კეთილშობილების ხაფანგი
ავტორი: ნია დვალი 22:00 15.08

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #30 (1284)
ანას თანხის გაგონებისთანავე ყავა გადასცდა და ხველება აუტყდა. დედამისმა ბეჭებზე დაარტყა ხელი, თან ხმამაღლა გაიცინა:
– აბა, მაღლა აიხედე, შენი ნათლიები კიდიან ჭერში.
– არაა ცოტა თანხა, – წარბი ასწია სერგომ, – და რა პერიოდში გეგმავ თანხის უკან დაბრუნებას?
– მაქსიმუმ, ერთ წელიწადში, – ხალისიანად მიუგო გურამმა.
– მამა, იქნებ სხვა დროს გვესაუბრა ამ თემაზე? – კოკამ საუბრის თემის შეცვლა სცადა, მაგრამ მამამისი უკვე იღებდა ქაღალდებს ჩანთიდან.
– აი, აქ ყველაფერი დაწვრილებითაა გაწერილი – შემოსავლები, ხარჯი...
სერგომ სწრაფად შეავლო თვალი დოკუმენტებს.
– საინტერესო პროექტია, მაგრამ რატომ არ მიმართავ მცირე ბიზნესის მხარდაჭერის ფონდს? პროცენტიც ნაკლებია და პირობებიც მომგებიანი?!
გურამი ასეთ პასუხს არ ელოდა.
– თვეები დასჭირდება დოკუმენტების განხილვას! აქ კი ფულია მთავარი, რომ სწრაფად დავიწყოთ.
– და სწრაფადვე დავაბრუნოთ თანხა, – დაამატა ვერიკომ, – თან, მაინც ერთი ოჯახი ვართ.
ანას სიბრაზისგან სახე მოექცა, რაც დედამისმა შეამჩნია და ფეხი გაჰკრა.
– გურამ, მე ოჯახურ ამბებს არ ვურევ საქმეში, საქმე საქმეა, ოჯახი – ოჯახი.
– რატომ? – გაუკვირდა სერგოს, – ჩვენ ხომ უახლოესი ნათესავები ვართ?!
– სწორედ იმიტომ, რომ უახლოესი ნათესავები ვართ. ფული აფუჭებს ურთიერთობას.
– ესე იგი, ჩემი პროექტი არ მოგეწონა, – დანანებით წარმოთქვა გურამმა, – თუ ფიქრობ, რომ ფულს არ დაგიბრუნებ?!
– მამა, უხერხულია, – კოკამ მამამისის შეჩერება სცადა.
– შენ ნუ ერევი, უხეშად მიმართა გურამმა შვილს, – წესით, ამას შენ უნდა ამბობდე და შენ და შენი ცოლი უნდა იყოთ დაინტერსებულები, რომ ერთობლივი ბიზნესი გვქონდეს. თქვენი ოჯახიც უფრო მყარი იქნება.
ქმრის პასუხი არც ქალბატონ ვერიკოს მოეწონა, ამიტომ სიტუაციის განმუხტვა სცადა:
– გური, რა განერვიულებს?! სერგო რისკებზე ფიქრობს, სერიოზული ბიზნესმენია, ასე ხელაღებით ხომ არ იტყვის პასუხს?! სხვა დროს ვილაპარაკოთ ამაზე.
– სხვა დროს, როდის? – ვერ მოითმინა ანამ, – უფრო მოსახერხებელ დროს, რომ უფრო დახვეწილად წაგლიჯოთ ჩემს მშობლებს ფული?
– ანუკა! – შეჰკივლა ქალბატონმა ვერიკომ, – ამას როგორ ამბობ?!
– აქ ამისთვის არ მოხვედით?! – არ დაინდო ანამ.
ვერიკო გაფითრდა.
– ჩვენ გთხოვთ, რომ დაგვეხმაროთ. შენ კი შეურაცხყოფას გვაყენებ.
– ანა, ზედმეტი მოგდის, – კოკამ ცოლს უკმაყოფილოდ შეხედა.
– ზედმეტი? – ანამ ქმარს შეხედა, – ვინ მეუბნებოდა ერთი კვირის წინ, რომ შენს მშობლებს ჩვენი ფული არ სჭირდებათ?!
სერგომ, რომელიც აქამდე მშვიდად ადევნებდა თვალს მომხდარს, ხელი ასწია.
– ყველანი დავმშვიდდეთ. გურამ, შენს ბიზნესგეგმას გავეცნობი და პასუხს გეტყვი. ახლა ამის დრო არ არის.
გურამს სახე მოეღუშა, მაგრამ მძახალს არ შეჰკამათებია, სამაგიეროდ, ვერიკო ჩაერია საუბარში:
– დიახ, დიახ, როცა იტყვი, მთავარი სიმშვიდეა ოჯახში.
ანამ გულისრევა იგრძნო, როდესაც შეამჩნია, როგორ ფარისევლურად იღიმებოდა მისი დედამთილი, მაგრამ უკვე იცოდა, რომ შეხვედრა დასასრულს უახლოვდებოდა.
***
თუმცა ანას მშობლების წასვლის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა: ვერიკო სამზარეულოში გაბატონდა, ჭურჭელს ახარისხებდა, გურამი კი აივანზე ეწეოდა.
– არც კი წაუღია ბიზნესგეგმა, უბრალოდ, თავიდან მოგვიშორა, ბუზღუნებდა ვერიკო. სულ შენი ცოლის ბრალია, ჩვენ წინააღმდეგ განაწყო, – ეჩურჩულებოდა შვილს, მაგრამ ანას ესმოდა მისი ლაპარაკი.
– დედა, ხომ თქვა, რომ შეისწავლის?! ცოტა დრო მიეცი, – არ ეთანხმებოდა კოკა.
– სად არის დრო? – ღელავდა ვერიკო, – იცი, როგორ ელოდება მამაშენი ამ ფულს?! პირველადი შენატანი შეიტანა უკვე ბინისთვის.
ანა მოულოდნელად სამზარეულოში შევიდა;
– რა შენატანი?! აბა, ბიზნესგეგმაო?! ბინას ყიდულობთ?!
სამზარეულოში სიჩუმე ჩამოწვა.
– შენმა ცოლმა ისევ ყველაფერი გააფუჭა, – შეუღრინა შვილს ვერიკომ.
– შენ ხომ მეუბნებოდი, რომ შენ მშობლებს ფული არ სჭირდებათ და ჩვენ ვუყვარდით და შენ ენატრებოდი?! – ანა ქმარს მიაჩერდა.
– ისევ არასწორად გაიგე ყველაფერი, – არ შეიმჩნია კოკამ.
– თქვენ მე სრული დებილი გგონივართ?! თუ ჩვეულებრივი გამომძალველები ხართ?! – ვერ მოითმინა ანამ.
– შენს ცოლს უთხარი, წესიერად მელაპარაკოს, – კატეგორიული ტონით უთხრა ვერიკომ შვილს.
– ერთადერთი მიზნით მოხვედით აქ, რომ ჩემი მშობლებისთვის ფული გამოგეძალათ. მერე იტყოდით, რომ იდეამ არ გაამართლა და რადგან ერთი ოჯახი ვართ, ფულს ვერ დააბრუნებთ.
ამასობაში გურამიც შემოვიდა აივნიდან და ცოლის გვერდით დადგა, რომელიც არ ჩუმდებოდა:
– უამრავი რესურსი ჩავდეთ კოკაში, რომ ესწავლა, კარგ ადგილას დაეწყო მუშაობა, ამიტომაც გყავს ასეთი კარგი ქმარი და ახლა, როდესაც ჩვენ გვჭირდება დახმარება, ხელს გვკრავ.
– რა კაცი ხარ, ცოლს ვერ აკონტროლებ, – მხარი აუბა სერგომ ცოლს. თავის ახირებებზე ცხოვრობს, შენ კიდევ, როგორც ქალოია, ემორჩლები და შენი ზურგით ათრევ.
– მე მათრევს თქვენი შვილი?! – ანას გაეცინა, – ყველაფერს მე ვიხდი, ეს ბინაც ჩემია და კოკაც იქ იმიტომ მუშაობს, რომ ჩემი ქმარია.
– შეიძლება, – არ გაიტეხა იხტიბარი ვერიკომ, – მაგრამ არც დალაგება იცი, არც საჭმლის მომზადება, არც ცხობა, არც გარეცხვა. შენ, რა, გგონია, კოკას შეუყვარდი?! ნუ მაცინებ. იცოდა, რომ მდიდარი მამიკო გყავდა და ამიტომაც დაგიახლოვდა. ზუსტად გვქონდა გაწერილი, როგორ უნდა მოქცეულიყო. ფსიქოლოგიც კი დავიქირავეთ, რომ შენი ფსიქოტიპი შეგვესწავლა, რაც საკმაოდ ძვირი დაჯდა, – ვერიკო გვიან მიხვდა, რომ ზედმეტი წამოროშა.
სამზარეულოში დუმილი ჩამოწვა. ანამ კოკას გადახედა:
– სიმართლეს ამბობს დედაშენი?
– რა თქმა უნდა, არა, – კოკა ცოლს მივარდა, – გაბრაზებულია და თვითონაც არ იცის, რას ამბობს. სპეციალურად თქვა, რომ გაგაბრაზოს. ხომ იცი, როგორი ხასიათი აქვს?!
ანა პირგამეხებული იდგა:
– ერთხელ მაინც მოიქეცი, როგორც წესიერი ადამიანი უნდა იქცეოდეს, როგორც კაცი უნდა იქცეოდეს და თქვი სიმართლე, – ანა ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო გონს დედამთილის სიტყვების შემდეგ.
– მე შენ შემიყვარდი. შეხედე შენს თავს სარკეში, რა ლამაზი ხარ. როგორ შეიძლება, არ შეუყვარდე კაცს?! – კოკამ ეს ისე გულწრფელად თქვა, რომ ანა მზად იყო, დაეჯერებინა, მაგრამ უცებ მოჰკრა თვალი ოდნავ შესამჩნევ ღიმილს, რომელმაც ვერიკოს გადაურბინა სახეზე და ისევ გაცეცხლდა.
– ხომ იცი, რომ ცოტა ნერვიული ვარ, ჩემო გოგო, დაივიწყე, რაც ვთქვი, სპეციალურად ვთქვი, რომ გამებრაზებინე და ბოდიშს გიხდი, – უცებ დატკბა ქალბატონი ვერიკო.
– მე არ მჭირდება თქვენი ბოდიშები, საკმარისი გავიგე და რამენაირად მოვახერხებ, გავარკვიო, მართლაც დაიქირავეთ თუ არა ფსიქოლოგი და რა გეგმები გქონდათ ჩემთან დაკავშირებით, – ბოროტად ჩაიცინა ანამ, – და შემდეგ გაგანადგურებთ! ბიზნესგეგმა კი არადა, თავზე ჭერი არ გექნებათ.
– ხომ გეუბნებოდი, რომ არ გამოგადგებოდა ეს გატუტუცებული გოგო, ფულის ტომარა! – წაისისინა ვერიკომ და ანამ იგრძნო, რომ კონტროლს კარგავდა:
– ახლავე გაეთრიეთ ჩემი სახლიდან!
– ანა, დამშვიდდი, – კოკა ცდილობდა, ცოლს მოხვეოდა, მაგრამ ანამ უხეშად მოიცილა.
– შენც გაეთრიე! დროზე! – ყვიროდა ანა, მაგრამ არც ერთი ადგილიდან არ იძვროდა, მაშინ ანამ ტაფას წამოავლო ხელი, – პოლიციაში დავრეკავ, რომ სახლში შემომიცვივდით!
ამის გაგონებაზე ვერიკო და გურამი დაფაცურდნენ.
– ხომ გეუბნებოდი, რომ გატუტუცებული გიჟია–მეთქი და არ მიჯერებდი, მეორე ვარიანტი ჯობდა, გაცილებით, თან, – ვერიკო უკვე ვეღარ აჩერებდა ენას პირში.
– ანა, გთხოვ, დავილაპარაკოთ, – კოკა ბოლო იმედს ეჭიდებოდა, მაგრამ ანამ ტაფა მოუქნია და ბეჭებში ჩასცხო:
– გაეთრიეთ ჩემი სახლიდან!
– შვილს მიკლავენ, გვიშველეთ! – შეჰკივლა ვერიკომ და კოკას მივარდა.
– გადით ჩემი ბინიდან. ეს ჩემი საკუთრებაა და არ გაქვთ აქ ყოფნის უფლება... – იმეორებდა ანა შეპყრობილივით.
– შენ ასე ვერ მომექცევი, – კოკა მაინც არ თმობდა პოზიციას.
– რატომ ვერ მოგექცევი?! შეგაცდინე და მიგაგდე! დაგაოსრულე და მიგატოვე?! თავმოყვარეობა არ გაქვს?! ვინ ხარ?! ან როგორ მალავდი შენს ნამდვილ სახეს ამდენ ხანს?! – ანამ ისევ მოიმარჯვა ტაფა და კოკა და მისი მშობლები ფართხაფურთხით გაიქცნენ გასასვლელი კარისკენ.
ანა უკან მისდევდა ტაფით ხელში. შემდეგ კარი გადაკეტა და იქვე ჩაიკეცა. გარედან ერთ ხანს ისმოდა ვერიკოს წიკვინი, მაგრამ შემდეგ ესეც მიწყნარდა.
ანამ ტელეფონი ამოიღო.
– დედა, შეიძლება, მოვიდე? მოგიყვები. ცუდი ამბავი მოხდა ან კარგი. არც ვიცი.
– რა თქმა უნდა, მოდი. ხომ კარგად ხარ? – ელენეს ხმაში შეშფოთება შეეტყო.
– კი, კარგად ვარ. არ ინერვიულო.
– მოდი, მძღოლს გამოგიგზავნი. რამდენ ხანში იქნები მზად? – დააზუსტა ელენემ.
– ნახევარ საათში.
– კარგი, მიყვარხარ. გახსოვდეს, რომ მიყვარხარ და, თუ ცოცხალი ხარ, ესე იგი, ყველაფერი კარგადაა, – უთხრა ანას დედამისმა და ტელეფონი გათიშა.
***
განქორწინების საქმე იურისტმა მოაგვარა და თუმცა ანა დაიმუქრა, რომ გაიგებდა, მართლაც, შეარჩია თუ არა ის სარძლოდ კოკას ოჯახმა, ეს ამბავი დაივიწყა.
– რას შეგმატებს ნაგვის ქექვა? – ჰკითხა დედამისმა და ანაც დაეთანხმა.
– რატომ არაფერი მითხარი, თუ შენც ვერ მიხვდი? – ჰკითხა, ბოლოს დედამისს ანამ.
– ეჭვი მქონდა, მაგრამ ეს მაინც შენი ცხოვრებაა და, რაც მთავარია, არ დამიჯერებდი. ადამიანს ჰგონია, რომ მას არაფერი შეეშლება და არაფერი ემუქრება, ასეა მოწყობილი, ამიტომ აზრი არ აქვს ჩიჩინს, თავისით უნდა მივიდეს სწორ დასკვნამდე ან ვინმემ იცის კი, რა არის სწორი დასკვნა?! არც არავინ.
– აბა, როგორ უნდა მიხვდე?! – გაუკვირდა ანას.
– შინაგანი სიმშვიდით. თუ შენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება გამშვიდებს, ესე იგი, ყველაფერი კარგადაა, ისეა, როგორც უნდა იყოს. ინტუიციას უნდა მიენდო. ტვინი ამ შემთხვევაში კარგი მოკავშირე არ არის. ტვინი სულ გვატყუებს, ტვინმა იცის მზამზარეული სტერეოტიპები და ამის მიხედვით მოქმედებს. შენც ემორჩილები. სულ ესაა.
ანა ჩაფიქრდა და, მართლაც, რამდენიც უნდა ეჩიჩინათ მშობლებს, რომ კოკას ცოლობა ცუდი იდეა იყო, მაინც არ დაუჯერებდა.
იმ საღამოს ანასთან მარინა მივიდა. გოგონები ვერანდაზე დასხდნენ და მზის ჩასვლას უყურებდნენ. ანას მშობლების სახლიდან შავნაბადა მოჩანდა და ჩამავალი მზის სხივები იდუმალ ელფერს სცემდა უსწორმასწორო ქედებს.
– აბა, როგორ ხარ? – ჰკითხა მარინამ.
– გაგიკვირდება და კარგად, – გაუღიმა ანამ, – თითქოს ტვირთი ჩამომეხსნა მხრებიდან.
– ამდენ ხანს რატომ აკვლევინებდი თავს ამ ტვირთს?! მართლა შეგიყვარდა კოკა? – მარინამ აშკარა ინტერესით შეხედა ანას.
ანა გაჩუმდა.
– იცი, საბოლოოდ მივხვდი, რომ ჩემი თავის წინააღმდეგ წავედი. მე ხომ ისეთი ვარ, როგორ ოჯახშიც გავიზარდე?! მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ფული არ იყო მთავარი ადამიანის შეფასებისას და რაღაცნაირად მომინდა, რომ კოკას დავხმარებოდი, რომ ეს ჩემგან კეთილშობილური ნაბიჯი იქნებოდა. თუმცა ერთი წამითაც არ დამიშვია, რომ მას ჩემი მდგომარეობა აინტერესებდა და არა მე. ჩემს მშობლებზეც გავბრაზდი, იმიტომ რომ საქორწინო კონტაქტზე მომაწერინეს ხელი. ახლა მეცინება, როგორ ვიწვოდი სირცხვილით, კოკას რომ ამას ვეუბნებოდი, – ანამ ხმამაღლა გაიცინა, – სიმწრის ოფლში გავიწურე და როგორი ბედნიერი ვიყავი, როდესაც დამთანხმდა იოლად, არც კი შემწინაღმდეგებია, მაგრამ მაშინ კიდევ უფრო შემრცხვა მისი.
მარინასაც გაეცინა.
– კი, ანგარებიან ადამიანებს ახასიათებთ, იქით გაგრძნობინონ თავი დამნაშავედ. ისე, მიკვირს, რომ არ დაფეხმძიმდი. საქმე უფრო გართულდებოდა...
– ჰო, ამაში დავუჯერე ბებიაჩემს. მთხოვა, თუ არ გინდა, რომ შენთან ყოველგვარი ურთიერთობა გავწყვიტო, მინიმუმ, ერთი წელი მაინც ნუ გააჩენ ბავშვს და ამასობაში მიხვდები, რა არის კოკას ნამდვილი მოტივიო. ანიჩკა მართალი აღმოჩნდა.
– როგორც ყოველთვის, – გაუცინა მარინამ მეგობარს და ყავა მოწრუპა.
– აწი რა უნდა ვქნა, აღარც კი ვიცი, – უცებ დასევდიანდა ანა.
– არაფერი, რა უნდა ქნა?! იცხოვრე და ცხოვრება თვითონ დაალაგებს ყველაფერს, – გაამხნევა მარინამ.
– როგორ დაალაგებს?! მე ხომ არ ვიცი, რა უდევთ ადამიანებს გულში? თუ, როგორც ბებიაჩემი ანა მეუბნება, მხოლოდ შეძლებულებთან ვიკონტაქტო?!
– არც ეგ მგონია გამოსავალი, მაგრამ... არ ვიცი...
– ხელს ხომ არ შეგიშლით, ლამაზებო? – ვერანდაზე ბებია ანა გამოვიდა, – ჩვეულებისამებრ, მოკაზმული და ხელში მუნდშტუკით, – ცხოვრებაზე ჭმუნავთ? – გაუცინა ორივეს.
– დაახლოებით, მოდი, შემოგვიერთდი, – ანამ ბებიამისს სავარძელი გაუწია.
– არ იჭმუნოთ, ცხოვრება თამაშია, ხან იგებ, ხან აგებ, მაგრამ ორივე გამოცდილებაა. უბრალოდ, უნდა ისწავლო, დატკბე გამოცდილებით...
დასასრული
სიახლეები ამავე კატეგორიიდან