რომანი და დეტექტივი

მეორე გონგი

№46

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 27.11, 2022 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • აგატა კრისტი

ჯოან ეშბი საძინებლიდან გამოვიდა და წამით კარის წინ შეჩერდა. ნახევრად მიტრიალდა, თითქოს შებრუნებას აპირებდა. სწორედ ამ დროს გონგის ხმა მოესმა – როგორც მოეჩვენა, ფეხებქვეშ.

ჯოანი ადგილს მოსწყდა და თითქმის სირბილით გაქანდა წინ. დიდი კიბის თავზე ახალგაზრდა კაცს შეეჩეხა, რომელიც მოპირდაპირე მხრიდან მოდიოდა.

– გამარჯობა, ჯოან, სად გარბიხარ ასე კისრისტეხით?

– მაპატიე, ჰარი, ვერ დაგინახე.

– ასეც გავიფიქრე, – ცივად თქვა ჰარი დეილჰაუსმა, – და მაინც, საით მიიჩქარი?

– გონგს შემოჰკრეს.

– ვიცი, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი გონგია.

– არა, მეორე!

– პირველი!

– მეორე!

ასე, კამათ-კამათით დაეშვნენ კიბეზე. ჰოლში მათკენ დინჯად, სერიოზული გამომეტყველებით გამოემართა მსახურთუფროსი, რომელსაც ახლახან დაედო გონგის ჩაქუჩი თავის ადგილზე.

– პირველი! – დაჟინებით გაიმეორა ჰარიმ, – არ გამომრჩებოდა. მოიცა, რა დროა ახლა?

ამ სიტყვებით ახალგაზრდა კაცმა, სახელად ჰარი დეილჰაუსმა, მზერა ჰოლის იატაკზე მდგარ დიდ საათს მიაპყრო.

– ცხრის თორმეტი წუთია, – თქვა მან, – მგონი, მართალი ხარ, ჯონ... და მაინც, მე მხოლოდ ერთი დარტყმის ხმა გავიგონე.

– დიგბი, – მიმართა მსახურთუფროსს, – ეს გონგის პირველი დარტყმა იყო თუ მეორე?

– პირველი, სერ.

– ცხრის თორმეტ წუთზე? დიგბი, ვიღაცამ შესაძლოა სამსახური დაკარგოს!

მსახურთუფროსმა ოდნავ გაიღიმა.

– სერ, დღეს საღამოს სადილობა ათი წუთით დაგვიანდება. ბატონის განკარგულებით.

– წარმოუდგენელია! – შესძახა ჰარი დეილჰაუსმა, – ეს რა მესმის? აი, სასწაული. რა დაემართა ჩემს ძვირფას ბაბუას?

– შვიდსაათიანი მატარებელი ნახევარი საათით იგვიანებს და რადგან... – მსახურთუფროსმა წინადადება ვეღარ დაასრულა, ვინაიდან ამ დროს მკვეთრი ხმა გაისმა, რაც მათრახის დარტყმას ჰგავდა.

– რა ჯანდაბაა... – თქვა ჰარიმ, – გასროლას ჰგავდა.

მათგან მარცხნივ, სასტუმრო ოთახის კარიდან, ოცდათხუთმეტიოდე წლის მუქთმიანი ლამაზი ახალგაზრდა კაცი შემოვიდა.

– რა მოხდა? – იკითხა მან, – თითქოს გაისროლეს.

– გამოსაბოლქვი მილი იქნებოდა, სერ, – მიუგო მსახურთუფროსმა, – გზა ახლოსაა, ზემოთ კი ფანჯრებია გაღებული.

– შესაძლოა, – დაეჭვებით თქვა ჯოანმა, – მაგრამ მაშინ ხმა იქიდან მოვიდოდა, – მან ხელი მარჯვნივ გაიშვირა, – მე კი მომეჩვენა, რომ იქიდან იყო, – და ქალიშვილმა ამჯერად სასტუმრო ოთახზე მიუთითა. მუქთმიანმა მამაკაცმა თავი გადააქნია.

– არა, მე სასტუმრო ოთახში ვიჯექი და სწორედ იქიდან გამოვედი, ვინაიდან მომეჩვენა, რომ ხმაური იქ გაისმა, – მან თავით შემოსასვლელ კარზე მიანიშნა, სადაც გონგი იდგა.

– აღმოსავლეთი, დასავლეთი და სამხრეთი, არა? – შეაჯამა დაუდეგარმა ჰარიმ, – კინ, შემიძლია ეს სურათი შევავსო. მე ჩრდილოეთს ვემხრობი. მომეჩვენა, თითქოს ხმაური ჩემს ზურგს უკან გაისმა. აბა, ვინ რას იტყვის?

– კვლავ ვიღაცამ ვიღაც მოკლა, – ღიმილით თქვა ჯეფრი კინმა, – მაპატიეთ, მის ეშბი.

– არაფერია, – მიუგო ჯოანმა, – მგონი, ჩემს საფლავთანაც ამ სიტყვებს იტყვით.

– მკვლელობა... შესანიშნავი იქნებოდა, – მეოცნებე ხმით ჩაილაპარაკა ჰარიმ, – მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა ცოცხალია და საღ-სალამათი. ვფიქრობ, მცდარი დასკვნა გააკეთე.

– ჰო, სამწუხაროა, მაგრამ, ალბათ, მართალი ხარ, – დაეთანხმა ჯეფრი, – თუმცა, ჩემი აზრით, ეს სახლში მოხდა. მოდი, სასტუმრო ოთახში შევიდეთ.

– მადლობა ღმერთს, რომ არ დაგვიგვიანია, – ცხარედ თქვა ჯოანმა, – კინაღამ კიბეზე დავგორდი, მეგონა, გონგს მეორედ შემოჰკრეს.

ყველას გაეცინა. ასე სიცილ-სიცილით შევიდნენ დიდ სასტუმრო ოთახში.

ლიჩემქლოუზი ინგლისის ერთ-ერთ ძველ და ცნობილ სახლად ითვლებოდა. მისი მფლობელი ჰუბერტ ლიჩემ როში თაობათა გრძელი რიგის უკანასკნელი ნაშიერი იყო

და მისი შორეული ნათესავები შემთხვევას არ უშვებდნენ ხელიდან, რათა რაღაც ამის მსგავსი ეთქვათ: „მგონი, ბებერ ჰუბერტს მეურვის დანიშვნა სჭირდება. საბრალო სრულ ჭკუაზე აღარაა“.

მათი სიტყვები სიმართლის მარცვალსაც შეიცავდა. ჰუბერტ ლიჩემ როშს უაღრესად ექსცენტრიკულ ადამიანად იცნობდნენ. შესანიშნავ მუსიკოსს საშინელი ხასიათი ჰქონდა. თუკი რომელიმე სტუმარი მის ახირებებს სათანადო პატივს არ მიაგებდა, ხელმეორედ აღარასოდეს მოიპატიჟებდნენ. ერთ-ერთი ასეთი ახირება მუსიკა იყო. როცა თავისი სტუმრებისთვის უკრავდა – ეს კი ხშირად ხდებოდა საღამოობით, აბსოლუტურ სიჩუმეს მოითხოვდა. თუ ვინმე დაიჩურჩულებდა, კაბას ააშრიალებდა ან, უბრალოდ, გაინძრეოდა, მასპინძელი მრისხანე მზერას მიაპყრობდა და უიღბლო სტუმარი ამ სახლში მეორედ მოსვლის შანსს სამუდამოდ დაკარგავდა.

მეორე ახირება იყო სადილობასთან დაკავშირებული, აუტანელი პუნქტუალურობა. სტუმრებს ნებისმიერ დროს შეეძლოთ საუზმობა, თუნდაც შუადღისას, მაგრამ სადილობა ნამდვილი რიტუალი, ზეიმი იყო. კერძებს საუკეთესო მზარეული ამზადებდა, რომელიც ლიჩემ როშმა ზღაპრული ჯამაგირით აცდუნა და დიდი სასტუმროდან გადმოიბირა.

პირველი გონგი ყოველთვის ცხრის ხუთ წუთზე გაისმოდა, მეორე – ათი წუთის შემდეგ, რასაც დაუყოვნებლივ მოსდევდა კარის გაღება. მსახურთუფროსი სადილობის დაწყებას აცხადებდა და სტუმრები სასტუმრო ოთახიდან საზეიმო სვლით მიემართებოდნენ სასადილო ოთახისკენ.

თუკი ვინმე დააგვიანებდა, მას დაემშვიდობებოდნენ და ამ სახლის ზღურბლს ვეღარასოდეს გადმოაბიჯებდა.

ამიტომ შეეშინდა ჯოან ეშბის, ამიტომაც გაოცდა ჰარი დეილჰაუსი, როცა შეიტყო, რომ ეს წმინდა ღონისძიება ათი წუთით გადაიდო. მართალია, არცთუ ახლო ურთიერთობა ჰქონდა ბიძამისთან, მშვენივრად იცოდა მისი ახირებები და ხშირად სტუმრობდა ლიჩემქლოუზს. ჰარიზე არანაკლებ გაოცდა ჯეფრი კინი, ლიჩემ როშის მდივანი.

– საოცარია, – თქვა მან, – ვერც წარმოვიდგენდი, თუ ასეთი რამე მოხდებოდა. ხომ არ შეცდი?

– დიგბიმ ასე გვითხრა.

– უცნაურია, – ჩაფიქრებით ჩაილაპარაკა კინმა, – მალე ყველაფერს შევიტყობთ, თუმცა ეს მართლა ძალზე უცნაურია.

მამაკაცები გაჩუმდნენ და ქალიშვილს მიაჩერდნენ.

ჯოან ეშბი მომხიბლავი, ცისფერთვალება, ოქროსფერთმიანი არსება იყო, ეშმაკური მზერით. პირველად სტუმრობდა ლიჩემქლოუზს, სადაც ჰარიმ მიიწვია.

კარი გაიღო და ოთახშო დიანა ქლივზი შემოვიდა, ლიჩემ როშის შვილობილი, გრაციოზული ქალიშვილი. მისი შავი თვალები თითქოს ჯადოქრობას ასხივებდა. დამცინავად ლაპარაკი სჩვეოდა. თითქმის ყველა მამაკაცს უყვარდა. ისიც თავისი გამარჯვებებით ტკბებოდა. ჯერ გულთბილი მზერით იზიდავდა მათ, ახლოს მისულებს კი გულგრილობას ახვედრებდა.

– ამჯერად მაინც დავასწარით მოხუცს, – თქვა მან, – ბოლო რამდენიმე კვირა ყოველთვის პირველი მოდიოდა,

ახალგაზრდა მამაკაცები მისკენ გაიჭრნენ. დიანამ მომხიბლავად გაუღიმა ორივეს და ჰარის მიუბრუნდა.

ჯეფრი კინი კვლავ სავარძელში ჩაჯდა. მუქ ლოყებზე სიწითლემ გადაუარა.

თუმცა იმ დროისთვის, როცა წუთის შემდეგ ოთახში მისის ლიჩემ როში შემოვიდა, უკვე სრულად ფლობდა თავს. მისის ლიჩემ როში მუქთმიანი მაღალი ქალი იყო, უაზრო თვალებით. ტანთ უჩვეულო შეფერილობის ხალვათი მწვანე კაბა ეცვა. მისის ლიჩემ როშს შემოჰყვა გრეგორი ბარლინგი, შუახნის მამაკაცი გამოკვეთილი ნიკაპითა და დიდი, ნისკარტივით ცხვირით. მას კარგად იცნობდნენ ფინანსურ წრეებში და ბოლო წლებში ჰუბერტ ლიჩემ როშის ახლო მეგობარი იყო.

ბუმ! - საზეიმოდ გაისმა გონგის ხმა. მიწყდა თუ არა სპილენძის გუგუნი, კარი გაიღო და დიგბიმ გამოაცხადა:

– სადილი მზადაა.

სიმშვიდისა და გაწვრთნილობის მიუხედავად, მანაც ვერ დამალა გაოცება – რაც თავი ახსოვდა, პირველად მოხდა, რომ სახლის პატრონი ასეთ დროს სასტუმრო ოთახში არ იყო!

ყველას მსგავსი გაოცება აღებეჭდა სახეზე. მისის ლიჩემმა გაუბედავად გაიღიმა და თქვა:

– საკვირველია... მართლა... არც ვიცი, როგორ მოვიქცე.

მხოლოდ ის როდი დაიბნა. ლიჩემქლოუზის ურყევი ტრადიციები თვალსა და ხელს შუა ინგრეოდა. წარმოუდგენელი რამე ხდებოდა! ყოველგვარი საუბარი შეწყდა და დაძაბული სიჩუმე ჩამოვარდა.

როგორც იქნა, კარი კვლავ გაიღო. მაგრამ სასტუმრო ოთახში ლიჩემ როში არ შემოსულა. წვერმოშვებული, ზორბა, ვიკინგის მსგავსი სერ ჰუბერტის ნაცვლად, ეს იყო უზადო კოსტიუმში გამოწყობილი ტანდაბალი, მელოტი კაცი, აშკარად უცხოელი, აპრეხილი ულვაშითა და კვერცხისებრი თავით.

ის თვალებგაბრწყინებული მიუახლოვდა მისის ლიჩემ როშს.

– მაპატიეთ, მადამ, – თქვა მან, – რამდენიმე წუთით დამაგვიანდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი