რომანი და დეტექტივი

მამა

№9

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 11.03, 2023 წელი

მამა
დაკოპირებულია

- ესე იგი „კვანძის შეკვრას“ აპირებ, „მეხო“? - უთხრა „ლოსმა“ მეგობარს და გაუღიმა.

- ჩათვალე, რომ უკვე შევკარი, პეტკა. მეყოფა, თითქმის უკვე აღარც ფეხები მემორჩილება. ხელიც ისეთი მტკიცე აღარ მაქვს და არც თვალი მიჭრის ძველებურად. ასაკში ვარ და „სროკებმა“ ძალა წამართვა. ხუმრობა ხომ არაა, თითქმის ოცდაათი წელი გავატარე გამოუსვლელად. სამ „სროკში“ ოცდაათი გავათავე და ამ ხნის განმავლობაში სულ ორი წელიწადი ვიყავი „სვაბოდაზე“ - მიუგო „ლოსს“ „მეხმა“.

- 52-ის კი ხარ, ძმაო, მაგრამ ვერავინ იტყვის ბებერიაო, აქ სხვა რამეში უნდა იყოს საქმე.

- სხვა რამეში?

- ჰო. ასე ვფიქრობ.

- მაინც, რას ფიქრობ.

- ეგ რომ ვიცოდე, გეტყოდი, სიომა. მაგრამ არ ვიცი და თუ არ გინდა, ნუ იტყვი.

„მეხმა“ პაუზა გააკეთა და „ლოსს“ უთხრა:

- მართალი ხარ, პეტკა, სამშობლოში ვაპირებ გამგზავრებას, იქ კი შვილი მყავს და მასთან ერთად მინდა, გავატარო დარჩენილი სიცოცხლე.

- შვილი თუ გყავდა, არ ვიცოდი.

- ჰო, ვაჟი მყავს. ახლა ის ოცდაათისაა. თუმცა, ჯერ არ მინახავს. დედამისი სულ ორჯერ იყო ჩემთან პაემანზე. პირველად ფეხმძიმე და თბილისში მნახა ციხეზე. მეორედ კი მშობიარობის მერე ისევ თბილისში, ხოლო ეტაპით რომ გამაციმბირეს, არც ვუნახივარ და წერილიც კი არ მოუწერია. გათხოვდა, ალბათ, აბა, რას იზამდა. ქალია რა... აი, შვილი კი უნდა მოვძებნო.

- კარგი, ძმაო, ყველაფერი გასაგებია და შენი პირადი საქმე შენ იცი. თუმცა, სულ რაღაც ექვსი თვე მაქვს დარჩენილი და რომ გამოვალ, მოსკოვში დავბრუნდები. იცი, შენ სად მიპოვო და თუკი გადაიფიქრებ „კვანძის შეკვრას“, ერთი მაგარი საქმის „ნაკოლი“ მაქვს და გავაკეთოთ.

- არა, პეტკა. კვანძი უკვე შეკრულია. შენ კი აუცილებლად ჩამოგაკითხავ მოსკოვში.

- კარგი, ძმაო. აბა, შეხვედრამდე. მეტს აღარ გაგაცილებ, მშვიდობით იარე, - უთხრა „ლოსმა“ „მეხს“. გადაეხვია და კოლონიის გასასვლელისკენ მიმავალს ჯერ ხელი დაუქნია, შემდეგ შეტრიალდა და ბარაკში დაბრუნდა.

50 წლის პეტრე შადრინი, მეტსახელად „ლოსი“, ცნობილი კრიმინალი იყო. ბანდიტური თავდასხმების გამო მას საპყრობილეში 25 წელი ჰქონდა გატარებული და მესამე სასჯელს ასრულებდა. იგივე კვალიფიკაციის იყო 52 წლის სიმონ ჭკადუაც, რომელსაც შავი სამყარო „მეხის“ მეტსახელით იცნობდა. შადრინმა და ჭკადუამ ერთმანეთი ციმბირის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაიცნეს და დაძმაკაცდნენ. რვა წელი გვერდიგვერდ გაატარეს და ერთად გადაიტანეს არაერთი გაჭირვება.

„ლოსი‘ უდედმამო ბავშვთა სახლში იყო გაზრდილი, მშობლები არ ახსოვდა და ბოროტმოქმედების გზაზე დადგომა არ „გასჭირვებია“... სიმონ ჭკადუა კი ნორმალურ ოჯახში იზრდებოდა და მისი ცხოვრების გზა მაშინ გამრუდდა, როდესაც დედ- მამა ავტოკატასტროფაში დაეღუპა. ბიჭი მაშინ 16 წლის იყო. სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა და სრულიად გამოუცდელი, უკუღმართი უბნელების წყალობით, ქუჩას დაუახლოვდა. იქ კი „ადგილობრივი“ კანონების ათვისებას მიჰყო ხელი და ალკოჰოლი, პლანი და მსგავსი მაიმუნობები მისთვის „უცხო ხილი“ აღარ იყო. ქურდული მენტალიტეტითაც ძალიან მალე „შეიმოსა“, ცეცხლსასროლი იარაღსაც გაეცნო და საქმეზე წასასვლელადაც მზად იყო. თავდაპირველად „პოპ- სტოპებზე“ დადიოდა და დაგვიანებულ მგზავრებს ძარცვავდა ბნელ ქუჩებსა და სადარბაზოებში. ნაშოვნი ფულის ნაწილი ქურდულ „ობშჩიაკში“ შეჰქონდა და საპყრობილეებში აგზავნიდა. დანარჩენით კი ძმა-ბიჭებთან ერთად ატარებდა დროს. ერთადერთი ნათელი წერტილი 18 წლის სიმონის ცხოვრებაში თავისი თანატოლი, ალა განცი გახლდათ. ლამაზი გოგონა სიმონის უბნელი იყო, მუსიკალურ სკოლაში სწავლობდა და ფორტეპიანოზე უკრავდა. ქალ-ვაჟს ერთმანეთი შეუყვარდათ და 19 წლის ალა დაფეხმძიმდა. ძალიან მალე სიმონი შეიარაღებული ძარცვისთვის დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. პირველად სწორედ მაშინ ინახულა ალამ სიმონი, ბიჭს, ჯერ მისჯილი არ ჰქონდა, მაგრამ გარეთ დარჩენილმა „პაძელნიკებმა“ ფული გადაიხადეს და ფეხმძიმე გოგონას პაემანი „გაუკეთეს“. სიმონი უზომოდ გახარებული იყო ალას ხილვით და გოგონას შეჰპირდა, რომ არასოდეს ჩაიდენდა დანაშაულს და როგორც კი ციხიდან გათავისუფლდებოდა, პატიოსნად იშრომებდა და ცოლ-შვილს მიხედავდა.

- რამდენს მოგისჯიან? - ჰკითხა აცრემლებულმა გოგონამ სიმონს.

- იმედია, მინიმალურს. პირველი დანაშაულია და შეღავათი უნდა გამიწიონ, - უპასუხა სიმონმა.

- მინიმალური რამდენია?

- ოთხიდან იწყება და თორმეტამდეა.

- ოთხიც ძალიან ბევრია.

- თორმეტს ხომ ჯობია.

- კი. მაგრამ, მაინც ბევრია.

- შენ რა, არ დამელოდები?

- რას ამბობ, საყვარელო, - ალამ მუცელზე მიიდო სიმონის ხელი და უთხრა, - მე და სიმონიკო მოუთმენლად დაგელოდებით.

- ჩემი სახელი უნდა დაარქვა?

- რა თქმა უნდა.

- რა იცი, იქნებ ბიჭი არაა?

- ბიჭია, ბიჭი, ზუსტად ვიცი. ასეთი წინათგრძნობა მაქვს, - მიუგო ალამ სიმონს.

ორი კვირის შემდეგ ალა განცმა ვაჟი გააჩინა და მას სიმონი დაარქვა. იმ დღეს კი სიმონ ჭკადუას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, სასჯელის მკაცრი რეჟიმის შრომა–გასწორების კოლონიაში მოხდით. ეს კი გაციმბირებას ნიშნავდა. 19 წლის ბიჭი მხოლოდ ერთი თვე გააჩერეს თბილისის ციხეში და შემდეგ ურალში გაუშვეს ეტაპით. წინა დღით მასთან ალა მივიდა პაემანზე. მიუხედავად იმისა, რომ ალა ძალიან ნერვიულობდა, გადაწყვიტა, ეს სიმონისთვის არ ეჩვენებინა და უფრო მეტად არ დაემძიმებინა მისი მდგომარეობა.

პაემნების ოთახში შესული სიმონი საკუთარ თავს არ ჰგავდა. ბიჭი ძალიან დათრგუნული იყო და ალას მისი დაწყნარება მოუწია. გოგონამ საყვარელ ადამიანს გაუღიმა და უთხრა:

- რა ცხვირ-პირი ჩამოგტირის, საყვარელო. ათი წელი არაფერია, ისე სწრაფად გაიფრენს, რომ ვერც კი გაიგებ. ციხიდან რომ გამოხვალ, ოცდაათისაც კი არ იქნები და მე, შენ და სიმონიკო ბედნიერად ვიცხოვრებთ ერთად.

- ერთი თვის წინ ამბობდი, ოთხი წელი რა ამბავიაო და ახლა ათ წელზე მეუბნები. არაფერიაო? - თქვა სიმონმა. თავი გააქნია და დაამატა, - გულს მიკეთებ ხომ.

- მე შენ მიყვარხარ. ჩვენ შვილი გვყავს, მას გაზრდა და გზაზე დაყენება უნდა ეს კი საკმარისია იმისთვის, რომ თუნდაც ასი წელი დაგელოდო. შენ კი ჯანმრთელი და ჯანსაღი დაგვიბრუნდე, - მიუგო ალამ სიმონს.

გოგონას სიტყვებმა მაგიურად იმოქმედა ყმაწვილზე. სიმონს სახე გაებადრა, ალას გადაეხვია და ჩასჩურჩულა:

- საყვარელო, სახლში რომ მიხვალ, ჩემს სიმონიკოს აკოცე და უთხარი, რომ ძალიან მიყვარს. მე კი პირობას გაძლევ, რომ გამოსწორებული, ღირსეული ადამიანი დაგიბრუნდეთ და ყოველმხრივ შევეცდები, დროზე ადრე მოვახერხო გათავისუფლება.

- პაემანი დასრულებულია, დატოვეთ ოთახი! - მოესმა ალას, ზედამხედველის მჭახე ხმა.

გოგონამ სიმონს აკოცა. გამოემშვიდობა და ღიმილიანმა დატოვა პაემნების ოთახი.

***

პატიმრობის პირველი სამი თვის განმავლობაში სიმონ ჭკადუა ლოიალურად იქცეოდა. საპყრობილის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა მას აზრადაც არ მოსვლია, მაგრამ რეჟიმს არ არღვევდა და მშვიდად იყო. ცოლ- შვილთან დაბრუნების დაუოკებელი სურვილი აძლებინებდა პატიმრობის უმძიმეს ტვირთს. კოლონიაში ჩასახლებიდან ორი თვის თავზე სიმონმა პირველი წერილი მისწერა ალას, მაგრამ პასუხი არ მიუღია. ერთი თვის მერე კიდევ მისწერა წერილი და ორ კვირაში მოკლე პასუხი მიიღო, სადაც ეწერა: „მე და ბავშვი შორს მივემგზავრებით. ჩვენი მოძებნა არც კი სცადო, მშვიდობით, ალა“.

ამ წერილმა სიმონს მყისიერად შეუცვალა ხასიათი და მორჩილი პატიმრიდან დაუმორჩილებლად გადაიქცა. რეჟიმის ხშირად დარღვევის გამო, სიმონი უმეტეს დროს კარცერში ატარებდა. აქტიურად იყო ჩაბმული ზონურ გარჩევებში და „კრისების“ რისხვად გადაიქცა. ამიტომ, ასეთი მკვეთრი სიხისტის გამო სიმონ ჭკადუას „მეხი“ შეარქვეს და 21 წლის ბიჭი სრულად ამართლებდა ამ მეტსახელს. როგორც გარჩევის, ასევე დანაშაულის, ძარცვა-ყაჩაღობის დროს სიმონი მოულოდნელად, მეხივით დაეცემოდა ხოლმე თავს თავის მსხვერპლს... ასეთი ყოფის გამო, სიმონი უფრო მეტად მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში გაამწესეს და ურალის ცნობილ ციხეში, „ბელი ლებედში“ მოათავსეს.

ზონის უფროსმა სიმონი პირადად ჩასვა საეტაპო ვაგონში და ირონიულად უთხრა:

- სუფთა ჰაერი რომ მოგენატრება და ადგილობრივი „გალავარეზები“ კი მცირე იაღლიშისთვისაც ნარის ქვეშ შეგაგდებენ, მაშინ გამიხსენე მე და ჩემი სამოთხეო.

- შენ და დედაშენს ხშირად გაგიხსენებთო, - მიუგო სიმონმა პოლკოვნიკს.

სუფთა ჰაერი სიმონ ჭკადუას მართლაც ძალიან აკლდა და ზოგჯერ ენატრებოდა კიდეც. თუმცა ამის გამო წამითაც არ უდარდია. იაღლიში კი, ახალგაზრდა „ზეკს“ მცირედიც არ მოსვლია. ყოველთვის ნარზე და არა ნარის ქვეშ ჰქონდა ადგილი. ციხეში მან დიდი პატივისცემა მოიპოვა და მამისტოლა, ღირსეული და დაფასებული პატიმრები მას ტოლსწორად ეპყრობოდნენ. „ბელი ლებედში“ „მეხმა“ 9 წელი გაატარა და იქიდან რომ გამოვიდა, თბილისში დაბრუნება და ცოლ-შვილის მოძებნა დააპირა, მაგრამ, ხუთი წლის განმავლობაში სიმონს დედაქალაქებში ცხოვრება აკრძალული ჰქონდა. ამიტომ, ციმბირის ერთ-ერთ პატარა დაბაში დასახლდა და აკრძალვის მოხსნამდე იქ აპირებდა ცხოვრებას. დაბაში ძირითადად მისნაირი პატიმრები სახლობდნენ და თითოეული მათგანი მშობლიურ ქალაქში გამგზავრებაზე ოცნებობდა. ერთ-ერთი ასეთი, ლენინგრადელი პატიმარი სიმონს დაუახლოვდა. აკრძალვა მას ორ წელიწადში ეხსნებოდა. ის სიმონს შეუჩნდა და დიდი „კუშის“ აღების პერსპექტივით ლენინგრადში წაიყვანა. იქ კი ამ ტანდემმა ინკასაციის მანქანა გაძარცვა და ნახევარი მილიონი მანეთი გაიტაცა. თუმცა ორივე მილიციამ მალევე დააპატიმრა. საქმე ის იყო, რომ სიმონის „პაძელნიკი“ მძიმედ დაიჭრა. ჭკადუამ ის არ მიატოვა და საავადმყოფოში წაიყვანა. დაჭრილს სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს და გადაარჩინეს. სიმონი კი ქუჩაშივე აიყვანეს ფაქტით ხელში და „გასროკეს“. ეს დანაშაული ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, სიმონის ბიოგრაფიიდან გამომდინარე, მას მაქსიმალური „სროკი“ უნდა მიეღო, მაგრამ მოსამართლემ მინიმალური მისცა და ასე განმარტა: მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვისაა ნასამართლევი, მან გამოიჩინა შემწყნარებლობა და ნაცვლად იმისა, კოლოსალური თანხით მიმალულიყო, მძიმედ დაჭრილი არ მიატოვა და საავადმყოფოში მიიყვანა. ეს კი მისი გამოსწორების იმედს იძლევა და სასჯელს ამიტომ ვუმსუბუქებო...

მეორე ათი წელიც თავიდან ბოლომდე საპყრობილეში გაატარა სიმონმა და მიუხედავად იმისა, რომ კვლავ ხუთწლიანი აკრძალვა ჰქონდა დიდ ქალაქებში ცხოვრებისა, პირდაპირ თბილისისკენ აიღო გეზი. უკვე ოცი წელი იყო გასული, რაც სამშობლოდან წამოვიდა. მთავარი კი 20 წლის ვაჟის ნახვის დაუოკებელი სურვილი იყო და სწორედ ამან უბიძგა მას, ასეთი მკაცრი დარღვევისკენ.

სიმონს მალე უნდოდა თბილისში ჩასვლა, მაგრამ თვითმფრინავით რომ ეცადა, „დაიწვებოდა“ და შეიძლება ციხეში შეებრუნებინათ. ამიტომ, ციმბირიდან მატარებლით გამოემგზავრა, თანაც მალულად გამცილებელს ფულს უხდიდა და მის კუპეში უსაფრთხოდ იყო. მატარებელი ადლერში ჩავიდა და ჩიხში გადაიყვანეს. იქ 12 საათის განმავლობაში უნდა მჯდარიყო, შემდეგ კი თბილისისკენ მიმავალ შემადგენლობას ჩააბამდნენ. შუაღამეზე დაიძრებოდა და დილით უკვე საქართველოს დედაქალაქში ამოყოფდა თავს... სანამ მატარებელი ჩიხში იდგა, მგზავრები ვაგონიდან გადადიოდნენ და ქალაქში სეირნობდნენ. სიმონმაც მათ მიბაძა. ვაგონი დატოვა და ზღვის პირას გაისეირნა. მოშივდა. ახლომდებარე სასადილოს მიაშურა და საჭმელი აიღო. შუა სადილის დროს სასადილოში სიმონის ძმაკაცი შევიდა. მათ ერთმანეთი „ბელი ლებედში“ გაიცნეს და დამეგობრდნენ. შემდგომ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ათი წლის წინ, ძმაკაცმა სიმონი საქმეზე წაიყვანა და კიდევ ორ ადამიანთან ერთად მძარცველების ოთხეულმა სოჭში ინკასატორები გაძარცვეს. ურთიერთსროლისას სიმონი ფეხში დაიჭრა და დააპატიმრეს. დანარჩენებმა კი გაქცევით უშველეს თავს, მილიციაში მიყვანილი დაჭრილი სიმონი სოჭელმა ოპერებმა სასტიკად აწამეს, მაგრამ „პაძელნიკები“ ვერ გაათქმევინეს. ის მხოლოდ მას მერე გადაიყვანეს საავადმყოფოში, უამრავი სისხლი რომ დაკარგა და სიკვდილის პირას იყო. ამასთანავე, სხეულზე სასტიკი წამების კვალი აჩნდა „მეხის“ ფეხზე დაყენებას ორი თვე დასჭირდა და მხოლოდ ამის მერე გაიყვანეს სასამართლოზე. სიმონს, 10- დან 15 წლამდე პატიმრობის მუხლი ჰქონდა მიყენებული და ეჭვს არ იწვევდა, მაქსიმალურს მიუსჯიდნენ. თუმცა, ადვოკატი პირისპირ შეხვდა ბრალმდებელსა და მოსამართლეს და უთხრა მათ, რომ ჭკადუას წამების ფაქტებს გაასაჯაროებდა. უკვე „პერესტროიკის“ პერიოდი იყო. პრესაში ასეთი პუბლიკაციები აღარ იკრძალებოდა და გარიგებაც შედგა. „მეხს“ მესამედაც ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ისიც ბოლომდე მოიხადა და 52 წლის ასაკში რომ ციხიდან გამოვიდა, მას „სროკზე“ 30 წელი ჰქონდა გატარებული. იმ პერიოდისთვის დიდ ქალაქებში ცხოვრების აკრძალვა უკვე მოხსნილი იყო და სიმონ ჭკადუა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, გაემგზავრა სამშობლოში. ის დარწმუნებული იყო, რომ ალა გათხოვდა, მაგრამ ეს არ ადარდებდა. სიმონს თავისი ვაჟის ნახვა და მასთან ჩახუტება სურდა. სწორედ ამის გამო გამოიარა ათასობით კილომეტრი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი