რომანი და დეტექტივი

მეოთხე კაცი

№51

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 01.01, 2023 წელი

მეოთხე კაცი
დაკოპირებულია
  • აგატა კრისტი

მატარებელს დადევნებული კანონიკი პარფიტი ქოშინებდა. ეს მის ასაკში ადვილი როდი იყო. ჯერ ერთი, ფიგურა აღარ უწყობდა ხელს, წონის მომატებამ კი ქოშინი განუვითარა. ამას თვითონ კანონიკი ყოველთვის ღირსების შეგრძნებით განმარტავდა: „მოგეხსენებათ გულის ამბავი...“

პირველი კლასის ვაგონის კუთხეში მოკალათდა და შვებით ამოისუნთქა. სითბო ესიამოვნა. გარეთ თოვდა. გაუმართლა, რომ ეს ადგილი შეხვდა, ღამით ხანგრძლივი მგზავრობა გაუადვილდებოდა. ისე, კარგი იქნებოდა, ამ მატარებლისთვის საწოლი ვაგონი დაემატებინათ. დანარჩენი სამი ადგილი უკვე დაეკავებინათ. კანონიკმა პარფიტმა მათ თვალი მოავლო და შეამჩნია, რომ შორეულ კუთხეში მჯდომი კაცი კარგი ნაცნობივით უღიმოდა. ეს გახლდათ სუფთად პირგაპარსული მამაკაცი, დამცინავი სახითა და საფეთქლებზე შევერცხლილი თმით. მასში ისე აშკარად იკითხებოდა იურისტის პროფესია, რომ ეჭვი არავის შეეპარებოდა. სერ ჯორჯ დიურანი მართლაც საქვეყნოდ ცნობილი ადვოკატი იყო.

– აბა, პარფიტ, – გულთბილად შენიშნა მან, – გადარბენამ მოგიწიათ, არა?

– ვშიშობ, ეს არცთუ სასარგებლოა ჩემი გულისთვის, – მიუგო კანონიკმა.

– როგორი დამთხვევაა, რომ აქ შეგხვდით, სერ ჯორჯ. შორს მიემგზავრებით?

– ნიუკასლში, – ლაკონიურად უპასუხა სერ ჯორჯმა და დაამატა, – სხვათა შორის, ექიმ კემპბელ კლარკს არ იცნობთ?

კანონიკის მეზობლად მჯდომმა მამაკაცმა თავაზიანად დახარა თავი.

– ბაქანზე შევხვდით ერთმანეთს, – განაგრძო ადვოკატმა, – კიდევ ერთი დამთხვევა.

კანონიკმა პარფიტმა ცნობისმოყვარეობით შეხედა ექიმ კემპბელ კლარკს. ხშირად სმენოდა ეს სახელი. ექიმი კლარკი ცნობილი იყო, როგორც თერაპევტი და ფსიქიატრი, მისი ბოლო წიგნი კი – „არაცნობიერის პრობლემები“, წლის ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომად მიიჩნეოდა. კანონიკმა პარფიტმა დაინახა კვადრატული ყბები, უაღრესად მშვიდი ცისფერი თვალები და ცვენისკენ მიდრეკილი, ჭაღარაშეურეველი წითური თმა და გაიფიქრა, რომ ის ძალზე ძლიერი პიროვნება უნდა ყოფილიყო. სავსებით ბუნებრივი ასოციაციით, ამჯერად პირდაპირ მჯდომ მგზავრს მიაპყრო მზერა და ელოდა, რომ ისევ ნაცნობს დაინახავდა, მაგრამ შეცდა. მეტიც, მისი აზრით, ის უცხოელს ჰგავდა. თითქმის არაფრით გამორჩეული გარეგნობის გამხდარ, შავგვრემან, დიდ პალტოში მოკუნტულ მამაკაცს თვალები დაეხუჭა და როგორც ჩანს, ეძინა.

– კანონიკი პარფიტი ბრედჩესტერიდან? – სასიამოვნო ხმით ჰკითხა ექიმმა კემპბელ კლარკმა.

კანონიკს ესიამოვნა. მის „მეცნიერულ ქადაგებებს“ მართლა წარმატება ხვდა წილად, განსაკუთრებით პრესის დაინტერესების შემდეგ. ეკლესიასაც სწორედ ეს სჭირდებოდა

– კარგი, თანამედროვე, საჭირბოროტო მასალაა. – დიდი ინტერესით წავიკითხე თქვენი წიგნი, ექიმო კემპბელ კლარკ, – თქვა მან, – თუმცა სპეციალური ცოდნის გარეშე ზოგიერთი ადგილის გაგება გამიჭირდა.

– რა გირჩევნიათ, კანონიკო, საუბარი თუ ძილი? – იკითხა დიურანმა, – ვაღიარებ, რომ უძილობა მაწუხებს და პირველ ვარიანტს ვემხრობი.

– ოჰ, დიახ, რა თქმა უნდა! – დაეთანხმა კანონიკი, – ღამით მგზავრობისას იშვიათად მძინავს, წიგნი კი, რომელიც წამოვიღე, ძალზე მოსაწყენი აღმოჩნდა.

– ყოველ შემთხვევაში, ძალზე წარმომადგენლობითი კომპანია ვართ, – ღიმილით განაცხადა ექიმმა, – ეკლესია, მართლმსაჯულება და მედიცინა. ნეტავ, რა თემა უნდა იყოს, რომ აზრის ჩამოყალიბება ვერ მოვახერხოთ? – თქვა დიურანმა და გაიცინა, – ეკლესია ამას სულიერების კუთხით შეძლებს, მე – პრაქტიკული და იურიდიული თვალსაზრისით, თქვენ კი, ექიმო, ყველაზე დიდი არეალი გაქვთ, წმინდა პათოლოგიურით დაწყებული და პარაფსიქოლოგიურით დამთავრებული! ვფიქრობ, ჩვენ სამნი ნებისმიერ საკითხზე ამომწურავად ვიმსჯელებთ.

– არც ისე ამომწურავად, როგორც გგონიათ, – უთხრა ექიმმა კლარკმა, – არსებობს კიდევ ერთი თვალსაზრისი, რომელიც გამოგრჩათ, ის კი ძალზე მნიშვნელოვანია.

– რას გულისხმობთ? – ჰკითხა ადვოკატმა.

– „ქუჩის ადამიანის“ აზრს.

– ნუთუ ასე მნიშვნელოვანია? განა „ქუჩის ადამიანი “, როგორც წესი, მტყუანი არ გამოდის?

– დიახ, თითქმის ყოველთვის! მაგრამ მას აქვს ის, რაც ექსპერტებს აკლიათ – საკუთარი თვალსაზრისი. ბოლოს და ბოლოს, როგორც იცით, პირად ურთიერთობებს ვერსად გავექცევით. ამაში ჩემმა პროფესიამ დამარწმუნა. ყოველ ერთ ნამდვილად ავადმყოფ პაციენტზე, რომლებიც დახმარებისთვის მომმართავენ, ხუთი კაცი მოდის, რომელთა ერთადერთი პრობლემა ახლობლებთან ნორმალურად თანაცხოვრების უუნარობაა. რაღას არ უწოდებენ მას: „მოახლის ვნებისაღმძვრელ მუხლისთავს“, „წერით კრუნჩხვას“ , მაგრამ მთავარი მაინც ორი გონების ერთმანეთზე უხეში ზემოქმედებაა.

– ალბათ, ბევრი „ნერვიული“ პაციენტი გყავთ, – უდარდელად უთხრა კანონიკმა, რომელსაც რკინასავით ნერვული სისტემა ჰქონდა.

– აჰ, თქვენც ამას გულისხმობთ? – ექიმი კლარკი მისკენ შეტრიალდა და ოდნავ გაცხარებით განაგრძო, – ნერვები! ადამიანები ხშირად იყენებენ ამ სიტყვას და თქვენსავით ეცინებათ. „არაფერია“ – ამბობენ ისინი, – „უბრალოდ, ნერვებია“. მაგრამ, ღმერთო ჩემო, ეს ხომ მთავარია! ჩვენ უკვე ვიცით ფიზიკური დაავადებების ამოცნობა და მკურნალობა, თუმცა ახლაც თითქმის ისევე ვერკვევით ნერვული აშლილობის ასობით ფორმაში, როგორც, ვთქვათ, ელისაბედ დედოფლის მმართველობისას ვერკვეოდით!

– ღმერთო, – ჩაილაპარაკა ამ შეტევით ცოტა არ იყოს დაბნეულმა კანონიკმა, – მართლა ასეა?

– გაითვალისწინეთ, რომ წინ მაინც წავიწიეთ, – განაგრძო ექიმმა, – უწინ ადამიანს ცხოველად მივიჩნევდით, რომელსაც სხეული და სული ჰქონდა, თანაც აქცენტს პირველზე ვაკეთებდით.

– სხეული? და... სულიერი საწყისი, სული? – თავაზიანად შეუსწორა ღვთისმსახურმა.

– სული? – ექიმმა უცნაურად გაიღიმა, – რას გულისხმობთ ღვთისმსახურები სულში? უნდა გითხრათ, რომ თქვენ ის მკაფიოდ არასოდეს გესმოდათ. საუკუნეების განმავლობაში ცდილობდით მისთვის ზუსტი განსაზღვრების მოძებნას. კანონიკმა ჩაახველა და რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოასწრო, ექიმმა კი განაგრძო: – დარწმუნებული ვართ, რომ ეს სიტყვა „სულია“? იქნებ სულები?

– სულები? – იკითხა სერ ჯორჯ დიურანმა და წარბები დამცინავად აზიდა.

– დიახ, – კემპბელ კლარკმა მზერა მასზე გადაიტანა, წინ გადაიხარა და მსუბუქად შეეხო თითით მკერდზე, – ნუთუ არასოდეს გიგრძნიათ, რომ გვერდით მუდამ არის ვიღაც უცხო?

– ეს უკვე განწყობაა, რომელიც ზოგჯერ გეუფლებათ და დროებით, როგორც იტყვიან, სრულიად სხვა ადამიანად გადაგაქცევთ.

– ძალზე საინტერესოა, ამ იდეიდან ჩინებული ქადაგება გამოვა! – გაიფიქრა კანონიკმა პარფიტმა და ხელები მოიფშვნიტა. მაგრამ ექიმი კემპბელ კლარკი კვლავ დასაჯდომის საზურგეს მიეყრდნო და წამიერი აღტყინება უკვალოდ გაუქრა.

– სხვათა შორის, – განაცხადა პროფესიონალისთვის დამახასიათებელი გულგრილი კილოთი, – ამ საღამოს სწორედ პიროვნების გაორების გამო მივემგზავრები ნიუკასლში. ძალზე საინტერესო შემთხვევაა. პაციენტს აშკარად ნევროზი სჭირს, ოღონდ ყოველგვარი სიმულაციის გარეშე.

– პიროვნების გაორება, – ჩაფიქრებით ჩაილაპარაკა სერ ჯორჯ დიურანმა, – ჩემი აზრით, არცთუ იშვიათად ხდება. თანაც მეხსიერების დაკარგვაც ერთვის, არა? ამას წინათ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზეც ეს საკითხი წამოიჭრა.

ექიმმა კლარკმა თავი დააქნია.

– კლასიკურ მაგალითად ფელისია ბოლტის შემთხვევა გამოდგება. შესაძლოა, გსმენიათ. ამ ქალიშვილმა მთელ საფრანგეთში გაითქვა სახელი. მსოფლიოს რომელი ქვეყნიდან აღარ ჩამოდიოდნენ მის სანახავად. მასში, სულ ცოტა, ოთხი პიროვნება ცხოვრობდა, რომლებსაც პირობითად უწოდეს ფელისია-1, ფელისია-2, ფელისია-3 და ასე შემდეგ.

– თუ არ ვცდები, თაღლითობის ვერსიასაც განიხილავდნენ, არა? – მკვირცხლად იკითხა სერ ჯორჯმა

– დიახ, ფელისია-3-სა და ფელისია-4-ზე ეჭვი გაჩნდა, – დაეთანხმა ექიმი, – თუმცა ეს საქმეს არსებითად არ ცვლის. შეგახსენებთ, რომ ფელისია ბოლტი ჩვეულებრივი ბრიტანელი ქალიშვილი იყო, ალკოჰოლიკი მამისა და გონებრივად ჩამორჩენილი დედის მესამე შვილი. ლოთმა ცოლი დაახრჩო და როგორც მახსოვს, სიცოცხლის დარჩენილი წლები კატორღაში გაატარა. ფელისია მაშინ ხუთი წლის იქნებოდა. კეთილმა ხალხმა უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში წაიყვანა. გოგონა საოცრად ზანტი და გონებაჩლუნგი იყო. გაჭირვებით ისწავლა წერა-კითხვა, ოღონდ ხელსაქმეს ვერაფრით დაეუფლა. მის სლეიტერი, თავშესაფრის ხელმძღვანელი, ცდილობდა, გოგონა მოახლეობისთვის მაინც მოემზადებინა და როცა სრულწლოვანი გახდა, რამდენიმე ადგილიც გამოუძებნა, მაგრამ ქალიშვილი დიდხანს ვერსად გაჩერდა თავისი სიჩლუნგისა და სიზარმაცის გამო, – ექიმი რამდენიმე წამით გაჩუმდა. კანონიკმა დუმილით ისარგებლა, უკეთ მოკალათდა და საგზაო პლედი მჭიდროდ შემოიკეცა. ამ დროს მოულოდნელად შეამჩნია, რომ მის წინ მჯდომი თანამგზავრი ოდნავ შეირხა. დახუჭული თვალები გაახილა და ღირსი კანონიკი მათში რაღაც დამცინავმა და გაურკვეველმა გააოცა. კაცი თითქოს მათ უსმენდა და გულში ხალისობდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი