარი საწყობიდან ყვირილის ხმამ ორივე შეაკრთო. გამომძიებელი ლაფონტეინი სკამიდან შეინზე ადრე წამოხტა და საწყობის კარი შეაღო. ასაკში შესული ოფიცერი მათკენ წამოვიდა, თვალები გაფართოებოდა და კანი გაფერმკრთალებოდა.

– მე ბიბლიოთეკაში ვიყავი, მერი.

– კარგი, – თქვა მან.

– მერი, ბიბლიოთეკა მეორე სართულზეა. სამზარეულოს მოპირდაპირე მხარეს. სამი ნაბიჯი გადავდგი მარჯვნივ და უცებ იქ აღმოვჩნდი, – თქვა მან და ცერი საკუჭნაოსკენ გაიშვირა.

მერიმ შუბლი შეკრა.

– ხუმრობ?

– ჯანდაბა! – წამოიძახა შეინმა. არავის დალოდებია, ისე გამოვიდა სამზარეულოდან, მოესმა როგორ გამოჰყვნენ სხვები. ის პირდაპირ სასტუმრო ოთახისკენ წავიდა.

საღამოს რვა საათი იყო, როცა ხელცარიელი პოლიცია, როგორც იქნა, წავიდა. შეინი მიწისქვეშა საწყობში ვეღარ ჩავიდოდა. როგორ ძლიერი სურვილიც არ უნდა ჰქონოდა, უნდოდა, ცოცხალი ყოფილიყო, როცა მშობლებზე რაიმეს გაიგებდა. საწყობში თუ ღამით ჩაეშვებოდა, სიცოცხლეს უაზროდ გარისკავდა. შეინს ისევ უნდა დაეცადა, სანამ გამომძიებელი ლაფონტეინი დაბრუნდებოდა. ის სახლმა განარისხა; თან დააინტერესა. მას მეტის გაგება სურდა. პოლიციასა და ტექნიკოსებს იმაზე მეტი შეკითხვა ჰქონდათ სახლთან დაკავშირებით, ვიდრე შეინს შეეძლო, ეპასუხა. პოლიციამ, რა თქმა უნდა, ბიძამისისა და ბიცოლამისის გვამებს ვერ მიაგნო. არც კვალი უპოვიათ. ვერც იმ შავი შუქებითა და რაღაც მოწყობილობებით აღმოაჩინეს რამე, ჩანთებში რომ ჰქონდათ გამოძიებისთვის. პოლიციამ თქვა, რომ რაღაც უნდა ეპოვათ. არა მხოლოდ მისი ბიძისა და ბიცოლის კვალი, არამედ საბუთები ხალხისა, რომელიც აქ ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა