რომანი და დეტექტივი

ხანძარი

№14

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 19.04

ხანძარი
დაკოპირებულია

სანამ პალატაში შემიყვანდნენ, მთავარ ექიმს წარუდგინეს ჩემი თავი. სპეციალური პერანგი მეცვა და კაბინეტის მფლობელისთვის საშიში არაფერი იყო, ამიტომ მან სანიტრები ხელის ერთი მოძრაობით დაითხოვა და ალერსიანად მითხრა:

– ბატონო მიტო, როგორ გრძნობთ თავს?

– თქვენი სახელი? – კითხვითვე ვუპასუხე.

– პროფესორი ივანე კაცია. შეგიძლია, პროფესორი დამიძახო. გინდა, ბატონი ვანოთი მომმართე.

– პროფესორი ჯობია.

– ჯობია და პროფესორი დამიძახე.

– კარგად ვარ, ბატონო პროფესორო.

– ძალიან კარგი, თუ კარგად ხარ. მეც ეგ მინდა სწორედ. აქ კი იმიტომ ხარ, რომ უფრო კარგად გახდე და საზოგადოებას სრულფასოვან წევრად დაუბრუნდე. რას იტყვი ამაზე?

– რა უნდა ვთქვა, ბატონო პროფესორო. როდესაც სახელგანთქმული პროფესორი გეუბნება ასეაო, ალბათ, მართლა ასეა.

– ესე იგი, მენდობი?

– ხალხს იშვიათად ვენდობი. თქვენ კი ჩემი ნდობა დაიმსახურეთ.

– რით დავიმსახურე?

– სანდომიანობითა და პროფესორობით.

– მოხარული ვარ. შეიძლება, შეკითხვა დაგისვა, მიტო?

– ბრძანეთ.

– შენს ისტორიაში წერია, რომ მეზობელი გაგილახავს და ამის მიზეზად გითქვამს, ცოლს მიბახებსო. მართალია?

– დიახ.

– მერე?

– რა მერე, მიბახებს და ამიტომაც გემრიელად დავჟეჟე. ქმედითუუნაროდ ვაქციე. სანამ აქ ვიქნები, პოტენციადაკარგული იქნება და ვერაფერს შეძლებს. აქედან რომ გავალ, მე თვითონ მივხედავ ჩემს კნეინას, რომ ვერავისთან იბახაოს.

– მიტო, შენზე ამბობენ, მათემატიკის განსაკუთრებული ნიჭი აქვსო და მართალია?

– აბსოლუტური სიმართლეა.

– შეიძლება, ამაში დავრწმუნდე?

– დიახ.

კაციამ კალკულატორი დაიდო წინ. მანიპულაციები ჩაატარა და მკითხა:

– რამდენია ას ოცდაცხრა რომ ას ორმოცდარვაზე გავამრავლოთ?

– ცხრამეტი ათას ოთხმოცდათორმეტი.

– სწორია.

– რა თქმა უნდა. მე არასდროს ვცდები.

– არასდროს?

– დიახ. არასდროს.

– მაშინ, უფრო რთულს გკითხავ.

– ბრძანეთ.

– ათას შვიდას ოცდაოთხი გაამრავლე თვრამეტი ათას სამას ცხრამეტზე.

– ოცდათერთმეტი მილიონ ხუთას ოთხმოცდაერთი ათას ცხრააას ორმოცდათექვსმეტი.

– სწორია. ყოჩაღ, მიტო! – აღტაცებით თქვა კაციამ და დაამატა, – და მაინც უნდა გითხრა, ჩემო მეგობარო, რომ რაღაც-რაღაცებში მაინც ცდები.

– რაში?

– მიტო, ჩემო მეგობარო, შენ ამბობ, რომ მეზობელი ცოლს მიბახებსო და სწორედ ამაში ცდები.

– არ ვცდები.

– მიტო, შენი ცოლი ამერიკაშია წასული სამუშაოდ და შენს მეზობელს კი – თბილისი არასდროს დაუტოვებია. აბა, ერთი მითხარი, როგორ გაგიბახებს იმ სიშორიდან? რომ გეთქვა, მიბახებდა, აქ რომ იყოო, კიდევ დაიჯერებდა კაცი. თუმცა, ესეც ძნელი სარწმუნოა. შენს ცოლზე ყველა ამბობს კრისტალური ქალიაო.

– ბატონო პროფესორო, საქმე ისაა, რომ ჩემი ახვარი მეზობელი ტელეპორტაციის უნარს ფლობს. შეუძლია, უპრობლემოდ გადაადგილდეს დიდ მანძილებზე და ასეც აკეთებს.

– ეგ როგორ?

– ჩვენთან რომ დილაა, ამერიკაში ღამეა. ჩემი საცოდავი ცოლი ამ დროს დაქანცული ბრუნდება სახლში და შხაპს იღებს და იძინებს. აი, სწორედ ამ დროს ახორციელებს ეს ახვარი ტელეპორტაციას. ჩემს ცოლთან გაჩნდება ხოლმე და აბახებს. იმას კი წინააღმდეგობის გაწევაც კი არ შეუძლია. ერთხელ პირდაპირ აბაზანაშიც გააბახა.

– საიდან იცი ეს ყველაფერი?

– ჩემი თვალით ვხედავ ხოლმე.

– როგორ?

– გეტყვით, ბატონო პროფესორო. როდესაც ის ახვარი ტელეპორტაციას ახორციელებს, ჩემს ოთახში საშინელი ხმაური ტყდება ხოლმე და ვიღვიძებ. კედელზე კი უზარმაზარი ეკრანი ისახება და სწორედ იმ ეკრანზე ვხედავ ყველაფერს. გუშინაც ასე მოხდა. მეტის მოთმენა აღარ შემეძლო და დავკარი და დავკარი იმ ახვარს.

– მიტო, ჩემო მეგობარო, გეშლება.

– ბატონო პროფესორო, გამრავლება შემეშალა?

– არა.

– ჰოდა, არც ეს მეშლება.

– მიტო, ასეთი რამ შეუძლებელია.

– არ გჯერათ ჩემი?

– მჯერა, მაგრამ გარწმუნებ, რომ ამ შემთხვევაში გეშლება.

– ვხედავ, ბატონო პროფესორო. ისე ნათლად ვხედავ, როგორც ახლა თქვენ და როგორ არ დავიჯერო?

– ესე იგი, ხედავ, ხომ?

– დიახ. თან, ძალიან ნათლად.

– კარგი, ჩემო მეგობარო. ყველაფერი ნათელია.

– ნათელია, ხომ?

– ნათელზე ნათელი.

– ხომ ვამბობ და თქვენ კი არ გჯეროდათ.

– კარგი, მიტო. დღეისთვის კმარა. დაისვენე.

კაციამ სანიტრები იხმო და ორმა კუნთმაგარმა, ვიწროშუბლიანმა ჯეელმა ჩემთვის განკუთვნილ საკან-პალატაში წამიყვანეს. ეს იყო ერთოთახიანი, ერთსაწოლიანი კაზიმატი, რომელიც კაციას კლინიკის სარდაფში მდებარეობდა. საწოლი მთლიანად ფოლადისგან იყო დამზადებული და ფოლადისვე ბადე ჰქონდა ქვემოდან, რომელიც თითქმის არ იზნიქებოდა. თეთრეული, საბანი და ბალიში უხეში ქსოვილისგან შეეკერათ და რომ დავწექი, სხეულზე უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა. სპეციალურ პერანგს რომ მხდიდნენ, ვიწროშუბლიანებმა ერთდროულად მითხრეს:

– როგორ გრძნობ თავს, მიტო, მოგეშვა?

– შევმსუბუქდი. პერანგი მიჭერდა.

– თუ არ გინდა, ისევ ჩაგაცვათ და მოგიჭიროს, წყნარად იყავი, თორემ უფრო მჭიდრო, სველ პერანგს ჩაგაცმევთ და მერე ნახე შენი სეირი. ძვლებში დაიმსხვრევი.

როგორც უკვე ვიცოდი, კლინიკის ურჩ ბინადრებს სანიტრები იალქნის ქსოვილისგან შეკერილ სველ პერანგებს აცმევდნენ, რაც საშინელება იყო. იალქნის ნაჭერს ერთი თვისება ახასიათებს. ჯერ ერთი, რომ სქელია და უხეში. რომ ასველებენ და გაშრობას იწყებს, ეს ნაჭერი ძალიან იკუმშება და სხეულზე ისე მჭიდროდ ეკრობა, რომ ძვლები ტკაცატკუცს იწყებს და გამორიცხული არაა, რომ ნეკნებიც კი ჩაგემტვრეს. მე ეს ყველაფერი კარგად ვიცოდი. მაგრამ, თავი მოვიკატუნე და ვიკითხე:

– ძვლებში რატომ დავიმსხვრევი?

სანიტრებმა ერთმანეთს გადახედეს და კვლავ სინქრონულად მიპასუხეს:

– იმიტომ, მიტო, რომ პერანგი ვერ იტანს სკანდალისტებს. ბრაზდება და ისე გიჭერს, რომ აღარ იბუინო.

– ნაჭერი ადამიანი ხომ არაა, რომ რამე გაიაზროს და საპასუხო რეაქცია გამოხატოს? მეხუმრებით, ხომ?

სანიტრებმა კვლავ ერთმანეთს გადახედეს და სინქრონულად მიპასუხეს:

– ვგავართ ახლა ჩვენ ხუმარებს?

– არა, არ ჰგავხართ.

– ჰოდა, დაგვიჯერე. სანატორიუმის წესებს დაემორჩილე. დროზე მიიღე წამალი. პროცედურებზე ისე მოიქეცი, როგორც გეტყვიან, არ „იბუინო“ და სულ მალე გამოჯანმრთელდები. გასაგებია?

– გასაგებია, ძმებო. ისე მოვიქცევი, როგორც საჭიროა.

– ახლა კი დაწექი და დაიძინე. ხვალ დილიდან მკურნალობის კურსს დაიწყებ, – მითხრეს ვიწროშუბლიანმა სანიტრებმა და კაზიმატი დატოვეს, სადაც სინათლის ვიწრო სხივიც კი არ აღწევდა და შუქს რომ აქრობდნენ, იქაურობას უკუნეთი მოიცავდა ხოლმე.

დავწექი და ფიქრებმა წამიღო. გამახსენდა ბავშვობა. ის დრო, როდესაც მამაჩემმა ჩვენი სახლის აშენება გადაწყვიტა და ცნობილ არქიტექტორს ამ უზარმაზარი შენობის ნახაზი გააკეთებინა. მართალია, კომუნისტების პერიოდი იყო და ზედმეტობები აკრძალული იყო, მაგრამ მამაჩემი ფულიანი და გავლენიანი კაცი იყო. ამიტომ უზარმაზარი ნაკვეთის ყიდვა და უზარმაზარი სახლის აშენება მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. უზარმაზარი ნაკვეთიც და სახლიც იმ დროს ზედმეტობად ითვლებოდა და ფაქტობრივად, აკრძალული იყო. თუმცა, თბილისის შემოგარენში მამამ ყველაფერი ეს მაინც განახორციელა და თავად ხელმძღვანელობდა მშენებლობასა და განაშენიანებას. მეც თან დავყავდი ხოლმე და ყველაფერს ვაკვირდებოდი. ვსწავლობდი, ვიმახსოვრებდი და ყველა კუთხე-კუნჭული საკუთარი ხელისგულივით მქონდა შესწავლილი. ჩვენი სახლი ძალიან მოკლე დროში აშენდა. ეზო-კარი განაშენიანდა და იქ საცხოვრებლად პირველ იანვარს გადავედით. მამაჩემი „ცეხავიკი“ იყო და რომ იტყვიან, ფული ჩეჩქივით ჰქონდა, მაგრამ სხვებივით ძუნწი არ ყოფილა და განა მარტო წილებს უხდიდა მფარველებს, „მკრიშავებს“, არამედ ყველას ეხმარებოდა და ფულის გაცემაზე უარი არავისთვის უთქვამს. ბევრი მოდიოდა მასთან სასესხებლად, მაგრამ ვალი არავის დაუბრუნებია და მათთვის არც მამას მოუთხოვია ფული. დედაჩემი დიასახლისი იყო და ოჯახს უვლიდა. მე და ჩემს დას გვზრდიდა და მიუხედავად იმისა, რომ არაფერი გვაკლდა, ყოველთვის წესიერებისკენ მოგვიწოდებდა. ყურადღებასა და სითბოს არ გვაკლებდა და ორივეს წიგნები შეგვაყვარა. ნუციკო ჩემზე ორი წლით უფროსი იყო. ძალიან ლამაზი, ტანადი, ჭკვიანი და კეთილშობილი გოგონა. შესანიშნავად სწავლობდა და სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. სამედიცინო ინსტიტუტში ერთი გამოცდით ჩააბარა და ფრიადებზე სწავლობდა. მართალია, ყველას ეგონა, რომ ნუციკო მამაჩემის ფულებით მოეწყო ყველაზე პრესტიჟულ და „ძვირად ღირებულ“ უმაღლეს სასწავლებელში, მაგრამ ეს ასე არ იყო. თითქოს ყველაფერი კარგად იყო და უბედურებას არაფერი მოასწავებდა, მაგრამ ნათქვამია: კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო... და მოულოდნელად მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდა და ეს იყო ჩვენი უბედურების პირველი ეტაპი. ბოლოს წინა კლასში ვსწავლობდი და კომაროვის მათემატიკურ სკოლას ოქროს მედალზე ვამთავრებდი. მაისის მშვენიერი დილა იდგა და სკოლაში წასასვლელად ვემზადებოდი. მამა უკვე სამსახურში იყო, დედა კი საუზმეს მიმზადებდა. უცებ ტელეფონმა დარეკა და მე ვუპასუხე.

– ზურა მინდა, – მომესმა მამაკაცის უხეში ხმა.

– მამა სამსახურში წავიდა. ვინ ბრძანდებით და რა გადავცე მამას?

– ვინ ვბრძანდები, შენი საქმე არაა, ნაბიჭვარო, მამაშენს კი გადაეცი, რომ ერთ საათში ისევ დავრეკავ და ტელეფონთან ეგდოს. საქმე მაქვს მაგასთან.

ამ დროს ოთახში დედაჩემი შემოვიდა საუზმიანი ლანგრით და რომ შემომხედა, შეიცხადა:

– რა გჭირს, მიტო, სახეზე მიტკლის ფერი გადევს.

– არაფერი, დედი.

– ვის ელაპარაკებოდი?

– მამას ურეკავდნენ?

– ვინ იყო?

– არ ვიცი. ასე მითხრა, ერთ საათში დავრეკავ და ტელეფონთან ეგდოსო.

– ტელეფონთან ეგდოსო?

– ჰო, ასე მითხრა. წავალ და მამას შევატყობინებ.

– სკოლა?

– რა სკოლა, დედი. ეტყობა, რაღაც მოხდა, რადგან ასე მითხრა იმ უცნობმა, – ვუთხარი დედას, ტაქსით მამასთან გავქანდი და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი.

უკან ერთად დავბრუნდით და სკოლაში არ წავსულვარ. ტელეფონთან მიმჯდარი მამის გვერდით გავისუსე. დედაც იქვე იდგა და ხმას არ იღებდა. გარეგნულად მამა მშვიდად გამოიყურებოდა, მაგრამ შევატყვე, რომ ღელავდა. ტელეფონმა ზუსტად დანიშნულ დროს დარეკა და მამამ ყურმილი აიღო და ერთი წუთი ისმენდა. ბოლოს უთხრა, გასაგებიაო და ყურმილი მძიმედ დადო აპარატზე და გაფითრებულმა შემოგვხედა მე და დედას, მაგრამ ხმა არ ამოუღია.

– რა მოხდა, ზურაბ, რამ გაგაფითრა ასე. ხომ მშვიდობაა? – ჰკითხა დედამ.

– ნუციკო მოიტაცეს და მილიონ მანეთს ითხოვენ გამოსასყიდს. თუ სამ დღეში არ მივუტან, შემპირდნენ, მის სხეულს ნაწილ-ნაწილ გამოგიგზავნითო.

– ვაი ჩემს თავს! – შეიცხადა დედამ და თავში ხელები წაიშინა.

– აბა, აბა, ისტერიკების გარეშე! ნუციკოს დღესვე დავიხსნი. მხოლოდ არ გინდა პანიკები. ერთ საათში დამირეკავენ და მეტყვიან, სად უნდა მივიტანო ფული. დამშვიდდი, ანა.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა