რომანი და დეტექტივი

მარკა

№37

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 21.09, 2023 წელი

მარკა
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #36 (1184)

მე მივხვდი, რომ ჩემი შეყვარებული ბოლომდე არ მიმხელდა პრობლემის არსს. საქმე ის იყო, რომ ის მილიონერი ერთადერთი შვილი და მემკვიდრე იყო და ვიღაც ჩამოსულს, თუნდაც გერმანელს ასე ხელაღებით ვერ გაატანდა თავის ქალიშვილს. ანუ, ეს იყო ამ პრობლემის ფინანსური და უმთავრესი მხარე. უმდიდრესი ადამიანები თავიანთ ოჯახებში შემთხვევით, თანაც „გაღლეტილ“ (მათი საზომით) ადამიანებს არ უშვებდნენ. ეს ბარბარამ მშვენივრად იცოდა და სწორედ ამ პრობლემას გულისხმობდა. ეს საუბარი კაფეში ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. ჩემს შეყვარებულს იმ პერიოდისთვის არა მარტო ქართული ენა ჰქონდა კარგად ათვისებული, არამედ თბილისური „სლენგიც“ და ხშირად ამ სტილშიც ვლაპარაკობდით. მე გამეცინა და ბარბარას ვუთხარი:

– ესე იგი, მაყუთის ბაზარია და მარტივად რომ ვთქვათ, შენი მილიონერი მამა ჩემნაირ გაღლეტილს ოჯახში არ შეუშვებს. მაგრამ ამას მოვაყომარებთ.

– როგორ? – გაუკვირდა ბარბარას.

– ფულით, – ვთქვი და დავამატე, –კიდევ რა პრობლემაა?

– დედაჩემი, მაგდა ფონ მაიერი ძველიგერმანელი არისტოკრატული ოჯახის წარმომადგენელია. სამხრეთ ბავარიაში ძველი, კოშკიანი კარ-მიდამოსმფლობელია და მისი ერთადერთი მემკვიდრეც მე ვარ. დედა კუდაბზიკა ქალი არაა და ეს პრობლემა უფრო იოლი მოსაგვარებელია, მაგრამ ზოგჯერ მეუბნება ხოლმე, სასურველია, თუ ჩვენი წრის წარმომადგენელთან შექმნი ოჯახსო,

– თქვა ბარბარამ.

– ეს კიდევ უფრო იოლი მოსაგვარებელია და ჩათვალე, რომ უკვე მოგვარებულია კიდეც, – გამეღიმა მე.

– როგორ? – მკითხა ბარბარამ.

– დედაჩემი, ელენე მიქელაძე, ბრწყინვალე თავადების შთამომავალია. მართალია, მათ კომუნისტებმა დიდი მიწა-წყალი ჩამოართვეს, მაგრამ ჩემს ძარღვებში თავადური, ანუ არისტოკრატული სისხლი ჩქეფს, – ღიმილით ავუხსენი ბარბარას. მასაც გაეღიმა. ხელი ჩაიქნია და მითხრა:

– ამის არც მეშინია, – შემდეგ მოიღუშა, ჩაფიქრდა და დაამატა, – მთავარი პირველი პრობლემაა და რა ვქნა,

არ ვიცი.

– ხომ გითხარი, მოვაგვარებთ-მეთქი, – ღიმილით გავუმეორე ბარბარას.

– კარგი რა, – სევდიანად თქვა ბარბარამ,

– ფულით, შენ თქვი და რომელი მილიონერი მყავხარ? თუმცა, ვიცი, როგორც მოვიქცევი. მამას პრინციპულად დავუსვამ საკითხს – ან ალბერტს გამაყოლებ ცოლად ან უარს ვამბობ მემკვიდრეობაზე და მე თვითონ გავყვები-მეთქი. მორჩა, გადაწყვეტილია ეს და დღესვე ვამცნობ მას ამას.

გამეცინა და ბარბარას ვუთხარი:

– აი, ახლა კი ნამდვილად არ ჰგავხარ გერმანელს და ფხუკიანი გურული ქალივით იქცევი.

– ფხუკიანი? პირველად მესმის. რას ნიშნავს? – თქვა ბარბარამ.

– რას და ვინც ადვილად ბრაზდება, თანაც გაუგებარი რამის გამო, – ავუხსენი შეყვარებულს.

– შენი აზრით, არაფრის გამოა? – თქვა ბარბარამ, – სასწორზე ჩვენი სიყვარული დევს.

– არ დევს, – კვლავ ღიმილით ვთქვი მე და დავამატე, – დამშვიდდი. ბარბარა გაჩუმდა. თვალები დახუჭა. ჯერ ღრმად ჩაისუნთქა, შემდეგ ამოისუნთქა, თვალები გაახილა და მითხრა:

– მშვიდად ვარ. ახლა კი ყოველგვარი ქარაგმების გარეშე მითხარი, როგორ აპირებ ამ პრობლემის მოგვარებას. ოღონდ აღარ მითხრა, ფულითო. შენ მილიონერი არ ხარ, რომ ამით მოაწონო თავი.

– მილიონერი არ ვარ – მართალს ამბობ. მილიარდერი ვარ, – მშვიდი, სერიოზული

სახით ვუპასუხე ბარბარას.

– ეგ როგორ? – მხრები აიჩეჩა გოგონამ. ბარბარას ვუთხარი, თუ როგორც და დავამატე:

– მაგრამ ერთი გეგმა მაქვს და ერთად განვახორციელოთ. ასე უფრო სწორი იქნება და მამაშენის პატივისცემასაც დავიმსახურებ.

– თქვი. გისმენ, – მითხრა ბარბარამ და სმენად იქცა.

– ადგილობრივი კანონებით, მე, როგორც გერმანელს, საწარმოო საქმიანობის უფლება მაქვს, ანუ, შემიძლია, კანონით დაშვებული ყველა ის საქმე ვაწარმოო, რაც ამ ქვეყნის მოქალაქეებს არ ეკრძალებათ. ახლა კი კონკრეტულ გეგმას რაც შეეხება, მე და შენ დავაარსებთ საინფორმაციო ტექნოლოგიების გავრცელების კომპანიას. შევქმნით გლობალურ ქსელს და სხვადასხვა კომპანიებთან, ფირმებთან და ფონდებთან ვითანამშრომლებთ. ხელშეკრულებების გაფორმებისას ჩავდებთ პუნქტს, მათი მოგების თანხებიდან ჩვენი კომპანიისთვის საკომისიო 10 პროცენტის გადახდის თაობაზე. მაგალითად, დავუშვათ, ფირმა „იქსს“, რომელიც მაგალითად, აწარმოებს შაქარს, ვაცნობებთ, რომ რომელიღაც აფრიკულ რეგიონში საჭიროა ამდენი და ამდენი რაოდენობის შაქარი და ამ ინფორმაც ინფორმაციას დოკუმენტირებულად ვაწვდით. მათ მიაქვთ იქ შაქარი, ყიდიან. დიდ მოგებას ნახულობენ და 10 პროცენიტს გვიხდიან. მექანიზმს ხვდები?

– კი. მაგრამ ზუსტი ინფორმაცია რომ მიაწოდო, ეს ინფორმაცია უნდა მოიპოვო და როგორ?

– აი, სწორედ ამაში დავხარჯავ მე ფულს. არაერთ ქვეყანაში ავიყვან კომპეტენციურ ადამიანს, რომელიც ასეთ სამუშაოს შეასრულებს და ინფორმაციას ჩვენ მოგვაწვდის, ჩვენ კი – შესაბამის სტრუქტურებს, რომლებიც ფულს მოიგებენ და 10-პროცენტიან წილს გადაგვიხდიან. სანამ ეს სისტემა არაა ათვისებული, ეს ნიშა ჩვენ უნდა დავიკავოთ. შემდეგ, მართალია, სხვებიც მოგვბაძავენ, მაგრამ ჩვენ პირველები ვიქნებით. სხვებზე წინ და რაც მთავარია, სახელი გვექნება. ეს კი ბიზნესში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ასრულებს.

ჩემმა იდეამ გაამართლა. მუშაობის პროცესში ბევრი რამ დავხვეწეთ. ისეთ კავშირებზე და ისეთ სფეროებზე გავედით, რაც თავდაპირველ გეგმაში არც კი გვქონდა გათვალისწინებული. ეს საქმე რომ დავიწყეთ, მე და ბარბარას მესამე კურსი გვქონდა დახურული და სწავლის დასრულებამდე ორი წელი გვრჩებოდა. ზაფხული იყო. ბარბარამ მშობლებს უთხრა, რომ ერთთვიან კრუიზში მიემგზავრებოდა. სინამდვილეში კი ჟენევაში გავემგზავრეთ. ჩემი საბანკო ანგარიშებიდან წინასწარ არჩეულ ქვეყნებში, ძირითადად, აფრიკულებში, თანხები გადავარიცხინეთ, ჩვენთვის პლასტიკური ბარათები დავამზადებინეთ და გაცხოველებულ მუშაობას შევუდექით. ჩავდიოდით ამა თუ იმ ქვეყანაში. საჭირო კვალიფიკაციის ადამიანებს ვქირაობდით, რომლებიც ჩვენთვის საჭირო ინფორმაციებს გვაწვდიდნენ და წინასწარ გახსნილი ანგარიშებიდან ხელფასს ვუხდიდით. პირველ ჯერზე 12 ქვეყანა შემოვიარეთ წლის ბოლოს კი ჩვენმა შემოსავალმა მილიონ დოლარს მიაღწია. თუმცა, ძალიან დაძაბული მუშაობა გვიწევდა. ხოლო, როდესაც სწავლა დავასრულეთ და დიპლომები ავიღეთ, უკვე მილიონერები ვიყავით. და, რაც მთავარია, ჩვენს კომპანიას ყველგან იცნობდნენ, როგორც უაღრესად საქმიანსა და საიმედოს. ჩვენი პროექტი თავიდანვე ძვირად ღირებული იყო, მე კი ფულის მეტი რა მქონდა შვეიცარიის ბანკში, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ მე ვიცოდი და ბარბარასა და ჩემს მშობლებს სიურპრიზს ვუმზადებდი. ზღაპრული ჯადოქარივით მინდოდა, ჯოხის ერთი აქნევით მიმეძღვნა მათთვის ყველა სიკეთე. აბა, რა ვიცოდი, თუ ჩემი შეყვარებული მილიონერის შვილი იყო და ჩემი პროექტის დაწყება კაფეში შემდგარმა საუბარმა დამაჩქარებინა. მოკლედ, ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ ის ფულიც ამოვიღეთ, რომელიც მე ჩემი შვეიცარიული ანგარიშიდან ჩავდე ამ საქმეში და ჩვენმა კომპანიამ უკვე სუფთა მოგებაზე დაიწყო მუშაობა. მხოლოდ ორი წლის შემდეგ შეიტყო ბარბარას მამამ თავისი შვილის საქმიანობის შესახებ და საკმაოდაც გაოცებულა. ხოლო, როდესაც ბარბარამ თავის მშობლებს ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა, მათ გასაცნობად თავიანთ ოჯახში, ვახშამზე დამპატიჟეს. მილიონერისა და არისტოკრატის მიპატიჟება კი საკუთარ ოჯახში, გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ მოვლენაა. გაცნობითმა ვახშამმა შესანიშნავად ჩაიარა. აშკარად შევატყვე, რომ ბარბარას მშობლებს თვალში მოვუვედი, თუმცა დაოჯახების თაობაზე სიტყვაც კი არ დამიძვრია და როდესაც ჩემი წასვლის დრო დადგა, მაგდა ფონ მაიერს ხელზე ვეამბორე, ოტმარ შულცმა კი ხელი ჩამომართვა და მითხრა:

– სასიამოვნო იყო თქვენი განცობა და იმედია, კვლავ შევხვდებითო.

ბარბარა ამ დროს მოშორებით იდგა და გვაკვირდებოდა. როგორც კი მამამისმა ეს ფრაზა დაასრულა და უნდა წავსულიყავით, ჩემმა შეყვარებულმა გამაჩერა. შემდეგ გვერდით დამიდგა, ხელი მხარზე მომხვია და მტკიცედ უთხრა მშობლებს:

– ძვირფასო დედა, ძვირფასო მამა, კვლავ კი არა და იმედია, ალბერტს ძალიან ხშირად შეხვდებით. ჩვენ დაქორწინება გადავწყვიტეთ. თქვენი ნებართა გვჭირდება და ჩემს საყვარელ ადამიანს თქვენთვის ამის თქმა მოერიდა.

ბარბარას სიტყვებმა ჩემზე უფრო ბევრად მეტი ეფექტი მოახდინა, ვიდრე მის მშობლებზე. მათ გაეღიმათ. პირველი სიტყვა დედამისმა აიღო და თქვა:

– კარგი არჩევანია. გილოცავთ! რაც მთავარია, ჩენი ოცნება ასრულდა და ჩემი ერთადერთი ქალიშვილი ჩვენი წრისა და ჯიშის ადამიანზე ქორწინდებაო.

– მეც გილოცავთ! დიდად მოხარული ვარ, რომ ჩვენს ოჯახში ასეთი საქმიანი, ჭკვიანი და ღირსეული ადამიანი შემოვიდა. და, რადგან ასეა საქმე, ჩვენი ვახშამი გრძელდება და ახლა ქორწილის დეტალებზე მოვილაპარაკოთო.

სანამ სუფრას განაახლებდნენ, ბარბარას მშობლებმა თავიანთი კარ-მიდამო დამათვალიერებინეს და მოკლედ მომითხრეს თავიანთი ოჯახის ისტორია. სუფრასთან კი უკვე ისეთი უშუალო, ახლობლური ატმოსფერო შეიქმნა, თითქოს ასი წლის ახლო მეგობრობა გვაკავშირებდა. მე და ჩემი სიმამრი ოტმარი ვახტანგურად ვსვამდით წითელ ღვინოს და ერთმანეთს სიყვარულს ვეფიცებოდით. სხვათა შორის, ბაბუაჩემი მეუბნებოდა, გერმანელები კი არიან ცივი და თავშეკავებულები, მაგრამ თუკი უცხოსთან იკადრეს დალევა და დათვრნენ, შემდეგ ბრუდენშრაფტზეც კი შეიძლება გადავიდნენო. აი, ჩახვალ გერმანიაში და შენ თვითონ ნახავო.

– ეგ როდის იქნება ან თუ იქნება ოდესმემეთქი, რომ ვკითხე, მითხრა:

– ახლა ყურადღებით მომისმინე და არაფერი გამოგრჩეს. რასაც ახლა გაგანდობ, მამაშენმაც კი არ იცის. მაშინ, კომუნისტების დროს, ეს გამორიცხული იყო. ახლა კი ვხედავ, რომ ამის დრო მოდის და ეს საქმე შენ უნდა გააკეთო. ყურადღებით მისმენ?

– გისმენ, ბაბუა, ყურადღებით გისმენ, – მივუგე ბაბუას და სმენად ვიქეცი.

– ომი რომ მთავრდებოდა და ფაშიზმის ბედი გადაწყვეტილი იყო, თუმცა რუსები ჯერ კიდევ არ იყვნენ ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრილები, „ესესის“ უმაღლესმა ხელმძღვანელობამ იმ აურაცხელი სიმდიდრის გადამალვა დაიწყო, რაც იმ წლებში ძარცვით დააგროვა, აგრეთვე, გერმანიის კუთვნილი საგანძურისაც. გერმანული პედანტურობიდან გამომდინარე, ყველაფერი დაწვრილებით აღინუსხებოდა ქაღალდზე – სად, რამდენი ქონება იყო გადამალული და მთელი ეს დოკუმენტაცია საიდუმლოდ ინახებოდა ბრიგდენფიურერ (გენერალ) რუდოლფ შტაინერთან. მე მას კარგად ვიცნობდი. იმდენი ძვირფასეულობა იყო, გადამალვის პროცესი წელიწადზე მეტ ხანს გრძელდებოდა. თან, საიმედო ხალხი და სამალავებიც მოსაძებნი იყო, ამას კი დრო სჭირდებოდა. სქემა ასეთი იყო – გადამალულ განძს მიჩენილი ჰყავდა კონკრეტული პიროვნება, საიმედო ადამიანი, რომელსაც საზღვარგარეთ, ძირითადად, სამხრეთ ამერიკაში გზავნიდნენ საცხოვრებლად, რომ იქ გერმანული დასახლებისთვის კარ-მიდამო შეეძინამდა თან, გარკვეულ თანხას ატანდნენ. ხოლო როცა ეს ადამიანები შეიძენდნენ ამ მიწას, მას მარკადაკრულ წერილს უგზავნიდნენ და ძაღლის თავიც სწორედ იქ იყო დამარხული. ერთი შეხედვით, ეს უბრალო მარკა იყო. სინამდვილეში კი თითოეულ მარკაზე საიდუმლოდ გადამალული განძის ადგილმდებარეობა იყო მითითებული, თან აბსოლუტურად ზუსტად და ამის მეშვეობით იყო შესაძლებელი მისი მიგნება, რომელიც ამ კონკრეტული განძის მცველს უნდა ამოეღო და იმ ქვეყანაში ჩაეტანა, სადაც ის დაფუძნდა. ერთი სიტყვით, ეს ყველაფერი კეთდებოდა ვითომდა ფაშიზმის ასაღორძინებლად ომის წაგების მერე. ჩემი აზრით კი, „ესესის“ ბოსებმა, უბრალოდ, ნაძარცვი ქონება დაინაწილეს, საქმეს კი ასეთი ფორმა მისცეს. განძის დიდი ნაწილი სხვადასხვა ადგილებში გადამალეს. ნაწილი კი ბანკებში შეინახეს. ეს მარკები შტაინერმა მე დამაბეჭდინა და ზუსტად 1 050 ცალი დავბეჭდე. ვბეჭდავდი პირადად მე. ამას კი დრო სჭირდებოდა, რადგან აბსოლუტური სიზუსტე უნდა დამეცვა და, რა თქმა უნდა, საიდუმლოებაც. ყოველი დაბეჭდილი მარკის შემდეგ დოკუმენტაციას ანადგურებდნენ. ნაბეჭდები კი შტაინერს მიჰქონდა. ბანკში შენახულ მარკებს იმ ბანკის ფოტო და სეიფის ნომერი ჰქონდა ამოტვიფრული. მოკლედ, 1 051-ე მარკა რომ დავბეჭდე, შტაინერმა მისი წაღება ვერ მოასწრო, რადგან ბერლინიდან მიმავალ გზაზე მოკლეს და ეს მარკა და შესაბამისი დოკუმენტაცია მე დამრჩა. დოკუმენტაცია დავანადგურე. მარკა კი ლითონის უჟანგავ ყუთში ჩავდე, წყალგაუმტარ ქსოვილში შევახვიე და სტამბის ბუნკერში გადავმალე. კუთხის ფილის ქვეშ, ბეტონის 20X20-სანტიმეტრიან ორმოში,

1 მეტრის სიღრმეზე ჩავმარხე. სტამბა მიუნხენში, კიონიგსპლაცესთან ახლოს, ბრიენშტრასაზე, 21 ნომერში მდებარეობდა. მართალია, მიუნხენს ანგლო-ამერიკელები სა სტიკად ბომბავდნენ და ყველაფერი მიწასთან იყო გასწორებული, მაგრამ დაბომბვები რომ შეწყდა, სტამბის შენობა მთელი აღმოჩნდა. ამ მარკის წამოღება ვერ გავრისკე. იმედი მქონდა, რომ გერმანიაში დავბრუნდებოდი, მაგრამ არ მოხერხდა და მას შენ გიტოვებ. ფრთხილად იყავი და თუ გაგიმართლებს, ჩემგან გქონდეს საჩუქრად. იცოდე, კარგი საქმისთვის გამოიყენე და იცოდე, კარგი ადამიანი უნდა გამოხვიდე.

რა და რამდენი იდო ჟენევის ბანკის სეიფში, კომერციული საიდუმლოებაა, მაგრამ ბაბუას ანდერძს პირნათლად ვასრულებ. საფულეში კი მუდმივად მიდევს ბაბუას მიერ დაბეჭდილი მარკა.

დასარული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა