რომანი და დეტექტივი

მეოთხე კაცი

№1

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 15.01

მეოთხე კაცი
დაკოპირებულია
  • აგატა კრისტი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #51-52 (1148)

– რას აპირებ?

– ფარდულის უკან მოდი და იქ მოგიყვები.

მას რაღაც წიგნი ეშოვა. მგონი, ერთ-ერთი პირველი ნაშრომი ჰიპნოზზე. ბევრი ვერაფერი გაიგო, ვინაიდან ბავშვებისთვის არ იყო განკუთვნილი.

– აქ წერია, ბრჭყვიალა ნივთი უნდა გქონდეთო, – თქვა ანეტმა, – ჩემს საწოლს სპილენძის ბურთულა უკეთია. წუხელ ფელისია ვაიძულე, მისთვის შეეხედა. „უყურე და თვალი არ მოაცილო“, – ვუთხარი მას და ბურთულა დავატრიალე. ფელისიამ ისეთი უცნაური გამომეტყველება მიიღო, შემეშინდა, რაულ. „ფელისია, შენ ყოველთვის იმას გააკეთებ, რასაც გეტყვი!“ – ვუბრძანე ფელისიას. „ყოველთვის იმას გავაკეთებ, რასაც მეტყვი“– მიპასუხა მან. შემდეგ კი... შემდეგ მე ვთქვი: „ხვალ შუადღის თორმეტ საათზე ქონის სანთელს მოიტან სათამაშო მოედანზე და მის ჭამას დაიწყებ. თუ ვინმე გკითხავს, რას აკეთებო, ეტყვი, რომ საუკეთესო გალეტია, რომელიც ოდესმე გაგისინჯავს“. ოჰ, რაულ, წარმოიდგინე, რა მოხდება!

– ამას არასოდეს გააკეთებს, – ვუთხარი ანეტს.

– წიგნში ასე წერია. რომ არ დაგიმალო, დიდად მეც არ მჯერა, მაგრამ, რაულ, თუ სიმართლე გამოდგა, ძალიან ვიხალისებთ.

ეს აზრი მეც ჭკუაში დამიჯდა. ჩვენი ამხანაგები გავაფრთხილეთ და შუადღის თორმეტი საათისთვის ყველანი სათამაშო მოედანზე შევიკრიბეთ. ზუსტად თორმეტ საათზე ფელისია გამოჩნდა ხელში ქონის სანთლის ნატეხით. დამიჯერეთ, ჯენტლმენებო, ყველას დასანახავად დაიწყო სანთლის ლოღნა. ჩვენს აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა! დროდადრო რომელიმე ბავშვი მასთან მიდიოდა და ეკითხებოდა: რას ჭამ, ფელისია? გემრიელია? ის კი პასუხობდა: საუკეთესო გალეტია, რომელიც ოდესმე გამისინჯავს. ჩვენ ვყვიროდით და ვიცინოდით. ისე ვხარხარებდით, როგორც ჩანს, ფელისია ტრანსიდან გამოვიყვანეთ. ყოველ შემთხვევაში, მან უეცრად გააცნობიერა, რას აკეთებდა. გაოცებით აფახულებდა თვალებს და ხან ჩვენ გვიყურებდა, ხან სანთელს დასცქეროდა...

– აქ რას ვაკეთებ? – იკითხა ბოლოს.

– სანთელს ჭამ! – ერთხმად შევძახეთ ჩვენ.

– მე გაიძულე ამის გაკეთება. მე გაიძულე! – დაიყვირა ანეტმა და მის გარშემო აცეკვდა.

ფელისია წამით გაშტერდა. შემდეგ ნელა მიუახლოვდა ანეტს.

– მაშ, ეს შენ... შენ გამხადე ქვეყნის სასაცილო? ჰო, გამახსენდა. იცოდე, მოგკლავ!

ძალზე ხმადაბლა ლაპარაკობდა, მაგრამ ანეტი მოულოდნელად გამოიქცა და ჩემს ზურგს უკან დაიმალა.

– მიშველე, რაულ! – მითხრა მან – მეშინია ფელისიასი, – ფელისია, ეს მხოლოდ ხუმრობა იყო, მხოლოდ ხუმრობა!

– არ მიყვარს ასეთი ხუმრობა, – მიუგო ფელისიამ, – გასაგებია? მძულხარ. ყველანი მძულხართ! – უეცრად ტირილი აუვარდა და გაიქცა.

ჩემი აზრით, ანეტი შეაშინა ამ ექსპერიმენტის შედეგმა და მისი გამეორება აღარ უცდია. თუმცა იმ დღიდან მისი უპირატესობა ფელისიაზე უფრო გაიზარდა. ახლა ვფიქრობ, რომ ფელისიას ყოველთვის სძულდა ანეტი. ამის მიუხედავად, ვერ შორდებოდა, ძაღლივით დასდევდა უკან.

ჯენტლმენებო, მე მალე სამუშაო მიშოვეს და პანსიონატში მხოლოდ დღესასწაულებზე თუ ჩავდიოდი. ანეტის სურვილს, მოცეკვავე გამხდარიყო, სერიოზულად არავინ აღიქვამდა, მაგრამ ძალზე ლამაზი ხმა აღმოაჩნდა და როცა წამოიზარდა, მის სლეიტერმა სიმღერის შესწავლა დააწყებინა. ანეტს სიზარმაცე არ ახასიათებდა. თავდაუზოგავად, შეუსვენებლივ მუშაობდა. მის სლეიტერი ძალას ატანდა, რომ დაესვენა. ერთხელ დახმარებაც კი მთხოვა:

– შენ ყოველთვის გიყვარდა ანეტი, – მითხრა მან, – დაიყოლიე, რომ ამდენი არ იმუშაოს. ბოლო დროს ხველა დაიწყო, რაც არ მომწონს. – მალე სამუშაომ შორს გადამისროლა. თავდაპირველად ანეტისგან ერთი თუ ორი წერილი მივიღე, რასაც დუმილი მოჰყვა. საზღვარგარეთ ხუთი წელი გავატარე. როდესაც პარიზში დავბრუნდი, ჩემი ყურადღება სრულიად შემთხვევით პლაკატზე გამოსახულმა ანეტ რაველმა მიიპყრო. მაშინვე ვიცანი. იმ საღამოს მითითებულ თეატრში მივედი. ანეტი ფრანგულად და იტალიურად მღეროდა. სცენაზე დიდებულად გამოიყურებოდა. კონცერტის შემდეგ საგრიმიოროში მივაკითხე. მანაც მყისვე მიცნო.

– რაულ! – შესძახა და სათუთი ხელები გამომიწოდა, – რა კარგია, რომ მოხვედი! სად იყავი ამდენ ხანს?

– ვეტყოდი, მაგრამ ვიცოდი, არ აინტერესებდა.

– ახლახან ჩამოვედი! – მან გამარჯვებულის სახით მიმითითა ყვავილებით სავსე ოთახზე.

– კეთილი მის სლეიტერი, ალბათ, ამაყობს შენი წარმატებით, – ვთქვი მე.

– ის ბებერი? არა, რას ამბობ? თუ გახსოვს, კონსერვატორიისთვის მამზადებდა, კეთილშობილური საკონცერტო სიმღერისთვის. მაგრამ მე... მე მსახიობი ვარ. მხოლოდ აქ, ვარიეტეს სცენაზე შემიძლია საკუთარი თავის გამოხატვა.

სწორედ ამ დროს ოთახში შუახნის წარმოსადეგი მამაკაცი შემოვიდა. მისმა მანერებმა მიმახვედრა, რომ ანეტის მფარველი უნდა ყოფილიყო. ის ალმაცერად მიყურებდა, სანამ ანეტმა არ აუხსნა:

– ეს რაულია, ჩემი ბავშვობის მეგობარი. პარიზში გავლითაა. პლაკატზე ჩემი სურათი დაინახა და მოვიდა!

მამაკაცი დამშვიდდა და გამორჩეული თავაზიანობითა და პატივისცემით მეპყრობოდა. ჩემი აღარ ერიდებოდა. ჯიბიდან ლალითა და ბრილიანტით მოოჭვილი სამაჯური ამოიღო და ანეტს მაჯაზე გაუკეთა. ვიგრძენი, რომ ზედმეტი ვიყავი და წამოვდექი. ანეტმა აღფრთოვანებული მზერა მომაპყრო და ჩამჩურჩულა:

– მე ამას მივაღწიე. ხედავ? მთელი ქვეყანა ჩემს ფერხთითაა.

ოთახიდან გასვლისას მისი მკვეთრი, მშრალი ხველა მომესმა. ვიცოდი, ეს რასაც ნიშნავდა – მისი ჭლექიანი დედის მემკვიდრეობას.

ანეტი ორი წლის შემდეგ ვნახე. თავშესაფარს მის სლეიტერთან ეძებდა. მისი კარიერა დასრულდა. სწრაფი ჭლექი სჭირდა და ექიმებმა თქვეს, არაფერი ეშველებაო. ოჰ, არასოდეს დამავიწყდება, როგორ გამოიყურებოდა მაშინ! ბაღის ფანჩატურში იწვა – ექიმებმა ურჩიეს, მთელი დრო სუფთა ჰაერზე გაეტარებინა. ლოყები ჩაუცვივდა და გაუწითლდა, თვალები ციებ-ცხელებიანივით უელავდა. სასოწარკვეთილი კილოთი შემეგება, რამაც გამაოცა:

– რა კარგია, რომ მოხვედი, რაულ. ექიმები ამბობენ, შეიძლება, ვერ გამოკეთდესო, იცი? ხომ ხვდები, ასე ჩემს ზურგს უკან ლაპარაკობენ. ისე კი მამშვიდებენ და მანუგეშებენ, მაგრამ ეს ტყუილია, რაულ, ტყუილი. საკუთარ თავს უფლებას არ მივცემ, რომ მოვკვდე. ახლა, როცა წინ მშვენიერი ცხოვრება მელოდება, მთავარი სიცოცხლისკენ სწრაფვაა. ჩვენს დროში ყველა ცნობილი ექიმი ამას ამბობს. იმ უნებისყოფოებს არ ვგავარ, რომლებიც ნებდებიან. გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს, გაცილებით უკეთ, გესმის? – ანეტი იდაყვს დაეყრდნო, რათა უკეთ გამეგონა, მაგრამ მაშინვე ბალიშზე დაეცა და საშინელი ხველა აუვარდა. მთელი სხეული უცახცახებდა. – ხველა არაფერია, – თქვა, როცა შეტევამ გადაუარა, – არც სისხლის ამოღება მაშინებს. ნახე, როგორ გავაოცებ ექიმებს. მთავარი ნებისყოფაა. დაიმახსოვრე, რაულ, მე ვიცოცხლებ!

ალბათ, ხვდებით, რომ ეს საშინელი, საცოდავი სანახაობა იყო. ამ დროს სახლიდან ფელისია ბოლტი გამოვიდა. ლანგრით ჭიქა ცხელი რძე მოჰქონდა ანეტისთვის. შემდეგ იდგა და უყურებდა, როგორ სვამდა. გამაკვირვა ფელისიას გამომეტყველებამ. მასში უპირატესობის შეგრძნებაც იკითხებოდა და პირქუში კმაყოფილებაც. ეს მზერა ანეტმაც დაიჭირა და გაბრაზებულმა ისეთი ძალით დაანარცხა მიწაზე ჭიქა, რომ ნამსხვრევებად აქცია.

– ხედავ? – მითხრა მან, – ყოველთვის ასე მიყურებს. უხარია, რომ ვკვდები! დიახ, კმაყოფილია. თვითონ ჯანმრთელი და ძლიერია. შეხედე, ერთი დღეც არ უავადმყოფია! მერე რა? რა სარგებლობა აქვს მის ძონძროხა სხეულს? ამას ვერაფერს მოუხერხებს!

ფელისია დაიხარა და ჭიქის ნამსხვრევები აკრიფა.

– ყურადღებას არ ვაქცევ მის სიტყვებს, – თქვა წამღერებით, – რა მნიშვნელობა აქვს? მე წესიერი ქალიშვილი ვარ, ის კი მალე ჯოჯოხეთში მოხვდება. მე ქრისტიანი ვარ. მეტს არაფერს ვიტყვი.

– გძულვარ! – შესძახა ანეტმა, – ყოველთვის გძულდი. ოჰ, მაინც შემიძლია შენი მონუსხვა. მაინც შემიძლია ის გაგაკეთებინო, რაც მინდა. ახლა რომ გიბრძანო, ბალახზე დაიჩოქებ, ჩემ წინ!

– რა სისულელეა? – შეშფოთებით თქვა ფელისიამ.

– ჰო, მაგრამ ამას გააკეთებ, გააკეთებ, რომ მასიამოვნო. დაიჩოქე. ამას მე გიბრძანებ, ანეტი. მუხლებზე, ფელისია!

მის ხმაში ბრძანებასთან ერთად ისეთი ვედრება თუ რაღაც უფრო ღრმა გაისმა, რომ ფელისია დამორჩილდა – ნელა დაეშვა მუხლებზე და ხელები გაშალა. არაფრის მთქმელი, სულელური სახე ჰქონდა. ანეტმა თავი უკან გადასწია და გადაიკისკისა.

– შეხედე, რა სულელური სახე აქვს! – თქვა მან, – შეხედე, რა სასაცილოა. ახლა შეგიძლია, ადგე, ფელისია. გმადლობ! ასე მოღუშული ნუ მიყურებ. მე შენი დიასახლისი ვარ და ის უნდა გააკეთო, რასაც გეტყვი.

დაქანცული ანეტი ბალიშებზე მიწვა. ფელისიამ ლანგარი აიღო და ნელა წავიდა. ერთხელ უკან მოიხედა და მის თვალებში მინავლულმა აღშფოთებამ გამაკვირვა. ანეტის სიკვდილს არ შევსწრებივარ. ვფიქრობ, საშინელი სანახაობა იქნებოდა. თურმე, სიცოცხლეს ებღაუჭებოდა, გაშმაგებით ებრძოდა სიკვდილს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

3- იანვარი - 5 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი