ხაზინის ოქრო
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 26.12, 2020 წელი

დასასრული. (დასაწყისი იხ. „თბილისელები“ #49-50 (1041)
ნორა ციკოლია სექსის მოყვარული ქალი იყო და თავის წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას შესანიშნავად უთავსებდა მრავალრიცხოვან პატარ-პატარა რომანებს, ძირითადად, ცნობილ ადამიანებთან. გენერლისთვის მას დიდი ხანია, თვალი ჰქონდა დადგმული და ეს მშვენივრად იცოდა მინისტრმა. თუმცა ყოველმხრივ თავს არიდებდა ამ ურთიერთობას, რადგან ციკოლია არ „ევასებოდა“ და მასთან სექსი არაესთეტიკურადაც კი მიაჩნდა. შინაგან საქმეთა მინისტრს ახალგაზრდა, ტანწერწეტა გოგონები იტაცებდა და ორმოც წელს გადაცილებულ, ტლანქ ქალთან სექსი მას გულის რევის შეგრძნებას გვრიდა.
– გაგიმარჯოთ, ბატონო გენერალო, – თქვა ნორამ და კონიაკი ბოლომდე გამოცალა. შემდეგ შოკოლადის ნატეხი დააყოლა და გელაშვილს უთხრა: – ბატონო მინისტრო, ამ ცოტა ხნის წინ ჩემმა წყარომ მაცნობა, რომ ერთი კვირის წინ ბანკის საცავიდან ოთხასი კილოგრამი ოქრო გაქრა. მართალია ეს ინფორმაცია?
გენერალმა ფუჟერები კვლავ შეავსო და სტუმარს უთხრა:
– კიდევ თითო ჩავარტყათ და გეტყვი.
ამჯერად გენერალმა და ჟურნალისტმა სადღეგრძელოს გარეშე „ჩაარტყეს“ კონიაკი და გელაშვილმა ციკოლიას უთხრა:
– კი. მართალია. მაგრამ იმედია, ამას ჯერ არ გააბაზრებ.
თვალებშეჟუჟუნებულმა ჟურნალისტმა უკვე თვითონ შეავსო ფუჟერები და სანამ კონიაკის მესამე ჭიქას გამოცლიდა, მინისტრს უთხრა:
– ამისთვის კიდევ თითო უნდა გადავკრათ.
– ნორიკო, ძვირფასო, ახლა შენი წყარო დამისახელე. მითხარი, ვინ მოგაწოდა ეს ინფორმაცია?
ციკოლიამ კვამლი გამოუშვა და გენერალს მიუგო:
– ინკოგნიტო წყარომ. დილით „ფეისბუქზე“ მომწერა ვინმე „ჭორიკანამ“. სამწუხაროდ, მე მას არ ვიცნობ.
– მართლა თუ მაბოლებ? – იკითხა მინისტრმა.
– მართლა, მართლა.
– დროა, ნორიკო. დავიშალეთ. იმედია, პირობას შეასრულებ და ამ ამბავს არ გააბაზრებ. მე კი, ჩემი მხრივ, გიდასტურებ, რომ როგორც კი სულ მალე ბოროტმოქმედებს ჩავავლებთ, დაწვრილებით ექსკლუზივს მოგცემ.
ნორა ციკოლია ტახტიდან წამოდგა. თმა გაისწორა და გამოუმშვიდობებლად დატოვა შინაგან საქმეთა მინისტრის კაბინეტი
ციკოლია რომ გაისტუმრა, კარი გაიღო და ზღურბლზე გენერლის თანაშემწე, ოცდაათიოდე წლის ჟანა კიკიანი გამოჩნდა.
– „გიჟუამ“ დარეკა – სად არის ისედაც მიწასთან გვასწორებენ, ყველაფერს ჩვენ გვაბრალებენ და ოქროს საქმეს როდის გახსნის, რომ ხალხის რისხვა ცოტათი მაინც შევაჩეროთო. მოკლედ, დუჟებს ყრიდა, როგორც სჩვევია. მე ვუთხარი, ჟურნალისტებს აბოლებს-მეთქი, – უთხრა ჟანამ მინისტრს.
– კარგად გითქვამს იმ გიჟისთვის. – ჟანიკო, ათ წუთში სადილი შემომიტანე. მომშივდა.
– მთელი ენერგია გამოგაცალა, ხომ, იმ ღორმა? – თქვა ჟანამ და თან დააყოლა, – „ბარახლოზე“ რა ვქნათ?
– ჯერ იყოს იქ, სადაცაა და ყველაფერი რომ „მოყომარდება“, გეგმის მიხედვით ვიმოქმედებთ, – თქვა გენერალმა. ჟანამ კი ჰკითხა:
– მაინც, რას ელოდები?
– „ვლასტის“ შეცვლას, გოგო, რას ვერ ხვდები? – სახე წამოეჭარხლა მინისტრს, – ერთ თვეში აქაურობის დატოვება მოგიწევს, ახალ მინისტრს საქმეები უნდა გადავაბარო. როგორც კი ახლები მოვლენ, ქექვას დაიწყებენ და თუ ყველაფერი „ჩისტად“ არ გვექნა, შეიძლება, კაბინეტიდანაც ვერ გავასწროთ, გესმის?
– კი. მესმის, – თქვა ჟანამ, გენერალმა კი დაამატა:
– „პადვლის“ ვირთხა სადაა?
– სადაც იყო, წყნეთში. შეშინებულია და ერთი სული აქვს, სადმე, ძალიან შორს გადაიკარგოს. ერთი სიტყვით, გელოდება, – მიუგო ჟანამ.
– მელოდოს, მელოდოს... მოკლედ, ეგ უკვე აღარ გვჭირდება და შეგიძლია, შორს გაამგზავრო და რაც შეიძლება, მალე.
– ანუ ავაორთქლო, ხომ? – დააზუსტა ჟანამ.
– მისი კვალიც კი არ უნდა დარჩეს, ამაღამვე იჩალიჩე. მაგრამ ძალიან ზუსტად. შენ ეს ჩემგან არ გესწავლება.
– კარგი. გასაგებია, – მიუგო გელაშვილს ჟანა კიკიანმა და მინისტრის კაბინეტი დატოვა.
ოცდაათი წლის ჟანა კიკიანი შინაგან საქმეთა მინისტრის თანაშემწე, საყვარლობასთან ერთად, მისი პირადი „ქილერიც“ იყო და გენერლის ყველაზე ბინძურ მითითებებს უსიტყვოდ ასრულებდა. ჟანას საზღვარგარეთ მაღალი კლასის სპეციალური სამხედრო მომზადება ჰქონდა გავლილი და კაპიტნის ჩინს ატარებდა. მომხიბვლელი გარეგნობის უკან ყოვლად სასტიკი, ამორალური და ცბიერი ადამიანი იმალებოდა, რომელიც ყველაფერზე მოაწერდა ხელს.
გენერლისგან რომ გამოვიდა, ჟანა ავტოსადგომზე დაეშვა, თავის „მინიკუპერში“ ჩაჯდა და წყნეთისკენ აიღო გეზი.
🔽🔽🔽
აღმართზე ჟანას მოტოროლერით თაზო ქვარცხავა „დაეხვოსტა“, რომელიც თადარიგის გენერლის კერძო კანტორის თანამშრომელი იყო და ოპერატიულ საქმიანობაში ფრიად დახელოვნებული. ქვარცხავას შინაურულად „კოდალას“ ეძახდნენ.
– მიდი, „კოდალ“, მაგრამ ძალიან ფრთხილად. ეს გოგო ძალიან საშიში ვინმეა და ისე უნდა „ხვოსტო“, რომ ვერ „დაგწყვას“, – უთხრა ცეცაძემ მას.
– დარდი ნუ გაქვთ, ბატონო გია, პირველად ხომ არ ვაკეთებ ასეთ საქმეს? – მიუგო ცეცაძეს ქვარცხავამ, რუსაძემ კი დაამატა:
– შენ წარმოიდგინე, რომ პირველად „ხვოსტავ“ ასეთ საშიშ ობიექტს. ამიტომაც მოგიწოდებთ სიფრთხილისკენ.
– გასაგებია, ბატონო გენერლებო, – თქვა „კოდალამ“. შემდეგ უზარმაზარი, დახურული მიკროავტობუსიდან გადავიდა. მუზარადი ჩამოიფხატა და ჟანა კიკიანს კუდში გაჰყვა.
მწვანე ფერის დახურული მიკროავტობუსი, რომელზეც ერთ-ერთი ცნობილი ორგტექნიკის ფირმის ლოგო იყო გამოსახული, ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მოპირდაპირე მხარეს იდგა. სალონი, მართლაც, ორგტექნიკით იყო სავსე და მხოლოდ საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა იცოდნენ, რომ მთელი ეს ორგტექნიკა, სინამდვილეში, უახლესი მოსასმენი სათვალთვალო სპეცმოწყობილობები იყო. მიკროავტობუსი კი ცეცაძე-რუსაძის კანტორის კუთვნილებას წარმოადგენდა და სალონში, სწორედ, პოლიციის გადამდგარი გენერლები ისხდნენ და მართალია, არასანქცირებულ, მაგრამ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გამართლებულ საქმიანობას ახორციელებდნენ – ანუ შინაგან საქმეთა მინისტრის კაბინეტს უსმენდნენ. ამას კი თადარიგის გენერლებმა ნორა ციკოლიას მეშვეობით მიაღწიეს. ნორას ფეხსაცმლის ლანჩზე ერთ-ერთი ბოლო მოდელის, დისტანციურად მართვადი მოძრავი „ჟუკი“ ჰქონდა მიმაგრებული. როდესაც ის გელაშვილს კაბინეტში ესტუმრა, „მიკროჟუკი“ დისტანციურად ჭერზე მიამაგრა ქიშვარდი გულიამ, იგივე „ქიშომ“ და სწორედ, ამის გამოისობით გახდა შესაძლებელი გენერლის კაბინეტის მოსმენა. გულია, კანტორაში ტექნიკური განყოფილების სპეციალისტი იყო და საქართველოში მასავით არავის ესმოდა ეს საქმე. მთელი ამ ოპერაციის „ტვინი“ თადარიგის გენერალი კოკა რუსაძე იყო. სწორედ, მან მიაკრა ნორა ციკოლიას ფეხსაცმელზე მოძრავი „ჟუკი“. მანამდე კი ნორას კონფიდენციალურად შეხვდა და საცავიდან ოქროს გაუჩინარების ამბავი აუწყა, თან, უთხრა:
– ნორიკო, ხომ იცი, რომ ჩემი სახელი არ უნდა ახსენო?
– ვიცი, „ჯაზიკ-ჯან“, ვიცი. როდესმე გამიყიდიხარ? – მიუგო ნორამ, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ გელაშვილთან, როგორც მინიმუმ, აუდიენციის უფლებას მოიპოვებდა. შემდეგ კი, როგორც სიტუაცია უჩვენებდა...
ოპერაციის ამ ნაწილის მთელი „მარილიც“ სწორედ ეს იყო. გენერალმა რუსაძემ კარგად იცოდა, რომ ამ ინფორმაციის წყალობით, ციკოლია მინისტრთან შევიდოდა და ასეც მოხდა. ოპერაციის საბოლოო მიზანი კი გატაცებული ოქროს აღმოჩენა, დაბრუნება და დამნაშავეების დასჯა იყო. ცეცაძესა და რუსაძეს ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ ოქროს გაუჩინარებაში პოლიციის მაღალჩინოსნები იქნებოდნენ ჩარეულები და სწორედ, ამიტომაც წამოიწყეს ასეთი მრავალსვლიანი კომბინაცია და არც შემცდარან.
ოფისში დაბრუნებულმა „კოდალამ“ გენერლებს უთხრა:
– ჟანას მოძრავი „ჟუკი“ იმ მომენტში მივაწებე, როდესაც ის სუპერმარკეტთან მანქანიდან გადავიდა და მე მოტოროლერით გვერდით ჩავუარე. შემდეგ ის აგარაკზე მივიდა. როგორც მოსმენიდან „გავაიასნე“, მათ აგარაკზე ზურაბ სიდამონიძე ჰყავთ გადამალული. ალბათ, გელაშვილმა ჟანას მისი ლიკვიდაცია დაავალა.
– „პადვლის კრისაო“ – ასე არ მოიხსენიებდა მინისტრი? – თქვა ცეცაძემ. რუსაძემ კი დააყოლა:
– საცოდავი კლარა პაპასკირი. როგორც ეტყობა, იმ საწყალმა შემთხვევით მოჰკრა ყური მათ საუბარს და გააქრეს.
– ალბათ, – თქვა ცეცაძემ და დაამატა, – მოკლედ ასე, – „შუსტრად“ უნდა ვიმოქმედოთ და საქმე გავხსნათ. ეყოფათ თარეში ამ „ბოზებს“. მართალია, ერთ თვეში მიდიან, მაგრამ თუ ხელი არ შევუშალეთ, კიდევ ბევრს დააშავებენ.
– რას აპირებ, ავთანდილოვიჩ? – ჰკითხა ცეცაძეს „ქიშომ“.
– პირველ რიგში, სიდამონიძე უნდა დავითრიოთ და ყველაფერი ვათქმევინოთ. ჩავიწეროთ და „გიჟუას“ დაველაპარაკოთ, – მიუგო ცეცაძემ.
– „გიჟუაც“ რომ იყოს ჩარეული ამ ამბავში? – იკითხა „კოდალამ“, რომელსაც უკვე „ჯაზიკამ“ უპასუხა:
– არა. „გიჟუა“ აზრზე არაა. ხომ გახსოვს, ჟანამ რომ უთხრა გელაშვილს, „გიჟუამ“ დაგირეკა და ოქროს ამბის გახსნას ითხოვსო. „გიჟუას“ სხვა, ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი და ამასაც ნუ მივაწერთ. გიჟუა ახლა უსაფრთხოების გარანტად გვჭირდება.
– ავთანდილოვიჩ, ბატონო კოკა, სიდამონიძის დათრევას საკმაო რესურსი სჭირდება. პოლიციას ამ შემთხვევაში ვერ მივმართავთ, რადგან დავიწვებით, – უთხრა გენერლებს „კოდალამ“, ცეცაძემ კი მიუგო:
– მომავალი მინისტრი უეჭველად პეტრე კანკავა იქნება, გამარჯვებული პარტიის ლიდერის, მომავალი პრემიერის დაცვის უფროსი. მე მას კარგად ვიცნობ და დახმარებასაც ვთხოვ. ახლა კი მზადყოფნა ნომერ პირველს ვაცხადებ და წამით არ მოდუნდეთ.
🔽🔽🔽
ღამდებოდა, როდესაც წყნეთის აგარაკზე ჟანა კიკიანი მივიდა, რომ გენერლის ბრძანებით, ზურაბ სიდამონიძე მოეკლა. ჟანას ბანკის საცავის უფროსის ლიკვიდაცია და მისი ეზოში დამარხვა ჰქონდა ჩაფიქრებული, ისევე, როგორც ქალმა კლარა პაპასკირი მოკლა და შემდგომ კი ზურაბ სიდამონიძის ეზოში დამარხა. როგორც კი ჟანამ აგარაკის ჰოლში შედგა ფეხი და შუქი აანთო, მას მომენტალურად გადაუგრიხეს ხელები და ხელბორკილები დაადეს. შემდეგ კი პეტრე კანკავამ ის პირადად გაჩხრიკა და ქამრიდან მაყუჩიანი პისტოლეტი ამოუღო.
– მომერიეთ ქალს? – კბილებში გამოსცრა ჟანამ. კანკავამ კი მიუგო:
– ქალი კი არა, ეშმაკის მოციქული ხარ. ამ იარაღიდან ხოცავდი, ხომ, ოქროს გატაცების საქმეში გასულ ხალხს?
– ჯერ დამიმტკიცე, რომ ისინი მე მოვკალი, – თქვა ქალმა, კანკავამ კი უთხრა:
– შენ თვითონ გამოტყდი ახლა. მტკიცებულებასაც სულ მალე დაგიდებთ. თან, ოქროს მოწმეც გვყავს – სიდამონიძე, რომელიც შენ უნდა მოგეკლა და მან უკვე ყველაფერი გვითხრა. ჩავიწერეთ და ვერსად გაგვექცევით.
– ფეხებსაც ვერ მოგვჭამთ. ხელისუფლებაში ჯერ კიდევ ჩვენ ვართ და პოლიციაც ჩვენია, – თქვა კიკიანმა, კანკავამ კი მიუგო:
– ათ წუთში ნორიკო ციკოლიას საავტორო პროგრამა გავა ეთერში და საბოლოოდ დაგესმევათ წერტილი.
ნორიკოს შოუს საგანგებო გადაცემას მინისტრმაც ბოლომდე უყურა და როდესაც მას „გიჟუამ“ დაურეკა, გელაშვილმა ტაბელური იარაღი ამოიღო და საკუთარ კაბინეტში გაიხვრიტა შუბლი...
„გიჟუა“ დუჟმორეული, წივილ-კივილით დარბოდა კაბინეტში, თან დროგამოშვებით უზარმაზარ ტელევიზორს მიაშტერდებოდა ხოლმე, სადაც პირდაპირი ეთერი იყო ჩართული. სწორედ, ამ ეთერში იხილა მან, თუ როგორ ამოიღეს შუბლგახვრეტილი გენერლის ინკოგნიტო აგარაკის სარდაფიდან ბანკის საცავიდან წაღებული ორი კვირის წინ გამქრალი ოქროს ზოდები.
დასასრული.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან