რომანი და დეტექტივი

მარკა

№36

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 16.09

მარკა
დაკოპირებულია

ეს ისტორია მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე დაიწყო და ნახევარ საუკუნეზე მეტხანს გაგრძელდა. მასში არაერთი პერსონა იყო ჩართული. თუ როგორ განვითარდა ის და რა შედეგით დასრულდა, სწორედ ამის შესახებ უნდა მოგითხროთ.

მე, ალბერტ შმელი ვარ. წარმოშობით გერმანელი. თუმცა, საქართველოში დავიბადე. საკუთარ თავს ქართველად მივიჩნევ და ჩემი ერთადერთი სამშობლო საქართველოა.

ბაბუაჩემი, ალბერტ შმელი, „წმინდა ჯიშის არიელი“ იყო. ის „ესესში“ მსახურობდა და შტანდარტენფიურერობას მიაღწია, რაც პოლკოვნიკობის ტოლფასია.

როგორც ყველა ნამდვილი ბავარიელი, პირველი მსოფლიო ომის შედეგების გამო ბაბუაც დაჩაგრულად გრძნობდა თავს და რევანშისტულად იყო განწყობილი. ამიტომ, ძალიან იოლად აჰყვა ჰიტლერულ დემაგოგიას და ნაცისტებს მიემხრო.

ბაბუა შთამომავლობით პოლიგრაფიის სპეციალისტი იყო. მისი ბაბუა და მამა, ქალაქ ნიურნბერგში პირველი სტამბის მეპატრონეები იყვნენ. პირველი ნიურნბერგული გაზეთიც მათ გამოსცეს. შემდგომ ეს საქმე ბაბუამაც აითვისა და სტამბის მფლობელობაც მან გადაიბარა. მომავალში კი ეს საქმე გააფართოვა, გაამრავალფეროვნა და თითქმის მონოპოლისტიც კი გახდა მთელი ბავარიის მხარეში. ის ჰიტლერს არათუ იცნობდა, არამედ ახლო მეგობრობაც კი აკავშირებდა მასთან, რასაც საფუძველი ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის ოციან წლებში ჩაეყარა, მაშინ, როდესაც მომავალი გერმანელი ფიურერი კარიერას იწყებდა, ხოლო როდესაც რაიხსკანცლერი გახდა, ბაბუას „ესესის“ მთელი პოლიგრაფიული საქმე ჩააბარეს. სამხედრო ჩინიც უბოძეს და ფაშისტური პროპაგანდის ფერცხულშიაც ჩართეს, რომელსაც იოზეფ გებელსი უძღვებოდა.

ნიურნბერგში დაწყებული ფაშისტური ტრიუმფი, რომ ნიურნბერგშივე კრახით დასრულდა, საყოველთაოდ ცნობილია და ამაზე დიდხანს არ შევჩერდები. ვიტყვი იმას, რომ „ესესი“ დანაშაულებრივ ორგანიზაციად გამოაცხადეს და მისი საქმიანობა აკრძალეს, არაერთი მაღალჩინოსანი კი საკმაო ვადით საპყრობილეებში გამოამწყვდიეს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ბაბუა „ესესის“ პოლკოვნიკი იყო, მას უშუალო შეხება არასდროს ჰქონია „ესესის“ მანიაკურ დანაშაულებთან. ის მხოლოდ პოლიგრაფიული, ბეჭდვითი საქმიანობით იყო დაკავებული და წმინდა ტექნიკური მხარის, ძირითადად, სტამბების ქსელის იდეალური მუშაობა ევალებოდა. ამ საქმეში კი ბაბუას ბადალი არ ჰყავდა, მაღალი დონის პროფესიონალი იყო და სწორედ ამან იხსნა ის პატიმრობისგან.

ნიურნბერგის პროცესზე ბაბუა მოწმის სახით იყო გამოძახებული, თუმცა, საბჭოთა ბრალდების მხარე ყოველნაირად ცდილობდა მის დასმას საბრალდებო სკამზე, რადგან ჰიტლერული პროპაგანდის აქტიურ ხელშეწყობაში სდებდნენ ბრალს. ეს თითქმის მოახერხეს კიდეც. ერთ-ერთი სხდომის შემდეგ ბაბუა დააკავეს. მაგრამ, 48 საათის შემდეგ იმ პირობით გაათავისუფლეს, თუკი ის საბჭოთა კავშირში ერთი წლით გამგზავრებას დათანხმდებოდა, რომ იქ პოლიგრაფიული საქმე უფრო სწორად კი, ამ საქმის ტექნიკური მხარე აეწყო. საქმე ის იყო, რომ გამარჯვებულ საბჭოეთს სხვა გერმანულ ტექნოლოგიებთან ერთად, პოლიგრაფიული ტექნიკაც ჩაუვარდათ ხელში. თავად ვერაფერი გაუგეს და სპეციალისტი სჭირდებოდათ. ბაბუაზე უკეთესს კი, აბა, სად იშოვნიდნენ და ამიტომაც შესთავაზეს მას ეს გარიგება. ბაბუა კი იმ პირობით დათანხმდა ამას, თუკი მასთან ერთად საბჭოთა კავშირში მის ცოლსა და ვაჟს – მამაჩემს გაამგზავრებდნენ. „წითლები“ სიამოვნებით დათანხმდნენ ამ წინადადებას და ალბერტ შმელი, მისი მეუღლე მარტა და 15 წლის ვაჟი, კურტი მოსკოვში ჩაიყვანეს, ოროთახიანი ბინა მისცეს. ბაბუა კი სტამბების გაერთიანების მთავარ ინჟინრად დანიშნეს და ამ სისტემის 90 პროცენტი სწორედ გერმანული მოწყობილობებისგან შედგებოდა. ბაბუამ, რა თქმა უნდა, თითოეული ჭანჭიკი იცოდა და უმაღლეს დონეზე ხელმძღვანელობდა ამ სფეროს. თუმცა, როგორც ეს კომუნისტ ინტრიგნებს სჩვეოდათ, ბაბუა ვერ აიტანეს, ძირის გამოთხრა დაუწყეს. გაუხსნეს ფაშისტური წარსული, „ესესის“ პოლკოვნიკობა, არაკომუნისტობა. ერთი სიტყვით, ათწლიანი უმწიკვლო სამსახურის შემდეგ, ბაბუამ დაკავებული თანამდებობა დატოვა. ხოლო მის ადგილზე დანიშნულმა პარტიულმა ხელმძღვანელმა სულ რაღაც ერთ წელიწადში ისე წაახდინა ყველაფერი, თან, იმდენი თანხა გაფლანგა, რომ დაიჭირეს.. კვალავ ბაბუას დაუძახეს. მან მალევე ააღორძინა ეს საქმე. თუმცა, ორი წლის შემდეგ თავადვე დატოვა სამსახური. მას მოსკოვურმა ჰავამ და პერმანენტულმა სტრესებმა ფილტვები და სისხლძარღვები დაუავადა. ამიტომ, ექიმების რჩევით, სამხრეთში გადასახლდა და საცხოვრებლად თბილისში დამკვიდრდა. სწორედ საქართველოს დედაქალაქში შეხვდა მამაჩემი დედაჩემს – ელენე მიქელაძეს, თავადური წარმოშობის ქალს და მათი ქორწინებიდან 11 თვის შემდეგ გავჩნდი მე...

ბაბუა რომ გარდაიცვალა 12 წლის ვიყავი და რა თქმა უნდა, კარგად მახსოვს. ძალიან ვუყვარდი, მეც ძალიან მიყვარდა და მისგან ძალიან, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, პირველ რიგში, წესრიგი და ტექნიკისა და ტექნოლოგიების სიყვარული . ამიტომ ავირჩიე პროგრამისტის პროფესია და თბილისში რომ თითებზე ჩამოსათვლელი, პირველი თაობის კომპიუტერები იყო, მე უკვე კარგად ვიყავი დაუფლებული ამ საქმეს, უფრო და უფრო მეტის გაგება მინდოდა და შანსს არ ვუშვებდი ხელიდან, თუ რამე ცოდნის გაღრმავებაში გამომადგებოდა.. ამიტომ უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ გერმანიაში გავემგზავრე და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკის ფაკულტეტზე განვაგრძე სწავლა. ეს უმაღლესი სასწავლებელი „ელიტურის“ სტატუსს ატარებს. იქ მოხვედრა უაღრესად რთულია და მხოლოდ ფული (სწავლის გადასახადი) არ ჭრის, საკმაოდ საფუძვლიან ცოდნას უნდა ფლობდე. მით უმეტეს, რთული იყო იქ მოწყობა იმ პერიოდში. თუმცა, რადგან ეთნიკური გერმანელი ვიყავი (ვიმეორებ – საკუთარ თავს ქართველად მივიჩნევ) ბაბუა და მამა გერმანიაში, თანაც ბავარიაში იყვნენ დაბადებული და შესაბამისი საბაზო ცოდნაც მქონდა, სასწავლებელშიც უპრობლემოდ მიმიღეს და რაც მთავარია, გერმანიის მთავრობამ სრულიად დამიფინანსა სწავლის მთელი პროცესი. თანაც, უფასოდ დროებითი ბინაც გამომიყვეს და ოფიციალურად მუშაობის უფლებაც დამრთეს... ერთი სიტყვით, როგორც გერმანელს, დიდი პრივილეგიები მომანიჭეს და მივაღწიე იმას, რისკენაც ბავშვობიდან მივილტვოდი: მიმეღო მაღალკვალიფიციური განათლება – ეს ერთი... და მეორე – ამესრულებინა ბაბუას დანაბარები, რაც მას თავისი შვილისთვისაც კი არ უთქვამს და მხოლოდ მე გამანდო, როცა 12 წლის ვიყავი, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე.

მიუნხენში რომ ჩავედი ოცდამეერთე საუკუნე იწყებოდა. საბჭოთა კავშირი დაშლილი იყო, გერმანია – გაერთიანებული. საქართველოში კი ცხოვრება ნელ-ნელა ლაგდებოდა. მაშინ 24 წლის ვიყავი და ჩემი ჯგუფელებიც – დაახლოებით, ჩემხელები, ძირითადად, ადგილობრივები. თუმცა, გვყავდნენ ბრიტანელებიც, ფრანგებიცა და ერთი ამერიკელიც. პოსტსაბჭოთა სივრციდან კი მე ერთადერთი სტუდენტი გახლდით და ისიც იმიტომ, რომ გერმანული წარმოშობა მქონდა. ყოფილ საბჭოელებს, ყველას, რუსებს უწოდებდნენ და თბილისურად რომ ვთქვა – არ „ევასებოდათ“. ბავარიის მხარეში კი „რუსებს“ დასანახავადაც ვერ იტანდნენ. ეს ტენდენცია ყველგან და ყველაფერში ვლინდებოდა. მაგალითად, როცა გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილ ბინას მივაშურე და კორპუსის მამასახლისს გასაღების გამოსართმევად ვეახლე, მან შემათვალიერა და მითხრა:

– რუსებს გამოექეცი, ხომ? ძალიან კარგი. კეთილი იყოს შენი ფეხი სამშობლოში!

– ჰერ, – სუფთა ბავარიული აქცენტით მივუგე მამასახლისს (ამ აქცენტზე ბაბუა ლაპარაკობდა და ვბაძავდი), რომელსაც შევატყვე, რომ ძალიან ესიამოვნა „რუსებისგან გამოქცეულისგან“ მშობლიური აქცენტის გაგონება, – მე საქართველოდან ჩამოვედი. იქ ქართველები ცხოვრობენ და ძალიან კარგი ხალხია. რუსებს არ გამოვქცევივარ. თუმცა, ძალიან მიხარია, რომ სამშობლოში ვარ.

მამასახლისი ორმოციოდე წლის კაცი იყო. განათლებით, მაინცდამაინც ვერ ბრწყინავდა. და არც იყო გასაკვირი, რომ საქართველოსა და ქართველებზე რამე სცოდნოდა. მან თავი გააქნია, მხრები აიჩეჩა და მითხრა:

– არ ვიცი. რუსეთი, რუსები ვიცი. ბარბაროსები არიან.

იურგენ შტუნცი გერმანელთათვის დამახასიათებელი პედანტი, მოწესრიგებული, საქმის კარგად მცოდნე და შემსრულებელი ადამიანი იყო. მამასახლისი კარგად იცნობდა როგორც ბავარიის მხარეს, ასევე, ქალაქ მიუნხენის ყოველ კუთხე-კუნჭულს და მშვენიერი გიდი იყო. ასეთი კაცის ნაცნობობა კი ძალიან მჭირდებოდა იმ საქმისთვის, რაც ბაბუამ გამანდო და რაც აუცილებლად უნდა გამეკეთებინა. ამიტომ, შტუნცს დავუახლოვდი, მასთან მეგობრული ურთიერთობა დავამყარე და ის საკმაოდ ერთგული, გულისხმიერი ადამიანი აღმოჩნდა, რაც გერმანელებს მაინცდამაინც არ ახასიათებთ, განსაკუთრებით, ჩამოსულების მიმართ. ასეთი წინასწარი განწყობით ჩავედი საქართველოდან გერმანიაში. თუმცა აღმოჩნდა, რომ მაგალითად, გერმანელი ქალები სულაც არ არიან გულგრილნი მამაკაცების მიმართ, მაგრამ ჩამოსულებს ერიდებიან. უშნო ნამდვილად არ ვარ. თუმცა, ჩამოსული ვიყავი და მაინცდამაინც ყურადღებით არავინ მანებივრებდა. ჩემგან შორს იჭერდნენ თავს. ხოლო, როცა ჩემს გერმანელობას იგებდნენ, ეს ზღვარი იშლებოდა და... ასე იყო ბარბარას შემთხვევაშიც.

ბარბარა შულცი ჩემი კურსელი იყო. ჩემზე 3 წლით უმცროსი და მისი ლამაზი ფიგურა, ქერა კულულები და მწვანე თვალები პირველივე ლექციაზე მომხვდა თვალში. არც ვაციე, არც ვაცხელე, პირდაპირ მისი რიგისკენ გავემართე, გვერდით მივუჯექი და მივესალმე. მან ამრეზით შემომხედა. ორიოდე მეტრით მარცხნივ „გაჩოჩდა“ და კოპებშეკრული და კისერწაგრძელებული მიაჩერდა კათედრას, სადაც ცოტა ხანში ლექტორი ავიდა და სტუდენტების სიის კითხვას შეუდგა. ის ვინაობას წაიკითხავდა, შემდეგ ქვეყანას ასახელებდა (გერმანიის მოქალაქეების გარდა). ამოკითხული ფეხზე უნდა ამდგარიყო და ლექტორს მისალმებოდა. სიაში ჩემ მერე სწორედ ბარბარა ეწერა.

– ალბერტ შმელი! – ამოიკითხა ლექტორმა ავდექი და თავი დავუკარი. შემდეგ ბარბარაც ამოიკითხა, მაგრამ გოგონა იჯდა და მომჩერებოდა. მოგვიანებით გამომიტყდა – შენი გვარი რომ გავიგონე, ვიაზრებდი, სადაური იქნებოდიო. ბარბარა შულცი... გაიმეორა ლექტორმა და აუდიტორიას თვალი მოავლო. მე მივხვი, რომ შულცი ჩემკენ მომზირალი ლამაზი გოგონა იყო და ვუთხარი:

– თქვენ გიხმობენ.

ბარბარა გონს მოეგო. წამოხტა. ლექტორისკენ შეაბრუნა თავი და დაუკრა მისალმების ნიშნად. ლექტორმა კი მას შენიშვნა მისცა, ყურადღებით იყავიო და სიის ამოკითხვა განაგრძო. ბარბარა კი „მომიჩოჩდა“ გამიღიმა და ჩურჩულით მკითხა:

– გერმანელი ხართ?

– რომ არ ვყოფილიყავი, ადგილზე დარჩებოდით? – ღიმილით მივუგე ლამაზ გოგონას.

– ესე იგი, გერმანელი ხართ, – კმაყოფილებით დაასკვნა ბარბარამ.

– ესე იგი, – დავეთანხმე ბარბარას.

ორსაათიანი ლექცია რომ დასრულდა, მე და ბარბარა სტუდენტურ კაფეში ვისხედით. ნამცხვარს მივირთმევდით და ფორთოხლის წვენს ვაყოლებდით. მორიგ ლექციაზე წასასვლელად რომ გავემზადეთ, მიმტანი გოგონა მოვიხმე. ანგარიში ვთხოვე და რა თქმა უნდა, ორივეს ფული გადავიხადე. თავიდან ბარბარა ვერაფერს მიხვდა (ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო) და თავისი წილი ფული ამოიღო, მაგრამ როცა ვუთხარი, გადახდილია-მეთქი, ძალიან გაუკვირდა. თან, იუხერხულა. მე კი მას ხელზე ხელი მოვკიდე, წამოვაყენე და ღიმილით ვუთხარი, – ლექცია იწყება და არ დავაგვიანოთ-მეთქი. ბარბარას საკმაოდ მალე ავათვისებინე ქართული, უფრო ზუსტად კი თბილისური ზნე-ჩვეულებები. ზოგი რამ ეგრევე მიიღო. ზოგი რამის მიღება კი გაუჭირდა, მაგრამ „ნემეცკი შჩოტზე“ აღარასდროს „გაუწევია“ და როცა გადახდაზე მივიდოდა ხოლმე საქმე, შემომხედავდა, გამიღიმებდა და თვალს ჩამიკრავდა. ერთხელ, მე და ბარბარა, მის ორ მეგობარ გოგონასთან ერთად, ქალაქის კაფეში ვისხედით და ნაყინს მივირთმევდით. მოკლედ, როდესაც ყველას ფული მე გადავიხადე და იმ ორმა ეს ვერ გაიაზრა, უნდა გენახათ, რა გულდასმით უხსნიდა მათ ბარბარა ჩემი საქციელის არსს და მე მგონი, ბოლომდე მაინც ვერ გააგებინა. თუმცა, მათ მაშინ ხელი აიღეს „ნემეცკი შჩოტზე“ და მილიონი მადლობა გადამიხადეს.

მე და ბარბარა მთელ თავისუფალ დროს (არათავისუფალსაც) ერთად ვატარებდით. ყველაფერს ვასწრებდით და ბედნიერები ვიყავით. ძალიან მიყვარდა. ძალიან ვუყვარდი და ჩემდა გასაკვირად, ეს გერმანელი გოგონა თავისთავად გადმოვიდა ქართულ ყაიდაზე. უჩემოდ ფეხს არსად ადგამდა და მშობლებსაც კი არ მიჰყვებოდა სტუმრად ან სხვაგან, ჩემი ნებართვა რომ არ მიეღო. არადა, მე მისთვის არასოდეს არაფერი ამიკრძალავს და თავადვე ისურვა ასე. მან ქართულიც კი შეისწავლა და მართალია, გერმანული აქცენტით უქცევდა, მაგრამ შემდგომ „დაამუღამა“... მიუხედავად იმისა, რომ უერთმანეთოდ დიდხანს ვერ ვძლებდით, ოჯახის შექმნაზე სიტყვასაც არ ვძრავდით. მაგრამ ერთხელ, კიონიგსპლაცეზე (სამეფო მოედანი) სეირნობის შემდეგ, კაფეში დავსხედით. ნამცხვარი და ფორთოხლის წვენი შევუკვეთეთ და უცებ ბარბარას ვკითხე:

– სწავლას რომ დავასრულებთ, რას აპირებ?

– შენ? – კითხვა შემიბრუნა ბარბარამ.

– მე საქართველოში დავბრუნდები, – ვთქვი. პაუზა გავაკეთე. გოგონას მოღუშულ სახეს მივაჩერდი, გავუღიმე და დავამატე, – და შენც თან წაგიყვან.

– თან, წამიყვან? – გაიმეორა ბარბარამ.

– ცოლად მოგიყვან და წაგიყვან. თუ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ იქნები და ცოლად გამომყვები, – თავდაჯერებით ვთქვი მე.

ბარბარას სახე მოეღუშა. შემომხედა და სევდიანად მითხრა:

– ცოლად როგორ არ გამოგყვები, ძალიან მიყვარხარ და შენთან ერთად ქვეყნიერების კიდემდე ვივლი, მაგრამ ერთი პრობლემაა, რომლის გადაწყვეტაც არც თუ ისე იოლი საქმეა. ამ ბოლო დროს მასზე ძალიან ბევრს ვფიქრობ... – გოგონამ მხრები აიჩეჩა და დაამატა, – თუმცა გადაწყვეტის გზა ჯერ ვერ ვიპოვე.

– რა პრობლემაა ისეთი? – ვკითხე ბარბარას.

– აქამდე შენთვის არ მითქვამს, რომ მამაჩემი ამ კორპორაციის (ბარბარამ მსოფლიოში ცნობილი ფირმა დამისახელა) პრეზიდენტია. ჯერ კიდევ სწავლის დაწყებამდე, ანუ შენს გაცნობამდე, შევთანხმდით, რომ როგორც კი დიპლომს ავიღებდი, კორპორაციაში დავიწყებდი მუშაობას და დირექტორთა საბჭოს წევრი გავხდებოდი. მე ერთადერთი მემკვიდრე ვარ და ამით მამას უნდა, რომ ნელ-ნელა შემიყვანოს იმ საქმის კურსში, რომელიც მომავალში მე უნდა გადავიბარო. ეს ერთი და მთავარი პრობლემაა, რომელიც ვერ გადამიწყვეტია, – თქვა ბარბარამ და გაჩუმდა.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...