რომანი და დეტექტივი

მეძავი

№34

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 06.09

მეძავი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #32-33 (1286)

ქეთინო ბებიას მონათხრობმა შოკში ჩამაგდო და მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. დილით კი თვალებდასიებული ავდექი და სკოლაში წავედით. ქეთინო ბებიამ რამდენიმეჯერ მკითხა: რა გჭირსო, მაგრამ არ გამიმხელია, რომ მისი მონათხრობი მქონდა მოსმენილი და ყველაფერი თავის ტკივილს დავაბრალე. გაკვეთილებზე ძალიან დამძიმებული ვიჯექი და ქეთინო ბებიას თითოეულ სიტყვას ვიხსენებდი. არც მასწავლებლების ხმა მესმოდა, არც თანაკლასელებისა. შესვენების დროს ჩემი კლასის დამრიგებელმა უთხრა ქეთინო ბებიას: მერი შეუძლოდ არის და ჯობს, სახლში წავიდეს და დაისვენოსო. სახლში რომ მოვედი, გონება ისეთი დატვირთული მქონდა, რომ ვერ ვაზროვნებდი. ტანსაცმლიანად დავწექი. დამეძინა და მოლოდ მეორე დილით გავახილე თვალი.

– როგორ ხარ, მერიკო. გაგიარა თავის ტკივილმა, – მკითხა ქეთინო ბებიამ გამიღიმა და საუზმეზე მიმიხმო.

– კი, გამიარა.

– ძალიან კარგი. ვისაუზმოთ და სკოლაში წავიდეთ, – მითხრა ქეთინო ბებიამ, და სასაუზმოდ დავსხედით.

***

ქეთინო ბებია ისეთი ძლიერი ქალი იყო, რომ უკვდავი მეგონა. მაგრამ მის თავზე დატეხილმა უბედურებამ და აკრძალული აბორტის შედეგად მიღებულმა დაზიანებამ მაინც თავისი კვალი დატოვა, ის მძიმედ დაავადდა და 71 წლის ასაკში საავადმყოფოში გარდაიცვალა. მაშინ მე 16 წლის ვიყავი და სკოლას ვამთავრებდი. იმ დღეს მის სანახავად ვიყავი მისული და რომ დავხედე, სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა. დამინახა თუ არა, გამიღიმა. ჩემი ხელები გულზე დაიდო და მითხრა:

– ბოდიშს გიხდი, მერიკო, რომ ბოლომდე ვერ გიპატრონე და გტოვებ. ჭკვიანი გოგო ხარ და შენი დიდი იმედი მაქვს. ვიცი, რომ ჩემი მონათხრობი გაქვს მოსმენილი და ეს შენ გაკვეთილად გამოგადგება. არავინ შეგაცდინოს. ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი. მშვიდობით, მერიკო...

ამ სიტყვებით დალია სული ქეთინო ბებიამ. მე მწარედ ავქვითინდი, მის ცხედარს დავემხე და ისე ჩავბღუჯე, რომ ექთნები და სანიტრები კარგა ხანს ვერ მაშორებდნენ. მის დასაფლავებაზე თითქმის მთელი სოფელი იყო ჩამოსული. მთელი სკოლა მისამძიმრებდა და მეზობლებმაც ძალიან დააფასეს. განსაკუთრებულ აქტიურობას როლანდი იჩენდა. გვერდიდან არ მშორდებოდა და მანუგეშებდა. მე კი შოკში ვიყავი – ქეთინო ბებიას გარდაცვალება უკვე მეორე მძიმე დარტყმა იყო ამ სამი წლის განმავლობაში. ორმოცმა რომ ჩაიარა, უკვე სკოლის გამოსაშვები გამოცდების დროც დადგა. ისევ მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებოდი. მასწავლებლებმა და სკოლის დირექტორმა გაითვალისწინეს ეს ყველაფერი. ფაქტობრივად, გამათავისუფლეს გამოცდებისგან და ატესტატიც ავიღე. ამასობაში 17 წლის შევსრულდი. სოციალურ სამსახურს ჩემი ბავშვთა სახლში გამწესება უნდოდა, რადგან ნათესავი აღარ მყავდა, რომ ქეთინო ბებიას ადგილი დაეკავებინა და ჩემთვის მეურვეობა გაეწია. მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი და საბოლოოდ სოციალური მუშაკი მომამაგრეს, რომელიც ყოველკვირა მაკითხავდა და ფორმალურად მამოწმებდა. მეზობლები ზრუნვას არ მაკლებდნენ, როლანდი კი – განსაკუთრებით, მაგრამ ამას ისე აკეთებდა, რომ სხვებს არ შეემჩნიათ. თავდაპირველად უმაღლესში ვაპირებდი ჩაბარებას, მაგრამ როლანდმა გადამაფიქრებინა. მირჩია, დამესვენა, ძალები მომეკრიბა და კარგად მოვმზადებულიყავი მომავალი წლისთვის. მე სულელმა კი მას დავუჯერე და უმაღლესში საბუთები არ შემიტანია. ორიოდე თვის შემდეგ, ასევე, როლანდის ფარული ხრიკებით, ერთ-ერთ სასადილოში მზარეულის თანაშემწედ მოვეწყვე. როლანდი ხშირად მაკითხავდა და ისე იქცეოდა, თითქოს ჩემზე ზრუნვის მეტი, სხვა საქმე არ ჰქონდა. სახლში რომ ვბრუნდებოდი, შემოვიდოდა და დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში რჩებოდა. თუმცა ამას ისე აკეთებდა, რომ მეზობლებს არ დაენახათ, მე ვერ ვხვდებოდი, რატომ აკეთებდა ასე, მას კი, თურმე, თავისი ქვენა, გარყვნილი ვნებები ამოძრავებდა და საბოლოოდ მიაღწია კიდეც მიზანს. ახალი წლის ღამეს მომიკაკუნა და მკითხა:

– შეიძლება?

– მობრძანდი, – ვუთხარი მე და კარი გავაღე.

ოთახში ღიმილით შემოვიდა, ხელში შამპანური და ბომბონერი ეჭირა... ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმ გარეწარმა იმ ღამეს დამათრო და ისე გამაბრუა, რომ ახალ წელიწადს მასთან ერთად საწოლში შევხვდი. დილით რომ გავიღვიძე და ყველაფერს მივხვდი, უკვე გვიან იყო. თავდაპირველად ის თბილად, ნაზად და მზრუნველად მექცეოდა. ტკბილი სიტყვით მაბრუებდა და შემიჩვია, მაგრამ დროთა განმავლობაში ისე გააკეთა, რომ ჩემი სრული ბატონ-პატრონი და მბრძანებელი გახდა. ისეთ საშინელ დღეში ჩამაგდო, რომ ნებისმიერ მის ბრძანებას ვემორჩილებოდი. ბინა გამაყიდვინა და მაიძულა, რომ გლდანის მშენებარე მიკრორაიონში გადავსულიყავი საცხოვრებლად და ეს ისე ფარულად გამაკეთებინა, რომ მეზობლებმა ვერაფერი გაიგეს. მათ აზრადაც არ მოუვიდათ, რომ ამ ყველაფრის უკან ის გარეწარი იდგა. თავად კი კვლავ ჩემს მშობლიურ ეზოში ცხოვრობდა. თუმცა ღამეებს ჩემთან ატარებდა, გლდანის ბინაში. ასე გაგრძელდა ერთი წლის განმავლობაში. ერთ საღამოს, ტრადიციისამებრ, მომაკითხა და მითხრა:

– გაემზადე, ერთ საათში მივდივართ!

– სად?

– რომ მივალთ, გაიგებ. აბა, ცოცხლად.

რომ გამოვეწყვე, ტაქსით აეროპორტში წავედით და მოსკოვში გავფრინდით. იქ სასტუმრო „როსიაში“ დავბინავდით. როლანდმა ნომერში დამტოვა და მკაცრად გამაფრთხილა, ფეხი არსად გამედგა. დაგირეკავო. ორიოდე საათის შემდეგ დამირეკა და რესტორანში ჩასვლა მომთხოვა. სუფრასთან ვიღაც უცხოელი, ორმოცდაათიოდე წლის მამაკაცი იჯდა. მან შემათვალიერა, როლანდს მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა და ჩემზე თითით ანიშნა, კარგიაო. რესტორანში ორიოდე საათი დავყავით. ფული იმ კაცმა გადაიხადა. შემდეგ ბარში კონიაკი შეიძინა და მის ნომერში შევედით.

– აქ რა გვინდა? – ვკითხე როლანდს.

– ბევრს ნუ ლაპარაკობ. გააკეთე ის, რასაც გეუბნები, – შემიღრინა როლანდმა.

უცხოელმა კონიაკი გახსნა და როლანდთან ერთად სმას შეუდგა. მე გავჯიუტდი და ერთი წვეთიც არ დამილევია. ერთი სული მქონდა, რომ იქაურობას გავცლოდი და დამეძინა. ჩემდა გასაკვირად, მთვრალი უცხოელი როლანდის თვალწინ ძალიან თავაშვებულად მექცეოდა. როლანდი კი ხმას არ იღებდა და მხოლოდ უღიმოდა მას. ერთი საათის შემდეგ კი წამოდგა და მითხრა:

– უნდა გავიდე და მალე დავბრუნდები.

– მეც წამოვალ, – ვუთხარი როლანდს და წამოვდექი.

– ფეხი არ მოიცვალო. ხომ გითხარი, მალე მოვალ-მეთქი! – მითხრა იმ გარეწარმა და წავიდა.

ორიოდე წუთიც არ იყო გასული, რომ იმ უცხოელმა სექსუალური შევიწროვება დამიწყო. რა თქმა უნდა, გავუძალიანდი და ატყდა ჭიდაობა. მან ტანსაცმელი შემომახია. დამკაწრა, ლოგინზე დამაგდო და დამახტა. ამ დროს სასტუმროს ნომერში ერთი მილიციელი და ორი სამოქალაქო სამოსში მამაკაცი შემოიჭრა. როლანდი კი არ ჩანდა. უცხოელი უმალვე დაცხრა. მე კი წამოვდექი. შემოხეული სამოსის გასწორებას შევუდექი და თმა გავისწორე.

– რა ხდება აქ? – მკითხა მილიციელმა.

მე ყველაფერი ისე მოვუყევი, როგორც იყო და დავაყოლე:

– როგორც კი ჩემი ქმარი გავიდა, ამ სუბიექტმა სექსუალური ძალადობა დამიწყო.

– სადაა თქვენი ქმარი? – მკითხა მილიციელმა.

– არ ვიცი, მითხრა, – მალე დავბრუნდებიო.

– დაველოდოთ, თქვა მილიციელმა და განზე გადგა.

საქმეში სამოქალაქოსამოსიანები ჩაერთნენ. ისინი უშიშროების კომიტეტის თანამშრომლები იყვნენ და დამცხრალ, მაგრამ გაოგნებულ უცხოელს უთხრეს:

– საბუთები წარმოადგინეთ!

უცხოელმა პასპორტი გაუწოდა და საცოდავი გამომეტყველებით მიუგო:

– გაუგებრობაა, მეგობრებო. იმედია, ყველაფერი მოგვარდება.

– იმედია, – თქვა „კეთილმა“ „კაგებეშნიკმა“. „ბოროტმა“ კი ჩემზე მიანიშნა და თქვა.

– ამ გაუგებრობას თქვენთან სექსუალური ძალადობა ეწოდება. ჩვენი კანონებით კი გაუპატიურების მცდელობა და უმკაცრესად ისჯება.

– არა, ბატონებო, არა! გარწმუნებთ, რომ გულში მსგავსი არაფერი გამივლია და ნამდვილად გაუგებრობაა.

– ალბათ, ამ ქალბატონს ძიუდოს ილეთებს ასწავლიდით, – თქვა „ბოროტმა“.

– არა, ბატონო, არა, გარწმუნებთ, რომ ათასჯერ არა!

„ბოროტს“ სარკასტულად გაეცინა და უცხოელს უთხრა:

– როგორ ახსნით ამ გაუგებრობას?

უცხოელი დაიბნა. ჩაფიქრდა და მიუგო:

– შნაპსის ზედმეტი დოზა მომივიდა, ბატონებო.

– სიმთვრალე გამართლება არაა. ახლა ჩვენ დაგაკავებთ. ამ ქალბატონს კი ექსპერტიზაზე გადავიყვანთ, ოქმს შევადგენთ და საქმეს მსვლელობას მივცემთ. დანარჩენს სასამართლო გადაწყვეტს.

უცხოელი სიმწრისგან თავჩაღუნული აქვითინდა. „კეთილმა“ „კაგებეშნიკმა“ კი „დააიმედა“.

– ნუ ნერვიულობთ, ბატონო უცხოეთის მოქალაქევ. მთელ ამ პროცედურას თქვენი ქვეყნის კონსულის თანდასწრებით განვახორციელებთ და გარწმუნებთ, რომ ყველაფერი კანონის სრული დაცვით მოხდება.

ამ სიტყვების გაგონებაზე უცხოელი საწოლიდან წამოხტა. მიუხლებზე დაიჩოქა და „კეთილს“ და „ბოროტს“ შეევედრა:

– ღვთის გულისთვის, არ გინდათ კონსული, არ გინდათ ოქმი! ყველაფერი შინაურულად მოვაგვაროთ.

– რას გვთავაზობთ? – ჰკითხა „კეთილმა“.

– მზად ვარ დიდი ფულადი კომპენსაცია გადავუხადო ამ ქალბატონს და თქვენ.

„ბოროტმა“ უცხოელს უთხრა:

– კიდევ ერთი დანაშაული და ამასაც ოქმში შევიტანთ. თანამდებობის პირებისთვის დიდძალი ქრთამის შეთავაზება დანაშაულის დასაფარად. თქვენს ქვეყანაში ამას, მე მგონი, კორუფცია ეწოდება, ხომ?

სიტყვა კორუფციის გაგონებაზე უცხოელი ციებიანივით აცახცახდა. ისევ ატირდა და იატაკზე გორაობა დაიწყო. ამ ცირკის დროს როლანდიც გამოჩნდა და ფარისევლურად იკითხა:

– რა ხდება აქ, ამხანაგებო?

საქმეში კვლავ მილიციელი ჩაერთო და როლანდს ჰკითხა:

– თქვენ, ალბათ, ამ ქალბატონის ქმარი ხართ, ხომ?

– დიახ, ქმარი ვარ.

– ეს უცხოელი თქვენს მეუღლეს დაესხა თავის და გაუპატირებას უპირებდა. ჩვენ კი დროულად შემოვუსწარით და ეს დანაშაული აღვკვეთეთ.

– ეს კაცი რატომ გორაობს და ტირის? – იკითხა როლანდმა, რომელიც წინასწარ დამუშავებული სცენარის მიხედვით საჭირო დროს შემოვიდა.

– კონსულისა და ოქმის ეშინია. მზადაა, ჩვენთან ითანამშრომლოს, როგორც ფინანსური, ასევე სხვა კუთხითაც, – თქვა „კეთილმა“.

– იქნებ რაიმეთი ვუშველოთ?

აქ უკვე „ბოროტმა“ ამოიდგა ენა:

– რას გვთავაზობთ, ამხანაგო! თქვენ გინდათ, რომ დანაშაული ჩავიდინოთ და ბოროტმოქმედს ხელი დავაფაროთ?

– მთავარია, რომ ჩემმა ცოლმა ამ ღორს წინააღმდეგობა გაუწია და პატიოსნება შეინარჩუნა. მე ჩივილს არ ვაპირებ და იქნებ, რაიმეში გამოიყენოთ და უშველოთ? როგორც ეტყობა, ზედმეტი გადაჰკრა და გონება დაებინდა.

– კი. დამებინდა, ზედმეტი გადავკარი, ბოდიშს ვიხდი. ყველაფერში დაგეხმარებით, – აბდაუბდობდა იმედმიცემული უცხოელი და იატაკზე ისევ გორაობდა.

ეს ცირკი ისე დასრულდა, რომ მისი საბოლოო მიზანი ჩემთვის უცნობი იყო და როლანდმა მითხრა:

– ნაძირალა! როგორ გაბედა შენზე გამოწევა?! კიდევ კარგი, მე არ მოვედი პირველი, თორემ მოვკლავდი და ახლა ციხეში ვიჯდებოდი.

ეს ისეთი არნახული ცინიზმი იყო, რომ სიმწრისგან ენა მუცელში ჩამივარდა და ნომერში დავბრუნდი. ორიოდე საათის შემდეგ როლანდიც მოვიდა. უკვე ლოგინში ვიწექი. მან შემოწოლა მოინდომა, მაგრამ ისეთი შევუღრინე, რომ თავი დამანება. მეორე დღეს კი თბილისში დავბრუნდით.

ორიოდე თვის შემდეგ როლანდმა მითხრა, რომ ლენინგრადში მივფრინავდით და მოვმზადებულიყავი.

– მორიგი ცირკი გაქვთ დაგეგმილი? – ვთქვი მე და დავამატე, – მეყოფა. ამ სიბინძურეში მონაწილეობას აღარ მივიღებ.

– რაო, რა თქვი, შე ბოზო? – აენთო როლანდი.

– ბოზი თავი გაბია. შე „კაგებეს“ „ნასედკავ“! – იქით შევუტიე იმ ნაძირალას. თუმცა, ისეთი სილა შემომკრა, რომ იატაკზე დავეცი და მომაყოლა:

– ახლავე მოემზადე და წამომყევი, თორემ ციხეში ამოგალპობ პროსტიტუციისა და სავალუტო ოპერაციების უკანონო წარმოების მუხლით. შენი მოსკოვური თავგადასავალი ფარული კამერითაა გადაღებული და უშიშროებაში ოქმიც არსებობს. თუ არ დამემორჩილები, მაშინვე მსვლელობას მისცემენ ამ საქმეს და დარჩენილ წლებს ციხეში გაატარებ.

– ციხეში შენ უნდა იჯდე. მოძალადეობისა და არასრულწლოვნის გათახსირებისთვის!

როლანდს გაეცინა და მითხრა:

– დამიმტკიცებ მერე?

– სამწუხაროდ, ვერა, ვერ დაგიმტკიცებ.

– ჰოდა, ლაყბობას მოეშვი. თავი მოიწესრიგე და წავედით. თვითმფრინავზე გვაგვიანდება.

თავს ზემოთ ძალა არ მქონდა და იმ გარეწრის ბრძანებას დავემორჩილე. ლენინგრადში თითქმის იგივე სცენარი განვითარდა. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ უცხოელს უკვე საწოლში ჩავუწექი და შინაგან საქმეთა ორგანოს წარმომადგენლები მაშინ მოვიდნენ, როდესაც ის კაცი გაშმაგებულ საქმიანობაში იყო.

ასე გაგრძელდა ოთხი წლის განმავლობაში. როლანდი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებში დამათრევდა და „კაგებეს“ მიერ მოწყობილ პროვოკაციებში მაღებინებდა მონაწილეობას. სცენარი, სქემა თითქმის ყოველთვის ერთნაირი იყო. ზოგჯერ არ მიწევდა სექსი, ხშირ შემთხვევაში კი იძულებული ვიყავი ძალას დავყოლოდი და ლოგინში სხვადასხვა სიბინძურე გამეკეთებინა.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა