ყოფილი ცოლი
ავტორი: ნია დვალი 20:00 17.10

ანიტას ეს დღე უყვარდა, ვინაიდან ცხოვრება უყვარდა და თითოეულ დღეს ხვდებოდა, როგორც დღესასწაულს, ამიტომაც თავისი დაბადების დღისთვის საფუძვლიანად მოემზადა. ვარცხნილობა და მაკიაჟი სალონში გაიკეთა: უნდოდა, რომ შეუდარებელი ყოფილიყო. გული უგრძნობდა, რომ რეზი მისთვის ამ მნიშვნელოვან დღეს რაღაც განსაკუთრებულს აჩუქებდა და მხოლოდ წინათგრძნობა არ იყო ამის მიზეზი: ანიტამ თვალი მოჰკრა ხავერდის ყუთს, რომელიც რეზის ლეპტოპის ჩანთაში ედო. ბუნებრივია, ვერ მოითმინა, ამოიღო და გახსნა.
ყუთში ბეჭედი იდო. ჩვეულებრივი კი არა, არამედ ბრილიანტებით გაწყობილი. ამას ანიტა ეტიკეტითა და ფასით მიხვდა.
– დღეს იქნება ეს დღეც? – გაიფიქრა და ბედნიერებისგან კინაღამ ატირდა.
მართალია, ანიტა სულ რაღაც 30 წლის იყო, მაგრამ დედამისი იმდენს ეჩიჩინებოდა, რომ მისი დრო იწურებოდა, თავადაც დაიჯერა, რომ შეიძლება, შინაბერად დარჩენილიყო. მით უმეტეს, რომ პირადი ცხოვრების ჰორიზონტზე სიძეების რიგიც არ ჩანდა.
***
რეზი პარკში გაიცნო. კვირა დღეს ახალგაზრდა ვაჟი ძაღლს ასეირნებდა და, რატომღაც, იმავე სკამზე ჩამოჯდა, რომელზეც ანიტა იჯდა. ძაღლი ანიტასთან მივიდა, რამაც ახალგაზრდა ქალი თითქოს დააფრთხო, მაგრამ საქმეში პატრონი ჩაერია:
– არ გიკბენთ, ნუ გეშინიათ, – უთხრა რეზიმ და ძაღლი თავისკენ მიიზიდა.
მათ შორის საუბარი ბუნებრივად გაება, იმდენადაც კი, რომ ანიტამ დაუფიქრებლად მისცა თავისი ტელფონის ნომერი. რეზიმ იმავე საღამოს დაურეკა და მათი ურთიერთობაც დაიწყო. და ჯერ მხოლოდ რაღაც მეგობრობასა და შეფარულ არშიყს უფრო ჰგავდა.
რეზი კომპიუტერის სპეციალისტი იყო და, თუმცა ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტდა, ეტყობოდა, რომ არც უფულობას უჩიოდა. ერთადერთი, რაც ანიტას ძაბავდა ის ფაქტი იყო, რომ რეზის დაქორწინებაც მოესწრო და განქორწინებაც, მაგრამ ის ამშვიდებდა, რომ რეზის ეს ამბავი მისთვის არ დაუმალავს.
– ერთი წლის წინ განვქორწინდი. ერთად, სულ რაღაც, სამ თვეს ვიცხოვრეთ, – ჩვეულებრივად უთხრა რეზიმ.
– რატომ განქორწინდით? – იკითხა ანიტამ.
– მივხვდით, რომ განსხვავებულები ვიყავით.
ანიტას გაუკვირდა, როგორ მიხვდნენ ამ განსხვავებულობას ასეთ ხანმოკლე პერიოდში ან რატომ ვერ მიხვდნენ მანამდე, თუ განსხვავება ასეთი აშკარა იყო, – მაგრამ სხვა რამ ჰკითხა:
– რა არ მოგწონდა შენს ყოფილ მეუღლეში?
– სხვადასხვანაირი ხასიათი გვქონდა, განსხვავებული დღის რეჟიმი, ამიტომ გაგვიჭირდა ერთად ცხოვრება. მე ძილი მიყვარს, ის კი ადრე იღვიძებდა. მე მზა საჭმელი მიყვარს, მას – განსაკუთრებული კერძები. დილიდან საღამომდე კლასიკურ მუსიკას უსმენდა. მაგრამ ეს არ არის საინტერესო. რაც დასრულდა, დასრულდა. შენზე მომიყევი, – უცებ შეცვალა საუბრის თემა რეზიმ.
– მე ბუ ვარ, სადილების მომზადებას ვერ ვიტან და მზა საჭმელი მირჩევნია, – გაიცინა ანიტამ.
– ესე იგი, ჩვენ ერთმანეთს ვეწყობით ხასიათით.
– კბილის პასტას თავსახურს ახურავ? – ჰკითხა რეზიმ სიცილით.
– ვახურავ, მაგრამ ტანსაცმელს ვყრი მთელ სახლში, – ანიტა ხარხარებდა.
– შესანიშნავია! მეც, – კვერი დაუკრა რეზიმ.
იქიდან გამომდინარე, რომ ორივე სიმართლეს ამბობდა, მიხვდნენ, რომ ყოფითი საკითხებისადმი დამოკიდებულებით ერთმანეთს ჰგავდნენ. ამ საუბრიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ ანიტამ რეზის შესთავაზა:
– ჩემთან გადმოდი საცხოვრებლად.
– არ იქნება სწორი, – იუარა რეზიმ.
– მაგრამ მე მაქვს ბინა, შენ დედასთან ერთად ცხოვრობ. მერე ვიყიდით ბინას, რომელიც ჩვენი იქნება.
რეზი ყოყმანობდა, მაგრამ, საბოლოოდ, ანიტას დათანხმდა.
მანამდე კი ანიტას მომავალ დედამთილთან გაცნობის ცერემონიალი უნდა გადაეტანა, თუმცა პირველმა შეხვედრამ საკმაოდ ნორმალურად ჩაიარა. რეზიმ და ანიტამ რეზის დედა ანიტას სახლში დაპატიჟეს ვახშამზე.
რეზის დედა, მაია, საკმაოდ ახალგაზრდა ქალი იყო, კარგად მოვლილი და პრეტენზიული გამომეტყველებით. მან უცერემონიოდ დაათვალიერა ანიტას ბინა და მაშინვე უთხრა:
– მშვენიერი, კოხტა ბინაა, მაგრამ პატარაა, არ გიფიქრია, გაგეყიდა და უფრო მოზრდილი შეგეძინა?
– რატომ უნდა გავყიდო? – დაიბნა ანიტა.
– სტუდიო და ერთი საძინებელი მოუხერხებელია, კარგი იქნებოდა, ცალკე სამზარეულო, მისაღები, კაბინეტი და ერთი საძინებელი. შენ და რეზის თქვენ-თქვენი კუთხე გექნებოდათ და ერთმანეთს ხელს არ შეუშლიდით.
– თუ არაფერი დაგვიშავებია, კუთხეებში რატომ უნდა ვიდგეთ? – გაიცინა რეზიმ და დაძაბულობა გაფანტა.
დედამისმაც გაიცინა და სიამაყით შეხედა თავის ვაჟს, რომ ასეთი ენამოსწრებული ჰყავდა. ანიტას კი მომავალი დეამთილის ამ სიტყვებისთვის ყურადღება არც მიუქცევია, იმიტომ რომ თავისი ბინა მოსწონდა, მეტიც, უყვარდა და მასთან განშორებას არ აპირებდა.
დღეს ანიტა სწორედ იმ ბინის სტუდიოში აწყობდა სუფრას თავისი 31-ე დაბადების დღის აღსანიშნავად. ანიტას კერძების მომზადება არ უყვარდა და ამიტომ ყველაფერი შეუკვეთა. ბევრ სტუმარს არ ელოდებოდა: მხოლოდ დედამისი მოვიდოდა, რეზის დედა და ანიტას ბავშვობის მეგობარი ნანა.
დანიშნულ დროს სტუმრები სუფრას მიუსხდნენ და პირველი სასმისი მომავალმა დედამთილმა ასწია.
– ჩვენს ანიტას გაუმარჯოს! გეტყობა, რომ ცდილობ, მაგრამ ჯერჯერეობით ოჯახური ცხოვრების ძალიან ცოტა გამოცდილება გაქვს. ამიტომ განსაკუთრებული საჩუქარი შეგირჩიე, – მაიამ ანიტას საზეიმო გამომეტყველებით გაუწოდა წიგნი კულინარიული რეცეპტებისა და სახლის მოვლის შესახებ:
– ეს ჩვენი საოჯახი წიგნია, ძველი, მაგრამ ძალიან სასარგებლო. მეც ამ წიგნით ვისწავლე, როგორ უნდა მომევლო ქმრისთვის, როგორ მომემზადებინა კერძები და დამეწკრიალებინა სახლი.
– ძალიან დიდი მადლობა. სწორედ ეს წიგნი მჭირდებოდა, – ანიტამ არ შეიმჩნია რეზის დედის ქვეტექსტი და ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს ეს მისთვის ნანატრი საჩუქარი იყო.
– იცი, მიყვარს სალათები, მაგრამ ამას მწნილი აშკარად არ უხდება, – მომავალმა დედამთილმა, რატომღაც, სალათის გარჩევა დაიწყო.
– ბევრი ვარიანტი ვნახე, მაგრამ ეს ავარჩიე, მგონი, ცუდი არ გამოვიდა. თან, ეს მე მოვამზადე, არ გამომიწერია, – გაიღიმა ანიტამ.
– და ძალიანაც გემრიელია, – წაეშველა მეგობარს ნანა.
– მე არ ვამბობ, რომ უგემურია, მაგრამ შეიძლებოდა, უფრო გემრიელი ყოფილიყო. გახსოვს, რეზიკო, ნატულიკო როგორ სალათებს ამზადებდა? მაშინ, თქვენი ქორწილის მეორე დღეს...
რეზის გამომეტყველება შეეცვალა. ყოფილი ცოლის ხსენება არ იყო საუკეთესო გადაწყვეტილება მომავალი ცოლის დაბადების დღეზე, მაგრამ დედამისი განაგრძობდა და არც არანაირ უხერხულობას არ გრძნობდა:
– იქ ყველაფერი სათანადოდ იყო შერჩეული, ბოსტნეული აკურატულად იყო დაჭრილი, თითქოს გამოთალესო. მე, რა თქმა უნდა, არ გადანაშაულებ, ანიტა, საყვარელო და არც ვადარებ, მით უმეტეს, რომ შენ ნატულიკოსავით პროფესიონალი მზარეული არ ხარ.
– დიახ, მე მზარეული არ ვარ, – ნაძალადევად გაუღიმა ანიტამ.
– მოდი, სიახლეების სადღეგრძელო შევსვათ, რომ ჩვენი ახალი ყოველთვის სჯობდეს ძველს, – დაძაბულობის გაქარწყლება ანიტას დედამ სცადა.
იმ საღამოს ყოფილი ცოლების თემა აღარ წამოჭრილა. და აი, დადგა რეზისგან ნანატრი საჩუქრის მიღების მომენტი. რეზიმ კმაყოფილი გამომეტყველებით ჩაიყო ხელი ჯიბეში... და იქიდან სილამაზის სალონის სერტიფიკატი ამოიღო.
– უი... – იმედგაცრუება ვერ შეიკავა ანიტამ, მაგრამ მაშინვე თავი ხელში აიყვანა, რადგან იფიქრა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო და გადაწყვიტა, დალოდებოდა მთავარ საჩუქარს. ლოდინი ლოდინად დარჩა... საღამო დასრულდა, სტუმრები დაიშალნენ, ანიტასთვის კი ბეჭედი არავის უჩუქებია. როდესაც სუფრა აალაგეს, ანიტამ ვერ მოითმინა და პირდაპირ ჰკითხა:
– ვის უყიდე ბრილიანტის ბეჭედი,?!
– რომელი? — შეუბღვირა რეზიმ საპასუხოდ.
– ვინმეს ხვდები?
– რა სისულელეა? არა, რა თქმა უნდა.
– შენს ჩანთაში ბეჭედი ვნახე. წითელი ხავერდის ყუთში.
– აჰაა... — რეზიმ თავი გადააქნია: ის ...
– ჰო, ვისთვის იყიდე?
– დედაჩემს ვუყიდე. წინასწარ, ფასდაკლება იყო... ჰოდა, ვიყიდე. იუბილე აქვს თვე–ნახევარში. ხომ იცი, უყვარს ძვირფასეულობები.
– გასაგებია, დედას უყვარს... – ანიტა ისე გაბრაზდა, რომ ერთიანად აილეწა.
– შენ იფიქრე, რომ შენ გიყიდე? – რეზიმ ანიტას გაკვირვებულმა შეხედა: დედას იუბილე აქვს, მე კი, როგორც კარგმა შვილმა, კარგი საჩუქარი უნდა ვაჩუქო. ძვირფასი...
– რა თქმა უნდა, კარგი საჩუქარი – დედას. მე მხოლოდ 31 წლის ვარ და არა 50-ის, – ჩაილაპარაკა ანიტამ და საძინებელში გავიდა.
რეზი მიხვდა ანიტას წყენის მიზეზს, ამიტომ სიტუაციის გამოსწორება სცადა და გასძახა:
– შენ და მე ერთად წავალთ საიუველიროში და ვიყიდით ბეჭედს... თუ საჭიროა.
– მართლა?! — ანიტა ისე აჟიტირდა, რომ ფრაზის დასასრული ვერც კი გაიგონა.
– რა თქმა უნდა, მართლა.
– მაშინ, ახლავე წავიდეთ.
– უკვე დაკეტილი იქნება. ხვალ დილიდან წავიდეთ, – შესთავაზა რეზიმ.
– ხვალ დილიდან აღარ ითვლება, იმიტომ რომ ჩემი დაბადების დღე არ იქნება, – ისევ გაიბუტა ანიტა.
– რა მნიშვნელობა აქვს?! – გაიკვირვა რეზიმ.
– თუ მნიშვნელობა არ აქვს, მაშინ რატომ არ უყიდე დედაშენს უფრო გვიან საჩუქარი?! – ნიშნი მოუგო ანიტამ, – ქალებისთვის ყველაფერს აქვს მნიშვნელობა.
ანიტამ ეს საუბარი იმისთვის წამოიწყო, რომ რეზისთვის დედამისისთვის ნაყიდი ბეჭედი გამოერთმია, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა, რადგან ჩათვალა, რომ მის არათითს შეიძლება, არ მორგებოდა, ამიტომ, საბოლოოდ, რეზის დაეთანხმა:
– კარგი, ხვალ წავიდეთ. დილიდან, – და ისევ საძინებელში შეტრიალდა.
დილით ანიტამ ადრე გაიღვიძა და რეზიც გამოაფხიზლა. სამკაულების მაღაზიაშიც პირველი კლიენტები იყვნენ, ამიტომ კონსულტანტი, ცოტა არ იყოს, გაკვირვებული უყურებდა:
– ბეჭედი გვჭირდება! – გაუღიმა ანიტამ.
– როგორი? – დაინტერესდა კონსულტანტი.
რეზიმ ხელი იმ ბეჭდებისკენ გაიშვირა, რომლებიც ფორმით დედამისისთვის ნაჩუქარ ბეჭდებს ჰგავდა და უცებ კონსულტანტმა ის იცნო.
– ისევ თქვენ ბრძანდებით? ესე იგი, წინა შენაძენით კმაყოფილი ხართ. მოეწონა დედათქვენს?
– ჯერ არ გვიჩუქებია, მალე ექნება იუბილე, – დაასწრო ანიტამ პასუხი.
– რა ზომის გნებავთ? – ჰკითხა კონსულტანტმა ანიტას.
რეზიც ანიტას უყურებდა, ანიტა კი არც დაფიქრებულა, ისე გაიშვირა მარჯვენა ხელის უსახელო თითი:
– აღარ მახსოვს ზომა.
– პრობლემა არ არის, – დაამშვიდა კონსულტანტმა.
რეზი მიხვდა, რომ ანიტაზე დაქორწინებას ვერ გადაურჩებოდა, თუმცა ისედაც იცოდა, რომ ეს, ადრე თუ გვიან, მოხდებოდა. ამიტომ აღარ ჩაერია და ზუსტად ის ბეჭედი უყიდა, რომელიც ანიტას უნდოდა. მართალია, ცოტა იაფფასიანი შეარჩია, ვიდრე დედამისისთვის ნაყიდი, მაგრამ ანიტასთვის მთავარი ბეჭედი იყო და არა მისი ფასი.
***
– დედა, დედა, რეზიმ ბეჭედი მაჩუქა! – იმავე დღეს დაურეკა დედამისს ანიტამ. შემდეგ დაურეკა თავის მეგობარ ნანას. იმავე საღამოს კი ფოტო გადაუღო თავის ბეჭდიან ხელს და ფოტო სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა – უფრო თავისი თანამშრომლების გასაჩუმებლად, რომლებიც შიგადაშიგ გესლავდნენ ხოლმე და ყურში აწვეთებდნენ, რომ რეზი მას უბრალოდ იყენებდა, როგორც მომგებიან პარტიას, დაქორწინებას კი არ აპირებდა.
ანიტა დამშვიდდა და თითქოს უფრო გალამაზდა კიდეც. ბეჭედი მისთვის სრულიად საკმარისი იყო, ამიტომ რეზის არც კი აწუხებდა კითხვებით: „როდის გვექნება ქორწილი“ და მისთანანი. ისინი ისევ ერთად ცხოვრობდნენ, დროდადრო კი ხან ანიტას დედას ესტუმრებოდნენ, ხან კი – რეზის დედას,
ამასობაში, რეზის დედამ, ბუნებრივია, შეამჩნია ანიტას მარჯვენა ხელზე ახალი ბეჭედი. თვალები მოჭუტა, შემდეგ ანიტას ხელი სახესთან მიიტანა. ბოლოს ხელი გაუშვა, ანიტას თვალებში შეხედა და მკაცრი ტონით უთხრა:
– თუ გინდა, კარგი ცოლი გახდე, ნორმალურად მომზადება უნდა ისწავლო. მითხარი, აბა, რა გაქვთ მაცივარში? პიცა? ბურგერი?!
– სამსახურიდან გვიან მოვედით, ამიტომ საჭმლის გაკეთების თავი არ გვქონდა, თან, რეზი კმაყოფილია, მეც, – გაიღიმა ანიტამ.
– აი, ნატულიკოს კი ყოველთვის ჰქონდა დრო სადილისა და ვახშმისთვის. მათი მაცივარი გამოტენილი იყო და ყოველდღე განსხვავებულ კერძებს ამზადებდა.
– ნატულიკო მზარეულია. უცნაური ის იქნებოდა, თუ არ მოამზადებდა, – არ შეეპუა ანიტა მომავალ დედამთილს.
– მზარეული იყო, თურმე?! – გამოაჯავრა მაიამ ანიტა, – და პერანგებს როგორ უწესრიგებდა რეზიკოს?! რაც ახლა აცვია, ეს რას ჰგავს?!
– ორთქლით ვაუთოებ. მშვენიერი დანადგარია, რეზი არ წუწუნებს, – ისევ არ დაუთმო ანიტამ.
– უთოთი უნდა გააუთოო! – მკაცრად უთხრა მაიამ, – გათხოვება მხოლოდ ბეჭდის თითზე წამოცმა ჰგონიათ.
– კარგი, აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს რჩევას, ოღონდ სხვა დროს, – გაუღიმა ანიტამ და თავის ბეჭედს დახედა.
ასეთმა პასუხმა მომავალი დედამთილი გაანაწყენა და ჯავრი შვილზე ამოანთხია:
– ბეჭდების ყიდვას გირჩევნია, შენს ქალბატონს უთო უყიდო, თორემ უსახლკაროსავით ივლი. ან შეგიძლია, მე მომიტანო. ადამიანურად გავაუთოებ.
– კარგი, – რეზი უცებ დათანხმდა დედას, იმიტომ რომ არც კონფლიქტის გაღრმავება უნდოდა და არც უთოს ყიდვა.
დასასრული შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან