რომანი და დეტექტივი

მეოთხე კაცი

№52

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 08.01, 2023 წელი

მეოთხე კაცი
დაკოპირებულია
  • აგატა კრისტი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #51 (1147)

– ფოტოსურათზე, რომელზეც ფელისია ბოლტი ჩვიდმეტი წლისაა, – განაგრძო ექიმმა, – ერთი უგერგილო და ზორბა სოფლელი გოგოა. მასში არაფერია ისეთი, რაც მიანიშნებდა, რომ მალე მთელ საფრანგეთში გაითქვამდა სახელს. ხუთი წლის შემდეგ, როცა ოცდაორი წელი შეუსრულდა, ფელისია ბოლტს მძიმე ნერვული აშლილობა დაემართა. გამოჯანმრთელებულს უცნაურობა დასჩემდა. გაითვალისწინეთ, რომ ფაქტები, რომლებსაც ახლა მოვიყვან, ბევრმა ცნობილმა მეცნიერმა დაადასტურა. პიროვნება, პირობითი სახელით, ფელისია-1, არაფრით განსხვავდებოდა ბოლო ოცდაორ წელიწადში ჩამოყალიბებული ფელისია ბოლტისგან. ფელისია-1 გაჭირვებით, შეცდომებით წერდა ფრანგულად, არც უცხო ენები იცოდა და არც მუსიკალური სმენა ჰქონდა. ფელისია-2 თავისუფლად ლაპარაკობდა იტალიურად და დამაკმაყოფილებლად – გერმანულად. მისი ხელწერა მკვეთრად განსხვავდებოდა ფელისია-1-ის ბატიფეხურისგან, აზრებს კი მკაფიოდ და დამაჯერებლად აყალიბებდა ქაღალდზე. არ უჭირდა საუბარი პოლიტიკასა და ხელოვნებაზე და ძალიან უყვარდა ფორტეპიანოზე დაკვრა. ფელისია-3 რაღაცით ფელისია-2-ს ჰგავდა – ჭკუა და განათლება არ აკლდა, თუმცა ზნეობრივად მისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. უკიდურესად გარყვნილი და ცოდვილი გოგო იყო, თანაც პარიზელებისთვის დამახასიათებელი გარყვნილი, თითქოს დედაქალაქში გაიზარდა და არა პროვინციაში. სრულყოფილად ფლობდა პარიზულ ჟარგონს და მსუბუქი ყოფაქცევის ქალების ლექსიკას. თავხედური, იაფფასიანი მანერებით გამოირჩეოდა. საუბრისას არ ერიდებოდა სალანძღავ სიტყვებს, თუნდაც რელიგიისა და ეგრეთ წოდებული, წესიერი მოქალაქეების შესამკობად. დაბოლოს, იყო ფელისია-4 – ვითომდა ნათელმხილველი, უაღრესად ღვთისმოსავი და მეოცნებე. შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ჩამოთვლილი პიროვნება მკაფიოდ გამოხატულ დამოუკიდებელ ადამიანად აღიქმებოდა, რომელმაც დანარჩენების შესახებ არაფერი იცოდა. ფელისია-2 აშკარად დომინირებდა და ხშირად ორი კვირის განმავლობაშიც არსებობდა. ფელისია-1 მოულოდნელად ერთი-ორი დღით გამოჩნდებოდა, ფელისია-3 და ფელისია-4 კი იშვიათად ფლობდნენ სხეულს.

თითოეულ ცვლილებას თან სდევდა ძლიერი თავის ტკივილი და ღრმა ძილი, ყოველთვის აღინიშნებოდა მეხსიერების სრული დაკარგვა. ყოველი პიროვნება ცხოვრების იმ მომენტში ბრუნდებოდა, რომელიც დატოვა და წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა მის არყოფნაში.

– განსაცვიფრებელია, – ჩაილაპარაკა კანონიკმა, – განსაცვიფრებელია! თითქმის არაფერი ვიცით ამ სამყაროზე.

– სამაგიეროდ, ვიცით, რომ არსებობენ გონებაგამჭრიახი თაღლითები, – ცივად თქვა ადვოკატმა.

– ფელისია ბოლტის საქმის შესწავლაში მონაწილეობდნენ იურისტები, ექიმები და მეცნიერები, – სწრაფად განაცხადა კემპბელ კლარკმა, – როგორც გახსოვთ, მეტრმა კიმბელიემ საგულდაგულო კვლევა ჩაატარა და მეცნიერების თვალსაზრისი დაადასტურა. მაშ, რა უდგას წინ ორმაგ, ამ შემთხვევაში ოთხმაგ სულს ერთ სხეულში?

– ოთხმაგი სული? – გააპროტესტა კანონიკმა. ექიმმა კემპბელ კლარკმა მას გამჭოლი ცისფერი თვალები მიაპყრო.

– სხვა რა ვუწოდოთ? პიროვნებას ხომ სწორედ სული განსაზღვრავს? – სამწუხაროა, რომ უფრო ხანგრძლივი კვლევა ვერ მოხერხდა, ვინაიდან ფელისია მოულოდნელად გარდაიცვალა.

– თუ არ ვცდები, უცნაურ ვითარებაში, – აუჩქარებლად თქვა ადვოკატმა.

ექიმმა კემპბელ კლარკმა თავი დააქნია.

– დიახ, წარმოუდგენელი ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით. ერთ დილას ქალიშვილი ლოგინში მკვდარი იპოვეს. ის ვიღაცამ დაახრჩო. ყველას გასაოცრად მალე დაადგინეს, რომ ეს თვითონ ჩაიდინა. კისერზე დარჩენილი კვალი მისი თითების ანაბეჭდს დაემთხვა. მართალია, ამგვარი თვითმკვლელობა ფიზიკურად შესაძლებელია, მაგრამ უზარმაზარ ძალასა და თითქმის ზეადამიანურ ნებისყოფას მოითხოვს. ცხადია, მისი ფსიქიკური მდგომარეობა ყოველთვის არასახარბიელო იყო, მაგრამ ყველაფერი ასე მოხდა და ფელისია ბოლტის საიდუმლოს ფარდა ჩამოეფარა. ამ დროს შორეულ კუთხეში მჯდომმა მამაკაცმა გაიცინა. დანარჩენები გველნაკბენივით შეხტნენ.

– აღარც ახსოვდათ მეოთხე თანამგზავრის არსებობა. როდესაც იქით გაიხედეს, სადაც ის იჯდა, მან დიდი პალტო საგულდაგულოდ შემოიკეცა და კვლავ გაიცინა.

– მაპატიეთ, ჯენტლმენებო, – თქვა საუცხოო ინგლისურით, თუმცა ერთგვარი უცხოური აქცენტით. ის გაიმართა და ფერმკრთალი სახე და პატარა შავი ულვაში გამოაჩინა.

– დიახ, უნდა მაპატიოთ, – გაიმეორა მან და იქ მყოფთ დამცინავად დაუკრა თავი, – მაგრამ მითხარით, განა შეიძლება მეცნიერებამ ბოლო სიტყვა თქვას და მასზე შეჩერდეს?

– რამე იცით იმ საკითხზე, რომელზეც ჩვენ ვმსჯელობდით? – თავაზიანად ჰკითხა ექიმმა.

– მე იმ ქალიშვილს ვიცნობდი.

– ფელისია ბოლტს?

– დიახ... და ანეტ რაველსაც. როგორც ვხვდები, არაფერი გსმენიათ ანეტ რაველზე. მათი ბედი ხომ ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. დამიჯერეთ, თუ არაფერი იცით ანეტ რაველის ცხოვრებაზე, არც ფელისია ბოლტზე გცოდნიათ რამე. მან ჯიბიდან საათი ამოიღო და დახედა.

– მომდევნო გაჩერება ნახევარ საათში იქნება. ეს დრო მეყოფა ამ ამბის მოსაყოლად, ცხადია, თუ გსურთ მოგიყვეთ.

– გვიამბეთ, თუ შეიძლება, – მშვიდად სთხოვა ექიმმა.

– ჯენტლმენებო, მე რაულ ლეტარდო მქვია, – დაიწყო უცნაურმა თანამგზავრმა, – ახლახან ინგლისელი ქალი ახსენეთ, მის სლეიტერი, რომელიც ქველმოქმედებას მისდევდა. ბრეტანის მეთევზეთა სოფელში დავიბადე და როდესაც მშობლები სარკინიგზო კატასტროფაში დამეღუპნენ, მის სლეიტერმა ჩემზე იზრუნა და გადამარჩინა იმ დაწესებულებაში მოხვედრას, რასაც თქვენთან გამოსასწორებელ კოლონიას უწოდებენ. მაშინ ის ოცამდე ბიჭსა და გოგონას მეურვეობდა. ფელისია ბოლტი და ანეტ რაველიც იქ იყვნენ. ჯენტლმენებო, თუ ანეტზე წარმოდგენას ვერ შეგიქმნით, ვერაფერს მიხვდებით. დედამისი იყო, ეგრეთ წოდებული, ქალიშვილი სიამოვნებისთვის, რომელიც საყვარელმა მიატოვა და ჭლექით გარდაიცვალა, მანამდე კი მოცეკვავედ მუშაობდა. ცეკვამ ანეტიც ძალზე გაიტაცა. როდესაც პირველად დავინახე, თერთმეტი წლის იქნებოდა – ცეცხლოვანი, სიცოცხლით სავსე პატარა არსება, რომელიც ხან გამომწვევად იყურებოდა, ხან დამცინავად და მყისვე – დიახ, მყისვე – თავის მონად მაქცია. „რაულ, ეს გამიკეთე“, „რაულ, ის გამიკეთე“… მეც ვემორჩილებოდი. უკვე ვეთაყვანებოდი და ეს იცოდა. ერთად დავრბოდით ზღვის ნაპირზე, სამივენი, ვინაიდან ფელისიაც თან დაგვყვებოდა. იქ ანეტი ფეხსაცმელსა და წინდებს იხდიდა და ქვიშაზე ცეკვავდა.

გულს რომ იჯერებდა, ძირს დავარდებოდა და სუნთქვაშეკრული გვიყვებოდა, რის გაკეთებას აპირებდა მომავალში:

– აი, ნახავთ, ცნობილი ადამიანი გავხდები. დიახ, სახელგანთქმული. ასობით და ათასობით აბრეშუმის წინდა მექნება, საუკეთესო ხარისხის. დიდებულ ბინაში ვიცხოვრებ. ახალგაზრდა, ლამაზი და მდიდარი საყვარლები მეყოლება. ჩემი ცეკვის სანახავად მთელი პარიზი მოვა. აღფრთოვანებულები ხმაურსა და ყვირილს ატეხენ და ლამის გაგიჟდებიან. ზამთარში არ ვიცეკვებ. სამხრეთში გავემგზავრები, სადაც მუდამ მზე ანათებს. იქ ბევრი ფორთოხლის ბაღიანი ვილაა. ერთ-ერთს ვიყიდი, აბრეშუმგადაკრულ ბალიშებზე დავწვები და გავირუჯები, მთელ დღეს ფორთოხლის ჭამაში გავატარებ. შენ კი, რაულ, არასოდეს დამავიწყდები, როგორი მდიდარი და სახელგანთქმულიც არ უნდა ვიყო. დაგიცავ და კარიერის გაკეთებაში დაგეხმარები. ფელისია ჩემი მოახლე იქნება... თუმცა, არა, ძალზე უგერგილოა. შეხედე, როგორი დიდი და უხეში ხელები აქვს.

ამის გაგონებაზე ფელისია ბრაზობდა, ანეტი კი მის დაცინვას განაგრძობდა:

– ფელისია ნამდვილი ლედია... ელეგანტური, დახვეწილი. გადაცმული პრინცესაა. ჰა, ჰა, ჰა...

– შენგან განსხვავებით, ჩემი მშობლები დაქორწინებული იყვნენ, – ღრენით პასუხობდა ფელისია.

– ჰო, შემდეგ კი მამაშენმა დედაშენი მოკლა. ალბათ, რა კარგია, როცა მკვლელის შვილი ხარ.

– მამაშენმა კი დედაშენი დასალპობად მიატოვა, – არ უთმობდა ფელისია.

– ჰო, ასეა, – ეთანხმებოდა ანეტი და იცინოდა.

– ადამიანი ჯანმრთელი და ღონიერი უნდა იყოს. ჯანმრთელობა და ძალა ყველაფერია. მე ხარივით ძლიერი ვარ, – ტრაბახობდა ფელისია, – სიმართლეს ამბობდა. ღონით ორჯერ აღემატებოდა თავშესაფრის ყველა გოგოს. ავადაც არასოდეს ხდებოდა. მაგრამ, როგორც ხვდებით, სულელი იყო, პირუტყვივით სულელი. ხშირად ვეკითხებოდი საკუთარ თავს, რატომ დასდევდა კუდში ანეტს. ანეტი მას მაგნიტივით იზიდავდა. თუმცა, ზოგჯერ კიდეც სძულდა და უნდა ვაღიარო, საფუძვლიანადაც – ანეტი მუდამ დასცინოდა მის გონებაჩლუნგობას, დაბდურობას და შემთხვევას არ უშვებდა ხელიდან, რომ სხვებთან შეერცხვინა. ფელისიას გაშმაგებისგან სახე უფითრდებოდა. ზოგჯერ მეგონა, ანეტს ყელში სწვდებოდა და დაახრჩობდა. საზრიანობა არ ჰყოფნიდა პასუხის გასაცემად, თუმცა მოგვიანებით რაღაც ისწავლა, რასაც ყოველთვის მარჯვედ იყენებდა – ეს იყო საკუთარი ჯანმრთელობა და ძალ-ღონე. მიხვდა, რომ ანეტს ეს შურდა. ამიტომ, მოწინააღმდეგეს ინსტინქტურად ურტყამდა სუსტ ადგილას. ერთხელ ანეტი აღტყინებული მოვიდა ჩემთან.

– რაულ, – მითხრა მან, – დღეს კარგად ვიხალისებთ ფელისიასთან.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი