რომანი და დეტექტივი

მევალე

№46

ავტორი: ნია დვალი 20:00 22.11

რომანი
დაკოპირებულია

– ვიცი, რომ დედაშენია და მე მას პატივს ვცემ, მაგრამ ძალიან მძიმე ადამიანია, შევწუხდი, – შესჩიოდა ლევანი თავის ქალიშვილს.

– მოიცა და, – გაეცინა ანუკის, – თქვენ ხომ გაყრილები ხართ?!

– კი ბატონო, მაგრამ ამის გაგება არ უნდა, – ამოიოხრა ლევანმა.

– რას აკეთებს ასეთს, რომ შეგაწუხა? – ანუკი ისევ იცინოდა, მაგრამ მაინც დააზუსტა.

– ყოველდღე მირეკავს. ყოველდღე და ეს... – ლევანს ენა დაება.

– ჰო, ეს არ მოსწონს შენს ამჟამინდელ ცოლს, – ისევ იცინოდა ანუკი, – ქალები დაგტრიალებენ თავს, კარგია, იეჭვიანებს, – მაგრამ უცებ სახე შეეცვალა, – ეს დეტალები მე არ მეხება.

– ლილიკომ გაწყენინა? – ჰკითხა მამამისმა.

– ნუ, მასეც ვერ ვიტყოდი, მაგრამ... მა, თითქოს სასიამოვნო ქალია, კულტურული, მაგრამ ზედმეტობები უყვარს და ეს მაღიზიანებს, – ანუკიმ ეს თქვა და ამოისუნთქა, თითქოს ლოდი მოეხსნა გულიდანო.

მამამისმა გაკვირვებულმა შეხედა

– ვერ ვხვდები?!

– რომ მოვდივარ, სულ უნდა, რომ რაღაც მაჭამოს, გამასინჯოს, ასე მგონია, უნდა, რომ ღორივით მომასუქოს.

ახლა უკვე მამამისს აუტყდა სიცილი:

– ჰო, ეს ახასიათებს. უყვარს მომზადება და ყველას უმასპინძლდება და საცაა, მისი ამ თვისების გამო გავკოტრდებით. დამიჯერე, ყველასთან ასე იქცევა. ჰგონია, ყველა მშიერია და უნდა დაანაყროს. არ იფიქრო, რომ თავს გაწონებს, ჩვენი კორპუსის დიასახლისსაც სულ საჭმელებს ატანს სახლში. არ გაუბრაზდე ამის გამო, – სთხოვა მამამ შვილს.

– არ ვბრაზდები, მა. უბრალოდ, მეხამუშება ამდენი ყურადღება და სულ მგონია, რომ ჩემგან რაღაც უნდა და რაღაცას ელის.

– მეც გეტყვი, რომ დედაშენის შემდეგ თითქოს სამოთხეში მოვხვდი.

მაგრამ ქალშვილმა მამას კოპებშეკრულმა შეხედა და ლევანმაც ხელები ასწია:

– მეტს აღარ ვიზამ, ეს ერთი მაპატიე, – ანუკის შეეცოდასავით და საუბარი გადაუტანა.

– რაღაცას მეუბნებოდი, არ სიამოვნებს, დედაჩემი რომ გირეკავს...

ლევანი გამოცოცხლდა.

– ავუხსენი, მაგრამ მაინც არ მოსწონს. უკვე ხუთი წელი გავიდა, მაგრამ ჩემი ყოფილი ცოლი არ ცხრება, – ლევანმა აღარ ახსენა „დედაშენი“, რომ ანუკის თავი უხერხულად არ ეგრძნო.

– და არ გიფიქრია, დაბლოკო? – გულწრფელად ჰკითხა ანუკიმ.

– როგორ არა?! მაგრამ ეს რა საკადრისია?! – აღშფოთდა ლევანი.

– უკადრისი რა არის, მა?! ადამიანი თუ გაწუხებს, თავი უნდა დაიცვა.

– არც მინდა ამის გაკეთება, იმიტომ რომ იქნებ შენ დაგემართა რამე?!

– რა უნდა დამემართოს?! თუ დამემართება, ნუ ღელავ, გაგაგებინებენ რამენაირად, ბოლოს და ბოლოს ანიტა დაგირეკავს, – გაუღიმა შვილმა, – ოდესმე ხომ უნდა გახდე რაციონალური?! გადასარევი ქალი იპოვე, იცხოვრე, რა!

ლევანს მაინც არ მოეწონა შვილის პასუხი და თავი გადააქნია. ანუკი სიყვარულით უყურებდა მამამისს და ეღიმებოდა. მამა ძალიან უყვარდა, ხანდახან ფიქრობდა, რომ არათუ დედაზე, ყველასა და ყველაფერზე მეტად უყვარდა ეს გულისხმიერი და კეთილი კაცი, რომელიც ანუკის აღმერთებდა.

– შენ თუ ნახულობ დედაშენს? – უცებ ჰკითხა ლევანმა შვილს. ანუკიმ თავი გააქნ-გამოაქნია. რაც მისი მშობლები დაშორდნენ და ანუკიმ მაინც განაგრძო მამასთან ურთიერთობა, დედამისი გაუნაწყენდა და ანუკიმ ნელ-ნელა შეამცირა მასთან ურთიერთობა, თუმცა დედამისის ამბებს მეზობლებისგან ყოველდღე იგებდა, მაგრამ უფრო მჭიდრო ურთიერთობის სურვილი არ ჰქონდა.

– ხანდახან, ხომ იცი, რომ დრო არ მაქვს?! – გაისაწყლა თავი, ვინაიდან იცოდა, რომ მამამისს ქალშვილის ეს გამომეტყველება ადნობდა.

– დაბლოკე, მა, დამიჯერე და იცხოვრე მშვიდად.

– მგონი, ასეც მოვიქცევი, თორემ ლილიკო მიმატოვებს და მერე დაბლოკვაც ვერ მიშველის.

მამა-შვილი იცინოდა.

– რადგან ნამუსზე სულ ავიღე ხელი, გთხოვ, ჩემი მისამართი არ მისცე, თორემ აქ მოვა, – სთხოვა მამამ შვილს, სიცილით რომ გული იჯერეს.

– არის, შეფ! – ანუკიმ ოთხი თითი მარჯვენა საფეთქელთან მიიდო და წელში გასწორდა.

დედამისი პირველივე დღეებიდან სთხოვდა შვილს მამამისის მისამართს, მაგრამ ანუკი ცოცხალი თავით არ აძლევდა, რაც კიდევ უფრო აღიზიანებდა ქალს, რომელსაც უბრალოდ, ასეთი ხასიათი ჰქონდა: უყვარდა სხვებისთვის ცხოვრების ჩამწარება.

კიდევ ერთი უცნაური თვისება ჰქონდა ქალბატონ ეთერს: შვილს ბავშვობიდან რაღაც ვალებს უთვლიდა და უანგარიშებდა. როდესაც ანუკი პატარა იყო, ვერ ხვდებოდა, საიდან და რისი ვალი ჰქონდა, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად გაიაზრა, რომ დედამისს მის მოვლაში დახარჯული დრო გადაჰყავდა ფულის ერთეულებში. თუმცა, სინამდვილეში, ანუკი მამამისმა გაზარდა და ის უფრო იყო დედა, ვიდრე ეთერი.

ჩააბარა თუ არა უნივერსიტეტში და მშობლები გაიყარნენ, ანუკი ბებიამისთან გადავიდა საცხოვრებლად: ეთერი დედამთილს ვერ იტანდა, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც ზედმეტის თქმას ვერ უბედავდა. ამიტომ ანუკიმ თავი სამშვიდობოს დაიგულა, რაკი ბებიის ფრთებქვეშ დასახლდა. ახლა კი ანუკი უკვე კერძო საადვოკატო ფირმაში მუშაობდა, საკმაოდ კარგი ანაზღაურებით და ერთ ძალიან სიმპათიურსა და კარგ ახალგაზრდა ვაჟსაც ხვდებოდა. მისი ცხოვრება თითქოს დალაგდა და აღარც მამიის დარდი ჰქონდა, რადგან მანამდე ხედავდა, როგორ ხრავდა დედამისი ქმარს.

***

– რას ჰქვია, ხვალ არ მოხვალ?! ეგ კუდიანი დედაბერი არ გიშვებს, ხომ?! – ჩაჰყვიროდა ეთერი შვილს ტელეფონში, – ხომ გითხარი, რომ ერთკვირიანი შვებულება აგეღო, იმიტომ რომ დახმარება მჭირდება!

– მე ვმუშაობ და ჩემს ნებაზე ვერ ავიღებ შვებულებას, ასე რომ, ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, – მშვიდად პასუხობდა ანუკი დედამისს.

– ესე იგი, სამსახურს უფრო დიდ პატივს სცემ, ვიდრე მშობელ დედას?! – არ ცხრებოდა ქალბატონი ეთერი.

– რა შუაშია ეს, დედა. უბრალოდ, სამსახური სამსახურია და მე არ ვწყვეტ, – ანუკი დედამისის დაწყნარებას ცდილობდა.

– სუფთა მამაშენი ხარ, ორივემ გამამწარეთ, თქვენ შემოგწირეთ ჩემი ცხოვრება, მისამართს რატომ არ მაძლევ?! იმ ნაძირალამ დამბლოკა და ვეღარ ვუკავშირდები. შენ არც კი კადრულობ, მოხვიდე.

– დედა, შენ ორი დღის წინათ მითხარი, რომ დახმარება გჭირდებოდა, ეს ძალიან ცოტა დროა, რომ მოვმზადებულიყავი. სულ დამნაშავედ ნუ გამოგყავარ.

– როგორ ბედავ და დედას უყვირი?! ტუჩებში ისე მოგარტყამ, რომ სისხლს გადენ.

– მე არ გიყვირი, – ანუკი სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა.

– იმ საძაგელი და დაუნახავი მამაშენისგან იღებ მაგალითს. მაგრამ ისეთს მოვუწყობ, რომ თავბედს ვაწყევლინებ.

– მამა რა შუაშია, თუ მე ვერ გავთავისუფლდი სამსახურიდან? რა სულ სხვები არიან დამნაშავეები შენს ცხოვრებაში?! აი, ზუსტად ამის გამო დაკარგე ყველა, – ანუკიმ ენაზე იკბინა, მაგრამ უკვე გვიან იყო.

– გასაგებია, – უჩვეულოდ მშვიდად უპასუხა დედამისმა, – ასე, ხომ?! შენს თავს დააბრალე, – და შვილს ტელეფონი გაუთიშა.

***

ეთერი ცოფებს ყრიდა, ვერ მოენელებინა, რომ შვილი შეეწინააღმდეგა. ტვინში სისხლი ექცეოდა იმის წარმოდგენაზე, რომ ეს გოგო სულ უფრო და უფრო არ ემორჩილებოდა და, რაც მთავარია, მამამისის მხარეს გადავიდა, რომელსაც სხვა ცოლი ჰყავდა.

– მე შენ გაჩვენებ სეირს, შე ნაბიჭვარო. გაიგებ ყველაფერს და მერე ვნახოთ, როგორ იჭიკჭიკებ!

თავის მხრივ, ანუკიც დასევდიანდა, ვერ ხვდებოდა, დედამისი რატომ ექცეოდა დედინაცვალივით, თითქოს ანუკი ნივთი იყო. მისგან არც მოფერება ახსოვდა და არც თბილი სიტყვები. ანიტა ბებია თითქოს მიხვდა, რაზე ფიქრობდა შვილიშვილი:

– გულთან ახლოს არ მიიტანო, ყოველთვის ეგოისტი იყო დედაშენი. რას იზამ, ასეთი ბედი გერგო. თუმცა, ის უფრო უბედურია, მაგრამ ერთ დღესაც აუცილებლად მიხვდება ყველაფერს, ოღონდ შენ გულში მისადმი ცუდი არ ჩაიდო, იმიტომ რომ ის მაინც დედაა, სიცოცხლე გაჩუქა, – ბებიამ შვილიშვილს თავზე ხელი გადაუსვა, – მოდი, ხვალ სტუმრად დაპატიჟე შენი შეყვარებული, – და ეშმაკურად გაუღიმა.

– რა შეყვარებული? – წამოწითლდა ანუკი.

– კარგი, შენი მეგობარი, დაგინახეთ ფანჯრიდან და კარგი ყმაწვილი ჩანს, გამაცანი. მე ადამიანების გარჩევა მეხერხება და უცებ მივხვდები ყველაფერს.

მეორე დღეს, საღამოს, თემო უკვე ანუკის ბინის კართან იდგა. ანიტა საგანგებოდ იყო გამოწყობილი, თავზე ჩალმა დაეხურა და მხრებზე თხელი პანჩო მოესხა. თავის სავარძელში იჯდა და ფანჯარაში იყურებოდა. ახალგაზრდა ვაჟს თავაზიანად გაუღიმა, ოღონდ არც კი წამომდგარა, მხოლოდ შვილიშვილს უთხრა:

– შენებური ყავა გაამზადე, ამ ახალგაზრდას უნდა ჩავუხედო, – და თვალები მოწკურა. ანუკის გაეღიმა. ბებიამისმა ყავაში ჩახედვა ხეირიანად არ იცოდა, მაგრამ ამ ხერხს ადამიანების შესაცნობად იყენებდა. მით უმეტეს, რომ თემოც ხელდამშვენებული მივიდა ქალბატონებთან.

სამივენი შემოუსხდნენ გორგოლაჭებიან მაგიდას და ყავა დააგემოვნეს.

– ბოლომდე არ დალიო, ცოტა რომ დარჩება, მე მომეცი და გადავატრიალებ, – ეშმაკურად გაუღიმა ანიტამ ახალგაზრდას. თემო შეიშმუშნა, მაგრამ ეს ასაკოვანი ქალი ისეთ ქალურ მომხიბვლელობას ასხივებდა, რომ დამორჩილდა.

– ახლა კი თქვენზე გვიამბეთ, მშობლები, რას საქმიანობთ? – იმდენად ბუნებრივად ჰკითხა ანიტამ, რომ თემო თავისდაუნებურად დაემორჩილა და საუბარიც თავისთავად გაიბა. მოულოდნელად კარზე ზარის ხმა გაისმა და ანიტამ და ანუკიმ ერთმანეთს გადახედეს. ბებიამ თვალებით ანიშნა შვილიშვილს, გააღეო.

ზღურბლზე ქალბატონი ეთერი იდგა. მან ქალიშვილი უცერემონიოდ გასწია გვერდზე და მისაღებ ოთახში შევიდა.

– შენ თუ არ მოდიხარ ჩემთან, მე მოვედი შენთან. ოჰ, როგორი ბუდე მოუწყვიათ?! ეს ვინღაა? – და ხელი თემოსკენ გაიშვირა, რომელიც უნებლიეთ ფეხზე წამოდგა.

– გაიცანი, დედაჩემი.

– სახელი არ მაქვს? – შეუღრინა ქალმა შვილს, – ახლავე ჩაალაგე ჩანთა და ჩემთან წამოდი. შენს სამსახურში დავრეკე და უკვე ვუთხრი, რომ ოჯახური პირობების გამო ერთი კვირა ვერ ივლი.

– რას ჰქვია უთხარი? ვის უთხარი? – ანუკი წამოჭარხლდა.

– აბა, რას ელოდი?! როდესაც ისეთი უვარგისი ხარ, რომ შენით არ შეგიძლია პრობლემების გადაჭრა, მე მიწევს... როგორც ყოველთვის.

– რა უფლება გქონდა? ასე რატომ მოიქეცი? არ გესმის, რომ ამის უფლება არ გაქვს? – ანუკი თავს ვეღარ აკონტროლებდა, ანიტა ჩუმად იჯდა და ფიქრობდა, როგორ განემუხტა ვითარება.

– მე არ მაქვს უფლება?! დედაშენს?! არც აპირებდნენ შენს გათავისუფლებას, მაგრამ ავუხსენი პოპულარულად, რომ უტვინოები არიან.

– გესმის, რომ შეიძლება, გამომაგდონ და უსამსახუროდ დავრჩე?! წადი, თუ შეიძლება, – ანუკი მთელი ძალით ცდილობდა, წონასწორობა შეენარჩუნებინა.

– შენ გესმის, რომ ჩემი ვალი გაქვს?! რამდენი დრო დავხარჯე და ენერგია შენს გაზრდაზე, ყველაფერი უნდა ამინაზღაურო. ეს ვაჟბატონი კი აქედან მიბრძანდეს. მოუწყვიათ აქ პრიტონი. ამ ბებერ კუდ... – მაგრამ ფრაზის დასრულება ვერ მოასწრო. ანიტა სავარძლიდან წამოიმართა:

– ახლავე მიბრძანდი ჩემი სახლიდან, აქ მოსვლა და ჩემი გოგოს შეწუხება აღარ გაბედო, – აი, აქ კი ქალბატონი ეთერი გაწიწმატდა:

– ჩემი გოგო?! არანაირი ჩემი გოგო ეს არ არის, – მერე ანუკისკენ მიტრიალდა, – საერთოდ არ მინდოდა შენი გაჩენა, არც კი ვიცი, ვინ არის მამაშენი. იდიოტ ლევანს შევტენე შენი თავი, იმიტომ რომ მამაჩემი მომკლავდა. ასე რომ, არც ესაა ბებიაშენი და არც ის, ახალდაოჯახებული – მამაშენი. მე უნდა მიმადლოდე, რომ საერთოდ გაჩნდი. წამოეთრიე ახლავე, იმდენი საქმე მაქვს სახლში, – ეთერი ანუკისკენ გაიწია, რომელსაც სახეზე ფერი აღარ ედო და ცოტაღა აკლდა, ატირებულიყო, იმდენად დასცა თავზარი დედამისის სიტყვებმა.

– ახლავე აორთქლდები აქედან, თორემ ვრეკავ პოლიციაში და შემაკავებელ ოქმს გამოვწერ, იცი, რომ გამკეთებელი ვარ! – ანიტამ თვალი თვალში გაუყარა რძალს, – და აღარ გაბედო აქ მოსვლა, არასდროს!

ანუკისთვის მოულოდნელად, დედამისმა უკან დაიხია და ბინიდან გაიძურწა. ანიტა ახალგაზრდებს მიუტრიალდა: განვაგრძოთ ჩვენი მსუბუქი ტრაპეზი, – და ისე გულიანად გაიღიმა, თითქოს არაფერი მომხდარაო.

ანუკის თემოსი რცხვენოდა და თავჩაღუნული და გაწითლებული იდგა ოთახის შუაგულში. ვერც ხმას იღებდა და ვერც ნაბიჯს დგამდა. თემომ იგრძნო უხერხულობა და თავად ადგა:

– მგონი, თქვენ სალაპარაკო გაქვთ ერთმანეთთან, მე ჯობია, წავიდე, – ანუკი ისევ თავდახრილი იდგა შუა ოთახში.

– მესმის, არავის მოუნდება ასეთი ნათესაობა, – ამოიხრა ანუკიმ და თითქოს გულია მოაყოლა.

– რა სისულელეა, რა შენი ბრალია?! – თემოს უნდოდა, ანუკის მოხვეოდა, მაგრამ ანიტასი ერიდებოდა: დღეს, გვიან, დაგირეკავ. არ ინერვიულო, შენს შეფთან კი მე გავარკვევ ყველაფერს. გამაცილე, კარგი?! ნახვამდის, ქალბატონო ანიტა, იმედი მაქვს, კიდევ შევხვდებით, – თემომ ანიტას თავი დაუკრა, მანაც საპასუხოდ გაუღიმა.

თემო ანუკისთან ერთად გავიდა.

– უნდა დამპირდე, რომ არ იტირებ, არ ინაღვლებ და არაფრის შეგრცხვება, – თემომ ანუკის სახე თავის სახესთან მიიტანა და თვალებზე აკოცა.

– კარგი ყმაწვილია, – უთხრა ანიტამ შვილიშვილს, როდესაც ის ოთახში შებრუნდა. – ანუკი ფეხებთან დაუჯდა ბებიამისს და თავი კალთაში ჩაუდო, – ბე, იცოდი?

– ლევანიკო უშვილოა და შენ ხარ ღმერთის საჩუქარი ჩემთვისაც და მამაშენისთვისაც. უბედური ქალია დედაშენი, აპატიე და დაივიწყე. ყველა ვერ ახერხებს, გახდეს დედა. მე მისი მადლიერი ვარ, რომ შენნაირი ანგელოზი მაჩუქა. დღეს რაც მოხდა, ესეც კარგია, თემოსაც გამოცდი, შენს თავსაც. ესე იგი, ასე იყო, საჭირო და ნახე, რა ბედნიერი ქალი იქნები... – ანიტა შვილშვილს თავზე ეფერებოდა. ანუკის უნდოდა, რომ დრო გაჩერებულიყო და ანიტას ხმაში გაღვრილიყო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა