რომანი და დეტექტივი

ხაფანგი

№33

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 28.08, 2021 წელი

ხაფანგი
დაკოპირებულია

– ყველანი უკვე აქ ხართ. ძალიან კარგი, – თქვა სათათბირო ოთახში შესულმა „ურიამ“ და უზარმაზარ მაგიდასთან მსხდომებს სათითაოდ შეავლო მზერა. შემდეგ დაცვას უხმოდ ანიშნა – წადითო და როდესაც მაგიდასთან მსხდომებთან პირისპირ დარჩა, მათ უთხრა:

– დღეს ეს ისტორია დასრულდება და სანამ წერტილს დავსვამ, უნდა გაგესაუბროთ.

სათათბირო ოთახი ახლად აშენებული ცათამბჯენის ბოლო სართულზე მდებარეობდა. ცათამბჯენი „სიქაჰოლდინგის“ კუთვნილება იყო. „სიქა“ აბრევიატურას წარმოადგენდა და ასე იშიფრებოდა – საქართველო-ისრაელის ქველმოქმედთა ასოციაცია. „ურია“ კი „სიქას“ მეპატრონე იყო და პრეზიდენტის პოსტი ეკავა. 44 წლის „ურიას“ სინამდვილეში მიხეილ კაციაშვილი ერქვა. ის საშუალოზე ოდნავ მაღალი, ფართომხარბეჭიანი, ღიპიანი მამაკაცი იყო. კუპრივით შავი ფერის გრძელი თმა ჰქონდა და თითქმის ყოველთვის შავ კოსტიუმში იყო გამოწყობილი. თეთრ პერანგზე კი „ბაბოჩკა“ ეკეთა. „ურიას“ ძვირად ღირებული სიგარები „ევასებოდა“. თითქმის არასოდეს იღებდა მათ პირიდან და მხოლოდ ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე და ძილის დროს უწევდა მათთან განშორება. მიშა კაციაშვილი არც ლამაზი ქალებისადმი იყო გულგრილი. გვარიანად იყო „ნაგულავები“ და გვიან დაქორწინდა. 40 წლის იყო, როდესაც თეა შალამბერიძე მოიყვანა ცოლად. 24 წლის თეამ „სიქაჰოლდინგში“ მდივნად დაიწყო მუშაობა და სულ რაღაც ოთხ თვეში „ურიას“ ცოლი გახდა. კიდევ ოთხმა თვემ რომ გაიარა, თეა უკვე ჰოლდინგის პიარმენეჯერი გახდა და ოთხი წლის შემდეგ კი „სიქაჰოლდინგში“ შემავალი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიის დირექტორის პოსტი დაიკავა. თეამ „ურია“ თავისი უზადო გარეგნობით მოხიბლა და მიშა უკვე იშვიათად იხედებოდა სხვა ქალებისკენ. საზღვარგარეთ მივლინების დროს თუ „გასინჯავდა“ ბორდელის „ნაშას“ და სულ ეს იყო. „ურია“, აგრეთვე, ფეხბურთის თავგამოდებული „ფანი“ იყო და მზე და მთვარე „ბარსელონაზე“ ამოსდიოდა. ამ გუნდის არცერთ თამაშს არ „მაზავდა“, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. გულშემატკივართა კლუბის წევრი იყო. სპეციალური აბონემენტი ჰქონდა და იმ ქალაქებში ჩადიოდა ხოლმე, სადაც მის საყვარელ გუნდს უწევდა თამაში. მიშა კაციაშვილს სხვა გატაცებებიც ჰქონდა, როგორც ყველა აზარტულ ადამიანს. თუმცა, „ურიას“ ვნებების მწვერვალს ფულის შოვნა წარმოადგენდა. ეს იყო მისი პიროვნების მიზანი და ეს საქმე მას ყველაზე უკეთ გამოსდიოდა. მიშამ დიდი ფული საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საყოველთაო არეულობის დროს იშოვა პოსტსაბჭოთა სივრცეში და თბილისში ძალიან მდიდარი დაბრუნდა. ბიზნესიც აქ ააწყო. შემდეგ თავის ისტორიულ თანამემამულეებს შეუამხანაგდა და მისი შემოსავალი კიდევ უფრო გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ „ურია“ უმდიდრესი ადამიანი იყო, თავისი მდიდარი კოლეგებისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. მისთვის უცხო იყო ნაძალადევი მედიდურობა. მოლიერისეული „გააზნაურებული მდაბიოობა“ და რაც ყველაზე თვალში საცემი იყო, „ურიას“ პირიდან არასოდეს ამოსდიოდა უწმაწური სიტყვა. თუ ვინმე არ „ევასებოდა“, მაქსიმუმ, რასაც იტყოდა, ეს იყო სიტყვა – „გოიმი“. თანაც ყოველგვარი ბოროტი ინტონაციებისა თუ დამამცირებელი ჟესტების გარეშე. ერთი სიტყვით, მიშა კაციაშვილი ტიპური „კაი ტიპი“ თბილისელის (ოღონდ გინების გარეშე) ნიმუში იყო. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ „ურია“ სკანდინავიურად კანონმორჩილი ადამიანი იყო და კანონს არ არღვევდა. მის სახელს არაერთ მსხვილ ფინანსურ მაქინაციას უკავშირებდნენ და ხალხში სხვადასხვა ჭორი დადიოდა. თუმცა ის არასოდეს შეუწუხებიათ სამართალდამცველებს და ეს ყველაფერი ჭორაობადვე რჩებოდა. მავანნი ამბობდნენ: ეგ ისე სუფთად „ჩალიჩობს“, რომ „კუდებს“ არ ტოვებსო. ჭორი ჭორს ემატებოდა, თუმცა თვალში საცემი მხოლოდ „ურიას“ საქმეები იყო. ბიზნესები და ის სათავო ოფისები, რომლებიც მხოლოდ თბილისში არაერთი ჰქონდა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ოფისის ბოლო სართულზე იმყოფებოდა მიშა კაციაშვილი, როდესაც სათათბირო დარბაზში შეკრებილებთან პირისპირ დარჩა და მცირეშესავლიანი პაუზის შემდეგ დაამატა:

– მეგობრებო, ცხრა თვით უკან დავბრუნდეთ და ის დღე გავიხსენოთ, როდესაც ეს ისტორია დაიწყო, – „ურიამ“ პაუზა გააკეთა. თითოეულს მწველი მზერა მიაპყრო და გააგრძელა, – 31 დეკემბერია. აქ, ამ ოფისში ვმხიარულობთ და ახალი წლის დადგომას ველოდებით.

***

ეს ისტორია 31 დეკემბრამდე ორი თვით ადრე, 31 ოქტომბერს, პრეისტორიით დაიწყო იმ დღეს ლია გუგუშვილს 30 წელი შეუსრულდა და მეუღლე გოდერძიმ მას „სვაროვსკის“ ფირმის მიერ დამზადებული მინიატურული ნაკეთობა აჩუქა – შუშის გული მოოქრულ ჩარჩოში იყო ჩასმული.

– გილოცავ, საყვარელო, დაბადების დღეს. აი, ეს შენ! – უთხრა გოდერძიმ მეუღლეს. „სვაროვსკის“ მინიატურული კომპოზიცია გაუწოდა და კოცნა დაუპირა, მაგრამ ლიამ თავი უკან გადაწია. საჩუქარს ამრეზით შეავლო თვალი და მეუღლეს უთხრა:

– შენც ახლა ოქრო-პლატინაში ჩასმულ ბრილიანტს არ მჩუქნიდე და იბიცაზე არ მიხდიდე დაბადების დღეს.

ლიას „გამოხდომები“ გოდერძი რატიანისთვის უცხო ხილი არ იყო, მაგრამ საკუთარ დაბადების დღეზე ცოტა არ იყოს, გააკვირვა კიდეც ცოლის ასეთმა დემარშმა და უთხრა:

– რაო, ლია. რა მოიფიქრე კიდევ? თუ ოქრო-ბრილიანტს ვერ გჩუქნი და იბიცაზე ვერ „გაგულავებ“, ასე უნდა მოიქცე?

– როგორ ასე? – მკვეთრად თქვა ლიამ.

გოდერძის უნდოდა, ეპასუხა, ხეპრულადო. მაგრამ თავი შეიკავა და უთხრა:

– როგორ და უხეშად.

– ჩემი ნაზი ქმარი... ცოლის უხეშობამ დააღონა, – მკვეთრად „მოლბა“ ლია და საჩუქარი შეათვალიერა. შემდეგ ქმარს კისერზე ხელები შემოჰხვია და უთხრა:

– მადლობა, საყვარელო, ასე რატომ დაიხარჯე? „სვაროვსკი“ იაფი არაა. ძალიან ლამაზი საჩუქარია.

– მართლა მოგწონს, საყვარელო? – გაუხარდა გოდერძის.

– რა თქმა უნდა, მართლა მომწონს. არ მიცნობ თუ რა. რომ არ მომწონებოდა, პირდაპირ გეტყოდი, – თქვა ლიამ.

გოდერძის გულწრფელად გაუხარდა ცოლის სიტყვები და უთხრა:

– საყვარელო, ვიცი, ბევრი რამ გაკლია, მაგრამ პირობას გაძლევ, რომ ყველაფერს ვიღონებ იმისთვის, რომ უფრო კარგად ვიცხოვროთ და მოვა დრო, რომ ძვირფას სამკაულებსაც გაჩუქებ და იბიცაზეც „გაგულავებ“.

– ჰო და მეც, სწორედ, მანდ ვარ, ჩემო გოდე. შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს. დაჯექი და ყურადღებით მომისმინე, – უთხრა ლიამ მეუღლეს და სავარძელზე მიუთითა.

გოდერძი სავარძელში ჩაეშვა. ცოლს მიაჩერდა და უთხრა:

– გისმენ, ლია.

– კარგად მომისმინე. თან, წინასწარ გაფრთხილებ, ჩემს ჩანაფიქრზე უარი რომ თქვა, მაშინ შენთან აღარ დავრჩები. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარხარ, – თქვა ლიამ და დაამატა, – ახლა კი საქმეზე გადავიდეთ. მოკლედ, ასე ცხოვრება აღარ შეიძლება. ირგვლივ გაიხედე, ნახე, სხვები როგორ ცხოვრობენ – ახალი მანქანებით დაჰქრიან, ელიტურ კურორტებზე „დაგულაობენ“, თავიანთ გემოზე „შოპინგობენ“ და საერთოდ, ფული აქვთ. ჩვენ კი? ჩვენ ხელფასიდან ხელფასამდე ძლივს გაგვაქვს თავი. ბათუმს ვერ გავცდით და საერთოდ, მაგარი ბანძები ვართ. ამიტომ სასწრაფოდ ფული უნდა ვიშოვოთ, რომ ადამიანური ცხოვრება დავიწყოთ.

– მოდი, ბანკი გავძარცვოთ, – ხუმრობით თქვა გოდერძიმ. ლიამ კი სიტყვა გააწყვეტინა:

– მე არ გეხუმრები.

– ამდენი ფული ერთბაშად საიდან უნდა ვიშოვოთ? – თქვა გოდერძიმ, რომელმაც ცოლს სახეზე შეატყო, რომ არ ხუმრობდა.

– ძალიან მარტივად, „ურიას“ უნდა „ავახიოთ“, – მშვიდად თქვა ლიამ.

– „ურიას“? – გაოცდა გოდერძი.

– უფრო სწორად მის ცოლს, – კიდევ უფრო მშვიდად თქვა ლიამ.

– თეას? – იკითხა გოდერძიმ.

– ჰო, თეას, – გაეღიმა ლიას და დაამატა, თუ დამიჯერებ და ისე მოიქცევი, როგორც გეტყვი, მაშინ ამის გაკეთება ძალიან ადვილია.

– აბა, თქვი, – მიუგო გოდერძიმ ცოლს.

– სულ მარტივად, გოდე. მისი საყვარელი უნდა გახდე. კარგად უნდა ასიამოვნო. ამ ყველაფერს გადავიღებთ და იმ კახპას მივყიდით, მინიმუმ, მილიონ დოლარად, – უთხრა ლიამ ქმარს. გაუღიმა და დააყოლა, ხომ მაგარი იდეაა? მარტივი და გენიალური.

– მეღადავები, საყვარელო? – თქვა გოდერძიმ.

– სულაც არა, ჩემო გოდე. სრულიად სერიოზულად გეუბნები. გინდა, მიიღე ჩემი წინადადება და ერთად მოვიფიქროთ ამ საქმის დეტალები, თუ არა და დღეიდან ჩემი ფეხი აღარ იქნება ამ სახლში და შენ – შენთვის და მე – ჩემთვის, – თქვა ლიამ.

– გაგიჟდი, გოგო, რას მთავაზობ? ჯერ ერთი, რომ შენ გარდა სხვა ქალი არ მჭირდება, თანაც, სად მე და სად მილიარდერის ცოლი, რომელიც სათოფეზე არ გამიკარებს, – აღშფოთდა გოდერძი და ცოლს მიაჩერდა.

– ისე კარგად გაგიკარებს, როგორც ახლა მე შენ გელაპარაკები. ძველი წაკლაა და მთავარია, სწორი „პადხოდი“ უპოვო. კაცის გემო არ ეშლება და შენ შენი გარეგნობით ამის გაკეთება არ გაგიჭირდება. მე კი როგორმე ავიტან ღალატს. ასე სჭირდება საქმეს და სამაგიეროდ მთელი დარჩენილი სიცოცხლე ბედნიერი ვიქნებით. ჰა, რას იტყვი, თანახმა ხარ? – თქვა ლიამ.

– ძალიან არარეალურ რაღაცას ამბობ, – მიუგო გოდერძიმ.

ლიამ შეატყო ქმარს, რომ მისი „დაკერვა“ უკვე ტექნიკის საქმე იყო და უთხრა:

– აბა, საყვარელო, გადაწყვიტე, თანახმა ხარ თუ არა?

– თანახმა ვარ, – მოკლედ, მიუგო გოდერძიმ და წყვილმა ჯერ ისაუზმა. შემდგომ კი ლიამ ქმარს უკვე გეგმის თეორიული ასპექტები გააცნო და ისე „შეკერა“, რომ გოდერძის აზრადაც არ მოსვლია, ეკითხა ცოლისთვის, თუ სად მიიღო მან ამხელა გამოცდილება.

ლია გუგუშვილი ისევე, როგორც თეა შალამბერიძე, ძველი ტანმოვარჯიშეები იყვნენ და ერთმანეთს ჯერ კიდევ სპორტულ სექციაში გაეცნენ. შემდგომ მათი გზები გაიყარა და ერთმანეთს საზღვარგარეთ შეხვდნენ. იქ ორივე სამუშაოდ იყვნენ ჩასულები, თან ადგილობრივ „მაყუთიან“ „გოიმებზე“ ეჭირათ თვალი. თუმცა თავადვე „დაგოიმდნენ“ და ბორდელში ამოჰყვეს თავი. იქ სულ რაღაც ექვსი თვე გაატარეს და ჯერ თეამ მოახერხა იქიდან თავის დაღწევა, შემდგომ კი – ლიამ და მათი გზები ისევ გაიყარა. მესამედ ისინი „სიქაჰოლდინგში“ შეხვდნენ ერთმანეთს და თეამ „ურიას“ „დათრევა“ მოახერხა, ლია კი მხოლოდ გოდერძით დაკმაყოფილდა. გოდერძი რატიანი „სიქას“ კომპიუტერული უზრუნველყოფის უფროსი სპეციალისტი იყო. გარდა იმისა, რომ თავისი საქმე „ხუთიანზე“ იცოდა, უზადო მამაკაცური გარეგნობა ჰქონდა და ქალები მას შენატროდნენ, თუმცა გოდერძი მექალთანე არ იყო და არც დაოჯახებას ჩქარობდა. თავდაპირველად გოდერძის თეამ დაადგა თვალი, მაგრამ მას ლიამ „გადაუჯოკრა“ და წყვილმა მალევე იქორწინა.

თეას ფანტასტიკურად გაუმართლა და იგრძნო რა, რომ „ურიამ“ ის შეამჩნია, ვა-ბანკზე წავიდა. მიშა კაციაშვილზე „გაიწია“ და მისი ცოლი გახდა. ლია გიჟს ჰგავდა, თან სამსახურიდან გაგდების შიშმა შეიპყრო, რადგან თეას უკვე დიდი ძალაუფლება ეპყრა „სიქაში“. თუმცა, თეა კარიერული წინსვლით იყო დაკავებული. თან, ხვდებოდა რა ლიას შიშებს, სადისტური ჟინით ტკბებოდა ძველი მეტოქის ტანჯვით. ამასთანავე, თეა ხშირად იბარებდა ხოლმე კაბინეტში გოდერძის, ვითომდა კომპიუტერული ქსელის გასამართად. სინამდვილეში კი ამით ლიას გაღიზიანებას ცდილობდა და მართალია, გოდესთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ფიქრობდა, რომ ამით ლიას უდიდეს სულიერ ზიანს აყენებდა. ლია კი მშვენივრად ხვდებოდა თეას ჩანაფიქრს. ისიც კარგად იცოდა, რომ მათ შორის ინტიმი არ არსებობდა. ამიტომ მან ეს სიტუაცია გამოიყენა და გოდერძი თეაზე „მიუშვა“.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი