რომანი და დეტექტივი

მამა

№10

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 18.03, 2023 წელი

მამა
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #9 (1157)

***

როგორც კი მშობლიური ქალაქის მიწაზე დადგა ფეხი, სიმონ ჭკადუამ ტაქსი გააჩერა და კუკიის სასაფლასოკენ გაემგზავრა. დედ-მამის საფლავის პოვნა არ გასჭირვებია. იქაურობა ბალახებით იყო დაფარული და სიმონმა შეძლებისდაგვარად, ხელით მოასუფთავა საფლავი. მოგლეჯილი სარეველა გვერდზე დაყარა. გზაში ნაყიდი ყვავილები საფლავის ქვაზე დააწყო და სასაფლაოს მუშა იხმო.

- გისმენთ, ბატონო, - თქვა მუშამ და სიმონს მიაჩერდა.

- აი, ძმაო ფული. გამომართვი, ეს ბალახი გადაყარე და სასაფლაოც წესრიგში მოიყვანე.. სისტემატურად თუ გაასუფთავებ აქაურობას, ყოველთვე გადაგიხდი, - უთხრა სიმონმა მუშას და ასლარიანი გაუწოდა.

„მეხმა“ მუშისგანვე შეიტყო, რომ ამ საფლავის გაუქმება და გაყიდვა უნდოდათ, მაგრამ ახალმა დირექტორმა არ ქნა.

მუშამ სიმონს უთხრა:

- ბატონო ჩემო, სწორედ ამ საფლავის გასასუფთავებლად გამომგზავნა უფროსმა და ფული არ მინდა. ისედაც სისტემატურად მივხედავ და მოვუვლი საფლავს.

სიმონმა სასაფლაოს მუშას ჯიბეში ჩაუდო ფული და სასაფლაოს დირექტორის შესახებ გამოჰკითხა. მუშის თქმით, დირექტორი ორმოციოდე წლის კაცი იყო და ზეზვა ერქვა. დირექტორად კი ერთი კვირის წინ დანიშნეს. სიმონმა მადლობა გადაუხადა მუშას და დირექტორის სანახავად გაემართა. აშკარა იყო, რომ ზეზვა მის მშობლებს იცნობდა, მაგრამ თავად ზეზვა ვინ იყო, „მეხი“ ვერ ხვდებოდა.

სასაფლაოს დირექტორის ოთახში რომ შევიდა, მაგიდასთან მჯდომ მამაკაცს მიაპყრო მზერა და დააკვირდა:

- გისმენთ, ბატონო, რა გნებავთ, - ჰკითხა სიმონს მაგიდასთან მჯდომმა.

- სასაფლაოს დირექტორი თქვენ ბრძანდებით? - იკითხა სიმონმა.

- დიახ, - თავი დააქნია დირექტორმა.

- უკაცრავად, რა გვარის ბრძანდებით? - თქვა სიმონმა.

- ტუღუში. ზეზვა ტუღუში, - გაიმეორა დირექტორმა და დაამატა - რა გნებავთ, ბატონო, ბრძანეთ.

ზეზვა ტუღუშის ხსენებაზე, სიმონს თვალწინ დაუდგა ათი წლის ატირებული ბავშვი, რომელიც მამის კუბოს მიჰყვებოდა და ცხარე ცრემლს ღვრიდა. ზეზვას მამა მძღოლი იყო და ავარიაში დაიღუპა. ათი წლის ბიჭი უმამოდ დარჩა და რომ არა სიმონი, სავარაუდოდ, ის სამუდამოდ გაუბედურდებოდა. საქმე კი ის იყო, რომ მამის გარეშე დარჩენილმა ზეზვამ ქუჩას მიაშურა და ქუჩის ბიჭებს შეუამხანაგდა. სხვა უკუღმართობებთან ერთად, ზეზვამ თამაშს მიჰყო ხელი და ზარში 25 მანეთი წააგო. პატარა ბიჭისთვის ეს უზარმაზარი თანხა იყო. ბავშვს არ ეშვებოდნენ და გადახდას აიძულებდნენ. ბოლოს კი უთხრეს: დედაშენის ბეჭედი ან სხვა სამკაული მოიტანე და ჩაბარებულად ჩაგეთვლებაო... ამ საუბარს შემთხვევით შეესწრო სიმონი და ატირებული ბავშვი რომ დაინახა, მისი თავანი ჩააბარა. შემდეგ, გვერდით გაიყვანა ზეზვა და ლექცია ჩაუტარა. ურჩია, რომ წიგნისთვის მოეკიდა ხელი და ქუჩას შეშვებოდა. ზეზვა რომ გაისტუმრა, სიმონი ქუჩის ბავშვებს მიუბრუნდა და უთხრა:

- ეს ბიჭი ჩემი პატარა ძმაა და ვინმემ რომ რაიმე შარში გაახვიოს, ჩემთან ექნება საქმეო.

სიმონი მათთვის ავტორიტეტი იყო, მისი სიტყვა კი კანონი და ზეზვას პატივისცემით ეპყრობოდნენ. თავად ზეზვა კი ქუჩას შეეშვა და სწავლას მიჰყო ხელი. სულ მალე სიმონი დააპატიმრეს, „გასროკეს“ და გააციმბირეს, თუმცა, მის მიერ ნათქვამ სიტყვას არავინ არღვევდა და ზეზვას უბატონოდ არავინ სცემდა ხმას.

ამ მოგონებამ „მეხი“ ოცდათორმეტი წლით უკან გადაისროლა. სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. ზეზვას გაუღიმა და უთხრა:

- ვერ მიცანი, ზეზვა? სიმონ ჭკადუა ვარ.

ზეზვა შლეგიანივით წამოხტა სკამიდან, სიმონს გადაეხვია და თვალები ცრემლებით აევსო...

უარის მიუხედავად, ზეზვამ სიმონი რესტორანში წაიყვანა და მეფური სუფრა გაუშალა. საუბრის დროს კი სიმონმა თავისი ცოლ–შვილის ამბავი იკითხა.

- ალა და პატარა სიმონი ალას დედამ რუსეთში წაიყვანა. აქაური ბინა კი გაყიდეს. როგორც ვიცი, ალას გამგზავრება არ უნდოდა და დედამისმა ძალით წაიყვანა. ასე უთქვამს, ბავშვს წავიყვან, შენ კი შენს ბანდიტს დაელოდეო. რამდენიმე თვეში კი ამბავი ჩამოვიდა ალა დაიღუპაო.

- დაიღუპაო? - წამოიძახა გაფითრებულმა სიმონმა.

- ჰო. ასეთი ამბავი ჩამოვიდა. ტრაილერის მძღოლი იყო. შორეულ რეისებში დადიოდა და იმან მოიტანა ეს ამბავი უბანში. მურმანა კვარაცხელია, არ გახსოვს?

- კი, - მიუგო სიმონმა.

- ჰოდა, იმან. დაიღუპა საცოდავი, ათი წელია, რაც აღარ არის. კიბო სჭირდა - თქვა ზეზვამ.

- ჩემს ბიჭზე ხომ არაფერი იცი? - იკითხა სიმონმა.

- არა. სამწუხაროდ, არაფერი, - მიუგო ზეზვამ.

- არც ის იცი, თუ სად გაემგზავრნენ ჩემები და ალა სად გარდაიცვალა? - თქვა სიმონმა.

- კი. მურმანმა მაშინ თქვა, მოსკოვში დაიღუპაო ალა, - უთხრა ზეზვამ.

ზეზვამ სიმონს თავისთან დარჩენა შესთავაზა. სიმონმა კი მადლობა გადაუხადა და უარი უთხრა. ზეზვამ სიმონს ათი ცალი ასდოლარიანი ჩაუცურა ჯიბეში და უთხრა:

- ძალიან გთხოვ, უარს ნუ მეტყვი, დიდი არაფერია, მაგრამ გამოგადგება.

ძველი უბნელები ერთმანეთს გადაეხვივნენ და დაშორდნენ.

სიმონ ჭკადუამ მთელი ღამე ფეხით იარა თბილისის ქუჩებში. დილით კი თვითმფრინავით მოსკოვში გაფრინდა.

***

რუსეთის დედაქალაქში ჩასულმა სიმონმა ექვსი თვის განმავლობაში ეძება შვილი, მაგრამ ვერც ჭკადუასა და ვერც განცის გვარით ვერ მიაგნო მას. ამ ხნის განმავლობაში სიმონი კერძოდ ქირაობდა ოთახს მოსკოვის გარეუბანში. ამასობაში ფული გაუთავდა და იძულებული გახდა, პეტრე შადრინთან მისულიყო. „ლოსი“ სულ რაღაც ორი კვირის გათავისუფლებული იყო ციხიდან და ძმაკაცის დანახვა უზომოდ გაუხარდა. სიმონმა შადრინს ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და დადუმდა.

- ყველაფერი კარგად იქნება, ძამიკო. მთავარია, ღმერთმა ინებოს და შენს ბიჭსაც ვიპოვით - უთხრა შადრინმა სიმონს და დააყოლა, - ლაგერში რომ გითხარი, მაგარი საქმეა-მეთქი, რას იტყვი, წამოხვალ, თუ მართლა შეკარი კვანძი?

- უნდა დავფიქრდე, ძმაო. კვანძი იმიტომ შევკარი, რომ მინდოდა, შვილთან ერთად ვყოფილიყავი, მაგრამ ვხედავ, არაფერი გამოდის, - მიუგო ჭკადუამ შადრინს.

- იფიქრე, ძმაო, რა თქმა უნდა, ფიქრი საჭიროა. მაგრამ სამ დღეში საქმეზე მივდივარ და თუ შენ უარს იტყვი, სხვისი წაყვანა მომიწევს, - უთხრა „ლოსმა“ „მეხს“.

სიმონ ჭკადუამ ის ღამე თეთრად გაათენა, თავის ვაჟზე ფიქრობდა. დილით კი, როდესაც შადრინს გაეღვიძა, სიმონმა უთხრა:

- თანახმა ვარ, მოვდივარ საქმეზე.

„ლოსი“ „მეხის“ პასუხმა უზომოდ გაახარა. ძმაკაცს მოწონების ნიშნად გაუღიმა და ცერა თითი დაანახვა.

***

ნიღბებჩამოფარებულმა მძარცველებმა ინკასატორები ოსტატურად განაიარაღეს, გაკოჭეს, იატაკზე დაყარეს და ორი ტომარა ფული გაიტაცეს თუმცა, შენობიდან რომ გამოვიდნენ, მათ დაცვის ოთხეული დახვდათ და ცეცხლი გაუხსნეს. „ლოსის“ გეგმით ეს ოთხეული ბანკთან არ უნდა ყოფილიყო. ისინი, ბოლო მომენტში დაამატეს და მძარცველებისთვის ეს მოულოდნელობა აღმოჩნდა. ურთიერთსროლისას სიმონის სამივე „პაძელნიკი„ დაიხოცა. „ლოსმა“ კი „მეხს“ დოლარებით სავსე ტომარა გადაუგდო და უღრიალა - გაიქეცი, ძმაო. ორნი დაბრიდეს, მეც ვიბრიდები... შადრინს პირიდან სისხლი გადმოუვიდა და სული განუტევა... სიმონი მოპარულ „მერსედესში“ ჩახტა და ერთი ტომარა ფულით გაიქცა, მას ერთი შეიარაღებული მცველი დაედევნა „ბეემვეთი“... მოსკოვში ბინდი იდგა და გადატვირთული მოძრაობის მიუხედავად, მდევარიც და გაქცეულიც გიჟებივით მიქროდნენ ღამის ქუჩებში, ორიოდე წუთის შემდეგ ორივე მანქანა ცარიელ გზაზე გავიდა მდინარე იაუზის პირას. მდევარმა მოძრავი მანქანიდან ცეცხლი გახსნა და სიმონ ჭკადუა მარცხენა მხარში დაჭრა. „მეხმა“ საჭე ვერ შეიმაგრა, დამცავი ჯებირი გაანგრია და მდინარე იაუზის პირას ჩავარდა. მდევარი უმალვე ძირს დაეშვა და ნიღაბმოხსნილ მძარცველს პისტოლეტმომარჯვებული მიუახლოვდა. გადატენილი პისტოლეტი სიმონსაც ეკავა და შეეძლო, მდევარისთვის ესროლა, არ მოეკლა და მწყობრიდან გამოეყვანა, მაგრამ რაღაც ძალამ მას ეს არ გააკეთებინა და იარაღი დააგდო. მდევარს კისერზე მცველის დამადასტურებელი ბარათი ეკიდა და მასზე დიდი ასოებით რუსულ და ინგლისურ ენებზე ეწერა - სემიონ ზორკინი. მეხმა თვალნათლივ წაიკითხა ვინაობა. შემდეგ მდევარს მიაჩერდა და ადგილზევე გაქვავდა.

- გტკივათ? - იკითხა მდევარმა და სიმონს ჭრილობაზე მიუთითა.

- მეწვის, - მიუგო სიმონმა და მდევარს მოულოდნელად ჰკითხა:

- ზორკინი, ბებიის გვარი ხომ არაა?

ახალგაზრდა კაცი ისე გაოცდა, რომ ლამის პისტოლეტი გაუვარდა ხელიდან და მიუგო:

- დიახ. თქვენ საიდან იცით?

- ბებიას ლუდმილა ერქვა, დედას კი ალა, ხოლო მამა არ გყავს. მართალს ვამბობ? - თქვა სიმონმა.

- დიახ. დიახ. საიდან იცით, ეს ყველაფერი? - აღელვებით იკითხა სემიონ ზორკინმა.

- ზედგამოჭრილი ალა განცი ხარ. გაჭრილი ვაშლივით ჰგავხარ დედას და უმალვე გიცანი. მე კი მამაშენი ვარ, სიმონ ჭკადუა. სად არ გეძებე, ღმერთმა კი აქ შეგვყარა, - ჩაეცინა სიმონს და დააყოლა, - ინდური კინოა ნამდვილად და ვინმეს რომ მოეყოლა, არ დავიჯერებდი.

მდევარი ხელებჩამოყრილი იდგა დაჭრილი მძარცველის წინ და მას მიშტერებოდა.

***

მამა-შვილმა დოლარებით სავსე ტომარა მანქანაში დატოვეს და მოგვიანებით, შემთხვევის ადგილზე მისულმა ბანკის მცველებმა იპოვეს და უკან დააბრუნეს.

სიმონ ზორკინი გამთენიისას დაბრუნდა ბანკში. სველი, ნირწამხდარი და უფროსობას განუცხადა, - მძარცველი მოვკალი და მდინარემ წაიღო. წყალში გადავეშვი მისი გვამის ამოსაღებად, მაგრამ ვერ მოვიხელთეო.

- ჯანდაბამდის გზა ჰქონია. მთავარია, ჩვენმა ბიჭებმა მილიონი დოლარით სავსე ტომარა იპოვეს, უკან მოიტანეს და ეს შენი დამსახურებაა. ამიტომ 10 ათასი დოლარის პრემია გაქვს და ორკვირიანი შვებულებაო. - უთხრეს ზორკინს და მეორე დღეს შეპირებული ფული ბარათზე ჩაურიცხეს.

ზორკინი შვებულებაში გავიდა, მაგრამ 2 კვირის შემდეგ სამსახურიდან წასვლის განცხადება დაწერა. მოტივად კი მოკლული და წყალწაღებული მძარცველის ლიკვიდაციისაგან მიღებული სტრესი დაასახელა...

ორი დღის შემდეგ კი მამა–შვილი სიმონ ჭკადუები თბილისში გაემგზავრნენ...

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი