მაცდური
ავტორი: „თბილისელები“ 20:00 18.02, 2022 წელი

- არტურ კონან დოილი
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #4-5(1101)
შუბლზე ოფლდასხმული და გაფითრებული უინდიბენკი სკამზე მოწყვეტით დაეშვა.
– სამართალში მაინც ვერ მიმცემთ, – ენის ბორძიკით თქვა მან.
– ძალიანაც ვწუხვარ, რომ ასეა, მაგრამ ჩვენში დარჩეს და, უინდიბენკ, ამაზე უფრო ულმობელ, ეგოისტურ, უგულო ვერაგობას ჯერაც არ შევხვედრივარ. ახლა ყური მიგდეთ, ამბავთა რიგი მინდა გავარკვიო, მე მოვყვები, რა როგორ მოხდა და თუ რამე შემეშალოს, გამისწორეთ!
თავჩაქინდრული უინდიბენკი სკამს მიჰკვროდა, ზეზეულა მოკვდაო, რომ იტყვიან, სწორედ ისე იყო.
– კაცი ბევრად თავისზე უფროს, შვილიან ქალს ფულის გულისათვის ირთავს. ამას ემატება გერის ფულადი შემოსავალიც, რაკი გოგონა მათთან ერთად ცხოვრობს. ასეთი შეძლების ხალხისთვის გოგონას შემოსავლის დაკარგვა სერიოზული დანაკლისი იქნებოდა. ეს შემოსავლის წყარო რომ არ დაკარგოს, კაცი ათასგვარ საშუალებას იგონებს. გერი მოხდენილი, კარგი შესახედავი გოგონაა, იმ ასაკშია, რომ გულს სიყვარულის სახმილი აქვს შენთებული და თავისი პატარა შემოსავლის წყალობით, იმედია, მარტო დიდხანს არ დარჩება.
თუ გოგონა გათხოვდა, მამინაცვალი წლიურად ას გირვანქა სტერლინგს დაკარგავს. ასე რომ, იგი უნდა ეცადოს, გათხოვებაში როგორმე ხელი შეუშალოს გოგონას. რა უნდა მოიმოქმედოს საგონებელში ჩავარდნილმა მამინაცვალმა? ის ისეთ რამეს მოიფიქრებს, რაც მისი გონების გამჭრიახობაზე მეტყველებს, მაგრამ ხარბი და ანგარი გულისნადებიც დღის სინათლეზე გამოაქვს. ცოლის ხელშეწყობითა და დახმარებით იგი გარეგნობას შეიცვლის, გამჭრიახ თვალებზე შავ სათვალეს ჩამოიფარებს, ულვაშსა და გაფანჩულ ქილვაშზეც არ იტყვის უარს, მკვეთრი ხმის ნაცვლად, ჩურჩულზე გადავა, ბოროტად ისარგებლებს გერის სიბეცით, გოგონას ჰოსმერ ენჯელად გამოეცხადება, გულს შესთავაზებს და საქმროებს დაუფრთხობს.
– ეს ხუმრობა იყო, – წამოიღრიალა ჩვენმა სტუმარმა, – ჩვენ არ გვეგონა, რომ გოგონა გულთან ასე ახლოს მიიტანდა ამ ამბავს.
– იქნებ ჰო და იქნებ არა. ფაქტი ის გახლავთ, რომ გოგონამ ამბავი გულთან ახლოს მიიტანა კი არა, ცით მოვლენილი თაყვანისმცემელი გულწრფელად შეუყვარდა. მამაკაცის ყურადღებამ გამოუცდელი ქალწული აცდუნა. იყო შეხვედრები, რასაც ნიშნობა მოჰყვა, ნიშნობამ კი, თქვენი მიზანიც ასეთი გახლდათ, ქალწულს სამუდამოდ შეუკრა ხელ-ფეხი და სხვისკენ აღარ გაუხედავს. მაგრამ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, ხშირი თითლიბაზური მოგზაურობა საფრანგეთში თანდათანობით სამძიმო შეიქნა. თქვენი აზრით, ქალწული ისეთ დრამატულ სიტუაციაში უნდა მოხვედრილიყო, რომ ერთხანს თაყვანისმცემლებთან შეხვედრის სურვილი განელებოდა. ქალწულის გონებაზე რაღაცას ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება უნდა მოეხდინა, რომ ხელი შეეშალა მისთვის, გათხოვებაზე ეფიქრა. აქედან წარმოდგა თქვენგან ახირებული ფიცი, ბიბლიაზე ხელის დადებით, აქედანვე მომდინარეობს ჰოსმერ ენჯელისაგან სწორედ ქორწინების დღეს ქარაგმულად თქმული, რაც უნდა მოხდეს, ჩემი ერთგული უნდა დარჩეო. თავბრუდახვეულ ქალს ათი წელი მაინც სხვა მამაკაცისაკენ არ გაეხედა. ჰოსმერ ენჯელმა ქალწული ეკლესიის კარამდე მიიყვანა, მაგრამ იქ შესვლისა და ჯვრისწერისგან, როგორც წინდახედულმა თაღლითმა, მაინც თავი შეიკავა. ეტლში ერთი კარიდან რომ შევიდა, მეორიდან გამოძვრა. ჩემი აზრით, მოვლენათა ჯაჭვი სწორედ ასე ვითარდებოდა, მისტერ უინდიბენკ, არა?
ვიდრე ჰოლმსი ლაპარაკობდა, ჩვენს სტუმარს, ეტყობა, საკუთარი თვითრწმენა ნაწილობრივ მაინც დაუბრუნდა. იგი წამოდგა, ფერმკრთალ სახეზე ღიმილი დასთამაშებდა.
– შეიძლება, აგრეც იყო და შეიძლება – არა, მისტერ ჰოლმს, – თქვა მან, – მაგრამ თუ თქვენ ჭკვიანი კაცი ხართ, უნდა იცოდეთ, რომ კანონს თქვენ არღვევთ და მე იგი არ დამირღვევია, არავითარი კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩამიდენია. თქვენ კი მე ოთახში ჩამკეტეთ და ამით პიროვნების ხელშეუხებლობის კანონი დაარღვიეთ.
– კანონის არც ერთი მუხლი, როგორც თქვენ თქვით, თქვენს ქმედებას მართლაც არ ესადაგება, – უთხრა ჰოლმსმა და კარი ყურთამდე გამოაღო, – მაგრამ ჯერ არ შემხვედრია კაცი, რომელიც თქვენზე მეტად ყოფილიყო უმკაცრესი სასჯელის ღირსი. მართალია, მის სათერლენდს ჩემთვის ეს არ დაუვალებია, მაგრამ რაკი თქვენ ეს ყველაფერი სასაცილოდ მიგაჩნიათ, მათრახით ზურგის აჭრელებას არ დაგამადლით.
თქვა ჰოლმსმა და მათრახის ჩამოსაღებად კედლისკენ გაემართა, მაგრამ ვიდრე მათრახი უინდიბენკის თავზე აღიმართებოდა, იგი კარში გავარდა, კიბე კისრისტეხით ჩაირბინა და ქუჩაშიც თავქუდმოგლეჯილი გაიქცა.
– ცივსისხლიანი არამზადა! – თქვა ჰოლმსმა სიცილით და სავარძელში ჩაეშვა, – ეს კაცი თავისი ცხოვრების გზაზე ბევრ დანაშაულს ჩაიდენს და ბოლოს სახრჩობელაზე ჩამოკონწიალება არ ასცდება, ისე კი, ამ შემთხვევასაც ჰქონდა რაღაც ახალი და საინტერესო. თავიდანვე ნათელი იყო, რომ მისტერ ჰოსმერ ენჯელს რაღაც მნიშვნელოვანი მიზეზი ჰქონდა, ასე უცნაურად მოქცეულიყო. ისიც ცხადი იყო, რომ სარგებელი ამ საქმიდან მხოლოდ და მხოლოდ მამინაცვალს შეეძლო მოემკო. მერე, მარტო ის ფაქტი რად ღირდა, რომ ეს ორი კაცი ერთმანეთს არ შეხვედრია. ამას დაუმატეთ შავი სათვალე, ჩახრინწული ხმა და გაფანჩული ქილვაშები. ყოველივე ეს მაძებარს აშკარად ანიშნებს, რომ საქმე გადაცმულ არამზადასთან აქვს. ეჭვი კიდევ უფრო გამიძლიერდა, როცა ვნახე, რომ წერილებზე ხელმოწერა მანქანით იყო მიბეჭდილი, ეტყობა, მის სათერლენდი ზედმიწევნით კარგად იცნობს მამინაცვლის ხელწერას და ამ უკანასკნელს შეეშინდა, ჩემი საიდუმლო ხელნაწერმა არ გასცესო.
მათ ოჯახში არსებული საბეჭდი მანქანის თვისებები შევისწავლე და უინდიბენკს სამსახურში გავუგზავნე თხოვნა, რათა ჩვენთან შემოევლო. როგორც მოველოდი, უინდიბენკმა მანქანაზე დაბეჭდილი წერილით მიპასუხა. წერილების შედარებისას აღმოჩნდა, რომ საბეჭდი მანქანის წვრილმანი, მაგრამ დამახასიათებელი დეფექტები მეორდებოდა. ამ დროს „ვესტ ჰაუს მერბენკის“ ფირმიდანაც მაცნობეს: გარეგნული ნიშნების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თქვენს წერილში აღწერილი პიროვნება ჩვენი თანამშრომელი მისტერ ჯეიმს უინდიბენკი უნდა იყოსო.
– მის სათერლენდის საქმე როგორღა იქნება? – ვკითხე მე.
– იგი გრძნობისაგან ისე ატაცებულია, რომ სიმართლეს მაინც არ დაიჯერებს. თუ გახსოვთ ერთი ძველი, ირანული, ბრძნული გამონათქვამი არსებობს: საფრთხეში ის იგდებს თავს, ვინც ვეფხვს ბოკვერს წაჰგვრის, მაგრამ ნაკლებ საფრთხილო როდია, ქალს თავისი ოცნება წარსტაცო. ასე რომ, დრო... დრო იქნება მისი მკურნალი, ძვირფასო უოტსონ.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან