რომანი და დეტექტივი

კარიერი

№19

ავტორი: ნინო ქოქოსაძე 20:00 19.05, 2023 წელი

კარიერი
დაკოპირებულია

თბილისიდან ქართული პუნქტუალურობის სრული დაცვით გავდივართ. რის სისხამი დილა, თუ ძმა ხარ! გაგანია შუადღეა.

ლურჯი „გოლფის“ საჭესთან კახა ჯდება. მე საპატიო მიზეზი მაქვს, ნამორიგალი ვარ. ერთი ორმოცი წუთი კიდევ ვიბოდიალეთ. ბენზინი, სიგარეტი... რაღაც საბუთებისთვისაც შევიარეთ სამსახურში. როგორც იქნა, საცობებიანი ქალაქი, კახას „ლოცვა-კურთხევასთან“ ერთად, უკან დარჩა და ტრასას დავადექით.

ქალაქგარეთ ფანტასტიკური ამინდია. ერთმანეთს ენაცვლებიან შემოდგომის პეიზაჟები. ფერები… ფერები... ალაგ-ალაგ, გზისპირებზე ასკილი გაიბრდღვიალებს. ერთგან ისეთი ხასხასა მდელო გადაიშალა, ადრიან გაზაფხულზე რომ მინახავს.

მოსახვევში პატარა მდინარე აგვედევნა. მერე ხიდს მივადექით. ხიდის თავში ქალები ჩამწკრივებულან, ხილს გვთავაზობენ. რომელიღაც სოფელში შევდივართ. მაკვირვებს მაღალი, ქვის გალავნებშემოვლებული კარ-მიდამოები. ჩემი სოფლის ტრიფოლიატის ცოცხალი ღობეები მახსენდება, ანდა ხელით მოწნული სამანები... ეს ღობეები სხვანაირია, თითქოს რაღაც აკრძალულს მალავენ... თვითონ სახლები გრანდიოზულია, სასახლეებს ჩამოჰგავს.

– შეძლებულ ხალხს უცხოვრია აქეთ.

– ხო, აზერებს აქვთ მაყუთი, ამბობს კახა.

– კარგი რა... საქართველოში ვართ, ხომ?

– და არა აქვს მნიშვნელობა, ვინ ცხოვრობს, არა? იცი, რომ ამ სოფლებში, ქართველები თითებზე ჩამოსათვლელნი არიან? ჰო, აქ, დედაქალაქიდან სულ რამდენიმე კილომეტრში.

– არაა...

შეხედე, მთაზე ეკლესია მოსჩანს.

– ეგ ეკლესიის ნანგრევებია, – მიზუსტებს კახა.

მართლა ნანგრევებს ჰგავს და ვჩუმდები, თუმცა ნანგრევებიც რომ მელამაზება?

პატარა ქალაქში შევდივართ. ყოველ მოსახვევში პარკია ან სკვერი და დახვეწილი სტილით ნაგები სახლები.

– გერმანელების აშენებულია, – ამბობს კახა.

ხეობა გავიარეთ და დანიშნულების ადგილას ჩავედით. პატარა სამრეწველო დაბაა, ნაცრისფერი. უსახური. ოფისის მიგნება არ გაგვჭირვებია. ერთადერთი სოლიდური ფირმა ყველა აქაურმა იცის.

დაცვამ საბუთები შეგვიმოწმა, ზერელედ შეგვათვალიერა და გაგვატარა.

ეტყობა, გაფრთხილებულია, თორემ ასე იოლად აქ ბუზიც ვერ შემოფრინდება. შიგნით უკვე ვიდეოთვალი გვაკვირდება.

საათზე ოდნავ მეტს ვანდომებთ ჩვენი მისიის შესრულებას, რომელიც აქაურების ჯანმრთელობაზე ზრუნვას უკავშირდება, მერე კი ჩვენი მასპინძელი კარიერის დათვალიერებას გვთავაზობს.

ტანკივით „ჯიპში“ ვსხდებით და შეიარაღებული დაცვის თანხლებით კარიერისკენ მივდივართ. ეს უკვე აკრძალული ზონაა და მთლიანად გადაღობილია. რამდენიმე შლაგბაუმის გავლის შემდეგ თავი ოკლაჰომაში მგონია.

ირგვლივ არაბუნებრივი, მოწითალო მთები და ლითონის პირქუში კონსტრუქციებია. პეიზაჟი – სადაც არც ერთი მცენარე არ ხარობს, მხოლოდ მთებია, უფრო სწორად კი, დაფშვნილი ლოდების მასივები და მათზე უზარმაზარი, შავი გველებივით შემოგრაგნილი ფოლადის მსხვილკალიბრიანი მილები.

სახელდახელო სამანქანო გზით მაღლა მივიწევთ. გზა ალაგ-ალაგ ჩამოშლილია, „ჯიპი“ კი ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში.

ბოლოს და ბოლოს ვჩერდებით. მანქანიდან ჩამოსვლისას მგონია, რომ ფეხქვეშ საყრდენი ჩამეშლება და სამუდამოდ ჩავიმარხები ქვიშაში – კობო აბეს გმირივით.

ახლა ზემოდან გადავყურებთ უზარმაზარ კარიერს. ქვემოთ, ფსკერზე, ათასობით ნათურა ანთია. კლდეების საფშვნელი დანადგარები გუგუნებენ და ოქროს მთებს აქუცმაცებენ. ექსკავატორები მადანს თვითმცლელ მანქანებზე ტვირთავენ. კოლონა, რომელიც ზემოთ მოემართება, ჩვენი სიმაღლიდან დიდი ზომის მწერების ქარავანს ჰგავს. მთებზე „ლაოკოონივით“ შემოვლებული მილებიდან შხამ-ქიმიკატები გიგანტურ აუზებში ჩაედინება, სადაც მადანი ირეცხება.

საღამოვდება და მთელ ამ სანახაობას რაღაც მისტიკური ელფერი დაჰკრავს. ჰაერიც უცნაურად მძიმეა და რეაქტივების სუნით გაჟღენთილი. ასე მგონია, უცხო პლანეტაზე მოვხვდი – რაღაც მარსის მაგვარზე.

– იცი, ახლა შენს ფერხთით მილიონებია, – მეუბნება კახა.

– ჰო, ერთადერთი, რაც ვიცი, ისაა, რომ ეს ოქროს მომპოვებელი კარიერია.

ყველა სხვა კითხვა უპასუხოდ დარჩა…

კახამ, თურმე, ისიც იცის, ვის ეკუთნის კარიერი და მისახელებს ქვეყანას, რომლის აგენტობასაც ჩემს სამშობლოში, ყველა ერთმანეთს აბრალებს...

– და ჩვენ რა ხეირი?

– ჩვენ ტყემალი და ბოლოკი! – მიხსნის კახა.

შევყურებ ჩამავალ მზეს და ჩაშავებულ ღრუბელს, რომელიც არგონავტების ხომალდივით მიცურავს და ეჭვი მეპარება, რომ ეს ქართული ცაა.

***

უკანა გზაზე შემოდგომის იდილია ოქროს მთებივით იფშვნება და მოთმინების საზღვარს იქით გაედინება... ბინდბუნდში შრიალებენ, ღმერთმა უწყის, ვისი კუთვნილი ტყეები. მესმის, ალბათ, უკვე გაყიდული მდინარის ჩქამი და მახსენდება ხილის გამყიდველი ქალების აშკარად არაქართული გამოხედვა... გალავნებსა და სასაფლაოებს ნახევარმთვარეები დაჰნათიან და გერმანელების აშენებულ ქალაქს – ქართულიც ენატრება და გერმანულიც.

– მაინც რა მდიდარი და დალოცვილი ქვეყანაა საქართველო, – ჩემი განწყობის გამოსწორებას ცდილობს კახა.

– ჰო, პარადოქსების ქვეყანაა. მდიდარი და ულუკმაპურო, დალოცვილი და სხვებისთვის გადალოცვილი.

თბილისში გვიან ღამით ვბრუნდებით. სადარბაზოსთან მანქანიდან ჩამოვდივარ და კარს ისე ვუჯახუნებ, თითქოს კახა იყოს რაიმეში დამნაშავე.

ჩემების გაღვიძებას არ ვაპირებ და ჯინსის ჯიბიდან გასაღებს ვიღებ.

ესღა მინდოდა! ვეწვალები კარს და ვერ ვაღებ. არაფერი გამომდის.

ბოლოს კი მწარედ მეღიმება

– ნეტა, ეს ბინა, ისევ ჩემია?

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი