რომანი და დეტექტივი

მაყურებელი

№38

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 05.10

მაყურებელი
დაკოპირებულია

კონსპირაციულ ბინაში, რომელიც ვაკეში მდებარეობდა, პოდპოლკოვნიკს მხოლოდ მაშინ ვხვდებოდი, როდესაც ამის გადაუდებელი აუცილებლობა იყო. სხვა დროს კი ერთმანეთს ტელეფონით ვუკავშირდებოდით. ამჯერადაც დამირეკა და მითხრა:

– ხვალ, საღამოს ათზე!

დანიშნულ დროს მივედი. ჩემი გასაღებით გავაღე და შევედი. პოდპოლკოვნიკი უკვე იქ იყო.

– შუქი არ აანთო, – თქვა მან.

– არც მიფიქრია, – ვუთხარი და სავარძელში მოვკალათდი.

– ამჯერად ცოტა ხანგრძლივი მივლინება მოგიწევს.

– კოსმოსში მგზავნით?

– ციხეში.

– მაინცდამაინც იქ რატომ, დაილია ქვეყნად ბოროტმოქმედები?

– მოკლედ, ასე: სროკზე რომ გაგიშვებენ, „ავიატორთან“ მოხვდები. შენი ამოცანაა, მასთან ნდობაში შეხვიდე და ავტორიტეტი მოიპოვო. შემდეგ კი ვნახოთ.

– რა ვნახოთ, ციხეში რამდენი ხანი უნდა ვიჯდე?

– მაქსიმუმ, ორი წელი. შენი გაქანების პატრონს ნდობის მოსაპოვებლად მეტი დრო არ დაგჭირდება.

– რის გამო გამსროკავენ?

– საიუველირო მაღაზიის გაძარცვისთვის.

– მინიმუმ, რვაწლიანი საქმეა.

– ნუ გეშინია, ორ წელიწადში გამოგიყვანთ. მთავარია „ავიატორს“ დაუძმობილდე.

– დავუძმობილდები კიდეც. აბა, რომელი „იუველირკა“ უნდა დავბომბო.

– მაგას სხვა გააკეთებს. შენ კი ფაქტებს დაგიდებენ. ახლა კი წადი და დაისვენე. მეტი ამ ეტაპზე აღარ შევხვდებით. ციხეში კი საჭიროებისამებრ მოგინახულებ.

– მეკავშირე არ მეყოლება?

– არა. ამ ეტაპზე ეს ძალიან საშიშია. ჩემ გარდა არავინ იცის შენი ნამდვილი ვინაობა. ოპერაციის გეგმაში ორმაგი კოდით ხარ შეყვანილი და ვერავინ გაშიფრავს. აბა, წარმატებებს გისურვებ!

სახლში, სულ რაღაც, სამიოდე საათის მისული ვიყავი და დაღლილობისგან ტანსაცმლიანად ჩამეძინა. უცებ ბრახუნის ხმამ გამომაღვიძა და რომ გავხედე, ჩემს ოთახში შეიარაღებული ხალხი დავინახე. „ოპერაცია დაიწყო“, გავიფიქრე გუნებაში. მომხვდურებს კი მშვიდად ვკითხე:

– რა ხდება, მეგობრებო? თუ საყაჩაღოდ შემოვარდით, გარწმუნებთ, რომ ოცი მანეთის გარდა, კაპიკი არ გამაჩნია.

– აქ მთელი განძი აქვს ამ მკვლელს, – კბილებში გამოსცრა ერთ-ერთმა ოპერმა, რომელიც ტყავის ჩანთაში იქექებოდა. გაშმონა და დაამატა, – როგორც ეტყობა, მკვლელობის იარაღიც აქაა.

ნაძარცვს რომ აღმოაჩენდნენ, წინასწარ ვიცოდი, მაგრამ რა მკვლელობის იარაღზე იყო ლაპარაკი, წარმოდგენაც არ მქონდა.

– რას ბოდავ, მეგობარო, რის მკვლელობის იარაღი?

– შე ნაძირალავ, – მიღრიალა ჩანთის მჩითავმა და იარაღის ტარი ყბაში მომიქნია. გაწევა მოვასწარი, მაგრამ მხარში მომხვდა და ძირს დამცა. მან კი დააყოლა, – თავს იშტერებ, ხომ? დიდი ხნის სიცოცხლე არ გიწერია. ნოდარი ყველგან მოგწვდება, სადაც არ უნდა იყო.

დაახლოებით მივხვდი, თუ რაში იყო საქმე, მაგრამ სრული სიმართლე მილიციის სამმართველოში გავიგე. საიუველირო მაღაზიის ძარცვისას იქ მყოფი ქალი დაიღუპა და ის ქალი ნოდარ შარიას მეუღლე, ეკა შარია იყო. იარაღი და სხვა ფაქტები კი ჩემს სახლში აღმოჩნდა. ნოდარ შარია მილიციის მაიორი და მილიციის სამმართველოს მრისხანე ოპერი იყო. სამმართველოში რომ მიმიყვანეს და მკითხავდნენ, გარედან ნოდარის ღრიალი მესმოდა. ის ოთახში შემოიჭრა და ჩემს მოკვლას ლამობდა, მაგრამ არ შემოუშვეს: მერე კაპეზეში ჩამკეტეს, მეორე დღეს კი ადინოჩკაში გამომამწყვდიეს, რომ არ მოვეკალით. მე, რა თქმა უნდა, ყველაფერს უარვყოფდი. მაგრამ ნაძარცვი ძვირფასეულობა და იარაღი უტყუარი ფაქტები იყო და მოსამართლემ ციხეში 15 წლით გამამწესა. უკვე „გუბერნსკში“, მისჯილებში ვიჯექი, რომ „სვიდანიაზე“ დამიძახეს და რომ მივედი, იქ პოდპოლკოვნიკი დამხვდა.

– გამარჯობა, პეწკა, – პირქუშად მომესალმა ვიზიტორი და დაამატა, – იმ კრეტინებმა აურიეს ყველაფერი და შემთხვევამაც თავისი როლი ითამაშა... მაგრამ ნუ გეშინია, მაქსიმუმ, ორ წელიწადში გარეთ გამოგაგდებთ. მთავარია, „ავიატორს“ ჩაუბრატდე.

– ვინ რა აურია? გეგმით მკვლელობა არ იყო გათვალისწინებული, თანაც, ნოდარ შონიას ცოლის.

– შონიას ცოლი იქ შემთხვევით აღმოჩნდა. შემსრულებელი კი, როგორც მითხრეს, ძალიან ღელავდა და იაღლიში მოუვიდა. სროლა ატეხა.

– ვინაა შემსრულებელი?

– ღმერთი, რჯული, ხატი... მართლა არ ვიცი, მაგრამ გავიგებ და დავსჯი. ვინმე ახალბედა იქნება ოპერატიულიდან.

– ეგ როგორ არ იცით, ოპერაციის კურატორი ხომ თქვენ ხართ?

– იმ მომენტში დასავლეთში ვიყავი, როგორც კი კონსპირაციულ ბინაში ჩვენი შეხვედრა დასრულდა, მინისტრმა სასწრაფო საქმეზე გამიშვა, თორემ, სველ იარაღს როგორ ჩავადებინებდი შენთან?

– ახლა რა ხდება, რა მელის?

ჩემს სიტყვებზე პოდპოლკოვნიკს თვალები გამოუცოცხლდა და მითხრა:

– მართალია, იმ კრეტინების გამო საქმე ისე არ წავიდა, როგორც დაგეგმილი გვქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი კალაპოტში ჩადგა და შენ კვლავ ძველი პროგრამით იმოქმედე. ორი წელი იჯდები და „ავიატორს“ ჩაუბრატდები, შემდეგ კი გამოგიყვანთ, – მითხრა პოდპოლკოვნიკმა და დაამატა, – აბა, შენ იცი, იმოქმედე!

მე პეტრე ბოლქვაძე ვარ. იმ პერიოდში, როცა ეს ისტორია დაიწყო, 23 წლის ვიყავი. მაშინ კიევის მილიციის სკოლის წარჩინებით დამთავრების დიპლომი და მუშაობის მხოლოდ ერთი წლის სტაჟი მქონდა, თუ არ ჩავთვლით ხუთწლიან სწავლებას და ჩანერგვის სამსახურის დავალებით შესრულებულ სულ რაღაც ორიოდე საქმეს. ჩემი კურატორი კი პოდპოლკოვნიკი გიზო შონია იყო. სწორედ მან ამიყვანა ამ სამსახურში და „ავიატორთან“ დაკავშირებული ოპერაციაც სწორედ მან დაგეგმა. რაც შეეხება ავიატორს. ის ჩემზე ათი წლით უფროსი, 33 წლის კრიმინალური ავტორიტეტი იყო. იმ პერიოდში სასჯელს თბილისის ციხეში იხდიდა, გუბერნსკად (ცარიზმის დროს ის საგუბერნიო ციხე იყო) წოდებულში. წესით, სასჯელი კრიტში უნდა მომეხადა, „ავიატორთან“ ერთად, მაგრამ მოულოდნელად „ავიატორი“ გააციმბირეს და ცოტა ხნის მერე, მეც მის კვალს გამიყენეს, რადგან მასთან კონტაქტის გარეშე ოპერაციას აზრი არ ჰქონდა...

გეგმის მიხედვით, მე და „ავიატორი“ ერთმანეთს კრიტში უნდა გავცნობოდით. მაგრამ ეს არ მოხერხდა და ერთმანეთი ციმბირის განსაკუთრებული რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში გავიცანით. „ავიატორი“ იქ სულ რაღაც ოთხი თვის მოყვანილი იყო და „მაყურებლის“ სტატუსს ფლობდა. მე რომ მიმიყვანეს, ავიატორს წარვუდექი და ვუთხარი:

– გამარჯობა, „ავიატორო“!

– გაგიმარჯოს, – მიპასუხა მან. ხელი ჩამომართვა და დაამატა, – თუ არ ვცდები, შენ პეტრე ბოლქვაძე უნდა იყო. თბილისიდან გადმოგაეტაჟეს.

– კი. მასეა. ბოლქვაძე ვარ და უბრალოდ, პეწკას მეძახიან. კრიტში რომ გამამწესეს, შენ მაშინ გადმოგაეტაჟეს და შენი გაცნობა ვერ მოვასწარი.

– მთავარია, რომ მაინც გავიცანით ერთმანეთი. თხუთმეტწლიანზე ხარ, ხომ, გაშვებული?

– კი. თხუთმეტწლიანზე. საიუველირო მაღაზია დავბომბე. იქ ქალი დაიღუპა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ბრალი არაა. მაღაზიას მილიციელმა სროლა ატეხა ჩემი მისამართით და მისი ტყვია მოხვდა იმ უბედურს. ყველაფერი მე დამაბრალეს და დახვრეტის მოცემაც კი უნდოდათ, თუმცა გადავრჩი.

– სამწუხაროა. მათ უმეტეს, თუ იმ ქალს შენი ტყვია არ მოხვედრია.

– ნამდვილად ვიცი, რომ ჩემი ტყვია არ მოხვედრია. ის საცოდავი კი მაიორ ნოდარ შარიას ცოლი აღმოჩნდა.

– სამმართველოს ოპერის?

– კი, მისი.

„ავიატორმა“ თავი გააქნია და მითხრა:

– საშინელი მტერი შეგიძენია. მართალია, შარია პატიოსანი, მოუსყიდავი კაცია, მაგრამ წყენას არასდროს ივიწყებს. მით უმეტეს, ცოლის მკვლელობას არავის შეარჩენს. ძალიან ფრთხილად უნდა იყო, ძმაო.

– აქაც მომწვდება?

– გამორიცხული არაა.

– სამმართველოში რომ მიმიყვანეს დაკითხვაზე, ოთახში შემოიჭრა და ჩემი მოკვლა უნდოდა, მაგრამ არ შემოუშვეს. კაპეზესა და ციხეში კი იზოლაციაში მამყოფებდნენ და ბოლოს აქეთ გამომიშვეს.

– სიმართლე გითხრა, ძალიან არ გაგიმართლა. აქ კურორტი არაა, მაგრამ თბილისიდან შორია და იმედი ვიქონიოთ, რომ შარია ვერ მოგწვდება. მით უმეტეს, რომ მისი ცოლი შენი მოკლული არ ყოფილა.

– ნამდვილად არ მომიკლავს, დედ-მამის სულს გეფიცები!

– ჩვენთან იცხოვრებ, ძმაო და თუ სურვილი გექნება, დროთა განმავლობაში შეიძლება, ჩვენი ოჯახის სრულუფლებიანი წევრიც კი გახდე.

– სიმართლე გითხრა, ქურდულის ბევრი არაფერი გამეგება.

– კაცურის?

– კაცურის – კი.

– ჰოდა, ქურდული და კაცური ერთი და იგივეა. ახალგაზრდა ხარ და თუ დაგვიჯერებ, ყველაფერს გასწავლით.

„ავიატორის“ გაცნობა და მასთან დაახლოება იმაზე ბევრად უკეთესად მოხდა, ვიდრე ეს გეგმით იყო გათვალისწინებული. „ავიატორის“ წყალობით, ქურდებთან ვცხოვრობდი. მათ ადათ-წესებს ვეცნობოდი და ყოველდღიურად ქურდული მასტი ვხდებოდი. ძალიან ბევრი ისეთი რამ გავიგე და ავითვისე, რაც მილიციის სპეცსკოლაში არავის უსწავლებია, თუმცა იქ ამ დარგის საკმაოდ მაღალკვალიფიციური ლექტორები მოღვაწეობდნენ, მათ შორის, ყოფილი კანონიერი ქურდებიც...

ამასობაში ორი წელიწადიც გავიდა და ჩემი გამოყვანის დროც დადგა. მაგრამ, ხომ გაგიგონიათ, კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო... ან – უბედურ კაცს ქვა აღმართში დაეწევაო. ერთი სიტყვით, „ლაგერში“ შევიტყვე, რომ ჩემი კურატორი, მილიციის პოდპოლკოვნიკი გიზო შონია ერთ-ერთ ბანდიტურ ჯგუფთან შეტაკების დროს მოკლეს. ეს რომ შევიტყვე, ლამის გული გამისკდა. ჩემ შესახებ ხომ მხოლოდ შონიამ იცოდა და რადგან ის მკვდარი იყო, ესე იგი, კიდევ ცამეტი წელიწადი მომიწევდა ციხეში ჯდომა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, თხუთმეტწლიანი „სროკი“ ბოლომდე მოვიხადე და ციხიდან რომ გამოვედი, საბჭოთა კავშირი უკვე დაშლილი იყო. საქართველო კი დამოუკიდებელი სახელმწიფო და იქ დაბრუნების არანაირი სურვილი არ მქონია. ყველა არქივში მხოლოდ და მხოლოდ კოდური ნიშნით ვიყავი შეყვანილი და ცნობები ჩემ შესახებ მხოლოდ პოდპოლკოვნიკმა იცოდა, რომელმაც საფლავში ჩაიტანა...

„ავიატორი“ციხიდან უკვე ხუთი წლის გათავისუფლებული იყო და მისი სახელი მთელ რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ქუხდა. მისი მზრუნველობა არ მაკლდა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე კანონიერი ქურდი ვიყავი და ისიც „ავიატორის“ წყალობით.

ციხიდან რომ ფეხი გამოვდგი და გავიზმორე, ციმბირის ღრუბლიანმა მზემ თვალები მომჭრა. მართალია, კვლავ თოვლი იდო, მაგრამ გაზაფხულის სურნელი იქაც იგრძნობოდა. უცებ კოლონიის წინ ორი ახალთახალი „ჯიპი“ გაჩერდა. კარი გაიღო და კაბინიდან „ავიატორი“ გადმოვიდა. რომ დამინახა, ჩემკენ წამოვიდა, მე კი – მისკენ. ერთმანეთს ჩავეხუტეთ და უფროსმა კოლეგამ მითხრა:

– საით გიჭირავს გეზი, ძმობილო?

– რუსეთი დიდია. ადგილს მოვნახავ.

– ესე იგი, სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებ.

გამეცინა და ცნობილი სიმღერის სიტყვებით ვუთხარი:

– ჩემი მისამართი საბჭოთა კავშირია...

– შენთვის უკვე მონახულია ადგილი და მხოლოდ და მხოლოდ შენი თანხმობაა საჭირო.

– რა ადგილი და რა თახმობა, „ავიატორო“?

– მაგას მაშინ გაიგებ, მოსკოვში რომ ჩავალთ. ახლა კი ცხოვრებით დატკბი. წავედით!

ავიატორი პირველ „ჯიპში“ ჩაჯდა, თავის ხელქვეითებთან ერთად. მე კი მეორეში მოვთავსდი, სადაც სიურპრიზი მელოდა – ახალგაზრდა, ტანწერწეტა, შიშველი გოგონა. მან ზეკის ტანსაცმელი გამაძრო და მეცა. მე კი მძღოლს დავუყვირე, – წინ იყურე, ავარია არ მოახდინო-მეთქი და სიყვარულის მორევში გადავეშვი.

მთელი გზა სიყვარულით ვიყავი გართული და მხოლოდ მაშინ დავოკდი, როდესაც აეროდრომზე მივედით. მანქანებიდან რომ გადმოვედით, „ავიატორმა“ მკითხა:

– გაძეხი სიყვარულით?

– ჯერ ვერა. თხუთმეტწლიანი პაუზის შევსება არცთუ ისე იოლია.

– ყველაფერი წინ გაქვს. ახლა კი წავედით!

„ავიატორი“ უახლესი მოდელის კერძო თვითმფრინავისკენ გაემართა და ხელკავით გამიყოლა გვერდით. მე ვკითხე:

– რამდენად იქირავე?

– უფასოა, – გაეცინა ავიატორს.

– უფასო? ეგ როგორ?

– ჩვენი საძმოსია, პეწკა. ქურდული თვითმფრინავია.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №39

29 სექტემბერი-5 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა