რომანი და დეტექტივი

მესამე ძალა

№51

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 31.12, 2022 წელი

მესამე ძალა
დაკოპირებულია

- გისმენ კოტე. რატომ დამიბარე მოხდა რამე? - იკითხა ახალმოსულმა და სავარძელში მოკალათდა.

- ჯიმიკო, მე და შენ რამდენი წელია, ერთმანეთს ვიცნობთ?

- „ზახოდები“ არ გინდა, პირდაპირ მითხარი, რა ხდება?

- თითქმის ორმოცი წელია, ხომ, რაც ვძმაკაცობთ, - თქვა კოტემ.

- კი. მასეა. ჩვენს ეზოში რომ გადმოხვედი საცხოვრებლად 3 წლის იყავი და მაშინ დავძმაკაცდით, - ღიმილით თქვა ჯიმიმ და დააყოლა: - თქვი, რა ხდება.

- ჯიმიკო, შენთან შეხვედრა უნდათ და ეს საქმე მე დამავალეს.

- ყველაფერი გასაგებია - სიტყვა გააწყვეტინა ჯიმიმ კოტეს და დაამატა - ჩემი გაჩუმება უნდათ. ხომ მასეა? და ალბათ თქვენ შეფს სურს ჩემი ნახვა.

- პრინციპში, მასეა. თუმცა გაჩუმება აქ რა შუაშია. უბრალოდ, შენთან ლაპარაკი უნდა ზურას.

- რამხელა პატივია - ირონიით თქვა ჯიმიმ.

- შეხვდები?

- რა უნდა მაინც?

- აბა, მე რა ვიცი, შეხვდი და თვითონ გეტყვის.

- კერვას დამიწყებს, ხომ ვიცი.

- მართლა არ ვიცი, ჯიმიკო. მე მხოლოდ ის მთხოვა, რაც გითხარი და დანარჩენს პირადად გეტყვის.

- თვითონ ზურამ გთხოვა ეს, თუ ვინმეს პირით?

- პირადად. თავის აგარაკზე მიმიწვია და ეზოში მითხრა.

- კაბინეტში და სახლში, ალბათ, უსმენენ და ამიტომ.

- შეხვდები? რა გადავცე?

- შევხვდები. ვნახოთ ერთი, რა საქმე აქვს ჩემთან მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილეს, - თქვა ჯიმიმ.

კოტეს სახე გაებადრა და თქვა:

- დავურეკავ და ვეტყვი.

ჯიმი ყურადღებით აკვირდებოდა კოტეს, რომელიც ტელეფონზე საუბრობდა და რომ დაასრულა,

ჰკითხა:

- რაო, რა გითხრა შეფმა?

- პირველ რიგში, დიდი მოკითხვა შემოგითვალა და თავის აგარაკზე გველოდება წყნეთში. მკითხა, თუ სცალიაო და მე ვუთხარი - კი-მეთქი, - მიუგო ჯიმის კოტემ.

- მაშინ წავედით.

- წავედით, - ხალისიანად თქვა კოტემ და ჯიმისთან ერთად ოთახიდან გავიდა.

***

კოტე მჟავია და ჯიმი ლესელიძე ბავშვობის მეგობრები იყვნენ. ერთ ეზოში ცხოვრობდნენ, ბაღში ერთად დადიოდნენ. სკოლაც ერთად დაამთავრეს და ეროვნულ მოძრაობაშიაც ერთად ჩაებნენ. ორივე გულანთებული პატრიოტი იყო. მზად იყვნენ, თავი გაეწირათ სამშობლოსთვის და ყველაფერი გაეღოთ მისთვის. თუმცა, შემდგომ დროებით მათი გზები გაიყო. ჯიმი ამერიკაში გაემგზავრა სასწავლებლად. 5 წლის მერე დაბრუნდა და კოტე აქტიურად პოლიტიკაში ჩაბმული დახვდა. ლესელიძემ ამერიკიდან ცოლი და 6 თვის ვაჟი ჩამოიყვანა. კოტეც ცოლიანი იყო და 3 თვეში ბავშვს ელოდებოდა. კოტემ ინიციატივა გამოიჩინა და ჯიმის შვილის ნათლია გახდა. ჯიმი კი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს, როგორც მაღალი დონის პროფესიონალი. ამავდროულად, კოტე მჟავია პარლამენტის დეპუტატობისთვის ემზადებოდა. მისი პარტია დიდი რეიტინგით სარგებლობდა და საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობით უნდა შესულიყო. კოტე კი პარტიული სიის ოცეულში იჯდა და ეს მყარი გარანტია იყო დეპუტატობის. და, მართლაც, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც კოტე ვარაუდობდა. მისმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა და მთავრობის დაკომპლექტებას შეუდგა. კოტე კი ერთ-ერთი სტრატეგიული კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. მჟავია, რა თქმა უნდა, ჯიმის ლობირებდა და მისი დანიშვნა უნდოდა ეკონომიკის მინისტრად. ეს საკითხი პარტიის ხელმძღვანელობასთან ჯიმის გარეშე იყო შეთანხმებული. და, როდესაც კოტემ ჯიმის „ახარა“ ხვალ პარლამენტში უნდა მოხვიდე მთავრობის დამტკიცებაზე და ეკონომიკის სამინისტრო ჩაიბაროო, ლესელიძემ მჟავიას უთხრა:

- მადლობა, კოტე, მაგრამ ეს გამორიცხულია.

- გამორიცხული? - საკუთარ ყურებს არ დაუჯერა კოტემ.

- კი, მასეა - დაუდასტურა ჯიმიმ.

- ხუმრობ, ბიჭო?

- არა. მართალს გეუბნები.

- კი, მაგრამ რატომ, რა მოხდა?

- ერთ კვირაში ამერიკაში მივემგზავრები. მერიმ მოწვევა მიიღო ჯორჯთაუნის უნივერსიტეტიდან და ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა უნდა გაიაროს.

- რას ამბობ, ბიჭო. ეგ პროგრამა მოიცდის. შენ კი აქ მინისტრი იქნები.

- არა, კოტე, არა. ყველაფერი გადაწყვეტილია უკვე - მტკიცედ თქვა ჯიმიმ.

როგორ არ ეცადა კოტე მჟავია, რომ ჯიმისთვის გადაწყვეტილება შეეცვლევინებინა, მაგრამ ვერაფერი გააწყო. ჯიმის მეუღლე მერი ნოული მართლა იყო მიწვეული ჯორჯთაუნში სამაგისტრო პროგრამაზე, მაგრამ ეს არ იყო მთავარი. ჯიმის ახალი მთავრობა გულზე არ ეხატებოდა და მათ მინისტრობაზე ამიტომ თქვა უარი. საბაბად კი ცოლი გამოიყენა. ჯიმის, რა თქმა უნდა, შეეძლო მერისთვის ეთხოვა და ის სწავლას გადადებდა, მაგრამ ჯიმიმ დროებით მაინც გაცლა ამჯობინა და შემდგომში ეს არც უნანია. ლესელიძე ამერიკიდან დიდი გულისყურით აკვირდებოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებს და არც სამთავრობო პოლიტიკა მოსწონდა და არც ახლად ჩამოყალიბებული ოპოზიცია. ჯიმის მიაჩნდა, რომ არც ერთი არ ემსახურებოდა საქართველოს ინტერესებს. თავდაპირველად, ჯიმი მხოლოდ ფრთხილად გამოთქვამდა თავის მოსაზრებებს და „ფეისბუქზე“ აქვეყნებდა. შემდგომ, უფრო გააქტიურდა და ტელეკომენტარებსაც აკეთებდა. ორი წლის შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა და როგორც კერძო პირმა, მწვავე პოლიტიკური პოზიცია დაიკავა - როგორც მთავრობას, ასევე ოპოზიციას აკრიტიკებდა. თავდაპირველად, მას არც ერთი მხარე არ აქცევდა ყურადღებას. მაგრამ, როდესაც ხალხში დიდი მხარდაჭერა და პოპულარობა მოიპოვა, უკვე ანგარიშს უწევდნენ. თუმცა, მის მიმართ ტრადიციულ-დამპლური მეთოდების გამოყენებაზე უარი თქვეს. ანუ, მის მიმართ შავი პიარის გამოყენება არც კი უცდიათ. და ამას ის მიზეზი ჰქონდა, რომ ჯიმი ლესელიძე აბსოლუტურად პატიოსანი ადამიანი იყო და ბიოგრაფიაში მას არანაირი ხინჯი არ ჰქონდა. თანაც, ის მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი ფიგურის უახლოესი მეგობარი და ნათელმირონი იყო და კოტე მჟავია ყველანაირად ცდილობდა, ჯიმის დაცვას. ბოლო „სხოდკაზე“ სადაც ჯიმი ლესელიძის ბედზე მსჯელობდნენ და ჯიმის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა, კოტემ კვლავ დაიცვა თავისი მეგობარი და ამით თავისი თანაპარტიელების აბსოლუტური უმრავლესობის რისხვა გამოიწვია. საქმე ის იყო, რომ ჯიმის ფიზიკურ ლიკვიდაციაზე დაიწყეს მსჯელობა და კოტე ამან გაამწარა. ის ადგილიდან წამოხტა და პარტელიტას უღრიალა:

- თქვენ, რა გაგიჟდით? ჯიმიკოს დაბრედვა გინდათ?

- ვითომ, რა ყოფილა ეგ შენი ჯიმიკო? - გამოაჯავრა კოტე ბაბილინა ხოკერაშვილმა და ზიზღით დაამატა, - დასაბრედი უნდა დაიბრიდოს, აბა, ჩვენ ხომ არ გავწყდებით ამ ნაბოზრის გამო?

- დიდი ხანია, ცირკის წინ აღარ დგარახ, შე ჩათლახო, შენი მედუდუკე დედაც... - უკიდურესი ზიზღით უღრიალა ხოკერაშვილს მჟავიამ და ძველი მეძავისაკენ გაიწია.

- აბა, აბა, კოლეგებო, ასეთები არ იყოს - თითი დაუქნია ზურაბ ჯაშმა მოჩხუბრებს. შემდეგ პარტიისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მჟავიას მიუბრუნდა:

- მაშინ შენ თქვი, რა ვქნათ. ეგ შენი ძმაკაცი რა დღეშია ხომ ხედავ და თუ დროზე არ გავაჩერეთ, მაშინ ყველას გადაგვიყოლებს.

- ზურიკო, პირისპირ მინდა შენთან ლაპარაკი, - უთხრა კოტე მჟავიამ ზურაბ ჯაშს.

ამ ფრაზამ მმართველი პარტელიტის გაბრაზება გამოიწვია, განსაკუთრებით ანჩხლობდა ხოკერაშვილი... პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თანაპარტიელები ხელის მოძრაობით გააჩერა. ხოკერაშვილს კი უთხრა:

- დამშვიდდი, ბაბი. არავინ არაფერს გიმალავთ და გადაწყვეტილებას ერთად მივიღებთ. ჯიმის, უბრალოდ, კონფიდენციალურად უნდა ჩემთან ლაპარაკი. მას კი ამის უფლება აქვს.

ელიტა დაშოშმინდა და ბაბიმაც დამუწა უზარმაზარი პირი. პარლამენტის თავმჯდომარემ მჟავია თავის კაბინეტში წაიყვანა და რომ განმარტოვდნენ, უთხრა:

- გისმენ, კოტე. აბა მითხარი, რა გინდა?

- ზურიკო, ჯიმის დაბრედვა რომ გამოსავალი არაა, ხომ გესმის? მას რომ თავისით დაემართოს რამე, ამასაც ჩვენ დაგვაბრალებენ და მაგის მოკვლას გვაპატიებს ვინმე? აბა, დაფიქრდი, თუ მასე არაა? - უთხრა მჟავიამ ჯაშს.

- თუ დაბრედვამდე მივიდა საქმე, ეს ტონკად გაკეთდება და ჩვენ ვერავინ შემოგვედავება ამაში. სხვა გამოსავალი კი არ ჩანს და რა ვქნათ? - მხრები აიჩეჩა ჯაშმა.

- შენ დაელაპარაკე, ზურიკო. რაც არ უნდა იყოს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ხარ. პირისპირ შეხვდი და შენებურად შეუყვანე, - თქვა კოტემ.

- შენი არ ესმის და ჩემსას გაიგებს? - მოკლედ მიუგო ჯაშმა.

- დამიჯერე, შენგან ნათქვამს უფრო გაიგებს, ვიდრე ჩემს სიტყვას. რაც არ უნდა ვუთხრა, მე მისთვის ბავშვობის ძმაკაცი ვარ და ჩემგან ვერც მუქარას დაიჯერებს. აი, შენ კი სულ სხვა ხარ. მთავარია, დამაჯერებლად ებაზრო - უთხრა ჯაშს მჟავიამ.

- ესე იგი, შენ გინდა, რომ მე მას შიშველი სიმართლე დავანახვო? - იკითხა ჯაშმა.

- სხვა გზა არაა, ზურიკო და პირდაპირ ნათქვამს თუ გაიგებს და გაიზიარებს. დაბრედვას ეს ჯობია, - მხრები აიჩეჩა კოტემ და დაამატა, - ახლა ისეთი სიტუაციაა ქვეყანაში, რომ თუკი ეგრევე არ მოვაყომარეთ, მაშინ ძალაუფლების დროზე ადრე დათმობა მოგვიწევს. ზემოდან ხელს დაგვიქნევენ და ვერავინ გვიშველის. ამიტომ, შენ უნდა განმუხტო ეს სიტუაცია.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ჩაფიქრდა და მჟავიას უთხრა:

- კარგი, შევეცდები. იქნებ გამოვიდეს რამე. დაელაპარაკე მაგ შენ ძმაკაცს და თუ არ გაჯიქდა, ჩემთან მოიყვანე და პირისპირ დაველაპარაკები.

აი, ასეთი წინაისტორია უძღოდა ჯიმი ლესელიძისა და ზურაბ ჯაშის შეხვედრას. სანამ მჟავიას ჯიმი წყნეთში აჰყავდა, გზაში გაიხსენა ყველაფერი და ამასობაში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის აგარაკსაც მიადგნენ...

***

ჯიმი ლესელიძე და ზურაბ ჯაში ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს. სკოლის პერიოდში ისინი პიონერთა სასახლეში ინგლისური ენის წრეზე ერთად დადიოდნენ და ენის მოსწავლეთა ოლიმპიადაზე პირველ-მეორე ადგილებიც კი გაიყვეს. პირველ ადგილზე მაშინ ჯიმი გავიდა...

კოტემ ჯიმი აგარაკის კართან ჩამოსვა. თავად კი უკან გაბრუნდა.

- შენ რა, არ დაესწრები შეხვედრას? - ჰკითხა ჯიმიმ კოტეს.

- არა, ჯიმიკო. ზურას პირისპირ უნდა შენთან საუბარი და მე ზედმეტი ვარ. რომ დაასრულებთ, უკან წამოგიყვანენ. ჩვენ კი მოგვიანებით შევხვდებით. ახლა კი წავედი, აბა, დროებით - თქვა მჟავიამ და მანქანა ადგილიდან დაძრა.

ზურაბ ჯაშის დაცვამ ჯიმი ლესელიძე აგარაკის ტერიტორიაზე შეიყვანა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მას შუა ეზოში შეეგება და ხელი ჩამოართვა. შემდეგ ზურგზე მოხვია ხელი ახლო მეგობარივით და ფანჩატურთან მიიყვანა. იქ მათ გაშლილი სუფრა ელოდათ. ჯაშმა სტუმარი წინ დაისვა. გაუღიმა და უთხრა:

- დიდი ხანია, ერთმანეთს არ შევხვედრივართ, ჯიმი. ხომ არ გწყინს, ასე უცერემონიოდ რომ მოგმართავ, გთხოვ, რომ ზურა დამიძახო. კარგი?

- კი, ბატონო, მასე იყოს, - მიუგო ლესელიძემ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს.

- ბატონის გარეშე, ჯიმიკო, - დაამატა ჯაშმა.

- კარგი, მასე იყოს, ზურა. გისმენ. რატომ დამიბარე პირისპირ სასაუბროდ? - იკითხა ჯიმიმ.

- ჯერ ცოტა წავიხემსოთ და ჩვენი შეხვედრა აღვნიშნოთ. რას დალევ? - თქვა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

- წითელ ღვინოს, თუ შეიძლება, - უპასუხა ჯიმიმ.

ჯაშმა წითელი ღვინო ჭიქებში ჩამოასხა. ასწია. სტუმარს მიუჭახუნა და თქვა:

- ჩვენ შეხვედრას გაუმარჯოს! ღმერთმა მშვიდობით გვამყოფოს!

სტუმარმაც იგივე გაიმეორა და თანამესუფრეებმა წითელი ღვინო შესვეს. კიდევ ორიოდე სადღეგრძელო რომ შესვეს, ჯაშმა სტუმარს უთხრა:

- ჯიმიკო, ჩემო კარგო, რასაც ახლა აქ გეტყვი მინდა, სწორად გაიგო და ჩვენ შორის დარჩეს. შევთანხმდით?

- კონფიდენციალურობის დარღვევა არ მჩვევია. ხოლო კარგად ნათქვამს ცუდად რატომ გავიგებ? - უპასუხა ჯაშს ლესელიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ჩაეცინა და სტუმარს უთხრა:

- ჯიმი, ჩემო კარგო, გულწრფელად გეტყვი, რომ შენს პატრიოტიზმსა და პატიოსან გულწრფელობაში ეჭვი არ მეპარება. რასაც შენ ლაპარაკობ ყველაფერი სიმართლეა იმის გამოკლებით, რომ ყველაფერში დამნაშავე ჩვენ, მმართველი პარტია და მოქმედი მთავრობა ვართ.

- ეგ როგორ. თუკი ამბობ, რომ სიმართლეს ვლაპარაკობ, მაშინ მე ვამბობ, რომ თქვენი ბრალია ასეთი ცუდი სიტუაცია და ესაა მთავარი ჩემს ბრალდებაში. სიმართლე გითხრა, ვერ ვხვდები შენს ლოგიკას - თქვა ლესელიძემ და მხრები აიჩეჩა.

- მეტსაც გეტყვი - ჩაეცინა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს და დაამატა - ამ ცუდ მდგომარეობაში არც ჩვენ და არც ოპოზიცია არაა დამნაშავე. თუმცა ხმამაღლა კი ოპოზიციას ვაბრალებთ და საბოტაჟშიაც კი ვდებთ მათ ბრალს.

ჯიმი ლესელიძე ცოტა არ იყოს დააბნია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სიტყვებმა და მხოლოდ ამის თქმა მოახერხა:

- ეგ როგორ?

ჯიმი, ჩემო კარგო, აქ პირდაპირ და მარტივად სალაპარაკოდ მოგიყვანე. ამიტომ პირდაპირ, მარტივად გეტყვი: ჩვენც და ოპოზიციასაც ერთი „ხაზეინი“ გვყავს და ორივე ერთი ქვაბიდან ვიკვებებით. ორივეს ფულს იმაში გვიხდიან, რომ ერთმანეთთან დაპირისპირებით დემოკრატია ვითამაშოთ და ასეთი სტაბილურობა შევინარჩუნოთ.


დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი