რომანი და დეტექტივი

კეთილშობილების ხაფანგი

№30

ავტორი: ნია დვალი 20:00 08.08

კეთილშობილების ხაფანგი
დაკოპირებულია

– ანა, სად მიდიხარ? – კოკა საძინებლის კართან იდგა და უყურებდა, როგორ იკეთებდა ცოლი მაკიაჟს.

– მარინასთან, ხომ გითხარი დილით?! – ანას სარკისთვის თვალი არ მოუცილებია, ისე უპასუხა ქმარს და ფრთხილად განაგრძო ისრის დახატვა.

– და ვინ არის ეს მარინა? მე ვიცნობ? – კოკა ოთახში შევიდა და ცოლის გვერდით დადგა, – შენი თანამშრომელია?

ანამ ამოიოხრა:

– არა, ჩემი უნივერსიტეტის მეგობარია. ჩვენს ქორწილშიც იყო. წითელი კაბა ეცა.

– ვერ ვიხსენებ, – კოკამ ეს თქვა და ცოლის ჩანთა გახსნა.

– რას აკეთებ? – შეჰყვირა ანამ.

– ვნახულობ, რამდენი გაქვს ფული, – მშვიდად უპასუხა კოკამ, – ბოლოს 400 ლარი დახარჯე, მეგობრებს რომ შეხვდი.

– და შენ რატომ ამოწმებ ჩემს ფულს? ეს ჩემი ფულია და რაშიც მინდა, იმაში დავხარჯავ, – ანა გაბრაზდა, – ან რა წესია სხვის ჩანთაში ხელის ჩაყოფა?!

– ჩვენ ოჯახი ვართ და საერთო ბიუჯეტი გვაქვს, – კოკას არათუ უხერხულობა არ უგრძნია, არამედ გაბრაზდა კიდეც.

ანამ სარკეს მოაშორა თვალი და ქმრისკენ მიბრუნდა. კოკა თვალსა და ხელს შუა შეიცვალა. ერთი წლის წინ, როდესაც დაქორწინდნენ და, საერთოდაც, სანამ დაქორწინდებოდნენ, კოკა მზრუნველი, ყურადღებიანი ადამიანი იყო. პატივს სცემდა ანას თავისუფლებას. ზედმეტ კითხვებს არ სვამდა და ანგარიშს უწევდა. მაგრამ შემდეგ თანდათან ყველაფერი შეიცვალა.

– ადრე შენ არც ჩემს ნივთებში ძვრებოდი და არც ჩემს ჯიბეში, – ანას გაღიზიანება ეტყობოდა.

– ადრე ცოლ-ქმარი არ ვიყავით, ეს ბევრ რამეს ცვლის. შაბათს ჩემი მშობლები მოვლენ სტუმრად და რამე მოამზადე, – ვითომ სხვათა შორის უთხრა ცოლს.

– მე რატომ არ შემითანხმე? – გაბრაზდა ანა.

– რა უნდა შემეთანხმებინა?! ჩემი მშობლები არიან და სტუმრად მოდიან.

– ის უნდა შეგეთანხმებინა, მაქვს თუ არა სხვა გეგმები და მინდა თუ არა რამის მომზადება და სახლში დარჩენა.

– ნებართვა უნდა ითხოვონ ჩემმა მშობლებმა, მოვიდნენ თუ არა ჩემთან?! მოვენატრე და სანახავად მოდიან.

– ორი კვირის წინ ხომ იყვნენ?! – ანამ ტუში და ფანქარი ჩანთაში ჩადო და ქმარს მიუბრუნდა, – და ორი კვირის წინ ეს იმით დასრულდა, რომ დედაშენმა საფუძვლიანად გადაქექა ჩემი კარადა.

– იგონებ, დედაჩემი, უბრალოდ, დაგეხმარა და კარადა დაგილაგა.

– არა, ათვალიერებდა ჩემს ტანსაცმელს და არკვევდა, რა რამდენი ღირდა, მამაშენი კი ჩიოდა, რომ ფული სჭირდება ოპერაციისთვის.

კოკა წამოწითლდა.

– მამაჩემს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. სულ ესაა, მაგრამ შენ ეს არ გაწუხებს.

ანამ არაფერი უპასუხა ქმარს, ვინაიდან დარწმუნებული იყო, რომ მამამთილი უმოწყალოდ იტყუებოდა და ანას მამისთვის უნდოდა ფულის დაცინცვლა. კოკა თითქოს მიუხვდა ცოლს ფიქრებს:

– უსამართლოდ ფიქრობ ჩემს მშობლებზე ან იქნებ გგონია, რომ ცოლადაც შენი მშობლების გამო მოგიყვანე?! – კოკამ გაბედა და ხმამაღლა თქვა ის, რა ეჭვიც ანას უკვე კარგა ხანია, ჰქონდა, მაგრამ საკუთარ თავს არ უტყდებოდა.

***

ანას ბებია უცნაური ქალი იყო, თავს ყველას არ უყადრებდა და შვილიშვილს ყოველთვის ეუბნებოდა, რომ მხოლოდ თავის შესაფერის კაცს უნდა გაჰყოლოდა ცოლად.

– უბრალო და ბოგანო კაცს ცოლად არ გაჰყვე, ინანებ, იცოდე, – ეუბნებოდა პატარა ანას.

ანას ბებია ძალიან უყვარდა, მაგრამ, რაც იზრდებოდა, მით რწმუნდებოდა, რომ ბებიამისი წარსულში იყო ჩარჩენილი და ადამიანები არ ისაზღვრებოდნენ შემოსავლით, მაგრამ ახლა უკვე, რაც კოკას ცოლი გახდა, გრძნობდა, რომ ადრე ცდებოდა და ბებიამისი სრულ სიმართლეს ეუბნებოდა.

კოკა ბებია ანამ (ანას ბებიამისის პატივსაცემად დაარქვეს სახელი) მაშინვე აითვალწუნა, განსაკუთრებით კი – კოკას მშობლები. არც დაუმალავს თავისი დამოკიდებულება. როდესაც ანას ხელის სათხოვნელად მოვიდნენ, ბებია ანა დემონსტრაციულად გავიდა ოთახიდან და სტუმრებს წესიერადარც კი არ მიესალმა.

მოგვიანებით, შვილიშვილსაც გაუნაწყენდა, რადგან არ დაუჯერა და მაინც დაიჟინა ცოლად გაჰყოლოდა, როგორც ბებია ანა უწოდებდა: უგვაროსა და უქონელ კაცს, რომელსაც ანას შეძლება ხიბლავდა.

ანა ბებიაზე არ ბრაზობდა, მაგრამ არც უჯერებდა, ვინაიდან საკუთარ გარეგნობაზე საკმაოდ კარგი წარმოდგენა ჰქონდა და დარწმუნებული იყო, რომ მამამისის ქონება ვერ გადასწონიდა მის მშვენიერებას.

ასე იყო თუ ისე, ანა კოკას ცოლად გაჰყვა, ბებია ანა კი ქორწილში არც მისულა. თუმცა შვილიშვილთან კონტაქტი არ გაუწყვიტია. ურეკავდა და მოიკითხავდა ხოლმე.

***

ანამ ქმარს არაფერი უპასუხა და ამასობაში მაშველი რგოლის როლი ტელეფონმა შეასრულა. მარინა ურეკავდა. ანამ ტელეფონს უპასუხა:

– უკვე გამოვდივარ, – ჩანთა აიღო და ქმარს არც კი დამშვიდობებია, ისე გაიხურა კარი.

მანქანაში რომ ჩაჯდა, მარინას გადაურეკა:

– ვერ წარმოიდგენ, რა მოხდა, ისევ დადგა სცენა და ამას დაამატა, რომ ისევ მისი მშობლები მოვლენ შაბათს სტუმრად.

– მოვიდნენ, რაში შეგიშლიან, რო ხელს?! – მარინამ მეგობრის დამშვიდება სცადა.

– ისევ დაიწყებენ წუწუნს, დედამთილი შენიშვნებს მომცემს, რომ ცუდი დიასახლისი ვარ, რომ უფრო ყაირათიანად უნდა ვხარჯო ფული და შემდეგ მამამთილი მთხოვს, რომ მამაჩემმა მისი უმცროსი შვილის ბიზნეს იდეა დააფინანსოს.

– თუ ასე გაწუხებენ, რატომ არ ამთავრებ ურთიერთობას? გაეყარე და იცხოვრე მშვიდად. რას აჭმევინებ თავს?!

ანა ჩაფიქრდა: ერთი წლის წინათ ძალიან ბედნიერი იყო, იმდენადაც კი, რომ თავი სიზმარში ეგონა, ახლა კი საკუთარ თავს ფულის საჭრელ მანქანად აღიქვამდა. გაყრა, რა თქმა უნდა, შეეძლო, მაგრამ მაშინ გამოდიოდა, რომ შეცდომა უნდა ეღიარებინა, რაც მის თავმოყვარეობას საფუძვლიანად აზარალებდა.

***

შაბათ დილას ანა ჭურჭლის ხმამ გამოაღვიძა. კოკა სამზარეულოში რაღაცას აადგილებდა და სახლში გამაყრუებელი ხმაური იდგა. ძილს ვეღარ შეიბრუნებდა, ამიტომ ხალათი მოისხა და სამზარეულოში გავიდა.

– სპეციალურად ხმაურობ, ხომ? დილის 9 საათია და შაბათია, – უთხრა კოკას.

– საათს ვცნობ, ათი საათისთვის მოვლენ და ვემზადები, იმიტომ რომ შენ გძინავს.

– 10 საათზე რატომ მოდიან, სახაშეა? – ვერ დამალა ანამ გაღიზიანება.

კოკამ არაფერი უპასუხა. ანამ ყავა დაისხა და სიგარეტს მოუკიდა, თან, ქმარს აკვირდებოდა, რომელიც სულ სხვა ადამიანად იქცეოდა ხოლმე, როდესაც თავის მშობლებს ელოდებოდა: მოსიყვარულე ხდებოდა, თავაზიანი, მზად ნებისმიერი მათი სურვილის შესასრულებლად.

ზუსტად ათ საათზე კარზე ზარიც დაირეკა. ანამ სახეზე ღიმილი გადაიფინა და კარი გააღო.

— დედა, მამა, შემოდით! – შემოსასვლელში ქარშხალივით შევარდა კოკა.

ქალბატონი ვერიკო, საშუალო სიმაღლის, ჩაპუტკუნებული ქალი შემოვიდა და მაშინვე თვალი მოავლო ბინას:

– ისევ ძველებურადაა ყველაფერი, როგორ არ გიყვარს დალაგება, – მიმართა რძალს.

– გამარჯობა, ქალბატონო ვერიკო, – ანამ არ შეიმჩნია დედამთილის შენიშვნები, – გურამ ბატონო, მობრძანდით, როგორ გრძნობთ თავს? – მიმართა მამამთილს.

– ეჰ, ვერ ვარ კარგად. ექიმი მკურნალობას გვირჩევს, რომელიც ძალიან ძვირი ღირს... – ამოიოხრა მამამთილმა.

– აქეთ მოდით, – შვილი მშობლებს მისაღებ ოთახში შეუძღვა, – საუზმე მოგიმზადეთ.

საუზმობისას ქალბატონი ვერა შენიშვნებს არ იშურებდა: ხან ომლეტი იყო მარილიანი, ხან – ყავა ზედმეტად შაქრიანი, ხან ფარდა ეკიდა არასიმეტრიულად.

– ანა, როგორ არიან შენი მშობლები? – უცებ შეცვალა საუბრის მიმართულება ქალბატონმა ვერიკომ, – გავიგე, რომ ახალ პროექტს იწყებენ.

– კარგად არიან, გმადლობთ, – მშრალად უპასუხა ანამ და მათი ბიზნესის შესახებ შეკითხვის ნაწილი არ შეიმჩნია.

– ესე იგი, მიწის ახალი ნაკვეთი შეიძინეს ახალი მშენებლობისთვის? – მამამთილმა მაინც გააგრძელა ეს თემა, – კოკამ მითხრა, რომ მთელი უბნის აშენებას აპირებენ.

ანამ ქმარს გადახედა.

– და საიდან იცის კოკამ ასეთი დეტალები? მე ამის შესახებ მისთვის არაფერი მითქვამს.

კოკა ჭამას განაგრძობდა და თავი ისე ეჭირა, თითქოს ცოლის რეპლიკა არც კი გაუგონია.

– რა მნიშვნელობა აქვს, საიდან გაიგო?! ერთი ოჯახი ვართ. მე, მაგალითად, ყოველთვის ყველაფერს ვუყვები კოკას. რა ბიუჯეტი აქვს მშენებლობას? – იკითხა ქალბატონმა ვერიკომ.

– არ ვიცი, ეს კომპანიის საიდუმლოა, – უკმაყოფილოდ აიჩეჩა მხრები ანამ, თან, არ მგონია სწორი იყოს სხვის ჯიბეში ჩახედვის სურვილი.

უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც მამამთილმა დაარღვია:

– მოდი, დავურეკოთ მძახლებს, იქნებ სცალიათ და მოვიდნენ. ერთად გავატაროთ ეს დღე.

– კარგი იდეაა! – კვერი დაუკრა კოკამ მამამისს, – დავურეკავ!

– დღეს დაკავებულები არიან, არ დაურეკო, – უთხრა ანამ ქმარს, მაგრამ კოკამ ცოლის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია.

– გამარჯობა, ბატონო სერგო, – მიმართა სიმამრს მხიარულად, – ჩემი მშობლები მოვიდნენ სტუმრად, თქვენ და ჩემი სიდედრიც ხომ არ შემოგვიერთდებოდით?.. დიახ, გელოდებით...

კოკამ დანარჩენებს გამარჯვებულის სახით გადახედა.

– ერთ საათში იქნებიან. ანამ შეამჩნია, როგორი კმაყოფილებით გადახედეს ერთმანეთს მისმა დედამთილმა და მამამთილმა, რამაც ხასიათი საბოლოოდ წაუხდინა.

ანა ადგა და საძინებელში გავიდა.

– დედა, რატომ დათანხმდით? ხომ გეუბნებოდი, კოკას მშობლები ისევ...

– შვილო! – შეაწყვეტინა დედამ, – შენი ქმარი ბოლო ერთი კვირაა მამაშენს ურეკავს! რაღაც ბიზნესისა და ინვესტიციების შესახებ... ჯობია, შევხვდეთ და ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი გავარკვიოთ!

ანამ სიბრაზისგან თვალები დახუჭა:

– ვიცოდი! არაფერს აკეთებენ გამორჩენის გარეშე. ყოველთვის რაღაც პირადი ინტერესი აქვთ!

– ვინც შენ აირჩიე, ისინი გყავს და ნუ წუწუნებ, – არ დაინდო დედამისმა, – და ნუ ნერვიულობ, მამაშენი მოახერხებს რამენაირად თავის დაცვას. მალე ვიქნებით.

ანამ ტელეფონი გათიშა და საწოლის გვერდით ტუმბოზე მათ საქორწილო ფოტოს დახედა: ანა და კოკა ძალიან ბედნიერები ჩანდნენ. იცინოდნენ და სილაღეს აფრქვევდნენ. ახლა ეს ფოტო ანას ასევდიანებდა, იმიტომ რომ მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მხოლოდ ფულის ტომარა იქნებოდა და არა საყვარელი ქალი.

***

ანას მშობლები ზუსტად ერთ საათში მოვიდნენ. ბატონი სერგო მაღალი, წარმოსადეგი მამაკაცი იყო, კარგად შენახული და ენერგიული, ქალბატონი ელენეც კარგად გამოიუყურებოდა, გემოვნებითაც ეცვა და ანათებდა. სიმამრს ხელში კონიაკი ეჭირა, სიდედრს კი – ტორტი.

– გამარჯობა, მძახლებო, – სერგო კოკას მშობლებს მიესალმა, – მიხარია თქვენი ნახვა!

კოკას მამა გამოცოცხლდა და ფეხზე წამოხტა, მძახალი გადაკოცნა, ქალბატონ ელენეს კი ხელზე ეამბორა. ანამ ამ სცენას თვალი აარიდა, ვინაიდან იცოდა, რომ ორივე გამორჩენის იმედით ექლესებოდა მის მშობლებს.

ქალბატონი ვერიკოც დაფაცურდა –მაგიდა განაახლა და ანა კიდევ უფრო ცუდად გახდა, როდესაც დაინახა, თუ როგორ შეიცვალა მისი დედამთილის გამომეტყველება და ლექსიკა მისი მშობლების გამოჩენისთანავე.

– დასხედით, როგორ ხართ? როგორ მიდის ბიზნესის საქმეები? – დააყარა კითხვები ორივეს.

ელენე შვილს გადაეხვია და ჩასჩურჩულა:

– აბა, როგორ ხარ? თავი ხელში აიყვანე, – ანამ თავი დაუქნია.

ყველანი მაგიდას მოუსხდნენ.

– მოგვიყევი, მძახალო, ახალი პროექტი რთულია? რას აპირებთ? როგორ?

– ყველაფერს გავუმკლავდებით, თქვენ ამაზე არ იდარდოთ. საქმეზე ლაპარაკი არ გვინდა, ერთმანეთთან ურთიერთობით ვისიამოვნოთ. აბა, ჩამოასხი. ნახე, რა ცხონება კონიაკია. ახალი ადგილი ვიყიდეთ, ყველაფერი შესანიშნავად იქნება. პატარა იმპერია უნდა შევქმნა, – სერგომ გაიცინა და ანას გული შეეკუმშა:

– ახლა დაიწყება მათხოვრობის ახალი ტალღა, – გაიფიქრა თავისთვის და შერცხვა, რომ თავისი ოჯახი ასეთ ხალხს დაუნათესავა.

– მშვენიერია, მეც მაქვს ძალიან კარგი ბიზნესიდეა, – აჰყვა მძახალს კოკას მამა, – მაგრამ ინვესტორი გჭირდება. ბანკში ძალიან მაღალი პროცენტია, გაგაკოტრებს.

– რამდენი გჭირდება? – სხვათა შორის ჰკითხა სერგომ მძახალს. გურამი გამოცოცხლდა და თანხა დაასახელა.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა