რომანი და დეტექტივი

ხანძარი

№15

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 26.04

რომანი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“#14 (1267)

დედა მაგარი ქალი იყო. გამორჩეული გარეგნობითა და ხასიათით. მამას კლდესავით ედგა ზურგში და ოჯახის ნამდვილი ბურჯი იყო. მხრებში გასწორდა და მამას ჰკითხა:

– ასე უცებ საიდან მოიტან მილიონს?

– საიდუმლო სამალავიდან. იქ ზუსტად მილიონი მაქვს შენახული შავი დღისთვის და სწორედ ასეთი დღე დაგვიდგა. წამოდით, განახვებთ.

მე და დედა მამას სარდაფში ჩავყევით. სამსართულიანი ვილის სარდაფი სუპერსტანდარტებით იყო მოწყობილი. და უზარმაზარი ფართობი ძალიან კოხტად გამოიყურებოდა. მარჯვენა კედლის შუაში დიდი ბუხარი იყო აშენებული, სწორედ მის მარჯვენა მხარეს მდებარეობდა საიდუმლო სეიფი, რომელიც ძალიან ღრმად იყო ჩამჯდარი კედელში. მამამ ჯიბიდან დისტანციური პულტი ამოიღო, რაც იმ პერიოდში იშვიათობას წარმოადგენდა და წითელ ღილაკზე თითის დაჭერით სეიფი უხმაუროდ გააღო. სეიფი უზარმაზარი იყო და შიგნით რა აღარ იდო. მამამ მილიონი მანეთი გამოიღო, რომელიც ასმანეთიანი დასტებისგან შედგებოდა. შემდეგ სეიფი ჩაკეტა და გვითხრა:.

– ჩემო საყვარლებო, აქ ორი მილიონის ქონებაა. ოქროს ზოდები, თვალ-მარგალიტი, რომ იტყვიან. ასევე, ოქროს ობლიგაციები. დროთა განმავლობაში ამ განძის ღირებულება გაათმაგდება და მინდა, იცოდეთ ამის შესახებ.

– ეს რა სიმდიდრე შეგიგროვებია, ზურაბ?! – თქვა დედამ.

– მოიცა, ანიკო, ჯერ არ დამიმთავრებია. ეს სეიფი არა მარტო პულტით იხსნება, არამედ მექანიკურადაც. აი, აქ, ბუხრის თაროს ქვეშ რომ ფარული ტაბლოა, უნდა აკრიფო ჩემი და შენი დაბადების თარიღები და სეიფი, ასევე, უპრობლემოდ გაიხსნება. ჯერ არ მინდოდა, რომ ამის შესახებ შეგეტყოთ, მაგრამ ასეთი სიტუაცია შეიქმნა.

ნუციკო მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ დაბრუნდა სახლში. გამტაცებლებმა ოთხი დღე აქეთ-იქით ატარეს მამაჩემი, როგორც ჩანს, უთვალთვალებდნენ და ამოწმებდნენ, მილიცია ხომ არ იყო ამ ამბავში ჩარეული. მამამ ფული საბოლოოდ კუკიის სასაფლაოზე დატოვა და საღამოს ნუცაც დაბრუნდა სახლში.

ამ ამბის მერე მამამ ნუცას ორი გამოცდილი, შეიარაღებული მილიციელი აუყვანა მცველებად და ისინი სახლიდან ინსტიტუტში და უკან აცილებდნენ ჩემს დას. ლექციების დროს კი აუდიტორიის წინ იდგნენ და ელოდებოდნენ. ხოლო თუკი სადმე მიდიოდა, იქაც გვერდით არ შორდებოდნენ. ამასობაში ორი წელიწადი გავიდა და მამამ მე და ნუცა საზღვარგარეთ გაგვიშვა სასწავლებლად, ოკეანის გაღმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ნუციკო ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაირიცხა, მე კი – იმავე უნივერსიტეტში, მათემატიკურზე. ორი წელიწადი მშვიდად ვიყავით. თბილისს ყოველდღე ველაპარაკებოდით და მდიდრულ აპარტამენტებში ვცხოვრობდით, რომელიც მამამ შეგვიძინა, თუმცა, ნუცა უკვე სამაგისტრო პროგრამას გადიოდა, მე კი წარმატებით გადავედი მესამე კურსზე, რომ ჩვენი ტრაგედიის მეორე ეტაპი დაიწყო. ერთ საღამოს სახლში დავრეკეთ. დედამ გვიპასუხა და გვითხრა, რომ მამა დააპატიმრეს.

– რა მოხდა? – ვკითხე დედას.

– „კაგებემ“ აიყვანა და კორუფციულ სქემაში მონაწილეობას უყენებენ ბრალად.

„პერესტროიკა“ ახალი დაწყებული იყო და გორბაჩოვი, თავისი ჭკუით, წესრიგს ამყარებდა ქვეყანაში. სინამდვილეში კი, ქვეყანას შლიდა. მაგრამ ამას შეფარულად აკეთებდა. ხალხს თვალს უხვევდა. სინამდვილეში კი დასავლეთთან იმყოფებოდა ბინძურ გარიგებაში. მაგრამ, მაშინ ამას ვინ მივხდებოდა.

– „კაგებე“ რა შუაშია? – ვკითხე დედას.

– დიდ ფულზეა ლაპარაკი. ერთმა მისმა ხელქვეითმა თავი მოიკლა. მეორე კი მამაშენის წინააღმდეგ იძლევა ჩვენებას.

– რამდენიმე დღეში ჩამოვალ. არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნება, – ვუთხარი დედას.

ორი დღის შემდეგ მოსკოვში გადავფრინდი. იქიდან კი – თბილისში ჩამოვედი. ნუციკო არ წამოვიყვანე, არ მინდოდა, ახალი სტრესი მიეღო. სახლში რომ მივედი, იქაურობა გაპარტახებული დამხვდა. თუკი რამე ძვირფასი გვქონდა, ყველაფერი კონფისკირებული იყო და მხოლოდ სახლს ვერ შეეხნენ, რადგან ის დედაჩემის სახელზე იყო გაფორმებული და კანონით, ეს დაუშვებელი იყო.

დედაჩემი ძლივს ვიცანი. ერთ დროს ეს კლდესავით მაგარი ქალი ძალიან მოტეხილი მეჩვენა და პერმანანტული ნერვიულობის გამო ჩხირივით იყო გამხდარი. სახე კი ჩამოსიებოდა.

– დედიკო, როგორ ხარ? – ჩავეხუტე დედას.

– როგორ ვიქნები, შვილო. ხომ ხედავ, რა დღეში ვართ.

– მამა?

– მამა ფსიქიატრიულშია მოთავსებული. ჯალათი ექიმები მის დამუშავებას ახორციელებენ და ახლოსაც კი არ მიშვებენ. ერთი ნაცნობი სანიტარი მყავს და ამბები მას გამოაქვს იქიდან.

– რას ერჩიან. ვხედავ, ყველაფერი გაუზიდავთ.

– არ სჯერათ, რომ ყველაფერი წაიღეს და ძალიან დიდ თანხას სთხოვენ.

– მეტი რა უნდათ. სეიფი ხომ დააცარიელეს?!

დედა შეკრთა. ტუჩებზე თითი მიიდო და მიჩურჩულა.

– სწორედ სეიფის შიგთავსი უნდათ. ყველაფერი კაპიკ-კაპიკ დაუთვალეს და ზუსტი თანხა დაუსახელეს.

– ესე იგი, სეიფს ვერ მიაგნეს?

– ვერა.

– მერე მივუტანოთ და შეეშვებიან და გამოუშვებენ.

– არა, შვილო. კატეგორიულად ამიკრძალა ეს ზურიკომ. „კაგებე“ რომ დაადგა, იმის თქმა მოასწრო, რაც არ უნდა მოხდეს, სეიფს ხელი არ ახლოთ. ეს რომ გამოვაჩინო, უპირობოდ დამხვრეტენ. ეს განძი ბავშვებისაა და შუაზე გაიყონ. თუ ცოცხალი ვერ გადავრჩი, მიტოსა და ნუცას გადაეცი ეს სიტყვებიო.

– აბა, რა ვქნათ?

– არ ვიცი. ღმერთს ვარ მინდობილი და იქნებ წყალობა მოიღოს ჩვენზე.

სამი დღე ტყუილად ვიარე ფსიქიატრიულ კლინიკაში. არავინ ახლოსაც კი არ გამაკარა მამას. მეოთხე დღეს კი თავადვე დაგვირეკეს და გვითხრეს – კომაშია, წაიყვანეთ, რომ სახლში დალიოს სულიო.

მამა უგონოდ გამოვიყვანეთ კლინიკიდან. ორი დღე და ღამე ხმა არ ამოუღია და თვალი არ გაუხელია. მესამე დღეს კი მოულოდნელად გამოცოცხლდა. თვალები გაახილა, რომ დამინახა, მითხრა:

– მიტო, როგორ ხარ, შვილო?

– კარგად, მამი. შენ?

– მე სული ამომდის და კარგად დაიმახსოვრე, სეიფის შიგთავსი შენ და ნუცას გეკუთვნით. გამოიღეთ. დედას ხელი მოჰკიდეთ და ამერიკაში წადით.

– ნუ გეშინია, მამა, – ვთქვი მე.

მამამ კი თვალები გადაატრიალა და სანამ სულს განუტევებდა, მითხრა:

– კაციას აბებს მოერიდე.

დედა მამას გადაჰყვა. ვერ აიტანა მისი სიკვდილი და სწრაფი სიმსივნით ერთ თვეში გარდაიცვალა. როგორც კი დედა დავასაფლავეთ მე და ნუცა ამერიკაში დავბრუნდით, რომ სწავლის ამბები მოგვეგვარებინა. თან ერთი კაცი გვენახა, რომელიც განძს ამერიკაში გაგვატანინებდა. მალევე ვაპირებდით დაბრუნებას, მაგრამ მხოლოდ სამი თვის შემდეგ შევძელი თბილისში ჩამოსვლა. ნუციკო კი იქ დავტოვე. სახლს რომ მივადექი, იქაურობა შემოკავებული დამხვდა. ვიღაც კაცმა კი მითხრა, რომ ეს უზარმაზარი სახლი კერძო პირმა შეიძინა ბანკით და შიგნით არავინ შეგიშვებსო. რა გაეწყობოდა, ვაკეში ჩემი ბავშვობის ბინაში წავედი. რამდენიმე ათასი დოლარი მქონდა და იმის გარკვევას შევუდექი, თუ ვინ და როგორ შეძლო ჩვენი სახლის ხელში ჩაგდება.

2 ათასი დოლარი გადავუხადე ერთ სახელმწიფო მოხელეს და მან მომიტანა საბუთის ასლი, რომელშიც ეწერა, რომ დედაჩემმა სახლი ვინმე ივანე კაციას მიჰყიდა. ეს კი სრული აბსურდი იყო. საბუთი აშკარად გაყალბებული იყო და გაწბილებული დავბრუნდი ამერიკაში. ამ ყველაფერზე 20 წლის შემდეგ ვფიქრობდი, როდესაც ჩემს სახლში მოწყობილ საგიჟეს კაზიმატში საწოლზე ვიწექი, სადაც მე განზრახ მოვხვდი, რათა მენახა სეიფი და განძის ამბავი გამერკვია.

ივანე კაცია ამ კერძო კლინიკის მფლობელი იყო სწორედ ის ნაძირალა ჯალათი ექიმი, ვინც მამაჩემს, „კაგებეს“ დავალებით, სასტიკად აწამებდა თავისი ფსიქიატრიული აბებით. სწორედ ამიტომ თქვა მამამ სიკვდილის წინ – კაციას აბებს ერიდეო და სულიც ამოხდა.

პროფესორ და ჯალათ ვანო კაციას ფასიან კლინიკაში, რა თქმა უნდა, სხვა სახელით შევედი და ამ ცირკის დადგმაც ამიტომ დამჭირდა. ჯერ კიდევ არ ვიცოდი, თავის ადგილზე იყო თუ არა სეიფი და განძი და საერთოდ, რამდენად მოვახერხებდი იქ ჩაღწევასა და ყველაფრის შემოწმებას. ყველაზე დიდი საფრთხე კი კაციას აბები იყო, რომლითაც ის პაციენტებს გონებას უბნელებდა და მათ თავის ნებაზე ატარებდა. ამას კი ის ნაძირალა იმიტომ აკეთებდა, რომ ძირითადად, მარტოხელა პაციენტების ქონება ჩაეგდო ხელში. ამიტომ ამ ამბებს მე ან ენის ქვეშ ვმალავდი და შემდგომ ვიღებდი პირიდან ან დავლევდი სანიტრების დასანახავად, შემდგომ კი ამოვაღებინებდი. მე ჩემი გეგმა მქონდა შემუშავებული, კაცია უნდა დამერწმუნებინა, რომ მისი აბების ზემოქმედების ქვეშ ვიმყოფებოდი და რომ მის ყველა სურვილს უპირობოდ შევასრულებდი. ის ნაძირალა ყოველდღე მაკითხავდა პალატაში, ხან სანიტრებს მის კაბინეტში ავყავდით და იქ მესაუბრებოდა. ამით კაციას სურდა, გაეგო, თუ რამდენად მზად ვიყავი მისი სურვილების შესასრულებლად. სამკვირიანი ურთიერთობების შემდეგ კაციამ თავის კაბინეტში ამიყვანა და საუბარი გამიბა:

– როგორ ხარ, მიტო?

– ძალიან კარგად, პროფესორო, აღარ ვშფოთავ.

– სულ მალე გამოჯანმრთელდები და სახლში გაგიშვებ. ხომ გინდა სახლში?

– დიახ. აქედან რომ გავალ, სახლს გავყიდი, ამერიკის ბილეთს ავიღებ და ცოლთან ჩავალ.

– რამდენად გაყიდი სახლს?

– მალე რომ გაიყიდოს, შედარებით იაფად – ასი ათას დოლარად.

– ასი ათასი ცოტა და იაფია?

– ორასი ათასი ღირს ჩემი ბინა.

– ორასი ათასი?

– დიახ. ვაკეში, ძველი „სტალინკა“, თანაც ექვსოთახიანი.

– ჰო. ღირს. ბინა შენზეა გაფორმებული?

– დიახ.

– ძალიან კარგი. კლიენტის მოძებნაში დაგეხმარები. შეიძლება, შენი ბინა ვნახო?

– მერე აქედან ჩემი გასვლა შეიძლება?

– ჩემთან ერთად – კი.

მე და კაცია ჩემს ბინაში წავედით. ორიოდე საათის შემდეგ კი უკან დავბრუნდით და პროფესორი აღფრთოვანებას ვერ მალავდა. ალბათ, ეგონა, რომ ცოტაც და სრულ მორჩილებამდე მიმიყვანდა. შემდეგ კი ჩემს ბინას მუქთად ჩაიგდებდა ხელში. ამიტომ აბების დოზა გამიორმაგა. მე კი მას ისე „შევუყვანე“ რომ კლინიკაში თავისუფლად გადაადგილების ნება მივიღე. ერთ ღამეს ამით ვისარგებლე, სარდაფში ჩავედი და სეიფი და მისი შიგთავსი შევამოწმე... ყველაფერი ადგილზე იყო და უკვე გეგმის მეორე ნაწილის განხორციელებას შევუდექი. სამი დღის მერე კაციას კაბინეტში ვეწვიე და ვუთხარი:

– ბატონო პროფესორო, თქვენი დახმარება მჭირდება, მაგრამ თხოვნის მრცხვენია.

– გისმენ.

– იცით, სახლში ძველებური სამკაულები და სხვა ძვირფასეულობა მაქვს. არ შეგიძლიათ, რომ მათ გაყიდვაში დამეხმაროთ?

– ჩემს სიტყვებზე კაციას თვალები გაუბრწყინდა და მითხრა:

– რა თქმა უნდა, ახლავე წავიდეთ, მაჩვენე, სადაა შენი განძი.

– დიახ, წავიდეთ. მაგრამ რაღაც მაქვს გასარკვევი.

– გისმენ.

– თქვენ ნაძირალა ხართ და მამაჩემი მოკალით, დედა მას გადაჰყვა, ეს სახლი ჩემია და თქვენ აქ კაზიმატები გახსენით.

კაციას სანიტრების მოხმობა უნდოდა, მაგრამ ვერ მოასწრო. მე ის ძირს დავეცი, პირი ჩვრებით ამოვუვსე, დავაბი და სარდაფიდან ჩემი განძი ამოვიტანე. შესვენების დრო იყო და კლინიკის მთელი პერსონალი კლინიკის წინ მდებარე კაფეში სადილობდა. მთელი ჩემი ავლადიდება პროფესორის ტყავის ჩანთაში მოვათავსე და პირამოვსებული კაცია გაოცებული მიყურებდა. შემდგომ თვალები გადმომიკარკლა, რადგან ოთახი სპირტით მოვრწყე. მისი მანქანის გასაღებს დავწვდი. ვიდეოკამერები გამოვრთე. ჩანაწერები წავშალე და ჩემი განძიანად იქაურობას გავეცალე კაციას მანქანით. კლინიკას რომ ხუთასიოდე მეტრით გავცდი, ჩემს ყოფილ სახლს გავხედე, ხანძარი უკვე მომძლავრებულიყო. კაცია კი ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვოდა.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა