რომანი და დეტექტივი

მეორე გონგი

№47

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 04.12, 2022 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • აგატა კრისტი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #46 (1142)

– ოჰ, რას ბრძანებთ! – ორჭოფულად ჩაილაპარაკა მისის ლიჩემ როშმა, – რას ბრძანებთ, მისტერ...

ქალი გაჩუმდა.

– პუარო, მადამ, ერკიულ პუარო. ალბათ, გაგაფრთხილეს ჩემი ვიზიტის შესახებ, – თქვა თავაზიანად.

– ო... დიახ, – მიუგო მისის ლიჩემ როშმა აშკარად გაუბედავად – ძალზე დაბნეული ვარ, მესიე პუარო, ყველაფერი მავიწყდება. საბედნიეროდ, დიგბი გვყავს, რომელსაც არაფერი ეშლება.

– სამწუხაროდ, ჩემმა მატარებელმა დააგვიანა, – უთხრა პუარომ, – გზაში რაღაც მოხდა და შევყოვნდით.

– ოჰ! – შესძახა ჯოანმა, – აი, რატომ გადაიდო სადილი.

პუარომ სწრაფად მიაპყრო გამჭრიახი მზერა.

– მერედა, ეს რაღაც უჩვეულოა?

– არც ვიცი, რა ვიფიქრო, – დაიწყო მისის ლიჩემ როშმა და გაჩუმდა, – იმას ვგულისხმობ, – განაგრძო შეცბუნებულმა, – ეს ძალზე უცნაურია.... ჰუბერტი არასოდეს...

პუარომ იქ მყოფთ თვალი მოავლო.

– მესიე ლიჩემ როში ჯერ არ ჩამოსულა?

– არა და ეს ისე უჩვეულოა... – ქალმა ვედრებით შეხედა ჯეფრი კინს.

– მისტერ ლიჩემ როში უაღრესად პუნქტუალური კაცია, – განმარტა კინმა, – სადილად არასოდეს აგვიანებს... არ ვიცი, საერთოდ თუ აგვიანებს სადმე.

– ვიცი, როგორ მოვიქცეთ! – მოისაზრა მისის ლიჩემ როშმა, – დიგბის უნდა დავურეკოთ.

მსახურთუფროსი მყისვე მოვიდა.

– დიგბი, – უთხრა მისის ლიჩემ როშმა, – თქვენი ბატონი, ის... – მისის ლიჩემ როშმა, ჩვეულებისამებრ, ფრაზა არ დაასრულა, მაგრამ მსახურთუფროსი მაშინვე მიხვდა ყველაფერს და პასუხი არ დაახანა:

– მადამ, რვას ხუთი წუთი აკლდა, როცა მისტერ ლიჩემ როში ჩამოვიდა და თავის კაბინეტში შევიდა.

– ოჰ! – შესძახა ქალმა, – ხომ არ ფიქრობთ... ვგულისხმობ... დარწმუნებული ხართ, რომ გონგის ხმა გაიგონა?

– ვფიქრობ, უნდა გაეგონა, გონგი კაბინეტის გვერდითაა.

– დიახ, რასაკვირველია, რასაკვირველია, – კიდევ უფრო დაბნეული სახით თქვა მისის ლიჩემ როშმა.

– მადამ, შევატყობინო, რომ სადილი მზადაა?

– ოჰ, გმადლობ, დიგბი. დიახ, ვფიქრობ... დიახ, რა თქმა უნდა...

დიგბი მალე დაბრუნდა. ეტყობოდა, რომ ამჯერად ჩვეულებრივზე სწრაფად სუნთქავდა.

– მაპატიეთ, მადამ... კაბინეტის კარი დაკეტილია.

მესიე ერკიულ პუარომ ინიციატივის საკუთარ თავზე აღება გადაწყვიტა.

– ვფიქრობ, აჯობებს, კაბინეტისკენ წავიდეთ, – განაცხადა მან და სასტუმრო ოთახიდან გავიდა.

ყველა უკან მიჰყვა. პუარომ გაიარა ჰოლი, ჩაუარა კიბეს, იატაკზე მდგარ უზარმაზარ საათსა და ნიშას, რომელშიც გონგი მოეთავსებინათ. კაბინეტი ნიშის პირდაპირ იყო.

პუარომ დააკაკუნა. არავინ გამოეხმაურა. ის ნელა დაიხარა, საკლიტეში გაიჭვრიტა, წამოდგა და დამსწრეთ მიმართა:

– ბატონებო, კარი უნდა შევამტვრიოთ, თანაც რაც შეიძლება სწრაფად.

ჯეფრი კინი და გრეგორი ბარლინგი აღნაგობითა და ძალით ყველას აღემატებოდნენ. მათ პუაროს მითითებით კარის შემტვრევა დაიწყეს.

კარსა და ფანჯარას შორის, დიდი საწერი მაგიდა იდგა. მაგიდის გვერდით სავარძელში მამაკაცი იჯდა – ზორბა, მხრებში მოხრილი. მართალია, მათთვის ზურგი შეექცია, მაგრამ მისი პოზა ყველაფერს ნათელს ჰფენდა. მარჯვენა ხელი უმწეოდ ჩამოვარდნოდა, იქვე კი ხალიჩაზე, პატარა მბზინავი პისტოლეტი ეგდო.

პუარო და ორი ახალგაზრდა კაცი კაბინეტში შევიდნენ. პუარომ ხელით ანიშნა მათ, ახლოს არ მისულიყვნენ. თვითონ კი ცხედართან მივიდა და ჩაიმუხლა.

ტყვიას თავში გაევლო, ხელმარცხნივ კედელზე ჩამოკიდებულ სარკეს მოხვედროდა და დაემსხვრია. მაგიდაზე ქაღალდის ფურცელი იდო, რომელზეც მოკანკალე ხელით მხოლოდ ერთ სიტყვა დაეწერათ: „მაპატიე“.

პუარომ სწრაფად შეხედა კარს.

– საკეტში გასაღები არ არის. საინტერესოა... – თქვა და მიცვალებულს ჯიბეები მოუჩხრიკა, – აი, ისიც. ყოველ შემთხვევაში, ჰგავს. ჯენტლმენებო, შეამოწმეთ, თუ შეიძლება.

ჯეფრი კინმა გასაღები აიღო და საკლიტეს მოარგო.

– და ფანჯარა?

ჰარი დეილჰაუსი ფანჯარასთან მივიდა.

– დაკეტილია.

პუარო სწრაფად წამოდგა და გრძელ, ფრანგულ ფანჯარას მიუახლოვდა. გამოაღო, ერთხანს იდგა და გაზონს დაჰყურებდა, შემდეგ კი კვლავ მიხურა.

– მეგობრებო, – თქვა მან, – პოლიციაში უნდა დავრეკოთ. სანამ არ მოვლენ და არ დარწმუნდებიან, რომ ეს მართლა თვითმკვლელობა იყო, ხელს ვერაფერს ვახლებთ.

სიკვდილი არა უმეტეს თხუთმეტი წუთის წინათ დადგა.

– ვიცი, – ხრინწიანი ხმით ჩაილაპარაკა ჰარიმ, – გავიგონეთ გასროლის ხმა.

– რა თქვით?

ჰარიმ ეს ჯეფრი კინის დახმარებით აუხსნა. როდესაც დაასრულა, კვლავ გამოჩნდა ბარლინგი. პუარომ მასაც ის გაუმეორა, რაც ახლახან ორ ახალგაზრდას უთხრა, და სთხოვა, სანამ კინი პოლიციას დაუკავშირდებოდა, რამდენიმე შეკითხვაზე ეპასუხა.

ისინი პატარა ოთახში შევიდნენ. დიგბი კაბინეტის წინ იდგა სადარაჯოზე, ჰარი კი ქალების მოსაძებნად გაემართა.

– როგორც ვხვდები, მესიე ლიჩემ როშის ახლო მეგობარი იყავით, – დაიწყო პუარომ, პირდაპირ გეტყვით – მე კერძო დეტექტივი ვარ.

ფინანსისტმა ოდნავ გაიღიმა.

– მესიე პუარო, აუცილებელი არ არის ჩემთვის ამის თქმა. თქვენ ყველა გიცნობთ.

– თუ ასეა, საქმეზე გადავიდეთ. ლონდონში წერილი მივიღე მესიე ლიჩემ როშის ხელმოწერით. მწერდა, ბოლო დროს მოზრდილი თანხები მეკარგებაო. ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, არ სურდა, პოლიციისთვის მიემართა და მთხოვა გამერკვია, რა ხდებოდა. საქმე ის არის, წერილი აშკარად მოწმობს, რომ მესიე, ასე ვთქვათ, გაუწონასწორებელი ადამიანი იყო. ახლა მაინტერესებს, შეშლილი იყო თუ, უბრალოდ, გაუწონასწორებელი?

– რაც ჩაიდინა, თვალნათლივ მეტყველებს ამაზე.

– მხოლოდ გაუწონასწორებელი ადამიანები როდი იკლავენ თავს.

– ჰუბერტი ნორმალური ადამიანი არ იყო, – მტკიცედ განაცხადა ბარლინგმა, – მიდრეკილება ჰქონდა უკონტროლო სიშმაგისკენ, მანიაკურად ამაყობდა თავისი გვარითა და წარმომავლობით... თუმცა უჭკუო არ ეთქმოდა. მაგრამ ადამიანები თავს იმიტომ იკლავენ, რომ გაძარცვეს?

– მართალს ამბობთ, მესიე. სისულელეა. ამიტომ ნაჩქარევად დასკვნას ნუ გამოვიტანთ. იქნებ მესიემ შეიტყო, ვინ მოიპარა ფული და ეს ვერ გადაიტანა. მაგრამ მე მის მიმართ ვალდებულება დამრჩა შესასრულებელი. მის პირობებს დავეთანხმე და ავანსიც მივიღე.

– გასაგებია, – თქვა ბარლინგმა და ერთხანს მდუმარედ, – ასეა თუ ისე, ვერაფრით დაგეხმარებით. ჰუბერტი თავის საიდუმლოებებს არ მიმხელდა. მე არაფერი ვიცი.

– ის მაინც მითხარით, მესიე, ვის შეეძლო, თქვენი აზრით, საბრალო ჯენტლმენის გაძარცვა?

– რთული სათქმელია. შესაძლოა, უძრავი ქონების აგენტს. ის აქ ახალი კაცია. კაპიტანი მარშალი ძალზე სასიამოვნო ახალგაზრდა კაცია, ცალი ხელი ომში დაკარგა. ვიცი, რომ ჰუბერტს მოსწონდა და ენდობოდა კიდეც.

ბარლინგის ყოყმანი პუაროს არ გამოჰპარვია.

– ამიხსენით, მესიე, ყველაფერი მითხარით.

– ეს შესაძლოა, ჭორია.

– მაინც მითხარით, გთხოვთ.

– კარგი, გეტყვით. შეამჩნიეთ სასტუმრო ოთახში მომხიბლავი ახალგაზრდა ქალი?

– იქ ორი ძალზე ლამაზი ახალგაზრდა ქალი შევნიშნე.

– ო, დიახ, მის ეშბი. საუცხოო ქალიშვილია. ლიჩემქლოუზში პირველადაა. მისის ლიჩემ როშმა ის ჰარი დეილჰაუსის თხოვნით დაპატიჟა. არა, მე შავგვრემანი ქალიშვილი ვიგულისხმე – დიანა ქლივზი.

– ისიც შევამჩნიე, – თქვა პუარომ, – შეუძლებელია, მამაკაცმა ის ვერ შეამჩნიოს.

– პატარა ალქაჯია, – იფეთქა ბარლინგმა, – ყველა მამაკაცს ეკეკლუცება ოცი მილის რადიუსში. ერთხელაც იქნება, ვინმე მოკლავს.

– ეს ახალგაზრდა ლედი...

– ლიჩემ როშის შვილობილია. ცოლ-ქმარი ძალიან შეწუხდა, როცა გაირკვა, რომ შვილი არ ეყოლებოდათ. შემდეგ დიანა იშვილეს, შორეული ნათესავი... ჰუბერტს ძალიან უყვარდა, ლამის აღმერთებდა...

– და, ცხადია, არ მოსწონდა მისი გათხოვების იდეა? – ივარაუდა პუარომ.

– მოეწონებოდა, შესაფერისი კაცი რომ გამოჩენილიყო.

– და შესაფერისი კაცი... თქვენ იყავით, მესიე?

ბარლინგი შეკრთა და გაწითლდა.

– დიანა შემიყვარდა. დიახ... და ლიჩემ როშს ძალიან გაუხარდა. მე სწორედ ისეთი ვარ, როგორიც შვილისთვის სურდა.

– თვითონ მადმუაზელს?

– უკვე გითხარით – ხორცშესხმული ეშმაკია.

– გასაგებია. მას საკუთარი შეხედულება აქვს ბედნიერებაზე, არა? კაპიტანი მარშალი? ის უფრო იღბლიანი ხომ არ გამოდგა?

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი