რომანი და დეტექტივი

მისტერ შეინის გადარჩენა

№34

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 01.09

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • არიადნა ოლივერი

შეინმა მოხუცს დაკვირვებით შეხედა. სავარაუდოდ, სამოცდაათი წლის იქნებოდა, მაგრამ შეინი ეჭვობდა, რომ ის ჩხუბში მაინც მოახერხებდა თავისი გაეტანა.

– გამარჯობა. მე აი, აქ ვცხოვრობ, – თქვა შეინმა და სახლისკენ მიუთითა.

უცნობმა შუბლი შეიკრა.

– აქ არავინ ცხოვრობს, შვილო.

– დღეიდან მე ვცხოვრობ. ადრეც აქ ვცხოვრობდი, ძალიან დიდი ხნის წინ, – თქვა შეინმა.

მოხუცს თვალები ოდნავ შესამჩნევად გაუფართოვდა.

– შენ რაიანის ბიჭი ხარ?

– კი, – უპასუხა შეინმა, გამომწვევად გაუწოდა ხელი და თავი წარუდგინა, – შეინ რაიანი.

უცნობმა ხელი ჩამოართვა.

– ჯერალდ ბეკი. ეს კი თურქია, – თქვა ჯერალდმა და ძაღლს თავზე ხელი გადაუსვა. ჩვენ, ორივენი, სამსახურიდან გადამდგარი ვართ. ენფილდის ცხოველთა თავშესაფრიდანაა.

შეინმა სახლს გახედა. ეჩვენებოდა, რომ ფანჯრები მას შესცქეროდნენ. შეინს ცივმა ოფლმა დაასხა და სცადა, ყურადღება ისევ მოხუცზე გადაეტანა.

– როგორც გავიგე, სახლის მემკვიდრეობასთან დაკავშირებით პრობლემები ყოფილა, – თქვა ჯერალდმა.

– ახლა უკვე ყველაფერი გარკვეულია, – უპასუხა შეინმა.

– როდესაც ყველაფერს მორჩები, მოხარული ვიქნები, თუ სტუმრად შემომივლი. მე ქუჩის ზემო ნაწილში ვცხოვრობ, სამოცდამეექვსე ნომერში. უბრალოდ, ზარი დარეკე. ყავა სულ მაქვს. სახლში მხოლოდ მე და თურქი ვართ..

– შემოგივლით, – უპასუხა შეინმა.

***

შეინი თავს ამაყად გრძნობდა – მან ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ჯარისკაცის წოდება მოიპოვა. უნდოდა, მისი ოჯახი იქ ყოფილიყო. შეინი მათ ვერ ხედავდა. ალენი, სამხედრო ინსტრუქტორი, ჯგუფს გამოეყო კარტერს მიუახლოვდა, რაღაც უთხრა და ორივემ შეინს გამოხედა. შეინი ადგილს მიეყინა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, დახურა თუ არა უკვე კურსი, ისინი მაინც ინსტრუქტორები იყვნენ და რომ მოენდომებინათ, წასვლამდე დარჩენილ დღეებს ჯოჯოხეთად უქცევდნენ. შეინი შიშმა შეიპყრო, როდესაც შეამჩნია, რომ ისინი მას უახლოვდებოდნენ.

– რიგითო რაიან, – მიმართა კარტერმა, – ჩვენთან ერთად წამოდი!

– დიახ, სერ! – უპასუხა შეინმა. სწრაფად გაჰყვა ორ სამხედრო ინსტრუქტორს ადგილამდე, რომელიც საკმაოდ მოშორებით იყო მისი კურსელებისაგან და სადაც კაპელანი შეწუხებული სახით ელოდა.

– რიგითო რაიან, – დაიწყო კაპელანმა, – თქვენი მშობლების შესახებ ამბავი მოგვივიდა. დაიკარგნენ. ისინი, უბრალოდ, გაქრნენ.

შეინმა თვალები დახუჭა და თავი გააქნია. უეცრად ხელების შეხება იგრძნო. მას ოდნავ მოუჭირეს მკლავებზე, რათა შეინს წონასწორობა არ დაეკარგა.

– რამდენი ხანია? – როგორც იქნა მოახერხა, რომ ეკითხა.

– ერთი კვირა იქნება, – უპასუხა კაპელანმა. – თქვენი მშობლები, უბრალოდ, გაქრნენ. როგორც მითხრეს, სხვა ყველაფერი ადგილზეა. მათი საფულეები, ფული. მანქანა. პოლიციამ არ იცის, რა მოხდა.

***

ძალა მოიკრიბა, რომ ქუჩა გადაეკვეთა და თავის საკუთრებას მიახლოვებოდა. ბიძამისი და ბიცოლამისი მშობლების გაქრობის დღიდან ედავებოდნენ მას. ისიც კი სცადეს, მომხდარი შეინისთვის დაებრალებინათ. სასამართლომ ეს ბრალდება უსაფუძვლოდ მიიჩნია. შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტის ჯარისკაცებს შეეძლოთ, დაემტკიცებინათ, რომ შეინი მთელი ამ დროის განმავლობაში პარისის კუნძულზე, სამხრეთ კაროლინაში იმყოფებოდა და სავალდებულო წვრთნას გადიოდა. შეინს არასოდეს მოსწონდა ბიძამისი რიკი და ბიცოლამისი რიტა. ბავშვობაში ერთხელ ჰყავდა ნანახი. ახლა კი აღარც ეზიზღებოდა, არ ღირდნენ ამად.

კარი მარტივად გაიღო, თითქოს გუშინ დატოვაო აქაურობა. ოთახს თვალი მოავლო. ყველაფერი ძველებურად თავის ადგილზე იყო. მტვრის ნასახიც კი არსად ჩანდა, თითქოს ვიღაცამ სპეციალურად მისთვის დაასუფთავაო სახლი. უკნიდან ჩურჩულის ხმები მოესმა. ვერ არჩევდა, რას ამბობდნენ, მაგრამ იცოდა, არაფერს სასიამოვნოს. აქამდეც სმენია მათი ხმა, დიდი ხნით ადრე, სანამ მშობლები გაუჩინარდებოდნენ. მთელი ყურადღება იმ ტბაზე გადაიტანა, ვერანდა რომ გადაჰყურებდა. უცებ შეინი გახევდა, ტბის ცენტრს დააშტერდა და ყურადღების მობილიზებას შეეცადა. წყალქვეშ უცნაური თეთრი სილუეტი დაინახა, რომელიც ტალღოვნად, არეულ-დარეულად მოძრაობდა. ყურთან რაღაც ცივი იგრძნო და მოხუცი კაცის ხმაც შემოესმა:

– კეთილი იყოს შენი დაბრუნება სახლში, შეინ!

***

1983 წლის 3 მაისი. შეინი მზად იყო. სამ დღეში რვა წელი შეუსრულდებოდა. ახლა აღარაფრის შეეშინდებოდა. უკვე შეეძლო, შუქის გარეშე დაეძინა და კარის ჩამოხსნაც აღარ იქნებოდა საჭირო. საწერი მაგიდის უკნიდან ფხაჭუნი შემოესმა. ყურადღებით დააკვირდა ხმაურს. ფხაჭუნის მიხედვით უნდა მიმხვდარიყო, ამჯერად ვინ ესტუმრა. მსუბუქი ფხაჭუნი ელოისის იყო, უფრო მკვეთრი – თადეუსის. თადეუსი ოთახში შემოსვლას ცდილობდა. დერეფნის შესასვლელი ჩაბნელებული იყო. თადეუსი სიბნელეში მძიმედ სუნთქავდა.

– წადი აქედან? – თქვა შეინმა. – წადი!

ის არ ცდილა, მშობლების საძინებელში შევარდნილიყო, სადაც უსაფრთხოდ იქნებოდა. ამის მაგივრად, პირდაპირ მოჩვენებისკენ გაქანდა. უფრო სწორედ, პირდაპირ მოჩვენებაში გაიარა. შეინი მთელი სიჩქარით კედელს შეასკდა და ძირს დაეცა. შეინი პანიკამ შეიპყრო. მის უკან რაღაც შეირხა. ცოტა ხანში კი წინ რაღაცის ხმა გაისმა. შეინი ძირს დაჯდა, ყურებზე ხელები აიფარა და ყვირილი დაიწყო. ყვიროდა, სანამ ყელი არ ეტკინა და ისეთი გრძნობა არ დაეუფლა, საცაა თავი გაუსკდებაო. მისმა ხმამ პატარა დერეფანი გაავსო და ახლა უკვე გრძნობდა, როგორ აკაკუნებდნენ კედელზე.

– დედა! – დაიძახა მან და იმ კედლისკენ გაცოცდა, საიდანაც ბრახუნის ხმა მოდიოდა.

დედამ ხელები მოჰხვია და ოთახში შემოიყვანა. იქაურობა კაშკაშებდა. დედა შეინს შემოეხვია, მამა იქვე მდგარ სკამზე დაეშვა.

– აქ როგორ აღმოჩნდი? – იკითხა დედამ და შეინს შეხედა.

– არ ვიცი, – თქვა შეინმა, ცრემლების შეკავებას ცდილობდა, – არ ვიცი. მოჩვენებას დერეფანში გავყევი, მაგრამ შემდეგ კარი ჩაიკეტა. ვყვიროდი. ისინი მომსდევდნენ.

– მინდა, რომ ყველა გასასვლელი ამოქოლო, ჰენკ. დღესვე! – თქვა ფიონამ.

– ჯერ ისიც კი ვერ მოვახერხე, ყველა მათგანი შემემოწმებინა, – უპასუხა მამამ.

– არ მაინტერესებს, – მოუჭრა მან, – ამოქოლე, ჰენკ, ყველა მათგანი ამოქოლე!

შეინის მამამ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ფიონას სახეს რომ შეხედა, გადაიფიქრა და წაიბუზღუნა:

– კარგი.

***

მისი და მშობლების სურათები კედლებზე ეკიდა. ფოტოზე, რომელიც მათ ამ სახლში გადმოსვლამდე გადაიღეს, შეინი ჯერ კიდევ პატარა იყო, იღიმოდა. მას შემდეგ კი, რაც ბერკლის ქუჩაზე მყოფი სახლი შეიძინეს, მუდამ შეშინებული გამომეტყველება ჰქონდა. იასამნის სუნთან ერთად მკვდრის სუნიც ეცა. სახლს სიკვდილის სუნი ასდიოდა.

***

შეინმა იგრძნო, როგორ შეიპყრო მღელვარებამ, როდესაც ზარს რეკავდა. კარს იქით ზარის წკარუნი და თურქის ყეფა შემოესმა. ცოტა ხნის შემდეგ ჯერალდის ხმა გაიგონა.

– ვინ არის? – იკითხა მოხუცმა.

– შეინ რაიანი, – უპასუხა შეინმა.

საკეტი გატკაცუნდა, ჯაჭვი აჟღარუნდა და კარიც გაიღო.

– შემოდი, შეინ, შემოდი. ჩემი შემოთავაზების მისაღებად მოხვედი? – ჰკითხა ჯერალდმა.

– როგორც ჩანს, ასეა, – თქვა შეინმა და სახლში შევიდა.

ჯერალდი პატარა მარმარილოს მაგიდასთან მივიდა, სადაც ვეცხლისფერ ჭურჭელში ყავა ესხა. მოხუცმა ყავა სტუმარს მიუტანა, რაზეც შეინმა მადლობის ნიშნად თავი დაუკრა. ორივემ სიამოვნებით, ჩუმად შესვა ცხელი, შავი სითხე.

– უნდა ვიკითხო: რატომ გადაწყვიტე, მაინცდამაინც ახლა დაბრუნებულიყავი შენს ძველ სახლში? – თქვა ჯერალდმა.

– როგორც თქვენ უკვე ბრძანეთ, – უპასუხა შეინმა, – მემკვიდრეობასთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები იყო. ბიძაჩემი და ბიცოლაჩემი თვლიდნენ, რომ თვრამეტი წლის ბიჭს ჩემნაირი სახლი არ უნდა ჰქონოდა. ბიძა რიკსა და ბიცოლა რიტას საერთოდ არ აინტერესებდათ, სახლს რომ მიისაკუთებდნენ, მე რა მომივიდოდა. არცერთი მათგანი დიდად არ მანაღვლებს. მათ სცადეს, ჩემი მშობლები მკვდრებად გამოეცხადებინათ ბევრად ადრე, ვიდრე ოფიციალურად შეიძლებოდა. ბევრ სხვა ხრიკსაც მიმართეს. კერძო დამკვირვებელიც კი დაიქირავეს, რათა გაერკვიათ, რაიმე კავშირი ხომ არ მქონდა ჩემი მშობლების გაქრობასთან.

– ამ ღამესვე გადმოდიხარ? – ჰკითხა ჯერალდმა.

შეინმა თავი გააქნია.

– ხვალ. სამსახურში საქმე დამრჩა დასამთავრებელი, რამდენიმე დღის შვებულებასაც ავიღებ, რომ სახლში თავისუფლად მოვეწყო.

– სად მუშაობ? – ჰკითხა ჯერალდმა.

– უშტატო მთარგმნელი ვარ, – უპასუხა შეინმა.

***

1983 წლის 3 ივნისი. შეინი „კადილაკის“ უკანა სავარძელზე იჯდა, გულხელი დაეკრიფა და ფანჯრიდან იყურებოდა. დედა წინიდან შესცქეროდა.

– შეინ? – თქვა დედამ.

– არ მინდა ამაზე საუბარი, – უპასუხა შეინმა.

– უბრალოდ, გვაინტერესებს, მეტი არაფერი, შვილო, – თქვა მამამ.

– გიჟი არ ვარ, – თქვა შეინმა. ისევ ფანჯარაში იყურებოდა.

მამამ დაასიგნალა, სვარტ ტერასზე რომ მოეხვია.

– ჩვენ არ გვითქვამს, რომ გიჟი ხარ, – უთხრა დედამ, – ექიმი ვოლფიც არ ფიქრობს ასე.

– როგორ არა, ასე ფიქრობს, – თქვა შეინმა და დედამისს შეხედა, – ასე მითხრა, მოჩვენებები არ არსებობსო.

– კარგი, რა, შვილო, – თქვა მამამ ოდნავ აგდებული ტონით, – შენც ხომ იცი, რომ არ არსებობენ.

– მე ვიცი, რა არის იმ სახლში, – თქვა ბრაზმორეულმა შეინმა. ვიცი, რომ ელოისი მკვდარია. ვიცი, რომ თადეუსიც მკვდარია. იქ სხვებიც არიან. ისინი კედლებში არიან. გოგონა კი ტბაშია.

მშობლებმა ერთმანეთს ნერვიულად გადახედეს და სანამ სახლს მიუახლოვდებოდნენ, ჩუმად ყოფნა არჩიეს. მანქანა გამორთეს, გადმოვიდნენ და სახლისაკენ გასწიეს.

– გინდა, დღეს საძინებლები გავცვალოთ? – იკითხა დედამ.

– ეს არაფერს შეცვლის, – უპასუხა შეინმა.

– რატომ არა? – ჰკითხა მამამ.

– მათთვის სულერთია, რომელ ოთახში ვიქნები, – თქვა შეინმა და ზღურბლზე ფეხი შედგა, – როდესაც ჩემთან ლაპარაკი უნდათ, მელაპარაკებიან კიდეც.

– იცი რას გეტყვი, შვილო, სადილის შემდეგ ჩვენს ოთახში წამოდი და ჩვენც შენთან დავრჩებით.

ელოისმა საათის უკნიდან ჩაიცინა, მაგრამ შეინის მშობლებს არაფერი გაუგიათ.

– კარგი. – თქვა შეინმა, – შევთანხმდით.

საღამოს დედამ დაბანა, სუპერმენის პიჟამა ჩააცვა და მალე შეინი მშობლების დიდ ლოგინში აღმოჩნდა. შეინმა დაამთქნარა, ლოგინის გრილი ნაწილისკენ გადაგორდა და დედას ჩაეხუტა. თვალები დახუჭა, თან მამის ნაამბობს მიაყურადა. უეცრად შეინს სუსტი სისინი მოესმა და თვალები გაახილა. მშობლებს შუქი ჩაექროთ, ოთახში სრულიად ბნელოდა. სისინი განმეორდა, რასაც ხმამაღალი ჭრაჭუნის ხმა მოჰყვა.

– შეინ, – შეინს სუნთქვა გაუძნელდა, – შეინ, – გაიმეორა ხმამ. კიდევ შემოესმა ჭრაჭუნი, იატაკზე რაღაც გახმაურდა. – გესმის ჩემი, შეინ? – იკითხა ხმამ, მაგრამ ეს ინგლისური არ იყო. ეს რაღაც სხვა ენა იყო. არ იცოდა, რომელი, მაგრამ მაინც ესმოდა, – თამაში მინდა, შეინ, - თქვა მან. იატაკზე რაღაც ისევ გაჭრაჭუნდა.

– შეინ, – დაიწყო მამამ.

– ყველაფერი გასაგებია, – თქვა შეინმა და ლოგინის შუაში ჩაძვრა, თან ჭერს შესცქეროდა.

– რას გულისხმობ? – ჰკითხა დედამ.

– ელოისი გაბრაზებულია, – თქვა შეინმა და თვალები დახუჭა, – მას ჩემთან თამაში უნდა, თქვენ კი ამის საშუალებას არ აძლევთ.

– ვინ არის ელოისი? – ჰკითხა დედამ.

შეინმა თვალები გაახილა და შეხედა.

– ეს ის გოგონაა.

– და... და ის მკვდარია? – ჰკითხა დედამ.

– გოგონა ტბაში... – უპასუხა შეინმა, – მან უთხრა სახლს, ელოისი მოკალიო და ისიც ასე მოიქცა.

– უნდა დავრწმუნდე, რომ ელოისი და თადეუსი მართლაც არსებობდნენ, – თქვა მამამ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა