რომანი და დეტექტივი

მეორე გონგი

№2

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 22.01, 2023 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • აგატა კრისტი

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #51-1 (1149)

„მე არ მოვკვდები, – იმეორებდა ის, – გესმით? არ მოვკვდები. ვიცოცხლებ... ვიცოცხლებ...“ – ეს მის სლეიტერმა მიამბო, როცა მასთან ექვსი თვის შემდეგ მივედი.

– ჩემო საბრალო რაულ, – მითხრა ალერსიანად, – ანეტი გიყვარდა, არა?

– ყოველთვის, მაგრამ რისი მიცემა შემეძლო მისთვის?

– მოდი, ამაზე აღარ ვილაპარაკოთ. ის მკვდარია... ისეთი მშვენიერი, სიცოცხლით სავსე...

მის სლეიტერი გულისხმიერი ქალი იყო და სხვა თემებზე გადაიტანა საუბარი. მითხრა, რომ ფელისიაზე წუხდა, ნერვული აშლილობა აქვს და ანეტის სიკვდილის შემდეგ ძალზე უცნაურად იქცევაო.

– იცით, რომ ის ფორტეპიანოზე დაკვრას სწავლობს? – მითხრა მის სლეიტერმა ხანმოკლე ყოყმანის შემდეგ.

ეს არ ვიცოდი და ძალიან გამიკვირდა.

– ფელისია ფორტეპიანოზე დაკვრას სწავლობს?!

მზად ვიყავი დამეფიცა, რომ ნოტებს ერთმანეთისგან ვერ არჩევდა.

– ამბობენ, ნიჭი აქვსო, – განაგრძო მის სლეიტერმა, – ვერაფერი გამიგია. ხომ გახსოვს, რაულ, როგორ ვწვალობდი, ვერაფერი ვასწავლე... ყოველთვის სულელი იყო.

თავი დავუქნიე.

– ზოგჯერ ისე უცნაურად იქცევა, არც ვიცი, რა ვიფიქრო, – დასძინა მის სლეიტერმა.

რამდენიმე წუთის შემდეგ იმ დარბაზში შევედი, სადაც ვმეცადინეობდით ხოლმე. ფელისია ფორტეპიანოს უკრავდა. მელოდია მეცნო... პარიზში მოვისმინე, ამ სიმღერას ანეტი მღეროდა. ჯენტლმენებო, ამან ჩემზე ძალზე იმოქმედა. ფელისიამ შემამჩნია, უეცრად დაკვრა შეწყვიტა და შემომხედა. მის თვალებში გონიერება და დაცინვა ამოვიკითხე. წამით კიდეც გავიფიქრე, რომ... თუმცა მნიშვნელობა არა აქვს, რა გავიფიქრე.

– ეს თქვენ ხართ, მესიე რაულ?

– ვერ აღვწერ, ეს როგორ თქვა. ანეტი ყოველთვის რაულს მეძახდა, ფელისია კი მას შემდეგ, რაც წამოვიზარდეთ, მესიე რაულით მომმართავდა, ოღონდ იმჯერად სიტყვა „მესიე“ ოდნავ გამოკვეთილად თქვა, თითქოს ასე უფრო სასაცილოდ მოეჩვენა.

– გამარჯობა, ფელისია. დღეს რა სხვანაირი ხარ? .

– მართლა? – თქვა ჩაფიქრებით, – უცნაურია. მაგრამ ამას სერიოზულად ნუ მიიღებ, რაულ... ამიერიდან მხოლოდ რაულს დაგიძახებ... განა პატარაობისას ერთად არ ვთამაშობდით? სიცოცხლე სიცილისთვის შეიქმნა. მოდი, საბრალო ანეტზე ვილაპარაკოთ... მასზე, რომელიც მოკვდა და დამარხეს. საინტერესოა, ახლა განსაწმენდელშია თუ სადმე სხვაგან? – და მან სიმღერის კუპლეტი წაიმღერა, ძალზე არასასიამოვნოდ, მაგრამ ჩემი ყურადღება მისმა სიტყვებმა მიიპყრო.

– ფელისია! – შევძახე მე, – იტალიურად ლაპარაკობ?

– რატომაც არა, რაულ? იქნებ არც ისეთი სულელი ვარ, როგორც გაჩვენებთ?

ალბათ, ძალზე განცვიფრებული ვჩანდი, ვინაიდან გაეცინა.

– არაფერი მესმის... – დავიწყე მე.

– ახლავე აგიხსნი. მე შესანიშნავი მსახიობი ვარ, თუმცა ეს არავინ იცის. ბევრი როლის შესრულება შემიძლია, თანაც ძალიან კარგად, – მან კვლავ გაიცინა და მანამ გაიქცა ოთახიდან, სანამ მის შეჩერებას მოვასწრებდი.

წასვლის წინ კვლავ ვნახე. სავარძელში ეძინა და ხვრინავდა. ვიდექი და ზიზღნარევი ცნობისმოყვარეობით ვაკვირდებოდი. უეცრად შეკრთა და თვალი გაახილა. უფერული, უსიცოცხლო მზერა მომაპყრო.

– მესიე რაულ, – თქვა უნებლიეთ.

– ჰო, ფელისია, მივემგზავრები. შეგიძლია, წასვლამდე ერთხელაც დაუკრა ჩემთვის?

– მე? დავუკრა? დამცინით, მესიე რაულ.

– ნუთუ არ გახსოვს, როგორ უკრავდი ამ დილით?

მან თავი გადააქნია.

– ვუკრავდი? განა შეუძლია დაკვრა ჩემისთან უბირ გოგოს? – ფელისია გაჩუმდა, თითქოს რაღაცას ფიქრობდა, შემდეგ თითის დაქნევით მიმიხმო. – მესიე რაულ – მითხრა მან, – ამ სახლში უცნაური რაღაცები ხდება! ვიღაც მასხრობს. მაგალითად, საათის ისრებს გადასწევს ხოლმე. დიახ, დიახ, ვიცი, რასაც ვამბობ. ამ ყველაფერს ის აკეთებს.

– ვინ? – ვკითხე გაოცებით.

– ვინ და, ანეტი. ის წყეული. სანამ ცოცხალი იყო, სულ მაწვალებდა. ახლა კი საიქიოდან მოდის და არ მასვენებს!

ფელისიას მივაჩერდი. ვხედავდი, რომ რაღაცის ძალზე ეშინოდა, თვალები გადმოცვენაზე ჰქონდა.

– ის ცუდია, გეუბნებით, ცუდია-მეთქი. პირიდან პურს გტაცებთ, ტანსაცმელს გხდით, სხეულიდან სულს გართმევთ... – უეცრად ხელი მტაცა, – მეშინია მისი. გიმეორებთ, მეშინია. მისი ხმა ჩამესმის... ყურში არა... არა, ყურში არა. აქ, თავში... – მან შუბლზე თითი მიიკაკუნა, – ის გამაგდებს, შორს გამაგდებს და მაშინ რა ვქნა, რა დამემართება? – თითქმის ყვიროდა. შეშინებული, კუთხეში მიმწყვდეული მხეცივით იყურებოდა. უეცრად გაიღიმა. სასიამოვნოდ, ეშმაკურად გაიღიმა. იყო ამ ღიმილში რაღაც, რამაც შემაკრთო. – მესიე რაულ, თუ აქამდე მივა საქმე, მე ძალიან ძლიერი ხელები მაქვს. ძალიან ძლიერი ხელები.

მისი ხელებისთვის არასოდეს მიმიქცევია განსაკუთრებული ყურადღება. ახლა კი შევხედე და უნებურად გამაჟრჟოლა. მოკლე, მსუქანი და როგორც თვითონ ფელისიამ თქვა, საშინლად ღონიერი თითები ჰქონდა... ვერ აღგიწერთ, რა შეგრძნება დამეუფლა. კინაღამ გული ამერია. ალბათ, ასეთი ხელებით დაახრჩო მამამისმა დედამისი. მაშინ უკანასკნელად ვნახე ფელისია ბოლტი. მალე საზღვარგარეთ გავემგზავრე – სამხრეთ ამერიკაში. მისი გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ დავბრუნდი. გაზეთებში რაღაც წავიკითხე მისი ცხოვრებისა და უეცარი სიკვდილის შესახებ. დეტალები კი დღეს საღამოს მოვისმინე. თქვენგან. ფელისია-3 და ფელისია-4, არა? საინტერესოა. უნდა გითხრათ, რომ ის კარგი მსახიობი იყო! მატარებელმა მოულოდნელად სვლა შეანელა. მამაკაცი მხრებში გაიმართა და პალტო მჭიდროდ შეიკრა.

– აბა, რას იტყვით? – იკითხა ადვოკატმა და წინ გადაიხარა.

– მიჭირს დაჯერება – თქვა კანონიკმა პარფიტმა და გაჩუმდა. ექიმს არაფერი უთქვამს. ის დაჟინებით მისჩერებოდა რაულ ლეტარდოს. „ტანსაცმელს გხდით, სხეულიდან სულს გართმევთ“ – უდარდელად გაიმეორა ფრანგმა და წამოდგა. – გეუბნებით, ჯენტლმენებო, რომ ფელისია ბოლტის ამბავი ანეტ რაველის ამბავია. თქვენ მას არ იცნობდით. მე ვიცნობდი. ძალიან უყვარდა სიცოცხლე... – ის კარის სახელურს სწვდა და გასვლა დააპირა, მაგრამ უეცრად შეჩერდა, შემოტრიალდა, დაიხარა და კანონიკ პარფიტს მკერდზე თითი მიუკაკუნა, – მესიე ექიმმა ცოტა ხნის წინათ თქვა, რომ ეს... – კანონიკი შეიჭმუხნა, როდესაც იგრძნო, რომ ამჯერად ხელი მუცელზე მსუბუქად მიაჭირეს, – მხოლოდ საცხოვრებელია. მითხარით, როგორ მოიქცეოდით, თუკი თქვენს სახლში მძარცველს აღმოაჩენდით? ტყვიას დაახლიდით, არა?

– არა! – შესაძახა კანონიკმა, – არა... ვგულისხმობ, რომ არა ამ ქვეყანაში. მაგრამ ბოლო სიტყვები მან სიცარიელეში წარმოთქვა. კუპეს კარი გაჯახუნდა. ღვთისმსახური, ადვოკატი და ექიმი მარტონი დარჩნენ. მეოთხე კუთხეში აღარავინ იჯდა.

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი