მეძავი
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 13.09

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #32-34 (1287)
ერთ დღეს როლანდი გატრეტილი მთვრალი მოვიდა ჩემთან და მითხრა:
– როგორ ხარ, მერიკო?
ცინიკურად გამეცინა და ვუთხარი:
– გავემზადო? ამჯერად სად მიმათრევ საბოზაოდ?
ასეთი შეპასუხების შემდეგ როლანდდი, ჩვეულებისამებრ, მცემდა, ზოგჯერ სასტიკადაც კი. ამჯერად კი ხელი არ აღუმართავს და რაც შეეძლო, რბილად მითხრა:
– კარგი რა, შენ გგონია მე მიხარია, რომ ასე ვიქცევი? დამიჯერე, მე შენზე უბედური ვარ და დაჩაგრული.
– რაღაც არ გეტყობა.
– არ ვიმჩნევ, თორემ მართლა ასეა.
– მაინც რატომ ხარ დაჩაგრული?
– იმიტომ, რომ უკვე ათი წელიწადია, რაც „კაგებედან“ ოფიციალურად გამომიშვეს. მაგრამ ისევ მათ კლანჭებში ვარ და ათას სიბინძურეს მაკეთებინებენ. შენ თუ „პრასტიტუტკა“ ქალის როლი გერგო, მე „პრასტიტუტკა“ კაცი ვარ. ეს კი ბევრად უფრო მძიმე ასატანია.
– მერე და უარს რატომ არ ეტყვი, შენი ნება არაა?!
– ეჰ, რა სულელი და მიამიტი ხარ. ეს ისეთი ორგანოა, საიდანაც მხოლოდ მაშინ იხსნი თავს, როცა მოკვდები. ნუთუ ამდენი არ გესმის?
– „კაგებეს“ რაში სჭირდება ეს სპექტაკლები?
– ეს სპექტაკლები საჭირო უცხოელების „დავერბოვკებას“ ემსახურება. კომპრომატების არგამჟღავნების სანაცვლოდ, უცხოელები „კაგებესთან“ თანამშრომლობაზე თანხმდებიან. ასე რომ, მერიკო, ჩვენ სახელმწიფოს ვემსახურებით. გულს ნუ გაიტეხ, კვლავ აღმიდგენენ ოფიციალურ სტატუსს, ოფიცრობას დამიბრუნებენ და ამ ჭაობიდან ამოვალთ.
– შენ შეიძლება, ამოხვიდე კიდეც, მაგრამ მე, ალბათ, ასეთი რამ არ მეღირსება.
– გეღირსება, გეღირსება... – ამ სიტყვის გამეორებაში ჩაეძინა როლანდს და საწოლზე დაეშვა.
დილით მას ადრე გაეღვიძა, მე კი მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს და იმის ფიქრში გავატარე, მომეკლა თუ არა ეს არარაობა. ქეთინო ბებიას ისტორია მიტრიალებდა გონებაში. რამდენიმეჯერ დანაც კი ავიღე, რომ მისთვის ყელი გამომეჭრა, მაგრამ ვერ შევძელი და ისევ უკან დავაბრუნე. როგორც კი იმ ნაძირალამ თვალები გაახილა, გასიებული ცხვირ-პირით მჟავედ მითხრა:
– ბორჯომი მომეცი!
– არ გვაქვს.
– მერე, წადი და იყიდე, შე ჩემა!
ეტყობოდა, რომ შეპასუხებას ამჯერად არ მაპატიებდა და ცემას გამოვიწერდი, ამიტომ უხმოდ შევასრულე მისი ბრძანება და ბორჯომი მივუტანე. დალია. ცოტა გონზე მოვიდა და მკითხა:
– წუხელ ბევრი გელაპარაკე?
– კრინტიც არ დაგიძრავს, – ვიცრუე მე და დავამატე, – ისეთი მთვრალი იყავი, რომ ძლივს მიხვედი საწოლთან. დაწექი და დაგეძინა.
როლანდს მეტი არაფერი უკითხავს. ადგა, შხაპი მიიღო, ჩაიცვა და გასვლის წინ მითხრა:
– სასწრაფო საქმეზე მივდივარ და ხვალ დილით მოვალ. შენ კი მზად დამხვდი, სოჩაში მივემგზავრებით.
– კარგი, მზად დაგხვდები, – ვუთხარი იმ გარეწარს და სახლიდან გავისტუმრე.
ორიოდე საათის შემდეგ ჩემი ბინის კარი სამივე საკეტით გადავრაზე, რკინიგზის სადგურზე გავემგზავრე და მატარებლით ციმბირისკენ ავიღე გეზი. იმედი მქონდა, რომ ახალ ცხოვრებას დავიწყებდი და აღთქმა დავდე, მთელი ცხოვრება ჩემი ცოდვების მონანიებისთვის მიმეძღვნა. ერთ-ერთ დედათა მონასტერს შევეკედლე. რამდენიმე თვეში ვიმშობიარე კიდეც და გოგონა გავაჩინე, რომელსაც თეა დავარქვი. იქ მე თოთხმეტი წელიწადი დავყავი და თეა მონაზონთა შორის მშვიდ, ხვთისნიერ გარემოში იზრდებოდა. დროთა განმავლობაში სულიერი სიმშვიდეც მოვიპოვე და მთელს ჩემს ძალებს თეასა და ღვთისმსახურებას ვუძღვნიდი. თუმცა, იქაც მომწვდა ბედისწერა. თეა რომ თხუთმეტი წლის სრულდებოდა, ფილტვების პრობლემები დაეწყო და მისი ჯანმრთელობა დღითიდღე უარესდებოდა. ექიმმა რომ გასინჯა მითხრა:
– სასწრაფოდ უნდა გაემგზავროთ აქედან, თორემ შვილს დაკარგავთ. ციმბირის მკაცრმა კლიმატმა ბავშვზე უარყოფითად იმოქმედა.
– სად უნდა გავემგზავროთ, ექიმო?
– თუნდაც, თქვენს სამშობლოში. იქაური კლიმატი ზედგამოჭრილია მისთვის და სამ-ოთხ თვეში სრულიად გამოჯანმრთელდება.
რა უნდა მექნა. ჩემს სიმშვიდეს თეას სიცოცხლეს ხომ არ შევწირავდი და იძულებული გავხდი, თბილისში დავბრუნებულიყავი. ჩემი მშობლიური ქალაქი თხუთმეტი წელი არ მენახა და ძალიან მომენატრა. ძველი მეზობლებისგან ნახევარზე მეტი გარდაცვლილიყო. მე და თეამ სახლი გავაკრიალეთ და დედათა მონასტრიდან წამოღებული ხატებით მოვრთეთ. გოგონა რუსულ სკოლაში მივაბარე. თეას ერთი წელიწადი ჰქონდა დარჩენილი სკოლის დამთავრებამდე. ქართული კი იცოდა, მაგრამ ციმბირში რუსულ სკოლაში სწავლობდა და ძირითადად, რუსულად მეტყველებდა. მეც რუსულად მელაპარაკებოდა თუმცა, მთელი არსებით ვცდილობდი, რომ მას ქართული კარგად შეესწავლა. ჭკვიანი და დამჯერი გოგონა იყო. მას რომ ვუყურებდი, ჩემი ბავშვობა მახსენდებოდა და ამის გახსენებაზე თვალებზე ცრემლი მადგებოდა. თეამ იცოდა, რომ მამა გარდაცვლილი ჰყავდა და ჩემს გვარზე მყავდა ჩაწერილი. სკოლა რომ დაამთავრა, თბილისის უნივერსიტეტში, თეოლოგიის ფაკულტეტზე მოეწყო, რუსულ სექტორზე. კარგად სწავლობდა და გულს მიხარებდა. მე ერთ-ერთ ტაძარში დავიწყე მსახურება და ცხოვრება კარგად მიგვდიოდა. ამასობაში ორი წელი გავიდა. თეა მეორე კურსს ხურავდა, თვრამეტი წლის სრულდებოდა და დღითიდღე მშვენიერდებოდა. ახალი წლის წინა დღე იყო. დილით ტაძარში წავედი. ვიმსახურე და სახლში ნაშუადღევს დავბრუნდი. შევდგი თუ არა ფეხი სახლში, გულზე შემომეყარა, სავარძელში როლანდი მოკალათებულიყო. მის წინ კი თეა იჯდა და იმ არაკაცს თბილად ესაუბრებოდა. როლანდმა რომ დამინახა, ცინიკურად მითხრა:
– ეს რა ჩიტი გამოგიმწყვდევია გალიაში?
არ მინდოდა, რომ თეა ჩვენს საუბარს შესწრებოდა, ამიტომ მაღაზიაში გავგზავნე და როლანდს ვუთხარი:
– გაფრთხილებ, აქ აღარ დაგინახო. ძველი მერი არ გეგონო, ჩემს შვილს რომ თითი დააკარო, იცოდე გაგანადგურებ!
– რუსისგან გააჩინე ნაბიჭვარი?
– შენი საქმე არაა. გაეთრიე და ჩემმა თვალებმა არ დაგინახოს! როგორც კი აქ შემოადგამ ფეხს, იცოდე, თავს მოგაჭრი!
– თავს? – ცინიკურად მკითხა მობერებულმა როლანდმა.
– ჰო თავს, მაგ დამპალ თავს! ახლა კი აქედან მოშორდი.
იმ წლების განმავლობაში, რაც ციმბირში გავატარე, ერთი უწმაწური სიტყვაც კი არ წამომცდენია. ამ არარაობამ კი მაიძულა, კვლავ ასე ავმეტყველებულიყავი.
– დაგავიწყდა, რომ ძველი ბოზი ხარ, უცხოელების საწოლებში ნაჟიმავები და ეს ყველაფერი ფირზეა დაფიქსირებული? ასე რომ, კვლავ ჩემს ხელში ხარ და თუ არ დამემორჩილები, ამ შენს ანგელოზსახიან ტანწერწეტას ისეთ კინოს ვუჩვენებ, რომ ჭკუიდან გადავიყვან, – მითხრა როლანდმა და სანამ წაეთრეოდა, დაამატა, – იცოდე, მიფრთხილდი, შე ნიკოლოზისდროინდელო პუტანკავ!
ეს არარაობა სამოც წელს იყო მიტანებული და ძველებურზე მეტად გახრწნილი, გარყვნილ-გათახსირებული და გაბოროტებული იყო. ოფიცრობა მას არავინ დაუბრუნა, ისევ „კაგებეს“ „ნასედკად“ დარჩა და კვლავ ბინძური საქმეებისთვის იყენებდნენ. მას თეას საწოლში ჩაგორების ჟინი ჰქონდა. გოგონას რამდენიმეჯერ ქუჩაში დახვდა და რესტორანში დაპატიჟა. თან „ნამიოკი“ ჩაურტყა, საინტერესო კინო უნდა გიჩვენოო. რა თქმა უნდა, იმ კადრებს გულისხმობდა. მე კი თეა მკაცრად მყავდა გაფრთხილებული, რომ იმ ნაძირალას არა მხოლოდ არსად წაჰყოლოდა, არამედ არც კი დალაპარაკებოდა. თითქმის ყოველდღე რეკავდა, მაგრამ თეა მას ტელეფონს უთიშავდა. შევამჩნიე, რომ ჩემი მუქარის ეშინოდა და იმ პირველი ვიზიტის შემდეგ ჩვენთან აღარ მოსულა. თუმცა, არაკაცობის ჟინს მაინც ვერ იოკებდა. ერთ დღეს დარეკა, ყურმილი მე ავიღე და ვუპასუხე.
– ა, ეს შენ ხარ, პუტანკავ? – ტრადიციული სარკაზმით მკითხა.
– მე გახლავარ, რა გინდა?
– რაც ადრე მინდოდა. შენი რუსი ჩიტის მოალერსება. დიდი ხანია, რუსი არ გამიჟიმავს.
– მერე, რა ტელეფონით მელაპარაკები, მოდი და აქ ვისაუბროთ.
ის ვიგინდარა ასეთ პასუხს არ ელოდა, დაიბნა და პაუზა გააკეთა. შემდგომ კი მითხრა:
– არ მჯერა. შენ ისეთი ჩათლახი ხარ, რომ შენს შვილს არ გამაჟიმინებ.
– მერედა ვინ, გითხრა, რომ ის ჩემი შვილია? რუსეთიდან წამოვიყვანე, ერთი ლოთი ქალისგან ვიყიდე და გავზარდე.
– მართლა?
– ჰო, მართლა. რა იყო! კაცობა დაკარგე?
– მართლა მოვიდე?
– ჰო, მართლა.
– მოვალ, მაგრამ იცოდე, რამე რომ დამემართოს, ამ კადრებს სხვები გაავრცელებენ.
– გასაგებია. მოდი.
– როდის მოვიდე?
– დღეს.
– კარგი, მოვალ.
ის არარაობა საღამოს დაგვადა თავს მე და თეას, თან, სასმელ-საჭმელი მოიტანა და სუფრა გავშალეთ. ღორივით სვამდა, მალე დათვრა და ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ სასმელში ბანგი შევურიეთ. თეა სახლიდან გავუშვი. მაცივრიდან ხორცი გამოვიღე და ზეწარი სისხლით დავალაქავე. ის არარაობა საწოლში ჩავაწვინე და სრულიად გავაშიშვლე. მე სავარძელში მოვკალათდი და მთელი ღამე იმ ნაძირალას გაღვიძებას ველოდებოდი. რომ გათენდა, იმ ვიგინდარამ თვალები გაახილა, დამინახა და მკითხა:
– შენი ჩიტი სადაა?
– შენი ბინძური ოფლის ჩამოსაბანად წავიდა უფრო სწორად კი მე გავუშვი.
– კმაყოფილია? ხომ კარგი სიამოვნება მივაღებინე?
– არ ვიცი. აი, შენ თვითონ შეხედე შენი არაკაცობის შედეგს. ბავშვმა უამრავი სისხლი დაღვარა.
არარაობამ სისხლით მოსვრილ ზეწარს შეხედა. სიამოვნებით გაებადრა სახე და თქვა:
– ჯერ კიდევ ხოდზე ვარ. ბევრი რამ შემიძლია და არ დავბერებულვარ.
– ახლა აეთრიე და აქედან მოშორდი, თორემ არაფერს მოვერიდები, არც შენს ფირს და ღორივით დაგჩეხავ.
არარაობას შეეშინდა. სწრაფად წამოხტა და წავიდა. საღამოს კი დამირეკა და მითხრა:
– როგორაა შენი ჩიტი?
– მშვენივრად. შენ?
– მე უფრო კარგად. კიდევ როდის ჩამახუტებ?
– ვის?
– შენს ჩიტს, პუტანკავ.
მერე და თუ იცი, ვინაა თეა?
– ვინაა და თუ შენი ნაბიჭვარი არაა, როგორც შენ ამბობ, ვიღაც ნაძირალა, ლოთი რუსი ქალის შვილია.
– სწორია, ნაძირალას შვილია, მაგრამ ნაძირალა რუსი ქალის კი არა, არამედ ნაძირალა, მამაკაცის მსგავსი არარაობის შვილი.
ჩემს სიტყვებზე არარაობამ პაუზა გააკეთა, შემდეგ კი მკითხა:
– ამით რისი თქმა გინდა?
– იმისი, შე არარაობავ, რომ ეს გოგონა, ანუ თეა, ვინც შენ ამაღამ გაათახსირე, შენი ღვიძლი შვილია.
– რას ბოდავ?! – ხმა გაებზარა არარაობას.
– არ ვბოდავ, თეა შენგან მყავს. რუსეთში რომ გავემგზავრე, შენგან ფეხმძიმედ ვიყავი. გაგშორდი და ვიფიქრე, ჩაძაღლდება და მოვისვენებ-მეთქი, მაგრამ გამჩენდაწყევლილი ხარ. ეშმაკმა არ მოგასვენა და შენს შვილთან დაიჭირე ურთიერთობა. ახლა კი კარგად მომისმინე, ყველაფერი ეს ფირზე მაქვს გადაღებული და თუკი ჩემს ფირს გაავრცელებ, ეს ფირიც პირდაპირ უშიშროებასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა. არ მგონია, რომ არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის თავზე ხელი გადაგისვან.
არარაობას ჩემმა ტყუილმა სული შეუხუთა და ტელეფონში მისი მძიმე სუნთქვის ხმა მესმოდა. მე კი ამით ვტკბებოდი. ყურმილს არ ვკიდებდი და ველოდებოდი. როგორც იქნა, მან ძალები მოიკრიბა და მითხრა:
– ესე იგი, შენს უსაფრთხოებას ამ უბიწო ბავშვის სული შესწირე?
– რას იზამ? ზოგი უბიწოებას სწირავს, ზოგი ქალწულ ქალიშვილს აუპატიურებს დედის თვალწინ.
– დედა ხარ შენ?
– შენ მამა ხარ? შენი ქალიშვილი არ დაინდე.
– მე ხომ ეს არ ვიცოდი?
– რომ გეუბნებოდი, არ ქნა-მეთქი და არ დამიჯერე.
არარაობამ პაუზა გააკეთა და მითხრა:
– არ მჯერა. მატყუებ. გინდა, რომ გამანადგურო.
– მაშინ გარეთ გადი. შენი ფოსტის ყუთიდან კონვერტი ამოიღე და წაიკითხე. მე კი ტელეფონთან დაგელოდები. კონვერტში გენეტიკური ანალიზის დასკვნა იდო.
ჩემი, თეასი და იმ არარაობის თმის ღერები ჯერ კიდევ მაშინ ჩავაბარე, როდესაც ის პირველად მოვიდა ჩვენთან. სავარძელზე მისი თმები და ოფლი იყო შერჩენილი და სწორედ მაშინ მომივიდა ეს აზრი. იმ პერიოდში ასეთი ანალიზის გაკეთებას დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა. მე კი მამაჩემის ძველ მეგობარს ვთხოვე ამის გაკეთება და ის არ დამზარდა.
არარაობა მალევე დაუბრუნდა ტელეფონს. მესმოდა, როგორ კითხულობდა დასკვნას და ისიც კარგად გავიგონე, თუ როგორ გაუვარდა ხელიდან ყურმილი, თვითონ კი იატაკზე დაენარცხა და ჩაძაღლდა.
როგორც შემდგომ შევიტყვე, ამ არარაობის მძორი ორი კვირის მერე აღმოაჩინეს. მეზობლები უჩვეულო სიმყრალემ შეაწუხა. მილიციაში დარეკეს და ბინაში რომ შევიდნენ, იატაკზე ცხედარი ეგდო.
ამ ამბიდან ერთი კვირის შემდეგ დეიდა მართას ზურიკომ, რომელიც უკვე მილიციის უფროსი იყო, თავისთან დამიბარა. წინ ცხვირსახოცში გახვეული რაღაც დამიდო და მითხრა:
– გახსენი და ყურადღებით დაათვალიერე.
ცხვირსახოცი რომ გავხსენი, შიგნით დედაჩემის ძვირფასეულობა აღმოჩნდა, რომელიც მკვლელმა გაიტაცა.
– ეს ხომ დედაჩემის სამკაულებია! – წამოვიძახე მე და დავაყოლე, – საიდან გაქვს, ზურიკო?
– როლანდის ბინის სამალავში აღმოჩნდა, როცა ბინა საგულდაგულოდ გავჩხრიკეთ. კედლის პატარა სეიფში ჰქონია შენახული. როგორც იქნა, ეს საქმეც გავხსენით და შენი ჩვენება მინდა და ამოცნობის ოქმი. შემდეგ კი შეგიძლია, წაიღო.
ზურიკოს თხოვნა შევასრულე და ძვირფასეულობა წამოვიღე. თავდაპირველად თეასთვის ჩუქებას ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე, სახლში ფეხით ვბრუნდებოდი და მარჯანიშვილის ხიდზე რომ გადავდიოდი, ეს სისხლიანი სამკაულები მდინარეში გადავყარე. წყალს გავატანე და იმედი მაქვს, რომ მთელი ჩვენი უბედურება მტკვარმა წაიღო.
დასასრული
სიახლეები ამავე კატეგორიიდან