ყოფილი მკვლელი
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 28.10

თვალები რომ გავახილე, ქალის ბოხი ხმა მომესმა:
– ლამზირა, მირიან ბულიას დაურეკე სასწრაფოდ მოვიდეს! პაციენტმა თვალები გაახილა და გონებაზე მოდის.
თავი ისე მტკიოდა, რომ განძრევაც კი არ შემეძლო. თვალებიც დაბინდული მქონდა. მაგრამ კედლების სიმაღლითა და შეფერილობით მივხვდი, რომ საავადმყოფოს პალატაში ვიმყოფებოდი.
– სად ვარ? – მისუსტებული ხმით ვიკითხე მე.
– მშვიდად! – კბილებში გამოცრა ფორმიანმა მილიციელმა, რომელიც თავზე წამომდგომოდა და ანთებული თვალებითა და ზიზღნარევი სახით ჯიქურ მიმზერდა.
არ ვიცი, რამდენი ხანი გავიდა. ალბათ, 40-45 წუთი. ჩემ წინ კუბოკრულპიჯაკიანი კაცი აღიმართა. მილიციელი კი წავიდა. მელოტი, ტანმორჩილი კაცი იყო. უზარმაზარი თავი ვიწრო მხრებზე ედო და ღიპს ძლივს დაათრევდა. ამას მერე დავაკვირდი. იმწუთას კი ამის თავი არ მქონდა. მან კურდღლისტუჩა პირი ააცმაცუნა და წვრილი ხმით მკითხა:
– მახარაძე, როგორ ხარ, ლაპარაკი შეგიძლია?
– თავი მიბრუის, – მივუგე კურდღლისტუჩას.
– ესე იგი, შეგიძლია. მე განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი მირიან ბულია ვარ. შენს დასაკითხად ვარ მოსული და ჩვენება უნდა ჩამოგართვა, – დაიწრიპინა კუბოკრულპიჯაკიანმა.
– მკითხეთ, – მისუსტებული ხმით ვუპასუხე ბულიას.
გამომძიებელმა თხელი საქაღალდიდან თაბახის ფურცლები ამოიღო და „პასტა“ მოიმარჯვა, ტაბურეტზე დაჯდა. „პაპკა“ მუხლებზე დაიდო და მითხრა:
– დაწვრილებით მომიყევი, რა მოხდა ამა წლის 2 ივლისს, საღამოს 7-8 საათს შორის რესტორან „არაგვში“. იცოდე, ტყუილი არ თქვა, თორემ ეს უფრო მეტად დაგიმძიმებს ბრალს.
– რა ბრალს? ვერაფერს ვხვდები. გამაგებინეთ, რაშია საქმე, – ვუთხარი ბულიას, რადგან არაფერი მახსოვდა. თუმცა, იმას კი მივხვდი, რომ რაღაცაში მადანაშაულებდნენ.
– ხომ გითხარი, ბიჭო, ტყუილი არ თქვა-მეთქი?! – უფრო დაუწვრილდა ხმა ბულიას.
– მართლა არაფერი მახსოვს, – გულწრფელად ვთქვი მე, მაგრამ ბულიამ „დამიყვავა“:
– ახალგაზრდა კაცი ხარ. აქ მე შენს საშველად ვარ მოსული, თორემ ისედაც ყველაფერი ვიცი. უბრალოდ, მინდა, გულწრფელი აღიარება მივიღო შენგან, რომ ბრალი შეგიმსუბუქო.
კურდღლისტუჩას უკან მაღალი, ინტელიგენტური გარეგნობის, ხმელ-ხმელი, თეთრ ხალათში გამოწყობილი კაცი აღიმართა და გამომძიებელს მკაცრად უბრძანა.
– ახლავე დატოვეთ აქაურობა. ავადმყოფის დაკითხვა ამჟამად არ შეიძლება და მე თვითონ გაცნობებთ როცა ეს დასაშვები იქნება.
ბულია გაიძურწა... თეთრხალათიანმა კი ყურადღებით შემათვალიერა და მკითხა:
– თავი გტკივათ?
– დიახ, – ვუპასუხე მე.
– კარგად მხედავთ თუ დაბინდულად? – თქვა ექიმმა.
– ცოტა მჭირს, ექიმო, – შევეცადე, ყოჩაღად მეპასუხა, მან კი მითხრა:
– ნუ დაიძაბებით. ახლავე წამლებს მოგიტანენ. მთავარია, რომ გონზე მოდიხართ.
– რა მჭირს, ექიმო? – ვიკითხე მე.
– ამაზე – მერე. ახლა კი სიმშვიდე გჭირდებათ, – მითხრა ექიმმა და დაიძახა:
– ანეტა!
– გისმენთ, ბატონო შოთა, – ისევ ის ბოხი ქალის ხმა გავიგონე, რომელიც გამოღვიძებისთანავე მომესმა.
– ვინ შემოუშვა აქ გამომძიებელი? – მკაცრად იკითხა ექიმმა. ანეტამ კი უსირცხვილოდ განუცხადა:
– ლამზირა სანიტარმა დაურეკა, ბატონო შოთა.
– სადაა ლამზირა? – უფრო მკაცრად იკითხა ექიმმა.
– „სმენას“ მორჩა და სახლში წავიდა, – სხაპასხუპით თქვა ანეტამ. თუმცა, სწორედ მან დაავალა ლამზირას, ბულიასთან დაერეკა.
– აი, შე მატყუარა! შენ არ მითხარი, დაურეკე გამომძიებელსაო? – პირზე დაადგა ექთანს სანიტარი, რომელიც შემთხვევით შეესწრო ექიმისა და ექთნის საუბარს.
– მე როდის გითხარი, ლამზირა? – ურცხვად იუარა ანეტამ და არც კი გაწითლებულა, ისე აიჩეჩა მხრები.
– ორივე გადით აქედან! მერე დაგელაპარაკებით, – თქვა ექიმმა და დაამატა, ეკას უთხარით, შემოვიდეს!
ეკა რეანიმაციული განყოფილების ექთანი იყო. ახალგაზრდა, სათნო და გულისხმიერი გოგონა. პალატაში რომ შემოდიოდა, სიცოცხლე და სიხარული შემოჰქონდა.
– გისმენთ, ბატონო შოთა, – ნაზი ხმით იკითხა პალატაში შემოსულმა ეკამ.
ექიმმა გოგონას გაუღიმა და უთხრა:
– ეკა, შვილო, გუშინ რომ დანიშნულება დავწერე, ის წამლები გაამზადე და შემოუტანე ავადმყოფს. როგორც ვვარაუდობდი, დღეს გამოვიდა კომიდან და აბა, შენ იცი. შენებურად დატრიალდი. ამაღამ ხომ მორიგე ხარ?
– დიახ, ბატონო შოთა, – მიუგო ეკამ.
– ჰო, აი, კიდევ, რა: აქ გამომძიებელი იყო დაკითხვაზე და ის ვაჟბატონი გავაბრძანე. თუ კიდევ ვინმე მსგავსი სუბიექტი მოვა, უკან გააბრუნე. თუ არ დაგემორჩილება, მე დამიძახე. ნეიროქირურგიაში ვიქნები. მეც მორიგე ვარ ამაღამ და ბევრი მძიმე პაციენტი მყავს. აბა, შენ იცი, – თქვა ექიმმა შემდეგ კი მე მომიბრუნდა:
– აბა, თქვენ იცით. კრიზისი უკან მოვიტოვეთ და მადლობა ღმერთს, მაგრამ, სრულ გამოჯანმრთელებამდე ჯერ კიდევ შორსაა. არაფერზე აღელდეთ. სიმშვიდე გჭირდებათ. წესით, თავის ტკივილმა უნდა გიკლოთ, მაგრამ თუკი რამემ შეგაწუხათ, ეკას უთხარით. დამიძახებს და მოვალ. აბა, ყოჩაღად! წავედი.
ექიმი დინჯი, ღირსეული ნაბიჯებით გავიდა პალატიდან. ეკამ კი ყველა ის პროცედურა ჩამიტარა, რაც მას ექიმმა დაავალა. ბოლო წამალი რომ დამალევინა, გამიღიმა და ნაზი ხმით მკითხა:
– როგორ ხართ, თავის ტკივილმა არ გაგიარათ?
– ოდნავ მტკივა, – ვუთხარი ეკას.
– ეგ არაფერი. წამლები იმოქმედებს და გაგივლით, – მითხრა ეკამ და დაამატა, – თუ არაფერი გინდათ, წავალ და სხვა ავადმყოფებს მივხედავ. მოგვიანებით კი შემოგივლით. ხოლო თუ რამე დაგჭირდათ, ამ წითელ ღილაკს მიაჭირეთ ხელი და მაშინვე აქ გავჩნდები.
როგორც შემდგომ შევიტყვე, კომიდან საავადმყოფოში მიყვანიდან ოცდამეცამეტე დღეს გამოვსულვარ. საავადმყოფოში კი რესტორან „არაგვიდან“ მივუყვანივართ...
იმ ავბედით დღეს „არაგვში“ 20 წლის ბიჭი მოუკლავთ. ბიჭს ზურიკო ერქვა. კულინარიული სასწავლებლების სტუდენტი იყო და რესტორანში პრაქტიკაზე იმყოფებოდა. მკვლელობა მე მბრალდებოდა. თუმცა, არაფერი მახსოვდა. ამ საქმეს სწორედ ის კურდღლისტუჩა მირიან ბულია იძიებდა, რომელიც ნეიროქირურგიის განყოფილების გამგემ, პროფესორმა შოთა ანთაძემ ჩემი გამოფხიზლების დღეს პალატიდან გააძევა. ანთაძემ საავადმყოფოში კიდევ 10 დღე გამაჩერა. ამ ხნის განმავლობაში, პროფესორმა ჩემი დაკითხვის უფლება არავის მისცა – არ შეიძლებაო. გაწერის წინა ღამეს კი პალატაში მესტუმრა, კარგა ხანს მესაუბრა და მითხრა:
– ლევან, ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა იმ ავბედით საღამოს რესტორან „არაგვში“, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, შენ დამნაშავე არ უნდა იყო.
პროფესორს სიტყვა გავაწყვეტინე:
– ბატონო შოთა, რაში მდებენ ბრალს?
– მკვლელობაში, შვილო.
– მკვლელობაში? – გავიმეორე მე.
– ჰო, მკვლელობაში. ამაზე უკვე მესამე თვეა, ლაპარაკობენ, – თქვა პროფესორმა.
– კონკრეტულად რას, ბატონო შოთა? – ვკითხე მე.
– რას და, იმას, შვილო, რომ თითქოს ახალგაზრდა, დედისერთა მზარეული შენ მოკალი, – მიპასუხა პროფესორმა.
– ვინ მზარეული? არაფერი მახსოვს, ბატონო შოთა, – მივუგე პროფესორს.
– ლევან, ახლა მე შენ კითხვებს დაგისვამ და გულწრფელად მიპასუხე, – მითხრა შოთა ანთაძემ.
– მკითხეთ, ბატონო შოთა, – მივუგე მე.
– ჯონი და ჯემალ ვართანაშვილებს იცნობ? – მკითხა პროფესორმა და მწველი მზერა მომაპყრო.
– როგორ არ ვიცნობ, – ვთქვი და დავამატე, – ჯონი ვართანაშვილი რძის კომბინატის მთავარი ტექნოლოგია, ხოლო ჯემალი კი – მისი ერთადერთი ვაჟი.
– ესე იგი, ამ კუთხით ცნობიერება აღგიდგა, – თქვა ანთაძემ.
– მერე რა, ბატონო შოთა? – მხრები ავიჩეჩე მე.
პროფესორმა პაუზა გააკეთა და თქვა.
– აბა, ის თუ გახსოვს, მათთან რა კავშირი გაქვს?
ანთაძეს მზერა შევავლე, მხრები ავიჩეჩე და ვუპასუხე:
– მე მათი მძღოლი ვარ, რა მერე?
– როგორც ვხედავ, მეხსიერება, მინიმუმ 90 პროცენტით დაგიბრუნდა, – თქვა ანთაძემ და დაამატა, – მთავარია, გვახსოვს თუ არა „არაგვის“ ინციდენტი?
– რესტორან „არაგვის“? – დავაზუსტე მე.
– კი, – მითხრა ანთაძემ.
– არა, – თავი გავაქნიე მე.
– ასეც ვვარაუდობდი, ეს არცაა გასაკვირი. მილიცია და პროკურატურა ჩემზე კოლოსალურ ზეწოლას ახორციელებენ, შენ კი ხვალ ბადრაგი წაგიყვანს. აი, ამიტომ მინდა, რომ შენგან ზუსტი ინფორმაცია მქონდეს იმ ინციდენტზე. მაგრამ, სამწუხაროდ, მეხსიერების სრულად აღსადგენად კიდევ 2-3 თვე გჭირდება, მაგრამ ეს ნაძირალები ამის საშუალებას არ მაძლევენ, – თქვა პროფესორმა და დადუმდა.
– მაინც, რა რჩევის მოცემა გინდათ, ბატონო შოთა? – ვკითხე პროფესორს.
ანთაძემ შემომხედა. კარგა ხანს მათვალიერა. ბოლოს კი თავი გააქნია და მითხრა:
– ლევან, შვილო, შენ, რომ იტყვიან, საქმეს „გიჩალიჩებენ“. მამა-შვილი ვართანაშვილები გაზულუქებული ნაძირალები არიან და ყველაფერზე მოაწერენ ხელს, მე მაგათ კარგად ვიცნობ. ამიტომ, გირჩევ, რომ არანაირი მკვლელობა არ აიღო საკუთარ თავზე და ყველა ბრალდება უარყავი. ისიც გავარკვიე, რომ შენი გამომძიებელი ბულია უკიდურესი ნაძირალა კაცია, ყველაფერზე მოაწერს ხელს და ფულის გამო. მე შენ ისეთ სამედიცინო დასკვნას გატან, რომ ჯალათი მილიციელებიც კი ვერ დაგაკარებენ თითს. იმავდროულად, მილიციასა და პროკურატურას წერილობით მივმართე და საქმის კურსში ჩავაყენე, რომ პერიოდულად შენი ჯანმრთელობის მდგომარეობას შევამოწმებ-მეთქი – მე ამის უფლება მაქვს, როგორც შენს მკურნალ ექიმს. ანუ, მათ იციან, რომ შენ პატრონი გყავს და ახლა ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. მე არ ვიცი, შენი მკვლელი ხარ, თუ არა, მაგრამ არ მგონია, მკვლელი იყო. როგორც გითხარი, მე ადამიანების ცნობა არ მეშლება. სანამ სრულად არ აღდგება მეხსიერება, ყველაფერზე უარი განაცხადე, ხოლო, როცა ყველაფერს გაიხსენებ, თუ მკვლელი არ ხარ, კიდევ ერთხელ დაადასტურე. ხოლო, თუ ხარ, მაშინ არც ეს დამალო, გასაგებია?
– გასაგებია, ბატონო შოთა, – ვუთხარი პროფესორს.
– ძალიან კარგი, რომ გასაგებია. ახლა დაისვენე. ხვალ ბადრაგი ციხეში წაგიყვანს და აბა, შენ იცი, არ გატყდე! – მითხრა შოთა ანთაძემ. შუბლზე მაკოცა, თავზე ხელი გადამისვა და წავიდა.
შოთა ანთაძე ჩემი მფარველი ანგელოზი იყო საავადმყოოში ისევე, როგორც ციხეში – თენგიზ შილაკაძე, მეტსახელად „ძია“, როგორც მას „შავ სამყაროში“ უწოდებდნენ. ის კანონიერი ქურდი იყო.
ჩემი საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, საქმე ასე განვითარდა: ბულიამ ნაბეჭდი ტექსტი დამიდო წინ და მთავაზობდ, ხელი მომეწარა, რაზეც კატეგორიული უარი განვაცხადე. ეს იყო აღიარებითი ჩვენება, რომ ვითომ მე ჩემი უფროსის დასაცავად სამზარეულო დანა ავიღე და მზარეულ ზურაბ ლაღიძეს გულში ჩავარჭვე. მე ჯონი ვართანაშვილის მძღოლი ვიყავი და იმ ჩვენებაში სწორედ ის იგულისხმებოდა ჩემს უფროსად. ჯონი ერთ-ერთი კოოპერატივის თავმჯდომარე იყო. დიდი ფულის პატრონი და მასთან სამუშაოდ უდედმამო ბავშვთა სახლის დირექტორმა მომაწყო. ათი წელიწადი იმ დაწესებულებაში ვიზრდებოდი და მძღოლობასაც იქ დავეუფლე. ჯონის ერთადერთი ვაჟიშვილი ჰყავდა, ჩემი ტოლი ჯემალა. ჩემგან განსხვავებით, ჯემალას არასოდეს უგრძნია გაჭირვება. პატარაობიდანვე დიდ ფულში „ცურავდა“ და ამის გამო ცა ქუდად არ მიაჩნდა, დედამიწა – ქალამნად და ფიქრობდა, ყველაფერი ნებადართული მაქვსო. ციხის ტერმინი რომ გამოვიყენო, ჯემალა ვართანაშვილი „ბესპრეძელშჩიკი“ იყო, ისევე, როგორც მამამისი ჯონი. ჯერ სიფხიზლეში არ ვარგოდნენ, სიმთვრალეში კი ათმაგად ცუდები, შარიანები და აუტანლები ხდებოდნენ. ამის გამო მათ ირგვლივ ყოველთვის აყალმაყალი იყო. ყოველთვის მატყუარები იყვნენ, მაგრამ ყველაფერს ფულით აგვარებდნენ. იმ ავბედით დღეს მამა-შვილი რესტორან „არაგვში“ ქეიფობდნენ ორ მეძავთან ერთად. ჯონის საღამოს 7 საათზე ვყავდი დაბარებული. მივედი, ავედი დარბაზში და ასეთ სურათს შევესწარი – მამა-შვილი სამზარეულოში იმყოფებიან, ენით აუწერელი სიტყვებით აგინებენ მზარეულს – უვარგისი მწვადი მოგვიტანეო. მზარეული მაღალი, ათლეტური აღნაგობის იყო და როდესაც ჯონიმ გინებით წაიწია მასზე, ბიჭმა ხელი ჰკრა და წააქცია. ჯემალამ კი სამზარეულოს დანას დაავლო ხელი და მზარეულისკენ გაქანდა. მე კი ჯემალასკენ გავიქეცი, რომ გამეჩერებინა, დანას ვწვდი და ხელიც კი გამეჭრა. ამ დროს უკნიდან საშინელი დარტყმა ვიგრძენი და 33-დღიან კომაში ჩავვარდი. ეს დეტალები უკვე ციხეში ყოფნისას გამახსენდა. მაშინ, როდესაც სრულად აღმიდგა მეხსიერება. შოთა ანთაძემ ეს ჯერ კიდევ საავადმყოფოში მითხრა. ერთი სიტყვით, რადგან სისხლიან დანაზე მოკლული ზურიკო ლაღიძის სისხლთან ერთად ჩემი სისხლიც იყო და ტარის ნაწილზე ანაბეჭდებიც, ბულიამ სასამართლოზე დანა მთავარ სამხილად წარმოადგინა. გარდა ამისა, საქმეში ჩაკრული იყო ორი მეძავისა და მამა-შვილ ვართანაშვილების ჩვენებები. ისინი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ერთმანეთს. ოთხივე წერდა, რომ ვითომდა მე ჯემალა ვართანაშვილის გამოსარჩლების მიზნით სამზარეულოს დანა ჩავასვე გულში ზურაბ ლაღიძეს და ადგილზევე მოვკალი. ეს სიყალბე ოთხივე მათგანმა სასამართლოზეც გაიმეორეს. თუმცა, ის ორი მეძავი მკვლელობის მომენტში „არაგვის“ სამზარეულოში საერთოდ არ ყოფილა. ნიშანდობლივია ისიც, რომ არც სხვა მზარეულები დაიკითხნენ და არც რესტორანში მყოფი ადამიანები.
დასასრული შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან