მაყურებელი
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 11.10

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #38 (1291)
მოსკოვამდე ძალიან კომფორტულად ვიმგზავრე. იქიდან კი ერთ-ერთი პრესტიჟული რაიონის ფეშენებელურ ვილაში მივედით. დიდ დარბაზში მთელი რუსეთისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების ქურდული სამყარო იყო შეკრებილი. უმეტეს მათგანს არ ვიცნობდი. ზოგთან კი საპყრობილეებში ჯდომა მომიწია. „ავიატორი“ მთელი ამ შეკრების ორგანიზატორი და თავმჯდომარე იყო. მან მხარზე ხელი მომხვია და კოლეგებს რიხიანად განუცხადა:
– ძმებო, ზოგიერთი თქვენგანი ამ კაცს კარგად იცნობს. ხოლო, ვინც არ იცნობს, გაიცანით, ჩვენი ძმა პეწკა!
მე ყველას ჩამოვუარე და თავის დაკვრით მივესალმე. უმეტეს მათგანს ხელი ჩამოვართვი, ნ.აცნობებს კი გადავეხვიე. გაცნობის ცერემონია რომ დასრულდა, „ავიატორმა“ თქვა:
– სმენა იყოს და გაგონება. ყველამ იცით, თუ რატომ შევიკრიბეთ აქ. დღეს ჩვენმა შეკრებამ უნდა დაამტკიცოს საქართველოს „მაყურებელი“. კანდიდატურა ერთადერთია და ესაა პეწკა.
ჩემთვის ყოვლად მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი. ჩემი კანდიდატურა ერთხმად დაამტკიცეს. შემდგომ ბანკეტი გაიმართა. ამასობაში „სხოდკის“ მონაწილეები ნელ-ნელა დაიშალნენ, „ავიატორის“ ხელქვეითების გარდა. იქაურობას მხოლოდ მე და „ავიატორი“ შემოვრჩით.
– მოულოდნელი სიურპრიზია. ვერაფერს იტყვი, – ვუთხარი მას.
– ასეთი მოულოდნელი, სასიამოვნო სიურპრიზებითაა სავსე ჩვენი ცხოვრება.
– სასიამოვნოა კი?
– რატომაც არა. შენს ადგილზე ყოფნას ბევრი ინატრებდა.
– გაომცდილება რომ არ მაქვს?
– თხუთმეტი წელი ტყუილად იჯექი?
– ციხე სხვაა. აქ კი ცეკას მდივანივით თუ არა, რაიკომის მდივანივით მაინც უნდა გაისარჯო.
– მერე და რით არ ვჯობივართ ცეკას და რაიკომის მდივნებს?
– გამოცდილება არ მაქვს ასეთი საქმეებისთვის.
– არა უშავს. მიიღებ. ჩვენი ძმები დაგეხმარებიან.
– ვიცნობ მათ?
– გაიცნობ, – მითხრა „ავიატორმა“ და დაამატა, – ჰო, მართლა, თბილისის პრესტიჟულ რაიონში კერძო სახლი გელოდება. ყველაფერი შენს სახელზეა გაფორმებული.
– ქურდს რომ პირადი საკუთრება არ უნდა ჰქონდეს?
– ნეპმანელი ქურდების დრო წარსულს ჩაბარდა. ახლა სხვა პრაგონია. დროა, მენტალურადაც გამოხვიდე ციხიდან. ფიზიკურად უკვე გარეთ ხარ.
– როდის უნდა გავემგზავრო?
– ხვალ დილით. მაგრამ უჩემოდ.
– არ წარმადგენ?
„ავიატორმა“ თავი გააქნია:
– არა. შენ იქ მეფესავით ჩახვალ. მეფეებს კი წარდგენა არ სჭირდებათ.
– შევძლებ კი?
– პეწკა! – თვალები გაუფართოვდა „ავიატორს“, – რას ჰქვია, შეძლებ თუ არა?! რა თქმა უნდა, შეძლებ. მეტი აღარ თქვა მასე. აბა, შენ იცი! თბილისში ყველაფერი მზადლაა შენ დასახვედრად და გზა დამილოცნია. აქვე დაგემშვიდობები და დასაძინებლად წავალ. შენი იმედი მაქვს!
„ავიატორს“ გადავეხვიე და ის წავიდა. მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს და საკუთარ თავს ველაპარაკებოდი. გაორებული ვიყავი. პირველი მე ჩანერგვის სამსახურის თანამშრომელი პეტრე ბოლქვაძე იყო, მეორე მე კი – კანონიერი ქურდი პეწკა, საქართველოს „მაყურებელი“. ჩვენ შორის ასეთი დიალოგი გაიმაპრთა. პირველმა მეორეს უთხრა:
– რას აპირებ ახალ პოსტზე?
– ირონიას მოეშვი.
– ირონიის გარეშე. რას აპირებ?
– „მაყურებლობას“. რას უნდა ვაპირებდე.
– რას უნდა უყურო, ფეხბურთს, კალათბურთს თუ კინოს?
– ირონია სარკაზმში გადაგდის და არ გიპასუხებ.
– დაგევასა ხომ ახალი სტატუსი?
– სხვა რა დამრჩენია, რო?
– გრცხვენოდეს. მილიციელისგან ქურდად გადაიქეცი.
– გადავიქეცი თუ გადამაქციეს?
– შენ ეს არ გინდოდა?
– არა. ყველაფერი შემთხვევით მოხდა. შონია მოკლეს და ამიტომ.
– რომ არ მოეკლათ, მაინც აქამდე მიხვიდოდი.
– ჰოდა, აგაშენა ღმერთმა. რატომღა მკბენ?
– არ გკბენ. უბრალოდ, მაინტერესებს, რამდენად გაქაჩავ.
– რას?
– მაყურებლობას.
– რომ ვერ გავქაჩო, მომკლავენ.
– სიკვდილის თუ გეშინოდა, მაშინ სხვა გზა აგერჩია.
– სხვა გზა არ მქონდა. ხომ გახსოვს, მშობლები რომ დაიღუპნენ, რა დღეში ვიყავით?
– რა დღეში?
– შონიას რომ არ ეზრუნა ჩემზე, ახლა ცოცხალიც კი არ ვიქნებოდი.
– შენი აზრით, შონიამ კარგი საქმე გაგიკეთა?
– არ ვიცი.
– არც მე ვიცი. დავასრულოთ ეს სულელური ბაზარი. აღდგომა და ხვალეო, ხომ გაგიგონია. ისე კი მაგრად უნდა იყო. არ გაიშიფრო. ხომ იცი, შავები რა მაგრები არიან და არ დაიწვა.
ამ დიალოგში ჩამეძინა. დილით კი „ავიატორის“ ერთ-ერთმა ხელქვეითმა გამაღვიძა და თავი რომ მოვიწესრიგე და ვისაუზმე, პატარა აეროდრომზე გავემგზავრე, იქიდან კი თბილისში გადმოვფრინდი, ეგრეთ წოდებული, თურქული თვითმფრინავით.
თბილისში მართლაც რომ, დიდებული დახვედრა მომიწყვეს და ფეშენებელური „ჯიპებით“ მიმაცილეს. იქ კი მთელი მომსახურე პერსონალი დამხვდა, რომელიც უკვე დაუსწრებლად მიცნობდა. სტაფი შვიდი ადამიანისგან შედგებოდა და მათი შეფი იყო ათლეტური აღნაგობის, შუა ხნის კაცი, რომელიც სუფთა, ძვირფას, მაგრამ უგემოვნოდ მორგებულ სამოსში იყო გამოწყობილი. მობრძანდით, ბატონო პეტრე, თქვენს სახლშიო, – შემიპატიჟა მან და ერთ რიგად დაწყობილ პერსონალს თვალი შეავლო.
– როგორ მოგმართოთ?
– ჯემალი, ბატონო პეტრე.
– ბატონო ჯემალ, ყველი და პური თუ მოიძებნება ამ სახლში.
– მხოლოდ ჯემალი დამიძახეთ, ბატონო პეტრე. ჩემი ბატონობა სად გაგონილა. სადილი კი უკვე გაშლილია და გთხოვთ, მობრძანდეთ სუფრასთან.
სადილი, მართლაც რომ, უგემრიელესი იყო, მონატრებული ქართული კერძებით ძალიან ვისიამოვნე.
საერთოდ, აღმოჩნდა, რომ საუცხოო მოსამსახურე პერსონალი მყავდა დანიშნული. ჯემალი კი ყველაფრის გვირგვინი იყო. ადრე სამჯერ იყო ნასამართლევი თაღლითობისთვის. ბოლო „სროკიდან“ რომ გამოვიდა, პენსიაზე გასვლა არჩია. შავებს სთხოვა, იქნებ რაიმე საქმეში ჩამაყენოთო და ჩემი მამასახლისობა შესთვაზეს, რასაც საუცხოოდ უძღვებოდა.
ნელ-ნელა შევეჩვიე ახალ საქმიანობას და თანდათან ნამდვილ „მაყურებელს“ გემსგავსებოდი. ბევრი საჭირო ხალხი გავიცანი ყველა სფეროში. მისაცემს ვაძლევდი, ასაღებს ვიღებდი. დიდ „ობშჩიაკში“ კი ყოველთვიურად სოლიდურ თანხებს ვრიცხავდი. „ავიატორი“ ხშირად მირეკავდა. მელაპარაკებოდა, მაქებდა და მაგულიანებდა:
– აბა, შენ იცი. თუ რამე დაგჭირდეს, დღე-ღამის ნებისმიერ დროს დამიკავშირდიო...
ამასობაში ცხრა თვე გავიდა. ერთ დღეს ჩემს საყვარელ პატარა კაფეში მივედი, რომელიც ქალაქგარეთ მდებარეობდა. იქ მე ხშირად დავდიოდი და ყავას ვსვამდი. ჩეულებისამებრ, იქ მხოლოდ ჩემი ერთი ხელქვეითი მიმყავდა – მძღოლი და ისიც მანქანაში მელოდებოდა, სანამ მე კაფეში ვიმყოფებოდი. იმ დღეს, ჩვეულებისამებრ, დავლიე ყავა და სიგარაც გავაბოლე. შემდეგ რამდენიმე ადამიანს ვესაუბრე საქმეზე და ბოლოს გასასვლელისკენ გავემართე, მაგრამ ორმა ბრგე ახალგაზრდამ გზა გადამიღობა. იარაღი მომადეს და მითხრეს:
– თუ წყნარად არ წამოგვყვები, აქვე მოგკლავთ.
მე მათ მოთხოვნას დავემორჩილე და გავყევი. მათ უკანა გასასვლელიდან გამიყვანეს, რომ ჩემს მძღოლს არ დავენახეთ. მერე შემინულ „ჯიპში“ ჩამსვეს და ნახევარსაათიანი ვოიაჟის შემდეგ ერთ მიტოვებულ ავტოსარემონტოში შევედით. იქაურობა მაზუთის სუნით იყო გაჟღენთილი. ჩემმა გამტაცებლებმა უფანჯრო ოთახში შემიყვანეს. იქ კი უცნობი, ორმოცდაათიოდე წლის კაცი დამხვდა. ზიზღით მომჩერებოდა და ხელში პისტოლეტი ეკავა.
– მიცანი? – კბილებში გამოცრა დამხვდურმა.
– ვერა, – თავი გავაქნიე მე.
– ვერც იმას ხვდები, ვინ შეიძლება, ვიყო?
– უამრავი ხილული და უხილავი მტერი მყავს. თქვენ, ალბათ, უხილავთაგანი ხართ.
– უკვე ხილული ვარ. ნოდარ შარია მქვია. გაგახსენდა, შე მკვლელო?
– მე მკვლელი არ ვარ, მით უმეტეს, თქვენი მეუღლის.
ჩემმა გამტაცებლებმა, რომლებიც მანამდე უხმოდ იდგნენ, ერთბაშად უთხრეს შონიას:
– მამა, ნება მოგვეცი, რომ ეს უტიფარი, დედაჩვენის მკვლელი ნაკუწ-ნაკუწ ავქნათ.
შარიამ ისინი ხელით შეაჩერა. მე კი მას ვუთხარი:
– შენს შვილებს რატომ რევ ამ ბინძურ საქმეში? მკვლელებად გინდა, აქციო?
– შურის მაძიებლებად! შენ რომ მათ დედა მოუკალი, ათი და თერთმეტი წლისანი იყვნენ. სწორედ მაშინ სჭირდებოდათ ყველაზე მეტად დედა, რომელიც შენ მათ წაართვი. და შენ გინდა, რომ შურიც არ იძიონ?
– გიმეორებ, შენი ცოლის მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ მაქვს.
– ლაჩარო! სიკვდილის წინ მაინც თქვი სიმართლე, რომ წამებაში არ ამოგხადო სული.
– ამომხდით და მართალ კაცს ტყუილ-უბრალოდ მოკლავთ. თანაც, წამებით, როგორც თქვენ მემუქრებით.
– შენ, ეგრეთ წოდებული, „მაყურებელი“, ვითომ მართალი კაცი ხარ?
– ყოველ შემთხვევაში, შენი ცოლი მე არ მომიკლავს.
– დავუშვათ, დავიჯერე. მაშინ ის თქვი, ვინ მოკლა.
– უშუალო მკვლელის ვინაობა არ ვიცი, მაგრამ შემიძლია, ორგანიზატორი დაგისახელო. თუმცა დაგაგვიანდათ, ის კაცი ცამეტი წლის წინ მოკლეს.
– გვაბოლებს ეს ნაბოზარი! – თქვა ერთ-ერთმა ვაჟმა და მამამისს მიუბრუნდა:
– ნება მოგვეცი, რომ წამებით ამოვხადოთ სული.
შარიამ მრისხანედ შეხედა შვილს და გააჩერა, მე კი მითხრა:
– მაინც, ვინ იყო ამის ორგანიზატორი?
– პოდპოლკოვნიკი გიზო შონია – ვუთხარი შარიას და დავაყოლე, – გსმენია რამე მის შესახებ?
შარია ჩაფიქრდა და მითხრა:
– ხომ არაფერი გეშლება?
– რა უნდა მეშლებოდეს?
– თუნდაც ის, რომ იძახი მკვდარიაო.
– არა. ის ნამდვილად პოდპოლკოვნიკი გიზო შონია იყო და ბანდიტებთან შეტაკებისას დაიღუპა 13 წლის წინ.
– თუ სასწაულებრივი დამთხვევა არაა, გენერალ-მაიორი გიზო შონია დღემდე ცოცხალია და უშიშროების სისტემაში ჩანერგვის სამსახურს განაგებს. სხვათა შორის, ჩემი ორივე ვაჟი მასთან მუშაობს.
შარიას სიტყვებზე ტვინში დამცხა და მივხვდი, რომ შონიამ ეს ყველაფერი განგებ გამიჩალიჩა. იმიტომ რომ ციხეში ვმჯდარიყავი და ოპერაციას გამოვდგომოდი. თუმცა, შემდგომ საბჭოთა კავშირი დაიშალა, ოპერაცია გაუქმდა. შონიამ კი, „გადამაგდო“, ვითომ არც ვარსებობდი. და მე თხუთმეტი წელი ტყუილად ვიჯექი ციხეში და ახლა კი არარსებული დანაშაულისთვის ჩემი სადისტური მოკვლა უნდათ. ცივმა ოფლმა დამასხა და ვთქვი:
– ნაძირალა, ყველაფერი მომატყუა იმ ნაბიჭვარმა!
– რას ბოდავ? იცოდე, თავს ვერ დაიძვრენ, – მითხრა შარიამ და დაამატა. რაც აქ ჩამოხვედი, იმის მერე გითვალთვალებთ. დღეს კი მოგიხელთეთ და დღესვე გამოგიყვანთ წირვას.
შარიებს ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და ბოლოს ვკითხე:
– არც ახლა გჯერათ?
შარია უფროსი სულ ერთიანად გაფითრებული იყო და ცივი ოფლი ასხამდა. გააბოლა, სული მოითქვა და მითხრა:
– მჯერა. შენი მონახთრობი სიმართლეს ჰგავს და როგორც ეტყობა, მისამართი შეგვეშალა. შენთან ბოდიშს ვიხდით. ნამდვილ დამნაშავეს კი აუცილებლად მივუღებთ ბოლოს. კიდევ ერთხელ ბოდიში და შეგიძლია, წახვიდე. უფრო სწორად, ჩემი ბიჭები წაგიყვანენ, სადაც ეტყვი.
მე თავი გავაქნიე და ვუთხარი:
– ასე არ გამოვა, თქვენ უკვე ყველაფერი იცით ჩემზე და რომ გაბაზრდეს არც მე დამადგება კარგი დღე და არც თქვენ. რაიმე გადაწყვეტილებამდე უნდა მივიდეთ.
– ჩვენ კრინტს არსად დავძრავთ. მაგრამ, არც შენ წამოგცდეს სადმე, რომ გენერალი ჩვენ მოვკალით.
– მოსულა, – ვთქვი მე და უფროს შარიას ხელი ხელზე დავურტყი.
შარიებს გაცილებაზე უარი ვუთხარი და მიტოვებული ავტოსარემონტოდან მარტო წამოვედი. ტრასიდან ტაქსის გავყევი ცენტრამდე. სახლში რომ მივედი, ჯემალი აღტაცებით შემხვდა. შეშინებულს მთელი შავები დაეყენებინა ფეხზე და რომ დამინახა, მკითხა:
– სად გაუჩინარდით, ბატონო პეტრე?
– ბავშვობის მეგობრები შემხვდნენ და რამდენიმე საათით წარსული გავიხსენეთ.
– მადლობა ღმერთს, რომ არაფერი შეგემთხვათ.
– წავალ, წავუძინებ, – ვუთხარი ჯემალს და საძინებელს მივაშურე.
თითქმის 24 საათი მეძინა. რომ გავიღვიძე და ტელევიზორი ჩავრთე, თვალი მომჭრა შემზარავმა კადრებმა. მასზე აღბეჭდილი იყო ცოცხლად დამწვარი ადამიანის კადრები და თქვეს, რომ სავარაუდოდ, ის გენერალი გიზო შონია იყო... გამეცინა და გუნებაში ვთქვი: შარიებმა შური იძიეს.
დასასრული
სიახლეები ამავე კატეგორიიდან