რომანი და დეტექტივი

კურატორი

№12

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 30.03

კურატორი
დაკოპირებულია

საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, ეგრეთ წოდებულ, გრძელვადიან მივლინებაში ვიმყოფებოდი ავღანეთში. „გრძელვადიანი მივლინება“ – ჩვენებურად, ნიშნავს, რომ სადაზვერვო საქმიანობას ვახორციელებდი მოწინააღმდეგის ზურგში.

ავღანეთში მას შემდეგ მიმავლინა „პეგეუმ“, ანუ საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტის პირველმა სამმართველომ, იგივე საგარეო დაზვერვამ, როდესაც ჩემმა კოლეგებმა ჰაფიზულა ამინი გაანადგურეს და ქვეყანაში „წითელი არმია“ შეიჭრა.

„პეგეუში“ კი ინსტიტუტიდან მოვხვდი. მოსკოვში აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე ვსწავლობდი. 21 წლის ვიყავი და უკვე თურქულს, სპარსულსა და ავღანურ ენებს სრულყოფილად ვფლობდი, თანაც დიალექტებითურთ.

დიპლომის დაცვიდან რომ გამოვედი, მთელი ჩემი ჯგუფი მელოდებოდა, რადგან ბოლო მე ვიყავი. მოვილაპარაკეთ, რომ რესტორან „არაგვში“ გადაგვეხადა ბანკეტი. დარბაზი დაჯავშნილი გვქონდა, ფული კი – წინასწარ გადახდილი და სასიამოვნო საღამოს მოლოდინში ტანში ჟრუანტელი მივლიდა.

აუდიტორიიდან რომ გამოვედი და მივიხედ-მოვიხედე, ნაცნობი ვერ დავინახე, მხოლოდ ერთი შუახნის კაცი იდგა კუთხეში და დაჟინებით მიყურებდა. გავიფიქრე, ალბათ, ჩემები ქუჩაში მელოდებიან-მეთქი... ნაბიჯს ავუჩქარე და კიბეებისკენ გავემართე. იმ კაცს რომ გავუსწორდი, მითხრა:

– ნუ ჩქარობთ, რეზო! თქვენები უკვე რესტორანში წავიდნენ და იქ გელოდებიან. მანქანით ვარ და მიგიყვანთ.

გავიფიქრე, ალბათ, ჩემი მეგობრების მიერ დაქირავებული მძღოლია-მეთქი და უხმოდ, ყოველგვარი შეკითხვის გარეშე გავყევი უკან. შავი ფერის „ვოლგა გაზ 21-ში“ ჩავსხედით და დავიძარით. მოსკოვს კარგად ვიცნობდი და რადგან სულ სხვა მიმართულებით მივდიოდით, მძღოლს ვუთხარი:

– უკაცრავად, არასწორად მივდივართ, რესტორანი „არაგვი“ საპირისპირო მხარესაა.

– ნუ ღელავთ, რეზო. სწორად მივდივართ, – მიპასუხა მძღოლმა.

მან უკვე მეორედ მომმართა სახელით. ამიტომ ვკითხე:

– უკაცრავად, მაგრამ ვინ ბრძანდებით და ჩემი სახელი საიდან იცით?

– ძია ვანია დამიძახეთ, – მითხრა მძღოლმა. ძერჟინსკის მოედანს შემოუარა და უზარმაზარი შენობის ერთ-ერთ გვერდით შესასვლელში ოსტატურად შესრიალდა.

ეს ყოველივე ისე სწრაფად მოხდა, რომ აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი. მხოლოდ მაშინ „გამინათდა“ გონება, როდესაც მანქანა გაჩერდა და „ძია ვანიამ“ უკვე შენობით მომმართა.:

– გადმოდი, წითელდიპლომიანო. უკვე დანიშნულების ადგილზე მოვედით.

დახურულ ეზოში რომ გადავდგი ფეხი, დავრწმუნდი, „კაგებეში“ ვიმყოფებოდი. არ შემშინებია, რადგან „საკაგებეო“ არასდროს არაფერი ჩამიდენია. არც საეჭვო წინაპრები მყოლია. მამაჩემი დიპლომატი იყო, დედაჩემი კი – უცხო ენების სპეციალისტი. ორივე პარტიულები და პატივცემული ადამიანები, უბრალოდ, გამიკვირდა და ძია ვანიას ვკითხე:

– თუ შეიძლება, ამიხსენით, რა ხდება?

– ალბათ, მიხვდი, რომ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში ხარ.

– დიახ.

– ჰოდა, წამოდი. ადგილზე ყველაფერს გაიგებ.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, კომიტეტის შენობის მეხუთე სართულზე ავედით. იქაურობა უდაბნოს ჰგავდა. კაციშვილის ჭაჭანება არ იყო და სამარისებური სიჩუმე იდგა. დერეფანში სქელი ხალიჩა იყო დაგებული და ჯარისკაცური ნაბიჯითაც რომ გაგვევლო, ჩქამსაც კი ვერ გაიგონებდი. გრძელი დერეფნის ორივე მხარეს ოთახები იყო ჩამწკრივებული. ორმაგ კარებს კი ხმა გაუმტარი ტყავი ჰქონდა გადაკრული. ძია ვანია დერეფნის ბოლო, მარცხნივ მდებარე ოთახთან შეჩერდა. კარი გასაღებით გააღო და მითხრა.

– შედი, მოვედით.

ოთახი 20-22 კვადრატული მეტრი იქნებოდა შუაში საწერი მაგიდა იდგა. მარჯვნივ კი – ტახტი, მართკუთხედი მაგიდა და ორი რბილი სავარძელი. მაგიდიდან მარცხნივ – ცეცხლგამძლე სეიფი. მის გაყოლებაზე კი –„სტენკა“. მაგიდის უკან ლენინისა და ძერჟინსკის პორტრეტები ეკიდა.

– სავარძელში მოკალათდი, – მითხრა ძია ვანიამ და თავადაც დაჯდა. მცირეოდენი პაუზის შემდეგ კი დაამატა, – მოგწონს აქაურობა?

მივიხედ-მოვიხედე. მხრები ავიჩეჩე და ვუპასუხე:

– აბა, რა გითხრათ, პირველად ვარ ასეთ გარემოში.

– და, იმედია, რომ არა უკანასკნელად, – მითხრა ძია ვანიამ და დაამატა, – შენ კონტრდაზვერვის სამმართველოში იმყოფები. აქ კი იმიტომ მოგიწვიე, რომ რაღაც შემოგთავაზო.

„კი, რა თქმა უნდა, მომიწვიეთ მომიწვიეთ კი არა და შეიძლება, ითქვას, რომ შემომიტყუეთ“, – გავიფიქრე მე. ხმამაღლა კი ვთქვი:

– გისმენთ, ძია ვანია. ბრძანეთ, რა უნდა შემომთავაზოთ.

– ყოჩაღ, რეზო, ყოჩაღ, აშკარად გეტყობა, რომ ჩვენი კაცი ხარ და აქაურობას უპრობლემოდ შეეთვისები. ჩემი წინადადება კი შემდგომში მდგომარეობს: შენ, როგორც წარჩინებული სტუდენტი, კეთილსაიმედო ადამიანი და თითქმის ყოველმხრივ გაწონასწორებული, გვინდა, რომ ჩვენი უწყების სპეცსკოლაში გაგამწესოთ და აქ ამიტომ ხარ.

– დაახლოებით, ვხვდები, თუ რა შეიძლება იყოს სპეცსკოლა. მაგრამ, იქნებ, უფრო დამიკონკრეტოთ, რათა უფრო ნათელი წარმოდგენა მქონდეს.

– პირველ ეტაპზე ზოგად მომზადებას გაივლი და თუკი წარმატებით გაართმევ თავს, უკვე შემდგომ ეტაპზე გადახვალ. გაივლი გასამხედროებულ ფიზიკურ მომზადებას. ფსიქო-მორალურ ტესტირებას. შემდგომ კი ყველაფერი შენზე იქნება დამოკიდებული – ზოგადად მითხრა ძია ვანიამ და მივხვდი, რომ ჩაძიებას აზრი არ ჰქონდა.

– კარგი. ვცადოთ. ძალიან საინტერესო წინადადებაა, – ვთქვი მე.

– ჰოდა, ძალიან კარგი, რეზო. ახლა მე „არაგვთან“ მიგიყვან და შეუერთდი შენს ჯგუფელებს, რომლებიც მოუთმენლად გელოდებიან. მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს, ბევრი არ დალიო და რაც მთავარია, ჩვენს შეხვედრასა და საუბარზე არავისთან არაფერი დაგცდეს. ზეგიდან კი უკვე სპეცსკოლის კურსანტი იქნები.

– ძია ვანია, დიპლომი რომ მაქვს ასაღები ერთი კვირის შემდეგ?

ძია ვანიას გაეცინა. საწერი მაგიდის უჯრიდან წითელი ნივთი ამოიღო, გამომიწოდა და მითხრა:

– აი, შენი დიპლომი

ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. სულ რაღაც ერთი საათის წინ დავიცავი დიპლომი და უწყისებში მელანიც არ იქნებოდა შემშრალი. დიპლომი გამოვართვი, გადავშალე და წავიკითხე, „ბახტაძე რევაზ ოტაროვიჩ...“ დიპლომის დანართში საგნების ჩამონათვალი იყო და ყველაფერში ფრიადი მეწერა. მხრები ავიჩეჩე და ძია ვანიას ვუთხარი:

– როგორ შეძელით დიპლომის ასე მალე აღება?

– ჩვენ ბევრი რამ შეგვიძლია. ახლა კი წავედით, – მითხრა ძია ვანიამ და ათი წუთის შემდეგ უკვე რესტორან „არაგვისკენ“ მივიჩქაროდით.

ძია ვანიამ „ვოლგა“ რესტორნის შორიახლო გააჩერა და გადავიდა. შემდეგ საბარგულიდან უზარმაზარი, ვარდებით სავსე კალათა ამოიღო და მითხრა:

– წაიღე და გოგონებს მიართვი. იციან, რომ სიურპრიზი უნდა გაუკეთო და გაუხარდებათ. აი, ესეც...

კალათასთან ერთად, ძია ვანიამ ორი ცალი ლამაზად მოხატული ცელოფნის პარკი მომცა და მითხრა:

– წითელში „შანელ ¹5-ია“, თეთრში კი – „მისტერ ამერიკა“; მამაკაცებისთვის და შენს ჯგუფელებს დაურიგე. უთხარი, რომ მამამ ჩამოგიტანათ საჩუქრად, – მერე ძია ვანიამ ჯიბიდან ცისფერხავერდგადაკრული პატარა ყუთი ამოაცურა, გამომიწოდა და დაამატა, აი, ეს კი იულიას აჩუქე, იტალიური ოქროა.

იულია ჩემი შეყვარებული იყო. ასევე, წითელდიპლომიანი და ძალიან ლამაზი, შავგვრემანი გოგონა.

მთელი ეს ძღვენი „ავისხი“, ძია ვანიას გამოვემშვიდობე და „არაგვში“ შევედი. ჩემი ჯგუფელები კინაღამ გაგიჟდნენ სიხარულისგან და პატარა ბავშვებივით ხტუნაობდნენ. იულია ჩუმად დასცქეროდა სუნამოს, მე კი გვერდზე გავიყვანე, ბიჟუტერიის ყუთი მივაწოდე და ვუთხარი:

– ეს კი – პირადად ჩემგან.

ყუთში ორი წყვილი საყურე აღმოჩნდა, ერთი წითელი და მეორე კი ლურჯი ფერის თვლებით. ჩემს შეყვარებულს უზომოდ გაუხარდა. კისერზე ჩამომეკიდა და მაკოცა. შემდეგ ყველანი სუფრას მივუსხედით. გვიანობამდე ვიქეიფეთ და რომ დავიშალეთ, შუაღამე კარგა ხნის გადასული იყო. მე და იულია ფეხით გავუყევით ცენტრალურ გამზირს. ის სახლში უნდა მიმეცილებინა და როდესაც მის სადარბაზოს მივუახლოვდით, მან მოულოდნელად მითხრა:

– ჩემთან არ ამოხვალ?

– უხერხულია. ღამის ორი საათია, იულინკა, – ვთქვი მე, თუმცა იულიასთან ასვლა ძალიანაც მინდოდა.

– მარტო ვარ.

– მარტო?

– ჰო, მარტო. დედ-მამა გუშინ ექსპედიციაში წავიდნენ სამი თვით.

ამ ცნობამ ძალიან გამახარა, მაგრამ იულიას ვუთხარი:

– იულინკა, მართლა გინდა, რომ ამოვიდე?

– შენ რა, არ გინდა? – კითხვა შემომიბრუნა იულიამ.

– ძალიან.

– მეც – ძალიან, – მითხრა გოგონამ, ხელი ჩამკიდა და დაამატა, – წავედით!

ის ღამე იულიასთან გავატარე და რადგან მეორე დღეს ძია ვანიას შეთანხმებულ ადგილზე უნდა შევხვედროდი და მომზადება მჭირდებოდა, მეორე ღამეს ჩემს შეყვარებულთან აღარ დავრჩი. ამან იულია გააოცა და მკითხა:

– მიდიხარ?

– ჩემები საზღვარგარეთ მიემგზავრებიან და უნდა გავაცილო, – ვიცრუე მე.

– კარგი, გააცილე. მერე კი მოდი. მოუთმენლად გელოდები, – მითხრა იულიამ. მაკოცა და გამომისტუმრა.

– იულინკა, საყვარელო, ღამით ჩემებს გავაცილებ, კარგად გამოვიძინებ და საღამოს შენთან ვარ, – დავაიმედე ჩემი შეყვარებული.

აბა, რა ვიცოდი, თუ რაში მქონდა თავი გაყოფილი? ვფიქრობდი, – დღისით მეცადინეობებზე ვიქნები, საღამოს კი – სახლში. უფრო სწორად, იულიასთან. მოკლედ, „მოვიწყვე ცხოვრება“. მივდიოდი და გეგმებს ვაწყობდი, – სპეცსკოლიდან სახლში შევივლი და დედას (მამაჩემი იმ პერიოდში მივლინებაში იმყოფებოდა), ვეტყვი, ერთი კვირით დასასვენებლად მივდივარ-მეთქი. მაგრამ, როგორც კი სპეცსკოლაში მივედი, გამომიცხადეს: შენები გაფრთხილებული არიან, რომ თითქოს სამთვიან პრაქტიკაზე ხარ საზღვარგარეთ და ამაზე არ იდარდო. სამი თვის მერე ორი დღით სახლში გაგიშვებთ და ისევ სამი თვე აქ უნდა გაატაროო. მოკლედ, ცივი წყალი გადამასხეს, მაგრამ რას გავაწყობდი?

პირველი სამი თვე ისე გამწურეს, რომ საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი. ძალიან ბევრი რამ შემასწავლეს და მოვიდა ორდღიანი შვებულების დროც. სანამ გარეთ გამიშვებდნენ, გამაფრთხილეს, არსად და არავისთან წამოგცდეს, სად სწავლობ და რას საქმიანობ. შენი მშობლები ერთი წლით უცხოეთში არიან და გირჩევთ, კარგად დაისვენოო. რა დამასვენებდა ან მომასვენებდა? სპეცსკოლიდან პირდაპირ იულიასთან გავემართე და მისმა მშობლებმა მითხრეს, ორი დღეა, რაც უცხოეთიდან დავბრუნდით და იულია არ დაგვხვდა, თურმე, როგორც წითელდიპლომიანი, წარჩინებული სპეციალისტი ორი თვის წინ საზღვარგარეთ გაუშვიათ პრაქტიკაზე ექვსი თვით. ოთხ თვეში უნდა ჩამოვიდესო.

ეს სიტყვები ძალიან ცუდად მენიშნა, მაგრამ რას გავაწყობდი? ჯერ სახლში წავედი, მაგრამ მხოლოდ ორი საათი გავჩერდი და ისევ სპეცსკოლაში დავბრუნდი.

– ბახტაძე, ასე მალე მოგენატრა აქაურობა? – ღიმილით მკითხა ჩემმა ინსტრუქტორმა.

– ჩემი მშობლები მივლინებაში წასულან ერთი წლით და სახლში მარტო ყოფნას აქ დაბრუნება ვარჩიე, – მივუგე მე და იულიაზე სიტყვაც არ დამიძრავს.

– ეგ არაფერი, ხდება ხოლმე. აქაც კარგად დაისვენებ. სამი დღე არ შეგაწუხებთ. შემდგომ კი სამმაგად გაგწურავთ, – მითხრა ინსტრუქტორმა და წავიდა.

ჩემი ინსტრუქტორი მართალი აღმოჩნდა. სამი დღის შემდეგ ჩემთვის ნამდვილი სამთვიანი ჯოჯოხეთი დაიწყო. დილის 5 საათზე ვდგებოდი და შუაღამემდე ისეთი ინტენსიური დატვირთვები მქონდა, რომ საწოლამდე დაოთხილი მივდიოდი. რა აღარ მასწავლეს ამ დროის განმავლობაში – უბრალო „ბრიტვის“ მიზანში ტყორცნიდან დაწყებული ორი იარაღიდან ერთდროულად მიზანში სროლით დამთავრებული, რომ აღარაფერი ვთქვა მოტორიზებული ტრანსპორტის ექსტრემალურ მართვასა და ყველა იმ ეშმაკურ მოწყობილობებზე, რასაც თანამედროვე მზვერავები საქმეში იყენებდნენ.

6 თვის შემდეგ, სწავლების სრული კურსი რომ დავასრულე, სპეცსკოლაში ძია ვანია გამომეცხადა. მაგრად ჩამომართვა ხელი და მითხრა:

– ყოჩაღ, რეზო, შენ ყველაზე წარჩინებული კურსანტი ხარ მთელ სკოლაში და ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, უმცროსი ლეიტენანტობის ნაცვლად, პირდაპირ ლეიტენანტობა მოგენიჭა. კიდევ ერთხელ ყოჩაღ და ახლა მეორე ეტაპი გელოდება. ბევრად უფრო რთული. სამჯერ ხანგრძლივი და რა დაგიმალო და ჯოჯოხეთური.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ გამობრძმედილი ვიყავი, ამ პერსპექტივამ ნამდვილად არ მომხიბლა. თუმცა, რას ვიზამდი და ძია ვანიას ვუთხარი:

– მზად ვარ ნებისმიერი დავალების შესასრულებლად.

ძია ვანიას გაეღიმა და თქვა:

– დავალებამდე ჯერ შორია. სამდღიანი შვებულება გეკუთვნის და გირჩევ, რაციონალურად გამოიყენო. შემდგომ კი კვლავ სწავლა, სწავლა და სწავლა, ისე, როგორც ლენინმა დაგვიბარა.

„ლენინმა დაგვიბარა“ ირონიით იყო ნათქვამი. ძია ვანიამ კი დაამატა:

– რეზო, სამწუხაროა ის, რომ შენები კვლავ საზღვარგარეთულ მივლინებაში იმყოფებიან. რას იზამ, მოთმინება გმართებს და რომ დაბრუნდებიან, აუცილებლად შეგახვედრებ მათ. შენი ნივთები ჩაალაგე და მოსკოვში გავემგზავროთ. აქ უკვე აღარ დაბრუნდები და ახალი დისლოკაციის ადგილს სამი დღის შემდეგ გაიგებ.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული