რომანი და დეტექტივი

მესამე ძალა

№52

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 07.01, 2023 წელი

მესამე ძალა
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #51 (1147)

ხალხმა ჩვენც დაგვიჭიროს მხარი, მათაც და არჩევნებმაც ასეთ სტაბილურობაში ჩაიაროს. ერთი სიტყვით, ხალხი დაბმული იყოს, არ აღელდეს და ქვეყანაში მართვადი მდგომარეობა იყოს, ხოლო როდესაც შენ, შენი გამოსვლებითა და მოწოდებებით ხალხში მღელვარებას იწვევ და უმართავი ქაოსის სიტუაციას ქმნი, აი ესაა ყველაზე ცუდი. ეს არც ჩვენ გვაწყობს და მერწმუნე, არც ოპოზიციას. კი, შეიძლება შენმა ასეთმა აქტიურობამ ჩვენს „ხაზეინებს“ ჩვენი ჩახსნა გადააწყვეტინოს პოლიტიკური პროცესებიდან და ოპოზიცია გაამეფებინოს, მაგრამ შენ ხომ იგივეს გააგრძელებ და ხალხი ისევ უმართავი იქნება? ამიტომ შენ და შენნაირები ძალიან სახიფათონი ხართ ყველასთვის. აბა, გაიხსენე ჩვენი ახლო წარსულის ტრაგიკული ისტორია? ჩვენი პირველი პრეზიდენტი სწორედ ერისკაცობასა და პატრიოტიზმს შეეწირა. ის მოკლეს. მოკლეს გარემოცვის უახლოესი ადამიანის მეშვეობით. თან, თქვეს - თავი მოიკლაო. გახსოვს ხომ? - თქვა ჯაშმა და სტუმარს გამომცდელი მზერა მიაპყრო.

- და, რას მოითხოვ ჩემგან, რომ ხმა ჩავიწყვიტო და ან ერთ, ან მეორე ბანაკში ჩავეწერო, რომ არ გამაგორონ, თან სუიციდი არ დამაბრალონ? - იკითხა ლესელიძემ.

- ჯიმი, ძმაო, ნამდვილად არ გაშინებ, მაგრამ მართლა დიდი საფრთხის ქვეშ ხარ და ღირს კი ეს ყველაფერი იმად, რომ შენი ცოლ-შვილი დაობლდეს? - თქვა ჯაშმა.

ლესელიძემ პაუზა გააკეთა და ჩაფიქრდა. შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ჰკითხა:

- შენ რას იზამდი ჩემს ადგილზე?

- რას და ზემოდან შემოთავაზებულ თამაშის წესებს დავიცავდი - უპასუხა ლესელიძეს ჯაშმა.

- ანუ?

- ანუ, ჩემო ჯიმიკო, ან მსუყე თანხას ავიღებდი და გვერდით გავდგებოდი, ან მთავრობაში თანამდებობაზე დანიშვნას დავთანხმდებოდი, სადაც ჩემს პროფესიონალიზმს სრულად გამოვამჟღავნებდი და მინდობილ საქმეს მოვახმარდი. სამი წლის წინ შენ ეკონომიკის მინისტრობა შემოგთავაზეს. თუმცა არ დათანხმდი და ამერიკაში წახვედი, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

- თანამდებობას მთავაზობ? - თქვა ჯიმიმ.

- რატომაც არა. - თქვა ჯაშმა და დააყოლა - მხოლოდ იმ პირობით, რომ ჩვენ საწინააღმდეგო რიტორიკას შეწყვეტ.

- თანხა რომ ავირჩიო, ვინ და რამდენს გადამიხდის? - იკითხა ლესელიძემ.

- არაერთი მილიონი დოლარი ჩაგერიცხება ანგარიშზე და უკმაყოფილო არ დარჩები. მხოლოდ, პოლიტიკაზე უარს თუ არ იტყვი, ზომიერად უნდა მოიქცე, - მიუგო ჯაშმა.

- ფულიც და თანამდებობაც. ასე არ გამოვა? - თქვა ჯიმიმ.

- რატომაც არა. გამოვა, მაგრამ, მაშინ ჩვენი პარტიის წევრი უნდა გახდე და ფიცი დადო, რომ ბოლომდე ჩვენიანად დარჩები, - განმარტა ჯაშმა.

- და, რომ დავთანხმდე და არ შევასრულო? - იკითხა ლესელიძემ.

- თქმაც კი არ მინდა, თუ რა შედეგი მოჰყვება ამას, - თავი გააქნია ჯაშმა.

- ალბათ, ფიზიკური ლიკვიდაცია, ხომ? - თქვა ჯიმიმ?

- ესეც. მაგრამ უარესიცაა შესაძლებელი, - თქვა ჯაშმა და დაამატა, - ციხეში წამებით ამოლპობა და ოჯახის დატოვება აბსოლუტურ მათხოვრად.

- გასაებია, - თქვა ჯიმი ლესელიძემ და დააყოლა, - უნდა ვიფიქრო და საბოლოო პასუხს ამის მერე გეტყვი.

- რამდენი ხანი დაგჭირდება მოსაფიქრებლად? - იკითხა ჯაშმა.

- მაქსიმუმ ერთი კვირა - მიუგო ლესელიძემ. შემდეგ მასპინძელს გამოემშვიდობა და აგარაკიდან წამოვიდა.

***

ჯაშის აგარაკიდან ჯიმი ლესელიძე სახლში დაბრუნდა და ერთი კვირა არსად გამოჩენილა. ის არავის პასუხობდა ტელეფონზე და ჟურნალისტებში ხმა გავრცელდა ლესელიძე მოწამლეს და სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ითვლისო. ამასობაში, ერთი კვირაც გავიდა. ჯიმიმ ჯაშს დაურეკა და უთხრა - შენთან შეხვედრა მინდაო. საღამოსთვის შეთანხმდნენ წყნეთის აგარაკზე და მათ ისევ ფანჩატურში გაშლილ სუფრასთან ისაუბრეს. თუმცა, ამჯერად უკვე ლესელიძე აქტიურობდა. მასპინძელივით გრძნობდა თავს და ჯაშს ჰკითხა:

- რას დალევ, ზურიკო?

- წითელ ღვინოს, ჯიმიკო, - იმავე სტილით მიუგო ჯაშმა ლესელიძეს. თან დიდი ინტერესით აკვირდებოდა სტუმრის მოძრაობებს.

ჯიმიმ წითელი ღვინით შეავსო ჭიქები, თამადობაც თავად ითავა. სამ–სამი ჭიქა რომ გამოცალეს, სტუმარმა მასპინძელს უთხრა:

- ერთი კვირა ვიფიქრე შენს წინადადებაზე. ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონე და ჩემი პასუხია - კი... თანახმა ვარ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს გაეცინა და ჯიმის უთხრა:

- დააკონკრეტე, რაზე ხარ თანახმა?

- ფულს ვიღებ და ვჩუმდები. თანამდებობა და პარტიის წევრობა ზედმეტად მიმაჩნია. ეს უკვე აშკარა ლუსტრაცია იქნება და არც მე მარგებს და არც თქვენ, - განმარტა ლესელიძემ.

- გონიერი გადაწყვეტილებაა. ახლა კი თანხა დაასახელე. - თქვა ჯაშმა.

- ხუთი მილიონი ამერიკული დოლარი - მშვიდად და მკაფიოდ მიუგო ჯიმიმ.

- მისაღებია. თანახმა ვარ, - თავი დააქნია ჯაშმა და დააყოლა, - ქეშად გინდა ეს თანხა თუ საბანკო ანგარიშზე?

- ნახევარი ქეშად, ნახევარიც საბანკო ანგარიშზე. - თქვა ლესელიძემ.

- კეთილი, ახლა კი ჩემო კარგო, მოდი, ერთი ქართულად შევუბეროთ და ჩვენი დაძმობილებისა ვთქვათ...

ზურაბ ჯაშმა და ჯიმი ლესელიძემ წითელი ღვინით იქეიფეს. საკმაოდ დალიეს და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ცოტა არ იყოს დათვრა კიდეც. თუმცა გონებას ინარჩუნებდა, ჯიმი კი საკმაოდ კარგი მსმელი აღმოჩნდა და ღვინო არ მორევია. როდესაც სტუმარ–მასპინძელი ერთმანეთს ემშვიდობებოდა, ჯაშმა მაგრად ჩამოართვა ჯიმის ხელი და უთხრა.

- დღეიდან ჩვენ ძმადნაფიცები ვართ და ღალატი არ მოსულა.

- კი. მასეა ძმაო, აბა, დროებით, წავედი. - მიუგო ჯაშს ლესელიძემ. მანქანის უკანა სავარძელზე მოთავსდა. 2,5 მილიონი დოლარით სავსე კეისი მუხლებზე დაიდო და მძღოლს ანიშნა - დაიძარიო...

***

მას შემდეგ, რაც ჯიმი ლესელიძეს 2,5 მილიონი დოლარი გადაუხადეს დუმილისთვის, მთავრობისა და ოპოზიციის ყოფილი რისხვა არსად გამოჩენილა და ჟურნალისტების მიერ აგორებული ჭორები უფრო მეტად მრავალფეროვანი და ფანტასტიკური გახდა, ლესელიძეს არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ უახლოესი თანამოაზრეები და ნათესავებიც კი ვერ უკავშირდებოდნენ. ჯიმის ტელეფონი გამორთული ჰქონდა. სახლის კარი კი დაკეტილი და ინტენსიურ ბრახუნზეც არავინ რეაგირებდა შიგნიდან, რაც იმას ნიშნავდა, რომ ან არავინ იყო ბინაში, ან იყვნენ და პასუხს არ სცემდნენ. სინამდვილეში კი ბინაში მართლა არავინ იმყოფებოდა. ჯიმის ცოლ-შვილი შეერთებულ შტატებში იყო უკვე ორი კვირის განმავლობაში, თავად ჯიმი ლესელიძე კი ანტონ კალმახელიძესთან იმყოფებოდა და ეს მხოლოდ მათ იცოდნენ. 72 წლის კალმახელიძე თეოლოგი, ფოლკლორისტი და ისტორიკოსი იყო. სწორედ ამ კაცის გავლენით ჩამოუყალიბდა ჯიმის მსოფლმხედველობა და ანტონი იყო ერთადერთი ადამიანი, ვისაც უპირობოდ, ყოველგვარი კრიტიკის გარეშე სჯეროდა ჯიმის. ანტონს ჯიმი თავის სულიერ ძმას უწოდებდა და ის წმიდანად მიაჩნდა. კალმახელიძე მარტოხელა იყო და ოროთახიან ბინაში ცხოვრობდა. როდესაც ჯიმი მას 2,5 მილიონი დოლარით მიადგა და უთხრა, რომ გადამწყვეტი ბრძოლისთვის მზად იყო, პროფესორმა კურთხევა მისცა. აღმაშენებლის ხატის წინ დააჩოქა. შუბლზე ხელისგული დაადო და სამშობლოს ერთგულების ფიცი დაადებინა... იმ დღიდან მოყოლებული, ანტონის და ჯიმის დუეტი ოროთახიან ბინაში იყო გამოკეტილი და მოქმედების გეგმას ადგენდნენ. ამ საქმიანობას ათი დღე დასჭირდა. სწორედ ამ პერიოდში გამრავალფეროვნდა ფანტასტიკური ჭორები ჯიმი ლესელიძის შესახებ. მხოლოდ ზურაბ ჯაშს ეცინებოდა ამ ჭორებზე, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ლესელიძე არალეგალურად იყო ქვეყნიდან წასული და რომელიმე ეგზოტიკურ ქვეყანაში „გულაობდა“... თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ამ ვარაუდს ცივი წყალი გადაასხა თავად ჯიმი ლესელიძემ, რომელიც ერთ-ერთი ოპოზიციური ტელევიზიის ანონსში გამოჩნდა და ითქვა, რომ საღამოს პირდაპირ ეთერში მთავრობას ამხელს ჯერ გაუჩინარებული და კვლავ გამოჩენილი ჯიმი ლესელიძეო... ჯაშმა რომ ეს ანონსი მოისმინა, დღის 12 საათი იყო. ლატავრა ბაზღაძის ტელეშოუს დაწყებამდე ზუსტად 8 საათი რჩებოდა. ზურაბმა ჯერ ჯიმისთან დაკავშირება და მასთან გარკვევა სცადა, მაგრამ ლესელიძის მობილური გამორთული იყო. ამ დროს ჯაშს სუსიდან დაურეკეს და აცნობეს, რომ ლესელიძისთვის გადარიცხული 2,5 მილიონი დოლარი 30 წუთის წინ მოიხსნა ნიუ-იორკში, ერთ-ერთი ბანკიდანო... ჯაშს გული ცუდს უგრძნობდა და სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, კოტე მჟავიას დაურეკა.

- გისმენ, ზურიკო. რა ხდება? - უთხრა კოტემ ჯაშს.

- სად ხარ? - იკითხა ჯაშმა.

- ჩემს კაბინეტში - მიუგო მჟავიამ.

- ტელეანონსს თუ მოუსმინე ლესელიძეზე? - აღელვებით იკითხა ჯაშმა.

- კანონპროექტზე ვმუშაობ და ტელევიზორი გამორთული მაქვს, - თქვა კოტემ და დაამატა. - რა ხდება?

- ჩემთან შემოდი, მალე. გელოდები. - თქვა ჯაშმა და ტელეფონი გათიშა.

ორიოდე წუთის შემდეგ ჯაში ისტერიკულად ციტირებდა ტელეანონსის შინაარსს და ბოლოს თქვა:

- იმ შენს ძმაკაცს დავურეკე და ტელეფონი გამორთული აქვს. ხედავ რა გაგვიკეთა?

- დამშვიდდი. ლატავრასთან გაარკვიე, რა ხდება, - ურჩია მჟავიამ ჯაშს. მაგრამ იქვე დაამატა, - არა, არა, ალმასხანას დაელაპარაკე.

ალმასხან ძოწენიძე პარლამენტარი ოპოზიციონერი იყო. ოპოზიციური, ტელევიზიაც, ფაქტობრივად, მას ეკუთვნოდა და სხვაზე ფორმალურად ჰქონდა გაფორმებული. სახალხოდ ალმასხანა მთავრობასთან დაპირისპირებული იყო, სინამდვილეში კი, მასთან უნისონში მოქმედებდა. ჯაშის ზარზე მყისიერად მოახდინა რეაგირება და ხუთი წუთის შემდეგ უკვე მის კაბინეტში გაჩნდა, სადაც მჟავიაც იმყოფებოდა. ჯაშმა ძოწენიძეს ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და სთხოვა, ჟურნალისტ ლატავრა ბაზღაძესთან გაერკვია, თუ რა ხდებოდა.

- ჰმ, ხუთი მილიონი დოლარი ჩაახუტეთ ხომ ამ გიჟს, - თავი გააქნია ძოწენიძემ და ბაზღაძეს დაურეკა. ხუთი წუთი ელაპარაკა. უთხრა გადმოგირეკავო. ტელეფონი გათიშა და ჯაშსა და მჟავიას უთხრა:

- წუხელ ღამით დადგომია სახლში ლატავრას და უთქვამს - თუ ხვალინდელ შოუში გამომიყვან, სენსაციურ ინფორმაციებს ვიტყვი და მთავრობისა და ოპოზიციის ალიანსს გაგიშიფრავო. ლატავრას კი, ამ ცალტვინას მეტი რა უნდა, აიღო და ანონსი ისე გააშანშალა, არც მე მკითხა და არც დირექტორს.

- რამე უნდა ვქნათ, - უთხრა ალმასხან ძოწენიძეს ჯაშმა და დაამატა - ლატავრას უნდა გავაუქმებინოთ ეს ინტერვიუ.

- ცუდი სვლაა, - თავი გააქნია ძოწენიძემ, - ლატავრას ფობია აქვს, რომ მოვლენებზე გავლენას ახდენს და ასე შემდეგ. მე რომ ვუთხრა, გააუქმე-მეთქი, შეიძლება ეს გააბაზროს და გავიშიფრებით. ამიტომ სხვა რამეა მოსაფიქრებელი.

- მაინც რა? - მხრები აიჩეჩა ჯაშმა.

- ცოლ-შვილზე რომ დავუნაჟიმოთ? - თქვა ძოწენიძემ და კოტე მჟავიას გახედა, რომელმაც თავი ჩაღუნა.

- შტატებში ჰყავს და ვერ მივწვდებით, - მიუგო ჯაშმა, თან დაამატა: - არსად არ ჩანს. ვიღაცასთან იმალება და ვერ ვეკონტაქტებით.

ალმასხან ძოწენიძემ სიგარეტი გააბოლა. უზარმაზარ კაბინეტში ბოლთის ცემას შეუდგა და ბოლოს თქვა:

- ტელევიზიასთან უნდა ჩაუსაფრდეთ. გავიტაცოთ და ყველაფერი „გაუიასნოთ“.

ჯაშმა ტუჩი მოიკვნიტა და ძოწენიძეს უთხრა:

- ეს მეც ვიფიქრე. მაგრამ უკიდურესი ვარიანტია. თუ მანამდე ვერ მივაგენით, სხვა გზა აღარ გვრჩება. თუმცა, თუ არ შესრულდება ეს ოპერაცია და ლესელიძესაც საბოლოოდ ვერ მოვიყვანთ აზრზე, მაშინ ჩვენი შეფები აქედან „მოგვტეხავენ“...

- და, ჩვენ, ოპოზიციას დაგვასმენ დროზე ადრე, - დააბოლოვა ალმასხან ძოწენიძემ.

უზარმაზარ კაბინეტში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. კოტე მჟავიამ ჯაშსა და ლესელიძეს მიაპყრო მზერა და თქვა:

- მე ვიცი, სადაც იქნება ჯიმიკო. პროფესორ ანტონ კალმახელიძესთან. დიღმის მასივში მარტო ცხოვრობს. მისი გაგიჟებულია ჯიმიკო და ბავშვობიდან მესამე ძალაზე ელაპარაკებოდა. რაღაც გიჟურ თეორიებს უტენიდა თავში და აქამდე მიიყვანა.

- მისამართი მითხარი, - უთხრა ჯაშმა მჟავიას და ძოწენიძეს გადახედა.

***

ლატავრა ბაზღაძის ტელეშოუს დაწყებამდე ორი საათით ადრე, პროფესორ ანტონ კალმახელიძის მეზობლებმა გაზის მძაფრი სუნი იგრძნეს და შესაბამისი სამსახური გამოიძახეს. დიღმის მასივში ჯერ გაზი გამორთეს, შემდეგ კორპუსის მცხოვრებლების ევაკუაცია განახორციელეს. ხოლო ბინაში რომ შევიდნენ, გაზისგან გაგუდული პროფესორი და მისი მოსწავლე აღმოაჩინეს...

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა