ყოფილი ქმარი
ავტორი: ნია დვალი 20:00
კოტეს ხანდახან უწევდა, დაერეკა ყოფილი ცოლისთვის, რომელსაც დიდი სიამოვნებით გასცილდა და უკვე ექვსი თვეა, თავისუფლებით ტკბებოდა, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ამ ამბავს დედამისის, ტასოს ჩარევის გარეშე არ ჩაუვლია. დედამთილმა იმთავითვე აითვალწუნა რძალი და თუმცა, კაცმა რომ თქვას, არც არანაირი ხელჩასაჭიდი მიზეზი ჰქონია. ვერც ექნებოდა, იმიტომ რომ, სოციალური სტატუსით ქეთი აშკარად ჯაბნიდა კოტეს, მაშასადამე, ქალბატონ ტასოსაც და ის უფრო იყო გასაკვირი, ქეთი რომ გაჰყვა ცოლად კოტეს, ვიდრე ის, რომ კოტემ მოიყვანა ცოლად და გულწრფელად უნდა ითქვას, რომ ქეთის სადღაც, გულის სიღრმეში, შეეცოდა კიდეც კოტე და იმიტომაც აირჩია ქმრად. მოტივი, ბუნებრივია, არაადეკვატური და არასერიოზული იყო, მაგრამ ქეთი, პირიქით, ძალიანაც ამაყობდა (ისიც იქვე, სადღაც, გულის სიღრმეში), რომ ამდენად კეთილშობილი იყო. თუმცა, მისი კეთილშობილება, ცხადია, არც არავის დაუნახავს და არც დაუფასებია, თუ არ ჩავთვლოთ, რომ დედამისს კინაღამ გულის შეტევა დაემართა, როდესაც მომავალი სიძე დაინახა.
ასე იყო თუ ისე, ქეთი კოტეს ცოლი გახდა და თავდაპირველად კოტეს სახლში ცხოვრობდნენ. ქეთის მამა არ ჩქარობდა, გაემხილა შვილისთვის, რომ მისთვის ნაყიდი ჰქონდა სამოთახიანი, არასტანდარტული და თანამედროვე დიზაინის ბინა, სრულად კეთილმოწყობილი და ადგილსაც უნახავდა თავის კომპანიაში, რომლის არსებობაც, ყოველ შემთხვევაში, ქეთიმ არ იცოდა, იმიტომ რომ ბატონი რეზო პრაგმატული ადამიანი იყო და სიჩქარე არ უყვარდა. რაც მთავარია, შვილისგან განსხვავებით, კეთილშობილებას არ თამაშობდა. ქეთი, რატომღაც, გადაეშვა ოჯახურ რუტინაში და ერთგვარად მოეწონა კიდეც ცოლისა და ოჯახის დიასახლისის როლი. იმდენადაც კი, რომ სახლში ჩაჯდა, მიუხედავად დედამისის უკმაყოფილებისა. რაღაც პერიოდის შემდეგ, როდესაც ქეთი დაფეხმძიმდა, დედამთილმა, რატომღაც, აგარაკზე გადაწყვიტა გადასვლა. ერთი შეხედვით, ეს თითქოს სასიხარულო ცვლილება უნდა ყოფილიყო, ვინაიდან ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დამოუკიდებლად და ცალკე იცხოვრებდა, მაგრამ მაინც გაურკვეველი განცდა დაუტოვა ქეთის კოტეს დედის ამ გადაწყვეტილებამ, რაც იოლი მისახვედრი იყო – ტასოს არანაირი სურვილი არ ჰქონდა, შვილშვილისთვის მოევლო.
ერთი სიტყვით, მათმა ოჯახმა სამ წელიწადს გაუძლო და საბოლოოდ, განქორწინებით დასრულდა. უცნაური ის გახლდათ, რომ, თუმცა ქეთი წამოვიდა კოტესგან, კოტეს იმდენად გაუმყარდა და გაეზარდა თვითშეფასება ქეთის მიერ ცოლისა და ოჯახის დიასახლისის როლის უზადოდ შესრულების გამო, რომ გაყრა სავსებით ბუნებრივ მოვლენად მიიჩნია: მეტიც, დარწმუნებული იყო, რომ ქეთიზე ბევრად უკეთეს ცოლს იმსახურებდა. და, მართლაც, ქეთიმ მოახერხა და საკუთარ გარეგნობაზე საერთოდ აღარ ზრუნავდა: სახლის საქმეებმა ისე ჩაითრია, როგორც აზარტული მოთამაშე და აღარაფერი აინტერესებდა სახლის დალაგების, გაპრიალება-ხეხვისა და საუცხოო კერძების მომზადების გარდა.
***
ქეთი და კოტე ოფიციალურადაც გაიყარნენ და, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, კოტე შესაძლებლობას არ უშვებდა ხელიდან, რომ ყოფილი ცოლი არათუ გაელანძღა, მისთვის ენით აუწერელი რამეებიც დაებრალებინა. ქეთიმ ეს იცოდა, იმიტომ რომ საერთო ნაცნობები შანსს არ უშვებდნენ ხელიდან, არ ეცნობებინათ, ვისთან რა თქვა მასზე ყოფილმა ქმარმა, თუმცა ქეთის სიტყვა „ქმარი“ „ყოფილის“ შემდეგაც კი აღიზიანებდა.
– ქეთ, როგორ ბედავს შენზე ასეთების თქმას?! არ აპირებ, მოსვა ადგილზე?! – ბრაზობდა მისი მეგობარი ოლიკო.
– ჩემთვის სულერთია, რაც უნდა, თქვას, – გულგრილად პასუხობდა ქეთი.
– მაგრამ ამტკიცებს, რომ შენი ბრალია, რომ გაშორდით. ვითომ შენ უღალატე.
ამის გაგონებაზე ქეთი ახარხარდა:
– ასე ხმამაღლა აღიარებს, რომ რქიანი იყო?!
– შენ გეცინება და ვიღაცები იჯერებენ, – არ გაიზიარა მეგობრის ხალისი ოლიკომ.
– ზუსტად პირიქით იყო ეს ამბავი, მე გამოვიჭირე სახლში. ვინც უჯერებს, დაუჯეროს, მაგაზე ვერ ვიდარდებ.
– მე მომცა შენი ნერვები, რა! – გულწრფელად უთხრა ოლიკომ მეგობარს.
ქეთი განქორწინების შემდეგ მშობლების სახლში დაბრუნდა და მამამისმა ისე წარმოაჩინა საქმე, რომ ვითომ ფინანსურად გაუჭირდათ, ცოლი დასაწყისში არ ეთანხმებოდა:
– ის არ ეყოფა ბავშვს, რომ უვარგისი ქმარი შეხვდა, ახლა შენც უნდა დააჭირო წიხლი? – ციცი, ქეთის დედა, ქმარს ეწუწუნებოდა.
– უნდა მიხვდეს, რომ დაფიქრებაა აუცილებელი, როდესაც რაღაცას აიჩემებს. შენ ვერ მიხვდი, რომ ეს კოტე და მასზე დაქორწინება ამოჩემება იყო?! ითამაშა ოჯახობანა. და კიდევ რომ ითამაშოს?! ასე ცხოვრებას გაიფუჭებს. ამიტომ ჯობია, საშუალება მივცეთ, რომ დაფიქრდეს თავისი ქცევის შედეგებზე.
ციცი ხვდებოდა, რომ ქმარი სიმართლეს ეუბნებოდა, მაგრამ დედის გულში სხვა რამე ტრიალებდა, თუმცა არც ქმრის საწინააღმდეგოდ უნდოდა წასვლა, ამიტომ, საბოლოოდ, გაჩუმდა. კოტე კი ყველანაირად შეეცადა, არ გადაეხადა ალიმენტი შვილისთვის, თუმცა, ქეთი არც აპირებდა, მოეთხოვა, მიუხედავად მამამისის გაფრთხილებისა, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა. ქეთის ახლაც ცრიდა მთელ სხეულში, როდესაც კოტეს სიტყვები ახსენდებოდა მათი ურთიერთობის ბოლო დღეს:
– თუ რამე არ მოგწონს, შეგიძლია, წახვიდე ან რას დაემსგავსე?! სარკეში ბოლოს როდის ჩაიხედე? თავმოყვარე კაცი გამარჯობასაც არ გეტყვის.
ქეთი ხმას არ სცემდა, ნაჩქარევად ალაგებდა ტანსაცმელს და ცდილობდა, რისხვა რამენაირად ჩაეხშო. კოტე კი არ ცხრებოდა, რადგან დარწმუნებული იყო თავის უპირატესობაში:
– რით აპირებ შვილის რჩენას?! გგონია, მამიკო მოგეხმარება?
ამ დასკვნის გამოტანის საფუძველი კოტეს აწ უკვე ყოფილი სიმამრის ქცევამ მისცა, რომელიც მათი თანაცხოვრების პერიოდში ქალიშვილს დიდად არ ეხმარებოდა და თუკი დასაწყისში კოტე ფიქრობდა, რომ მამა, უბრალოდ, სჯიდა ქალიშვილს არასწორი არჩევნის გამო და, საბოლოოდ, მაინც შეურიგდებოდა, სიმამრმა ბოლომდე შეინარჩუნა ნეიტრალობა და კოტემაც დაკარგა იმედი, რომ სიმამრის მდგომარეობას გამოიყენებდა, ამიტომაც იოლად შეელია ცოლს და არც მის შეურაცხყოფაზე უთქვამს უარი. კოტეს ქეთის დუმილი უფრო და უფრო ახელებდა:
– დავამტკიცებ, რომ გაუწონასწორებელი ფსიქოპატი ხარ და შვილს წაგართმევ, იმიტომ რომ არც სამსახური გაქვს და არც საცხოვრებელი, – კოტე, რატომღაც, დარწმუნებული იყო, რომ მამამისის ქეთის უკან არ მიიღებდა და მის წყობიდან გამოყვანას ცდილობდა. ქეთიმ შეძლო თავის შეკავება და როდესაც კარი გამოიხურა და ტაქსიში ჩაჯდა, მხოლოდ მაშინ მისცა გასაქანი თავის ემოციებს. იმ დღეს მშობლებთან დაბრუნება არ უნდოდა, არც უთქვამს მათთვის, რომ კოტეს ეყრებოდა და არც მამამისს შეუმჩნევია, რომ ყველაფერი იცოდა. უნდოდა, რომ ქალიშვილს თავად ეპოვა გამოსავალი.
– რაღაც საქმეები გამოგვიჩნდა, ამიტომ ბავშვს თქვენთან დავტოვებ ორიოდე კვირით, – სთხოვა დედას.
ციცი ცას ეწია სიხარულით:
– რა თქმა უნდა, რამდენ ხანსაც მოისურვებ.
შვილიშვილის სტუმრობაზე ვერც ბაბუამ თქვა უარი...
***
ქეთიმ თავის დანაზოგს დახედა. ბევრი არ უფიქრია და სასტუმროს მიაშურა. როდესაც მდიდრულ ინტერიერს მოავლო თვალი, უნებურად გაეფიქრა:
– როდის გადავწყვიტე, რომ მათხოვრული ყოფა მომწონდა?!
სასტუმრო დიდხანს არ ურჩევია, ვინაიდან იცოდა, რომ საკუთარი თავის საპოვნელად აუცილებლად სჭირდებოდა თავის ჩვეულ გარემოში დაბრუნება. მართალია, მისთვის აუტანელი დასანახი იყო, როდესაც საკუთარ ქმარს სტუდენტთან შეუსწრო საკუთარსვე საძინებელში, მაგრამ ამ შოკმა უცებ გამოაფხიზლა და ჩამოუშალა ყველა ის ილუზია, რომელშიც თავი საკუთარი ნებით გაიხვია.
ეს სრული შემთხვევითობა იყო, იმიტომ რომ იმ დღეს ქეთი მშობლებთან წავიდა სტუმრად და ღამითაც იქ აპირებდა დარჩენას, მაგრამ მალევე გადაიფიქრა და სახლში დაბრუნდა, იმ მოტივით, რომ კოტესთვის მისი საყვარელი კერძი მოემზადებინა და რომანტიკული საღამო მოეწყოთ.
საღამო, მართლაც რომანტიკული მოეწყო კოტეს, მაგრამ ცოლის დაუგეგმავმა დაბრუნებამ ყველაფერი აურია და ქეთი მიხვდა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო: კოტე მუდმივად ღალატობდა და ქეთი ვერაფერს ხვდებოდა, ისე იყო გართული ოჯახური საქმეებით.
ყველაზე უცნაური ის იყო, რომ კოტეს თავის მართლება არც კი დაუწყია, არც კი უცდია:
– არ იყო საჭირო გაუფრთხილებლად სახლში მოსვლა, – უსაყვედურა კიდეც ცოლს, როდესაც თავისი სტუდენტი გააცილა და კართან გულითადადაც დაემშვიდობა, ისე, რომ ცოლის არც მორიდებია. და ქეთი მიხვდა, რომ კოტესთვის, უბრალოდ, ცარიელ ადგილად იქცა – ის მას პატივს საერთოდ არ სცემდა. ქმრისთვის სულერთი იყო ცოლის ემოციები, აზრები.
– როგორ მივედი აქამდე? – შეძრწუნდა ქეთი და რაღაც მომენტში საკუთარი თავი შეზიზღდა, როდესაც გაიაზრა, რომ მხოლოდ თავად იყო დამნაშავე იმაში, რაც დაემართა.
– მე არ ვცემ პატივს ჩემს თავს და სხვა რატომ გააკეთებს ამას? – გაიფიქრა მაშინ დანანებით.
***
ცოლთან გაყრიდან ექვსი თვის შემდეგ კოტემ აღმოაჩინა, რომ საბუთების ნაწილი აკლდა და გაახსენდა, რომ ყოფილ ცოლს მიაბარა, მან კი ბებიამისის ნაქონ ძველებურ პატარა ზარდახშაში შეინახა. ძალიანაც არ უნდოდა, მაგრამ თავს სძლია და ქეთის დაურეკა:
– გისმენ, – სრულიად გულგრილად უპასუხა ქეთი.
– ჩემი საბუთებია შენს ძველებურ სკივრივით რაღაცაში და მჭირდება, – არც კი მისალმებია ყოფილ ცოლს და არც ბავშვის ამბავი უკითხავს.
– მე არ მცალია, რომ მოგიტანო, – არანაკლებ უხეშად უთხრა ქეთიმ.
– მე თვითონ მოვალ. თან, სასწრაფოდ მჭირდება, – შესთავაზა ყოფილ ცოლს.
ქეთი დაფიქრდა და მცირეოდენი პაუზის შემდეგ უპასუხა:
– კარგი, მოდი, ჩაგიგდებ მისამართს.
– მამაშენთან არ ცხოვრობ? მისამართი ვიცი.
– არა, მამაჩემთან არ ვცხოვრობ. ჩაგიგდებ მისამართს. მიდი და აიღე. დაგხვდებიან, – ქეთიმ უცერემონიოდ გაუთიშა კოტეს ტელეფონი, თუმცა ორიოდ წუთში დაპირებული მისამართი გაუგზავნა.
კოტე გაბრაზდა: „როგორ გათავხედებულა?! ადრე თვალებში შემომციცინებდა და რასაც ვეუბნებოდი, უსიტყვოდ ასრულებდა. ახლა კი რამდენს ბედავს“.
– სახლში არ იქნება, თურმე. აბა, სად იქნება?! – თქვა ხმამაღლა კოტემ და გაეცინა, ვინაიდან დარწმუნებული იყო, რომ მისი ყოფილი ცოლი ისევ მასზე ფიქრობდა და მასთან შერიგებაზე ოცნებობდა.
როდესაც იმ სახლს მიუახლოვდა, რომლის მისამართიც ყოფილმა ცოლმა ჩაუგდო, თვალებს არ დაუჯერა: სადარბაზოდან ქეთი გამოვიდა და კოტემ ის გაჭირვებით იცნო: მისი ყოფილი ცოლი სრულად გარდასახულიყო, თმის ახალი ფერითა და ახალი ვარცხნილობით, თითქოს, გაახალგაზრდავებულიყო და უფრო გალამაზებულიყო. სანამ კოტე პირდაღებული უყურებდა თავის ყოფილ ცოლს, ის მანქანაში ჩაჯდა და გაუჩინარდა.
კოტე უცბად გამოერკვა და დომოფონს დააჭირა თითი:
– ვინ ბრძანდებით? – უპასუხა კოტეს, სავარაუდოდ, შუა ხნის ქალის ხმამ.
კოტეს უნებლიეთ დაება ენა და ძლივს ამოილუღლუღა რამდენიმე სიტყვა:
– ქეთის უნდა ეთქვა... საბუთები უნდა წავიღო.
სადარბაზოს კარი გაიღო და კონსიერჟმა ლიფტში შეიყვანა. შემდეგ საჭირო კარზე მიუთითა და იქვე დადგა. კოტემ ზარი დარეკა. კარი მკაცრი გამომეტყველების მქონე გაურკვეველი ასაკის და ელეგანტურად ჩაცმულმა ქალმა გაუღო. სტუმარი ბინაში არ შეუპატიჟებია. საბუთები უკვე ხელში ეჭირა და გაუწოდა.
– ქალბატონმა ქეთიმ მითხრა, თქვენთვის გადმომეცა.
კოტემ ავტომატურად გამოართვა საბუთები და შეეცადა, თვალი მოევლო ბინისთვის, რომელიც აშკარად პრემიუმ კლასის იყო.
– დაგემშვიდობებით, – მაშინვე ჩაესმა კოტეს ქალის სიტყვები და კარი ცხვირწინ მიუხურეს. კონსიერჟმა ლიფტში მიიხმო და კოტე სადარბაზოდან დარეტიანებულივით გამოვიდა.
„საიდან აქვს ამ ყველაფრის ფული?! – ფიქრობდა, როდესაც მანქანაში ჯდებოდა, – ან ეს ბინა საიდან აქვს?! იქნებ მისი არაა?! ან სად მიდიოდა ასე მოკაზმული?!“ – კოტე დაიბოღმა, – გაახსენდა, რომ ქეთის მამამ საერთოდ არ გაუმართა მათ ხელი, როდესაც დაქორწინდნენ. თითქოს ვერც ამჩნევდა, რომ სიძე ჰყავდა. ამიტომ ბევრი არ უფიქრია და ნაცნობის ნომერი აკრიფა.
– უნდა დამეხმარო. თან, ჩემი ვალი გაქვს და გავქვითოთ.
კვირა საღამოს ყოფილი ქმარი გამოეწყო, ვარდების დიდი თაიგული იყიდა და ყოფილი ცოლის სახლს მიადგა. დომოფონზე ამჯერად ქეთიმ უპასუხა:
– რისთვის მოხვედი?
– შეიძლება, ამოვიდე? – კოტე დარწმუნებული იყო, რომ კვლავ ჰქონდა გავლენა თავის ყოფილ ცოლზე.
– არა, არ შეიძლება და თუ არ წახვალ, პოლიციას გამოვუძახებ, – გულგრილად უთხრა ქეთიმ და დომოფონი გათიშა.
კოტემ ის-ის იყო დააპირა, კიდევ დაერეკა, რომ მუქარა გაახსენდა და სახლს გაეცალა. ვარდების თაიგული მოისროლა და მანქანაში ჩაჯდა.
– რა თავხედი ტიპია, ისევ მოვიდა? – ოლიკო ფანჯრიდან უყურებდა მანქანისკენ მიმავალ კოტეს.
– აბა, რას იზამდა?! მოუნდა მუქთა ცხოვრება, – გაიცინა ქეთიმ. მეგობარმა გაკვირვებულმა შეხედა.
– რატომ შევიცვალე ასე უცებ?! – მოუხვდა ქეთი ოლიკოს გაკვირვების მიზეზს.
– ყველაფერს აქვს თავისი რესურსი. როგორ აგიხსნა, არც ვიცი. მე ყველაფერი ვცადე, მაგრამ არაფერი გამოვიდა, იმიტომ რომ არც მე მიყვარდა კოტე. მე საკუთარი თავი მიყვარდა ცოტა არაჯანსაღად და მომწონდა ეს თავგანწირული მსხვერპლის როლი, ოჯახს შეწირული ქალის. ველოდი აპლოდისმენტებსა და კვარცხლბეკზე დასმას, მაგრამ, როდესაც ჩემზე ფეხები შეიწმინდეს, მივხვდი, რომ უბრალოდ, იდიოტი ვიყავი და სიმართლე გითხრა, მე უფრო ვარ დამნაშავე კოტესთან, ვიდრე ის – ჩემთან.
ოლიკომ გაკვირვებულმა შეხედა, მაგრამ ქეთიმ გაუმეორა:
– ჰო, მე ვარ დამნაშავე. როგორ შეიძლება, ადამიანს აჰკიდო იმაზე მეტი, თუნდაც, ზრუნვა და სიყვარული, რის დატევა და ზიდვაც არ შეუძლია?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





