რომანი და დეტექტივი

ქურდი ჯენტლმენი

№22

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 12.06

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • აგატა კრისტი

პუარომ დეპეშა წაიკითხა და ჰასტინგსს მიუბრუნდა.

– მოემზადე. შარპლში მივდივართ. ნახევარ საათში მანქანა მოგვაკითხავს.

– ახლა? კი, მაგრამ, შუაღამეა. ვის დავჭირდით ასე სასწრაფოდ.

– ლორდ ელოვეის. შენ იცი, რომ ის მალე პრემიერ-მინისტრი გახდება. იმედის მომცემი პოლიტიკოსია და მინისტრთა კაბინეტის ყველაზე თვალსაჩინო წევრი.

– მახსოვს, ლორდი რალფ კერტისი – მაშინ ასე ერქვა, ერთ სერიოზულ სკანდალში გაეხვია, მერე თითქოს მოგვარდა ეს ამბავი. ოღონდ, როგორ – არ ვიცი, – ჩაიბურტყუნა ჰასტინგსმა.

– ეს ამბავი დავიწყებულია. „როლს-როისი“ იცდის, წავედით.

კაბინეტში ლორდი ელოვეი სტუმრებს უკვე ელოდა. საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი იყო. მის გამოხედვაში ენერგია და ძალა იგრძნობოდა. ის მარტო არ იყო.

– ბატონებო, გაიცანით, ადმირალი სერ ჰარი ვაირდელი. პირველი ლორდი. სერ ჰარი, მესიე ერკიულ პუარო და ჰასტინგსი. დიახ, მათ არაჩვეულებრივი სამსახური გაუწიეს ინგლისს ერთ დელიკატურ საქმეში.

– სალაპარაკოდ არ ღირს, თქვენო ბრწყინვალებავ, – გაიღიმა პუარომ, – აჯობებს, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.

– ო, დიახ, – ლორდი ელოვეი ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა, – მესიე პუარო, საშინელება მოხდა. წყალქვეშა ნავის ნახაზები დაიკარგა. ეს სახელმწიფო მნიშვნელობის საიდუმლო ნახაზებია. ხვდებით, ალბათ, რა მდგომარეობაში ვართ. ნახაზები აქ იყო, ჩემს კაბინეტში. პირდაპირ მაგიდიდან მოიპარეს.

პუარო შეიჭმუხნა.

– ყველაფერი დალაგებით მომიყევით, თუ შეიძლება და თანმიმდევრობით.

– რა თქმა უნდა. ეს, დაახლოებით, სამი საათის წინ მოხდა. სტუმრები მყავდა – სერ ვაირდელი, ცოლითა და ვაჟიშვილით, ასევე მისის კონრადი – ლონდონის მაღალ წრეებში საკმაოდ მიღებული ქალბატონი. ვახშმის შემდეგ, დაახლოებით, ათი საათი იქნებოდა, ქალბატონები დასაძინებლად გაემართნენ მათთვის განკუთვნილ ოთახებში. რამდენიმე წუთში მათ მაგალითს ახალგაზრდა ლეონარდ ვაირდელმაც მიჰბაძა. სერ ჰარის და მე კი წყალქვეშა ნავის პარამეტრები უნდა განგვეხილა. დოკუმენტების მომზადება ჩემს მდივანს ფიცროის ვთხოვე – სეიფიდან უნდა გამოეღო და საწერ მაგიდაზე დაეწყო. მე და ადმირალი სიგარის მოსაწევად ტერასაზე გავედით. იქ ვსეირნობდით და უცებ მომეჩვენა, თითქოს აივნის კარიდან რაღაც ჩრდილი გასხლტა. ბაღში გადახტა და სიბნელეს შეერია.

– არავითარი ჩრდილი იქ არ ყოფილა, – საუბარში ჩაერია ადმირალი, – მე ზღვაზე დავბერდი და არაჩვეულებრივი მხედველობა მაქვს. ვინმე რომ ყოფილიყო, აუცილებლად შევნიშნავდი.

– ჩვენ ამაზე თქვენს მოსვლამდეც ვდავობდით, – თქვა ლორდმა.

– განაგრძეთ, სერ, – პუარო ყურადღებით უსმენდა.

– დიახ. კაბინეტში ტერასიდან შევედით. სწორედ იმ მომენტში ჰოლიდან ფიცროიც შემოვიდა კაბინეტში. ვკითხე, რამე ხომ არ დაგავიწყდა-მეთქი და მითხრა, რომ სულ ორი წუთით გავიდა ჰოლში, რადგან ქალის კივილის ხმა გაიგონა.

– ვინ კიოდა?

– მისის კონრადის მოსამსახურე გოგო. ფიცროის უთხრა, რომ თეთრებში ჩაცმული მოჩვენება დაინახა. ამაზე ფიცროიმ, რა თქმა უნდა, ბევრი იცინა და კაბინეტში დაბრუნდა. რაც შეეხება ნახაზებს, ის მაგიდიდან, სწორედ იმ დროს გაქრა, როცა ფიცროი მოსამსახურე გოგოს კივილზე კაბინეტიდან გავიდა.

– ანუ, 3-4 წუთის განმავლობაში, – ჩაილაპარაკა პუარომ.

– შეიძლება, ნაკლებშიც, რადგან მე და ადმირალი კაბინეტში ფიცროიზე ცოტა ადრე შევედით.

– ფიცროიზე რას მეტყვით?

– თავს დავდებ მასზე! – ცხარედ წამოიძახა ლორდმა ელოვეიმ, – ყველაზე შეიძლება ეჭვის მიტანა, ოღონდ მასზე არა.

– ჰო, მაგრამ ამ ისტორიაში მოსამსახურე გოგომ რაღაც როლი აუცილებლად შეასრულა. თუ თქვენც გჯერათ, რომ მან მოჩვენება დაინახა? თქვენო აღმატებულებავ, მომიტევეთ, მაგრამ თქვენი სტუმრების გაღვიძება და მათთან გასაუბრება მომიწევს. რა თქმა უნდა, არ ვეტყვი, რა დოკუმენტები დაიკარგა, მაგრამ ამას, უბრალოდ, გვერდს ვერაფრით ავუვლი.

– დიახ, აუცილებლად. მოსამსახურეს ვეტყვი, ისინი სასადილო ოთახში მოიწვიოს და ძალიან დამავალებთ, თუ დაკონკრეტებისგან თავს შეიკავებთ.

– მესმის, მილორდ, მაქსიმალურად ფრთხილი ვიქნები, – დაჰპირდა პუარო.

სანამ ლორდი ელოვეის სტუმრები სასტუმრო ოთახში შეიკრიბებოდნენ, პუარო ტერასაზე გავიდა და რამდენიმე წუთი ბაღში ყურადღებით ათვალიერებდა ბალახს.

– მილორდ, თქვენ აშკარად შეცდით აჩრდილთან დაკავშირებით. ბატონი ადმირალი კი სიმართლეს ამბობდა, როცა თქვა, რომ თქვენ ეს მხოლოდ მოგეჩვენათ. დღეს საღამოს ისეთი წვიმა იყო, გაზონზე კი არავითარი კვალი არ არის.

– ნუთუ მომეჩვენა, – წამოიძახა ლორდმა, – შეუძლებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ დოკუმენტების მოპარვა, მხოლოდ სახლში მყოფთაგან შეეძლო რომელიმეს?!

– დიახ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ვის ჰქონდა კაბინეტში შესვლის შესაძლებლობა, სანამ ფიცროი მოსამსახურე გოგოს ელაპარაკებოდა?

– გამორიცხულია, ვინც უნდა შესულიყო კაბინეტში, ფიცროი მას აუცილებლად დაინახავდა.

– დასაწყისში ყველაფერი შეუძლებლად გვეჩვენება ხოლმე... – მოიღუშა პუარო, – ვნახოთ, თქვენს სტუმრებთან გასაუბრება რას მოგვიტანს.

– დიახ, ალბათ, მართალი ბრძანდებით, – უხალისოდ დაეთანხმა ლორდიც. პუარო სასტუმრო ოთახში შევიდა. იქ მას უკვე ელოდნენ პენუარში გამოწყობილი ქალბატონები. ლორდის მეუღლე მშვენიერი იყო, შავი თმითა და მოციმციმე თვალებით. მის ვაჟიშვილს ტიპური მექალთანის გარეგნობა და გამოხედვა ჰქონდა. რაც შეეხება მისის კონრადს, ჰასტინგსი აღაფრთოვანა მისმა გარეგნობამ.

– მილორდ, – ჩუმად ჰკითხა პუარომ ლორდს, – ეს ქალბატონი იმიტომ ხომ არ მოიპატიჟეთ, რომ მასზე უფრო მეტის გაგება გინდოდათ?

– დიახ. მის წარსულ ცხოვრებაზე არაფერია ცნობილი. დაახლოებულია დიპლომატიურ და სამთავრობო წრეებთან. აწყობს მდიდრულ წვეულებებს და ერთი სიტყვით...

– გასაგებია, – თავი დაუქნია პუარომ და ქალბატონებს მიუბრუნდა, – ძალიან გვიან შეგაწუხეთ, მაგრამ სიტუაცია ვერ იცდის. რამდენიმე საათის წინ, კაბინეტიდან რაღაც დაიკარგა. მინდა ვიცოდე, თქვენ სად იყავით ამ დროს. მისის კონრად, თქვენგან დავიწყოთ.

– არაფერი საინტერესო, ავედი ოთახში და ჩემს მოსამსახურეს დავუძახე. ამოსვლას აგვიანებდა. მგონი, კიბეზე ვიღაცას ელაპარაკებოდა. სულ ეს არის. არაფერი გამიგონია. ღრმა ძილი ვიცი. თან დღეს ძალიან დავიღალე.

– თქვენ?

– მეც ავედი და მაშინვე დავწექი, – თქვა ადმირალის მეუღლემ და გაწითლდა.

– კი, მაგრამ თქვენი წიგნი? – შეახსენა მისის კონრადმა. თქვენ ხომ თქვით, სასტუმრო ოთახში წიგნი დამრჩა და ჩავბრუნდიო.

– აჰ, დიახ. გამახსენდა. ჰო, ავიღე და მაშინვე უკან ამოვბრუნდი. არაფერი დამინახავს და არაფერი გამიგონია.

– მეც ადრე დავწექი დასაძინებლად და ჩემი ოთახიდან ახლა გამოვედი, რადგან თქვენ დამიძახეთ, – სწრაფად თქვა ლეონარდ ვაირდელმა.

პუარომ გაიღიმა, ოთახი დატოვა და ჰოლში გასულმა მოსამსახურე გოგო თითით მოიხმო...

– აბა, პატარავ, ყველაფერი გულახდილად უნდა მითხრა. გაკოცა, არა?

– დიახ, მესიე... ზურგიდან მომეპარა და... ძალიან მოულოდნელი იყო. იმიტომაც ვიკივლე, მერე იძულებული გავხდი, ის სულელური ტყუილი მომეგონებინა, მოჩვენებაზე.

– აჰა, ასეც ვიცოდი, – პუარომ ხელები მოიფშვნიტა, – ჰასტინგს, ჩვენ აქ აღარაფერი გვესაქმება. მასპინძლებს გამოვემშვიდობოთ და წავიდეთ.

– როგორ, ნახაზები? – ჰასტინგსს თვალები გაუფართოვდა.

– ნახაზებს ქურდი მალევე დააბრუნებს, მილორდ, ნახაზებს არაფერი ემუქრება და კიდევ... ჩემი თქვენდამი პატივისცემიდან გამომდინარე, პირობას გაძლევთ, რომ ამ საქმეს არ ჩავუღრმავდები. ლორდმა გაიღიმა და პუაროს მაგრად ჩამოართვა ხელი. ჰასტინგსმა მთელი გზა ხმა ვერ ამოაღებინა პუაროს. მხოლოდ მოგვიანებით, როცა უკვე ჩაის მიირთმევდნენ, პუარომ მოწყალება გაიღო და მისი ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა.

– ჰასტინგს, დამშვიდდით. ნახაზები არ დაკარგულა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ლორდზე უკეთეს პრემიერ-მინისტრს ინგლისი ვერ იშოვის. მან თავად გაათამაშა ეს ყველაფერი.

– რა სისულელეა, რაში დასჭირდა?

– მახსოვს მითხარით, რამდენიმე წლის წინ, რაღაც სკანდალში იყო გახვეულიო. ჰოდა, ვიღაც აშანტაჟებდა. სანაცვლოდ კი, ნახაზებს სთხოვდა. ამ დროს კი ნახაზებს „იპარავენ“. ქურდი უჩინარია. ის ქალი – მისის კონრადი აგენტია, მაგრამ მოწმეა, როგორ დამიძახა ლორდმა ნახაზების ქურდობის საქმეზე, საუკეთესო მაძებარი, ანუ მე. ახლა მიხვდით?

– გენიალურია... გენიალური...

რამდენიმე დღის შემდეგ, პუარომ ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრისგან სოლიდური თანხის ჩეკი და მადლობის წერილი მიიღო.

თარგმნა

ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

8-14 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 8 - 14 აგვისტო