რომანი და დეტექტივი

მარადი მოვალე

№39

ავტორი: ნია დვალი 20:00 10.10

რომანი
დაკოპირებულია

– მოქალაქე მიქაძეს ველაპარაკები? – ტელეფონში ხმა მშრალად და ოფიციალურად ისმოდა.

– დიახ, – ცოტათი დაბნეულმა უპასუხა მაკამ, – უკაცრავად, თქვენ ვინ ბრძანდებით?

პოლიციელმა თავისი ჩინი და სახელი და გვარი წარმოთქვა.

– რა პრობლემაა? – კიდევ უფრო დაიბნა მაკა და გულში უსიამოვნოდ გაუარა ჭვალმა.

– საჩივარია თქვენზე.

– ვისგან? რატომ? – გულწრფელად გაიკვირვა მაკამ.

– თამარ ვაშაძისგან, – საქმიანი ხმით უთხრა პოლიციელმა: შემიძლია, ოფიციალური უწყებაც გამოგიგზავნოთ, თუ სატელეფონო შეტყობინებაც საკმარისია, რომ განყოფილებაში გამოცხადდეთ?

მოულოდნელობისგან მაკას სუნთქვა შეეკრა და თვალები აუჭრელდა. იმდენადაც კი, რომ ლამის მის წინ მიმავალ მანქანას დაეჯახა.

– ერთი წუთით, თუ შეიძლება, საჭესთან ვარ, – მიმართა უხილავ თანამოსაუბრეს, მარჯვენა ხაზში გადავიდა, ავარიულები ჩართო და მანქანა გააჩერა.

ისევ დაუბრუნდა პოლიციელს:

– ახლა გისმენთ, – მაკა ცდილობდა, დაემალა აღელვება.

– გავიმეორო? – ოდნავ გაღიზიანებული ხმით ჰკითხა მამაკაცმა.

– არა, უბრალოდ, მინდა, ვიცოდე, კონკრეტულად რას მედავება ქალბატონი თამარი, – დააზუსტა მაკამ.

ხანმოკლე პაუზა ჩამოვარდა.

– არ იცით?! – მაკას მოეჩვენა, რომ პოლიციელის ხმაში ირონია გამოსჭვიოდა.

– წარმოდგენა არ მაქვს, – უთხრა მაკამ.

– ადგილზე გაგაცნობთ საქმის ყველა მასალას, – უპასუხა პოლიციელმა. შემდეგ დაასახელა მისამართი და დრო, როდესაც მაკას ელოდნენ.

საუბრის დასრულების შემდეგაც კი მაკა კარგა ხანს უძრავად იჯდა და გზას უყურებდა.

– ვიღაც სულელურად გამეხუმრა? – გაიფიქრა უნებლიეთ.

ქალბატონი თამარი დედამისის მეზობელი იყო – კეთილი, მშვიდი ხანდაზმული ქალი, რომელიც ყოველთვის ცდილობდა, რამე გემრიელი შეეტანა მაკას პატარა ვაჟისთვის, როდესაც ის ბებიასთან სტუმრად მიდიოდა.

– რატომ უნდა ეჩივლა ჩემთვის? – ვერ ხვდებოდა მაკა. ამიტომ ბევრი არ უფიქრია და ლექსოს დაურეკა.

– მაკა, ხუთ წუთში შეხვედრა მეწყება, რამე სასწრაფოა?

– კი, ძალიან სასწრაფოა. ძალიან მეშინია, – რადგან მის ცოლს მსგავსი არ ახასიათებდა, ლექსო შეყოვნდა, – მოყევი.

მაკამ მოკლედ უამბო და ლექსომ ნაჩქარევად უპასუხა:

– დამელოდე, მალე დაგირეკავ.

მაკა ისევ მანქანაში იჯდა და ქმრის ზარს ელოდებოდა. მოულოდნელად წვიმა დაიწყო. ჯერ წვრილად ცრიდა, მაგრამ ცა ისე გრუხუნებდა და ელავდა, რომ ეტყობოდა, მალე თავსხმა დაიწყებოდა. ლექსომ, ბოლოს და ბოლოს, დარეკა.

– ყველაფერი შევამოწმე, ნამდვილი პოლიციელია და მისამართიც ნამდვილია.

– როდის უნდა მივიდე? – მექანიკურად ჰკითხა მაკამ, თუმცა ახსოვდა.

– ხვალ, დილის ათ საათზე, – მაკას პირი გაუშრა.

– მე წამოგყვები, ნუ გეშინია. ან რა უნდა იყოს, რაღაც გაუგებრობაა და ადგილზე გავარკვევთ.

– ჯერ ქალბატონ თამარს უნდა დაველაპარაკო, – დაიწყო მაკამ, მაგრამ ლექსომ გააწყვეტინა:

– არა, არავითარ შემთხვევაში, მხოლოდ ადვოკატის თანდასწრებით.

– ადვოკატის? – მაკას კიდევ უფრო შეეშინდა, – მე არაფერი ჩამიდენია. წარმოდგენა არ მაქვს, რაში უნდა მადანაშაულებდნენ.

– რა თქმა უნდა, არაფერი ჩაგიდენია, ამიტომ წადი სახლში, დაისვენე და დამელოდე.

მაკა ქმართან საუბარმა დაამშვიდა და ისევ ცას ახედა, საიდანაც წვიმის მსხვილ-მსხვილი წვეთები მოდიოდა, – „კიდევ უფრო უარესი საცობი იქნება, როგორც ყოველი წვიმისას“, – გაიფიქრა და მანქანა დაძრა.

ჯერ ნოდიკოს მიაკითხა ბაღში და გამოიყვანა, შემდეგ მარკეტში შეიარა, პროდუქტები შეიძინა და, როგორც იქნა, სახლამდეც მიაღწიეს. ოღონდ გვარიანად დააგვიანდათ.

როდესაც მაკა და ნოდიკო სახლში მივიდნენ, ლექსო უკვე იქ იყო და ტელეფონით ვიღაცას ელაპარაკებოდა.

– რას ჰქვია, არ ჩავერიო? – ლექსოს ხმაზე ეტყობოდა, რომ საცაა, იფეთქებდა, – ჩემს ცოლს იბარებენ პოლიციაში და მე არ ჩვერიო?!

მაკა ნოდიკოს სველ ლაბადას ხდიდა და უნებლიეთ ესმოდა ქმრის ლაპარაკი.

– თქვენ ნუ ჩაერევით, მაგრამ მე რას გავაკეთებ, ჩემი საქმეა.

როდესაც მაკა და ნოდიკო მისაღებში შევიდნენ, მას შემდეგ, რაც ორივემ ხელები დაიბანეს და საძინებელში ტანსაცმელი გამოიცვალეს, ლექსოს უკვე დასრულებული ჰქონდა საუბარი.

– დედაჩემს ელაპარაკებოდი? – რატომღაც, მიხვდა მაკა და გაუკვირდა.

– დიახ, ჩემს ძვირფას სიდედრს, – ლექსომ ცოლს გაუღიმა და შვილი ხელში აიყვანა, თუმცა მაკამ შენიშნა, რომ ლექსო ნერვიულობდა, – უნდა, რომ მოვიდეს და დაგელაპარაკოს, სანამ პოლიციაში წახვალ და მოითხოვდა, რომ არ ჩავრეულიყავი ოჯახის საქმეებში.

– რომელი ოჯახის? – გაუკვირდა მაკას.

– შენი და დედაშენის – ლექსომ ბავშვი დასვა, – ნეტავ, ამჯერად რა მოიფიქრა?! თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამას კავშირი აქვს მისი მეზობლის განცხადებასთან პოლიციაში.

მაკამ თავი გააქნია – ბოლოს და ბოლოს, დედამისი ურჩხული ხომ არ იყო?! მაგრამ არაფერი უთქვამს.

ორი საათის შემდეგ, როდესაც ივახშმეს და მაკამ სამზარეულოს მილაგებაც კი მოასწრო, კარზე ზარის ხმა გაისმა.

სიდედრი უცერემონიოდ შევიდა ბინაში და სიძეს მბრძანებლური ტონით განუცხადა:

– ჩემს ქალიშვილს მოწმეების გარეშე უნდა ველაპარაკო.

ლექსომ მაკას შეხედა, მაკამ თავი დაუქნია. ამიტომ შვილს გასძახა:

– წვიმამ გადაიღო, მოდი, ველოსიპედით გავისეირნოთ, – ნოდიკომ ყიჟინა დასცა.

როდესაც მამა-შვილი გავიდა, მაკამ დედას ჩაი შესთავაზა.

– ამ მოჩვენებითი თავაზიანობისთვის არ მცალია, – უხეშად უთხრა ნათელამ, – ცოტა დრო მაქვს. საქმეზე გადავიდეთ.

როდესაც დედამისმა ლაპარაკი დაამთავრა, მაკა ცახცახმა აიტანა.

– გიჟი გგონივარ?! საიდან მოიტანე, რომ ამას გავაკეთებ?!

– იმას გააკეთებ, რასაც მე გეტყვი, – ისევ მბრძანებლურად წარმოთქვა დედამისმა და სკამიდან ადგა, – იცოდე, დაგწყევლი! დედის წყევლას დიდი ძალა აქვს, გაუბედურდები! ფრთხილად იყავი, ქმარი და შვილი გყავს.

მაკამ ხმის ამოღებაც კი ვერ მოახერხა სიბრაზისა და გაოცებისგან: ამას დედამისისგანაც კი არ ელოდა. ნათელა ადგა, კარის ზღურბლთან მისული მოტრიალდა, – კარგად იფიქრე! – გასძახა შვილს და კარი ძლიერად გაიჯახუნა.

ლექსო და ნოდიკოც დაბრუნდნენ. ბავშვს ლოყები ასწითლებოდა. მაკა თავს იკავებდა და ლექსოსაც ანიშნა, არ ესაუბრათ ბავშვის თანდასწრებით. როდესაც ნოდიკომ დაიძინა, ლექსომ ცოლი დაიმარტოხელა და მაკამ ყველაფერი უამბო. ლექსოს გაეცინა: არ მითხრა, რომ წყევლის გეშინია. ხვალ პოლიციაში მოყვები, რაც მოხდა.

მაკას ტირილი აუვარდა.

– ვერ ვიტყვი, რომ დედაჩემი იყო მოსული.

– იტყვი, ხომ ხვდები, რომ ეს უნდა დასრულდეს და მისთვისაც კარგია. მსგავს სისულელეებზე დროს აღარ დაკარგავს. ეს თუ არ შეწყდა, შენი ძმა ერთხელაც ისეთ შარში გაეხვევა, რომ გვიან იქნება.

მაკასა და მის უმცროს ძმა იკას შორის მხოლოდ 5 წელი იყო სხვაობა, მაგრამ ნათელა შვილებს აშკარად ასხვავებდა – იკაზე მზე და მთვარე ამოსდიოდა და მაკასაც აიძულებდა, რომ ძმა გაეღმერთებინა, იმიტომ რომ ის პატარაც იყო და, დედის აზრით, განსაკუთრებულიც. ცოლიც ადრე მოიყვანა – 20 წლისამ და 23 წლისას უკვე ორი შვილი ჰყავდა. ისინი ნათელასთან ერთად ცხოვრობდნენ და ყოველ წელს მათი მატერიალური მდგომარეობა უარესდებოდა. ნათელას ხელფასი ხუთსულიან ოჯახს არ ჰყოფნიდა, იკას კი მუშაობა არ უნდოდა, არც უყვარდა. სამაგიეროდ, აზარტულ თამაშებს ეძალებოდა და არათუ ოჯახს ვერ არჩენდა, ვალებს იმატებდა...

მაკა რამდენჯერმე დაეხმარა ძმას და ვალი გადაუხადა, თუმცა უმცროსი ძმის მადა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. ერთ დღესაც უარით გაისტუმრა, რამაც იკაც აღაშფოთა და დედამისიც.

– შენ კარგად მოეწყვე, ცხოვრება აიწყვე და ჩვენ აღარ გაინტერესებთ, ვალდებული ხარ, დაგვეხმარო. მე შენ გაგაჩინე და გაგზარდე, განათლება მოგეცი, მაგრამ უმადური ხარ. დაუნახავი, – ეჩხუბებოდა დედამისი.

მაკა არაფერს პასუხობდა, თუმცა შეიძლება, ითქვას, რომ თავისი თავი თვითონ გაზარდა, იმიტომ რომ დედის მთელი ყურადღება იკასკენ იყო მიპყრობილი. მამამისი შვილებს არ არჩევდა ერთმანეთისგან, მაგრამ მაინც უფრო იკასკენ უწევდა გული, როგორც გვარის გამგრძელებლისკენ, ამიტომ მაკა ძალიან ადრე მიხვდა, რომ თავად უნდა მიეღწია ყველაფრისთვის და გამოუვიდა კიდეც. კარგადაც სწავლობდა, კარგი სპეციალისტიც გახდა და ამ ორივეზე უკეთეს ლექსოს შეახვედრა განგებამ.

ნათელამ და იკამ არ იცოდნენ, მაგრამ სწორედ ლექსოს მოთხოვნით შეწყვიტა მაკამ ძმის ვალების დაფარვა და ახლა, როდესაც სიდედრის მორიგი გეგმის შესახებ შეიტყო, ლექსო ლამის შეურაცხადი გახდა.

დილით, ზუსტად 9 საათზე, მაკას ამჯერად ძმამ დაურეკა. ლექსომ ცოლს მობილურს დახედა და თავად უპასუხა:

– არ გაბედო, მაკასთან დარეკვა ან მასთან მიახლოება. ცხვირ-პირს დაგინაყავ!

მაკას უნდოდა ჩარევა, მაგრამ ლექსომ ხელის მოძრაობით შეაჩერა:

– ჩემი ბრალია, რაც ხდება, ეტყობა, მე ვერ დაგიცავი, რადგან თავს ამდენის უფლება მისცეს.

მაკას არაფერი უპასუხია, თუმცა იცოდა, რომ ლექსო სიმართლეს ამბობდა. მხოლოდ ამოიოხრა და მომზადებას შეუდგა. ათ საათზე ორივენი პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ. ლექსო მოსაცდელში დარჩა. მაკა კი გამომიძიებელთან შეიყვანეს.

ლექსო სიგარეტის მოსაწევად გარეთ გავიდა და ამ დროს დაინახა, რომ კიბეზე ასაკოვანი სიმპათიური ქალი ადიოდა. მაშინვე იცნო ქალბატონი თამარი, წამოდგა და მისკენ გაემართა.

– გამარჯობა, ქალბატონო თამარ, – ლექსომ ქალს ხელი გაუწოდა, – როგორ ბრძანდებით?

ქალმა სიფრთხილით შეხედა.

– ღვთის წყალობით, – ჩაილაპარაკა.

– ქალბატონო თამარ, ხომ იცით, რომ ცრუ ბრალდებისთვის შეიძლება, ციხეში მოხვდეთ, – ქალი შეცბა და ლექსოსაც გულში გაკენწლა, არ სიამოვნებდა, ქალის შეშინება რომ უწევდა. ქალბატონი თამარი შეყოვნდა, რაღაც ჩაიბუტბუტა და შენობაში გაუჩინარდა.

ლექსო მშვიდად იყო, ვინაიდან გუშინვე გაარკვია ყველაფერი და სქემასაც მიხვდა. შუა ხნის ქალებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ პირველ სართულზე განთავსებული კომერციული ფართის მფლობელს კამერები ჰქონდა დაყენებული, მათ შორის, ფარული კამერაც, რომლის არსებობის შესახებაც მეზობლებმა არაფერი იცოდნენ.

***

მიუხედავად არც თუ ახალგაზრდა ასაკისა, ქალბატონი თამარი რესტორანში მუშაობდა, რაღაც ადმინისტრატორის მსგავს თანამდებობაზე, იმიტომ რომ გონება კარგად უჭრიდა და მეპატრონეც ენდობოდა. ნაღდი ფულით ნავაჭრი თამართან იყრიდა თავს, თანხას მეპატრონეს გადასცემდა ხოლმე, ეს უკანასკნელი ნაწილს თავად იტოვებდა, ნაწილს კი ბუღალტერს აძლევდა.

იმ საღამოს ისე მოხდა, რომ თამარს თანხის სახლში წაღება მოუწია, რის შესახებაც მაკას დედას უამბო. მათი საუბარი კი იკამ მოისმინა...

იკამ მოხერხებულად ამოაცალა დედამისთან სტუმრად მისულ თამარს გასაღები და სანამ ის ნათელას ელაპარაკებოდა, ფული აიღო. თამარმა ფულის დაკარგვა მაშინვე აღმოაჩინა, როგორც კი სახლში დაბრუნდა და მაკას დედასვე შესჩივლა. სწორედ მაშინ მოუვიდა თავში აზრად ქალბატონ ნათელას თავისი გენიალური გეგმა. ამიტომ სასწრაფოდ ქალიშვილს დაურეკა:

– შეგიძლია, ახლავე შემომიარო? წამალი დამიმთავრდა, გთხოვ, მომიტანე. არ შეიძლება, გამოტოვება.

მაკა, რა თქმა უნდა, დედამისს დათანხმდა, ხოლო თამარი ნათელამ ცალკე დაამუშავა და დაარწმუნა, რომ მაკასთვის უნდა დაედო ხელი, თითქოს დაინახა, როგორ გამოდიოდა მისი ბინიდან. თამარმა ჯერ შორს დაიჭირა თავი, მაგრამ ნათელამ დაარწმუნა, რომ ქალიშვილს მოელაპარაკებოდა და ამის სანაცვლოდ იკას ვალებსაც გადაახდევინებდა და თამარსაც დაუბრუნებდა დაკარგულს.

– ეს სასიკეთო ტყუილია, შენ შვილს გადამირჩენ, – თვალცრემლიანი ეხვეწებოდა ნათელა მეზობელს და თამარიც გატყდა. თუმცა ქალბატონებმა ერთი უმნიშვნელო დეტალი ვერ გაითვალისწინეს: ფარული კამერა, რომელშიც ნათლად ჩანდა, რომ ფულის დასტით ხელში კიბეზე სწორედ იკა ჩამოდიოდა.

მანამდე კი ნათელა უფროს ქალიშვილთან მივიდა, დანაშაულის თავის თავზე აღება მოსთხოვა და არწმუნებდა, რომ სასამართლოში საქმეს ისე მოაწყობდნენ, რომ, თუ დაკარგული ფულს აანაზღაურებდა, მას არ დააკავებდნენ.

– შენ და ლექსოს კარგი ხელფასები გაქვთ, რა პრობლემაა ამ ფულის გადახდა?! იკას კი ორი შვილი ჰყავს. ან კი როგორ გერგება ლუკმა, როდესაც შენი ძმა ასეთ დღეშია?!

***

მაკამ ტელეფონი აიღო, დედამისისა და მისი ძმის ნომრები დაბლოკა და წაშალა. უჩვეულოდ მშვიდად იყო და არა იმიტომ, რომ დაჭერა არ ემუქრებოდა – მან ხომ იცოდა, რომ არაფერი ჩაუდენია?! ახლაღა მიხვდა, რომ მისი ღელვა დედამისისა და მისი ძმის საქციელს უკავშირდებოდა, მათგან მომავალ მუდმივ საფრთხეს. დედამისმა ბავშვობიდან ჩააგონა, რომ მაკა მათ წინაშე ვალდებული იყო და დანაშაულის ეს გრძნობა მას მუდმივად თან სდევდა. დღეს სწორედ ეს გრძნობა აორთქლდა და მაკა დედამისისადმი მხოლოდ მადლიერებას გრძნობდა, ვინაიდან უკვე იცოდა, რომ აღარასდროს გახდებოდა არავის მანიპულაციის მსხვერპლი და მისი ამ გამოცდილების შემოქმედი სწორედ დედამისი იყო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №39

29 სექტემბერი-5 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა