რომანი და დეტექტივი

ყოფილი მკვლელი

№43

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 04.11, 2023 წელი

ყოფილი მკვლელი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #42 (1190)

სასამართლოს ბოლო სხდომაზე კი სიტყვა მისცეს მოკლულის დედას, მაგდას და მან თქვა:

– ჩემი ერთადერთი შვილი აღარ მყავს, რომელზეც ყველა იმედს ვამყარებდი. ღმერთს ვთხოვ, რომ ჩემი ზურიკოს სული გაანათლოს, დამნაშავე კი მკაცრად დაისაჯოსო.

გამწარებულ დედას თვალს არ ვაშორებდი და თითოეულ მის სიტყვას ვიმახსოვრებდი. ბოლოს მან ჩემკენ გამოიხედა და ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ. ორიოდე წამი ვუმზერდით ერთმანეთს, ბოლოს ქალბატონი მაგდა შეტრიალდა და წავიდა. მე კი „კაპეზეზე“ წამიყვანეს. ორიოდე საათი გამაჩერეს და ყველა წესის დარღვევით, „კრიტში“ გამამწესეს. წარმოიდგინეთ, 19 წლის გამოუცდელი ბიჭი რომ უცებ ისეთ გარემოში ხვდება, რაზეც საერთოდ არ აქვს წარმოდგენა. მართალია, 10 წელიწადზე მეტი უდედმამო ბავშვთა სახლში მქონდა გატარებული და არც იქ ვყოფილვარ დალხინებული, მაგრამ 15 წლით ციხე, თანაც „კრიტი“ სულ სხვა განზომილებაა. „კაცი კაცისთვის მგელიაო“, სწორედ რომ, ამ გარემოებაზეა ზედგამოჭრილი. რომ შედიხარ, შენზე თითქმის უკვე ყველაფერი იციან. არც ის გამოეპარებათ, რომ არიფი ხარ, ანუ „შავი სამყაროს“ კანონების არაფერი გაგეგება. ღმერთმა არ ქნას და თუ ასეთმა პატიმარმა. „პრისტუპნიკული“ დაიჭირა და „ვილკების თხრა“ დაიწყო, ჩათვალეთ, რომ ის „შეჭმულია“, ანუ „დაჩმორებული“, თუ უფრო უარესი არა. ასეთ თაღლითობებს ციხეში არავინ გაპატიებს. ასეთ სიტუაციაში, უბრალოდ, პატიოსნად, ადამიანურად უნდა მოიქცე. სქემატურად რომ ვთქვათ, ძალიან ცოტა ილაპარაკო და ბევრი ისმინო, თანაც სიტუაციები გააანალიზო და სწორი დასკვნები გამოიტანო, გამოცდილება მიიღო და ჩათვალე, რომ 99 პროცენტი გადარჩენილი ხარ და თავს გაიტან. თუმცა, რჩება 1 პროცენტი, რომ პატიოსანი არიფი მაინც შეაცდინონ და მეც ასე დამემართა... ერთ-ერთმა პატიმარმა ისე „შემომიარა“, რომ „სეკას“ თამაშში ჩამითრია. თავდაპირველად – გასართობად. მერე კი შემომთავაზა – ინტერესი მივცეთ და ასანთის კოლოფებზე ვითამაშოთო, უფრო სწორად კი, ღერებზე და ათი ღერი ერთი კოლოფი იყოს და ერთი კოლოფის ფასი კი – 1 კაპიკიო. დაუფიქრებლად დავეთანხმე და 1 მილიონი ასანთის ღერი წავაგე, მანეთებში კი ეს 500 მანეთს უდრიდა.

– აღარ მინდა თამაში, თავანი ჩამაბარეო, – გამომიცხადა მოგებულმა პატიმარმა და დაამატა. ახლა შუადღეა, 12 საათი გაქვს დარჩენილი, რომ ფული ჩამაბარო. ხომ ვთქვით, რომ თავანი დღესვე უნდა ჩაბარდესო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, 20-პატიმრიანი საკნის 19 პატიმარი უკვე „დაღუპულ“ ადამიანად მიმიჩნევდა. 500 მანეთი კი არა და 5 მანეთსაც ვერსად ვიშოვიდი. ამიტომ, ყველანი შუაღამეს ელოდნენ, რომ „გავეფუფლოვებინეთ“, ყურებში წამოერტყათ ჩემთვის და შემდეგ რა სტატუსს მომანიჭებდნენ, მხოლოდ ღმერთმა უწყოდა. უცებ გავიაზრე ყველაფერი. „ნარზე“ წამოვწექი ყურებჩამოყრილი და ღმერთს დახმარებას ვთხოვდი. პატიმრობის მეორე თვე იყო დაწყებული. მეხსიერება ჯერ ბოლომდე არ მქონდა აღდგენილი და ისიც კი ვიფიქრე, ალბათ, ღმერთი მსჯის იმ საცოდავი, დედისერთა, უდანაშაულო ბიჭის მკვლელობისთვის-მეთქი. ყურში ჩამესმოდა ქალბატონ მაგდას სიტვები – ჩემი შვილის მკვლელი ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვესო და შუაღამეზე სწორედ ჯოჯოხეთს ველოდი, რაც ციხეში უცხო რამ ნამდვილად არაა. რას აღარ ვფიქრობდი. ბოლოს კი გადავწყვიტე – მსხვილ ვენებს კბილებით გამოვიბრდღვნი და სიცოცხლეს თვითმკვლელობით დავასრულებ-მეთქი. ერთადერთი ესღა მრჩებოდა იმ დამცირების თავიდან ასაცილებლად, რაც მომელოდა. ციხეში, ყველაზე დახურულშიც კი, უფრო სწორად „კრიტში“ ამბები კალეიდისკოპურად სწრაფად ვრცელდება. როგორიც მოგვიანებით შევიტყვე, თავანის მოთხოვნიდან 20 წუთში უკვე მთელმა „კრიტმა“ იცოდა ჩემი გამოუვალი მდგომარეობის შესახებ. ყველანი შოუს მოლოდინში იყვნენ და აინტერესებდათ, რა მოხდებოდა ბოლოს. საღამოს 10 საათი რომ შესრულდა და ჯოჯოხეთამდე სულ რაღაც 2 საათიღა მრჩებოდა, საკნის კარი გაიღო, ერთ-ერთი პატიმარი შემოვიდა, იქაურობას თვალი მოავლო, მზერა ჩემზე შეაჩერა და დამიძახა:

– ლევან მახარაძე შენ ხარ?

ვიფიქრე, ჯოჯოხეთი იწყება-მეთქი და ნარიდან წამოვდექი – 2 საათსაც არ მაცლიან და ვენებს გადავიღრღნი – სახელოები ავიწიე და უკვე სუიციდის პროცედურას ვიწყებდი. ახალმოსულმა კი მითხრა:

– ძმაო, მოდი აქ!

„ძმაომ“ გამაჩერა. მოვტვინე, რომ სხვა რაღაცაში იყო საქმე. „საჯოჯოხეთოს“ „ძმაოთი“ არ მომმართავდა-მეთქი და ახალმოსულთან მოვედი. მან კი ძალიან კეთილგანწყობილად გამიღიმა და დააზუსტა:

– 500 მანეთი შენ წააგე?

– დიახ, – ვუპასუხე ახალმოსულს. მან კი ჯიბიდან 10 ცალი 50-მანეთიანი კუპიურა ამოიღო. გამომიწოდა და მითხრა:

– აი, ძმაო, შენი თავანი. გამომართვი და ჩააბარე.

ვიფიქრე, მეჩვენება ან ჯოჯოხეთის ჯოჯოხეთს მიმზადებენ-მეთქი. ერთი სიტყვით, სრულიად დავიბენი. მაგრამ, ფულისთვის ხელი არ მიხლია და ვუთხარი:

– აქ რაღაც შეცდომაა. ვიღაცაში გეშლებით.

ახალმოსულმა (როგორც შემდეგ შევიტყვე, ეს ბიჭი 26 წლის ქურდობის ტიტულის მაძიებელი იყო) თავი გააქნია, გაეცინა და მითხრა:

– ლევან მახარაძე შენ ხარ?

– დიახ, ლევან მახარაძე ვარ, – ვუპასუხე ბიჭს.

– „სეკაში“ მილიონი ღერი ასანთი შენ წააგე?

– დიახ, – ვთქვი მე.

– ჰოდა, რა გინდა. არანაირი შეცდომა არაა. გამომართვი თავანი, – მითხრა ბიჭმა. შემდეგ თავანის მიმღები თითით მიიხმო, რომელიც უმალვე მოცუნცულდა.

– გამოართვი თავანი! – უთხრა მას.

მოცუნცულებულმა ფული გამომართვა. ბიჭმა კი მას ჰკითხა:

– ჩაიბარე თავანი?

– კი. თავანი ჩაბარებულია, – თქვა ჩემმა მომგებმა და ფული ჯიბეში შეინახა.

ახალმოსულმა მხარზე დამადო ხელი და საკნის ყველა მობინადრეს ჰკითხა:

– ამ კაცთან ვინმეს რაიმე პრეტენზია ხომ არ აქვს?

– არა, – პასუხი ერთსულოვანი იყო.

– ძალიან კარგი. მე წავედი, – თქვა ფულის მომტანმა და ხელი ჩამომართვა. ორიოდე ნაბიჯი გადადგა კარისკენ. ხმადაბლა დააბრახუნა და რომ გაიღო, შემოტრიალდა, ფულის მიმღებს შეხედა და უთხრა:

– წამოდი, თენგო გიბარებს.

თენგო შილაკაძის მიერ ნახმობი ცოცხალმკვდარს დაემსგავსა. ჩანჩალით გაჰყვა „რომკას“ (ბიჭს „რომკას“ ეძახდნენ და ის ახლა ჩემი ცოლის ძმა და უახლოესი ძმაკაცია), ფეხები კი უკან რჩებოდა. აბა, კანონიერი ქურდის სიტყვას როგორ გადავიდოდა და „ძია თენგო“ ხომ ციხის მაყურებელი იყო...

ერთი სიტყვით, თავანის ჩამბარებელი ქურდების საკანში აიყვანეს, იქ კი მან „სეკაში“ ის ჩაბარებული თავანიც წააგო. ზემოდან კი 4 ათას 500 მანეთიც და სამი კვირა მისცეს, რომ ფული მოეტანა. მართალია, მან ეს თავანი დათქმულ დროში ჩააბარა და არ „გაფუჭებულა“, მაგრამ, არა მარტო არიფების წამოკიდებაზე აიღო ხელი, არამედ საერთოდ შეეშვა ყომარს. ჩემი მფარველი ანგელოზი, თენგო შილაკაძე, მხოლოდ 2 კვირის შემდეგ გავიცანი. მან თავის საკანში გადამიყვანა და მთელი 2 წელიწადი ერთად გავატარეთ. მას ძია თენგოთი მივმართავდი, არა მეტსახელით, არამედ, როგორც უფროს კაცს...

„ძია“ სხვადასხვა ამბებს მიყვებოდა. მეც მაყოლებდა და ყურადღებით მისმენდა. თუმცა, არასდროს უცდია ჩემი „შავ“ გზაზე დაყენება და პირიქით, მეუბნებოდა, – აქედან რომ გახვალ ისწავლე, იმუშავე ოჯახს მოეკიდე და შთამომავლობას ეწიეო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მფარველ ანგელოზს ძალიან დავუახლოვდი, ძიასა და თქვენობის გარდა სხვა სიტყვით არ მიმიმართავს. ერთხელ კი, როდესაც ვსაუბრობდით, „ძიას“ ვუთხარი:

– ძია თენგო, ერთი რაღაც უნდა გკითხოთ და ძალიან გთხოვთ, მიპასუხეთ.

– „დავაი“ მკითხე, – მითხრა „ძიამ“.

– ძია თენგო, რა იყო იმისი მიზეზი, რომ ასეთი ჯოჯოხეთისგან მიხსენით? – ვთქვი მე და მივაჩერდი.

– კარგა ხანია, ამ კითხვას ველოდი, – თქვა „ძიამ“ და დაამატა, – მიზეზი ორია. პირველი – პატიოსანი, წესიერი ბიჭი ხარ. იმ „ლოხმა“ ტყუილუბრალოდ მოინდომა შენი წამოკიდება და ამის დაშვება არ შეიძლებოდა. ეს ერთი. მეორე კი – შენხელა შვილი მყავს (შვილის ხსენებაზე „ძიას“ უსაზღვრო სევდა აღებეჭდა სახეზე) და წამით წარმოვიდგინე, რომ ჩემი შვილი შენს დღეში აღმოჩენილიყო. ხვდები, ხომ?

– დიახ. ვხვდები, ძია თენგო. დიდი მადლობა, რომ მიხსენით, – ვთქვი მე.

– დაგაკმაყოფილა პასუხებმა? – მკითხა „ძიამ“

– კი, ძია თენგო. მაგრამ, კიდევ ერთი რამ უნდა გკითხოთ და წინასწარ გიხდით ბოდიშს. შეიძლება გკითხოთ? – ვთქვი მე.

– მკითხე, – თავი დამიქნია „ძიამ“.

– თქვენი შვილი რომ ახსენეთ, სახე შეგეცვალათ. ჯერ ვიფიქრე, მონატრების გამო-მეთქი, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღაც გაწუხებთ, გტანჯავთ და ხომ მშვიდობა გაქვთ მასთან დაკავშირებით, ხომ ჯანმრთელად გყავთ? – ვუთხარი „ძიას“.

თენგო შილაკაძემ ნაღვლიანი მზერა მომაპყრო და მითხრა:

– ჯანმრთლადაც არის, არც არაფერი უჭირს და ცხოვრებაში გზაც თავისი ნიჭით გაიკაფა. საქმე კი ისაა, რომ ჩემი ესირცხვება, არ მოსწონს, რომ კანონიერი ქურდი ვარ. მთხოვა – თავი დაანებე ასეთ ცხოვრებას და პატიოსან გზას დაადექიო, მაგრამ ასე არ გამოვა. ქურდად მოვკვდები. იმას ვდარდობ, რომ როდესაც მოვკვდები, ჩემი შვილი დაკრძალვას არ დაესწრება, უკანასკნელ გზაზე არ გამაცილებს და საფლავზეც კი არასოდეს მოვა. მე კი უზომოდ მიყვარს ჩემი ერთადერთი ვაჟი და მის გარდა, არავინ მყავს. ცოლიც ძალიან მიყვარდა და ის ჩემზე დარდს გადაჰყვა. მარტო შვილი დამრჩა და ისიც არ მაღიარებს.

კანონიერი ქურდის სიტყვებმა უკიდურესად შემაწუხა. ძალიან შემეცოდა ეს ძლიერი, ავტორიტეტული და მრავლის მნახველი კაცი, რომელსაც თვალებზე ცრემლები მოსდგომოდა.

– მაპატიე, ძია თენგო. ეს არ უნდა მეკითხა. ბოდიშს გიხდი, – ვუთხარი „ძიას“. მას კი სევდიანად გაეღიმა და ღაპაღუპით წამოსული ცრემლები რომ დაემალა, ნარზე წამოწვა და კედლისკენ იბრუნა პირი.

იმ დღიდან მოყოლებული, 18 თვის განმავლობაში, „ძიასთან“ არამც თუ მას შვილზე, არამედ ამ თემაზე სიტყვაც კი არ დამიძრავს, რადგან ეს მას გულს სტკენდა და ჩემი მფარველი ანგელოზისთვის ტრავმის მიყნება არ მინდოდა.

პატიმრობის ერთი წელი რომ შემისრულდა, საქართველოში ეროვნული მოძრაობა ძალებს იკრებდა. არაფორმალები ყველა მიმართულებით უტევდნენ არსებულ ხელისუფლებას. მათ შორის სამართლებრივი კუთხითაც. ერთ-ერთი მიმართულება იყო, ეგრეთ წოდებული, „საეჭვო საქმეები“. აქედან გამომდინარე, არა ერთი საქმე გადაისინჯა და ცრუ ბრალდებით ციხეებში ჩასმული პატიმრების გათავისუფლების სერია დაიწყო. მთავრობას უკვე აღარ შეეძლო თვალი დაეხუჭა, ხელი დაეფარებინა კორუმპირებული ძალოვნებისთვის, მათ მიერ გამოძიებული საქმეების გადასინჯვა დაიწყეს და არა ერთი მექრთამე გაათავისულეს სამსახურიდან. გათავისუფლებულთა შორის აღმოჩნდა მირიან ბულიაც. მე კი პროკურატურის გამომძიებელი რამდენიმეჯერ მეწვია და ჩვენება ჩამომართვა. ხოლო პატიმრობიდან ორი წლის თავზე, ჩემთვის მოულოდნელად, ციხიდანაც გამათავისუფლეს. ზედამხედველმა ტრადიციული ფრაზა რომ მითხრა – „მახარაძე ს ვეშჩამიო“, არ დავიჯერე. თუმცა, როდესაც ამ სიტყვების სისწორეში დავრწმუნდი, სიხარულისგან ლამის გული ამომივარდა, „ძიამ“ კი გამიღიმა და სანამ თანამესაკნეებს დავემშვიდობებოდი, მითხრა: წადი, შვილო, მშვიდობით იარე! ღმერთი გფარავდესო.

თენგო შილაკაძის „შვილომ“ ისე ამიჩუყა გული, რომ ცრემლები ვეღარ შევიკავე, „ძიას“ ჩავეხუტე და ავტირდი.

ციხიდან გამოსულს, წასასვლელი არსად მქონდა. ბავშვთა სახლიდან რომ გამოვედი და ვართანაშვილებთან მოვეწყვე სამუშაოდ, სოლოლაკში პატარა ბინას ვქირაობდი. ახლა კი არც ფული მქონდა, არც შემკედლებელი მყავდა და სად წავსულიყავი არ ვიცოდი. ამ „ტვირთით“ მივუყვებოდი ორთაჭალის გზას და ვფიქრობდი, რა მეღონა. ორასიოდე მეტრი რომ გავიარე და კრწანისის გადასახვევამდე მივედი, ჩემ გვერდით „ჟიგული“ გაჩერდა. შუახნის მამაკაცმა მანქანის ფანჯრიდან თავი გამოყო და მითხრა, ჩაჯექიო. ჩავჯექი. მანქანა ადგილიდან დაიძრა და ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი სახლის ბინაში მიმიყვანა დამტოვა და ისე გაუჩინარდა, რომ ვერაფრის კითხვა ვერ მოვასწარი. შუა ოთახში გაოგნებული ვიდექი და არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. მოულოდნელობისგან თვალები დაბინდული მქონდა და გონება – დახშული. არ ვიცი, ასე გაშეშებული რამდენ ხანს ვიყავი. მაგრამ, გამოვერკვიე. მივიხედ-მოვიხედე და ბინიდან წასვლა რომ დავაპირე, გვერდითი ოთახიდან ხმა მომესმა. იქით გავიხედე. ამ დროს კარი გაიღო და ზღურბლზე შაოსანი ქალი გამოჩნდა. მის დანახვაზე შევცბი და ფერი მეცვალა. ის მოკლული ზურიკო ლაღიძის დედა – ქალბატონი მაგდა იყო. მან მითხრა:

– მაპატიე, შვილო, რომ ამ საქმეს თავიდანვე არ მოვკიდე ხელი და ორი წელიწადი ტყუილად იჯექი ციხეში. თუმცა, მაშინ მაინც ვერაფერს გავხდებოდი და ნამდვილი მკვლელის პოვნაში არაფორმალები დამეხმარნენ. შენ კი დღეიდან ამ სახლში იცხოვრებ. კეთილი იყო შენი ფეხი!

მე, რა თქმა უნდა, კატეგორიული უარი განვაცხადე, მან კი მითხრა:

– შენ რომ წახვიდე, ჩემი ზურიკო მეორედ მოკვდება. დღეიდან ჩემი შვილი იქნები და შენზე დედასავით ვიზრუნებო.

რაღა ბევრი გავაგრძელო და ქალბატონი მაგდა ჩემი მესამე მფარველი ანგელოზი გახდა.

ჩემი ეკა – ის სათნო ექთანიც, მას მივუყვანე რძლად და ჩვენი შვილები – ზურიკო და მაგდა, მისი აღზრდილები არიან. თენგო შილაკაძის ვაჟი, მერაბი კი ზურიკოს ნათლიაა და მამამისთან ერთად ცხოვრობს. „ძია“ კვლავ ძველ სტატუსს ატარებს, თუმცა აქტიურ საქმიანობას ჩამოშორდა. მე კი, „ყოფილი მკვლელი“, ისევ მძღოლი ვარ და მგზავრები ახალთახალი ავტობუსით გადამყავს თბილისის ქუჩებში.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა