მიშველეთ!
ავტორი: „თბილისელები“ 20:00 29.10

- აგატა კრისტი
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #40-41 (1189)
– ეს ქიმიკატებზე ჩატარებული ცდებისგანაა, – თქვა მან, – მამა ამის გამო ძალიან ბრაზობს, სურს მშენებლობას მოვკიდო ხელი, მე კი ქიმია და ქიმიური ცდები მიყვარს. ფანჯარაში სახეგაბადრული, მხიარული, მოღიმარი მისტერ დინსმიდი გამოჩნდა. მის დანახვაზე მორტიმერს კვლავ გაეღვიძა უნდობლობა და ანტაგონიზმი. მისის დინსმიდი უკვე მაგიდასთან იჯდა. მან სტუმარს უხალისოდ უსურვა დილა მშვიდობისა და მორტიმერმა კვლავ გაიფიქრა, ქალს რატომღაც ჩემი ეშინიაო. ყველაზე ბოლოს მაგდალენა მოვიდა. მან ოდნავ დაუკრა თავი სტუმარს და მის პირდაპირ დაჯდა.
– კარგად გეძინათ? – ჰკითხა მოულოდნელად, – საწოლი? ქალიშვილმა მას სერიოზული მზერა მიაპყრო. მორტიმერმა თავაზიანად გასცა დადებითი პასუხი და სახეზე იმედგაცრუების კვალი შენიშნა. ნეტავ რის გაგონებას ელოდა? კლივლენდმა ოჯახის უფროსს მიმართა:
– თქვენს ვაჟიშვილს, როგორც ჩანს, ქიმია უყვარს, – უთხრა თავაზიანად.
უეცრად მისის დინსმიდს ხელიდან ფინჯანი გაუვარდა, რომელიც ხმაურით დაეცა იატაკზე და დაიმსხვრა.
– მეგი, რა მოგდის! – დაუცაცხანა ქმარმა. მორტიმერს მოეჩვენა, რომ მის ხმაში გაფრთხილება გახმიანდა. დინსმიდი სტუმრისკენ შეტრიალდა და მკვირცხლად შეუდგა საუბარს სამშენებლო საქმის უპირატესობაზე, რომ ბიჭების ნებაზე მიშვება არ შეიძლება. ნასაუზმევს კლივლენდი ბაღში გავიდა და სიგარეტი გააბოლა. კოტეჯიდან წასვლის დრო მოახლოვდა. მხოლოდ ერთი ღამით შეიფარეს და რა უნდა მოეფიქრებინა ამ დროის გასახანგრძლივებლად? არადა, წასვლა არ უნდოდა. მორტიმერმა ის ბილიკი აირჩია, რომელიც სახლთან მეორე მხრიდან მიდიოდა, თან ამ საკითხზე ფიქრობდა. რეზინის ძირიანი ფეხსაცმელი ეცვა და თითქმის უხმაუროდ დადიოდა. როდესაც სამზარეულოს ფანჯარასთან ჩაიარა, მისი ყურადღება დინსმიდის სიტყვებმა მიიპყრო:
– ეს გვარიანი თანხაა. მისის დინსმიდმა რაღაც უპასუხა, ოღონდ ხმადაბლა და მორტიმერმა სიტყვები ვერ გაარჩია, მაგრამ დინსმიდმა თქვა:
– როგორც ადვოკატმა თქვა, ეს თითქმის სამოცი ათასი გირვანქა სტერლინგია. მორტიმერი მიყურადებას არ აპირებდა, თუმცა ჩაფიქრებული დაბრუნდა უკან. ფულის ხსენებას შესაძლოა საქმე გაემარტივებინა. სამოცი ათასი გირვანქა სტერლინგი ვითარებას უფრო მკაფიოდ, იმავდროულად, უფრო საზიზღარი კუთხით წარმოაჩენდა. მაგდალენა სახლიდან გამოვიდა, მაგრამ მამამ დაუძახა და მყისვე შებრუნდა. მალე თვითონ დინსმიდი მიუახლოვდა სტუმარს.
– ასეთი კარგი დილა იშვიათია – თქვა მეგობრულად – იმედია, თქვენი ავტომობილი წესრიგშია, არა?
„აინტერესებს, როდის წავალ“ – გაიფიქრა მორტიმერმა და მისტერ დინსმიდს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა გულითადი მასპინძლობისთვის. – არაფრის, – გაისმა პასუხად. ამჯერად სახლიდან მაგდალენა და შარლოტა გამოვიდნენ და ხელიხელჩაკიდებული გაემართნენ შორიახლოს მდგარი ძელსკამისკენ. ერთის მუქთმიანი და მეორის ოქროსფერთმიანი თავი ისეთ სასიამოვნო კონტრასტს ქმნიდა, რომ მორტიმერმა უნებლიეთ წამოიძახა:
– მისტერ დინსმიდ, თქვენი ქალიშვილები ერთმანეთს სულ არ ჰგვანან!
დინსმიდი, რომელიც ამ დროს ჩიბუხს უკიდებდა, შეკრთა და ასანთი ხელიდან გაუვარდა.
– ასე ფიქრობთ? – იკითხა მან
– დიახ, მგონი, მართალი ხართ. მორტიმერს ინტუიციამ ერთი აზრი უკარნახა. – ისიც ცხადია, რომ ერთ-ერთი მათგანი თქვენი ღვიძლი შვილი არ არის, – თქვა მშვიდად. დინსმიდმა მორტიმერს შეხედა, წამით შეყოყმანდა და გადაწყვეტილება მიიღო.
– ძალზე ჭკვიანური დაკვირვებაა, სერ, – განაცხადა მან – დიახ, ერთი მათგანი პატარობისას ავიყვანეთ და ღვიძლი შვილივით გავზარდეთ. თვითონ ჯერ არაფერი იცის, მაგრამ მალე ყველაფერს გაიგებს. დინსმიდმა ამოიოხრა.
– მემკვიდრეობის გამო? – ივარაუდა მორტიმერმა. მასპინძელმა ეჭვიანი მზერა მიაპყრო, თუმცა ბოლოს გადაწყვიტა, რომ გულწრფელობა ჯობდა, თანაც აშკარად აგრესიული გახდა.
– უცნაურია, რომ ამას ამბობთ, სერ.
– იქნებ ეს ტელეპათიაა? – მიუგო მორტიმერმა და გაიღიმა. – ასეა, სერ?
- გოგონა იმიტომ ავიყვანეთ, რომ დედამისი გადაგვერჩინა – ცხადია, ანაზღაურების სანაცვლოდ, ვინაიდან მაშინ სამშენებლო ბიზნესის დაწყებას ვაპირებდი. რამდენიმე თვის წინათ გაზეთებში განცხადებას მოვკარი თვალი და მომეჩვენა, რომ საქმე ჩვენს მაგდალენას შეეხება. ადვოკატებთან წავედი ამ საკითხზე სასაუბროდ. ბევრი ვილაპარაკეთ. ცოტა არ იყოს, ეჭვით მიყურებდნენ, რაც სულაც არ გამკვირვებია. მაგრამ ახლა ყველაფერი გაირკვა. მომავალ კვირას მე და მაგდალენა ლონდონში მივემგზავრებით. თვითონ ჯერ არაფერი იცის. მამამისი მდიდარი ებრაელი ჯენტლმენი ყოფილა. მხოლოდ სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე შეუტყვია, რომ შვილი ჰყავს, აგენტები დაუქირავებია მის მოსაძებნად და მთელი ქონება მას დაუტოვა. მორტიმერი უდიდესი ყურადღებით უსმენდა. მიზეზი არ ჰქონდა, რომ მისტერ დინსმიდის მონათხრობში ეჭვი შეეტანა. ლამაზი მაგდალენას შავგვრემანობასაც მოეძებნა ახსნა და ქალიშვილის უცხო მანერებსაც. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა სიმართლე იყო, მაინც გრძნობდა, რომ რაღაცას უმალავდნენ, მაგრამ მორტიმერს არ სურდა თანამოსაუბრის დაეჭვება. ახლა იქაურობას უნდა გასცლოდა და მასპინძლები დაემშვიდებინა.
– ძალზე საინტერესო ამბავია, მისტერ დინსმიდ – თქვა მან, – ვულოცავ მის მაგდალენას. ასეთი მემკვიდრეობითა და სილამაზით მშვენიერი მომავალი აქვს.
– დიახ, – დაეთანხმა დინსმიდი და ხმა დაუთბა – თანაც იშვიათი, საუკეთესო ხასიათის გოგოა.
– ახლა კი უნდა წავიდე, მისტერ დინსმიდ – თქვა მორტიმერმა, – კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას გამორჩეული მასპინძლობისთვის. მორტიმერი ოჯახის უფროსთან ერთად შევიდა სახლში, რათა მისის დინსმიდს დამშვიდობებოდა. ქალი კარისკენ ზურგით იდგა და მათი შესვლა არ გაუგონია. როდესაც ქმარმა ხმამაღლა უთხრა, მისტერ დინსმიდი დასამშვიდობებლად მოვიდაო, ნერვიულად შეკრთა, შემოტრიალდა და იატაკზე რაღაც დაუვარდა. მორტიმერმა აიღო და მიაწოდა. ეს იყო ოცდახუთი წლის წინანდელი სტილის მინიატიურა შარლოტას გამოსახულებით. მორტიმერმა დიასახლისსაც გადაუხადა მადლობა და კვლავ შეამჩნია მისი შეშინებული გამომეტყველება და მისკენ მიმართული ფარული მზერა. ქალიშვილები არსად ჩანდნენ, მაგრამ მორტიმერს არ სურდა გამჟღავნება, რომ მათი ნახვა უნდოდა, თანაც, ახალი იდეა გაუჩნდა, რომელიც მალე დადასტურდა. ის იყო, დაახლოებით ნახევარი მილი გაიარა და იქით დაეშვა, სადაც წინა დღით მანქანა დატოვა, რომ ბილიკის გვერდით ბუჩქები შეირხა და იქიდან მაგდალენა გამოვიდა.
– უნდა მენახეთ, – თქვა ქალიშვილმა.
– ველოდი – მიუგო მორტიმერმა, – თქვენ დახატეთ მაგიდაზე ჩემს ოთახში წუხელ, ხომ ასეა?
მაგდალენამ თავი დაუქნია.
– რატომ? – თბილად ჰკითხა მორტიმერმა. მაგდალენა შეტრიალდა და ბუჩქიდან ფოთლების მოწყვეტა დაიწყო. – არ ვიცი, – თქვა მან – მართლა არ ვიცი.
– აბა, გისმენთ, – უთხრა მორტიმერმა.
მაგდალენამ ღრმად ამოიოხრა. – მე პრაქტიკული ადამიანი ვარ – დაიწყო მან, – მათ არ ვგავარ, ვისაც სულ რაღაც ეჩვენება ან რამეს იგონებს. ვიცი, რომ მოჩვენებებისა და სულების გჯერათ. მე არ მჯერა და როცა გეუბნებით, რომ ამ სახლში რაღაც ცუდი ხდება, – ქალიშვილმა ხელი ბორცვისკენ გაიშვირა, – ვგულისხმობ, რომ მართლა რაღაც ცუდი ხდება. ეს მხოლოდ წარსულის გამოძახილი არ არის. ეს მას შემდეგ ხდება, რაც აქ ჩამოვედით. ყოველი დღე წინაზე უარესია. მამაც შეიცვალა, დედაც, შარლოტაც შეიცვალა. მორტიმერმა გააწყვეტინა.
– ჯონიც? – იკითხა მან.
– დიახ.
- მითხარით, იქნებ რომელიმე სიტყვამ ან ფრაზამ მიიქცია თქვენი ყურადღება წუხანდელი ვახშმობისას?
მაგდალენამ შუბლი შეიჭმუხნა. – არა მგონია, – ჩაილაპარაკა მან, – თუმცა ყური მოვკარი, როგორ უთხრა მამამ დედას, შარლოტა დედამისის ალი-კვალიაო და ძალზე უცნაურად გაიცინა, მაგრამ... ამაში ხომ არაფერია უცნაური, არა?
– არა – ნელა თქვა მორტიმერმა – თუ იმას არ ჩავთვლით, რომ შარლოტა დედას არა ჰგავს. ის მცირე ხნით ჩაფიქრდა. შემდეგ თავი ასწია და დაინახა, რომ მაგდალენა აკვირდებოდა.
– შინ წადით, ჩემო კარგო – უთხრა მორტიმერმა, – და ნურაფერზე იდარდებთ. ყველაფერს მოვაგვარებ. ქალიშვილი მორჩილად გაუყვა კოტეჯისკენ მიმავალ ბილიკს. მორტიმერმა ცოტა კიდევ გაიარა და ბალახზე გაწვა. თვალები დახუჭა, თავიდან ყოველგვარი აზრი ამოიგდო და მის გონებაში სურათების მთელი სერია მიჰყვა ერთმანეთს. ჯონი! ყოველთვის ჯონის უბრუნდებოდა. ჯონის, სრულიად უდანაშაულოს, ყოველგვარი ეჭვისა და ინტრიგისგან თავისუფალს, მიუხედავად ამისა, ყველაფერი მის გარშემო ბრუნავდა. გაახსენდა, როგორ გაუტყდა ფინჯანი მისის დინსმიდს დილით. რამ შეაშინა? მისმა შემთხვევით ნათქვამმა, ყმაწვილს ქიმია უყვარსო? იმ მომენტში ყურადღება არ მიაქცია მისტერ დინსმიდს, მაგრამ ახლა მოაგონდა, რომ ამ სიტყვების გაგონებაზე ჩაით სავსე ფინჯანი ტუჩებთან გაუშეშდა. ამან შარლოტასთან დააბრუნა, როგორიც ის წუხელ დაინახა, როდესაც სახლის კარი გაიღო და შეიხედა. ქალიშვილი იჯდა და მას ფინჯნის ზემოდან მისჩერებოდა. ამას მყისვე მოჰყვა სხვა მოგონება – მისტერ დინსმიდი მიყოლებით ცლის ჩაის ფინჯნებს და ამბობს: „ეს ჩაი გაცივდა“. შემდეგ გაახსენდა, რომ ფინჯნებიდან ორთქლი ამოდიოდა. ნუთუ ჩაი არც ისეთი ცივი იყო? ტვინში რაღაც აუმოძრავდა. გაახსენდა დაახლოებით ერთი თვის წინათ გაზეთში წაკითხული ამბავი, თუ როგორ მოიწამლა მთელი ოჯახი ბიჭის დაუდევრობის გამო. კარადაში დატოვებული დარიშხანის პაკეტი პურზე დაიბნა. ეს, ალბათ, მისტერ დინსმიდმაც წაიკითხა. თანდათან ყველაფერს ნათელი მოეფინა... ნახევარი საათის შემდეგ მორტიმერი მკვირცხლად წამოდგა... კვლავ მოსაღამოვდა. კოტეჯში ვახშმად, როგორც ყოველთვის, მოხარშული კვერცხი და დაკონსერვებული ხორცი ჰქონდათ. მალე სამზარეულოდან მისის დინსმიდი შემოვიდა ჩაიდნით ხელში. ოჯახის წევრებმა მაგიდის გარშემო თავიანთი ადგილები დაიკავეს.
– როგორი კონტრასტია წუხანდელ საღამოსთან, – თქვა მისის დინსმიდმა და ფანჯრისკენ გაიხედა.
– ჰო, – დაეთანხმა მისტერ დინსმიდი, – ისეთი სიჩუმეა, ბუზის გაფრენასაც გაიგებს კაცი. აბა, დაასხი, დედილო. მისის დინსმიდმა ფინჯნები გაავსო და ყველას რიგრიგობით მიაწოდა. შემდეგ ჩაიდანი დადგა, შეჰყვირა და ხელი გულზე მიიჭირა. მისტერ დინსმიდი სკამიანად შეტრიალდა და ცოლის შეშინებულ მზერას თვალი გააყოლა. კარში მორტიმერ კლივლენდი იდგა. ის წინ გამოვიდა. თავი ზრდილობიანად ეჭირა და ბოდიშობდა.
– ვშიშობ, შეგაშინეთ – თქვა მან, – მაგრამ იძულებული გავხდი, რაღაც მიზეზით დავბრუნებულიყავი.
– რაღაც მიზეზით დაბრუნდა! – შესძახა მისტერ დინსმიდმა, რომელსაც სახეში სისხლი მოაწვა და ვენები დაებერა, – ნეტავი რა მიზეზით?
– ჩაი, – მიუგო მორტიმერმა. მან სწრაფად ამოაძვრინა ჯიბიდან რაღაც, მაგიდიდან ერთ-ერთი ფინჯანი აიღო და იქიდან ცოტა ჩაი სინჯარაში გადაასხა, რომელიც ხელში ეჭირა.
– რას... რას აკეთებთ? – ძლივს ამოღერღა მისტერ დინსმიდმა, სახიდან სიწითლე წამსვე გაუქრა – თითქოს ჯადოსნური ჯოხი აიქნიესო – და მკვდარივით გაფითრდა. შეშინებულმა მისის დინსმიდმა შეჰკივლა.
– მისტერ დინსმიდ, ვფიქრობ, გაზეთებს კითხულობთ, არა? დარწმუნებული ვარ, კითხულობთ. მათში ზოგჯერ იბეჭდება სტატია, თუ როგორ მოიწამლა მთელი ოჯახი. ზოგი გამოჯანმრთელდა, ზოგი ვერა. ჩვენს შემთხვევაში ერთი ადამიანი ვერ გამოჯანმრთელდებოდა. პირველი ვარაუდი იქნებოდა დაკონსერვებული ღორის ხორცი, რომელიც მიირთვით, მაგრამ თუ ექიმი ეჭვიანი კაცი აღმოჩნდებოდა და არ დააკმაყოფილებდა თეორია გაფუჭებული კონსერვის შესახებ? თქვენს კარადაში დარიშხანის პაკეტია, ქვედა თაროზე კი ჩაის პაკეტი. ზედა თაროს ნახვრეტი აქვს, ასე რომ, ადვილად შეიძლება აიხსნას, თუ როგორ მოხვდა დარიშხანი ჩაიში. ცხადია, შემთხვევით. თქვენს ვაჟიშვილს, ჯონის, მხოლოდ დაუდევრობაში თუ დასდებდნენ ბრალს.
– მე... მე ვერ ვხვდები, რას გულისხმობთ, – ამოილუღლუღა დინსმიდმა.
– ვფიქრობ, ხვდებით, – მორტიმერმა მეორე ფინჯანი აიღო და სხვა სინჯარაში ჩაასხა. პირველ სინჯარას წითელი ეტიკეტი მიაკრა, მეორეს – ცისფერი...
– წითელეტიკეტიანში შარლოტას ჩაია, მეორეში – მაგდალენასი. მზად ვარ დავიფიცო, რომ პირველში ოთხჯერ ან ხუთჯერ მეტ დარიშხანს აღმოვაჩენ, ვიდრე მეორეში.
– ჭკუაზე შეიშალეთ, – თქვა დინსმიდმა.
- მადლობა ღმერთს, მსგავსი არაფერი მჭირს. მისტერ დინსმიდ, თქვენ დღეს მითხარით, რომ შარლოტა თქვენი ღვიძლი შვილია, მაგდალენა კი აყვანილი ბავშვი. ამ დროს კი, როცა ხელში მინიატიურა მეჭირა შარლოტას დედის გამოსახულებით, შეცდომით შარლოტას ფოტოსურათი მეგონა. მემკვიდრეობა თქვენს ღვიძლ შვილს უნდა მიეღო, მაგრამ ვინაიდან შარლოტას არსებობას ვერ დამალავდით და ვინმეს, ვინც დედამისს იცნობდა, შეეძლო სიმართლე ეთქვა ამ მსგავსების საიდუმლოზე, მწიკვი თეთრი დარიშხანი ჩაყარეთ ფინჯანში. უეცრად მისის დინსმიდმა გადაიხარხარა და ისტერიკულად დაიწყო აქეთ-იქით ქანაობა.
– ჩაი! – შესძახა მან, – სწორედ ასე თქვა, ჩაი და არა ლიმონათიო!
– ენა ჩაიგდე! – მრისხანედ დაუღრიალა ქმარმა. მორტიმერმა შეამჩნია, რომ მაგიდის მეორე მხრიდან გაოცებული შარლოტა მისჩერებოდა გაფართოებული თვალებით. შემდეგ იგრძნო, რომ მკლავზე ხელი დაადეს და მაგდალენამ გვერდზე გაიყვანა, სადაც მათ საუბარს ვერავინ გაიგონებდა.
– ისინი – თქვა ქალიშვილმა და სინჯარებზე მიუთითა, – მამა... თქვენ ხომ არ... მორტიმერმა მაგდალენას ხელი მხარზე დაადო.
– ჩემო კარგო, – თქვა მან, – თქვენ არ გჯერათ წარსულის. მე მჯერა. მჯერა ამ სახლში არსებული ატმოსფეროსი. აქ რომ არ ჩამოსულიყავით, მამათქვენს შესაძლოა – ხაზს ვუსვამ, შესაძლოა – ეს გეგმა თავში არც მოსვლოდა. მე შევინახავ ამ ორ სინჯარას. ისინი შარლოტას უბედურებისგან დაიცავენ – ახლაც და მომავალშიც. სხვას არაფერს გავაკეთებ, თუნდაც იმ ადამიანის მადლიერების ნიშნად, რომელმაც საშიშროების შესახებ გამაფრთხილა.
დასასრული
თარგმნა ნინო წულუკიძემ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან